სულხანიშვილი ანა ლექსები

პოეზია

(ორიოდე სიტყვა ავტორის შესახებ)

ბატონებო, ანა სულხანიშვილი – ეს სახელი და გვარი არაფრის მთქმელია ქართველი მკითხველისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსები გამოქვეყნდა. ჩვენთან კი, მოგეხსენებათ, ყველაფერი საოჯახოა, კლანური: პოლიტიკა, ბიზნესი, მწერლობა, მასმედია, კინო, თეატრი, კრიტიკა, რესტორანი და სახელოსნოც კი, საკუთარ, კლანურ ოხშივარში ჩამხვრჩალი.. წერენ ერთმანეთზე, ადიდებენ, ან ლანძღავენ ერთმანეთს..

ორიოდე სიტყვით გადმოგცემთ მის ბიოგრაფიას, მეტი მე თვითონაც არაფერი ვიცი. ანა გავიცანი 1981 წლის სექტემბერში, მაშიმ ის 15 წლისა იქნებოდა, ძალიან მარტოსული იყო. უანგაროდ გავუღე მას ჩემი ნახევრად სარდაფის ტიპის ნაქირავები ბინის კარი და ის მუდამ ღია იყო მისთვის, სანამ ამ კარის დახურვა თვითონ არ მოისურვა. ვასწავლიდი ქართულ ენასა და ლიტერატურას და ყოველივეს, რაც ვიცოდი. თვითონ მას თავის ოჯახზე არასოდეს არაფერი უამბნია, არც მე ჩავძიებივარ არასდროს. ერთხელ გამოსაცდელად ვკითხე: რა მოგწონს ჩემში, ამდენ ხანს თავს რომ არ მანებებ-მეთქი – “ტანჯული და ამაღლებული ადამიანიო”. ე. ი. მე მისთვის ცოცხალი ნებისყოფისა და გაძლების ფორმულა ვიყავი, ისევე, როგორც ჩემთვის ჩემი წინაპრები.

სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მედდად რომელიღაც საავადმყოფოში. საკუთარი ძალისხმევით, რაც მაშინ ნამდვილად უჩვეულო იყო, მოეწყო და დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. ანას ვერ წარმოედგინა კარგი ექიმი ლიტერატურის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის

მართლმადიდებლური მრწამსის არათუ ღრმა ცოდნის, ღრმა წვდომის გარეშე. ამიტომ მან დიდი ენერგია და სიყვარული შეალია ამ უზარმაზარი სფეროების შესწავლას. მისი ტრფიალი კი გამორჩეულად მაინც ლიტერატურა და ფილოსოფია იყო. თუმც, არასდროს მიფიქრია, რომ ანას უაღრესად ინტუიტიურ-ანალიტიკური გონება ოდესმე თვითგამოხატვის ფორმად პოეზიას აირჩევდა.

როგორია მისი ლექსები? შემფასებლად ვერ გამოვდგები, კარგია თუ ცუდი, ნებსით თუ უნებლიედ მათი ინსპირატორი მაინც მე ვარ. თითქმის ყოველი მათგანი ჩემს ხილვებზეა აგებული, ჩემგან ნასწავლით და ჩემს ნაცვლად დაწერილი. თუ არ ვცდები, ანა პირველია, ვინც ხილვათა, ანუ

მიღმურ შეხვედრათა სიტყვიერი ქსოვილით შემოსვა დაიწყო. ამ ხილვების გადმოსაცემად კი ის ბევრ ისეთ სიტყვას მოიხმობს და ასულიერებს, რაც ჩვენდა საუბედუროდ, დღეს მხოლოდ ისტორიის ცხრაკლიტულის კუთვნილება გვგონია. რაც მთავარია, ეს გასულიერება არ არის ხელოვნური. ის, რაც ბევრისთვის უცხოა, ანასთვის წიაღისმიერია და მკითხველი ალბათ იგრძნობს ამას. ხან ისიც კი მგონია, რომ ამ სათქმელის, ამ ვეებერთელა, ყოვლისმშთანთქმელი ტკივილის _ როცა გული დნება და ადგილი აღარ რჩება პეიზაჟისა თუ ჩიტების ჟღურტულის… მშვენიერებისათვის, როცა დიად აზრებთან მრავალჯერადი მიახლება და ბავშვობაში მრავალგზისი შენაკადება ცხოველმყოფელ ძალას კარგავს და მხოლოდ ინერციას ჰყოფნის, როცა თქმული უთქმელის მხოლოდ შიფრი და კოდია _ სხვაგვარი სიტყვიერი ქსოვილით გადმოცემა შეუძლებელიც კია. თითქოს თვით სათქმელი გამოითხოვს წარსულიდან ობმოკიდებულ თუ ნავლწაყრილ სიტყვა-ნაღვერდალს. ანას სული ინტუიტიურად სწვდება სიტყვის სემანტიკურ ველს, მის იმანენტურ ბუნებას და სიტყვაც ხატსშეწირული ზვარაკივით თავისი ნებით მოსდევს მას. ჩემი აზრით, ეს სიტყვა ანას პოეზიაში ნამდვილად სრულყოფილად ავლენს თავის ლოგოსურ ბუნებასა და დანიშნულებას, კოსმოსში გაღწევისა და მატერიალიზების უნარს. ალბათ ეს არის ის, რაც მის პოეზიას ჰერმეტულობის საზღვრებში აქცევს.

შინაგანი ამბოხი კაცებისა, პროტესტი ’’ხაზარიზმის’’ სენით შეპყრობილი ქართული “ელიტარული” საზოგადოების მიმართ, უკიდეგანო ერუდიცია ჩაჭედილია მიჯრით მიყოლებულ მიმღეობებსა თუ მიმღეობურ კომპოზიტებში, ადრე ბიზანტიური მწერლობისთვის ნიშანდობლივ პოეტურ აქსესუარებს რომ ჩამოჰგავს. ყოველი ლექსი მონოლოგიზებული დიალოგია, დიალოგი ღმერთთან, საქართველოს თანმდევ და უკვდავ სულთან. თითქოს მხოლოდ ამ ორთან დამოკიდებულებაში სურს ავტორს საკუთარი სულის ჰარმონიაში მოყვანა და ამ ორისგან სურს თავისი სიმართლის დასტურყოფა.

დაბოლოს, თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ანა სულხანიშვილის პოეზიაში მსოფლიო წესრიგის ზედაპირულად გამგებთა და ეროვნული მეხსიერების სიმოკლისაკენ მიმსწრაფთაგან სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მყოფი, საყელეწაჭერილი ერის სული, უკანასკნელ ძალებს იკრებს საკუთარ სხეულში დასაბრუნებლად.

ანა სულხანიშვილმა 1998 წელს დატოვა საქართველო, მოგეხსენებათ, რა ძნელია გაძლება ისეთი პიროვნებისთვის, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ ატყუებს: ვერც ერი, ვერც ბერი. 2004 წლის შემდეგ კონტაქტი შეწყდა.

რედაქტორი ქეთევან ჯერვალიძე

(ლექსები დაბეჭდილია გორის სალიტერატუროჟურნალ “კლდეკარში” 2(19) 2000.)

ახალი ბაბილონი

ჟამიდან-ჟამად, როდესაც მიწევს,
მე ეს ქალაქი, სახე ახალი
ბაბილონისა, მივატოვო და
განვიდე გარე, სანთლით ვეძებო
მუშაკნი შენნი, უბრალო ხალხში
ფიხონად ჩავჯდე, ვიღაც კეთილი,
მართალი თომა, იჭვს, ჩემდა მომართ
აჩენილს გულში, ამიხმიანებს
ორადორ სიტყვად: _“თბილისელი ხარ?” –
მესმის ხმა უნდო, გულს მაზიდებს
და მემღვრევა გონი. ” – არადა, არა,
მაცილოს ღმერთმა ნდომა მაგისა!” –
კრჩხიალებს სული, გარდანაცრილი,
ოდენ უბრალო ქართველი ვარ,
იბერიელი, მის გარდასულის
მისხალ-მისხალ გამომჩხრეკალი,
მის ხვალის დღეზე მხარნათლიანზე
მლოცველ დობილად გარდნაკიდარი,
მლოცველ დობილად გარდნაკიდარი!

