მინდა გიამბოთ ანუ ორიოდე სიტყვა ჩემი და გალაკტიონის ერთი პოლიტიკური წინასწარმეტყველებისა გამო

გალაქტიონ ტაბიძე

1992 – 26 მარტი
– 2007 წწ.
ლიტერატურულ-პუბლიცისტური ესე
II

გამოქვეყნდა სამეცნიერო (საიუბილეო) კრებულში
„მშვენიერება მოსილი სევდით“, თბ., 2007.

`მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი
სატკივარი არა ჰფარავს…~
პოეტი-ქურუმის, პოეტი-წინასწარმეტყველის იდეა არ გახლავთ მხოლოდ ილიას გონების ნაყოფი და არც ნოვალისისა, თქვენ წარმოიდგინეთ. მას ღრმა ძირები და უაღრესად საინტერესო ისტორია აქვს, რაზეც ჩვენ საგანგებოდ ვამზადებთ სამეცნიერო წერილს, ახლა კი გვსურს მკითხველთა ფართო აუდიტორიის ყურადღება გალაკტიონის ერთ ლექსს მივაპყროთ, მე რამდენადაც ვიცი, თვით მკვლევართაგანაც ნაკლებ აღიარებულსა და ატაცებულს, ან იქნებ ყურადღების მიღმა დარჩენილს საერთოდ. ლექსის სათაურია `გორიდან~, მაგრამ სანამ ქართველი გენიოსის ნაწინასწარმეტყველებს გაგაცნობდეთ, თხრობის კლასიკურ ხერხს მივმართავ და შესავლით დავიწყებ.
ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის ადამიანებს კარგად ემახსოვრებათ საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი როკის გვირაბის გაყვანის საკითხის შესახებ სჯა-ბაასი 1980 წლის დასაწყისში. მაშინ საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. პიროვნება, ვინც ამ ამბამდე რამდენიმე წლით ადრე, თუნდაც სიტყვიერად, ღვთის ფუნქციებში შეიჭრა და შესაქმის აქეთ კაცობრიობისათვის კარგად ნაცნობი მნათობთა მოძრაობის კანონზომიერება სულ რაღაც ერთი რამდენიმეწამიანი მარტივი გავრცობილი წინადადებით დაარღვია და თავისი სამშობლო, მაპატიეთ, უფრო მართებული იქნება ვთქვათ, საგამგებლო ზონა, ფრიად უღირს სიტუაციაში ჩააყენა. ვინ დაიდო მისი ცოდვა, ვინ აცდუნა იგი, ამის გამოკვლევა ამჟამად ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს.
მაშინ მე უნივერსიტეტდამთავრებული, საკუთარი ინტელიგენციისა და ახლად აღსაყდრებული პატრიარქის უზომოდ მოყვარული, სიკეთის უსაშველოდ მრწმენი, 25 წლის ერთი ალალმართალი და `ფრიად ბრიყვი~ (ვახუშტი ბაგრატიონი) პიროვნება გახლდით. ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე, როგორი ზიზღი და სიძულვილი შემომაწვება ხოლმე ამ ჩემი სამოთხისეული სიბრიყვისა გამო. ვცხოვრობდი ე. წ. ცეკას სასადილოს ეზოში, ნახევრად სარდაფის ტიპის ნაქირავებ ბინაში და ქართველ კლასიკოსთა ბრძანებების მორჩილი, თავგამოდებით ვცდილობდი იოანე იტალოსის ტრაქტატთა თარგმნაზე პატრიარქის კურთხევა და დაფინანსება მიმეღო.
ერთხელაც, საპატრიარქოში მიღების დღეს ამ საქმეზე მისული, იქ ჩემი ოჯახის ძველ ნაცნობს, უნიჭიერეს მხატვარსა და პოეტს, თანაც იდიალისტს, გადავაწყდი. აი, ისეთს, ღმერთი რატომღაც ხელმოცარულად რომ გადაავლევს ხოლმე წუთისოფელს, სწორედ ამ წუთისოფელთან ზნეობრივი უკომპრომისობის, უფულობისა და ძლიერი მფარველის უყოლობისა გამო. მკითხველთაგან ვინმეს აუცილებლად ექნება გამოცდილი, რა სასჯელიცაა საქართველოში ნიჭიერება და ზნეობა ერთად. ეს პიროვნება გახლდათ კარლო ოდიშვილი (მის შესახებ ორ ათეულ წელზე მეტია, რაც აღარაფერი მსმენია), თურმე ბერად შემდგარიყო. პატრიარქთან შესვლის მომლოდინე, მორჩილად