ქსენოფონი ნადიმი

სიმპოსიონი

ძველბერძნულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო ქეთევან ჯერვალიძემ

გამოქვეყნდა ჟურნალში “ჩვენი მწერლობა” # 22(74). თარგმანი შეტანილ იქნა ძველი ბერძნული ლიტერატურის ანთოლოგიაში ტ. II, თბ.,   2009;

ქსენოფონი (ძვ. წ-აღ. 430 — 355) _ დაბადებული ათენში, არისტოკრატი, კარგი მრავალმხრივი განათლების, სამშობლოდან გაძევებული და ნაპატიები, გარდაიცვალა კორინთოში. ქსენოფონტი იყო სამხედრო მოღვაწე, ისტორიკოსი; მწერალი, „ატიკურ ფუტკრად“ წოდებული თანამემამულეთაგან, სოკრატეს ნამოწაფარი პლატონთან ერთად და „თანაკლასელის“ მოქიშპე. მისი მოღვაწეობა სხვა მის თანამედროვეთა მსგავსად დაემთხვა ძველი საბერძნეთის ისტორიის ურთულეს პერიოდს — შინააშლილობას, რამაც დიდი სამხედრო და ეკონომიკური ზარალი მიაყენა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს. ქსენოფონტმა, პლატონმა, ისოკრატემ… თავისდაუნებურად შეუმზადეს იდეოლოგიური საფუძვლები ალექსანდრე მაკედონელის იმპერიას. ქსენოფონტისათვის სახელმწიფოს იდეალური მმართველის სახე იყო სპარსეთის მეფე, აქემენიდი კიროს დიდი. ის, ათენური დემოკრატიის მოძულე, ეთაყვანებოდა სპარტელთა სახელმწიფო წყობილებას და იყო მათი საპატიო მოქალაქე. ქსენოფონტის უმდიდრესი შემოქმედების ერთ ნაწილს წარმოადგენს ფილოსოფიური, ანუ სოკრატული თხზულებანი, რომელთაგან ორი: „მოგონებები სოკრატეზე“ და „სოკრატეს აპოლოგია“ თარგმნა. და შესავალი წერილითა და კომენტარებით ჯერ კიდევ 1973 წელს გამოსცა ბატონმა აკაკი ურუშაძემ. ამჯერად ქართველ მკითხველს ჩვენ ვთავაზობთ ქსენოფონტის მესამე სოკრატულ ნაწარმოებს „ნადიმი“, რომელსაც მისი მოცულობიდან გამომდინარე, ვერ ვურთავთ  სათანადო შესავალ სიტყვასა და ღრმა კომენტარებს.

ქსენოფონტი  ნადიმი   I თავი  1. ჩემი აზრით, გახსენების ღირსია ყველა ის საქმე,

ჩვენი მწერლობა

რომელიც ადამიანებს მხოლოდ დინჯი ქმედებებისას კი არ გარდაქმნის მაღალზნეობისად, არამედ ლაღობისასაც. ამიტომ, მე, შემსწრეს ასეთი შემთხვევისას, მსურს, რაც მე ვიცი, ის განგიცხადოთ. 2. ეს იყო ჯირიმისას, პანათენეების დროს, კალიას ჰიპონიკეს ძე შეყვარებული გახლდათ ავტოლიკეზე ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ბავშვი იყო. ახლა კი მან მრავალჭიდში გაიმარჯვა და კალიასიც სწორედ ამ შეჯიბრის სანახავად მოვიდა. დამთავრდა თუ არა რბოლა, კალიასმა ავტოლიკესა და მის მამასთან ერთად პირეასი, თავისი სახლისკენ, გასწია. მას მიჰყვებოდა ნიკერატეც. 3. უცებ კალიასმა სოკრატე და მასთან ერთად კრიტობულე, ჰერმოგენე, ანტისთენე და ქარმიდე დაინახა, რის გამოც მან მასთან მყოფთაგან ერთს სთხოვა ავტოლიკე თანმხლები პირებითურთ მის სახლამდე მიეცილებინა, თვითონ კი სოკრატესა და მის გარემოცვასთან მივიდა და უთხრა: 4. — რა კარგია, რომ შეგხვდით. განზრახული მაქვს ავტოლიკესა და მამამისს ვუმასპინძლო, ნადიმი კი, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო დიდებული გამოვა, თუკი მას თქვენსავით სულგანწმენდილი კაცები დაამშვენებენ და არა სტრატეგოსები, ჰიპარქები და ასევე მაძიებელნი სხვადასხვა თანამდებობებისა. 5. სოკრატემ მიუგო: — შენ სულ დაგვცინი და უგულებელგვყოფ. ამიტომაცაა, რომ სიბრძნეთი გასაწაფად ბევრი ფული მიეცი გორგიას, პროდიკეს და კიდევ ბევრ სხვასაც, ჩვენ კი ისე გვიყურებ, როგორც თვითნასწავლთ ფილოსოფიაში. 6. — დიახ, — უპასუხა კალიასმა, — ადრე გიმალავდით, ბევრი და ბრძნული რამის თქმა რომ შემეძლო, ახლა კი, თუ თქვენ გამომყვებით, გიჩვენებთ, რომ სრული ყურადღების ღირსი ვარ. 7. თავიდან სოკრატემ და მასთან მყოფებმა, ცხადია, მიწვევაზე მადლობა გადაუხადეს, მასთან სადილობის პირობას კი არ დასთანხმდნენ, მაგრამ როგორც კი აშკარა გახდა, რომ გაუყოლობის შემთხვევაში კალიასი ძალიან გაბრაზდებოდა, გაჰყვნენ. ამის შემდეგ ისინი მართლაც მივიდნენ მასთან: ზოგნი ნავარჯიშევნი და ზეთცხებულნი, ზოგნიც განბანილნი. 8. ავტოლიკე მამამისის გვერდით დაჯდა, სხვები კი, როგორც მიღებული იყო, მხარ-თეძოზე წამოწვნენ. ის, ვინც ყურადღებას მიაქცევდა იმას, რაც იქ ხდებოდა, მყისვე დაასკვნიდა, რომ სილამაზე თავისი ბუნებით მეფური რამაა, მით უმეტეს, თუ ის მოკრძალებასა და კეთილგონიერებასთანაა წილნაყარი, როგორც თუნდაც ავტოლიკეს შემთხვევაში. 9. ჯერ ერთი, როგორც მანათობელი რამ, ღამით მოტყინარე, იპყრობს ყველას მზერას, ასევე იტაცებდა სილამაზე ავტოლიკესი ყველას თვალს. თანაც ამის ზემოქმედებით სულში გამოწვეულ რაღაც განცდას ვეღარავინ უძლებდა: ერთნი დუმდნენ, მეორენი კი რაღაცას მიანიშნებდნენ ხელებით. 10. ღირსსანახავია ყველა, რომელიმე ღმერთის მიერ შეპყრობილი, ასეთთაგან ზოგნი გორგონასებრ გამოიმზირებიან, ზოგთ ხმა უხდებათ თავზარდამცემი, ზოგთ კი — მოძრაობა შმაგი, ხოლო უბიწო ეროსით მოცულთ, მზერა აქვთ თბილი, ხმა — ხავერდოვანი, ხოლო მანერები — თავისუფალი ადამიანისთვის ნიშანდობლივი. ეროსის და ამ ღმერთის საიდუმლოებაგანდობილთა გავლენით სწორედ ასეთი იყო კალიასი. დიდებული რამ იყო მისი ყურება. 11. ასე რომ, სტუმრები მდუმარედ სადილობდნენ, თითქოს რომელიმე უზენაესი ღმერთის ბრძანებას ასრულებენო. ამ დროს კარზე ფილიპემაც დააკაკუნა. ხუმარამ სთხოვა კარისკაცს, ეუწყებინა მასპინძლისათვის, ვინ იყო და რისთვის მოსული და თან დასძინა, რომ მოიძღვანია ყოველივე, რაც კი საჭირო იყო სხვის ხარჯზე სანადიმოდ, რომ მისი ხელზე მოსამსახურეც ძლიერ იყო დამძიმებული, ვინაიდან უზმოდ გადავლილს თან არაფერი მოჰქონდა. 12. ამის გამგონე კალიასმა თქვა: — მეგობრებო, ცხადია, სირცხვილი იქნება თავშესაფარზე უარი ვუთხრათ, შემოვიდეს და თან ავტოლიკეს გახედა, ჩანს, აინტერესებდა როგორ მიიღო მისი გახუმრება მან. 13. ფილიპე გაჩერდა შუაგულ დარბაზში, სადაც სუფრა იყო გაშლილი და წარმოსთქვა: — თქვენ ყველას მოგეხსენებათ, რომ ხუმარა ვარ, აქ ჩემი ნებით მოვედი, ვინაიდან ვიფიქრე, რომ უფრო სასაცილო იქნებოდა, თუკი ნადიმად წვევის გარეშე, დაუპატიჟებლად გამოვცხადდებოდი. — მაშ წამოწექი — მიუგო კალიასმა — ხომ ხედავ, აქ მყოფნი, აღვსილნი სიდინჯით, სიცილს სრულიად მოჰკლებიან. 14.

ქსენოფონი

ქსენოფონი

სადილობისას ფილიპემ უმალვე მოიწადინა სახუმარო რამ ეთქვა, რათა აღესრულებინა თავისი მოვალეობა, რისთვისაც იწვევდნენ ხოლმე ყოველთვის. მაგრამ მისმა ნათქვამმა სიცილი ვერ გამოიწვია, რამაც, ცხადია, დაამწუხრა ის. პატარა ხანი რომ გამოხდა, ის კიდევ შეეცადა გახუმრებას, მაგრამ როცა ამ ხუმრობასაც არ მოჰყვა სიცილი, მან გახურებული ნადიმისას ჭამა შეწყვიტა და იწვა ისე, თავწაფარებული. 15. მაშინ ჰკითხა კალიასმა მას: — რა დაგემართა, ფილიპე? რაიმე ხომ არ გაწუხებს? მან კი კვნესაკვნესით უპასუხა: — დიახ, კალიას, ვფიცავ ზევსს, ძალიანაც მაწუხებს. თუკი სიცილი ადამიანებს მიატოვებს, ჩემს ხელობასაც მოეღება ბოლო. უწინ იმისთვის მიწვევდნენ, რათა სტუმრებს ჩემი მახვილსიტყვაობით ემხიარულათ. აბა, ახლა რისთვისღა მიმიწვევენ? მე, ჩემი მხრივ, დინჯად ყოფნა იმაზე ნაკლებ როდი ძალმიძს, ვიდრე უკვდავად ქცევა: არც მაგიერი მიპატიჟების იმედად დამიძახებს ვინმე, რამეთუ იციან, რომ ჩემთან რაიმეს წამოძღვანიება წესი არ არის. ამბობდა რა ფილიპე ამ სიტყვებს, თან ცხვირს აცემინებდა, მისი ხმა კი სლუკუნს უფრო მოგაგონებდათ. 16. ამიტომ ყველამ დამშვიდება დაუწყო მას, ჰპირდებოდნენ, რომ სხვა დროს გაიცინებდნენ, ოღონდაც ახლა ეჭამა. კრიტობულეს სიცილიც კი წასკდა ხუმარასადმი ესოდენი სიბრალულისა გამო.   II თავი  1. როცა სუფრა აალაგეს, თანამეინახეებმა ზედაშე შესწირეს და გალობა აღავლინეს. სწორედ ამ დროს მოვიდა მათთან ერთი ვინმე სირაკუზელი ფლეიტაზე დამკვრელ და თანაც მშვენიერ მოცეკვავე ქალთან ერთად, ერთ იმათგანთან, საოცრებებს რომ სჩადიან ხოლმე და კიდევ ერთ ძალიან ლამაზ ბიჭთან ერთად, რომელიც ჩინებულად უკრავდა კითარაზე და ცეკვავდა კიდეც. სირაკუზელი მათ ხელოვნებას საზოგადოებას საკვირველებად წარუდგენდა ხოლმე და თან ამაში ფულს იღებდა. 2. როცა ჯერ ქალმა დაუკრა ფლეიტაზე, შემდეგ კი — ვაჟმა კითარაზე, და როგორც გამოჩნდა, ფრიად ასიამოვნა სტუმრებს, მაშინ სოკრატემ თქვა: — ვფიცავ ზევსს, კალიას, სრულყოფილად გვმასპინძლობ, მარტო სადილი კი არ იყო უნაკლო, არამედ მზერა და სმენაც დაგვიტკბე. 