მსურს გიამბოთ, ანუ “რომელნი – ესე ვართ ყურესა ამას ქუეყანისასა…”

მყინვარწვერი

ლიტერატურულ-პუბლიცისტური ესე
I I I

გამოქვეყნდა ყოველდღიურ გაზეთ “24 საათში” 27.V.2009.

მე, ქეთევან ჯერვალიძე, 1992 წლიდან ქართველი “ელიტარელების”, ამ ანტისახელმწიფოებრივი და პრორუსული ძალების მიერ, წლების განმავლობაში პლიტიკურად, ეკონომიკურად, მორალურად დევნილი და შევიწროებული, თავის დროზე ზვიად გამსახურდიას მომხრე გავხდი არა მარტო მისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალების გამო, არამედ იმიტომაც, რომ მან, ქართველი ერის ინტერესებიდან გამომდინარე, გამომდინარე ილიასეული პროგრამიდან და 9 აპრილის ისტორიული გამოცდილებიდან, უარი თქვა საქართველოს კომუნისტურ ხელისუფლებასთან ბოიკოტის პოლიტიკაზე და საკონსტიტუციო ცვლილებების გზითა და არჩევნებში მონაწილეობით ხალხს კანონმორჩილების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ზნეობრივი გმირობის უბადლო მაგალითი მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მის გვერდით არავითარ შემთხვევაში არ დავდგებოდი. ეს იყო ჩვენი ქვეყნის განვითარების ბალტიისპირული მოდელი, რაც მაშინ მსოფლიო შეთანხმებით, რუსეთის უდიდესი ძალისხმევითა და რუსეთზე ჭკუადაკეტილ ქართველთა ხელით შეწყდა. თუ ღმერთი გწამთ, გამაგებინეთ, რითი აღემატებიან დღევანდელი ოპოზიციის ლიდერები გამსახურდიას? აქვე აღვნიშნავ, რომ 1990 წლის 29 ოქტომბერს, არჩევნების პირველი ტურის მეორე დღეს, გამოვთქვი ჩემი შიში: “არ გვაპატიებენ, ჩვენ მათს კლანს (“ელიტარელთა”) არ ვეკუთვნით-მეთქი. ოჯახის წევრებმა ლამის ჩამქოლეს “ელიტარელებისადმი” ესოდენი “შეურაცხყოფის” გამო.

ახლა, ამ გადასახედიდან, ვაანალიზებ რა საქართველოში მომხდარს, თანაც მიმდინარე პროცესებს, ვასკვნი: ამ ვითომც საყოველთაოდ აღიარებულმა ქართული კულტურის მოღვაწეებმა (აღვნიშნავ, რომ ტექნიკური დარგების წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობა კანონიერ ხელისუფლებას უჭერდა მხარს, ჰუმანიტარული დარგებისა კი – რუსეთს, რაც ცალკე საკვლევი თემაა) შემოქმედებით (საჩვენებლად) მამულიშვილებმა და შინაგანად კინტოებმა XX ს-ის 60-იანი წლებიდან შექმნეს ფსევდო-ქართული კულტურა, უფრო ნათლად და ხატოვნად რომ ვთქვათ, მათ ერის ისტორიაში ითამაშეს იმ გაქსუებული ხარის როლი, რომელსაც თანამოძმენი სასაკლაოზე მიჰყავს, თვითონ კი განზე დგება. უფრო მეტიც, ბევრი იმათგან არათუ განზე გადგა, არამედ უშუალოდ მონაწილეობდა კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერთა სადამსჯელო ოპერაციებში, იმ საჯარო მსხვერპლშეწირვის რიტუალურ აქტებში, რომელთა ხილვა ჰომეროსსა და ძველ ბერძენ ტრაგიკოსებსაც კი შეაძრწუნებდათ. არადა, ეს უდიდესი ტრაგედია დღემდე “საღვთო საქმის” რანგშია აყვანილი.