ველოდი ჩემს რიგს. რიგი კი საკმაოდ გრძელი იყო. კარლო – გიორგიმ მოსაცდელად იქვე, დერეფანში კარგამომავალ ოთახში შემიპატიჟა. იქ რამდენიმე სასულიერო პირი დამხვდა, კარლომ მათ ჩემი თავი წარუდგინა და მეც მოკრძალებულად ჩამოვჯექი შემოთავაზებულ სკამზე. დამხვდურთაგან ერთს მეუფეობით მიმართავდნენ და მას თადეოზი ერქვა. სასულიერო პირებს გაზეთი `კომუნისტი~ ჰქონდათ გაშლილი და სწორედ ამ გვირაბის პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობაზე საუბრობდნენ. მე დუმილით ვისმენდი ყოველივეს, ბოლოს გულმა ვეღარ გამიძლო, კარლოს იქ ყოფნა კი არა, მისი არსებობაც გადამავიწყდა და თვით ჩემთვისაც მოულოდნელად მკსინვარედ შევეპასუხე მათ: `რას ბრძანებთ, როგორ შეიძლება ამ გვირაბის გაჭრა, რუსეთი ხომ როცა მოინდომებს, საზღვარს გორთან მაშინ მოგვიტანს-მეთქი~. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ მაშინ, 1980წ-ს, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ისტორიის დეტალებზე ბევრი არაფერი ვიცოდი, თუმცა, 1972 წელს ცხინვალში ნამყოფს, იქაურ სიტუაციაზე სწორი წარმოდგენა ნამდვილად მქონდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, ხუთი წყვილი თვალი შემომაცქერდა, მათ მზერაში ავბედითი მომავლის მისტიკური შიში გამოკრთა, ისე მიყურებდნენ, თითქოს სიცარიელემ დამანგრევლად გაიხმაურაო, მაგრამ ამ შიშის მომენტმა სულ რამდენიმე წამს გასტანა და მათში კვლავ ქართველებისათვის ნიშანდობლივმა მოკლე დისტანციაზე ჭვრეტისა და ხვალინდელ დღეზე უფლის უაზროდ იმედოვნების გრძნობამ გაიმარჯვა. დავიწყებოდათ ბრძნული ნათქვამი: `მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა~ (`ვტ~ 1118). ადრე გაოცებული და შეშინებული მზერა ახლა უკვე დაცინვის სხივმა შეცვალა და აღარაფერი მითქვამს. მათთვის ამოსავალი რამდენიმე საათში რუსეთში თავის ამოყოფის დიადი პერსპექტივა იყო. მე მინდა მკითხველს გულწრფელად ვუთხრა, რომ ამ ფაქტის გახსენება სულაც არ ისახავს მიზნად იმ სასულიერო პირებისადმი ჩრდილის მიყენებას, მით უმეტეს, მეუფე თადეოზისადმი, რომელსაც 1991 წლის 22 დეკემბერს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომში უაღრესად მამულიშვილური პოზიცია ეკავა. მან და მისნაირმა რამდენიმე სასულიერო პირმა გაუმრთელა მაშინ სინდისი ქართულ ეკლესიას. რაც შეეხაბა გვირაბის გაყვანას, წვრილ ერს აბა ვინ რას ჰკითხავდა, პარტიული და კულტურული ელიტა კი თითქმის მთლიანად ეთანხმებოდა პროექტს. აბა, ტყუილად ხომ არ გვიწოდეს `გიჟ ვრაცუა~ ყველაზე ჭკვიანი და ეროვნული ინტერესების რელიგიურ დონეზე ამყვანმა და დამცველმა ერის შვილებმა? ასეთი ზუსტი დეფინიცია ქართული არისტოკრატიული საზოგადოებისა, ჯერ არავის მოუცია, რაც შეეხება ასტაფიევისა და რასპუტინის მოგვიანო პერიოდის ინვექტივებსა თუ პაროქსიზმებს, ისინიც ქართველი `ელიტარელების~ ლანძღვას უფრო წარმოადგენს, ვიდრე ჩვენი ერისას. ლანძღავდნენ იმას, ვისაც იცნობდნენ…