3. კალიასმა კი მიუგო: — რა იქნება, თუკი სურნელოვან ზეთსაც მოგვიტანენ, რათა კეთილსურნელებითაც გაგვიმასპინძლდნენ? — არ არის საჭირო — შეეპასუხა სოკრატე — როგორც სხვა კაბა ამშვენებს ქალს, სხვა კი — მამაკაცს, ასევეა სურნელიც: ერთი შეჰფერის ქალს, მეორე — კაცს. რაც შეეხება მამაკაცს, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ერთი კაცი არ იცხებს სურნელოვან ზეთს, რაც შეეხება ქალებს, მით უმეტეს, ახალ პატარძლებს, როგორნიც ნიკერატესა და კრიტობულეს ცოლები არიან, იმათ აბა რაში სჭირდებათ სურნელოვანი ზეთი? ისინი ხომ თავად აფრქვევენ სურნელს? ხოლო ქალებს იმ ზეთის სურნელი უფრო სიამოვნებთ, რომელიც სავარჯიშო დარბაზებშია, თუმცა უმჯობესია ის არც იყოს. 4. რადგან მონა იცხებს სურნელოვან ზეთს, თუ თავისუფალი ადამიანი, სულ ერთია, ერთნაირი სუნი ექნება ორივეს, ხოლო თავისუფალი ადამიანისთვის ნიშანდობლივი შრომის სურნელს, წინდაწინ ბევრი ჯაფა და დიდი დრო სჭირდება, რათა ის სასიამოვნო და შესაფერისი იყოს მისთვის. ლიკონმა კი იკითხა: — ეს ყოველივე ახალგაზრდებს ეხებათ, ჩვენ კი, ვინც აღარ ვვარჯიშობთ, რის სუნს უნდა ვაფრქვევდეთ? — სათნოებათა სურნელს — ვფიცავ ზევსს, — მიუგო სოკრატემ. — მაინც სად იშოვება ეგ სუნამო? — არა სურნელოვანი ზეთების გამყიდველებთან — ვფიცავ ზევსს — იყო სოკრატეს პასუხი. — მაშ სად? — თეოგნიდემ ბრძანა: „კეთილთაგან სიკეთეს სწავლობ, ცუდთაგან კი გონებას, რაც გაქვს, იმასაც ¸კარგავ“(I, 35). 5. აქ კი უკვე ლიკონმა მიმართა შვილს: — გესმის, შვილო? — დიახ, ვფიცავ ზევსს — ესმის — თქვა სოკრატემ და საქმით დაამტკიცებს ამას. სურდა ძლევით შემოსილიყო მრავალჭიდში… ,ახლა კი შენთან ერთად დაუფიქრდება იმას, თუ ვინ იქნება მეგობრად უკეთესი ამ საქმეში და მასთან გააბამს კავშირს. 6. ამას მოჰყვა ყველას ხმაური: ერთმა თქვა: — სად იპოვის ამის მასწავლებელს? მეორემ აღნიშნა, რომ ამის სწავლა შეუძლებელია, მესამე კი შეეწინააღმდეგა, რომ ამის სწავლაც ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა რამის. 7. სოკრატემ კი შენიშნა: — ეს სადავო საკითხია, სხვა დროისათვის გადავდოთ და იმას მივხედოთ, რაც ჩვენ წინაშეა. აი, მე ვხედავ მოცეკვავე ქალს, რომელსაც აძლევენ რგოლებს.  8. ამის შემდეგ მეორე გოგონამ ფლეიტის ხმაზე აცეკვა პირველი, ხოლო მოცეკვავის ახლო მდგომმა მამაკაცმა მას ერთიმეორეზე მიყოლებით სტყორცნა რგოლები, სულ თორმეტი. ისიც ცეკვა-ცეკვით იჭერდა მათ, მაღლა ისროდა და თანაც ისე, რომ ეტრიალათ. ამავე დროს ის ითვალისწინებდა სროლის სიმაღლესაც, რათა მუსიკის ტაქტში ჩატეულიყო. 9. ამის შემხედვარე სოკრატემ კი თქვა: — მეგობრებო, როგორც ბევრი სხვა რამ, ისე ესეც, რასაც ეს გოგონა აკეთებს, გვიდასტურებს იმას, რომ დედათა ბუნება არაფრით ჩამოუვარდება მამრთა ბუნებას, გარდა გონებრივი მონაცემების და ფიზიკური ძალისა, ასე რომ, თუკი რომელიმე თქვენგანს ჰყავს ცოლი, დაე, ასწავლოს თამამად ყოველივე ის, რის ხილვასაც მასში მოისურვებდა. 10. აქ კი ანტისთენეც ჩაერთო: — სოკრატე, თუკი შენი აზრი ასეთია, მაშ რატომ არ აღზრდი ქსანტიპას, რომელზე მძვინვარეც, ჩემი აზრით, არავინ არის, არც ყოფილა და არც იქნება? — იმიტომ რომ, — უპასუხა სოკრატემ, — რამდენადაც მე მაქვს შენიშნული, მხედრობაში გაწაფვის მოსურნენი თვინიერ ცხენებს კი არ ირჩევენ ხოლმე, არამედ ფიცხებს. ისინი ფიქრობენ, რომ თუკი ასეთებს გახედნიან, სხვა ცხენებს უფრო იოლად დაიურვებენ. ჰოდა მეც, ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარულმა, ქსანტიპა იმ რწმენით შევირთე ცოლად, რომ თუ მას გავუძლებდი, ყველა სხვა ადამიანთან გამიადვილდებოდა ურთიერთობა. ეს სიტყვები კი, ცხადია, არ იყო უბრალოდ ნათქვამი. 11. შემდგომ ამისა მოიტანეს რგოლი, რომელსაც სიმაღლეზე ჩასობილი ჰქონდა მახვილები. მოცეკვავე ქალი მათ შორის ყირამალას გადადიოდა. ისე ხტოდა, რომ მაყურებლებს ეშინოდათ, რამე არ დამართნოდა მას. მოცეკვავე კი ამას თამამად და მშვიდად აკეთებდა. 12. სოკრატე კი მიბრუნდა ანტისთენესაკენ და უთხრა: — ვინც ამას იხილავს, არ იქნება წინააღმდეგი თქვას, რომ სიმამაცის სწავლაც შესაძლებელია. მართალია, ის ქალია, მაგრამ ძალიან ლაღად დახტის ხმლებს შორის.  13. ამაზე ანტისთენემ მიუგო: — აქედან გამომდინარე, ამ სირაკუზელისათვის იქნებ უკეთესი იყოს თავისი მოცეკვავე მთელ ქალაქს წარუდგინოს და უთხრას, რომ თუკი ათენელები ფულს გადაუხდიან, მათ ისეთ მამაცებად გარდაქმნის, რომ შუბსაც კი წამოეგებიან. 14. ხუმარამ კი თქვა: — ვფიცავ ზევსს, მე, ჩემი მხრივ, ვისურვებდი მენახა ჩვენი სახალხო წინამძღოლი, პისანდრე, ხმლებს შორის ყირაზე გადასვლას როგორ ისწავლიდა, მაშინ როცა, ის შუბს ვერ იტანს და ლაშქრობისას სხვებთან ერთად ბრძოლაზეც უარს ამბობს. 15. ამის შემდეგ იცეკვა ბიჭმა: — ხედავთ, — თქვა სოკრატემ, — მართალია, ყმაწვილი ლამაზია, მაგრამ როცა ის საცეკვაო ილეთებს ასრულებს, იმაზე ლამაზად გამოიყურება, ვიდრე უმოძრაობის შემთხვევაში. — მგონი, შენ ცეკვის მასწავლებლის შექება გწადია, — მიმართა სოკრატეს ქარმიდემ. 16. დიახ, — თქვა სოკრატემ, — აი, რა აღმოვაჩინე: ამ ცეკვისას სხეულის არც ერთი ნაწილი არ იყო უძრავად, შეთანხმებულად მოძრაობდნენ: კისერი, ფეხები და ხელები. ასე უნდა ცეკვავდეს ის, ვისაც სხეულის სიმსუბუქე სურს. მე კი, სირაკუზელო, — დაამატა სოკრატემ ნათქვამს, — ვისურვებდი, საცეკვაო ილეთები შენგან მესწავლა. — კი მაგრამ, რაში გჭირდება? — ჰკითხა მან. — რაღა ვიცეკვო — ვფიცავ ზევსს! 17. ცხადია, ამაზე მყისვე გაეცინა ყველას, სოკრატემ კი მომეტებული სიდინჯის გამომხატველი სახით თქვა: — დამცინით? ნუთუ იმის გამო, რომ ვარჯიშით გაკაჟება მოვისურვე, ან იქნებ იმიტომ, რომ მინდა მეტი სიამოვნებით დავნაყრდე და მოვისვენო? განა მე ისეთ ვარჯიშებს ვესწრაფვი, რომელთა გამო ფეხები სივდება, მხრები კი ვიწროვდება, როგორც ეს მორბენლებს ემართებათ, ან  ისეთს, როცა მხრები ფართოვდება, ფეხები კი წვრილდება, როგორც ამას მოკრივეებში ვხვდებით? არა, მე მთელი სხეულის ვარჯიში, მისი ნაკვთების წონასწორობაში მოყვანა მსურს! 18. იქნებ იმიტომ დამცინით, რომ არ დამჭირდება ჯუფთის ძებნა და არც სიჭარმაგეში საჯაროდ გაშიშვლება მომიწევს, რომ შვიდი ლოჟის მოცულობის ოთახიც მეყოფა, როგორც ამ ბიჭს ჰყოფნის ეს შენობა ოფლის საღვრელად? რომ ზამთრობით ჭერქვეშ ვივარჯიშებ, ხოლო როცა ძალზე ეცხელება — ჩრდილქვეშ? 19. ან იქნებ იმაზე იცინით, რომ მე უზომოდ დიდი მუცლის დაგდება მინდა? ნუთუ არ იცით, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, განთიადისას, სწორედ ეს ქარმიდე გადამეყარა ცეკვისას? — დიახ, ვფიცავ ზევსს, — თქვა ქარმიდემ, — პირველად გავოცდი, შემეშინდა, ხომ არ გაგიჟდა-მეთქი, ხოლო როცა შენი ახლანდელის მსგავსი მოსაზრებანი მოვისმინე, მართალია, სახლში დაბრუნებულს ცეკვა არ დამიწყია, ვინაიდან არასოდეს მისწავლია, მაგრამ ხელ-ფეხს მაინც ვიქნევდი, რადგან ეს ნამდვილად შემიძლია. 20. — ვფიცავ ზევსს, — ჩამოერია ფილიპე, — შენ თითქოს მართლაც თანასწორი გაქვს მხრები და ფეხები, ქარმიდე, ასე რომ, თუკი შენ ბაზრის ზედამხედველთა წინაშე აიწონებოდი, შენი ქვედა ნაწილი ტოლი აღმოჩნდებოდა ზედა ნაწილისა, როგორც ეს პურის შემთხვევაშია და აღარავინ დაგაჯარიმებდა. აქ კი კალიასიც ჩაერთო: — სოკრატე, როცა ცეკვის სწავლას გადაწყვეტ, მხოლოდ მე მიმიწვიე, მე ვიქნები შენი ჯუფთი და შენთან ერთად ვისწავლი ცეკვას. 21. — მაშ მოდი ერთი, ჩემთვისაც დაუკრას მაგ ფლეიტაზე დამკვრელმა ქალმა, — თქვა ხუმარამ, — მე კი დავუვლი. ამის შემდეგ ის წამოდგა და ისეთი მიმოხვრით გაიარა, როგორც ბიჭი და გოგო რონინებდნენ. 22. უპირველეს ყოვლისა, ფილიპემ, რამეთუ ბიჭი მის მიერ შესრულებული საცეკვაო ილეთების გამო ლამაზად გამოიყურებოდა, სხეულის ყველა მაკვთი, რომლითაც მოძრაობდა, უფრო სასაცილოდ გამოაჩინა, ვიდრე ისინი უძრავ მდგომარეობაში ჰქონდა. ხოლო გოგონა უკან გადაზნექვით ცდილობდა რა რგოლის განსახიერებას, ფილიპემ ამის გაკეთება წინდახრით სცადა. ბოლოს კი, ვინაიდან ბიჭს იმის გამო აქებდნენ, რომ ცეკვისას ის სხეულის ყველა ნაკვთს ავარჯიშებდა, ხუმარამ ფლეიტაზე დამკვრელ ქალს რიტმის აჩქარება სთხოვა და სხეულის ყველა ნაკვთი აამოძრავა: ფეხები, ხელები, თავი. 23. ხოლო როცა დაიღალა, წამოწოლისას თქვა: — მეგობრებო, აი, მტკიცებულება იმისა, რომ ჩემი ცეკვაც მშვენივრად ავარჯიშებს სხეულს. მე კი, ჩემი მხრივ, მომწყურდა, მერიქიფევ, მოზრდილ ფიალაში დამისხი! კალიასმა უთხრა: — ვფიცავ ზევსს — ჩვენც ასევე მოგვწყურდა, შენზე მოცინართ. 24. სოკრატე კი მაშ ასე გამოეხმაურა: — რაც შეეხება სმას, მეგობრებო, მეც სავსებით გეთანხმებით, ვინაიდან ღვინო რწყავს სულს და ტკივილს მანდრაგორასავით აძინებს, მაგრამ ღვინო ამასთანავე აღვიძებს მხიარულებას, ვითარცა ზეთი — ცეცხლს.  25. თუმცა, ჩემი აზრით, ადამიანების სხეულებს იგივე ემართებათ სმისას, რაც მცენარეებს მიწაზე. როცა ღმერთი მათ ზედმეტად გააჯერებს წვიმით, ისინი გამართულად ვეღარ დგანან და ვეღარც ნიავი უვლით მათ. ხოლო როცა ისინი იმდენს სვამენ, რამდენიც საÿიროა, სწორადაც იზრდებიან, ყვავიან კიდეც და ნაყოფსაც იძლევიან. 26. ასევე გვემართება ჩვენც. თუკი ერთბაშად დავლევთ ბევრს, სხეული და გონება უმალვე შეწყვეტს მუშაობას. არათუ ლაპარაკს, სუნთქვასაც ვეღარ შევძლებთ, ხოლო თუკი ეს ახალგაზრდა მერიქიფენი ცოტა-ცოტას დაგვისხამენ მცირე ზომის ჭიქებში, მაშინ შეიძლება გორგიასებურად ვთქვათ, რომ ღვინო კი ვერ მოგვერევა, არამედ უკეთეს განწყობაზე დაგვაყენებს. 27. ამას ყველა დაეთანხმა, ფილიპემ კი დასძინა, რომ მერიქიფეებს კარგი მეეტლეებისთვის უნდა მიებაძათ, რათა სასმისები მალ-მალე ჩამოეტარებინათ წრეზე. ისინიც ასე მოიქცნენ.

