ქრისტეს სახელით მავალი

წმინდა ნინო

ქეთევან ჯერვალიძე

ქრისტეს სახელით მავალი…
(“წმინდა ნინოს ცხოვრება“)

… და შენთან ერთად შთამომესმოდა ის სამი სიტყვა,
ნათლით მკობილი ჭაბუკის თქმული…
გაზეთი “კალმასობა”, #1(75), 2004;

III საუკუნის ბოლო მეოთხედში წმიდა გიორგის სამშობლო კაბადოკიის1 ერთ-ერთი ქალაქი კოლასტრა, რომლის ადგილ-მდებარეობა დღეს კარგად არც კია განსაზღვრული, დატოვა ორმა მეგობარმა, როგორც ჩანს, უკვე ქრისტეს მმოსველმა. ესენი იყვნენ: `კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, სახელად ზაბულონი და უდედმამოდ დარჩენილო იობენალი. ზაბულონი რომში წავიდა მეფისათვის მსახურებად და ნიჭის მიღებად,  იობენალმა კი, თავის დასთან, სოსანასთან ერთად, იერუსალიმს მიაშურა. იგი იქ დევტალარი (ეპისკოპოსის მოადგილე) გახდა. სოსანა კი ნიაფორ (ტაძრის მეთვალყურე) სარა ბეთლემელის – მსახური.

ზაბულონმა მართლაც მიაღწია დიდ თანამდებობას, მონათლა ბრანჯნი (დღევანდელი ფრანგების წინაპრები), შეიძინა ქონება, შემდეგ თანამდებობიდან გადადგა და მონაგების ღვთის ადგილებისათვის შესაწირად იერუსალიმს მიაშურა. იქ ჩასულს იობენალი უკვე პატრიარქის2 თანამდებობაზე დახვდა. ძველმა ნაცნობ-მეგობრებმა ურთიერთობა განაახლეს. ნიაფორ სარა ბეთლემელის რწმუნებით, იობენალმა თავისი და ზაბულონს მიათხოვა. ახალდაქონწინებულნი მშობლიურ კოლასტრაში დაბრუნდნენ. ასე რომ, წმიდა ნინოც თავისი მშობლებივით კაბადოკიის ქალაქ კოლასტრაში დაბადებულა.

თორმეტი წლის ძლივს იქნებოდა ნინო, როცა ზაბულონმა მეუდაბნეობა გადაწყვიტა, ცოლშვილი მან იობენალს ჩაუყვანა იერუსალიმში, მისგან, როგორც უმაღლესი სასულიერო პირისაგან კურთხევა მიიღო, შვილი ყოვლის მზრდელ ღმერთს მიანდო და ანდერძად მარიამ მაგდალინელისა და ლაზარეს დათა მიმართ საღვთო შური დაუტოვა, თვითონ კი `წარვიდა წიაღ იორდანეთა… უქმროდ დარჩენილმა სოსანამ ძმა პატრიარქის დავალებით გლახაკ და უძლურ დედათა მოვლას მიჰყო ხელი, ნინო კი დვინელ 3 სომეხ ნიაფორს მიუჩინეს მსახურად. სწორედ ამ ქალმა უწოდა ნინოს `ძუ ლომი“  და `ორბი დედალი“. მისგანვე შეიტყო მოციქულთა სწორმა მაცხოვრის აღდგომის შემდეგ აკლდამაში დარჩენილი ტილოს შესახებ და ასევე იესოს კვართის ჩრდილოელ მცხეთელთათვის მიკუთვნების ამბავი. ნინომ მართლაც აღიღო საღმრთო შური მარიამ მაგდალინელისა4 და დათა ლაზარესათა და პატრიარქი ბიძის კურთხევით ქართლს გამოეშურა.

როგორც ერთი მოგვიანო პერიოდის უცნობი ავტორი გვეუბნება, თავისი დაუცხრომელი ღვწის შედეგად იგი ქართველი ერისათვის “ღვთიური წყალობის ნაპერწკლად“, `ჩრდილოელი სოფლის მოციქულად~“ `ქართლის მოძღვრად“, `ნათლის სვეტად“, `ღრუბლის ცვარად“, `სულის მზრდელად“და `სიხარულის მასწავლებლად“ იქცა.