იმაზე ფიქრი, რომ ევოპიდან ამერიკის კონტინენტზე გადაბარგებულმა სხვადასხვა ჯურის კრიმინალებმა, ავანტიურისტებმა, სექტანტებმა და საეჭვო ყოფაქცევის ადამიანებმა იგრძნეს პასუხისმგებლობა და აშშ-ის უძლიერესი და უმდიდრესი სახელმწიფო შეუქმნეს შთამომავლებს, ხოლო “ჭკუა-გონებით” დაყურსულმა და სიბრძნით გაძეძგილმა ქართველმა “ელიტარელებმა”, საკუთარი თავის არათუ ერზე, ღმერთზე მაღლა დამყენებლებმა, ქვეყანა დაუნგრიეს შვილებს, სასოწარკვეთილებაში მაგდებს. გარკვეულწილად სწორედ ამ სასოწარკვეთამ დაბადა ინდიფერენტიზმი. შემოქმედსა და ქმნილებას შორის დისტანცირებამ, სიტყვასა და საქმეს შორის უფსკრულმა, რასაც ერი ქართველ კლასიკოსთაგან ჩვეული არ იყო, ქართველი კაცი გაუუცხოვა საკუთარ კულტურას. განსაკუთრებით დიდი დარტყმა ქართულმა მწერლობამ მიიღო. აბსოლუტური დაინტერესების ადგილი ბუნებრივად დაიკავა აბსოლუტურმა დაუინტერესებლობამ. “ელიტარელთა” მიერ “აყვავებული” ქვეყნიდან ხალხმა, პირველად ეთნიკურმა ქართველებმა, მასობრივად დაიწყეს დედაწულიანად აყრა. პირადად მე, არ წავედი შეგნებულად ორი მიზეზით: 1. კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა ერთგულება და თავგანწირვა მათ გვერდით დგომას მავალებდა, 2. ვამბობდი “ამ ნარკომანბოზქურდმკვლელებს სამშობლო როგორ დავუტოვო-მეთქი” (ეს უვრცელესი კომპოზიტი ჩემი უკიდეგანო ტანჯვის პირმშოა), ზოგმა კი ქართველ “ელიტარელთა” ყურებას შეგნებულად არჩია გადამთიელთა სველი წერტილების ხეხვა, ზოგმაც თავისი პროტესტი საპატრიარქოს პოზიციაზე – “გაიმარჯვებს ძლიერი” (რაც მაშინ პრორუსულ-კრიმინალური ძალებისადმი ოფიციალურ მხარდაჭერად იყო აღქმული და ასეც იყო სინამდვილეში), სხვა აღმსარებლობაში გადასვლით გამოხატა. მხოლოდ პურსა და ზეთზე ამ საკითხის დაყვანა თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი…

ამიტომ მე, “მახსონან რა დღენი წინანი” ვერც ერთი “ელიტარელი” იმ ეროვნულ-რელიგიურ ფასეულობებზე სპეკულაციებით, რომელთა გამო გუშინ თვითონვე მკლავდა, დღეს გულს ვეღარ ამიჩქროლებს, მით უმეტეს, რუსული დროშით. დიახ, ბატონებო, მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანთა კატეგორიას, ვინც ბიზნეს-ინტერესებისა თუ პოლიტიკურ-პირად ამბიციათა დასაკმაყოფილებლად ვინმეს სამიტინგო სივრცეს შეუვსებს, ანუ “ბირჟას გაუმაგრებს”.