12 II 1996.

ხილვა

( ეკალთა ზედა…)

ეს ლექსი ძალიან უყვარდა ჩვენგან უდროოდ
წასულ ნიჭიერ მხატვარსა და მწერალს
გიგა დათუაშვილს, ასევე ჩემს ნამოწაფარს.

ეკალთა ზედა ამა სოფლისათა განრიდებულმა,
ყვავილებს შენი სანახებისას ციური ძალით
ოცნებისა აღმოვატანე. იქ თვალი ვკიდე, გულიც
შემვარდა ჩემს ძველებივით, ტურფად ანაგებ
ერთ ბროლის კოშკზე, კედლები მისი, ვითარცა
ქსელი დედაზრდილისაი, გავკვეთე ისე.

_ “გარდავიცვალე’’, _ გავივლე გულში, _
რამეთუ დავქრი ოდენ ვით სული და
კედლიდან კედელშიც დავალ” _
გული, ბალღივით კრული, ცრემლოოდა ძლიერ!
და გულისხმავყავ გონებითა, შემუსვრილითა,
მომნატრებოდა სადგომი ჩემი, უბადრუკი
და ესოდენ მწირი.
გული, ბალღივით კრული, ცრემლოოდა ძლიერ!
ფრთებდაკეცილი დავეშვი თავქვე და
ხატიტყეში, ბებო-პაპათ სულის წყაროსთან,
ძედ ადამისად და შეგიცან სევდიან მოყმედ.

_ “ცოცხლები ვართ თუ მკვდრები ვართ უკვე?’’ –
სული კრთომილი კითხვად ჯვარცმულად
აღმოვიფშვინვე. _ “ჩემთვის ყოველი ამაოაო’’ _
შემომაფრქვიე ეკლესიასტეს და სკეპტიკოსთა
სიბრძნე ურყევი და შენი ორი მალაქიტიდან
შემომანათა ტბურმა სიმშვიდემ. ღველფი,
ღადარში გარდამალული, არღა მოსჩანდა მისი
სიღრმოდან.

_ “ოჰ, არა, არა, ვიცოცხლოთ უნდა,
არ გვაქვს უფლება, ასე რომ მოვკვდეთ?!”
_ გიბრუნე სიტყვა და მაშინ ვიგრძენ
წამისყოფითა, ძალო ძლიერო, რომ კაცი იყავ
არა მხოლოი ლიტონ,
არცა უფალი მხოლოი შიშველ!
არცა უფალი მხოლოი შიშველ!

18. III 1996.

პაპას

შენი ხანჯალი, წმიდა ვეცხლისა,
სევადიანი, მამიდან შვილზე გადმონალოცი,
უხსოვარ წლისა, პატარდედოსთვის
გაუმეტარი, მაინც მე დამრჩა.
სიძე და სძალი მტრის ოჯახიდან
რომ არ გინდოდა, ახლაღა ვხვდები,
მართალი იყავ!

ბედისწერაა თუ უფლის ნება,
შენი ცხოვრება აგრე ტანგული და
დამეხილი, ჩემს ცხოვრებაში
რომ გადმოსახლდა და გადარბაზდა?

ბედისწერაა თუ უფლის ნება,
სინათლის მსახურთ – ჩემი და შენი _
ყიამათელთგან სიბნელედ სახვა?

სამზეოს მყოფმა რაც ვერ მოასწარ,
გამოისობით ბალღობისა რაც ვერ
გამანდე, ნუ შემიბრალებ, ძილისშორისში
მიამბე, პაპავ! ძილისშორისში მიამბე, პაპავ!

15 X 1998.

* * *

საქმემოცლილი, თვალდახუჭული
მწირი, ხიზანი როს ვწევარ ჩემთვის,
სიღრმოდან რაღაც სიბრალული,
მდნარი სიყვარულში, ძელბერძენთაგან
შენაძაგები, მოიწევს ზევით და
სარკმელს სულის, მე რომ მეგონა,
მტკიცედ დარაზულს, ნემსის ყუნწში
გამომძვრალი აქლემივით გააპობს
იგი, უკვე მლაშე და ცხელი.
და მწყურის კვლავაც ჩემი ძველი მე,
მეცხრე ცისათვის ფრენა-ფრენით
ჭერისამხდელი და იმ სულის სიმაღლის
სიყვარულში ლამის ნარცისივით
დავლიო სული. მაგრამ საკუთარ
თავს არ ვეკუთვნით არც მე და არც შენ,
გზა მარიამის გამხდარა ისევ გადასამალი,
გადასარჩენად და ყვავილობად ყოფიერების,
ლაზარევ ჩემო, მართას გზა გველის,
ლაზარევ ჩემო, მართას გზა გველის!

15 X 1998.

ქვემორე ლექსები დაიბეჭდა გაზეთ “ახალი ეპოქის” ლიტერატურულ ჩანართში “ჩვენი მწერლობა” # 21 (47), 25 V-1 VI, 2001;

ბეთანიას
(ხილვა)

ძილსა შინა გიხილე, ძალო ძლიერო,
სოფლად ჩამოსული ვითარცა კაცი,
წმიდა ბეთანიას მოლზე იდექი,
უბრძნესი დუმილით აღვსილი
და ჩემი კაბა, ვარდებპენტილი,
უბრალო თიკვის, იდუმალმშვენი,
ვით ვეფხისტყავი მხარზე მოგეგდო,
მე კი უტყვქმნილი და მადლიერი
მოგჩერებოდი, უფალო ჩემო!
მოგჩერებოდი, უფალო ჩემო!

1995, შემოდგომა

* * *

განა არ ვიცი? შემოქმედი ხარ
მხოლოი სათნოის, მხოლოი კეთილის.
მაშ, თვალხმით ნუ განმსჯი, გაისიგრძეგანე
ტკივილი ჩემი, გულიდან ხელისგულზე
ცხარე მკსინვარებად გარდატევებული,
საჯე სამართალი მართალი და ეგებ
ისიც მომიტეო, ლაშარის ყმაიც რომ
ვარ, ხმალამოწვადული! ლაშარის
ყმაიც რომ ვარ, ხმალამოწვადული!

1995, შემოდგომა

* * *

ჰოი, სახიერო! წმიდა სიყვარული
შენგან ბოძებული ტალანტი დიდი,
მექცა სიძულვილად, როს მოვლენილთა
მოყვასის ტყავით, კაცთა ბოროტთა და
უკეთურთა, რათა განეყოთ და განეძარცვათ
მამული ჩემი – ზეციური სამშობლოს
ხილული ხატი –საკვდავად ესრეთ
გამომიმეტეს. ო, მე არ ძალმიძს  და
აღარცა მსურს ამ სიძულვილის კვლავ
სიყვარულად გარდაცვალება, ო, მე არ
ძალმიძს და აღარცა მსურს, ნაწილი იგი
დიდი ტალანტის კვლავ განვამრავლო
და მრავალწილად მოგიძღუანო,
და მრავალწილად მოგიძღუანო!

5 XI 1995.

გული, ქცეული სასაფლაოდ!

ვრცელ საგოდებლად გარდამექცა,
უფალო, გული ჩემი.
ახალ-ახალ ნეშტთ ნუღარ შემმატებ,
მიშველე რამე!
დამკრძალავი და ჭირისუფალი,
მესაფლავე ვარ, მხოლოი ერთი.
თვალი ჩემი კი სულისმიერი,
მიწადჩამცქერი, შენდა ისწრაფის,
რამ სახარული ზეცით მიშანი
გარდმომივლინე, უფალო ჩემო!
გარდმომივლინე, უფალო ჩემო!