წმიდა ნინოს ცხოვრება არაერთი დიდი ქართველი მეცნიერის დაფიქრებისა და კვლევის საგანი გამხდარა და გახდება კიდეც მომავალში. ჩვენ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ მისი ღვაწლითა და მადლით დაუკავშირდა ერთმანეთს სამი წმინდა რელიკვია, რომლითაც იდიდებოდა ყოფილი `ჩრდილოის ქუეყანა“ _ უმზეო ქართლი, სულიერ ნათელს მოკლებული ქართლი. ესენია: 1. მაცხოვრის კვართი, 2. სამსჭვალნი ხელთა მისთა და 3. მაცხოვრის ფერხთა ფიცარი. ამათგან უმნიშვნელოვანესი მაინც ღვთისმშობლის ხელით მოქსოვილი კვართია5, ელიოზ მცხეთელისა და ლონგინოზ ქარსნლის მიერ მაცხოვრის აღსრულების შემდგომ ჩამოტანილი და ელიოზის დის სიდონიას უეცარი სიკვდილის გამო მასთან ერთადვე წინასწარმეტყველ ილიას ხალენზე დაკრძალული. რომ არა წმინდა ნინო, იქნებ სამუდამოდ დაფარული დარჩენილიყო ის ფაქტი, რომ პალესტინიდან მაცხოვრის ნათელი მთელ მაშინდელ მსოფლიოში ქართლს მოეფინა პირველად, რომ მოციქულთა ქადაგებამდე ჩვენი წინაპრები ქრისტეს მადლს საქრისტიანოს უდიდესი სიწმინდის, უფლის ხელთუქმნელი კვართის მცხეთში მოვლინებით ეზიარნენ, რაც თავად უფლის განგებულებითვე მომხდარა `ღმერთმან ყოვლისა სიბრძნით განმგებელმან წინასწარვე განგებულებით მოანიჭა სამოსელი ძისა მისისა ქალაქსა ამასო“_ ეუბნება წმიდა ნინო მირიან მეფეს. წილხვდომილობა, საზეპუროდ – რჩეულად შერაცხვა კი განსაკუთრებულ საფარველს როდი ნიშნავს მხოლოდ. განსაკუთრებულ თავდადებასაც მოითხოვს იგი.

წმიდა ნინოს ცხოვრების ავტორმა ამ მშვენიერი ნაწარმოების შექმნით იქადაგა საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის იდეა, იდეა ზეციური იერუსალიმისა და მოგვცა სარწმუნოების სიმბოლო თვით უფლის მიერ ნინოსთვის ბოძებული, შვიდივ ბეჭდით დაბეჭდილი და ახალ აღთქმაზე დაფუძნებული.

მოციქულთა სწორი ნინოს მოსვლამ ქართლში გაამთლიანა ქრისტიანობაში ადრიდანვე დაპირისპირებული ორი მიმართულება – იუდაურ-ქრისტიანული და ელინურ-ქრისტიანული, ხოლო რაც შეეხება წარმართულ სახე-წარმოდგენებს, მათ ღვთაებრივი ელფერი ჩამოაცილა, ახლებური მნიშვნელობა მიანიჭა და ახალი რელიგიის სამსახურში ჩააყენა ისინი. ახალი რელიგიის შემოტანით კაბადოკიელმა ქალწულმა წინა პლანზე წამოსწია სულიერი ყოფიერება, იგი აქცია ქართული აზროვნების საფუძვლად. ქრისტიანობას ეწოდა ახალი ცხოვრება, რაც ნიშნავდა და ნიშნავს ადამიანის შინაგანი სამყაროს, მისი ბუნების მრადიულ წვდომასა და განახლებას, პიროვნულ სრულყოფას ქრისტესთან მიმართებაში, სოფელსა და ზესთასოფელს შორის დარღვეული წონასწორობის აღდგენას.

წმიდა ნინომ ქართლში მოსვლით, კვართის ამბის გამოძიებითა და გაცოცხლებით ყველა მსმენელს ნათესავითი ნათესავამდე, შვილითი შვილამდე სამი ერთმანეთიდან გამომდინარე მტკიცებულება შესთავაზა: 1. მაცხოვრის ჯვარცმით ებრაელობამ დაკარგა მადლი, 2. ეს მადლი რჩეული ებრაელების ხელით და უფლის ნებით გადმოეცა ქართველ ერს. ე. ი. გახდა რჩელი. 3. ახლად რჩეული ერი კი მეორედ მოსვლისას წარმოშობს მესიას თავისავე წიაღიდან, კერძოდ, ქართული სამეფო ოჯახიდან დაბადებს ქრისტეს.

წმიდა ნინოს მადლით მთელი საქართველოსათვის მცხეთა მეორე იერუსალიმად იქცა. კაცობრიულ მხსნელზე ორიენტირებული სარწმუნოება პრინციპულად ეროვნულ სჯულად ჩამოყალიბდა. ნინოს ქართლში მოსვლითა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით ჩვენი ქვეყანა ახალ მსოფლიო ისტორიაში ჩაერთო.

მართალია, იოანე ზოსიმეს თანახმად (X ს.) წმიდა ნინოს ხსენების დღედ 14 იანვარია დადებული, მაგრამ ზოგი ხელნაწერის მიხედვით, მისი ხსენების დღედ აღდგომის მეორე შაბათიც ყოფილა დაწესებული. წმიდა ნინოს გარეშე არ მოიაზრებოდა არც მცხეთის ჯვრის დღესასწაული, რომელიც ასევე რამდენიმე ყოფილა.