გამოხდა ხანი. ათი წელი მარადისობის კიდობანში ჩაიკეცა `საღვთო ქარაგმად~ და დადგა 1991. ჩვენ უკვე გადაგორებული გვქონდა მოწამეობის პირველი ტალღა, 9 აპრილი, მერაბ კოსტავაც აღარ იყო წუთისოფელში, პირველი ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებიც ჩატარებული იყო და დამოუკიდებლობის აღდგენაც გამოცხადებული. და აი, ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც საქმისთვის რუსთაველზე გამოსულმა, თავი წიგნების მაღაზიაში ამოვყავი. თაროებზე შემოდებულ უამრავ წიგნებს შორის თვალში მყის ერთი მათგანი მომხვდა. წიგნის მაგარ ყდას გარედან ნაცრისფერ-თეთრში გადაწყვეტილი ჩუქურთმა ამშვენებდა და ზედ ოქროსფერი ასოებით ეწერა: `სხვა საქართველო სად არი…~ ციტატა გრიგოლ ორბელიანის პოემიდან `სადღეგრძელო~. გამყიდველს გადმოვაღებინე, დავათვალიერე და ვიყიდე. წიგნის შემდგენელია ემზარ კვიტაიშვილი, სპეც. რედაქტორი – გივი ალხაზიშვილი, გამომცემლობის რედაქტორი დავით ახობაძე, გამომცემლობა `მერანი~, `ვესტა~, 1990წ.
ზემოხსენებულ კრებულში თავმოყრილია თითქმის ყველა ქართველი პოეტი იოანე ზოსიმედან – იოსებ ნონეშვილის ჩათვლით, ვისაც კი რაიმე უთქვამს სამშობლოზე. გალაკტიონის ლექსი `გორიდან~ პირველად სწორედ ამ კრებულში აღმოვაჩინე. უკვე 36 წლისა ვიყავი, სახტად დავრჩი, პოეტის შემოქმედების მოყვარულს, ლექსი არ მეცნაურა, გაოგნებული, ახალი ჭიშკრის მაცქერალი თხის თვალებით ჩავშტერებოდი სტრიქონებს. აზრზე მოსულმა გავიფიქრე: `ეს ლექსი, ალბათ, საგანგებოდ არ შეჰქონდათ-მეთქი პოეტის კრებულებში, როგორც კომუნისტური ხელისუფლებისათვის მიუღებელი~, მაგრამ ბუნებით სოციოლოგმა საკუთარი თვალსაზრისის შემოწმება განვიზრახე და მოშურნის გულმოდგინებით გალაკტიონის კრებულებს მივმართე, პირველ რიგში ერთტომეულებს, სტუდენტობისას ჩემს მიერ ნაყიდთ. ჯერ გამომცემლობა `საბჭოთა საქართველოს~ მიერ 1977წ-ს გამოცემული კრებული გადმოვიღე, რომლის რედაქტორი და შემდგენელიც რეზი თვარაძეა. ამ დროს ბატონი რეზი თავისი შესანიშნავი წიგნით `თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა~ უკვე ჩემი სულის განუყოფელი ნაწილი იყო. თვით სათაურიც კი გენიალურ მიგნებად მიმაჩნდა და ქართული ლიტერატურის შემდგომი კვლევისა და მისი ისტორიის დაწერის სწორ და მართებულ გზად მესახებოდა, ცხადია ბატონი მიშა კვესალავას მიერ შემოთავაზებულის პარალელურად, პიროვნებისა, ვინც ქართული ლიტერატურა მსოფლიო (ევროპული) ლიტერატურის მდინარებაში ჩართო, ვფიქრობ ნიცშეს მოსაზრებაზე დაყრდნობით: ევროპულ ერებს ეკუთვნიან ის ხალხები, _ წერდა ნიცშე, _ რომელთაც საერთო წარსული აქვთ ბერძნულ-რომაული კულტურისა და ქრისტიანობის სახითო.
მაგრამ, პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ. გადავშალე კრებულის სარჩევი და გალაკტიონის 1927 წლით დათარიღებულ ლექსებს შორის აღმოვაჩინე ჩემი `საძებნარი~. შევამოწმე, დავრწმუნდი, რომ ის იყო. ბატონ რეზის ჩემს წარმოსახვაში მყის გმირის შარავანდედი დაედგა. ახლა მეორე კრებული გადმოვიღე, ისევ გამომცემლობა `საბჭოთა საქართველოს~ მიერ გამოცემული, ოღონდ უფრო ადრე, 1973 წელს. მისი შემდგენლები არიან გრიგოლ აბაშიძე და მურმან ლებანიძე. ლექსი `გორიდან~ აქაც ვიპოვე. ჩემს უშურველ და თვისტომის მოყვარულ ბუნებას გმირობის ბაკმი არც ამ წიგნის ვრცელი რედკოლეგიისთვის დაუშურებია.