5 XI 1995.                                                                                      .

* * *
ხმაი ჩემი გოდებისა,
ესოდენ სუსტი,
ცათაშინას კოსმიურ ჰანგებს
ვუწყი, რომ გაჰკვეთს,
პატიჟი ჩემი შენად იქცევა,
არ მიმატოვებ, ჩემში
შემოხვალ და სასოებით
კვლავ აღვივსები,
იმედში ხსნილი, უფალო ჩემო!
უფალო ჩემო!

5 IX 1995.

მამა გრიგოლ ხანძთელისადმი

1                                                              2

მოძღვარი ჩემი, მამაი გრიგოლ,               ბავშვობიდან დღემდის

დიდებით დავალს, მე კი დაი ვარ           ტკივილით მავსებს ხატება
მისი, ფეფრონია, მტკიცედ მავალი,         მისი, ქალის ნარნარის,
ნებისმყოფელი შენი, უფალო ჩემო!         მამა გრიგოლმა რომ წაჰგვარა
და ისაც მე ვარ, ხამლთა საბელით           დიდებულ მეფეს, და თუ მათ
წელშემორტყმული ტარიგი შენი,            ტრფობას მრუშობა ერქვა, მაშ,
ტარიგი ქუეყნის და ჩემი მეფის                სიყვარული რაღას ჰქვია,
უწმინდეს გრძნობას უტყვი გოდებით    უფალო ჩემო, მაშ, სიყვარული
შემოწირული! უტყვი გოდებით              რასღა ჰქვია, უფალო ჩემო?!
შემოწირული!

1995, შემოდგომა
ჰოი, სახიერო!

ჰოი, სახიერო, შენს შობა ღამეს
არათუ ძილსა შინა, ცხადად ვიხილე
ზმანება იგი: დედა ტაძარში ჩემი
ქვეყნისა შენს სახელზე რომ არს
შენებულ და დამკვიდრებულ, ბინძურ
ღორის კოლტს, მგლისქონპოხილებს,
თვისტომთ გულ-ღვიძლით და
ნამკვდრევით ძლუმ გამომსკდართ,
სიბილწის ფრთათა მეყსეულად
ჩამკეც-ჩამჭუჭკველთ საკურთხეველთან
მოეყარათ მბზინვარე თავი. დიდრონ-
დიდრონი კერეონები ერჭოთ დინგებზე
და სიმხურვალეს ბილწი ლეშისას,
ვით გროვას თხრამლის, მისი სიწმინდით
ეგონათ, რომ გამოიცხრობდნენ…

ისაკმევლებს კი მათი სიბილწე,
ცათა უხვებით ჭირთა მიმფენი,
ცათა უხვებით ჭირთა მიმფენი?!

9 II 1996.

მწირი სოფლისა

სულ წარსულსა და მომავალში ვარ,
აწმყო არა მაქვს, უფალო ჩემო!
დრო-ჟამს და სივრცეს ხატად შენად
გამოკვერილი, მწირი სოფლისა,
მდელოს დავეძებ ჰორიზონტმიღმურს.

ორომი ორომს ენაცვლება
ტრიალებს ჯარა, წელიწდები კი,
მრავლად მრავალი, შენთვის წამი
ერთი, ბნელ კიდობანში ჩაძეძგილან
საღვთო ქარაგმად.

სულ წარსულსა და ავლად ქცეულ
გარდასულში ვარ და ხმელთაშუა
ზღვის აუზიდან, დღევანდელივით
გაუსაძლისი, კვნესა ჩამესმის
პირველ იბერთა.

ტკივილი მათი, დაუამები და
სული მათი, მზეწარხოცილი,
ჩემს თვალისჭრილში შეყინებულა
უხუნარ ტანჯვად.

აწმყო კი არ მაქვს, რადგან მასში
ლოტოფაგობას ითხოვენ ნაცვლად.
მომეცი ძალა, რომ ციხე ჯავრის,
უკუნეთით ამოგლესილი, მე ჩემი
ქვეყნის უტკბილეს და უცხრიანეს
მერმისად დავწნა:

სილბო რომ ჰქონდეს ნაქსოვისა
და სიმტკიცე ნაჭედობისა – აი, ისეთად!

“ელი, ელი., ლამა საბაქთანი –
უფალო, უფალო, რად დამიტევებ?!”
ამსოფლად გვირგვინს კაცობის შენის
მქონდეს წარსული, მომიძღუენ აწმყო
და სამერმისოც მანიჭე ძალა,
და სამერმისოც მანიჭე ძალა!

6 III 1996.

წმიდა ნინოს
(ხილვა)

ვითარ ცისკარი აღეღებოდა,
წმიდაო ნინო! შენდა ვიყავი,
მაყვლოვანში ლოცვად დამდგარი.
სისხლსა და ჯილაგს, ნათესავს
ჩემსას, ნათესავი უცხო, ჰრომაელი,
ვფიცავ მაღალ ღმერთს,
არ თუ ოდენ სახელად,
ბორკილად გედო.
მეც პყრობილი და ბორკილეული
გედექი მხარში და შენთან ერთად
შთამომესმოდა, ის სამი სიტყვა,
ნათლითმკობილი ჭაბუკის
თქმული. ჩვენ ორისა და უფლის
ძის მეტმა, არვინ უწყოდა გულის
გულში ჩაბუდებული სახმილი ჩვენი.

აწ, შენმა სულმა მეორეული შეიძინა
ხორციელება და უკვდავყოფით სახელისა
განივთდა წიგნში, მე სივლტოლვაი
ნიადაგი თვიტომისმკვლელთგან
მხვდომია წილად, მსგავსად ძის უფლის
და უსახელო მლოცველ სულად
და თანმდევ სულად ჩემი ქვეყნისა,
ახალ-ახალი იარებით დანასისხლარით,
გადავდივარ საუკუნიდან საუკუნეში,
გადავდივ არ საუკუნიდან საუკუნეში!

VIII 1996.
ვინაი ვიყავ?!

ვინაი ვიყავ?! კაცი ერთი
უბრალოი, ღვთისგან სვიანი
და შესაქმიდან ჩემი ერის
ცხოვრებას განვლილს
დღესაქამომდე, საკუთარ თავში
ვამთლიანებდი და ვითარც ხატი
დაუსაბამოს, მეგონა, მენაც ვიყავ
ვრცელი და სრული.

და მე, შესაყარს ზესკნელ-ქვესკნელის,
უღამო ნათლის ამ სიყვარულით
საწუთრო მყავდა ბეჭზე გაკრული,
მატკბობდა განცდა ზეცად აღწევის,
რაც ღამე ყოველ მეორდებოდა.

მაგრამ დამიდნეს ეს სიყვარული
ვითარცა ავლი. აწ ვინა ვარ?!
მკვდარი ვარ, მკვდარი და შენ,
ნახევარო ჩემო, ჩემზე უადრეს
მკვდარო, უგულისყუროვ,
მომაპყარ  ყური.

მინდა იცოდე, უსაზომოდ როცა
მიყვარდი, საკუთარი მე მიყვარდა
შენში და როცა მძულხარ,
ისევ და ისევ საკუთარი თავი მძაგს
შენში, საკუთარი თავი მძაგს შენში!

13 VI 1998.
ქართველ კულტურთრეგერებს, უპირატესად მწერლებს
(ჰოი, ნაშობნო იქედნეთანო”)

ბებოს ნამზითვი მოვი ერთფერა, დუმილი თეთრი,
გახსოვს, უფალო, სულ არარადან განუცადებელ
კაბად ვაქციე. ფიქრები ჩემი, მხურვალე თორნე, მულინით
შავით, ზედ ვარდის ყლორტად გადავაქციე, თანაც
კუწუბი შემოვავლე ხელითუქმნელი და დღეს, უღამოს,
იმ ქალწულთ მსგავსად, რუდუნებით და ლოცვით ველოდი.