III თავი  1. ამის შემდეგ ბიჭმა ლირა ფლეიტისებურად მომართა და ცეკვა-სიმღერას შეუდგა. ყველა მას აქებდა, ქარმიდემ კი თქვა: — მეგობრებო, რაც სოკრატემ ღვინოზე ბრძანა, მგონი, იგივე ხდება ახლაც: ახალგაზრდათა სილამაზისა და საკრავის ბგერათა ნაზავი დარდს კი აძინებს, მაგრამ სიყვარულის ჟრჟოლასა გვკიდებს ტანში. 2. ახლა ისევ სოკრატე ჩაება ბაასში: — მეგობრებო, — თქვა მან, — ისინი, როგორც ცხადი გახდა, გვანიჭებენ სიამოვნებას, თუმცა მე მჯერა იმისაც, რომ ჩვენ ბევრად აღვემატებით მათ, ამიტომ განა სირცხვილი არ იქნება, თუკი არ შევეცდებით აქ შეკრებილებმა ერთურთს ბაასით რაღაც სარგებელი და სიხარული მივანიჭოთ? ბევრმა მაშინვე შენიშნა: — მაშ მიგვითითე, როგორ წავიყვანოთ საუბარი, რათა უკეთ მივაღწიოთ მიზანს. 3. — ასეთ შემთხვევაში, — თქვა სოკრატემ, — სიამოვნებით მივიღებდი კალიასის დანაპირებს: სწორედ მან აღგვითქვა, რომ თუკი მასთან ვისადილებდით, თავისი განსწავლულობის ნიმუშს წარმოგვიდგენდა. — გიჩვენებთ კიდეც, — მიუგო კალიასმა, თუკი ყოველი თქვენგანი საჯაროდ წარმოადგენს, რაც რამ იცის კარგი — არავინაა წინააღმდეგი, — თქვა სოკრატემ, — არც უარს ამბობს ვინმე, გვითხრას რა ცოდნას მიიჩnევს ღირებულად. 4. — თუკი ასეა, — თქვა კალიასმა, — გეტყვით, რითაც ვამაყობ. ჩაზრით, შემიძლია ადამიანები უკეთესებად ვაქციო. მაშინ ანტისთენემ ჰკითხა: — ორიდან რომელს ასწავლი, ხელობას რასმე, თუ სათნოებას? — სათნოებას, თუკი სამართლიანობა სათნოებაა. — ვფიცავ ზევსს, ეს უდავოდ ასეა, — თქვა ანტისთენემ. სიმამაცე და სიბრძნე ზოგჯერ ზიანის მომტანია მეგობრებისა და თანამოქალაქეებისათვის, სამართლიანობას კი არაფერი აქვს საერთო უსამართლობასთან. 5. — მაშ ასე, როგორც კი ყოველი თქვენგანი იტყვის, თუ რა აქვს მას სარგებლის მომტანი, მაშინ, ჩემი მხრივ, მეც არ ვიტყვი უარს დავასახელო ის ხელობა, რომლის მეშვეობითაც ამას ვიქმ. ნიკერატე, მოდი ახლა შენ თქვი, — განაგრძობდა კალიასი, — ყველაზე მეტად რისი ცოდნით მოგაქვს თავი? მან მიუგო: — მამაჩემი ზრუნავდა რა იმაზე, რომ კარგი კაცი დავმდგარიყავი, მაიძულებდა ჰომეროსის ყველა ქმნილება შემესწავლა, ასე რომ, ახლა მე შემიძლია მთელი „ილიადა“ და „ოდისეა“ ზეპირად წარმოვთქვა. 6. — ნუთუ დაგავიწყდა, — მიმართა მას ანტისთენემ, რომ ეს პოემები რაფსოდებმაც იციან ზეპირად? — მაგას რა დამავიწყებს, — უპასუხა მან, — როცა მათ მე თითქმის ყოველდღე ვუსმენ? — ადამიანთა მოდგმაში რაფსოდებზე უბრიყვესი თუ იცი ვინმე? — არა, ვფიცავ ზევსს, მგონი, არ ვიცი — მიუგო ნიკერატემ. — ცხადია, — თქვა სოკრატემ, — ისინი დაფარულ აზრს ვერ სწვდებიან. შენ კი, ნიკერატე, დიდი თანხა მიეცი სტესიმბროტეს, ანაქსიმანდრესა და ბევრსაც სხვას, რათა ღირებული არაფერი გამოგრჩენოდა. 7. — აბა შენ, კრიტობულე, რითი მოგაქვს თავი, — განაგრძობდა სოკრატე. — სილამაზით, — იყო პასუხი. — განა შეგიძლია თქვა, — მიმართა მას კვლავ სოკრატემ, — რომ შენი სილამაზით ჩვენ უკეთეს ადამიანებად გვაქცევ? — თუ ვერა, მაშინ გამოდის, რომ გამოუსადეგარი ვყოფილვარ. 8. — შენ, ანტისთენე, შენ რითიღა ამაყობ? — ჰკითხა მან ანტისთენეს. — სიმდიდრით, — უპასუხა მან. მაშინ ჰერმოგენემ ჰკითხა ანტისთენეს, ბევრი ფული ჰქონდა თუ არა მას. ფილოსოფოსმა დაიფიცა, რომ ობოლიც არ გააჩნდა. — იქნებ მამულები გაქვს შეძენილი? — კარგი, ეყოფა ჩვენი ავტოლიკეს სილაში ამოგანგვლა. 9. — მასაც უნდა მოვუსმინოთ. ქარმიდე, — მიმართა სოკრატემ, — შენ რითიღა ამაყობ? — მე, პირიქით, სიღარიბით მომაქვს თავი დიდად, — იყო პასუხი. — ვფიცავ ზევსს, — თქვა სოკრატემ, — ეგ ფრიად სასიამოვნო რამაა, ყველაზე ნაკლებ შესაშური. მის გამო არ იბრძვიან, ის დაუცველადაც კი დაცულია, ზრუნვას მოკლებული, უფრო და უფრო იმატებს ძალებს. 10. — სოკრატე, აბა შენ რითიღა მოგაქვს თავი? — ჰკითხა კალიასმა. ის მრავალმნიშვნელოვნად შეყოვნდა და მიუგო: — შუაკაცობით. მას შემდეგ, რაც მას ყველამ სიცილი დააყარა, სოკრატემ მიმართა მათ: — თქვენ კი იცინით, მაგრამ მე ვიცი, რა დიდ ქონებას შევიკრებდი, თუკი ჩემს ხელობას გასაქანს მივცემდი. 11. — შენ ფილიპე — ახლა ლიკონი მიუბრუნდა ფილიპეს: — ცხადია, ამაყობ შენი ხუმარობით. — დიახ და ფრიად სამართლიანადაც, — უპასუხა მან, — ვიდრე მსახიობი კალიპიდე, რომელიც თავს იმით იწონებს, რომ შეუძლია ბევრი ჩამოსხას ცრემლმდინარედ. 12. — ლიკონ, იქნებ შენც გვითხრა, რითი მოგაქვს თავი? — ჰკითხა ანტისთენემ. ლიკონმა უპასუხა: — განა ყველამ არ იცით? ჩემი ვაჟით, მას კი — კვლავ იკითხა ვიღაცამ — ალბათ თავისი გამარჯვებით. ავტოლიკე წამოწითლდა და თქვა: — სულაც არა, ვფიცავ ზევსს! 13. შემდგომ ამისა ყველამ, გახარებულმა იმით, რომ მისი ხმა გაიგონეს, მზერა მიაპყრეს მას. ვიღაცამ ჰკითხა: — მაშ რითი, ავტოლიკე? მან მიუგო: — მამაჩემით და მიეკრა მას. ეს რომ კალიასმა დაინახა, თქვა: — ლიკონ, ხვდები მაინც, ყველაზე მდიდარი რომ ხარ ადამიანთა შორის? — დიახ, ფაქტზე წამასწარით, ალბათ, მართლაც ყველაზე მდიდარი ვარ! 14. — ჰერმოგენე, შენ რითიღა ბრწყინავ? — ჰკითხა მას ნიკერატემ. — მეგობართა სათნოებებითა და სიძლიერით, — თქვა მან, — და იმით, რომ ისინი ზრუნავენ ჩემზე. აქ კი ყველამ მას შეხედა და ბევრმა ჰკითხა კიდეც, დაასახელებდა თუ არა მათ. მან კი მიუგო, რომ წინააღმდეგი არ იყო. IV თავი  1. ყოველივე ამის შემდეგ სოკრატემ თქვა: ისღა დაგვრჩენია, აღნიშნულ საგანთა დიდი ღირებულება წარმოვაინოთ. — უპირველეს ყოვლისა, მე მომისმინეთ — ბრძანა კალიასმა — იმ დროს, როცა თქვენ კამათობთ იმის შესახებ, თუ რა არის სამართლიანობა, მე ადამიანებს ვეხმარები სამართლიანნი გახდნენ. — კი, მაგრამ, როგორ, ჩემო კარგო? — ჰკითხა სოკრატემ. — ვფიცავ ზევსს, ფულს ვაძლევ ხოლმე. 2. აქ კი წამოდგა ანტისთენე და მეტი სიცხადისათვის ჰკითხა მას: — კალიას, შენ როგორ გგონია, სამართლიანობა რაში აქვთ ადამიანებს სულში თუ აბგაში? — სულში, — მიუგო მან. — და შენ, მას შემდეგ, რაც ვერცხლს საფულეში ჩაუჩხრიალებ, მათ სამართლიანობისკენ მიმართავ? — ნამდვილად! — როგორ? — ადამიანებს, იციან რა, რომ აქვთ შესაძლებლობა საჭიროებისამებრ შეიძინონ ის, რაც სურთ, აღარც ბოროტმოქმედება უნდათ და აღარც თავის ხიფათში ჩაგდება. 3. — გაძლევენ კი რამეს იქიდან, რასაც იღებენ? — ჰკითხა ანტისთენემ. — ვფიცავ ზევსს, ნამდვილად არა, — მიუგო მან. — როგორ, ფულის მაგივრად მადლობას გიხდიან? — ვფიცავ ზევსს, არც მაგას აკეთებენ, ზოგნი უფრო მტრულადაც კი მეკიდებიან, ვიდრე ფულის მიღებამდე. — გასაოცარია, — თქვა ანტისთენემ და თან კარგად დააკვირდა მას. შენ შეგიძლია ისინი სამართლიანობით განაწყო ყველას მიმართ, გარდა შენი თავისა? 4. — კი, მაგრამ, ამაში რა არის გასაოცარი? — გაიკვირვა კალიასმა. განა ცოტა ხურო და მშენებელი გინახავს, რომელნიც სხვათათვის სახლებს აშენებენ, თავიანთთვის კი ვერ ახერხებენ და ნაქირავებში ცხოვრობენ? — სოფისტო, ჩანს, დამარცხდი, უნდა აიტანო. 5. — ვფიცავ ზევსს, — ჩაერთო საუბარში სოკრატე, — ის უნდა შეურიგდეს ამას. როგორც ამბობენ, ნათელმხილველნიც უწინასწარმეტყველებენ ხოლმე მომავალს სხვათ, თავისას კი ვერ ხვდებიან. ასე დამთავრდა მაშინ მათი ბაასი. 6. ამის შემდეგ ნიკერატემ თქვა: — მეც მომისმინეთ, გითხრათ რითი გახდებით ჩემთან თანაობით უკეთესნი. თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, რომ ბრძენი ჰომეროსი თავის ქმნილებებში ყველა ადამიანურ საქმეზე საუბრობს, ასე რომ, თქვენგან ვისაც სურს, რომ გახდეს დახელოვნებული მნე, სახალხო წინამძღოლი, ჯარის მეთაური, ან კიდევ აქილევსის, აიაქსის, ნესტორისა და ოდისევსის მსგავსი, მე უნდა მომაგოს პატივი, მე ხომ ეს ყოველივე ვიცი. — როგორ, მეფობაც შეგიძლია, რადგან იცი, რომ ჰომეროსმა აგამემნონი შეაქო ვითარცა კარგი მეფე და სწორუპოვარი შუბოსანი? — ჰკითხა ანტისთენემ. — დიახ, ვფიცავ ზევსს! — უპასუხა ნიკერატემ, — მე, ჩემი მხრივ, ისიც კი ვიცი, რომ ეტლს როცა მართავ, ბოძთან ახლოს უნდა მოუხვიო.” თვითონ მაგრად იდექ ლამაზ ეტლზე, მარცხნივ სულ ოდნავ გადაიხარე, ცხენი რომ გყავს მარჯვენა ხელთან, მათრახი დასცხე და სადავე მიუშვი სულაც”. 7. გარდა ამისა, მე ვიცი ისიც, და თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ახლავე დარწმუნდეთ ამაში, რომ ჰომეროსი ბრძანებს სადღაც: „ხახვი კარგი მისაყოლებელიაო სმისას“. და თუ ვინმე მოიტანს ხახვს, თქვენ ახლავე ნახავთ სარგებელს — სიამოვნებით დალევთ. 8. ახლა ქარმიდემ გამოთქვა აზრი: — მეგობრებო, ნიკერატეს სურს, რომ მას ხახვის სუნი ასდიოდეს, რათა სახლში დაბრუნებისას ცოლმა ირწმუნოს, რომ მისი კოცნის სურვილი აზრად არავის მოუვიდოდა. — ეს ასეა, ვფიცავ ზევსს, — თქვა სოკრატემ, მაგრამ სხვაგვარი პატივის მოხვეჭის საფრთხე გველის — დაცინვის. ხახვი, რა თქმა უნდა, ნამდვილად მისაყოლებელია, ვინაიდან ის არა მარტო საჭმელს, სასმელსაც გემოს ჰმატებს. ასე რომ, თუკი ჩვენ მას სადილის შემდეგაც მივირთმევთ, ვინც რა უნდა თქვას, ჩვენ კალიასთან არა სხვათა, საკუთარი თავის მოსაფერებლად მოვედით. 9. — სოკრატე, არ ეგების, — მიუგო ქარმიდემ. — ის, ვინც ბრძოლას ეშურება, მისთვის მისწრებაა ხახვის ჭამა, ისევე როგორც, ზოგნი ნიორნაჭამ მამლებს უშვებენ საძიძგილაოდ. ჩვენ კი უფრო მეტად იმაზე ვფიქრობთ, ვინმეს როგორ ვაკოცოთ და არა როგორ ვიბრძოლოთ. დაახლოებით ასე და ამგვარად დასრულდა ეს კითხვა-პასუხიც. 