ჩვენთვის თვალებში ნაცრისშემყრელ ქართველ “ელიტარელთა” რაობას რომ ჩასწვდე, რუს, აზერბაიჯანელ, სომეხ… მოღვაწეთა ნააზრევს უნდა გაეცნო ჰუმანიტარულ სფეროში. გარწმუნებთ, ქართული “ელიტარული” ინტელიგენცია აზროვნების სიღრმით, თუ გნებავთ სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კულტურის დონით აზერბაიჯანულსა და სომხურს კოჭებამდე ვერ მისწვდება, რუსულზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ოპოზიციის ლიდერთა მიერ (და ეს ეხება ნებისმიერ ჩვენგანს) საკუთარი თავის დემოკრატიული თუ სხვა რამ ფასეულობების საზომად წარმოჩენა, შემეცნების განვითარების თალსაზრისით, პირველი სოფისტიკის დონეზე დგომას ნიშნავს – “ყოველ საგანთა საზომი არის კაცი” (პროტაგორა), ხოლო ნიცშესეული “მე მინდა” თუ მას გვერდს არ უმშვენებს “მე უნდა”, ძალის რელიგიაში გადადის.

1992 წელს დაიშალა ერი და ის დღესაც დაშლილ მდგომარეობაშია. მისი ყოფიერების ველი ვერ გამთლიანდება ვერც პრობლემის გაყინვით, ვერც მკვლელისა და მოკლულის მექანიკურად გვერდიგვერდ დგომით, თუნდაც სატაძრო სივრცეში, ვინაიდან ეს ერთად დგომა ხორციელდება არა მკვლელთა მხრიდან საყოველთაო და წრფელი მონანიების ფონზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მოკლულის წინაპრებისადმი სიყვარულისა და ერთგულების ხარჯზე. მკვლელობა, თანაც მართალთა, დიდი დანაშაულია. მაგრამ მოკლულზე ხელის შეხოცვა – კიდევ უარესი. ცოდვის სახლად დადების რუსთველური ტრადიცია შუასაუკუნეების რუდიმენტადაც რომ მივიჩნიოთ (მე პირადად მწამს და მეშინია მისი), მამხილებელი გონება განა არ უნდა აწუხებდეთ მათ?!

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის უაღრესად ზნეობრივ მაგალითს, მე ვიტყოდი, პავლე მოციქულისებრს: “ქართველთა შორის მე ყველაზე ცოდვილი ვარ”, რატომღაც მიმდევარი არ გამოსჩენია, თუნდაც მის ისეთ სულიერ შვილებს შორის, რომელთა ბიოენერგეტიკული ველიდან მომდინარე უარყოფითი იმპულსები საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, სამწუხაროდ, არასწორად, პატრიარქის პირად პოზიციად მიიჩნევა ხოლმე. სწორედ ფარისეველ კრიმინალ-ელიტარელებს მიუძღვნა ემიგრანტმა ანა სულხანიშვილმა სტრიქონები: “…თვისტომთ გულ-ღვიძლით და ნამკვდრევით ძალუმ გამომსკდართ, საკურთხეველთან მოეყარათ მბზინვარე თავი, დიდრონ-დიდრონი კერეონები ერჭოთ დინგებზე და სიმხურვალეს ბილწი ლეშისას, ვით გროვას თხრამლის, ეგონათ, რომ მისი სიწმინდით გამოიცხრობდნენ…” ბიბლია გვასწავლის, რომ ურია ხეთელის მართალი სისხლი უფალმა თავის რჩეულს, დავით წინასწარმეტყველსაც კი არ შეარჩინა. პირად პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული მოძღვრება, საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი, რომელიც სათავეს ასევე ბიბლიიდან იღებს, დღემდე ძვრას ვერ უშვრება ზემოხსენებულ მისტიკურ საკითხს.

ჩვენი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას და მასზე უწინ კიდევ მრავალთა (კირიონ საძაგლიშვილი, ამბროსი ხელაია…) ოცნება საქართველოს რუსული სივრციდან გამოყვანა იყო. ზვიადი “ელიტარელებს”, ისევე როგორც უწინ ილია სოციალ-დემოკრატებს, სთხოვდა: “პრეზიდენტობა არ არის ჩემი თვითმიზანი, ხელს თუ არ შემიწყობთ, ნუ შემიშლით მაინც ჩვენი ქვეყანა არსებული ტერიტორიული საზღვრებით საბჭოთა კავშირიდან გამოვიყვანოო”. პროფესიით კრიმინალებმა გაისიგრძეგანეს მაშინ მომენტის მთელი სერიოზულობა, ხოლო შეთავსებით კრიმინალ-ელიტარელებმა – ვერა. და ჩემი გული რომანოზ მელოდოსივით მოსთქვამს: “ვითარ აღიძრას მსმენელი, ვითარ შეძრწუნდეს მხედველი?” (“იუდას გამცემლობა”).