მაგრამ საწუთრომ წამართვა იგი, ჩამომსავა გლოვად,
და აწ გულში დანაჭლიკ რისხვას, იქნებ შენეულს?
მხოლოდ ერთი რამ გამომინელებს:

ყოველი იგი, საკვდავად ვინაც გამომიმეტა,
გამორჩეულად მიყვარდა ვინაც, ამ კაბითმკულმა
სულ ჩემი ხელით დავასაფლაო, საგოდებელს კი
გავუკეთო წარწერა ვრცელი:

“აქ განისვენებს მზაკვრულად მზირულ-ჩუხჩარაჩული
ლიტერატურა, სიტყვაკაზმული, თანაც ქართული –
მავან-მავანთა, ნაიქედნეთართ და ნაკაცართა,
მხეცის წიაღში მწნილთა და ხრწნილთა, სიტყვა
ლოგოსის გამომფატვრელ-გამომშიგვნელთა,
თავმკვდართა და თავდედამკვდართა, თუ კიდევ
ვინმეს შეგწევდეთ ძალა, ჰყავით შენდობა,
ნუ დაიზარებთ, ამ უბადოებს სამადლოდ მაინც
დედის პურებზე უქციეთ ჭიქა?!”

მერმე გადვემხო ამ საგოდებელს და თავიც ჩემი
მკვდარ ნახევართან, აგრე რომ მწამდა, გამოვიტირო.
გულ-ვობიშხადან აღმოვუტევო კვნესა ძალუმი,
დიომედესგან შუბნაკრავი არესის ძალის,
ზესკნელ-ქვესკნელი ირყეოდეს, დუღდეს საწუთრო,
მერმე წამოვდგე, ნებე-ნება წამოვიმართო და
კალთა ჯავრის, შავვარდიანა, ძირს დავახეთქო,
ნაჯაფი ბარიც დავასო მიწას
და სამოდამოდ დავჯარ-ვგოზო იმ ტრფობის კარი?!
და სამუდამოდ დავჯარ-ვგოზო იმ ტრფობის კარი?!

22 III 1996.
შეყრა შეუყრელთა

განგრძობილად იყო უბნობა ჩვენი,
ერთდროულად შუქსევდიანი მომაპყარ თვალი:
_ “როს დაიბადე, შენს აკვანთან ჩამოვისვენე,
გექმენი მცველად ოთხი წლის ბალღი,
მაგრამ ძილმა, იმ ტკბილმა და იმ საძაგელმა,
არ მომასვენა და ერთხელაც წამიღო და
წამართვა თავი. შენ მოგიტაცეს, მე კი
დამრჩა სამარადჟამოდ ცარელა ნავი“ _
იყო სიტყვანი, მოგონებათა ნისლში გაცრილი.

ღმერთო მაღალო, ნუთუ ჯერაც არ დაგკარგვივარ?
ღმერთო მაღალო, ნუთუ ჯერაც არ დამკარგვიხარ?
ნუთუ კიდევ სულდიდობ და საულდგმულობ ჩემში?!
ნუთუ კიდევ სულდიდობ და საულდგმულობ ჩემში?!

1998.

* * *

ეს ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ “არილში” #6 (213), 2005;

ვითარცა ირემსა სურის
რაღაც უფრო ეროტიკულს,
რაღაც უფრო სკანდალურს,
რაღაც უფრო ავადმყოფურს,
რაღაც უფრო სიმახინჯეს,
ვით ამოვარდნას სიკეთის და
სრულქმნილების ჰარმონიიდან
ცდუნებული კაცის სული –
ვითარცა ირემსა სურის
წყაროისათვის წყალთასა _
არა თანამოწლეობის,
სიჯანსაღისა და ნორმის
სახელით ითხოვს.

ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაი
შენი და მე დამიცევ საქმეთაგან
მტერისათა,   უფალო ჩემო!
მე დამიცევ საქმეთაგან
მტერისათა,   უფალო ჩემო!

7 X 20004.
ფეხად ჩამოსვლა ცის

საკუთარ ფიქრთა უსასოოდ
მოძრაობის ფიზიკური შეგრძნება
მღადრავს: მშლიან, მარღვევენ, მკლავენ
და რამდენიც არ უნდა ვიძახო:
“მე იგივე ვარ მარად და მარად”,
ვგრძნობ, რომ სული მიჭირავს
კბილით, ან პირიქით…
მტერს ისედაც დავუყენე თვალი,
ვაჯობე, გადავახტი თავს და
და თუ რამე არ შეიცვალა,
სასიკეთოდ, რაღა თქმა უმდა,
ვიცი, შევესწრები დიად
მისტერიას, თუნდაც ლოკალურს,
ფეხად ჩამოსვლას ცის,
ფეხად ჩამოსვლას ცის!

17 II 2003.
არ დაუღამდე დღეს!

ვგრძნობ, როგორ დავიწრიტე,
დავმღიერდი და ფიქრნიც ჩემნი
დაყვითლდნენ და გახდნენ
რაღაც ჩარადოვანნი.

ჩემს სამშვინველში
უმყოფობის შემოძვრა ჭია,
გამომლევია საწვავ-საგზალი
და აღარ ძალმიძს, ხელებგაშლილმა,
მთელი სამყარო ძველებურად
დავიტიო და ჩავიკრა გულში.

ვგრძნობ, ოცნებისაც
სამუდამოდ დამხშვია კარი,
ხელს უდღეოდღის ზეზეურად
შემოვკვდომივარ, დღედღესინდელიც
საწყალობლად მომკვდარა ჩემში.

და გაზაფხული აგრე კეკლუცი,
აგრე წარმტაცი და უმსუქნესი სასოებებით,
ჩემ ახლო-მახლო სულ რომ ვგულვობდი,
სამარადჟამოდ მოუხელთები გამხდარა ჩემთვის.

ოჰ! აღარ ძალმიძს სტოიკური თავშეკავება:
კი აღარ ვტირი, ვღრიალებ და სიმწრის ცრემლები
გარდმოცვენას რაც ვერ აუდის და ვეღარ ასწრებს,
ცხარე სიმლაშედ გადადის ყელში.

თუმც დამეწევა შეგონება ბებოსეული –
“ხარ ძუ ლომი და დედალი ორბი,  არ
დაუღამდე დღეს’’  _ და ვით ღვთაებას,
ხთონურ არსებას, აღმადგენს ისევ!
აღმადგენს ისევ!

V 1998.
ხილვა
სულნელებასა შენსა ვრბიოდი…

რა ძნელი ყოფილა, როცა ძილშიც
არ გძინავს მამულის ჯავრით და სიყვარულით
გულანთებულს, როცა სული შენი, ზეცად
მიმსრბოლი, სიმელნისფრეში ვარსკვლავეთს
რომ მიმოიცურავს, როცა მთიებნი გაშლილ
თმაში დამკრახილი მტევნებივით გებლანდებიან
და შენ კი, სულგანაბული, ხელუკუღმა ცდილობ
სათითაოდ მათ გამოძრობას, თითქოს გეშინის,
არ შემოგეჭყლიტოს, წვენი არ გამოედინოს,
თავშიც უცნაური აზრი დაგკრავს: “- ვაითუ, მთიებმა
ქვენათზეში აღარ გამიშვან და სიტკბოებით ზედ
შემირჩინონ?!” – ჯერ მეღიმება, მერმე ვიცინი,
სიცოცხლე ჩემში ჩვილივით ლაღობს და იცინის,
მაგრამ ამ სილამაზით დიდხანს ვერ ვტკბები:
მახსენდება, ცისიერთან ახლოს ვარ და ხამს
ლოცვა წრფელი, სწორედ ახლა, სწორედ ამჟამად
მამულისა და ჩემიანთათვის რომ აღვავლინო.
ვიწვი, ვიღვენთები, ცრემლად ვიღვრები და
ამ სოფლად, თითქოს არაფერი მომხდარიყოს,
ზეცისა კაცად და სოფლისა ანგელოზად ვბრუნდები,
ზეცისა კაცად და სოფლისა ანგელოზად ვბრუნდები!