1991 წელს და არც ამის შემდგომ, ეს ლექსი გალაკტიონის უფრო ადრეულ კრებულში აღარ მიძებნია. ნეტავი ვინ და როდის დაბეჭდა პირველად? რა საარქივო მონაცემები არსებობს მის შესახებ? – ვფიქრობ ახლა, მაშინ კი დასკვნა ასეთი იყო. ეს ტრაგიკული წინასწარმეტყველება ჩემს ცნობიერებას სიყრმისა და მცირემცოდნეობისა გამო გაუსხლტა-მეთქი. აი, ისიც:
1 მე არ მეცალა, გორში დავრჩი სულ ერთი ღამე –
2 როგორც კი ლიახვს მოეფინა დილის ნიავი,
3 გზა ტირძნისისკენ… ვრცელი ველი ტირიფონისა.
4 სამხრეთ-ოსეთის საზღვართან ვარ… აჰა ტყვიავი!
5 მაშასადამე ერთი ბიჯი და – საზღვარგარეთ!
6 საითკენაც გსურს, რომ გინდოდეს, წავლენ სიონი…
7 მაგრამ რა კარგი სანახავი იშლება არეთ –
8 სულ ახლოს არის თეთრი მთები კავკასიონის,
9 მთები, რომელზეც, ლეგენდების თქმით, რა ხანია,
10 მუდმივი თოვლი და მიჯაჭვული ამირანია.
როგორც ვხედავთ, ლექსი ქართულ ლიტერატურაში კარგად ცნობილი 14 მარცვლიანი სალექსო საზომითაა დაწერილი. წარმოადგენს ათ სტრიქონიან ხანას. ლექსწყობის თვალსაზრისით, სილაბურ-ტონურია. გამოყენებულია ჯვარედინი, დაქტილური და ზუსტი რითმა (1-4); ქალური ზუსტი რითმა (5-7); კვლავ დაქტილური და ზუსტი რითმა (6-8); მოსაზღვრე დაქტილური და ზუსტი რითმა (9-10). მიუხედავად ამისა, ლექსი ნაკლებ მუსიკალურია. მე პირადად ისეთი განცდა მიჩნდება, თითქოს ლექსი კი არა, მართლაც ქადაგის ყელით ამოსროლილი ნაგლეჯ-ნაგლეჯი წინადადების გროვა იყოს. ორი ტირე, ორი ძახილის ნიშანი, თანაც მიჯრით, სამი მრავალწერტილი. ნეტავ, ეს სასვენი ნიშნებიც გალაკტიონისეულია?…
დააკვირდით, საქართველოს გასაბჭოებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ქართველი ერისა და ქართული კულტურის უკანონო შვილების – (ჰეროდოტე ამბობს: `მშობელს (მამას) მხოლოდ უკანონო შვილი ჰკლავსო~) – ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალების წრის მიღმა მდგომი, მაგრამ იმპერიისაგან მხარდაჭერილი ერთი მუჭა ხროვის ნამოქმედარის სავალალო შედეგები როგორ განჭვრიტა გალაკტიონის გულმა, ცნობამ და გონებამ. ვერ ვიჯერებ, ეს სიტყვები: `ბიჯი-ერთი და საზღვარგარეთ~ ყურთასმენის მიღმა გაეტარებინათ ჩვენი სამშობლოს მაშინდელ `წაღმა-უკუღმა გადამხვნელთ~ (სტალინი), თანაც მაშინ, ან თუნდაც იქედნურად არ გაექილიკებინათ პოეტი უნიჭო, უზნეო და თანამოძმეთა სისხლში ჩამხრჩობ თანამოკალმეთ. სხვათა შორის, ჩვენგანაც ასეთივე უზნეობა იქნება, არ აღვნიშნოთ, რომ ასეთივე უკანონო შვილის, მამის მკვლელის როლში დააფიქსირა საკუთარი თავი ქართულმა `ელიტარულმა~ საზოგადოებამ XX ს-ის ბოლო ათწლეულის დასაწყისში (გამონაკლისთა წინაშე ვიხდი ბოდიშს), რომელსაც თვით რუსი მოაზროვნენი უწოდებენ რუსული კულტურის ღვიძლ შვილს.
ბრმა და გონებანაკლული უნდა იყო, ვერ მიხვდე, ვერ დაინახო, რომ 1921 წლის 25 თებერვალი და 1992 წლის 6 იანვარი თავისი შედეგებით (რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ანექსია) ერთი და იმავე ხარისხის მოვლენებია. არადა რა ზარ-ზეიმით აღნიშნა ეს უბედურება მაშინ ქართულმა `ელიტარულმა~ ინტელიგენციამ. იმათ, ვისაც სამშობლო საშვილთაშვილოდ მოსაჭმელ ზონად ჰქონდათ დაბევებული. ახ, ახლაც როგორ ძალადობენ, როგორ აუპატიურებენ ერის ისტორიას ეს იმპერიის ერთგულნი რუსეთ-საქართველოს ომში, რა სახელს აღარ არქმევენ მას, მომხდარსა და თანაც მიმდინარეს გარდა ნამდვილისა, ახ, როგორ მზაკვრობენ ეს