ასე რომ, მომწონს თუ არა მე დღევანდელი ხელისუფლება (ყველას მოსაწონი ხელისუფლება კი, მოგეხსენებათ, ჯერ არსად არასდროს ყოფილა და არც იქნება, თუკი თავს ოქროს საუკუნის მითოლოგემებით არ მოვიტყუებთ), თუნდაც ამ ერთ საკითხში მთელი ჩემი შეგნებით “სამშობლოსადმი მსახურებითა და უმაღლესი პატიოსნებით” (გალაკტიონი) ვდგები მის გვერდით. 1990-91 წლების შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია. 2008 წელს კი ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას და ეს გავაკეთე ცივი გონებითა და რკინის ლოგიკით, თორემ სიყვარულით მე არა ხელისუფლება აღარ მეყვარება.

ჩემთვის, ავერინცევზე, გურევიჩზე, გუმილიოვსა და სხვა დიდ რუს მოაზროვნეებზე გულწრფელად შეყვარებული ქალისთვის (მათმა შრომებმა შემინარჩუნეს ფიზიკური არსებობა), უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარა აქვს რუსეთის მართლმადიდებლობას, მაშინ როცა ეს დაუნდობელი ქვეყანა 200 წლის განმავლობაში ქართველთა ეთნოწმენდას (ამაზე ქართველი პოეტი და რუსი გენერალი გრ. ორბელიანიც ტიროდა) აგრესიული რუსული მართმადიდებლობის სახელით ჩვენსავე სამშობლოში ახორციელებდა და ახორციელებს.

რუსეთის მართლმადიდებელმა სახელმწიფომ ჩვენი ქვეყნის დაპყრობისთანავე გაძარცვა ქართული ეკლესიები (800 ურმით გაიტანეს საეკლესიო ქონება), ტომრებში ჩაყარეს და ისე გაგუდეს ჩვენი ეპისკოპოსები, წაბილწა ჩვენი სიწმინდენი… ახლაც ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს ეკლესიას ართმევს, თანაც სრულიად უკანონოდ, ეპარქიებს. როცა უნდა და როგორც უნდა, თავში ურაკუნებს ჩვენს სასულიერო პირებს და პანღურით აძევებს ჩვენი წინაპრების აგებული ეკლესიებიდან. რუსეთის პატრიარქი საჯაროდ დასცინის და შეურაცხყოფს ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს. თვითონ მონა თავისი ქვეყნის ხელისუფლებისა, ჩვენს კათალიკოს-პატრიარქს სამშობლოს, სამწყსოს ღალატისკენ მოუწოდებს: თუ საქართველოს ხელისუფლების შეცვლაში მონაწილეობას მიიღებ, ეპარქიებს მაშინ დაგიბრუნებო (ეს გახლავთ სატელევიზიო ინფორმაციის, მართალია, ჩემეული, მაგრამ ზუსტი ქვეტექსტი). მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, რა არის ეს, თუ არა შეურაცხყოფა?!

დღეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მართლმადიდებელი ქართველის შეგნებაში, იმათში, ვინც აღვიზარდეთ შეგონებებით: “ენაც წაგვართვეს და რჯულიც, ნათელი რამღა გვფინოსო?!” “ქრისტეს სახელით ქრისტეს რჯულს წვალება შემოერია” (სხვათა შორის, ამ ყოველივეს მე პირადად ილიასა და არტურ ლაისტის აღზრდილი, ღვთაებრივი მეჯოგე და მეღორე, ოდისევსის მეღორის მსგავსი პაპა სანდრო უნდილაშვილი სამწყემსურში 5-11 წლის ასაკში სულ ზეპირად მასწავლიდა, თანაც გამოთქმით); ვისთვისაც ჩვენი კლასიკოსების სახელმწიფოებრივი და მართლმადიდებლური პლატფორმა ჩვენი არსებობის ფორმაა, იმათში, ვისაც კარგად გვახსოვს ავბედითი 1992 წელი და ის სისხლის წვიმები, რუსეთს კი არ შეუძლია სისხლისღვრის გარეშე; ვინც ვერასოდეს შეეგუება რუსეთის პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, ვინც თვლის (სტატისტიკურ თუ სხვა ფაქტებზე დაყრდნობით), რომ ჩვენ არანაირი ვალი და ვახში არ გვაწევს რუსეთის სახელმწიფოს წინაშე, რომ საქართველოს არასოდეს დაუწყია ომი რუსეთის წინააღმდეგ, ფონზე ზოგიერთი სასულიერო პირის პრორუსული აზრებისა “წმინდა რუსეთის საქმეებზე” (მ. ჯავახიშვილი), ფონზე ზოგიერთი მეცნიერის მჭევრმეტყველური ნიმუშებისა: “გაუმარჯოს მართლმადიდებელ რუსეთს!” (კი ბატონო, გაუმარჯოს, თუკი ასეთი რამ ბუნებაში არსებობს); “რუსებს ვუყვარვართ, ქართველთა ეთნოწმენდა ეს უბრალოდ პოლიტიკაა და მეტი არაფერი”; “გაგონილა, ქართველი ახალგაზრდობა რუსულ კლასიკას ორიგინალის ენაზე ვეღარ კითხულობს” (სწორედ მათზეა ნათქვამი, “კუდა ხარი თავისთვის არ იყო და სხვას ბუზებს უგერიებდაო”).

იბადება სრულიად ახალი და თანაც ძველი ტენდენცია: ჩვენი გადასანსვლის მოსურნე ერთმორწმუნე ბიზანტიასაც უწევდნენ წინააღმდეგობას ჩვენი მეფეები და დიდი ქართველი მამები მხარში ედგნენ მათ; გიორგი ჭყონდიდელი, ეს უდიდესი სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწე, ამოუდგა მხარში დავითს, თურქ-სელჩუკთა მიერ ოკუპირებული ქვეყნის მეფეს, სანამ ის აღმაშენებელი გახდებოდა. დაეხმარა საერო და სასულიერო ცენტრიდანული ძალების დამორჩილებაში. დღევანდელმა ქართველმა ფანტაზიას უნდა მოუხმოს იმ სიძულვილის წარმოსადგენად, რაც მაშინდელ საქართველოში რეფორმების გამო დავით IV-ის მიმართ იარსებებდა. ქართველ დიდებულთა გადაგვარებით შეძრწუნებულ დავითს დიდგორის ომის წინ (1121 წ.) ყივჩაღთა ვითომ საგარეო საფრთხეების გამო შემოყვანა (1118 წ.), სინამდვილეში ზურგის გასამაგრებლად დასჭირდა. სწორედ ამ პოლიტიკური რეალობის “ეგზეკუცის” გამოძახილი უნდა იყოს ხალხური ლექსი “შამამეყარა ყივჩაღი”. ჩვენი, თუნდაც მხოლოდ ჩვიდმეტწლიანი ისტორიიდან გამომდინარე, ვერავინ დამარწმუნებს, რომ მაჰმადიანური თბილისიდან თუ “ყოველი თურქობისგან” სულთან მაჰმუდ მუჰამედის ძისადმი გაგზავნილ წერილებში ერთი მართლმადიდებელი ქართველის წერილიც არ ერია. 15000 ყივჩაღის დიდგორის ბრძოლაში მონაწილეობის მათე ურჰაელისეული ცნობა, გაზიარებული ქართველი ისტორიკოსების მიერ, ჩემი აზრით, ვერ აკმაყოფილებს ისტორიული მასალის ისტორიულ ფაქტად ქცევის სამეცნიერო კრიტერიუმებს. მოგეხსენებათ, ქართულმა საისტორიო, სალიტერატურო და ზეპირმა ტრადიციამ სულაც არ მიაგო სათანადო პატივი დავით აღმაშენებელს, რომ აღარაფერი ვთქვათ ბაგრატ III-სა და გიორგი ბრწყინვალეზე.