აპოკალიფსური ჟინი

თქვენი ბოროტების კვირტები,
თქვენი “ბოროტების ყვავილები”,
თქვენი “მრისხანების მტევნები”
მკსინვარებად დამწიფდა ჩემში!..

’მხნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ”
შემომეძარცვა ჩახერგილ გზებში
და ისე, თავად სულ რომ არ მსურდა,
სანათლავად თუ ემბაზად ვიქეც
აპოკალიფსურ ჟინის,
აპოკალიფსურ ჟინის!

17 IV 2003.

ავტოპორტრეტის მაგიერ

არა, არა მსურს, მიწისაგანი
ხატება ჩემი იხილოს ვინმემ,
უჩინარად ყოფნაი მინებს,
ყველგან მყოფად, მარად მსუფევად,
ვითარცა ხალდეს მუსასირიდან
წარტყვენის შემდეგ!

ირემნო, მთასა მყვირალნო,
შთენილნო ცალად, მსურს
მეძიებდეთ, ვერა მპოვებდეთ
გწყუროდეთ, და გსუროდეთ
კვალად, გწყუროდეთ, და
გსუროდეთ  კვალად!

18 IV 2003.
მართალთა მოკლული სულების
მონოლოგი დაუწერელი სამმოქმედებიანი
დრამიდან “სამი სკნელის საქართველო”

სანამ მიწაზე დავეშვებოდით,
მომავლის მეგზურებად სანამ ვიქცეოდით,
ჩანს, შობამდევე გავწირეთ თავი,
როს შევეუღლეთ ზნეკეთილობას.
და ამ მოვლენის უჩვეულობა ვიდრემდის
იყო ნეგატივი წუთისოფელში,
ვიყავით მშვიდად და როცა დაჰკრა
დიადმა წამმა, ვერ შეგვითვისეს,
ჩვენ ამოგვწყვიტეს სიკეთის სახელით,
“კულთყრთრეგერებმა”, სატანის კერძთა,
ქვეყანაში, რომელსაც ერქვა და ჰქვია
საქართველო, მაგრამ ის აღარ არის,
როგორც მკვდარი აღარ არის ის, ვინც
გუშინ ჯერაც ცოცხალი იყო, ვინც
გუშინ ჯერაც ცოცხალი იყო.

29 III 2003.
“ლოცვა” – ყოვლის დამაქცევარი

როგორ იქმნება ჩემი წარსული,
როდესაც აწმყო არ მაქვს არასდროს?
კი არა ვცხოვრობ, მხოლოდ ვარსებობ
და ცის კაბადონს ვკიდივარ ცხვირით!
ტივილი, რისხვად გარდაქცეული, უფსკრულს
გულისას მიეკვრის ბუდედ და “ლოცვა”,
ყოვლის დამაქცევარი, შეილესება გარედან
მრუდედ. ღმერთო, მიშველე! კაცი კი არა,
შვიდ თაობაზე გადამწვდომი ნელი მოქმედების
საწამლავი თუ ნაღმი ვარ უკვე, უკვე?!

2 III 20003.

ლამაზი არ არის!

ნ. ბარათაშვილისა და
მ. ლებანიძის მიბაძვით

მენატრება, მეძავი მეძაობდეს,
მრუში მრუშობდეს,
ქურდი ქურდობდეს,
ყასაბი ყასბობდეს…
და თითოეული ამათგანი
შეთავსებით არ კულტურთრეგერობდეს.
ბარემ ესეც ვთქვათ,
ასეთიც ხდებოდეს:
სამშობლო ხელთ ეპყრას
ნარკომან-ბოზ-ქურდ-მკვლელს
ასიოდეს, ასიოდეს!

2003
ფიქრები საშობაო მარხვის ჟამს
გამოქვეყნებულია გაზეთ “კალმასობაში”
# 10 (92) 2005.

ღვთის გარდამოხდომა საწუთროში ეს “მკურნალობის
მეთოდია.. ძე ღვთისა ხდება ძე კაცისა, რათა ძე კაცისა
მიმადლებით ძე ღვთისად იქცეს”  (ირინეოსი II ს.).

უცრემლო ცრემლით ნატირალები
და ამაღლება ზეცის კიდემდის!
ხან მძულვარების სურნელში წრთობა,
დაგემოვნებით ჩამობიმბვლა “წმიდა ლოცვანის”
-გზა უფსკრულისკენ!

აღმოჩენილის აღმოჩენა ათასმეერთედ:
გზა ზევით და გზა ქვევით თურმე მართლაც
ყოფილა ტოლი, შენ კი – ლერწამი – ქართაგან
ძლიერთა მაშინდელივით მიმოირწევი მადლისა
და წარწყმედის თვალუწვდენელ უფსკრულთა შორის…
ღია იარა და ცრემლი, ცრემლი!

ვერაფერს შეცვლი,. ამაოდ იწვის
დრო ფიქრებში და ფიქრები დროში,
უნდა გაუძლო, ისწრაფე ბაგად, უსასოობის
განსაქარვებლად და დახსნად სოფლის
მღვიმეში შობად ჩამოსვეტდება
ნათელი უფლის!

კაცი ტანჯვისთვის გაჩენილა – იყუჩე, ბალღო! –
შენი არსიდან ამოძირკვე გვირილა შავი,
რად გავიწყდება? მართლა კი არა, მხოლოდშობილის
მიმადლებით ხარ ოდენ ღმერთი, მხოლოდშობილის
მიმადლებით ხარ ოდენ ღმერთი!

28 XII 2003.
ხილვა

“გხედავ თქუენ, ვითარცა ღვთივცნობილთა და
ღვთისა მცნობელთა…”
იოვანე საბანისძე

სულის უფსკრულთა ცეცხლთა მგზნებარებამ
უსპეტაკესი მთის მწვერვალზე აღმომიტაცა,
ნაწუთისოფლარ-ნაბაზრალი და უკაცური
დაბლა მოჩანდა მიდამოი, ვრცელი და ლეგა.

შენც იქ იდექი იმ ნაოხარში, კაცადკაცადო,
სათნოი ჭაბუკ, არა მზვაობარ,
გულშემუსვრილი, ვის ბედისწერის ქარზე უჩქარეს
ეტლმა გაუსწრო, იოტის წამსაც არ დაუცადა
და ვის ზრახვანი ერთით გულითნი, ნასათუთევნი,
ვითარცა ძირი მჭელისაი არად ჩააგდო.

მინებდა ძლიერ მოსლვაი შენთან, ძეო ცხოველო,
მაგრამ ვერ შევძელ, ტკივილის წვენით,
უმდუღარესით, გარდავწმახნოდი ფეხქვეშ ნიადაგს.
მინდოდა, ხელი დამედო მხარზე და სიტყვა იგი,
უზეშთაესი, აღმომეტევა გულისგულიდან:

_ “არ ხარ ეული და არცა მსხემი ამ სივრცელეში
წუთისოფლისა, ვითარმედ სიყუარული, ფრიად
გარდარეული, თუნდ მხოლოი მე მაქვნდეს შენდა
მომართ, ვითარცა ნოეს, უფალო ჩემო,
ვითარცა ნოეს, უფალო ჩემო!”

12 XII.95.
შურისგების სული

“ და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი
ჩემნი და წარსწყმიდე ყოველი მაჭირვებელნი
ჩემისანი, რამეთუ მე მონა ვარ შენი!’

(ფსალ. 142, 12.).

ძველებისაგან სამწყემსურში ასე მსმენია,
მემოწმებიან ძველი ბერძენნიც, დღე
დღესინდელიც ცნობიერთათვის დასტურყოფს
ამას: როცა მკვლელები უარს ამბობენ,
მოკლულთ სულები ვითარცა ჯერ არს,
დაიურვონ და მოამშვიდონ, სიძულვილი
უკიდეგანო, ერთადერთი იარაღი შესვენებულთა,
გასანელებლად მკვლელთ მონაგარზე დაჰქრის
და საქმობს ტყვიაზე მეტად, რამეთუ სისხლი,
უბრალოი, თანამოძმეთა, ცას შესჩუხჩუხებს,
პასუხსა და საზღაურს ითხოვს…

ჰოი, ნაშობნო იქედნეთანო, ნუ გგონიათ
ეს სიტყვები რიოში ფრაზა. იდო, დევს და
იდება მასში საღმრთო შურისგების
დამგზნები ძალა, საღმრთო შურისგების
დამგზნები ძალა!