10. კრიტობულემ კი თქვა: — კეთილი, მეც ვიტყვი, რა უდევს საფუძვლად სილამაზით ჩემს თავმომწონეობას. — თქვი. — დასთანხმდნენ ისინი. — მე თუ ლამაზი არა ვარ, მაშინ, ჩემი აზრით, სამართლიანი იქნებოდა თქვენი სამართალში მიცემა ტყუილისა გამო. რამეთუ არავინ გაიძულებდათ დაგეფიცათ, არადა მუდამ ფიცქვეშ ირწმუნებოდით, რომ ლამაზი ვარ. მე კი, ცხადია, გენდობოდით და კეთილშობილებადაც მიგიჩნევდით. 11. მაგრამ თუკი ნამდვილად ლამაზი ვარ და თქვენ ჩემ  წინაშე იმასვე განიცდით, რასაც მე იმ ადამიანის ხილვისას, ვისაც მე ლამაზად მივიჩნევ, მაშინ, ყველა ღმერთს გეფიცებით, სილამაზეს სამეფო ხელისუფლებაშიც არ გავცვლიდი. 12. ახლა მე უფრო დიდი ნეტარებით ვუყურებ კლინიასს, ვიდრე ყველა სხვა ამსოფლიურ სილამაზეთ. სიბრმავეს ავირჩევდი ყოველივეს მიმართ, გარდა ერთის, კლინიასისა. მძულს ღამე და მძულს სიზმარიც, ვინაიდან მას ვერ ვხედავ, ხოლო დღისა და მზის მადლიერი ვარ დიდად, მისი მჭვრეტელი. 13. ჩვენ, ლამაზებს თავი იმითაც შეგვიძლია მოვიწონოთ კიდევ, რომ ძლიერ ადამიანს ქონების შესაძენად მუშაობა სჭირდება, მამაცს ხიფათი ელის. სწავლულს — ბაასი, ლამაზს კი შეუძლია უშრომლადაც ყველაფერს მიაღწიოს. 14. ამიტომ, მართალია, მე ვიცი, რომ ფული კარგი რამაა, მაგრამ რაც მაქვს, სიამოვნებით მივცემდი კლინიასს, ვიდრე ვინმესგან მივიღებდი რამეს. თავისუფლებას ნეტარებით გავცვლიდი მონობაზე, თუკი კლინიასის მორჩილებაში ვიქნებოდი, მისთვის შრომა უფრო გამიიოლდებოდა, ვიდრე დასვენება, უსაფრთხოებას მისი გულისთვის საფრთხეს ვარჩევდი. 15. ამრიგად, თუ შენ, კალიას, თავი დიდად მოგაქვს იმით, რომ შეგიძლია ადამიანები უფრო სამართლიანნი გახადო, მე კიდევ შენზე მეტი ის შემიძლია, რომ ყველა სათნოებისაკენ მივმართო. ჩვენ, ჩვენი სილამაზის წყალობით, რაღაცით შთავაგონებთ ხოლმე შეყვარებულთ. ჩვენი გამოისობით ისინი უფრო გულუხვნი ხდებიან, უფრო შრომისმოყვარენი და უფრო მეტად სახელის მაძიებელნი განსაცდელში და ამასთანავე უფრო მოკრძალებულნი და თავშეკავებულნი, იმისიც კი ერიდებათ, რაც ყველაზე უფრო სჭირდებათ ხოლმე. 16. უგუნურნი არიან ისინიც, ვინც სარდლებად ლამაზებს არ ირჩევენ. აი, მაგალითად, მე კლინიასის მეთაურობით თუნდაც ცეცხლში გავივლიდი და ვიცი, თქვენც ამასვე გააკეთებდით ჩემთან ერთად. ასე რომ, ნუღარ დაეჭვდები, სოკრატე, იმაში, რომ ჩემი სილამაზე საზოგადოებას რაღაც სარგებელს მოუტანს. 17. ცხადია, არც იმას უნდა ჩავეძიოთ, რომ სილამაზე წარმავალია. ლამაზი შეიძლება იყოს როგორც ბავშვი, ასევე ჭაბუკი, მამაკაცი და მხცოვანიც, აი, მტკიცებულებაც: ათენას პატივსაცემად ზეთისხილის ტოტების დამტარებლებად ლამაზ მოხუცებს ირჩევენ ხოლმე დასტურად იმისა, რომ სილამაზე ყველა ასაკის თანმდევია. 18. და თუკი საამოა, ლამაზთაგან მათივე თანხმობით მიიღო ის, რაც გინდა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ბიჭს და ამ გოგოს მე, მდუმარე, უფრო მალე დავარწმუნებდი ჩემთვის ეკოცნათ, ვიდრე შენ, სოკრატე, თუმცა ბევრს უბნობ, და თანაც ჭკვიანურს. 19. — ეს რა ამბავია? — იკითხა სოკრატემ, — ისე მოგაქვს თავი, თითქოს მართლაც ჩემზე ლამაზი იყო. — დიახ, ვფიცავ ზევსს, ასე რომ არ იყოს, სატირული დრამების ყველა სილენზე თავზარდამცემი ვიქნებოდი. სოკრატე კი მართლაც ჰგავდა მათ. 20. — მაშ ასე, — თქვა სოკრატემ, — დაიმახსოვრე, რომ ეს ბაასი სილამაზის შესახებ განჩინებას მოითხოვს, მას შემდეგ, რაც წარმოსათქმელი სიტყვანი წრეს შემოწერს. დაე, განგვსაჯოს არა ალექსანდრემ, პრიამოსის ძემ, არამედ აი ამათ, რომელნიც, როგორც შენ გგონია, შენს საალერსოდ ისწრაფიან. 21. — ნუთუ კლინიასს არ მიანდობ მაგ საქმეს, სოკრატე? — არ შეწყვეტ მუდმივად კლინიასის ხსენებას? — თავის მხრივ გაეპასუხა სოკრატეც. — მის სახელს თუ არ ვახსენებ, რა გგონია, ნაკლებ მემახსოვრება? განა არ იცი, რომ მისი სახე სულში ისე ნათლად მაქვს აღბეჭდილი, რომ ფერმწერი, ან მოქანდაკე რომ ვყოფილიყავი, ამ ანაბეჭდის მიხედვით ნაკლებ მსგავს სახეს როდი შევქმნიდი, ისეთს, თითქოს ნამდვილად მისთვის მეყურებინოს. 22. ახლა სოკრატემ ჩამოართვა მას სიტყვა: — თუ ეს მართლაც ასეა და აღბეჭდილი გაქვს მისი სახე, მაშ ამაოდ რად მრჯი ხოლმე და იქ მიგყავარ, სადაც კი მას დაინახავ? — იმიტომ, რომ მისი ანასახი სიხარულს კი ვერ მგვრის, სევდას მიმძაფრებს მხოლოდ. 23. საუბარში ჩაერთო ჰერმოგენეც: — სოკრატე, მე ვფიქრობ, ეს შენს საქციელს არ ჰგავს, რომ დაგეშვა კრიტობულეს სიყვარულისაგან ცნობა მიხდოდა. — ჩანს, ფიქრობ, ის ამ მდგომარეობამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ჩემთან მეგობრობს? — მაშ როდის! — ვერა ხედავ მისი ქოჩორი ეს-ესაა ყურებს გაუსწორდა, მაშინ, როცა თმა კლინიას ახლა უკვე უკანა მხარეს გადასდის? (ე.ი. კრიტობულე ახალგაზრდაა კლინიასზე). ცეცხლი მას ჯერ კიდევ მაშინ შემოეგზნო, როცა მასთან ერთად სკოლაში დადიოდა. 24. მამამისმა — მიხვდა რა ამას — მე ჩამაბარა ის, ვინაიდან იმედოვნებდა, რომ ვუშველიდი რამეს. რა თქმა უნდა, ახლა ის ბევრად უკეთაა. უწინ kრიტობულე გორგანას მაცქერალივით გამოიყურებოდა, გაქვავებული მზერით უმზერდა და ქვადქცეული ბიჯითაც არ შორდებოდა მას. აი, ახლა კი შევნიშნე, თვალი დაახამხამა! 25. მეგობრებო, ღმერთებს გეფიცებით, ჩვენში დარჩეს და მგონი, აკოცა კიდეც კლინიასს. კოცნა კი, მოგეხსენებათ, სიყვარულის ყველაზე აალებადი საშუალებაა და ტკბილ იმედებს აღძრავს. 26. იქნებ იმიტომაც, რომ ბაგეებით შეხება ქმედებათაგან ერთადერთია, რომელიც თანამოსახელეა სულისმიერი სიყვარულისა და საპატიოა ფრიად. აი, რატომაც ვამტკიცებ, რომ ლამაზებთან კოცნას უნდა მოერიდოს ის, ვისაც თავშეკავება ძალუძს. 27. ქარმიდემ კი თქვა: — სოკრატე, მაშ რატომაა, რომ შენ ლამაზთაგან განგვდრეკ ჩვენ, თვითონ კი, ვფიცავ აპოლონს, თავადვე ვიხილე, თავი როგორ მიაყრდნე კრიტობულეს თავს, მხარი — მხარს მისას, შიშველს, როცა სკოლის მასწავლებელთან ერთსა და იმავე წიგნში რაღაცას ეძებდით. 28. — ოჰ! — თქვა სოკრატემ, აი, თურმე ხუთზე მეტი დღის განმავლობაში რატომ მტკიოდა მხარი, ან გული რატომ მჩხვლეტდა მხეცნაკბენივით. ახლა კი კრიტობულე, — მიმართა მას სოკრატემ, — საჯაროდ, ამდენი მოწმის წინაშე გიცხადებ, მანამ ვერ შემეხები, სანამ ნიკაპი თავივით არ შეგემოსება თმით. აი, ასე იყო ერთმანეთში არეული მაშინ მათი ხუმრობა და დინჯი ბაასი. 29. — ახლა შენი რიგია, ქარმიდე, — მიმართა მას კალიასმა, — განაგრძე საუბარი, თქვი, მაინც რა უდევს საფუძვლად შენს ესოდენ თავმომწონეობას სიღარიბით? — ყველა ერთხმად აღიარებს, რომ სჯობს არ გეშინოდეს, ვიდრე გეშინოდეს, თავისუფალი იყო, ვიდრე მონა, ვინმეს იმსახურებდე, ვიდრე ემსახურებოდე, სამშობლო გენდობოდეს, ვიდრე არ გენდობოდეს. 30. ასე და ამგვარად, როცა მე ქალაქში მდიდრულად ვცხოვრობდი, უპირველეს ყოვლისა, იმის მეშინოდა, რომ ვინმე ჩემს სახლს საძირკველს გამოუთხრიდა, ფულს მომპარავდა და თავად მეც რაიმე ცუდს შემამთხვევდა. ამას გარდა, დამსმენთა მოთაფვლაც მიწევდა. ვიცოდი რა, რომ მათ მეტი ზიანის მოტანა შეეძლოთ ჩემთვის, ვიდრე მე მათთვის, თანაც ქალაქი ყოველთვის რაღაც გადასახადებს შემაწერდა ხოლმე, გასაქცევი კი არსად იყო. 31. ახლა კი, როცა უცხოეთში მიწები დავკარგე და ვერც აქაური მამულებიდან ვიწევ მოსავალს, სახლიდან კი ყველაფერი გასხვისებულია, ჩემს გემოზე მძინავს, გაშხლართულს, ქალაქი მენდობა, საფრთხესაც აღარავისგან ველი. ახლა უკვე მე თვითონ ვარ სხვათათვის საფრთხე. როგორც თავისუფალ ადამიანს, შემიძლია, აქაც ვიცხოვრო და უცხოეთშიც, ახლა უკვე მე წამომიდგებიან ხოლმე მდიდრები ფეხზე და გზასაც მითმობენ. 32. ახლა მეფეს ვგავარ, მაშინ კი ნამდვილად მონა ვიყავი. მაშინ მე ვუხდიდი გადასახადს ხალხს, ახლა კი ქალაქი მიხდის გადასახადს და მარჩენს კიდეც. როცა მდიდარი ვიყავი, სოკრატესთან მეგობრობისთვის მკიცხავდნენ, ახლა კი გავღარიბდი რა, ჩემი დარდი აღარავის აქვს. გარდა ამისა, როცა ბევრი მქონდა, მუდამ რაღაცას ვკარგავდი: ზოგს ქალაქის წყალობით, ზოგსაც ბედისა. ახლა კი აღარაფერს ვკარგავ, რადგან არაფერი გამაჩნია, იმედი იმისა კი, რამე რომ შევიმატო, მაქვს. 33. — მაშასადამე, — მიმართა მას კალიასმა, — იმისთვისაც კი ლოცულობ, აღარასოდეს რომ არ გამდიდრდე და როცა კარგ სიზმარს ნახულობ, უბედურების ამრიდებელ ღმერთებს სწირავ მსხვერპლს? — არა, არა, მაგას არა ვიქმ, პირიქით ხიფათისმოყვარე ვხდები და თუკი რაიმეს შოვნა მეიმედება, ვუძლებ განსაცდელს. 34. — აბა ახლა შენ გვითხარი, ანტისთენე, ასეთი მცირეს მქონებელი, როგორ ამაყობ სიმდიდრით? — ჰკითხა მას სოკრატემ. — მეგობრებო, მე ვთვლი, რომ სიმდიდრე და სიღარიბე ადამიანებს არა სახლებში, არამედ სულებში აქვთ. 35. ბევრი მდიდარი კერძო პირი მინახავს, დიდი ქონების პატრონი, რომელთაც თავი ისეთ ღარიბებად მიაჩნიათ, რომ ყოველგვარ საქმეს ჰკიდებენ ხელს, ყოველგვარ რისკზე მიდიან. ოღონდაც მეტი მოიხვეჭონ, ისეთი ძმების შესახებაც ვიცი, რომელთაც ქონება თანაბრად მიიღეს, ამათგან ერთს ჰყოფნის და გასავალზე მეტი რჩება, მეორეს კი ყველაფერი აკლია.  36. ისეთ ტირანებზეც მსმენია, რომელნიც ფულს დახარბებულნი, უპოვრებზე მეტ საშინელებებს სჩადიან. დაუკმაყოფილებლობის გამო ზოგნი ფულს იპარავენ, ზოგნი კედლებს ანგრევენ, ზოგნი ადამიანებს იტაცებენ. არიან ისეთი ტირანებიც, მთელ ოჯახებს რომ ანადგურებენ, უმრავლესობას ხოცავენ და ხშირად ფულისა გამო მთელ ქალაქსაც დაიმონებენ ხოლმე. 