ჩვენ საუკუნეები გვიცხოვრია რუსეთისა და “მართლმადიდებლობის რუსული ვარიანტის” (ლ. გუმილიოვი) გარეშე და ვიცხოვრებთ კიდეც. ნუთუ ჩვენთვის უნდა ჰქონდეს მხოლოდ მნიშვნელობა მათს მართლმადიდებლობას და ჩვენსას მათთვის – არა?! თუ ჩვენი ერთმორწმუნეობა რუსეთისათვის ჩვენი “კოპტიზაციის”, ჩვენი სახელმწიფოს დაშლისა და მისი ტერიტორიულ ერთეულად მიერთების საბაბია, ტერიტორიულ ერთეულს კი სულაც არ სჭირდება ავტოკეფალური ეკლესია, რაც გამოცდილებით უკვე ვიცით, თუ რუსული ენა უნდა გახდეს ჩვენი სახელმწიფო ენა და აქედან გამომდინარე, საეკლესიოც, მაშ, არა შიში და კანკალი რუსეთის სახელმწიფოსა და მისი მართლმადიდებლობის წინაშე, არამედ სწორება ქართული ეკლექტიზმის მამის, “ღვთის მადლის მწვანილისა და წყალთა ზედა სულთა განსასვენებლის” დამაარსებლის გრიგოლ ხანძთელისაკენ, რომელიც არაბთა მიერ ოკუპირებული ქართლიდან დევნილ აშოტ I-ს მხარში ამოუდგა და თავის მოწაფეებთან ერთად იმდროინდელი მსოფლიო ომებისა და რელიგიური ომების პირობებში სხვის იურისდიქციაში მყოფი დასავლეთ საქართველოს ეპარქიები “უფლის კვართის სამკვიდრებელ” მცხეთას შემოუერთა.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მართლმადიდებელმა რუსეთმა ვერასდროს შეჰბედა სომხურ ეკლესიას, სწორედ მისი გრიგორიანელობისა გამო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტოლერანტულ დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობისას ჩვენი მართლმადიდებლობა უფრო უკეთ იქნება ჩვენი იდენტობის დამცველი, ვიდრე რუსულ სივრცეში დაბრუნებისას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე: 1. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა, 2. აგრესიული მეზობელი, 3. სახელმწიფოებრივი შეგნების “გაერთგულებისა” (ბარათაშვილი) და პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე; სადაც გუშინ “საკუთარი” სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლნი დღეს ადვოკატებად, დამოუკიდებელ ექსპერტებად (ალბათ განადგურებაში), ადამიანის უფლებების დამცველებად და “ბოროტების” წინააღმდეგ მებრძოლებად არიან ფერნაცვალნი და გადანაწილებულნი (მელი მოძღვრადო, სწორედ მათზეა ნათქვამი), სადაც ქვეყნის მართვაზე, პიროვნულ ზნეკეთილობასა და უმწიკვლობაზე პრეტენზიას აცხადებენ ისეთი ლიდერები, რომელთაგან ზოგი 1991 წელს სტრასბურგში სამშობლოს წინააღმდეგ “პოლიტიკური ბეზღით” იყო დაკავებული. დარწმუნებული ვარ, იქ “მისებრი” არც მანამდე უნახავთ ვინმე, ვერც მის შემდეგ ნახავენ; ზოგს 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს გლოვა ჰქონდა გამოცხიდებული, ზოგი ვერა-ვაკის კინტოთა საძმოში იყო და გარდამავალი პერიოდის დამახასიათებელი ნიშნებით კარგად სარგებლობდა, ანუ ქურდობდა; ზოგი ქურდ-მკვლელი შვილს ამზადებდა საქურდბაცაცოდ, ზოგიც კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერთა ლიკვიდაციით იყო დაკავებული, რომელთა რუსეთის აგენტობის დასამტკიცებლად მე არანაირი იურიდიული ძალის დოკუმენტები ნამგლითა და უროთი არ მჭირდება – ქვეყნის მოწყობის საპარლამენტო მოდელი ჯერჯერობით მაინც არასწორად მიმაჩნია. იდეა – საპრეზიდენტო მმართველობამ არ გაამართლა – მრავალმხრივი სამეცნიერო კვლევის შედეგებით განმტკიცებას საჭიროებს, ისევე როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის იდეა. ამას კი, ვინაიდან საქართველო არც მარტო ხელისუფლებისაა, არც მარტო ოპოზიციის და არც დამოუკიდებელი ექსპერტებისა და არასამთავრობოების, მით უმეტეს, ვერა-ვაკის კინტოების, სჭირდება ვრცელი დისკუსიები ფართო საზოგადოების, თქვენ წარმოიდგინეთ, სოფლელებისა და გლეხების ჩართვითაც კი. “გლეხი კაცი გადაშენდეს, საქართველო გარდაქარდესო” – ხედავთ, დემოკრატიას ჩვენში ჯერ არჩილ მეფის დონემდეც ვერ მიუღწევია?!. ნაუცბათევი არაფერი ივარგებს. ჩემი აზრით, თუ გლეხის აზრს რაიმე მნიშვნელობა აქვს, არჩევნები უკვე განსაზღვრულ ვადებში უნდა ჩატარდეს. პირველი იმიტომ, რომ ახლა საარჩევნო მარათონში ჩაბმა არა ქვეყნის, არამედ რუსეთის წარმატება იქნება. მეორე, ჩემი ოცნება, შეიძლება ჩეხოვისებურიც კი, ის არის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ არა ზემოთ დახასიათებული შავბნელი წარსულის ადამიანები, არამედ პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფერო დატოვონ მათნაირებმა, ეს კი 2012-13 წელს არა მარტო თეორიულად, პრაქტიკულადაც შესაძლებელია ქართული ეკლექტიზმით აღზრდილი ახალგაზრდებისა და წინა თაობის ღირსეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.

