ჯიქია ეკა ლექსები

ქვემორე ლექსები გამქვეყნდა გაზეთ „კალმასობაში”    #7 (81) 2004.

სადმელის*  თეთრი გიორგი

და აიჩეჩავს ეკლესია მხრებივით მტრედებს,
ანგელოზები ღრუბლებს იქეთ მალავენ ღმერთებს,
სისხლად ჩამოღვრილ ალიონზე ჩამოვყრი წვეთებს,
რომ დაველოდო ნისლში გახვეულ მიწას მომავალ
ღმერთებს.

შებზრიალებული თითისტარივით ჭრელი
ზაფხული დგება მკვდრეთით
და საალერსოდ აშლიათ მთებს მხრები.
მიცისკიდებული მთები და მე, ამ მთების ყვავილნარში,
ისე ვდგები, ვითარც იესო იორდანის წყლებში.
ნიშა ხარივით სავსე მზერით ჩამკვიდრებული
კლდე შემომცქერის, ვით თეთრი ეკლესიის რქოვანი
მცველი.

მზერა მწველი ნაღვერდალივით მელის,
მაგრამ ამ დაწეწილ ბილიკს დალის მხოლოდშობილი
შვილი თუ ივლის და სული მისი მე საით მივის?
ნიშანდებული შუბლივით შვენის მთას ეკლესიის
წყნარი ფერი. ალბათ, მის შემოქმედს დედა ჰყოლია
ირმების მწველი! თორემ, აბა, ვით ემსგავსა ეკლესია
ირმის რძეს ფერით?!

ჰერასავით დააცხრა ჩრდილი ცისფერ ყვავილებს.
მე ეს ეკლესია ყვავილივით ცისფრად
მაჩვილებს. ღრუბელში ჩაჟონავს ზეცა ციფერ ფერებს,
ყვავილებივით რომ ველოდო მის ნაჟურ წვეთებს.

მიცისკიდებული მთები. ეკლესიისფერი
გაფითრებული გზები. და მე, ჟამთა ღმერთი,
მხოლოდ ახლა ვხვდები, თუ სად დაუმარხავთ,
თუ სად დაუმალავთ, სიკვდილის ფრთებზე შემსხდარ
მავანთ, ოცნების ნაქურდალი ციური ძალი.

ოცნებას დანაკლისი აღუვსე, ეკლესიავ!
რომ დალის მხოლოდშობილი წული
მოვიდეს შენსას ვით მესია?!
1985.

* სადმელი სოფელია რაჭაში

ჩვენი სიზმარი

ეძღვნება ქათევან ჯერვალიძეს, ჩემს
მასწავლებელს, მეგობარს, ნათლულს.

ლექსის დაწერის ისტორია:
1979-1984წწ-ში ე. წ. ცეკას სასადილოს   ეზოში ვცხოვრობდი. იქ მოდიოდა ხოლმე ეკა ჩემთან და ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, სოფელზე და ათას სხვა რამეზე. იმ პერიოდში გამუდმებით ვხედავდი ერთსა და იმავე სიზმარს. გრძელ, გვრილებიან,        მტრედისფერ კაბაში გამოწყობილი, მაინცდამაინც ცეკას ახლადაშენებული შენობის თავზე დავფრინავდი, თითქოს დავცურავდი, როგორც ეს შენელებულ კადრებშია ხოლმე. ამ შენობას მაშინ მეტაფორულად ქაჯეთის ციხეს ვეძახდით. შენობიდან გამომავალი ხალხი ჩერდებოდა და გაოცებული შემომყურებდა, მე კი ვფიქრობდი: “რა საცოდავნი არიან, ამათ  ხომ ფრენა არ შეუძ ლიათ-მეთქი”. ეკა აღტაცებული დარჩა, გავგიჟდები, სიზმრებიც კი სრულიად განსხვავებული გაქვთო და  კარგა ხნის შემდეგ ეს ლექსი მომიცუნულა. გავოგნდი, საკუთარ თავზე უკეთ მიცნობდა. სათაურიც მისეულია, თან დარცხვენილმა მითხრა: თქვენი სიზმარი ჩემიც მინდოდა გამხდმარიყოო. კარგი იყოს-მეთქი, მეც დავთანხმდი. ეს  ხომ ჩემთვის ყველაზე        გამორჩეული ახალგაზრდისგან უდიდესი პატივი, სიყვარული და აღიარება იყო?!!                                                                                              ქეთევან ჯერვალიძე

