წერეთელი აკაკი (1840 -1915) – ხატის წინ

აკაკი წერეთელი

(როგორ ვკითხულობთ კლასიკას, ანუ გრამატიკის პოეტიკა) ჟურნალი “ჩვენი მწერლობა” # 13 (65), 2008).

ჩვენ მიერ ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოების განხილვას ამოსავალ თეზად ედება შემდეგი სიტყვები: გრამატიკა ენის სულია, ლიტერატურა –
სულის წვრთნა. გარდა ამისა: “სიტყვა ეს საღვთო ქარაგმაა,“ “კოსმიური შიფრია ადამიანისათვის ამოსაცნობად გამოგზავნილი” (მირჩა ელიადე),
თანაც “სიტყვას არ გააჩნია სივრცისა და დროის მიღმული არსებობა” (კასირერი). ამ ორი თვალსაზრისის წინაშე კრთების და განცვიფრდების გონება კაცისა.
ქეთევან ჯერვალიძე

ხატი, ეს ეგვიპტური თუ ურარტული წარმომავლობის სიტყვა, რომელსაც ორგვარი შინაარსი აქვს ძველ ქართულში – 1. სახე, გამოსახულება, მსგავსება, “ფერი”. . . 2. საკულტო დანიშნულების საგანი, “სარკმელი ადამიანისათვის ღვთის შემეცნებისა და შეცნობის გზაზე” – აკაკიმ თავისი უმშვენიერესი ლექსის შემადგენელ ნაწილად აირჩია. ხატის, როგორც ქრისტიანული საკულტო დანიშნულების საგნის წერილობითი ფიქსაცია პირველად გიორგი მერჩულეს “გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში” გვხვდება და ის სულიერის რანგშია აყვანილი. მამა გრიგოლმა და მისმა თანმხლებმა პირბემა კონსტანტინეპოლიდან “…მოიყვანნეს ნაწილნი წმიდათანი და ხატნი წმიდანი”. აკაკიმ ლექსი “ხატის წინ” 1894 წელს დაწერა. ამ დროს ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ არ იცნობდა გიორგი მერჩულეს ქმნილებას, რომელიც ნ. მარმა 1902 წელს იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკიდან გადმოწერა, ხოლო 1914 წელს გამოსცა. მაშასადამე, აკაკის ლექსი ვერ დაუკავშირდება ერისთვის უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ძეგლის აღმოჩენით გამოწვეულ სიხარულს. არ არის გამორიცხული, რომ მგოსნის მიერ ლექსისათვის ასეთი სათაურის შერჩევა დიდი განსჯის შედეგიც იყოს.
“ხატის წინ” დაარქვა ლექსს თანაც იმ დროს, როცა საყოველთაოდ და საქართველოშიც დაწყებულია შეტევა ღვთისა და ხატის წინააღმდეგ და საკუთარი თავი, როგორც შემოქმედმა წამგებიან მდგომარეობაში ჩაიყენო, არ გახლავთ იოლი საქმე. მე, პირადად, დღევანდელი გადასახედიდან პოეტის არჩევანი პროტესტის ფორმადაც კი მეჩვენება. აკაკის თავისუფლად შეეძლო ლექსის სათაურად სხვა რამ გამოეტანა. თუნდაც მისი პირველი სტროფის, პირველივე სტრიქონის პირველივე სიტყვა – “მიყვარს…” და შემდეგ სამი წერტილი დაესვა. ჰოდა, ახლა ჩვენც ამ სიტყვით დავიწყოთ, ერთი შეხედვით მართლაც უმარტივესი ლექსის განხილვა. საზოგადოდ, აკაკის ლექსების დიდ ნაწილს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს “მარტივად რთული “ ლექსები, ვინაიდან ბევრ მათგანში ურთულესი აზრი გადმოცემულია უმარტივესი ფორმით, რასაც გარკვეულ წილად პოეტის იმერლობაც განაპირობებს.