37. ამიტომ ისინი, ამ უმძიმესი სენის გამო, ჩემი მხრივ, მართლაც ძალიან მებრალებიან. ჩემი აზრით, მათ იმდაგვარივე რამ აწუხებთ, როგორც ბევრისმქონებელთ, ბევრისმჭამელთ, მაგრამ მუდმივად დაუკმაყოფილებელთ. მე კი იმდენი რამ მაქვს, ძლივძლივობით ვპოულობ ხოლმე. ამრიგად, მე ის უპირატესობა მაქვს, რომ დანაყრებულს აღარ მშია, დარწყულებულს აღარ მწყურია, ვიცვამ ისე, რომ გარეთ ისეთ მდიდარზე მეტად არ ვითოშებოდე, როგორიც კალიასია. 38. ხოლო როცა სახლში ვარ, უთბილეს ქიტონად მეჩვენება კედლები, უთბილეს მოსასხამად — ჭერი, ქვეშაგები ისე მიფარავს, რომ სათუო საქმეა ჩემი გაღვიძება, ხოლო როცა ჩემი სხეული სიყვარულით დაკმაყოფილებას მთხოვს, იმაზეც ყაბულსა ვარ, რაც არის. ქალები, რომელთაც მე მივმართავ ხოლმე, სიხარულით მხვდებიან, ვინაიდან სხვას არავის სურს მათთან ყოფნა.  39. ეს ყოველივე კი მე იმდენად საამურად მეჩვენება, რომ თითოეულის აღსრულების შემდეგ მეტ ნეტარებას აღარ ვისურვებდი, პირიქით, ზოგი მათგანი, მგონი, უფრო საამოა, ვიდრე სასარგებლო. 40. ჩემს სიმდიდრეში უმაღლეს სიკეთედ მივიჩნევდი იმას, თუკი რაც ახლა მაქვს, იმასაც წამართმევდნენ. როგორც მე ვხედავ, ვერანაირი ცუდი რამ ვერ შეძლებდა იმას, რომ საკმაო სარჩო ვერ მეშოვა. 41. და მართლაც, როცა მსურს სიამოვნება მივიღო ბაზარში როდი ვყიდულობ ფუფუნეულობას, ვინაიდან ძვირია, არამედ სულში მოვიძიებ ხოლმე. გაცილებით საამურია, როცა იღებ იმას, რასაც მოთმინებით ელოდი, ვიდრე, როცა ძვირადღირებულ საკვებს იყენებ ჩვეულებრივ, როგორც ახლა მე, როცა თასოსურ ღვინოს ნდომის გამო კი არ ვსვამ, არამედ იმიტომ, რომ გადავაწყდი. 42. უეჭველია, ბევრად სინდისიერნი არიან ისინი, ვისაც იაფფასიანი რამეები უყვარს და არა ძვირადღირებულის მოსურნენი, რამდენადაც ყოფნის კაცს ის, რაც აქვს, იმდენად ნაკლებად ეტანება სხვისას. 43. ყურადსაღებია ისიც, რომ ასეთი ქონება სიუხვით აღავსებს ადამიანს. მაგალითად, სოკრატე, რომლისგანაც მე ეს მივიღე, უანგარიშოდ და აურწყავად სწორედ იმდენს მაძლევდა, რამდენის თანწაღებაც შემეძლო. ახლა კი უარს არც მე ვეუბნები ვინმეს. ჩემი სულის სიმდიდრეს ყველა მეგობარს ვუჩვენებ ხოლმე და უშურველადაც ვუყოფ. 44. ამას გარდა, თქვენ იმასაც ხედავთ, რომ ფულზე უამესი, მოცალეობა, მუდამ თან მახლავს. აქედან გამომდინარე, ვუყურებ იმას, რაც საყურებელია, ვუსმენ იმას, რისი მოსმენაც ღირს და რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, მოცალედმყოფი მარადდღე სოკრატესთან ვარ. ისე, არც ის მოჰყავს აღტაცებაში ოქროს ზოდების დამთვლელებს და ვინც მოსწონს, დროს სწორედ მათთან ატარებს. 45. აი, ასე უბნობდა ანტისთენე. კალიასმა უთხრა მას: — ვფიცავ ჰერას, მშურს შენი სიმდიდრე, ვინაიდან ქალაქი გადასახადებს არ გაკისრებს, არც მონასავით გექცევა და არც იმათ მოსდით გული, ვისაც სესხს ვერ უბრუნებ. — ვფიცავ ზევსს, — შეუბრუნა კალიასს სიტყვა ნიკერატემ: — ნუ გშურს, ვინაიდან აქედან წასვლისას მისგან „არაფრის ნდომა“ უნდა ვისესხო, რამეთუ ასე მასწავლა ანგარიში ჰომეროსმა: ”ცეცხლშეუხებ შვიდ სამფეხას, ათ ოქროს ტალანტს, ოც კარდალასაც მოელვარეს, თორმეტ მარდ მერანს”. და მეც განუწყვეტლივ ის მსურს, რაც შეიძლება მეტად გავზარდო ჩემი ქონება როგორც ზომით, ასევე წონით. ალბათ, ამიტომაა, რომ ბევრი ძალიან ძუნწად მიმიჩნევს. აქ კი, ცხადია, ყველას გაეცინა, რადგან ჩათვალეს, რომ ნიკერატე მართალს ამბობდა. 46. ამის შემდეგ ვიღაცამ თქვა: — აბა, ახლა შენი რიგია, ჰერმოგენე, თქვი, ვინ არიან შენი მეგობრები, დაასაბუთე, რომ დიდ-დიდნი არიან და ზრუნავენ შენზე. მხოლოდ მაშინ გაცხადდება სამართლიანი რომაა შენი თავმოწონება მათით. 47. — ასე და ამგვარად, — დაიწყო ჰერმოგენემ, — ელინები და ბარბაროსებიც აღიარებენ, რომ ღმერთებმა უწყიან ყველაფერი: აწმყოც და მომავალიც, ეს სრულიად ნათელია. ყოველ შემთხვევაში ყველა ქალაქი და ყველა ხალხი ქადაგთა მეშვეობით ეკითხება ღმერთებს, რისი გაკეთება უამთ მათ და რისი არა. ჩვენ გვჯერა ისიც, რომ მათ ძალუძთ როგორც კარგის, ასევე ცუდის ქმნა და ნათელია ესეც: ყველა, რა თქმა უნდა, იმას ევედრება ღმერთებს, მავნე განარიდოს და სიკეთე უწყალობოს. 48. ამრიგად, ყოვლის მხედველი და ყოვლის შემძლე ღმერთები ისე მეგობრულად არიან ჩემდამი განწყობილნი, რომ საყოველთაო ზრუნვისას არასოდეს ვავიწყდები მათ: არც ღამე, არც დღე, სადაც არ უნდა მივდიოდე და რასაც არ უნდა ვაკეთებდე. თავიანთი წინასწარცოდნის მეშვეობით, უწყიან რა ყოველი საქმის ბოლო, ისინი მაცნეებად მიგზავნიან ხოლმე: ხმებს, სიზმრებსა და მომასწავებელ ფრინველებს და მიმანიშნებენ, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. როცა ამ მითითებებს ვითვალისწინებ, არასოდეს ვნანობ, ურჩობისას კი დავსჯილვარ მყისვე. 49. — ამაში დაუჯერებელი არაფერია, — თქვა სოკრატემ, — მაგრამ მე მაინც ვისურვებდი შემეტყო, როგორ ემსახურები მათ, ესოდენ რომ გემეგობრებიან შენ? — ვფიცავ ზევსს, — მიუგო ჰერმოგენემ, — ეს ძალზე იაფი მიჯდება: ვადიდებ მათ და ამაში არაფერს ვიხდი. მათივე ნაბოძებიდან მყისვე უკან ვაბრუნებ წილს. სათნოდ ვმეტყველებ და საქმეებში მათი მოწმეებად მოხმობისას შეგნებულად არ ვიტყუები, — ვფიცავ ზევსს, — ბრძანა სოკრატემ, — თუკი შენნაირს ღმერთები მეგობრებად გყავს, ჩანს, მართლაც უამთ მათ სათნოებანი. აი, ასეთი დინჯი იყო მათი ბაასი.  50. როცა ჯერი ფილიპეზე მიდგა, ჰკითხეს მას, რას ხედავდა მასხარაობაში კარგს და რატომ იწონებდა მისით თავს. — განა თავმოსაწონებელი არ არის, — უპასუხა მან, — ყველამ იცის რა, რომ ხუმარა ვარ, როცა საქმე კარგად მისდით, დიდი სიამოვნებით მიწვევენ ხოლმე, ხოლო როცა ცუდად, უკანმოუხედავად გარბიან, ვინაიდან ეშინიათ ჩემი დანახვისას თავისდაუნებურად არ გაეცინოთ. 51. — ვფიცავ ზევსს, — გამოეხმაურა ნიკერატე, — ნამდვილად სამართლიანად იწონებ თავს. აი, ჩემთან კი სულ სხვაგვარადაა საქმე: ჩემს მეგობართაგან ვინც კარგად ცხოვრობს, გამირბის. ხოლო ვისაც ცუდი რამ შეემთხვევა, სულ ჩემთან ნათესაობაზე ლაპარაკობს და აღარ მშორდება. 52. — კეთილი, — თქვა ქარმიდემ, — შენ რითი ამაყობ, სირაკუზელო? — ნამდვილად ბიჭით, არა? — ვფიცავ ზევსს, სულაც არა, — მიუგო მან, — პირიქით, მის გამო მუდმივ შიშში ვარ, ვინაიდან ზოგნი მის დაღუპვაზე ოცნებობენ.  53. ეს რომ სოკრატემ მოისმინა, წარმოთქვა: — ო, ჰერაკლევ, მაინც რას ფიქრობენ, ისეთი რა დაუშავა შენმა ბიჭმა, რომ მისი მოკვლა განუზრახავთ? — არა მისი მოკვლა კი არ უნდათ, — უპასუხა სირაკუზელმა, — არამედ თავისთან დაწოლაზე სურთ დაითანხმონ. — შენ კი, ჩანს, ფიქრობ, რომ ეს თუ მოხდა, ის დაიღუპება. სწორედაც რომ, ვფიცავ ზევსს, — დაეთანხმა ის. 54. — მაშ შენ თვითონ არ გძინავს მასთან? — ჰკითხა კვლავ სოკრატემ. — ვფიცავ ზევსს, — არა, მთელ ღამეებს თეთრად ვათენებ. — ჰერას ვფიცავარ, — გაიკვირვა სოკრატემ, — დიდება შენდა, რომ ბუნებისგან ასეთი სხეული გრგებია, რომ მხოლოდ ის არ ღუპავს თანამოძინართ. ასე რომ, სხვა თუ არაფრით, ასეთი სხეულით ნამდვილად შეგიძლია, იამაყო. 55. — არა, ვფიცავ ზევსს — მაგით არ ვამაყობ, — იყო პასუხი. — მაშ რითი? — ბრიყვებით — ვფიცავ ზევსს — ისინი ნახულობენ ჩემი თოჯინების წარმოდგენებს და მარჩენენ მე. — აი, თურმე რატომ იყო, — თქვა ხუმარამ, — ამას წინათ რომ შემომესმა, როგორ ევედრებოდი ღმერთებს, სადაც შენ იქნებოდი, იქ გამოეგზავნათ პური, ჭკუა რა მოსატანიაო. 56. — კეთილი, — თქვა კალიასმა, — აბა შენ რას იტყვი, სოკრატე, შენ რატომღა მოგაქვს თავი იმ უმნიშვნელო ხელობით, რომელიც დაგვისახელე? — ჯერ შევთანხმდეთ რაში მდგომარეობს შუაკაცობის არსი, — უთხრა სოკრატემ, — ჩემს შეკითხვებზე მიპასუხეთ დაუყოვნებლივ, რათა გავიგოთ, რაზე შევჯერდებით, თანახმანი ხართ? — დიახ, — მიუგეს მათ. და რადგან ერთხელ თქვეს, შემდგომ ყველა ამ სიტყვით — „დიახ“ — აძლევდა პასუხს. 57. — ამრიგად, — შეუდგა საუბარს სოკრატე, — კარგი შუაკაცის მიზანია, ისე მოარიგოს საქმე, რომ კაცს თუ ქალს, ვისაც ის ერთმანეთს ურიგებს, უნდა მოსწონდეს ის, ვისაც უკავშირდება, მართალია თუ არა? — დიახ, — იყო საყოველთაო პასუხი. — მოწონების ერთ-ერთი საშუალება ხომ ისაა, რომ ჰქონდეს მას სახის შესაფერისი ვარცხნილობა და სამოსი? — დიახ! — დაადასტურეს კვლავ. 58. — ისიც ხომ ვიცით, რომ ადამიანს შეუძლია ერთი და იმავე თვალებით მეგობრულადაც შეხედოს ვინმეს და მტრულადაც? — დიახ! — რომ ერთი და იმავე ხმით შეიძლება ნაზად და უხეშად საუბარი. — დიახ! — განა ისეც არ ხდება, რომ ზოგი საუბარი მტრობას აღძრავს, ზოგი კი — მეგობრობას? — დიახ! 59. — მაშასადამე, კარგი შუაკაცი, ყოველივე აქედან გამომდინარე, არ ასწავლის კაცს იმას, რაც მოწონებაში ეხმარება? — დიახ! — რომელი შუაკაცია უკეთესი, რომელიც ერთი კაცისთვის გახდის ადამიანებს მოსაწონთ, თუ მრავლისთვის? აქ კი გაიყვნენ: ერთნი ამბობდნენ: ცხადია „ბევრისთვის“, მეორენი გაიძახოდნენ „დიახ“! 60. სოკრატემ კი თქვა, რომ ერთი აზრი აქვთ და განაგრძო: — თუკი ვინმე მოახერხებდა, ადამიანები მთელი ქალაქისთვის მოეწონებინა, განა არ იქნებოდა ჭეშმარიტად კარგი შუაკაცი? — ვფიცავთ ზევსს, ნამდვილად! — იყო საერთო პასუხი. — თუკი ვინმე ასეთ ადამიანებად გარდაქმნიდა მათ, ვისაც თვითონ წინამძღოლობს, განა სამართლიანად არ იამაყებდა ამ ხელობით და სამართლიანადვე არ მოითხოვდა დიდ გასამრჯელოს? 61. როცა მას ყველა დასთანხმდა, მან განაგრძო — ასეთია ჩემი აზრით, ანტისთენე. — როგორ, მე გადმომცემ მაგ ხელობას? — ჰკითხა ანტისთენემ. — დიახ, ვფიცავ ზევსს, — მიუგო სოკრატემ, — ვინაიდან ვხედავ, რომ შენ სრულყავი მისი მომიჯნავე ხელობა, — კი მაგრამ რომელი? — მახეში გაბმის ხელოვნება, — აუხსნა სოკრატემ. 