წმიდა ნინოს ქართლში მოსვლა ნამდვილი ამბავია და მას უკვე ჭეშმარტ ფაქტად აღიარებს დღევანდელი ისტორიული მეცნიერებაც, მაგრამ, ვთქვათ, ასე არც იყოს, ვთქვათ, ლეგენდა იყოს, მერე რა?! ყველა ლეგენდა ხომ ნამდვილი ამბავია, ან მთელი ერის სულის სწრაფვად ქცეული გამონაგონი უდევს საფუძვლად, რაც, ასეთ შემთხვევაშ მართლის ტოლფასი და სულიერი სწრაფვის მაორიენტირებელ ნიშან-სვეტად ქცევის აქტია.

ჩვენი ერის ისტორია ცხადყოფს, რომ წმიდა ნინოს პიროვნებასა და მის მოციქულებრივ მისიას დიდი დროითი მონაკვეთების შემდგომ უბრუნდებოდა ხოლმე ქართველი ერი, რაც თავისთავად საჭიროებს დაფიქრებასა და ახსნას, მაგრამ რადგნაც ჩვენ ახლა ამას ვერ შევძლებთ, გვსურს, მკითხველს ექვსი ქართველი საერო პოეტის ლექსი შევთავაზოთ წმიდა ნინოს თემაზე შექმნილი. შემოთავაზებისას ამოსავალ პრინციპად ვაქციეთ ის კონცეფცია, რომლის თანახმადაც, დიდ შემოქმედთა ენით მეტყველებს ერი უფლის კურთხევით. ამ ლექსების კიდევ ერთხელ გახსენებითა და ხელახალი გაცნობით შესაძლებლობა გვეძლევა კვლავ გავადევნოთ თვალი, კვლავ გავისიგრძეგანოთ ჩვენი ერის სულის მოძრაობა, სიტყვაში გასაღვივებლად ჩაჭედილი და გასაგნებული, ტკივლი ძველი და, სამწუხაროდ, მარად ახალი, გავიხსენოთ ჩვენი ერის გადარჩენის უმთავრესი პრინციპი `ჭირთა მოთმინება“ და პავლე მოციქულისა არ იყოს, უიმედობაშიც კი სასოებით აღვსილებმა მომავალს მივაპყროთ იმედიანი თვალი.

1. კაბადოია სპარსულად ლამაზ ცხენთა ქვეყანას ნიშნავდა. ასე მოიხსენიება იგი სპარსთა მეფის დარიოს I-ის (522-496) ბრძანებით ამოკვეთილ ბეჰისტუნის წარწერაში.

2. ამ დროს პატრიარქის თანამდებობა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ის 451 წელს ქალკედონში ჩატარებულმა IV მსოფლიო საეკლესიო კრებამ დააკანონა.

3. დვინი – ქალაქი სომხეთში. IV ს-ის 30-იანი წლებიდან 428 წლამდე სო¬მეხ არშაკიდთა რეზიდენცია, 640-დან არაბთა საამიროს არმანიის ციხე, 1236 წ-ს დაანგრიეს არაბებმა.

4. მარიამ მაგდალინელის კულტის გაძლიერება ბიზანტიის იმპერიაში IX-X სს-ში. ემთხვევა წმ. ნინოსა და წმიდა გიორგის კულტის გაძლიერებას ამავე ეპოქის ყოველ ქართლში.

5. არსებობს სხვა ვერსიებიც ამ კვართის თაობაზე.

აკაკი წერეთელი

ნინოობას

იტირე მიწავ, სამშობლოვ!
ზარი აუშვი ზეცაო!
ისტორიულმა ღვთის რისხვამ
დღეს ჩვენთვის იორკეცაო!…

ენა წაგვართვეს და რჯულიც,
ნათელი რამღა გვფინოსო?
`თამარ~ მონათლეს `თამარად~
`ნინა დაარქვეს ნინოსო!

სად არის კუბო თამარის,
ქვეყნისგან ნაამბორისა?
ვის ხელში არის საფლავი
ნინო მოციქულთ სწორისა?

სადღაა ჯვარი ვაზისა,
შეკრული წმიდის თმებითა?
დასდუმდა მისი ტროპარიც
ქართული კილო-ხმებითა!

ქრისტეს სახელით ქრისტეს სჯულს
წვალება შემოერია
და ჩვენს ეროვნულ ფიცარზე
`ქართველი~ აღარ სწერია!