29 III 2003.

სული, მშვენი შენეულად!

სიღრმეთ შთაზრდილი ფესვთ შინაითგან
გარდმომჩქეფარი  უკვდავების და განახლების
წყაროი ვეშა ბალღობაია ჩემი,
გრილი და ჰამოი,  ნათელო ჩემო!

განმტკიცებული დაუცემელად სვეტი
ცათანის, ზესკნელ-ქვესკნელის შემაერთები
ხეი ალვისხის, დარანკიდული შიბი
კი მე ვარ თხემით ტერფამდის.

უწყის მხეცმა და ლაშქარმან მისმან
ამბრმან, უმბრმან და არაბმან მტრისმან,
რამეთუ მსხეპენ და მსხეპენ,
მჭრიან და მჭრიან,
მკლავენ და მკლავენ
უკუნიდან უკუნისში.

მაგრამ სული, მშვენი შენეულად,
ზეჟამ-ზესივრცულ-მარადიული
ვერ აღმომართვეს.
ოსანა, ოსანა, ოსანა შენდა,
უფალო ჩემო!

19 XII 95.

თეთრონით მოალის დედა!

_ “ლაღი იაღსრისა და გმირი კოპალას
სულის მზემა!
სუთე ბალღო, იყუჩ ბალღო!“–
ახლაც ჩამესმის ხმაიიგი,
ზენა, მიღმური, ბებოს ბაგეთგან
თაფლზე უტკბილეს გარდმომდინარი.

“ლაღი იაღსრისა და გმირი კოპალას
სულის მზემა!
სუთე, ბალღო, იყუჩ ბალღო!
მალე მოალის დედაი,
ცათა შინა ირმების მწველელი! –

თუნდაც ამ ხმისა და მის ფერადებისთვის,
უფალო ჩემო, ვარ შენი მარადის
გუნდრუკის მკმეველი! ვარ შენი
მარადის გუნდრუკის მკმეველი!

1995 XII.

ამაოდ დავშუერ?!

“მე ავიარე კაცთა ცხოვრების
კიბეზე კიდევ ერთი ხარისხი…”
ვიქტორ ჰიუგო

რათა აღმევლო კაცთა ცხოვრების
კიბეზე კიდევ ერთი ხარისხი,
ძეო ცხოველო, მე შევისწავლე
კაცის გონება და ჩავიხედე
სულის უფსკრულში.

ამაოდ დავშუერ?!

გაუნდობელთგან დაფარულმა
ამ ბნელმა მხარემ
განათლებისა
დამამხო ცა და მომდრიკა წელში…

საწუხ არს ესე?!

გზის დასაწყისში უკეთესი
კაცი ვიყავი თურმე!
გზის დასაწყისში უკეთესი
კაცი ვიყავი თურმე!

1 XI 2004.

საწუთროს შემოღამება

შემოვიღამებ საწუთროს,
მივიწუთებ და მოვინარიკლებ,
დათიკულს ჭრელად,
თავშალში გავხვევ, სასთაულქვეშ
ფრთხილად ამოვდებ, მერმე დავწვები,
ხელებს გავშლი, ნაზად შემოვხვევ
და ყოველივეს ამაოს და გონის
წარმტაცველს თავისი ხიბლით,
ამ უცხო სულის ცდუნებებით
ჩემი სულის მზასკვარებით ცქაფად
აღმომვსებს, სულ სამუდამოდ
გამოვიტირებ.

წინაპართ ძვლების გადამხვნელი
გუთნისდედის ძვირფას მანტიას,
შენც რომ მისურვო, თავად უფალო,
აგიმხედრდები, ვერ შევიგუებ,
შროშანად თეთრად გარდავიცვლები,
და სული ჩემი, სხეულს ჩემსავე
უკვე ქვად ქცეულს, ერთგულ
პაჟივით გაჰყვება გვერდით!
ერთგულ პაჟივით გაჰყვება გვერდით!

25 XII 1996.

ბალღობა ჩემი – სასუფეველი ცათა შინა!

აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა……
რამეთუ ეგევითარი არს სასუფეველი ცათა.
მარკოზი X, 15.

_ ჰო, მე მინახავს და კიდეც მახსოვს
სამკვიდრო შენი, სასუფეველი ცათა შინა, _
უზაკველი და უმანკო ბალღობა ჩემი, –
ვითარცა ყვავილობაი ველთა, ჩავლილი.
აწ შენს საყდრის ქედს ოდენ ცხვარ-ძროხის
და ბებო-პაპათ სახით შთენილი!
და ბებო-პაპათ სახით შთენილი!

7 XI 95.

ლოცვა მამულისათვის

განყოფილი სამოსელი
და წილგდებული შენი კვართია
მამული ჩემი, მისი დინარით
გამომსყიდველიც
არ ჩანს აღარვინ.
ჩვენ მოგიძღვენით გრძნობა
წრფელი, უბრალოთა სისხლში
წრთობილი. მაშ, შეიწირე
საფასეი ესოდენ ძვირი, ნუ
აღგვაღებ ხელს, მზეო სიმართლისავ,
და კვლავ გვიბოძე სამკვიდრო ჩვენი!
და კვლავ გვიბოძე სამკვიდრო ჩვენი!

7 XII 95.

– – – – – – –

გამოუქვეყნებელნი

მეშვიდე დარსა ზედა ვდგათ

მწყემსო კეთილო! შენს წმიდა სამწყსოს
ცხოვარი აკლდება ყოველდღე თითო,
რამეთუ ბჭეთა ჯოჯოხეთისად გარდათხზულმა
და პირბაკმულმა სიყრმესა შიგან უმეცრებამ,
ზაკვამ, მძლავრებამ და შეტყუვილმა
ყოველი ქართლის გასაშლელ ფრთებზე
კვლავ ჰპოვა საძოვარი, ვითარცა სრვილმან.
ტვირთი კი იგი, ნანდვილ დიადი, ვით
ნაბერწკალი, ცალის ღეროში ეგზომ მალული,
დღეს დღესინდელის მხოლოი სულით
ნააზატევ მხრებს დააწვა  ძლიერ…
და მისთვის მართლაც ცხოვარნი შენნი,
საწმინდარნი და საწმისოვანნი, არათუ
მარადდღე, მყოვარჟამ ვკვდებით,
არათუ მარადდღე, მყოვარჟამ ვკვდებით!

1 II 96.

ყოველდღიური გარდამოხსნა
გოიას ’’კუდიანთა შაბაშის’’ ფონზე

დღე დასრულდება, შენი ჯვრიდან
გარდმოვეხსნები, ნაიარევი მივწვები რულად
და სანამ სული, მიქანცებული, ძილის
ანგელოზთ ზენად სამწვერად აღმოჰყვებოდეს,
რაღაცა ჩემში, რასაც, ალბათ, კაცობა ჰქვია,
არ მომასვენებს, ამომიძენძავს ცრემლში
ძახულ და თხორილ ფიქრებს მრუმე ფერადებს
და მასში, მასში მომავალი ჩემი ქვეყნისა
მე შუაღამის თვალებით მიმზერს.
იჯრება გული, ეკარგვის ზღუდე, იმდენი
ისრით ვარ დაისრული, რაჟდენ პირველმოწამეც
გაჰკვირდეს იქნებ…
სიკვდილ-სიცოცხლის სამანზე კი, სადღაც,
მთის წვერზე, ტანჯული ქვეყნის ოცნებასთან
თვალშეუდგამი ჭიატებს სასო: შეჰყივლებს
სამგზის შენი ფრინველი იერიქონოს საყვირის
ყელით , იჟ ი ჟ რ ი ბ ა ნ დ ე ბ ს  და
კუდიანთა ამ მარულასაც
მოეღის ბოლო!
მ ო ე ღ ი ს   ბ ო ლ ო!