ჩვენი მწერლობა

მგოსანი პირველ სტროფში ნებისმიერი მკითხველისა და მსმენლის მზერის არესა და ყურთასმენის ველში ათავსებს თავისი სიყვარულის ობიექტს. მაგრამ ეს ობიექტი არ გახლავთ მხოლოდ ნივთიერი სახის მქონე რამ: ან სანთელი, ან ხატი ცალკე აღებული. ეს ხატის, როგორც საკულტო საგნის წინ დანთებული სანთლის წვის პროცესია, ერთი შეხედვით ბუნებითი და ჩვეულებრივი. სანთელს, ქვემდებარეს, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, შემასმენლის და – ქვე – მდებარება – ში მყოფ წევრს მსაზღვრელად უზის ზედსართავი სახელი წმინდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის თაფლის სანთელია და მისი ყოფითი დანიშნულებით გამოყენება დაუშვებელია. წმინდა სანთელი არის სიმბოლოც, ღვთისმსახურების აუცილებელი კომპონენტიც და საეკლესიო შესაწირიც.
ანთებული სანთელი, თანაც ხატის წინ, როგორც ხილული იდუმალება ასახიერებს ღვთიურ მადლს, მარადიულ სულიერ ნათელს და ქებათაქებად აღიწევა ღმერთამდე. გავიხსენოთ ბარათაშვილის სიტყვები: “… მუ ენთო მარად უქრობელი წმინდა ლამპარი, ანგელოზთაგან იკვროდა მუნ დავითის ქნარი და განისმოდა ციურ დასთა გალობის ზარი”.
ხატის წინ დანთებული სანთელი ეს ღვთიური დაცვის ხილული ნიშანია, ეს გონიერი ნათლის სახეა, ქმნილსა და შემოქმედს შორის დამაკავშირებელი ხიდია. “მე ვარ ნათელი სოფლისა” – თქვა უფალმა.
მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ფანტავს მისი ნათელი.
უკვე ლექსის პირველი სტრიქონის სიტყვები “მიყვარს, როდესაც…” მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელია, და ასეც ხდება ხოლმე, ხატის წინ სანთელი ყოველთვის არ ენთოს. ხატი, ანთებული სანთლის გარეშე არ არის თვითკმარი მხატვრული სახე პოეტისათვის. თვით შემასმენლის ფორმაც – “ანთია” – სტატიკური ვნებითი საგანგებოდ არის შერჩეული, ცხადია, ღვთიური შთაგონებით.
სანთლის უპირველესი თვისება გა-ნათ-ებ-ა-ა, რაც პარპალით, ცეცხლის ალის ნელი რხევით ხორციელდება და რასაც შედეგად ბნელის გაფანტვა მოსდევს. ის, რომ ეს “ბნელი” აუცილებლად ხილულ და უხილავ კოსმიურ ბოროტებას მოიაზრებს, გადმოცემულია ვითარების გარემოებაზე – “პარპალით’ – მსაზღვრელ “საიდუმლოს” დართვით. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში სანთლის დანთების პრაქტიკა 325 წელს ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ დააკანონა და ეს წესი ჩვენ უკვე გვხვდება იაკობ ხუცესის
”შუშანიკის წამებაში”. სანთლის დანთების ტრადიცია ახასიათებდა როგორც წარმართულ რელიგიებს, ასევე ზოროასტრიზმს.