62. ძალიან გაბრაზებულმა ანტისთენემ კი ჰკითხა: — მაინც რა იცი ჩემ მიერ ამგვარი ჩადენილი? — ჯერ ერთი, — უთხრა სოკრატემ, — შენ კალიასი იმ სოფისტ პროდიკეს მიუყვანე, ხედავდი რა მას ფილოსოფიაზე შეყვარებულს, პროდიკეს კი ფული სჭირდებოდა. მეორე, შენვე გააცანი ის ელიდელ ჰიპიასსაც, რომელთანაც კალიასი მეხსიერების გაუმჯობესების ხელოვნებას დაეუფლა და რისი მეშვეობითაც ადვილად შეყვარებადი გახდა. ამიტომ ნახავს რა მშვენიერ რამეს, აღარასოდეს ივიწყებს. 63. ცოტა ხნის წინათ კი ისე მიქებდი ჰერაკლეელ სტუმარს, რომ მისი გაცნობით ჩემში მისდამი ნდომა აღძარი. ამის გამო, ცხადია, მადლიერი ვარ. ფლიუნტელ ესქილესაც შენ არ მიქებდი? ჩემს თავს კი უქებდი მას. განა შენ არ მიგვიყვანე იქამდე, რომ შენი ენის გამოისობით შეყვარებულნი, ერთმანეთს საძებნელად ამძუვნებული ძაღლებივით დავდევდით? 64. ვხედავ რა ყოველივე ამას, შენ მახეში კარგ გამბმელად მიგიჩნევ. ვისაც შეუძლია მიხვდეს, ვინ ვის მოუტანს სარგებელს და ვისაც შეუძლია მათში ურთიერთ სიყვარული აღძრას, ის, ჩემი ღრმა რწმენით, ქალაქსაც მეგობრობისაკენ მიდრეკს, ქორწილებსაც სათანადოს გამართავს. ასეთი ადამიანი დიდი შენაძენი იქნებოდა როგორც ქალაქების, ასევე მეგობრებისა და მოკავშირეებისთვისაც. შენ კი ისე გაცხარდი, თითქოს გამომელანძღე იმით, რომ მახეში კარგი გამბმელი გიწოდე. — ახლა აღარ ვბრაზობ, — ვფიცავ ზევსს, — თქვა ანტისთენემ, — თუკი ეს ყოველივე მე შემიძლია, ჩემი სული მართლაც ყოფილა გადაძეძგილი სიმდიდრით. აი, ასე დასრულდა მათი საუბრის ეს მონაკვეთი.  V თავი  1. კალიასმა კი ჰკითხა კრიტობულეს: — შენ ხომ არ გსურს სილამაზის შესახებ სოკრატესთან პაექრობაში ჩაება? — ვფიცავ ზევსს არ უნდა, — თქვა სოკრატემ, — ალბათ ხედავს, რომ შუაკაცი მსაჯულებში პატივით სარგებლობს. 2. — არ გავექცევი, — დასთანხმდა კრიტობულე, — სოკრატე, თუ შენ ჭკვიანური არგუმენტები გაქვს, რომ ჩემზე ლამაზი ხარ, გაგვაცანი, მხოლოდ ლამპის ახლო მოწევა არ დაგავიწყდეს, — დაამატა მან. — ასე და ამგვარად, — დაიწყო სოკრატემ, — უპირველეს ყოვლისა, — ჯერ დაკითხვა უნდა მოხდეს საქმის ირგვლივ — მიპასუხე! — შენ კი მკითხე! 3. — კრიტობულე, შენი აზრით, მხოლოდ ადამიანშია სილამაზე თუ კიდევ სხვა რამეშიც? — ვფიცავ ზევსს, — მიუგო მან, — სილამაზე არის ცხენშიც, ხარშიც და ბევრ სხვა უსულო საგანშიც. ვიცი ისიც, რომ ლამაზი შეიძლება იყოს: ფარიც, მახვილიც და შუბიც. 4. — ეს როგორ შეიძლება, რომ ეს საგნები ერთმანეთს არაფრით რომ არ ჰგვანან, ყველა ლამაზი იყოს? თუ ისინი, ვფიცავ ზევსს, კარგადაა დამზადებული იმ საქმეთათვის, რომლებისთვისაც ჩვენ მათ ვყიდულობთ, ან თუ თავისი ბუნებით ჩვენი საჭიროებისათვის კარგია, მაშინ ისინი ლამაზია, — უპასუხა კრიტობულემ. 5. — ის თუ იცი შენ, — ჰკითხა სოკრატემ, — რისთვის გვჭირდება თვალები? — ეს ხომ ისედაც ცხადია, — მიუგო მან, — რათა დავინახოთ. — მაშინ ჩემი თვალები შენს თვალებზე ლამაზი ყოფილა. — ვითომ რატომ? — იმიტომ, რომ შენი თვალები მხოლოდ პირდაპირ იყურებიან, ჩემები კი — ცერადაც, ვინაიდან გადმოკარკლული მაქვს. — შენ როგორც ამბობ, — უთხრა კრიტობულემ -კიბორჩხალას ყველა ცხოველზე უკეთესი თვალები ჰქონია, არა? — ნამდვილად, — მიუგო სოკრატემ, — ვინაიდან მხედველობის სიძლიერით მას ბუნებისგან საუკეთესო თვალები ერგო. 6. — კეთილი, მაგრამ ცხვირი ვისია უკეთესი, ჩემი თუ შენი? — ჰკითხა კრიტობულემ. — ვფიქრობ ჩემი, — უპასუხა სოკრატემ, — თუკი ღმერთებმა ის ჩვენ ყნოსვისთვის შეგვიქმნეს: შენი ნესტოები მიწას დაჰყურებენ, ჩემი კი ზევითაა აშვერილი და სუნს ყოველი მხრიდან შეიყნოსავენ. — პაჭუა ცხვირი რითია სწორზე ლამაზი? — იმით, რომ ისინი მზერას არ ზღუდავენ, თვალებს მყისვე შეუძლიათ დაინახონ ის, რისი დანახვაც სურთ. მაღალი ცხვირი კი აუგად განწყობილივით აშორიშორებს მათ. 7. — ხოლო პირს რაც შეეხება, — უთხრა კრიტობულემ სოკრატეს — ამაში ნამდვილად ჩამოგივარდები, — თუკი ის კბეჩისთვისაა შექმნილი. შენ, ცხადია, ჩემზე მეტს ჩაკბეჩ. იქნებ ისიც გგონია, რომ სქელი ტუჩების პატრონს ამბორი გექნება ნაზი? — შენი სიტყვების თანახმად, ისე გამოდის, თითქოს ვირზე გონჯი პირი მქონდეს. ჩემი სილამაზის დასტურად ნუთუ არც იმას მიიჩნევ, რომ ნაიადები, ქალღმერთები, შობენ სილენებს, მე რომ მგვანან უფრო და არა შენ? 8. — მეტს ვეღარ გაგიძლებ, — მიმართა კრიტობულემ სოკრატეს. — დაე, კენჭები მოიტანონ, რათა მალევე შევიტყო, რა სახის ჯარიმა მეკისრება. თუ შეიძლება, ფარულად ჩაყარონ, რამეთუ მეშინია, შენმა და ანტისთენეს სიმდიდრემ არ მძლიოს. 9. გოგონამ და ბიჭმა მართლაც ფარულად დაიწყეს კენჭების ჩაყრა. ამასობაში კი სოკრატე, დაშინებული იმით, ვაითუ მსაჯულნი შეცდომაში შეეყვანათ, ლამპის კრიტობულესთან მიტანაზე წვალობდა, რათა გამარჯვებულისათვის მოსამართლეთ არა ბაბთები, არამედ კოცნა განეჩინათ. როცა კენჭები გადმოყარეს, ყველა კრიტობულეს სასარგებლოდ აღმოჩნდა, სოკრატემ კი წამოიძახა: — ახ, ახ, კრიტობულე, შენი ფული კალიასისას არ ჰგავს. მისი — ადამიანებს სამართლიანობისკენ მიდრეკს, შენი კი, როგორც მრავალთა, მსაჯულთა და მოსამართლეთა შესაცდენადაც საკმარისია.    VI თავი  1. ამის შემდეგ ერთნი იმას ითხოვდნენ, რომ კრიტობულეს საგამარჯვებო ამბორი მიეღო, მეორენი მას ბიჭის და გოგოს პატრონისგან თანხმობის მიღებას ურჩევდნენ, მესამენი კი ხუმრობდნენ. რაც შეეხება ჰერმოგენეს, ის ახლაც დუმდა. სოკრატემ სახელდებით მიმართა მას და ჰკითხა: — ჰერმოგენე, შეგიძლია გვითხრა, როგორ გესმის „აყალმაყალი მემთვრალეობისას“? მან მიუგო: — მე თუ მეკითხები ეგ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრის გამოთქმა შემიძლია. — კარგი, თქვი, — სთხოვა სოკრატემ. 2. — ქეიფისას თანამეინახენი შეაწუხო, — აი ეს მიმაჩნია აყალმაყალად. — იცი კი, რომ შენ შენი დუმილით გვაწუხებ? — მაშინაც, როცა თქვენ ლაპარაკობთ? — არა, როცა ვჩერდებით. — ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენს საუბარში არათუ სიტყვას, ბეწვსაც ვერ ჩააგდებს ვერვინ? 3. — კალიას, — მიმართა სოკრატემ, — იქნებ მიეშველო კედელთან მიმწყვდეულ ჰერმოგენეს? — დიახ, როცა ფლეიტის ხმა გვესმის, ყველანი ვდუმდებით. ჰერმოგენემ კი ჰკითხა მათ: — ხომ არ გსურთ  ფლეიტის ბგერათა თანხლებით გესაუბროთ? სწორედ ისე, როგორც მსახიობი ნიკოსტრატე წარმოსთქვამს ხოლმე ტეტრამეტრებს? 4. — ღმერთთა გულისათვის, ჰერმოგენე, — უთხრა სოკრატემ, — ეგრე მოიქეცი. მჯერა, რომ როგორც სიმღერაა საამო ფლეიტის ჰანგთა თანხლებით, ასევე იქნება საამური შენი სიტყვაც, მითუმეტეს, თუკი შენს სიტყვას ფლეიტაზე დამკვრელი ქალივით ხელებსაც მიაშველებ. 5. — კეთილი, — თქვა კალიასმა, — ფლეიტის რომელი კილო იქნება საჭირო, როცა ანტისთენე ნადიმისას ვინმეს გაკიცხავს? — გაკიცხულს, ჩემი აზრით, სტვენა შეეფერება, — უპასუხა ანტისთენემ. 6. — ამასობაში სირაკუზელი, რომელიც ხედავდა, რომ სტუმრები ერთმანეთში ბაასით ერთობოდნენ და მის წარმოდგენას ყურადღებას არ აქცევდნენ, გაბრაზდა და უთხრა მას: — სოკრატე, ამას შენ გეძახიან მაღალ საგნებზე მოაზროვნეს? — დიახ, ეს უფრო უკეთესია, ვიდრე ის, რომ უაზროს მეძახდნენ. — დიახ, თუკი ცის მნათობებზე მეოცნებედ არ ჩაგთვლიდნენ. 7. — იცი კი რამე ღმერთებზე უზესთაესი? — ჰკითხა სოკრატემ, — არა, ვფიცავ ზევსს, მაგრამ შენზე ამბობენ, რომ ღმერთები კი არ წარმოადგენენ შენი ფიქრის საგანს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღრუბელთა ზედა მდებარენი. — ახლაც ასეა, — შეეპასუხა სოკრატე ღმერთებზე ფიქრით ვარ მოცული. იქიდან გვიგზავნიან ისინი მარგებელ წვიმას და იქიდანვე გვანიჭებენ ნათელს და თუ მე მკაცრად ვლაპარაკობ, ამის მიზეზი შენ ხარ, ვინაიდან ამაოდ მრჯი. 8. — კარგი, ახლა ამას შევეშვათ, — უთხრა სირაკუზელმა სოკრატეს. — და ის მითხარი, რწყილის რამდენი ნახტომი გვყოფს მე და შენ? ამბობენ, რომ მთელი შენი გეომეტრიის ცოდნა ეგ არის. აქ უკვე ანტისთენეც ჩაერთო: — ფილიპე, შენ, რომელსაც შედარების ხერხი გემარჯვება, არ გგონია, რომ ეს კაცი განმაქიქებელს ჰგავს? — დიახ, ვფიცავ ზევსს, განმაქიქებელსაც ჰგავს და კიდევ ბევრს სხვასაც. 9. — შენ მაინც ნურავის შეადარებ მას, — უთხრა სოკრატემ ხუმარას, თორემ შენც განმაქიქებელთ დაემსგავსები. — თუ მე კარგ და უკეთეს ადამიანებს შევადარებ მას, მაშინ არა განმაქიქებელი, არამედ მაქებარი უნდა მიწოდონ. აი, სწორედ ახლა ჰგავხარ განმაქიქებელს, ვინაიდან ამბობ, რომ მასზე უკეთესია ყველა. 10. — გსურს უარესებს შევადარო? — ჰკითხა ფილიპემ სოკრატეს. — არა, არც უარესებს. — მაშ ვის? — არავის. თუ მე გავჩუმდები, — თქვა ხუმარამ, — როგორ გავაკეთო ის, რაც სადილის შემდეგ ჩემი გასაკეთებელია? — ძალიან იოლად, როცა ლაპარაკი საჭირო არ არის, დადუმდი! აი, ასე დასრულდა ეს შფოთი.   VII თავი  1. შემდგომ ამისა, იქ მყოფთაგან ერთნი ითხოვდნენ შედარებას, მეორენი უარზე იყვნენ. ატყდა ხმაური და სიტყვა კვლავ სოკრატემ განაგრძო: — ვინაიდან ჩვენ ყველას ერთად გვსურს საუბარი, იქნებ სჯობდეს გუნდად გვემღერა? თქვა თუ არა ეს სიტყვები, ის სიმღერას შეუდგა. 2. სიმღერის დასრულებისთანვე კი მოცეკვავე გოგონასთვის მოიტანეს რგოლი, რისი მეშვეობითაც მას უნდა ესაკვირველმოქმედა. აქ სოკრატემ მიმართა სირაკუზელს: — როგორც შენ ბრძანებ და მეც გემოწმები, მოაზროვნე ვარ. და წარმოიდგინე, აი თუნდაც ახლა ეგ შენი ბიჭი და ეგ შენი გოგო როგორ შვებას იგრძნობდნენ და ჩვენც როგორ ვისიამოვნებდით, თუკი მხოლოდ ვუყურებდით მათ. კარგად ვიცი, შენც ეს გინდა. 