გარეწარნი, სამად რომ `განწვალებულან~ დღეს. და, რომ შეეძლოთ, მერწმუნეთ, ნებისმიერ წამს, თვალდაუფახუნებლად ყელს გამოსჭრიდნენ კლიოს, ჩვენც ზედ წაგვაკლავდნენ კიდევ ერთხელ, ვითარცა მათი წამხდარი სინდისის უტყუარ და საშინელ მოწმეთ… არანაირი სინანული, არანაირი პასუხისმგებლობა ამოდენა დაღვრილი სისხლისა გამო. შეირჩენენ ისე, უბრალოდ, ხახვივით, თითქოს მათ ძარღვებში იქორი დიოდეს. ყაზბეგისა და ვაჟას არად ჩამგდებნი, ყოველივე უცხოურზე დაგეშილნი ძველი ბერძნული მითოლოგიის მონაცემებს მაინც გასცნობოდნენ, ბიბლიას ჩაღრმავებოდნენ, ან იქნებ მაქს ჰენდელის (კომპოზიტორში არ აერიოთ) ორტომიანი შრომა მაინც წაეკითხათ სისხლზე…
ახლა, 15 წლის შემდგომ, მე ის კი აღარ მიკვირს ამ ნაკაცრებმა საკვდავად აგრე იოლად რომ გამოგვიმეტეს, არც ის სამშობლოს და მთელ კავკასიას რომ უღალატეს, არამედ ის, რომ საკუთარ ეგოზე ჭკუადაფანტულებმა თავიანთი შემოქმედება `ქაღალდს ნათითხნ მელნად~ (ვაჟა) როგორ აქციეს, არარად, მკვდარ ასოებად, რახარუხა ბგერებად. სული ვერ გაიმეტეს ნაღვაწისათვის, ან რას გაიმეტებდნენ, რაც არ ჰქონდათ თურმე, არა აქვთ და არც ექნებათ. ახ, როგორ შეეფერებათ ამ ცოდვილიანებს ტარიელის სიტყვები რამაზ მეფისადმი ინდო-ხატაელთა მეორე ომიდან!!! ნებისმიერი მათგანი შეიძლება მოიაზრო აკაკის `ქართული პატრიოტობის~ ლირიკულ გმირად. შტაინერიც სწორედ მათნაირებს გულისხმობდა, როცა წერდა: ინტელექტუალი ის ადამიანია, რომელიც მყარად დგას მიწაზე, გაწყვეტილი აქვს ცასთან კავშირი და სრულიად მოკლებულია ზეციურ მადლს. ყველა სისხლიანი რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება და ომი ამ ინტელექტუალების ნახელავიაო.
ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურ ქვეყანაში (ჩილე, არგენტინა) პასუხს სთხოვენ ხოლმე ასეთი `სიმფონიის~ შემოქმედთ, გერმანიის გამაერთიანებელ ჰელმუტ კოლს რაღაც მცირე ფინანსური თაღლითობაც კი არ აპატიეს, ისევ საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ საქართველო ხომ ანომალიებისა და პარადოქსების ქვეყანაა. არანაირი ზნეობრივი ორიენტირი, არანაირი სამართლებრივი ქმედების ათვლის წერტილი. თითქოს ქვეყნის მომავალს არ სჭირდებოდეს ეს. `მოღალატე უფრო ფასობს, ვიდრე ერთგული, პატიოსნება კი ეს საფრთხობელაა, რომლითაც მხოლოდ ჩიტები შეიძლება შეაშინო ალუბლის ხეზე“ (შილერი).
დემოკრატიული აზრის განვითარების ისტორია საქართველოში ცხადყოფს, რომ ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი… მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია ეროვნული, სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული ღირებულებების ერთ განუკვეთელ სამებად გარდამთხზველნი საკუთარ ერთან ერთად დამარცხებული და მიჯაჭვული გმირები არიან მხოლოდ. სწორედ ამის გააზრებამ ათქმევინა გამწარებულ აკაკის: `ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ~, `ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს~. საკუთარის განადგურებით ტკბობის ეგზალტაცია ასახა ქართულმა ფოლკლორმაც. აღმოსავლეთში გვაქვს სინტაგმა `ყარაგოზაანთ ქორი~ დასავლეთში _ `ოთოთაანთ ქორი~, აკაკიმაც რომ გამოიყენა თავის ერთ ლექსში. გაქვს უფლება ინფორმაციის დონეზე (ინფორმაცია, ცოდნა, სიბრძნე – თომას ელიოტის ეს დაკვირვება მივიწყებულის გახსენებაა მხოლოდ) რაიმე გაიზეპირო მათი შემოქმედებიდან, დისერტაცია დაწერო, სპექტაკლი დადგა, ფილმი გადაიღო. მოკლედ, სახელისა და შემოსავლის წყაროდ იქციო, მაგრამ ვაი, მათ და ვაი, იმათ დედას, ვინც ძველი ტაძრის სუროშემკობილ ამ ბინადართ კვლავ საფლავებიდან გამოიხმობს, ვინც მათ ნააზრევს საკუთარი არსებობის ფორმად, საკუთარი სულის შესატყვისობად აქცევს. მუხრან-ბატონების, ჯაბადრების, ორჯონიკიძეების, მახარაძეების… გზა, ესოდენ უარყოფილი ერისაგან, გამარჯვებულია მუდამ.
მაგრამ ნეშტი იგი ძველი განვაახლოთ, ბატონებო. გენიოსი შემოქმედი თავის ლექსში ერთგვარი დანანებით ამბობს: საითაც გინდა, სიონი იქეთ წავლენო – თითქოს კვლავ იძულებით მონობისაკენ მიქცეულს, მათი ბუნებითი თავისუფლების შურსო, ან იქნებ, სხვანაირი ინტერპრეტაცია უფრო მართებული იყოს: უმალ სიოთა მოძრაობას შეცვლი, ე. ი. საკვირველებას მოახდენ ბუნების ძალთა დამორჩილებით, ვიდრე საქართველოში გაბატონებულ ამ წითელ ჭირს თავს დავაღწევთო … ხიბლავს, აჯადოებს გალაკტიონს შიდა ქართლის უმშვენიერესი ბუნება, მაგრამ მყის ილიას აჩრდილისეული სულისკვეთება ისადგურებს მის პიროვნებაში: `კავკასიონის მთები, რომელზეც ლეგენდების თქმით, მუდმივი თოვლი და მიჯაჭვული ამირანია~. შეხედეთ, მეგობრებო, მონობის საშინელება ორმაგი სახით გვიჩვენა პოეტმა. პირველი, ჯერ თავისთავად თავისუფლების წარტაცებაა საშინელება. მეორე, თავისუფლებაწართმეულს ყოფიერების მარადიულ ყვავილობად მუდმივი თოვლი აქვს მისჯილი და მას ისღა დარჩენია, ილიას აჩრდილივით ბედკრული სამშობლოსთვის ილოცოს: `მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა…~, მაგრამ ვერ ვკმაყოფილდები, არ მასვენებს პოეტის სიტყვები `თეთრი მთები კავკასიონის~, იდუმალთმეტყველებით ჩაესმის ისინი ჩემი გულისა და გონების ყურს, თვით კავკასიის სახისმეტყველებითი შინაარსი იძლევა ამის საფუძველს. გალაკტიონი კი ის პოეტია, ვისთანაც ფართო ემპირიული ცოდნა ზეშთაგონებით ბუნების უაღრეს საღვთო სიბრძნეში გადადის.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლურ-დასავლურ საიდუმლო მოძღვრებებსა და მათ მისტერიებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა კავკასიას: ძველი ბერძნები თავიანთი უძველესი ღმერთის კრონოსის საიდუმლო სამყოფლად კავკასიას მიიჩნევდნენ, აქვე მიაჯაჭვეს მათ წინასწარმეტყველური აზრი – პრომეთეც. აღმოსავლური ლაშქრობების გმირი მაკედონელი კი ქვეყნიერების უკიდურეს ჩრდილოეთ ზღვრად, ანუ კავკასიის ქედის გაგრძელებად მიიჩნევდა ინდოეთში მდებარე ჰინდიკუშის, პამირისა და ჰიმალაის მთებს და აქედან გამომდინარე, კავკასიას არქმევდა მათ; სიტყვით `კავკასია~ სემიტი ფინიკიელებიც ქვეყნიერების უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვარს აღნიშნავდნენ და ის თავისი უძველესი ღმერთის ბაალ-კაფონის, კავკასიური ბაალის, ანუ მამა-პაპური ილ-ის სამარადისო სამყოფლად მიაჩნდათ. კავკასიის მთები იყო სპარსულ-არაბული ცეცხლოვანი ჯინების საცხოვრისი და სუფიებიც სწორედ კავკასიაში ეძიებდნენ საკუთარ ქრისტეს: კავკასია ითვლებოდა გერმანელი ასების თავდაპირველ სამშობლოდ და ბიბლიაც ხომ აქედან იწყებს