აკაკის ლექსის პირველი სტროფი ანუ თეზა, ანუ სიყვარულის ობიექტის გამხელა მთლიანობაში ერთი ქვეწყობილი წინადადებაა, რომელშიც მთავრი წინადადება სულ ერთი სიტყვითაა გადმოცემული, იმ ერთით, რომელიც ჰაერივით გვჭირდება ჩვენ, ყველას, ახლა და ეს ერთი სიტყვა გახლავთ მისი უდიდებულესობა – “ მიყვარს”. მისდამი ჩვენი კეთილგანწყობის გამოსახატავად, რადგან სიტყვათქმნადობის არანაირი შედეგი არ გვაკმაყოფილებს ჩვენში, შეიძლება, ისეთ დიდ ავტორიტეტებს მივმართოთ, როგორნიც მახარებელნი არიან და მათი “თავსაკიდურ ცათა” გამოვიყენოთ. “თავსაკიდურ ცათა”, ანუ სასაძირკვლე ქვა ეს მაცხოვარია, მაგრამ სიტყვაც მაცხოვარია და სიყვარულიც. სიტყვა და სიყვარული, ეს უდიდესი ძალის იარაღები, წინ უსწრებენ ნებისმიერი სახის “შესაქმეს”. ჩვენმა გენიალურმა პოეტმაც სწორედ სიტყვა სიყვარულით დაიწყო.
როგორც ვთქვით, “მიყვარს” – ეს მთავარი წინადადებაა, გადმოცემული ინვერსიული ზმნით, ანუ მასში მომხდარია პირის ნიშნების შებრუნება, მ – ი-ყვარ – ს, “მ”-ირ.01. “ს” – შ3; ლოგიკურად მე, ის, გრამატიკყლად – ის, მე. ამ ზმნის ინვერსიულობა დიდი ისტორიული გზით არის განპირობებული. ეს ერთი შეხედვით წვრილმანი რამ, სინტაქსში სხვაობას იძლევა. თუ მთავარ წინადადებას ლოგიკურად შევუწყობთ პირებს, მაშინ ქვეწყობილი წინადადება ირიბი დამატებით დამოკიდებული გამოვა, თანაც ეს ირიბი დამატება სახელობით ბრუნვაში იქნება დაბრძანებული. ხოლო გრამატიკული ნიშნების მიხედვით შეწყობა კი დამოკიდებულ წინადადებას ქვემდებარული დამოკიდებული წინადადების სახეს მისცემს. რაც შეეხება თვითონ დამოკიდებულ წინადადებას, ის გახლავთ რთული თანწყობილი, ორი მარტივი გავრცობილი წინადადებით შემდგარი. ასეთი რთული კონსტრუქციები სამწუხაროდ დღეს აღარ ისწავლება. არადა, აბა დააკვირდით რა ლამაზია, რა იდუმალ შემომგზნები, დამათრობელი და ზეაღმტაცი. ასეტთ წინადადებებს სიმფონიებიც კი შეიძლება ვუწოდოთ…
მაგრამ პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ, თუკი აკაკი ლექსის პირველ სტროფში სანთლის ბუნებრივ და მისტიკურ დანიშნულებაზე საუბრობს, მეორეში ის სანთლის სიმბოლურ ფუნქციას უსვამს ხაზს. სანთელი ეს “დიადი მსხვერპლის”, ანუ მაცხოვრის სიმბოლოა, ვისი მეშვეობითაც მამაღმერთმა “სამოთხიდან გამოვრდომილსა მას კაცსა, დაცემულსა, ზეცად აღუწოდა და მიუწვდომელს მას საიდუმლოსა ღირს ყო…” რა არის ეს საიდუმლო? როგორც მეორე საუკუნის თეოლოგი ირინეოსი გვიხსნის: “მაცხოვრის საწუთროში გარდამოხდომა ეს მკურნალობის მეთოდია. ძე ღვთისა ხდება ძე კაცისა, რათა მიმადლებით ძე კაცისა ძე ღვთისად იქცეს”.
მაცხოვარმა თავისი მსხვერპლშეწირვის მადლით “თვალუწვდენელი წყვდიადი გაასპეტაკა”, მაგრამ ეს არ მოხდებოდა, თუკი მისი ქმედება არ იქნებოდა ნებაყოფლობითი. მგოსანმა დიადი მსხვერპლის ნებელობა გადმოსცა სამი მიჯრით გამოყენებული სიტყვით: “მყუდროდ, უხმოდ, უძრავად”. ამათგან პირველი ჩვენი მთის (აღმოსავლეთ საქართველო) საკრალური ლექსიკის ერთ-ერთი ძირითადი სიტყვათაგანია – (მ) – ყუდრო.
მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება თვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს
თვალუწვდენელი წყვდიადი
გავიხსენოთ ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვის მომენტი “ჰაბოს წამებიდან”, “ბაში-აჩუკიდან”, “ბახტრიონიდან”, ლორთქიფანიძის “ქედუხრელნიდან” და ა.შ.
სინტაქსის თვალსაზრისით მეორე სტროფიც ერთი ქვეწყობილი წინადადებაა. მისი პირველი ნახევარი მთავარია, მეორე – მიზნის გარემოებით დამოკიდებული წინადადება. თავის მხრივ, მთავრი გარემოებებით შერწყმული წინადადებაა. მისი შემასმენელი უნიშნო დინამიკური ვნებითი გვარის ზმნით არის გადმოცემული, დამოკიდებული წინადადების შემასმენელი კი მოქმედებითი გვარისაა, და მიზნიდან გამომდინარე, მეორე სერიის მეორე კავშირებითის მწკრივშია წარმოდგენილი. მადლი – სულიერების თვალსაზრისით, უდიდესი რამ, სინტაქსის თანახმად, მხოლოდ და მხოლოდ უბრალო დამატებაა, წინადადების მეორე ხარისხოვანი წევრი, თუმცა, ამ უბრალოებაში მაინც იგრძნობა მისი მნიშვნელოვანება. ის უბრალოდ უბრალო დამატება კი არ არის, არამედ საჭურვლის, იარაღის უბრალო დამატებაა მოქმედებით ბრუნვაში.
ამრიგად, პოეტი ლექსის პირველ ორ სტროფში გვესაუბრბა თავისი სიყვარულის ობიექტის მისტიკურ და სიმბოლურ დანიშნულებაზე ხოლო მესამეში გვიზიარებს თავის სულიერ განცდებს, ამ “დიდ ძალის” ცქერით გამოწვეულს. მგოსანი ფრაზაში – დიდ ძალს – ადამიანის თავისუფალი ნებისა და ღვთის განგებულების დამთხვევას გულისხმობს, ვინაიდან მისი აზრით, ვერანაირი გმირული ქმედება ვერ განხორციელდება, თუ ადგილი არ ექნა პიროვნებაზე “ღვთის მადლისა და მირონის გადმოსვლას”, (იხ. “თორნიკე ერისთავი”). ამავე სტროფის მეორე სტრიქონში აკაკი მტკიცედ ჩამოყალიბებულ გამოთქმაში – “ტკბილ-მწარე” – აადგილებს წევრებს. ვიღებთ კომპოზიტს _ “მწარ – ტკბილად”, – რასაც საფუძვლად კვლავ ქრისტიანულ-ქართული ტრადიცია უდევს: “ბოროტსა სძლია კეთილმან…”; “ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი…” და ა.შ.
პიროვნების თვგანწირვა მნახველში, მსმენელში, უპირველეს ყოვლისა, მწარე განცდებს ბადებს, შემდეგ კი ეს მწარე განცდები სიტკბოებაში გადადის, ამაღლებს მათ და ბაძვად განაწყობს. აკაკის გზა “მწარ-ტკბილისა” ერთგვარდ უახლოვდება არისტოტელესეული კათარზისის გზას. ეს კათარზისის გზა კი ნამდვილად საკვირველი რამაა, რაც თუნდაც იმითაც დასტურდება, რომ პოეტს თავს “ცის სვეტად” განაცდევინებს. თუ ჩვენ ცის სვეტთა დანიშნულებასა და რადენობას ჩავუღრმავდებით, მყისვე მივხვდებით, რომ ეს სიტყვები არ გახლავთ ოდენ უბრალო, პროფანირებული შედარება. “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” “დაუცემელი ცის სვეტები” – ეს მამა გრიგოლის მოწაფენი არიან. ცათა საძირკველი მაცხოვარია, დაუცემელი სვეტნი კი მისი საუკუნიდან საუკუნეში გადამსვლელი მიმდევრები, რომ არა მათი თავდადება, “ცა ფეხად ჩამოვიდოდა” და დაუბრუნდებოდა შესაქმემდელ მდგომარეობას.