3. ჩემი აზრით, მახვილებს შორის ყირამალაზე გადასვლა, სახიფათო წარმოდგენაა და სულაც არ შეეფერება ნადიმს. დიახ, ჯარაზე ტრიალი, თანაც წერა და კითხვა თანაბარი ძალის საკვირველებანია, მაგრამ რა სიამოვნებას გვანიჭებს, გაგება არ შემიძლია. ახლაც ასეა. ყურება ლამაზი ბიჭებისა, როცა ისინი ისე იზნიქებიან, რგოლი რომ განასახიერონ, მათ მშვიდ დგომაზე უკეთესი სანახაობა სულაც არ არის. 4. მართლაც, ძალიან დიდ იშვიათობას როდი წარმოადგენს ის, რომ კაცი, თუკი მას ეს სურს, რაიმე საკვირველებას გადააწყდეს…, აქ მდებარე ნივთებსაც კი ძალუძთ არანაკლები გაოცების აღძვრა. რატომაა, რომ ეს ლამფა, აქვს რა ბრწყინვალე ალი, ნათელს გამოსცემს, ხოლო მბრწყინავი სპილენძის ჭურჭელი ვერ წარმოქმნის ნათელს, თვით მასში კი აირეკლება ყველა საგანი? ან თუნდაც: ზეთი მართალია სითხეა, მაგრამ ცეცხლს აძლიერებს, ხოლო წყალი, სწორედ იმიტომ აქრობს ცეცხლს, რომ ის სითხეა? 5. თუმცა ასეთ საუბარს არ მივყავართ იმისკენ, რისკენაც ღვინოს უნდა მივყავდეთ, მაგრამ თუკი ეს მოცეკვავენი, ფლეიტის თანხლებით ცეკვა-ცეკვით იმგვარსავე სცენებს წარმოადგენდნენ, როგორადაც ქარიტებს, ჰორებსა და ნიმფებს ხატავენ ხოლმე, ჩემი აზრით, მათაც გაუადვილდებოდათ საქმე და ჩვენი ნადიმიც საამო იქნებოდა უფრო.   VIII თავი  1. სირაკუზელი მოწონების შეძახილებით გააცილეს. სოკრატემ კი საუბარი ახალ თემაზე წამოიწყო: — მეგობრებო, განა არ შეგვფერის, გავიხსენოთ ის მაღალი ღმერთი, ჩვენში მსუფევი, დროის თვალსაზრისით მარადმსუფევი ღმერთების ხნის, შესახედაობით მათზე ახალგაზრდა, თავისი სიდიდით ყოველივეს დამტევი, ჩვენს სულში ჩანერგილი — ეროსი, მით უმეტეს, რომ ჩვენ ყველანი ვესავთ მას? 2. მე არ შემიძლია, გავიხსენო დრო, როცა ვინმეს მიმართ სიყვარულს არ განვიცდიდი. ქარმიდეზე, რამდენადაც მე ვიცი, ბევრია შეყვარებული, ზოგთა მიმართ კი თვითონაც არ არის გულგრილი. კრიტობულეს, მართალია, კიდევ შეუძლია სიყვარულის გამოწვევა, თუმცა ახლა უფრო თვითონ განიცდის მის შემოტევას სხვებისადმი. 3. ნიკერატე კი, რამდენადაც მე ვიცი, თავის ცოლზეა შეყვარებული და ისიც სიყვარულითვე პასუხობს. რაც შეეხება ჰერმოგენეს, ის მაღალი ზნეობისათვის დნება, რაშიც არ უნდა იყოს იგი, ნუთუ ვერ ხედავთ, როგორ შესჭმუხვნია წარბები! მზერა — უძრავი, სიტყვა — მოზომილი, ხმა — დინჯი, ზნეობა — მაღალი. ღრმად პატივსაცემი ღმერთების მეგობარი ზემოდან როდი დაგვყურებს ჩვენ, ადამიანებს! — ანტისთენე, ნუთუ შენ ხარ მხოლოი, ვისაც არავინ უყვარს? 4. — ვფიცავ ღმერთებს, ძალიან და თანაც შენ. სოკრატემ გადახედა და ცხადია, წახუმრებით უთხრა: — მხოლოდ ახლა არა, თავს ნუ მომაბეზრებ, ხომ ხედავ, სხვა რამით ვარ დაკავებული. 5. ანტისთენე გამოეპასუხა: — შენ, საკუთარი თავის შუაკაცო, ასეთ შემთხვევაში მუდამ ასე იქცევი ხოლმე: ხან ვითომ ღმერთთა ხმასა ხარ მიყურადებული, ხან კი სხვა საქმეში ხარ ჩაფლული ვითომ. 6. — ღმერთთა გულისთვის, ოღონდ ცემას ნუ დამიწყებ და შენს უმძიმეს ხასიათს ყველაფერში როგორც ვუძლებდი, მეგობრობის ხათრით ასევე გავუძლებ. ეს კია, შენი სიყვარული უნდა დავმალოთ, მით უმეტეს, რომ ის არა ჩემი სულის, არამედ ჩემი სილამაზისადმია მიმართული. 7. ხოლო შენ, კალიას, ავტოლიკეზე რომ ხარ შეყვარებული, მთელმა ქალაქმა იცის და მგონი, ბევრმაც ჩამოსულთაგან. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თქვენ ორივენი სახელოვანი კაცის შვილები ხართ და თვითონაც ჩინებულნი. 8. მე ყოველთვის აღმაფრთოვანებდა შენი ბუნებრივი მონაცემები. ახლა კი უფრო ვგრძნობ ამას, ვინაიდან ვხედავ, რომ შენ შეყვარებული ხარ არა განცხრომა-ნებივრობაზე, არა მცონარეობაზე, არამედ ყველას ძალმოსილების, ამტანობის, სიმამაცისა და თავდაჭერილობის მაგალითს უჩვენებ. ასეთი რამეებისადმი ტრფიალი კი შეყვარებულის ბუნების წარმომჩენია. 9. აფროდიტე ერთია თუ ორი — ზეციური თუ მიწიური — არ ვიცი. საყოველთაო აზრით, ზევსიც ერთია, მაგრამ ზეწოდებანი აქვს ბევრი. თითოეული აფროდიტესათვის ცალ-ცალკე რომაა აღმართული ტაძრები და საკურთხევლები და ცალ-ცალკე რომ ეწირვით მსხვერპლი — მიწიურს — ნაკლებ საპატიო, ზეციურს — მეტად საპატიო — ესეც ვიცი. 10. უნდა ვივარაუდოთ, რომ ხორციელ სიყვარულს მიწიერი აფროდიტე უგზავნის სხეულს. სულის, მეგობრობისა და კეთილშობილური საქმისადმი სიყვარულს კი — ზეციური. მგონი, შენ სწორედ ამ სიყვარულით ხარ შეპყრობილი, კალიას. 11. ამას მე შენი შეყვარებულის ღირსებაზე დაყრდნობით ვასკვნი და კიდევ იმაზე დაყრდნობით, რომ შენ შვილთან პაემანზე მამაც მოიწვიე, ხოლო მშვენიერი და სათნო სიყვარულით აღვსილს, შეუძლებელია დაფარული რამე ჰქონდეს მამისაგან. 12. — ვფიცავ ჰერას, — სოკრატე, — მიმართა მას ჰერმოგენემ, — მრავალი რამ მანცვიფრებს შენში, სხვათა შორის ისიც, რომ კალიასს ქათინაურების თქმისასაც კი ასწავლი, როგორი უნდა იყოს. — დიახ — ვფიცავ ზევსს, — თქვა სოკრატემ, — მეტი სიხარული რომ მივანიჭო მას, მსურს დავუმტკიცო, რომ სულისმიერი სიყვარული ბევრად აღემატება ხორცისმიერს. 13. ცხადია, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მეგობრობის გარეშე არანაირი ურთიერთობა არ არის ხსენების ღირსი. ხოლო ვისთვისაც სიყვარული სულის მოთხოვნილებაა, მისთვის მეგობრობა საამოცაა და ნებელობითიც. ხოლო ვინც ხორცისმიერი სიყვარულის შემოტევას განიცდის, იმათგან ბევრს სძულს და აძაგებს საკუთარი შეყვარებულის თვისებებს. 14. თუნდაც ორივე — სხეულიც და სულიც — ერთად შეიყვარონ, მსწრაფლ დაჭკნება რა ახალგაზრდობის ყვავილი, გამქრალ სიყმაწვილესთან ერთად წარხდება მეგობრობის ყვავილიც, სული კი დროში კეთილგონიერად მდინარი, მეტ და მეტ სიყვარულს შეიკრებს. 15. გარდა ამისა, გარეგნობით სარგებლობასაც ახლავს ერთგვარი მოყირჭება. ბიჭის სიყვარულთან დაკავშირებითაც ხდება იგივე, რაც ზედმეტი საკვების მიღებისას, ხოლო სიყვარული სულისადმი, სიწმინდესთან წილდებული, არ არის მსწრაფლ დანაყრებადი, თუმცა, როგორც შეიძლება ვინმეს ეგონოს, ის ნაკლებ საამური როდია. პირიქით, ამ დროს აღევლინება ლოცვა ღმერთებისადმი, რომლითაც უფლისაგან გამოითხოვება კეთილი სიტყვისა და კეთილი საქმის ბოძება. 16. და ასეთი გრძნობა მართლაც აღაფრთოვანებს სიყვარულით აღვსილს და უყვარს ის სულს გარეგნული მშვენიერებით, მოკრძალებით და კეთილშობილებით მოყვავილე, რომელსაც ძალუძს თანასწორთა შორის პირველობდეს და თავაზიანობით გამოირჩეოდეს, რაც აღარ საჭიროებს დასაბუთებას, ხოლო ასეთ შეყვარებულს მაგიერი სიყვარულით რომ უნდა პასუხობდნენ, ამას კი დაგისაბუთებთ. 17. უპირველეს ყოვლისა, ვინ შეძლებს სძულდეს ის, ვინც მას, როგორც მისთვის ცნობილია, მაღალზნეობრივად მიიჩნევს? ვინც ბიჭის ზნეობრიობაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარ სიამეზე. თუკი ამას გარდა, მას სჯერა, რომ გრძნობა მისი მხრიდან არ განელდება ყმაწვილობის ჩავლის, ან ავადმყოფობის გამო სილამაზის დაკარგვასთან ერთად? 18. ხოლო თუ ისინი ერთურთს ემსჭვალვიან, განა არ იგრძნობენ საჭიროებას ერთიმეორეს სიამოვნებით შეხედონ? განა კეთილგანწყობილნი არ იქნებიან, არ დაეხმარებიან, წინდაწინვე არ იზრუნებენ ურთიერთზე? თანამონაწილენი კარგ ამბებთი, უბედურებას არ იმგლოვიარებენ ერთად? განა ბედნიერად არ განლევენ დროს ერთად და ჯანმრთელად მყოფნი? ხოლო თუ რომელიმე მათგანი ავად გახდება, განა მეორე დაუხსნელად არ იქნება მასთან? განა განშორებისას კიდევ უფრო მეტად არ იზრუნებენ ერთი მეორეზე, ვიდრე ერთად ყოფნისას? ყოველივე ეს განა კარგი არ არის? აი, სწორედ ასთ ქმედებათა გამო უყვართ მათ ეს მეგობრობა, სიბერემდე მათი თანმდევი. 19. ხოლო ვინც სხეულს მისჯაჭვია მხოლოდ, რატომ ეყვარება ბიჭს? მხოლოდ იმიტომ, რომ ის მიმღები იმისა, რაც სურს სირცხვილეულყოფს მას? ან იქნებ იმიტომ, რომ თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ახლობლებს აშორებს ბიჭს? 20. ხოლო როცა ის ძალას კი არ მიმართავს, არამედ დარწმუნებით ცდილობს ბიჭის მინდობას, მაშინაც კი მოძალადე ჩრდილს აყენებს საკუთარ თავს. მიმნდობი მინდობილს უკლავს სულს. 21. მას კი, ვინც ფულზე ჰყიდის თავის სილამაზეს, რატომ ეყვარება მყიდველი ბაზრის ვაჭარზე მეტად? კიდევ იმიტომ არ ეყვარება, რომ მოყვავილეს საქმე აქვს ჩაყვავებულთან, ლამაზს — ულამაზოსთან, სიყვარულით აღვსილს — სიყვარულისგან დაცლილთან. რომ ბიჭი სიყვარულით ტკბობას მამაკაცთან ქალივით კი ვერ ინაწილებს, არამედ ფხიზლად უყურებს მას აფროდიტეს მიერ მთვრალს. 22. ამ მიზეზთა გამო სულაც არ არის გასაკვირი, რომ ზიზღი დაიბადოს. კარგად თუ მიმოიხედავს ვინმე, დაინახავს, რომ იმათგან, ვინც ზნემაღალი სიყვარულით უყვართ  არანაირი ბოროტება არ წარმოიშობა, ხოლო სამარცხვინო ურთიერთობებიდან, ცხადია, ჩნდება ბევრი ცუდი რამ. 23. ახლა მე თქვენ იმასაც დაგიმტკიცებთ, რომ იმისთვის, ვისაც სულზე მეტად ხორცი უყვარს, ეს კავშირი დამაკნინებელიცაა, ვინც ასწავლის რა უნდა თქვას და რა უნდა აკეთოს კაცმა, იმსახურებს პატივისცემას, როგორც, მაგალითად, ქირონი და ფოინიქსი — აქილევსისგან. ხოლო სხეულის აღმგზნები მხოლოდ, ცხადია, უპოვარივით ისუნსულებს მის ირგვლივ, მუდამ აედევნება და წყალობის მომლოდინეს მუდამ ენდომება ამბორი ან სხვა შეხებითი ურთიერთობანი. 24. თუკი უხეშად გამომდის, ნუ გაიკვირვებთ, ვინაიდან ღვინო აღმაგზნებს, ხოლო ჩემში თანამცხოვრები ზეციური ეროსი მაქეზებს ღიად ვისაუბრო მის მოძულე მიწიურ ეროსზე. 