და თუ ჩვენ მართლაც გვეყოფა ჭკუა, “გიჟვრაცუობას” ცოტა განზე მაინც თუ გავუდგებით, ჩვენ “რომელნი – ესე ვართ ყურესა ამას ქუეყანისასა ” (საბანისძე) ანუ წარმოვადგენთ ქვეყნიერების განაპირა მხარეს, “დამდაბლებულნი და დაწუნებულნი” (იოანე ზოსიმე) გადარჩენის იმ მცირე თეორიული შესაძლებლობებითაც კი, რაც გვაქვს, უფლის იმედით, წმინდანთა მეოხებით, ჩვენი სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევის მადლითა და ჩვენი შრომისმოყვარეობით ნამდვილად ვიქცევით ყურედან ყორედ, მისტიკურთან ერთად რეალურ ყორედ, უფლის მთად, მსოფლიო მნიშვნელობის ქვეყნად.

ქეთევან ჯერვალიძე – შთამომავალი იმ ადამიანებისა, ვისი მიხედვითაც ილია ჭავჭავაძემ ოთარაანთ ქვრივისა და გიორგის სახეები შექმნა და ვინც ილიას წიწამურში გადაეფარა.

27 მაისი, 2009 წელი

Gallery | This entry was posted in ესე. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s