აკაკი რომ ძალზე ამაღლებულად წარმოგვიდგენს საკუთარ თავს ამ სტროფში დასტურდება იმითაც, რომ “დიადი მსხვერპლის” მახასიათებლები, ერთის გამოკლებით, პოეტის მახასიათებლების იდენტურია, რაც იმას ნიშნავს რომ ავტორი მზად არის მიმადლებით ძე ღვთისად იქცეს და საკუთარი პერსონა მომავალ მსხვერპლთა რიგში ჩააყენოს.
მივჩერებივარ ამ დიდ ძალს,
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული,
მეცა უსიტყვოდ, უძრავად,
ცის სვეტად გაქვავებული.
რაც შეხება სინტაქსს, მეგობრებო, აქაც დიდი მოულოდნელობა გველოდება. მთელი სტროფი ერთი ვითარების გარემოებებით შერწყმული წინადადებაა, ხოლო ქვემდებარეს, რადგან ის პირის ნაცვლასახელითაა გადმოცემული, აქვს შესაძლებლობა, განკერძოებული გნსაზღვრებები მარჯვნივ და მარცხნივ ამოიყენოს, წინ და უკან, ზევით და ქვევით ბრწყინვალე გაშლილ სხივთა კონად შემოივლოს.
ხატის წინ დანთებული სანთლის დაჟინებით ყურება ლექსში გადმოცემულია დონიანი დინამიკური ვნებითის ორპირიანი ფორმით – “მივჩერებივარ” (III სერიის I თურმეობითი), (ახალი თაობის, ურიენტირად ვიღებ 1992 წელს, აბსოლუტურ უმრავლესობას არათუ წარმოდგენა არა აქვს ჩვენი ენის გრამატიკაზე, ე. ი. მის თეორიაზე, კითხვის დასმითაც ვერ გადაჰყავთ
დინამიკური, სტატიკური და საშუალ – ვნებითები III სერიის მწკრივებში. აქედან დასკვნა…), რაც განწმენდს პოეტის ბუნებით მზერას და მას ენიჭება უნარი უცნაური სახილველი იხილოს, განიცადოს, აზრად გადაადნოს და სიტყვაში გაასაგნოს, თუმცა თვითონ იგი, თავისი დიდი წინაპრების მიბაძვით (ამ შემთხვევაში ძალაში შედის ისტორიული გენეტიკის კანონი), თვითდამცრობა – დაკნინების მეთოდს მიმართავს და გვეუბნება:
რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა,
მხოლოდ ვგრძნობ… თვარა ვერ სწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.
გონება ეს ინტელექტია, ათვისების, მიღებული ინფორნაციის დაგროვების უნარი, ჭკუა კი – მისი პრაქტიკაში გამოყენების Nნიჭი, რისი აუცილებლობაც ჯერ კიდევ პირველმა სოფისტიკამ დააყენა დღის წესრიგში.
რაც შეეხება ამ სტროფის სინტაქსს, აქ, ილიასი არ იყოს, შეიძლება
ფეხი მოვიტეხოთ და კისერიც მივაყოლოთ ზედ, მაგრამ ნუ შევშინდებით, მოვი-
მარჯვოთ გასაღები, ე. ი. მისი აღმატებულება შემასმენელი და შევაღოთ მისი საიდუმლოს კარი. დავინახავთ, რომ როგორც ქუხს, ის ეარ წვიმს. მთელი სტროფი რთული თანწყობილი წინადადებაა მაპირისპირებელი კავშირით –“თვარა-თორემ”. მისი პირველი ნახევარი კი შემასმენლებითა და უბრალო და-
მატებებითაა შერწყმული – მე “ვხედავ”, მე “ვგრძნობ”; ვის შუა ვხედავ ერთობას? “სანთელს და ჩემ შუა”. ზემოხსენებულ შემასმენელთა შორისაც იგულისხმება მაპირისპირებელი კავშირი “მაგრამ”, მაგრამ ის, როგორც უადგილო, გამოტოვებულია.