1 III 96.

პერსეფონეს სარკე
(მიძღვნა)

ზღურბლთან შევდგები, ერხელ კიდევ
ამოვიხვნეშებ, დაბებკილ სამოსს,
“რა ვქნისას ციხეს” მივუგდებ ხურდად,
ჩამოვიბერტყავ ხნოვანების მტვერსა და
ნაბუქს და სულს აღმამფრენს შევიყენებ
მხრებში საბჯენად.

მზერა ხარბი და ბოროტი თვალი
გამომაცილებს მავან-მავანთა:
მანქანებიდან ბილწი და ლირწი
და სხივშრეტილი,
მატლებივით ცვივა
თვალები, მე კი ქედად მძეს
ჯაჭვად გრაგნილი ჯავრი ალგეთის
ლამაზ მ გ ლ ი ს ა ნ ი……

_ “ქალი კი არა, ალია, ალი!” –
გამახსენდება მოწიფულობის ჟამს
შერქმეული სახელი ჩემი და
საკუთარ მეს, ზენაით  შენგნით
გამონახმობს, ოცი წლის წინათ,
მე პერსეფონეს სარკეში ვუმზერ!
მე პერსეფონეს სარკეში ვუმზერ!

7 III 96.

უსახელო გმირები

ნუთუ ქვეყნად ვინმეს ჰყოლია
ბებო-პაპანი მართლაც ამგვარნი:
მწყემსნი კეთილნი, მეცხვარ-მეჯოგენი,
ერთი უბრალო და მართალნი კაცნი,
მირიად წელთა თავისთავში ესრეთ მომცველნი?

მამა ღმერთიო, როს ვინმე იტყვის,
ღრმად მოხუცი და ღრმად ბრძნადმეტყველი,
ხანაც დუმილში განლეული მე პაპა
სანდრო მიდგების თვალწინ!

ძე ღვთისა მესმის? ყრმობის ჯეჯილიდან
ღვთის თავთუხებში ხილვითა დიდ, ხორცითა
თხელ, ჰასაკითა სრულ, თეთრტაიჭოსანი
პაპა გიორგის მოგელავს სახე!

დედაღვთისა კი სოფლად მოსულნი
თითისთარიან-საჩეჩლიანი
ბებონი, ტკბილნი: ჩემი ანა და
სოფიოც ჩემი.

მათი ნაფიქრი,
მათი ნამზერი
მათი ნათქვამი
და ნახელარი
მარად იმკვიდრებს სულიწმიდად,
უფალო, ჩემში!
მარად იმკვიდრებს სულიწმიდად,
უფალო, ჩემში!

24 IX 95.

1992 წლის ორი თებერვალი

ეძღვნება ქართულ სასულიერო და საერო “ელიტას”,
აღმაშენებლისა და რუსთაველის საზოგადოების წევრებს,
მათს შვილებსა და შვილიშვილებს, რომელნიც მხარში
ედგნენ რუსეთს და თავგანწირვით იბრძოდნენ იარაღით
ხელში სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული
მთლიანობის წინააღმდეგ, იმპერიის მიერ  მისი ოკუპაციისა
და ანექსიისათვის, ქართული ეთნოსის კოპტიზაციისა და ინდიელი
ზაციისათვის. ქართველებს, რომელებმაც საფლავებიდან ამოყარეს
აღმაშენებელი და რუსთაველი… (!!!)

როგორ ვუყურებ  მე თქვენს მონაგარს
ათი წლის შემდეგ? კოკასა შიგან
გარდმონაღვარს ვუყურებ ვითარც:
იმდენი ასვით მათ ჩვენი სისხლი,
რომ ეროვნულის შემოტევა,
მასზე ნაღველი, საუკუნოდ,
საუკუნოდ არ შეაწუხებთ…

და რეციდივის შემთხვევაში,
ამ გამონაკლისს თუკი მართლაც
ექნა ადგილი, ნუ დაჭმუნდებით,
როგორც ა ც რ ი ლ ნ ი  ი ო ლ
ფ ო რ მ ე ბ შ ი გადაიტანენ!
ი ო ლ
ფ ო რ მ ე ბ შ ი გადაიტანენ!

2 II 2002.

გახსენება

უსამართლოდ განპატიჟებულ დედოფალ ბევრელს,
ადარნასე ხელმწიფის მეუღლესა და ბაგრატ შაროელის ასულს!

ვარ ფერსათში და ძვალთშესალაგს
ევლოგიასავით დავეძებ შენსას.
მზერა ჩემი, დაწყლულებულ-დაწყალებული
საუკუნეთა შორეთიდან აწმყოში გხედავს:
ტვირთი შეშისაი დიდი, წმიდაი  სქემით მოსილს _
ვითარცა თებრუნეს კოკა მხარზე _
დედოფალივით ნარნარად მოგაქვს…
ვითარ შეიძელი ესოდენი?!

ხოლოი დედუფალი ოდენ იყავ ჩუენი,
დედაიც რომ იყავ _ თავი გასწირე
რწმუნებად ჩუენდა?

მიაგე პატივი უბრალოის ჭაბუკის
სიყვარულს, დათხეულს სისხლად?

თუ დახსნად შვილთა შენთაისა, ცოდვაი
იგი, მეუღლისა, იტვირთე კისრად?

ჰოი, დაო ჩემო, განსაკვირველო!
ანასტასიობაი შეიძელ ვითარ?
ანასტასიობაი შეიძელ ვითარ?

17 IV 2003.

ღმერთო, ღმერთო, გეაჯები,
რომელ იქმენ თავსაკიდურ ცათა,
ჩემს თანამდებს არ შეუნდო ვალი,
მე კი მიხსენ ბოროტისგან
და დამწერე ჯვარი!
და დამწერე ჯვარი!

26 V 2003.

მიძღვნა

ხშირად მიფიქრია: ვინაი ხართ მაინც?!
ხელთაღმპყრობელი სიკეთის სული თუ
მიზღვათა გამომწვევი ხორცქმნილი
ბედისწერა მხოლოდ?! ხომ ვიქნებოდი
სვებედნიერი თვინიერ თქვენსა,
ჩემს პრიმიტიულ სიმარტივეში
კერიასთან მიფიცხებული,
მსასოებელი არა მზის,
არამედ ლამპის?..

მე არაი ვუწყი, მხოლოი ერთმან
უ ფ ა ლ მ ა ნ   უ წ ყ ი ს!
უ ფ ა ლ მ ა ნ   უ წ ყ ი ს!

26 X 2004.

უძეო ღამე

დღე დღესინდელმაც ჩაიარა,
მზე და მზისმყოლნი ანგელოზნიც
ჩასხდნენ საბუდრად,
გარდასახულნი უძეო ღამედ!
გარდასახულნი უძეო ღამედ!

31 III 2002.

ხილვა

(ვითარც პილატეს…)

ნაღვარცოფევი გზები, მისი ეული მგზავრი,
საქვრივე ძაძა თუ საქვრივე სული,
ნუთუ ეს მე ვარ,
საფერხე შავრას აღვირით ხელში?

ნუთუ მართლაც მიმწუხრი სულის,
ნაღვარევი შენი სარკმლიდან,
მომიწვავს წყლულებს?
თუ ოდენ წყალი, ვითარც პილატეს,
გარდამბანს ხელებს?

დალალი ჩემი, ბჟა დიას ხელით
ქარჩაგრეხილი, ნუთუ მართლაც
იცისკიდებს და ზენა სიმყარის,
ვარსკვლავიერის, გაცურავს სივრცეს?

ფერხთით კი კბოდე, ართუ მოკლული,
ქვე ვძე დაკლული, ზვარაკი დიდი,
სატანისა თუ საწუთროს ზღურბლზე.