ვიტიროთ?! არა! ვაჟკაცსა
არ შვენის ცრემლით გლოვანი!..
`სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!~
ანა კალანდაძე

მოდიოდა ნინო მთებით

`ხოლო მე დავშთი ეკალთა
შინა ვარდისათა რამეთუ ვარდი და ნუში
ყვაოდა ჟამსა~
ნინო

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა…
და როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა ქარი ღრუბლებს, მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა ნინო მთებით, მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…
თოვლის მთებით კვირდებოდა უცხო მგზავრი, _
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: _ საქართველო არის ესე…
მიეძინა… ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არის, გამოცხადდა მგზავრის წინა?
`ნუ გეშინინ! _ მიუგებდა იესო…
გაეღვიძა… წუთით იგრძნო მშობლის სევდა
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…

1945.

გრიგოლ რობაქიძე

წმინდა ნინოს

ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზისთვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები,
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.

მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზევითგან
_ გული ღვთისმშობლის ჩვენთვის ხომ უხვია _
ჯვარი გამოჭერი ვაზის ნასხლევიდან
და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.

ღვთიური ტკივილი და არა წამება
იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები,
არ გვინდა დედაო, სხვა ჯვარი ბერწების,
არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი!
ვიცით შენი ჯვარი ლხინია ლერწამის _
ტოტებს აიყრიან მეტი ახელებით,
როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით.
ქალწულო ნინო! ათასჯერ გვენახე!
შენ გეალერსება დედული ვენახი
ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები
_სხვა როგორ ვიგულვოთ აქ შენი ნაცვალი?
ზვარში რომ გაივლი, ჩაყურსულ მტევნების
მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი,
შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს
ხრმალამოღებული მზევაჟი ლაშქარი.
ის არის ივერის მცველი და მზვერავი
და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ!

ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები,
შენ წინ გადახსნილან აწ ჩვენი გულები
მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით,
და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.

დაო და დედაო,
ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე დანდობილი
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით!

შალვა კარმელი

სონეტი ნინოს

ჩვენთან მოსვლისას მეტყველებდი ვაზის ჯვრის მცველი.
მაყვლის ფოთლები შენ გიწევდა სახლის ყავრობას.
საკვირველია: სარკინეთზე არმაზი მწველი,
როგორ დასძლიე დღეობაში მცხეთის მთავრობას.
ქრისტიანობით აგვირგვინებ ქალწულ მგზავრობას.
გაცსა და გაიმს დაუკარგე დიდება ძველი.
შენ ჩააქსოვე ჩვენს წარმართულ სულის სტავრობას _
ავხორცი თმები, წინაპართა ლოცვებით სველი.
ნანა დედოფალს განუკურნე მთავრის სენები.
ალბათ, გწყალობდა მზე ბეთლემის პორფირიანი,
რომ სვეტიცხოველს მუხლს იყრიდა თვით მირიანი.
თოთხმეტ იანვარს შენი დღეა მოსახსენები.
ბოდბის მონასტერს გაუშლიხარ ცისფერ იაში.
ასე ახსოვხართ შენს საყვარელ ივერიაში.

ზვიად გამსახურდია

წმინდა ნინოს

ნათლის ანგელოზს ჰგავდი,
როს წარმართთ დაგვიზავდი,
და სცხე მირონი მცხეთას,
კაცთა, საცხოვართ, ხეთა,
დედავ და ემბაზო ჩვენო,
ნინოვ, ქართლის ბნელისა მთენო,
უკვდავო სიკვდილსა შინა,
მარად გვიძღოდე წინა!

ანა სულხანიშვილი

წმიდა ნინოს!

ვითარ ცისკარი აღეღებოდა,
წმიდაო ნინო! შენდა ვიყავი,
მაყვლოვანში ლოცვად დამდგარი
სისხლსა  და ჯილაგს, ნათესავს ჩემსას
ნათესავი უცხო, ჰრომაელი,
ვფიცავ მაღალ ღმერთს, არ თუ ოდენ სახელად,
ბორკილად გედო. მეც პყრობილი და ბორკილეული
გედექი მხარში და შენთან ერთად
შთამომესმოდა ის სამი სიტყვა,
ნათლით მკობილი ჭაბუკის თქმული.
ჩვენ ორისა და უფლის ძის მეტმა
არვინ უწყოდა გულისგულში
ჩაბუდებული სახმილი ჩვენი.
აწ, შენმა სულმა მეორეული შეიძინა
ხორციელება და უკვდავყოფით სახელისა
განივთდა წიგნში, მე სივლტოლვა
ნიადაგი თვისტომის მკვლელთაგან
მხვდომია წილად, მსგავსად ძის უფლის
და უსახელო მლოცველ სულად და
თანმდევ სულად ჩემი ქვეყნისა,
ახალ-ახალი იარებით დანასისხლარით
გადავდივარ საუკუნიდან საუკუნეში!
გადავდივარ საუკუნიდან საუკუნეში!

VIII.  1996

Gallery | This entry was posted in განხილვა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s