შემდეგი სტროფიდან კი ვიგებთ, რომ წინარეში პოეტის უძლურებაზე საუბარი, მართლაც პირობითი ყოფილა, ვინაიდან ადამიანის რაობის ქრისტიანული არსსი, მისი დიქოტომური ბუნება აკაკის არაჩვეულებრივი სიმარტივითა და სიცხადით აქვს მკითხველის სამსჯავრიზე გამოტანილი.
სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე – მოკლე პატრუქი,
ნათელი – ჭკუა-გონება,
იმათგან გამონაშუქი.
ადამიანი მიწისა და ზეცის, ხორცისა და სულის (იგივე სიცოცხლის) ერთობაა. ამ ერთობიდან კი შუქდება ნათელი – ჭკუა და გონება. აკაკისათვის მიუღებელია, სულისა და ხორცის კავშირმა სიბნელე მოგვცეს, ან თუნდაც ამ ჭკუა-გონებას ხან ეშმაკი დაეპატრონოს, ხანაც ანგელოზი. იმის თქმა, რომ მგოსანი პავლეს ეპისტოლეებს არ იცნობდა, დიდი მკრეხელობა იქნება. XIXს-ის დიდ ქართველ შემოქმედთათვის ბოროტების ანატომიის დეტალური კვლევა, მისი ახსნა არ არის თვითმიზანი. მით უმეტეს, აბსოლუტურად მიუღებელია მისი გამართლება, მიუღებელია ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე: 1. დაკარგულია პოლიტიკური დამოუკიდებლობა; 2. გაუქმებულია ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; 3. ქართულ ენას წართმეული აქვს სახელმწიფო და საღვთისმსახურებო ფუნქცია; 4. სავაჭრო და სამრეწველო კაპიტალი მთლიანად უცხოთა ხელშია.
რაც შეეხება სინტაქსს, აქაც სიახლე გველოდება. მთელი სტროფი ერთი რთული თანწყობილი წინადადებაა, სულ რაღაც სამი მარტივი წინადადებისაგან შემდგარი. პირველი მარტივი გავრცობილია. მისი შემასმენელი კი შედგენილია ხორცი + ა, მეორეც ასევე, გავრცობილია, მაგრამ შედგენილი შემასმენელი მხოლოდ მისი სახელადი ნაწილით არის წარმოდგენილი –“პატრუქი”, გამოტოვებული მეშველი ზმნის ადგილას “კი არის “ დაწერილია ტირე. მესამე წინადადება მარტივი გაუვრცობელია. აქაც მხოლოდ სახელადი ნაწილი გვაქვს შედგენილი შემასმენლისა, მაგრამ სამაგიეროდ ქვემდებარეს ასხივოსნებს განკერძოებული განსაზღვრება. ღმერთო, რა გვეშველებოდა ეს განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები რომ არ გვქონდეს?!
მაგრამ დავუბრუნდეთ პირველ სათქმელს. ლექსის ჩვენ მიერ განხილული ხუთივე სტროფი სინამდვილეში არის მხოლოდ ექსპოზიცია, თუ გნებავთ პროლოგი, ერთგვარი აღსავლის კარი, არგუმენტირებული შესავალი მთავარი სათქმელისათვის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ოთხ სტრიქონს მოიცავს:
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც, განა?