მე მთები გაზაფხულის სურნელით ვმუსრე,
მე ცხოვრება ყვავილების ფურცლებით ვფურცლე,
მე წვიმის თავზე ცისარტყელის მანდილი ვავლე,
მე მზის ნათელი მთიებად ბაბუაწვერასავით ვშალე
მე მთები ნისლივით მსუბუქად ავიტატე,
მე მთვარის ნალით დაჭედილი ულაყი ვკაზმე,
რომ მივდევნებოდი გაქცეულს ცაზე და
ფრთებზე ჯვარს მეცვა სიცოცხლის სახე,

მაგრამ კბილებს იცვლიდა სოფელი მაშინ,
მე კი მომწყურებოდა გაფრენა ცაში…
თოვლივით აფუებული სოფელი დნება
და გზას მოიკვლევს ცრემლთა დინება,
არწივის ბრჭყალებივით ფრთებში ჩადინებად.

გასაშლელ ფრთებზე საწვიმარი ღრუბელივით
ჩამოწვა მიწა და ფრთებს სიკვდილივით შეუკრა კრიჭა.
სოფელმა გველივით გაიძრო კანი,
ღირსეული რამ რომ ჰქონოდა მოსატანი.
ფრთები უნდა გამიხადოს ქარქაშოსანი,
რომ მერე სიცოცხლის მადლი გააძღოს
ფრთოსანით.

მაგრამ ქარს ჩაიწნის ფაფარში რაში,
ცხოვრებას დაჰკრავს ნალს გზაში
და მისგან გამომსკდარ ნაპერწკალში
ააშიშხინებს სოფელსაც მაშინ და ჩვენ კი,
იღლიაში ყავარჯნებივით ამოჩრილი ფრთებით
სიცოცხლეს დავეხსნებით, თ უ მ ც ა
ი ს ე ვ  მ ი წ ა ზ ე  ვ რ ჩ ე ბ ი თ!
1985.

ცეცხლის მთა

ცეცხლის მთა სანთელივით დავიდგი მხარზე
სამჯერ ავყევი განთიადს მაცნედ,
სამჯერ მოვწველე ღრუბლები ცაზე,
სამჯერ ავკაფე ბარდები გზაზე,
სამჯერ შევყეფე ჩემს სიკვდილს გზაზე,
ცივმკვეთი უმყოფობა მოვსწყვიდნე მწარე,
უჩინარ საჩინოებას გავუგე გემო,
არარაობა მინდა რომ ვგვემო.

სამჯერ გადავუგდე გზას კალაპოტი,
შავ მაცნეს შარაზე სამგზის ვდარაჯობდი,
სამგზის ვიწვნიე ბედი მახარებლის,
დევთა მოდგმასთნ სამგზის ვხმალაობდი,
განა ვხმალაობდი, მხოლოდ ვთამაშობდი
განა ვბუღრაობდი, მხოლოდ ვბუქნაობდი
და ჯერაც ხმალმოშიებული ვცდები,
მე ხომ დღეს აქამომდეხმლის წვერზე შეწკიპული
მზის სხივად ვჩნდები?
მტერთ ნასისხლარით ვაზვირთე მორევი,
რომ ამეგორებინა გმირთ საფლავთ ლოდები,
დაწყვდიადებულ სახელთაფერის
მე მყავს ჯერ მარტო ცხენი.
ვით კაცს სჭირდება უფალი ღმერთი,
მამულს ვჭირდებით ყოველი ერთი.