წარღვნისშემდგომი კაცობრიობის ისტორიას (არარატი ებრაული სახელწოდებაა არა ერთი მთისა, როგორც ეს მავანთა და მავანთ ჰგონიათ, არამედ მთელი კავკასიის ქედისა და მის ქვეშ გაშლილი სივრცის) – და წარმოიდგინეთ აქვე, კავკასიაშივე დგამს წუთისოფლის აღსასრულის აპოკალიფსურ დრამას. კავკასია ეს თანამედროვე კაცობრიობის ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრულია. და აბა რა გასაკვირია, რომ ქართულმა კოლექტიურმა მეხსიერებამაც სწორედ ამ ქედს მიაჯაჭვა თავისი მითად ქცეული წარსული, პროეცირებული ამირანის სახეში. გმირისა, რომელიც აკაკიმ ხელახლა ჩართო ჩვენი ერის მეტაფიზიკურსა და ემპირიულ ისტორიაში, ჩართო ვითარცა დასაძლევი ზღვარი, ასახდენი ოცნება და საბრძოლველი მიზანი.
ზემოთ ჩამოთვლილ ხალხთაგან უკლებლივ ყველამ იცოდა, რომ კავკასიის გადაღმაც ცხოვრობდნენ სხვა `ერნი და ენანი~, მაგრამ მაინც ჯიუტად უწოდებდნენ მას `ყურესა მას ქუეყანისასა~ – როგორც ჩვენი იოვანე საბანისძე, ეს იმპერიის წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლი და `განწირულის სულისკვეთების~ მწერალი ბრძანებდა. აქვე დავძენთ, რომ საბანისძის ეს გამოთქმა დღევანდელ ქართულ ფილოლოგიურ მეცნიერებაში არ არის ბოლომდე გახსნილი სწორად და არც სათანადოდ გააზრებულ-შეფასებული.
საქმე ისაა, რომ კავკასია ზემოჩამოთვლილ და არჩამოთვლილ ხალხთათვის აღნიშნავდა არა მარტო ნოეს შემდგომი კაცობრიობის პირველ საცხოვრისს, ან ჩვენი პლანეტის უკიდურეს ზღვარს კი არ წარმოადგენდა მართლაც, არამედ შავ-თეთრის, სიკეთე-ბოროტებისა და ღვთიურ-სატანურის შესაყარს. საქართველოში კი არგონავტების, ამ უხსოვარი დროის წითელარმიელების, შემოსევისა და კოლხური ცივილიზაციის განადგურების შემდგომ მცირე გამონაკლისებით, სატანური იმარჯვებდა მუდამ. ცნობისათვის: მკითხველს შევახსენებ, რომ ევროპული რაინდული ორდენების ისტორია იცნობს `ოქროს საწმისის~ ორდენს, დაარსებულს 1429 წელს, ბურგუნდიის ჰერცოგის ფილიპე კეთილის მიერ, გიორგი მერვის მოკავშირისა ანტიოსმალურ კოალიციაში (1459-61წწ.).
მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, არავის (თვით ბერძნებსაც კი) არ დაუარსებიათ არგონავტთა ორდენი და თუ მაინცდამაინც ცნობილობაზე მიდგება საქმე, მერწმუნეთ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ევროპა არგონავტებზე უკეთ წითელარმიელებს იცნობს. ასე რომ, უპრიანი იქნება: წითელი არმიის მოედანი, რომელიმე წითელარმიელი ქართველი ქალბატონის…ორჯონიკიძის ძეგლით. პოვნა გაჭირდება თუ რა?!!
საშინლად მოწყენილია ამ ლექსში გალაკტიონი, ნაკვალევიც არ ჩანს აკაკისეული პათოსისა: `მოვა დრო და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა გმირი~… რა შემართება, რა სიმხნე, რისი იმედი უნდა ჰქონოდა პოეტს იმ ამბების – სამშობლოსათვის იმ უკიდეგანო თავგანწირვისა და ასევე იმ უკიდეგანო მოღალატეობის – შემსწრეს? პიროვნებას, ვინც ახალგაზრდობაშივე გამართა ქართული პოეზია მსოფლიო რადიუსით და თან `კაცობის გვირგვინს, სამშობლო მხარეს~ (ვაჟა) და მისადმი სიყვარულს უკვე მისგან გამოცალკევებული `უმაღლესი პატიოსნება~ სიყრმიდანვე დაუწყვილა ისევ. გალაკტიონმა მართლაც ხელახლა აიტაცა დიდი მგოსნებისა და გვირგვინოსნების დროშა:

ახალგაზრდებო,
გვირგვინოსნების
ჩვენ მოგვაქვს დროშა
დიდი მგოსნების.
დროშა სამშობლოს
სიყვარულისა
და უმაღლესი
პატიოსნების…

სასიკვდილო განაჩენივით ისმის პოეტის ეს სიტყვები, ისევე როგორც ზემოხსენებული წინასწარმეტყველება ჩემი და მისი. სახეზეა საზღვარი გორთან, მე კი ისღა დამრჩენია უძლურებისაგან დავდუმდე და ეს `გაბაასება~ ერთი თავისი ხალხისა და სიტყვის ერთგული ჩინებული ქართველი პოეტის სტრიქონით დავასრულო: `აწი, ამის შემდგომ, დღეის ამას იქით?!

http://www.dinastiabarbaccia.com/Georgia.html#Storia4

Gallery | This entry was posted in ესე. Bookmark the permalink.

3 Responses to მინდა გიამბოთ ანუ ორიოდე სიტყვა ჩემი და გალაკტიონის ერთი პოლიტიკური წინასწარმეტყველებისა გამო

  1. ცისანა ჯანაშვილი says:

    ქალბატონო ქეთევან! წავიკითხე თქვენი ლიტერატურულ-პუბლიცისტური ესე, გამოქვეყნებული კრებულში ”მშვენიერება მოსილი სევდით”. მეტად შთამაგონებელია, დიდებული ნაშრომია, თქვენი უდიდესი სიყვარული სამშობლოსადმი ჩაქსოვილია ამ ერთ სტატიაში!

  2. დ. კვანჭიანი says:

    ქალბატონო ქეთევან! ამ წერილს მე კარგად ვიცნობ… არაჩვეულებრივია! როგორც გჩვევით, სიბრძნითა და სამშობლოზე ტკივილიანი ფიქრით გაჯერებული…

  3. leli says:

    მადლობას გიხდით ამ არაჩვეულებრივი ნაშრომისთვის. გისურვებთ წარმატებებს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s