როგორც თავიდან ვთქვით, მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ხატი სარკმელია ღვთის შემეცნებისა და შეცნობის გზაზე. ილიასთვის, აკაკის, ვაჟასა და ყაზბეგისათვის სამშობლოა ხატთა ხატი, ზეციური სამშობლოს, ცათა სასუფევლის მატერიალიზებული და ხილვადი გამოვლენა, გამოვლენა იმ სამშობლოსი, რომლის მხოლოდ ბუნდოვანი ხსოვნაღა რჩება ხორცში ჩამოსულ ადამიანს. მათი ცნობიერება კონკრეტულიდან, თვალსაჩინოდან მიემართება ზოგადისა და უხილავისაკენ, მაგრამ ეს გზაც კურთხეულია სახარებით. თუმცა, სამშობლოსადმი სიყვარული არ გამორიცხავს სხვა ერებისა და ქვეყნების პატივისცემასა და საიყვარულს, ვინაიდან ერთიც და მეორეც “ფერუთვალავი მშვენიერებით” აღვსილი ქვეყნიერების სამკაულია, ნაკურთხი სულთმოფენობისას უფლის მიერ.
თუ სამშობლო ხატია, მაშ არა თუ პოეტის, არამედ ყოველი რიგირთი ქართველის სწორება ამ ხატისაკენ, მისდამი საღვთო ვალდებულებისა და მსახურებისაკენ. უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი სახის ოქსიომორონი, შეუთავსებელთა შეთავსება: კარგი პოეტი – უზნეო ადამიანი, კარგი მომღერალი – ქურდი, და ა.შ. კარგმა პროფესიონალიზმა არ უნდა გადაწონოს და შეიწიროს მამულიშვილობა.
მაგრამ სტროფის ბოლოს აკაკის მიერ კითხვის ნიშნის დასმა მიგვანიშნებს იმაზე, რომ სამშობლოსათვის ერთგულება დასაცინი და საქილიკო გამხდარა. და მართლაც, თუკი ჩვენ ორ გუბერნიად წარმოდგენილი ჩვენი სამშობლოს იხტორიას გადავხედავთ, დავინახავთ რომ ამ კითხვის ნიშნით პოეტი არსებულ რეალობას ეკამათება. მოგეხსენებათ, XIXს-ის 70-იანი წლებიდან ასპარეზზე გამოდიან ე. წ. “ნაროდნიკები”, რომელთა ერთ ნაწილს საერთოდ არ აწუხებს ეროვნული პრობლემა, ილიას მგზავრის გულისტკივილი მათთვის “უკვე დაძლეულია”. 90 – იანი წლებიდან კი ჩნდებიან წყეული “მესამე დასელები”, რომელნიც კიდევ უფრო გაშმაგებით უარყოფენ ფარნავაზის ეპოქიდან გაცნობიერებულ სამებას: მამული, ენა, სარწმუნოება. ის, რაც ქართველ სოციალ-დემოკრატებს სხვა ერების, მაგალითად, სომეხი სოციალ-დემოკრატებისაგან განასხვავებს, ეს მათი გონებრივი სიბეჩავე და თვალსაწიერის სივიწროვეა. ვაჟამ სამართლიანად უწოდა მათ “ყვავ-ყორნები” და “ტვინფრუტუნა კოსმოპოლიტები”.
იმ დროს, 1894 წელს, როცა იწერება ლექსი “ხატის წინ” უკვე გამოქვეყნებულია გიორგი მუხრან-ბატონის ყბადაღებული ნარკვევი “О существе националной индивидуальности и об образовательном значении крупных народных единиц”( 1972 წ.), ასევე ნაროდნაია ვოლიას” წევრის, ხალხოსანი ივანე ჯაბადარის “Письма о Грузии“ (1889 წ.). აკაკი ცდილობს თავისი მოსაზრებების სისწორე, ჭეშმარიტება, მისი ღირებულება ათას ცხრაასწლოვანი მრწამსის შეხსენებითა და მისი საკრალური ლექსიკის გამოყენებით შეაგნებინოს გაგარეწრებულთ და ისინი კვლავ ეროვნულ – სახელმწიფოებრივი იდეალების წრის შიგნით შემოაბრუნოს.