მტერთ სისხლის გველი შემწვდება ფერხთით
და გოშიასავით მტვერს მლოკავს ენით.
აღვსდგები მკვდრეთით,
რათა უკან დავბრუნდე ღმერთით!

აღსდექი, წმინდა გიორგი!
აღმართე შენი შუბია,
ვერ ხედავ გველის პერანგში
სამყარო გახვეულია?!

წყალდასხმულ ნაკვერჩხალს
მიმიგავს ცხენი,
ფრთა-ფრთა მოდევნებულ ქარიშხალს
მოვსწყვიტე წელი,
მთა ცხრა და ზღვა ცხრა
სამგზის შემომაკლდა,
ვიცი და რა ვქნა?
კუპრის ზღვას შემოვიფონავ სამგზის
და ლამის ლოცვა აღვავლინო
მე წარღვნის ძალის:

ამოვიძირკვე სული,
სამშობლოვ, მიიღე
ეს მცირედი ძღვნული.
ბედის აკვანში ბალღივით კრული
გავქელე გული!
ღმერთო, შემიწირე ლოცვა,
ამოსული სულით:

“- აღსდექი, წმინდა გიორგი!
აღმართე შენი შუბია,
ვერ ხედავ, გველის პერანგში
სამყარო გახვეულია?!”

VII. 1986.

შობადღე

ზღვა სანთლის ფიალებში მკარგავს
და რა ვქნა?
უნდა გავიდე, გავიდე გაღმა, სადღაც.
ეს სანთლები თმათა კორიანტელში ქრება
და შორიახლოს ახალი ჩასაქრობლები მხვდება.

სიკვდილით მეტი იქეთაა ღმერთი
და მბზინავი უპყრია
მზე – კვერთხი.

ფაფრიდან ზღვის გადმოქცევით გაიქცა ცხენი,
მზის ჩასვლას სანთლის ფიალებით
ამ ზღვაში ვხვდები, რომ გული,
ნაყვავილარი წყენით
ბელტივით გადმოვაბრუნო
და სიცოცხლე მოშლილი
საათივით დავაბრუნო,
რომ მკვდრად გაჭიმული წუთი მოვადუნო,
სიკვდილი გზის გადაღმიდან უკან მოვაბრუნო
სულის შობა რომ კვლავ მომასურვოს.

კედელი აჰყვება სუროს,
როგორც თვალებს ცრემლების სურდო,
სიკვდილმა უნდა მომისწროს ცუდ დროს,
მაგრამ წუთი-წუთს მოსძოვს,
სული გაშიშვლებას მომთხოვს, მომთხოვს
და თმებში დამხვრჩალი ცხენი წაიწევს სულ შორს.

ზღვა სანთლის ფიალებში
მკარგავს და რა ვქნა?
უნდა გავიდე, გავიდე გაღმა, სადღაც!
10 IV. 86.

***

შენ მხარზე გადგას
კოკა გავსებული
და კოკისებურად დუდუნებს გული.
კოკაზე თოვლივით თეთრი მოსულა ხელი.
სადედოფლო გვირგვინივით აუღერებია
კოკას სველი ყელი.
მამზევებელი სულია სიყვარულით ცხელი.
გასაოცარია ნაწნავისებურად კოკას
მოხდენილი თეთრი თეთრი ხელი
და ნაწნავები,
სანთლის ცრემლებად კისერს დადენილი.
და წელი, წელი, გზაზე ჩაგრეხილი,
როგორც საღობე წნელი.
მზეწარხოცილი ცხოვრებაა სიკვდილზე ძნელი
სულის მხურვალება, სოფლის მეწყერი
და მომავალი, შემოდგომაზე მიყუჩებული მწყერი.
სად ხარ?
მწყურვალებით მიშრება ყელი.
სიყვარული ცრემლებივით
ყოფილა მლაშე და ცხელი.
კოკა, კოკაზე მისვენებული ხელი
და კოკსებურად ცრემლებით
გასველებული ყელი.