მსახური მისი, ნაინახარი, ბეჭს ამომრიდებს
და ყიამათზე მზერამიჯრილი მომავლადაც
ყიამათს მისნობს.

ტკბილ-მწარე ღიმი, სამსკნელოვანი,
ბაგეებს მიპობს, რამეთუ ზრახვათ
გულ-გონისათ,  ცრემლის გეჯაზე
ცხრაგზის გარიკნულთ და წკეპილთ
ცხრაგზის გრძნეული მოლით,
მე ვუგზავნიდი ცხრა ცათა მიღმას
და სკვნილი მისი, უცილობელი,
სულ სხვა სიმაღლედ, ს ხ ვ ა  ძ ა ლ ა დ მოვალ!
და სკვნილი მისი, უ ც ი ლ ო ბ ე ლ ი,
სულ სხვა სიმაღლედ, ს ხ ვ ა  ძ ა ლ ა დ მოვალ!

1996, ზაფხული

* * *

ეს სიყვარული, გულში რომ სუფევს
ვითარც ჯეჯილი, აღმოცენილი
მდოგვის მარცვლიდან,
ვის მიერია, უფალო ჩემო?
შენ მიერია? დიდება შენდა
მის მიერია? ნაცარი ჩემდა!

1995.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
ქუეყანას, შენად წილადხვდომილსა,
საკაცობრიო დიდ სუფრაზე წუთისოფლისა
ფიგაროსა და კოხტაიას გვარგუნეს ხვედრი
და მამა-პაპათ მიწაწყლიდანაც ჩვენივე ნებით
სურთ, რომ განგვთესონ.

მეოხო, ზენად ძალის წინაშე,
ბოროტმზრახველთა სვეი შავი არ დაუხანო,
უქციე ბედი, უმტვრიე ქედი,
ლუგუმად ხადე იმათი ფიქრი
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
განახუენ ყურნი, განახუენ ყურნი!

6 III 1996.

მე სიკეთიკენ მავალს

მე, სიკეთიკენ მავალს,
ცას, წყალობისა მთოველს,
რისთვის მომტეხე მხარი?

რისთვის აჰყარე მამულს
დასაგმანავი ბჭენი?

შენ, უნაწილომ ზეცის,
მე, ნაწილიანს ღვთისას,
რისთვისა მკიდე ავად
შენი ბედითი თვალი?

სთვლი, ვერ შევიძლებ ბოროტს?
ჩემივ სიკეთე მიყელებს გზაში?
ან შეგეკვრებით, ან ამოვწყდებით
ამ წუთისოფლის უაზრო ქარში?..

ძაძა, ეკალი, ღოლო, ჭინჭარი,
არ დაიშურო, უფალო ჩემო,
აკურთხე მათთვის,
აკურთხე მათთვის!

9 IV 2003.

ბედი ქართლისა

ოჰ, შენს ლოდინში დაწყალდა მზერა,
უმახვილესი გამიხდა სმენა,
ფიქრები შენზე, დღეღამეულა, ლაზარევ
ჩემო, შავი თავშლიდან ვერცხლის ნაკადად
გადმოღვარა.. ღმერთო მაღალო!
ღმერთო მაღალო!
ხვედრი გვაცილე  მამამთავართა!..

შენს საყდრის ქედზე ვდგავარ და ვდგავარ
და ეს გაძლება გაუსაძლისის მაქვს
სასწაულად, რომ საფლავითგან წინაპრებისა
ზეშთამიერის შევიგრძნობ და შევიწოვ ძალას!
რომ საფლავითგან წინაპრებისა
ზეშთამიერის შევიგრძნობ და შევიწოვ ძალას!

31 III 1996

ხილვა

(და სურის მიმროთს…)

გახსოვთ, შეწუხებულმა მითხარით,
მესიზმრა, ისევ ჩვიდმეტი წლის ვიყავი,
სარკეს ვუჯექი, ჩემი ისედც გრძელი
თმა იატაკს სწვდებოდა, ედუარდ შე
ვარდნაძე ზურგით მედგა და თმას
მვარცხნიდაო… ბევრი ვიფიქრე თქვენს
ხილვაზე და ახლა გრიგოლ ორბელიანივით
გეუბნებით: “აი, რა დადნა ამ ფიქრებიდან”.

ძალო ძლიერო, ბოროტმა თესლმა
მიმოძოვ-ჭამა ირგვლივ ყოველი:
განზრქა, გასივდა, გადაიფხორა,
თქვლეფილი სისხლი მოაწვა ყელში.

ზნეს რა შეუცვლის? მაგრამ საკუთარ
თავს ამოიჭამს, თუ არ იცვალა ფერი და ნირი
და ამიტომაც თვალი ელამი, ცოდვათგან
ქუშად გადაჭროღილი, სულ-სულ
სხვაგვარად ამიჟუჟუნა: ძაღლყურძენაც კი,
გესლი თავისი, გასხლა, დათაფლა და სანთლა
ბეწვიც, ჩუენდა ხიდად შემოშთომილი  და
სურის მიმროთს, თანაც აგეთას,
ჩემს სიკეთეზე დაქორწინება.

უნდა, რომ ზურგზე შემომასკუპდეს,
გაცუროს გაღმა. მე სათნო კუი, ის
მორიელი, გარდათხზულებმა
ვიცუროთ ერთად, სანამდის ცანი
განიხვნებოდეს, გამოაღწევდეს
ზარების რეკა, მაშინ კი მარჯვეს
მოიხელთებს წამს, როგორც მრავალგზის
და სატანისგან პირხორაგჩრილი,
თუ იმ კუსავით მეც არ ვიმარჯვე,
ზურგიდან გულში კვლავ მიყრის დანას,
ზურგიდან გულში კვლავ მიყრის დანას!

1997.

* * *

შენი სახლი პითაგორას სკოლა,
პლატონის აკადემია,
თუ მადლის მწვანილი
და წყალთა ზედა სულთა განსასვენებელი,
პაწაწუნა, პაწაწინა,
ხანძთა?

1997.

დემოკლეს მახვილი

მათ, ვინც სამშობლოს ღალატითა და გაყიდვით
ფულს შოულობს!

მინდა, ისე იყო გამზრქალი,
მინდა, ისე იყო მდიდარი,
რომ შიგ იხრჩობოდე მიდასივით.

სიმაძღრისაგან ზეზეურად ხმებოდე
და ისე კვდებოდე,
ქონების დამტოვებელი და დამმარხავი
არვინ გრჩებოდეს,
არვინ, ჩემ გარდა!

ამ სიტყვების ცოდვაც, რომ მაიძულეს
დამცდენოდა,
სიკეთედ ნაშობს, ჰოი, ცისიერო,
მოჰკითხე ვალად,
მოჰკითხე ვალად?!

სალაღობო

საჯეთ, პყრობილმან უწყისა ტრფობა?!

საოჯახო პოლიტიკა,
საოჯახო მასმედია… _
ანუ საოჯახო  ბიზნესი
და ეს არჩევნები, არჩევნები! _
მ დ ი დ ა რ ი  მ ა თ ხ ო ვ რ ე ბ ი ს  გამოფენა! –
ჩვენი სისხლით გარესკნელსა თუ
რუსეთ-ამერიკაზე  ჯვარდაწერილთა კასტა_
მონათმფლობელური დემოკრატია,
თუ დაქცეული ფეოდალიზმი?..
უძლურ ვქმნილვარ, მწირობს ფანტაზია!
მწირობს ფანტაზია!..
ნაწილიანობაც ვეღარ მშველის,
ვერ ვარღვევ ამ
მოჯადოებულ წრეს,
ოჰ, ამათი ცოლი, შვილი და დედა?!
ოჰ, ამათი ცოლი, შვილი და დედა?!

This entry was posted in პოეზია. Bookmark the permalink.

1 Response to სულხანიშვილი ანა ლექსები

  1. natia says:

    miyvars es leqsebi, ganumeorebelia….

Leave a reply to natia Cancel reply