სინტაქსის თანახმად, მთელი სტროფი ერთი ქვეწყობილი წინადადებაა. პირველი ორი სტრიქონი არის პირობითი დამოკიდებული წინადადება. მის წინ პოეზიის კანონებიდან, გამომდინარე მოხსნილია კავშირი “თუკი”. დამოკიდებული მთავარს უერთდება “და რომ “ კავშირით. ცალკე აღებული დამოკიდებული წინადადება არის რთული თანწყობილი. ორივეში გამოყენებულია შედგენილი შემასმენლები. რაც შეეხება მთავარ წინადადებას, ის ქვეწყობილია. მასში მთავარია “არ შემიძლია მეც, განა?” რა არ შემიძლია? რომ ვიწვოდე, ვდნებოდე ირიბი დამატებით დამოკიდებულია და თანაც შემასმენლებით შერწყმული. აი ასეთია გრამატიკული სასწაული ამ სტროფისა.
მაგრამ როგორ უნდა მოხდეს სამშობლოს უერთგულესი ადამიანების აღზრდა? ამ საქმეში აკაკის აზრით, დიდი როლი უნდა ითამაშოს მნათემ. ლექსში “მნათე” წარმოადგენს მშობლის, მასწავლებლის, პოეტის, მოძღვრის, გმირის ალეგორიულ სახეს. მნათემ უნდა მიიტანოს ცეცხლი თითოეულ ქართველთან. ლექსის ეს ბოლო სტროფი, ისევე როგორც ილიას ლექსი “პოეტი” ესაიას ხილვის ეთ-ერთო ეპიზოდის ალუზიაა. აკაკისთან ეს ალუზია უფრო ქვეტექსტურია, ილიასთან კი უფრო გახსნილი და ზედაპირზე ამოტანილი. აკაკი მნათეს უწოდებს მომავლის მოციქულს და მას ჭიკჭიკა მერცხალს ადარებს, რითაც გამოყოფს სიტყვის აღმგზნებ და დამატკბობელ თვისებებს.
კი, მაგრამ მნათე არსად ჩანს,
ჩემთან მომთანი ცეცხლისა,
ის მოციქული მომავლის,
მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა.
სინტაქსური საკვირველება გველოდება ბოლო სტროფშიც. ის რთული თანწყობილი წინადადებაა, მარტივი უსრული და მარტივი გავრცობილი წინადადებით შემდგარი, რომელთაც აერთებს მაპირისპირებელი კავშირი “მაგრამ” – “კი, მაგრამ მნათე არსად ჩანს”. დნარჩენი სმი სტრიქონი კი განკერძოებული განსაზღვრებებია. რომელი მნათე? 1. ცეცხლის მომტანი, 2. მომავლის მოციქული, 3. ჭიკჭიკა მერცხლის მსგავსი. მათი განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებებად გადაკეთება ძალიან იოლია.
აი, ასეთად მეჩვენება აკაკის ესოდენ “მარტივი” ლექსის პოეტურ გრამატიკაში განფენილი საერო და საღვთისმეტყევლო შინაარსის ბაღნარი. მოდი და ნუ ირწმუნებ ამის შემდეგ, რომ გრამატიკა თავისი არსით პოეტურია, რომ შესაძლებელია და უნდა არსებობდეს კიდეც საგანი – გრამატიკის პოეტიკა.

http://www.dinastiabarbaccia.com/Georgia.html#Storia4

About these ads
Gallery | This entry was posted in განხილვა. Bookmark the permalink.

One Response to წერეთელი აკაკი (1840 -1915) – ხატის წინ

  1. luka says:

    imis miuxedavad, rom bevri ram ver gavige(gramatika, radgan amdens ar gvaswavlian) , mainc dzalian momewona, imformaciulad mdidaria. ver warmomedgina, rom am leqsshi amdeni ramis danaxva da wakitxva sheidzleboda :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s