შობა

ლექსი დაბეჭდილია ლიტერატურის ინსტიტუტის გაზეთ “კალმასობაში”            #9(74), XII, 2003

შობის ვარსკვლავი
მოგვებისათვის არის კვალი
–ეჰა, ბაგა!
ეჰა, ჭეშმარიტი კრავი!
ეს მან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი:
შობა იდუმალი,
შობა საოცარი,
იუდას ძირიდან შობად არს მეფე,
აღსრულდა ისრაელიტელთა
მოლოდინის ჟამი
და სახლი არსად არის,
მხოლოდ ბაგა,
ბაგა-სადგომი უსიტყვთა კრავთა
და მთელი სოფელი არ სიტყვობს ახლა,
ვითარცა ბაგა!

მოგვებს სამეფო მოაქვთ ძღვენი,
შენ ხარ მეუფე ოქრო გშვენის,
შენ ხარ მღვდელი – ეჰა, საკმეველი,
მაგრამ ხარ მღვდელი,
წესსა მას მელქისედეკისასა –
და მოაქვთ მური,
ნუთუ შენც უნდა დალიო სული?
და განიპობა შვიდგზის დედის გული,
“- ნუთუ უნდა წამერთვას შობის სიხარული?
და მევე უნდა შეგცხო ესე მური?
ახლა შობილი გპოვო დაბზარული?

შეოლ! შეოლ!
ყველა შობილი არის შენი წული,
რადგან შობად ხარ, ახლოა აღსასრული.
შეოლ! შეოლ!
შეცდები მწარედ,
წარმოცარიელდება შენიუძღები არე.
განა მოკვდება რახან იშვა,
არამედ იშვა, რათა მოკვდეს
და შენმიერ წარტყვენილ კრავებს
გაუღებს საუკუნო ბაგის კარებს

უკანასკნელი არის ჟამი,
შობა საკვირველი!
შობა საოცარი!
იხსნება ადამის ცოდვით
დახშული ცანი ისმის ზეცის მხედრობის „მაღალიონი”!

ცხვრებთან ხეტებით
დაღლილი მწყემსები,
ბეთლემში ჩვილ ღმერთს შეხვდებით
და ჰპოვებთ ბეთლემს პურის სახლს,
საუკუნო ცხოვრებით აღვსილს.
ვინც კი შობილა და ჯერ არს შობად,
ამ სახლთან საუკუნო პურისთვის მოვა.
შობის ვარსკვლავის
დანატოვარი კვალით
მოდიან მოგვები –
გზად იერუსალიმის კარი.
შეძრწუნდა ჰეროდე,
შეძრწუნდა ხალხი.
ორ წლამდე ყრმებთან
საომრად ემზადება ჯარი,
ნუთუ კეისრის მონებას
არიდა ჰეროდემ თავი?

რაქელი იტირებს შვილთა თვისთა,
მაგრამ არა ევას ხმითა,
მხსნელი დგას კართა ზედა მისთა.
ჯოჯოხეთს მახარობლობენ
ჩვილი ყმანი.:
„- მოვიდა კრავი ჯვარზე გასაკრავი,
სად არს ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი,
ანდა, სიკვდილო, შენი საწერტელი?”
ჟამთა აღვსების შობა საოცარი!

ცას მოაქვს მნათობი,
ქვეყანას – ბაგა, მოგვებს – ძღვენი,
მწყემსებს – ანგელოზთა ხმანი,
მონა მეუფეს – სისხლის ზღვანი
და შენ, სულო ჩემო,
და შენ, სულო ჩემო,
ნეტავ სად იყავი მაშინ?
უკანასკნელი არის ესე ჟამი,
შობა საკვირველი, შობა საოცარი!!!
2000. I.

Gallery | This entry was posted in პოეზია. Bookmark the permalink.

One Response to ჯიქია ეკა ლექსები

  1. mari says:

    არაჩვეულებრივი ლექსებია. ამავსო სულიერად!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s