25. და მართლაც, ის, ვისაც თვალი მხოლოდ გარეგნობაზე უჭირავს, მიწის დამქირავებელს ჰგავს, ვინც იმას კი არ ცდილობს ნაკვეთის ღირებულება გაზარდოს, არამედ იმას, რაც შეიძლება მეტი მოსავალი მოიწიოს იქიდან. მეგობრობისკენ მსწრაფი კი იმ მემამულის მსგავსია, რომელიც თავის მამულში ეზიდება ყველაფერს, რაც კი შეუძლია, თავისივე ტრფიალების საგნის ფასი რომ გაზარდოს. 26. ასევეა ბიჭებთან დაკავშირებითაც. სილამაზის გამღებმა თუ იცის, რომ ის დაიმორჩილებს მასზე შეყვარებულს, მაშინ ის ყველაფრის მიმართ გულგრილი რჩება, ხოლო ვინც ხვდება, რომ ზნეობის გარეშე ვერ შეინარჩუნებს მეგობრობას, მაშინ ის სათნოებებზე უმეტეს ზრუნავს. 27. დიდად ბედნიერია ის, ვინც საყვარელი ბიჭისგან თავისივე მეგობარს აღზრდის. ეს კი იმის ნიშანია, რომ ის თვითონაც ივარჯიშებს სათნოებებში. ხოლო ის, ვინც თვითონ იქცევა ცუდად, ვერც ახლობლებზე მოახდენს კარგ გავლენას. თვითონ უსირცხვილო და ზღვარდაკარგული,  ვერც საყვარელ ადამიანს განმსჭვალავს სიყვარულითა და ზომიერებით. 28. — კალიას, ამისი მაგალითები რომ არა მარტო ადამიანები, ღმერთები და გმირებიც სულისმიერ სიყვარულს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე ხორცისმიერს, მსურს, მითოლოგიიდანაც მოგიყვანო. 29. მაგალითად: ზევსი მშვენიერ მოკვდავ ქალებზე შეყვარებული, მათთან  მიდგომის შემდეგ უკვდავებად როდი აქცევდა მათ, ხოლო ვის სულსაც ის აღფრთოვანებაში მოჰყავდა, მათ უკვდავყოფდა. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნებიან: ჰერაკლე და დიოსკურები და როგორც ამბობენ, კიდევ სხვანი. 30. მეც ვამტკიცებ, რომ ზევსმა განიმედი ოლიმპოზე არა სხეულის, არამედ სულის გამო აღიტაცა. ამას მისი სახელიც მოწმობს. ჰომეროსი ამბობს: gavnutai dev t j akouvwn — რაც ნიშნავს „ხარობდე, მსმენო“. სხვა ადგილას კი ასე წერია: pukina; fresi; mhvdea eijdwv~ — რაც ნიშნავს: „გონებით იცოდე ბრძნული აზრები“. როგორც ამ ორი ადგილიდან ჩანს, განიმედს პატივი ღმერთთაგან მიენიჭა არა იმიტომ, რომ ერქვა „სხეულით ამო“, არამედ „საამო სულით“. 31. შემდეგ კი, ჩემო ნიკერატე, აქილევსმა, როგორც ჰომეროსი მოგვითხრობს, მაგიერი მიუზღო პატროკლეს მოკვლისა გამო, სთვლიდა რა მას მეგობრად და საგნად ვნების. ამისავე მაგალითები არიან: ორესტე, პილადე, თეზევსი, პირითოე და კიდევ სხვა სახელოვანნი ნახევარღმერთებიდან, რომელნიც, პოეტთა მიერ შექებულნი, ერთად აღასრულებდნენ დიდ და სახელოვან საქმეთ, არა იმიტომ, რომ ერთად ეძინათ, არამედ იმიტომ, რომ დიდად უყვარდათ ერთმანეთი. 32. და ვინ უწყის, იქნებ ახლაც ასე იყოს. იქნებ ყველა ბრწყინვალე საქმეს ქება-დიდებისთვის აღასრულებენ ადამიანები, იქნებ ამისთვის უფრო იღვწიან და ამისთვისვე იგდებენ ხიფთში თავს, ვიდრე სახელის მაგიერ განცხრომის მდომნი? მართალია, პოეტ აგათონზე შეყვარებული პავსანია თავშეუკავებელთა დასაცავად წერს, რომ ასეთთა ლაშქარი იყო ძალიან ძლიერი, ვინაიდან, მისი აზრით, მათ ერთურთის მიტოვება ერცხვინებოდათ. 33. განსაცვიფრებელი აზრია, თითქოს ადამიანებს, რომელთაც ერთმანეთის არ ერიდებათ და გულგრილად ეკიდებიან კიცხვას, სამარცხვინო საქმის შერცხვებოდეთ! 34. პავსანიას ამის მტკიცებულად ის მოჰყავს, რომ თებელები და ელეელებიც მისი აზრისანი არიან, რომ მართალია, ისინი საყვარელ ბიჭებს თავისთან იწვენენ, მაგრამ ბრძოლის დროს ამოიყენებენ ხოლმე გვერდში. თუმცა, ეს სულაც არ არის სათანადო მტკიცებულება. ეს ჩვენთვის სამარცხვინოა, მათთვის კი — კანონი. მე ასე მგონია, რომ ადამიანებს, რომელნიც ასე იქცევიან, არა აქვთ იმის იმედი, რომ მათი რჩეულნი, შორს მყოფნი მათგან, სამამაცო საქმეთ აღასრულებენ. 35. ლაკედემონელები კი, რომელთაც სწამთ, რომ მხოლოდ სხეულზე შემსჭვალული ადამიანი გამოუსადეგარია კეთილშობილურ საქმეში, თავიანთი ბიჭებისაგან ისეთ გმირებს ზრდიან, რომ ისინი არათუ შეყვარებულებთან, არამედ უცხოთა ლაშქარშიც კი ერიდებიან თანამებრძოლის მიტოვებას. ასეთნი ქალღმერთად აღიარებენ სირცხვილს და არა უსირცხვილობას. 36. მგონი, ჩვენი სასაუბრო საკითხის შესახებ ყველანი მივალთ ერთ აზრამდე, თუკი საკითხს ასე შევხედავთ: როგორი სიყვარულის შემთხვევაში შეიძლება კაცმა ბიჭს ანდოს ბავშვი და ფული? ან უყოს წყალობა? ჩემი აზრით, ის ვინც ბიჭის მხოლოდ გარეგნობთ სარგებლობს, ყოველივე ზემოთქმულს ანდობდა მხოლოდ სულით მოყვარეს. 37. — შენ კი, კალიას, ჩემი ფიქრით, ღმერთებს მადლობა უნდა შესწირო იმის გამო, რომ მათ ავტოლიკესადმი სიყვარული მოგანიჭეს. ცხადია, ის პატივმოყვარეა, მზადაა ბევრ შრომასა და ჯაფას გაუძლოს, რათა მსაჯმა მრავალჭიდში გამარჯვებულად გამოაცხადოს. 38. ხოლო თუკი ის ოცნებობს, იყოს სამკაული არა მხოლოდ მამისა და საკუთარი თავისა, არამედ შესაძლებლობის შემთხვევაში, თავის მაღალ სამამაცო ზნეთა მეშვეობით, მეგობრებს სიკეთე გაუკეთოს, სამშობლო ადიდოს, მტერთა ძლევის აღსანიშნავად ძეგლი აღმართოს და ყველა ამ საქმეთა გამო ცნობილი და სახელგანთქმული გახდეს, ნუთუ გგონია, რომ მას, ვისაც ამ ყოველივეში თანამონაწილედ მიიჩნევს, უდიდეს პატივს არ მიაგებს? 39. ამრიგად, თუკი გსურს, ავტოლიკეს მოსწონდე, უნდა გაითვალისწინო, როგორმა ცოდნამ მისცა თემისტოკლეს ელადის განთავისუფლების შესაძლებლობა, რა მონაცემების გამო ჩათვალეს პერიკლე სამშობლოს საუკეთესო მრჩეველად, ან რომელმა ფილოსოფიურმა მიმართულებამ მისცა სოლონს შესაძლებლობა ასეთი საუკეთესო კანონები შეექმნა ჩვენი ქალაქისათვის? ან როგორი ვარჯიშები ეხმარება სპარტელებს, საუკეთესო მხედართმთავრებად ითვლებოდნენ? შენ ხომ მათი საპატიო მოქალაქე ხარ და მათგან საუკეთესონი მუდამ ჩერდებიან ხოლმე შენთან? 40. ყოველივე ამის მცოდნეს, თუკი შენ თვითონ ისურვებდი, ქალაქი უმალვე განდობდა თავის საქმეთა ხელმძღვანელობას. ასე იქნებოდა, გჯეროდეს. შენ ყველაფერი საჭიროზე მეტი გაქვს ამისთვის: წარჩინებული ოჯახიდან ხარ, ევპატრიდი, ქურუმი-ერიხთეველი ღმერთებისა, რომლებმაც იაკქოსთან ერთად დაამარცხეს ბარბაროსები და ახლა, ამ დღესასწაულზე შენ შენს წინაპართა შორის ყველაზე მეტად შეგფერის საღმრთო პატივი: გარეგნობით ყველას სჯობიხარ ქალაქში და გაუძლო ტვირთს, ესეც ძალგიძს.  41. იქნებ ფიქრობთ, რომ იმაზე დინჯად ვსაუბრობ, ვიდრე ეს სამელიან სუფრას შეშვენის? ნუ გაიკვირვებთ, მე ხომ თანამოქალაქეთა მსგავსად მიყვარს ბუნებისაგან მიმადლებულნი, სათნოებისკენ სწრაფვა მუდამ პატივად რომ მიაჩნიათ? 42. სოკრატეს ამ სიტყვასაც მოჰყვა ბაასი. ავტოლიკე მზერამიჯრით უყურებდა კალიასს. მან კი, ავტოლიკესკენ ირიბად მზირალმა, თქვა: — სოკრატე, მაშასადამე შენ იქნები შუამავალი ჩემსა და ქალაქს შორის, რათა მე მისი საქმეებით დავკავდე და წყალობა მისი აროდეს მომაკლდეს? 43. — დიახ, ვფიცავ ზევსს, — მიუგო სოკრატემ, — თუკი ისინი დაინახავენ, რომ არა მოჩვენებითად, არამედ ნამდვილად ზრუნავ სათნოებებზე. ფუჭსახელი მსწრაფლ განქარდება საქმით, ხოლო ჭეშმარიტი სათნოება, თუ ღმერთები ინებებენ, თავისი ქმედებით მეტ და მეტ ბრწყინვალებას მიანიჭებს სახელს.

IX თავი  1. ამით დასრულდა ეს ბაასი. ავტოლიკე, რომლის ადგომის დრო უკვე მოსულიყო, გასასეირნებლად წამოდგა. მისმა მამამ ლიკონმა, შვილთან ერთად მიმავალმა, უკუმოხედვით თქვა: — სოკრატე, ჰერას ვფიცავარ, ჩემი აზრით, კარგი კაცი ხარ მართლაც. 2. ამის შემდეგ ოთახში, უპირველეს ყოვლისა, დადგეს ტახტი. მერე კი შემოვიდა სირაკუზელი და მიმართა შეკრებილთ: — მეგობრებო, არიადნა ახლა აბრძანდება საქორწინო სარეცელზე, რომელიც საზიარო აქვს დიონისესთან, შემდგომ კი მოვა დიონისე და ისიც იქ დაიკავებს ადგილს და ილაღობებენ ერთად. 3. პირველად საქორწინოდ მოკაზმული არიადნე გამოჩნდა და დაბრძანდა ტახტზე. დიონისეს მოსვლამდე კი ფლეიტაზე დამკვრელმა ქალმა ბაკქური მელოდია ააჟღერა. აქ კი ყველა აღაფრთოვანა დამდგმელის ხელოვნებამ: გაიგონა თუ არა არიადნემ მუსიკის ხმა, ისეთი მოძრაობა გააკეთა, ყველა მიხვდებოდა, რომ მოსმენა სიამოვნებდა. ის არათუ წავიდა დიონისესთან შესახვედრად, არც კი წამომდგარა, მაგრამ ჩანდა, რომ ჯდომა უჭირდა.  4. დიონისე კი არიადნეს დანახვისთანავე ცეკვა-ცეკვით წავიდა მისკენ. თითქოს უნაზეს სიყვარულს გამოხატავსო, ასე მოთავსდა ქალის მუხლებზე, მოეხვია და აკოცა მას. დარცხვენილი არიადნეც მოეხვია დიონისეს. ამის დანახვაზე იქ მყოფებმა ტაში დასცხეს და შესძახეს: „კიდევ“, „კიდევ“! 5. როცა დიონისე წამოდგა და არიადნეც წამოაყენა, კარგად გამოჩნდა, როგორ გამოსახავდნენ ისინი მოძრაობით ხვევნა-კოცნას. დამსწრენი ხედავდნენ სინამდვილეში, რა ლამაზი იყო დიონისე, როგორი ნორჩი არიადნე, ხედავდნენ იმასაც, რომ ისინი არა ყასითად, არამედ ნამდვილად კოცნიდნენ ერთმანეთს ბაგეებში და იყო ყველა ამით აღფრთოვანებული. 6. ესმოდათ ისიც, თუ როგორ ეკითხებოდა დიონისე არიადნეს, უყვარდა თუ არა იგი მას. ხოლო არიადნე ისე ადასტურებდა ამას ფიცით, რომ სტუმრებიც ფიცქვეშ იტყოდნენ იმას, რომ ბიჭს და გოგოს უყვარდათ ერთმანეთი, რომ ეს ნასწავლი მოძრაობა კი არ იყო, არამედ მათ ნება ჰქონდათ დართული, გაეკეთებინათ ის, რაც დიდი ხანია სურდათ. 7. სტუმრებმა, როგორც კი დაინახეს, რომ დიონისე და არიადნე ერთმანეთს მოეხვივნენ და საქორწინო სარეცელზე აბრძანდნენ, დაუქორწინებელნი დაქორწინების ფიცს სდებდნენ, ხოლო დაქორწინებულთაგან ისინი, ვინც ცხენებით იყვნენ, მყისვე მოახტნენ მათ და საკუთარ ცოლებთან სალაღობოდ გაკურცხლეს. სოკრატემ და კალიასთან ერთად დარჩენილებმა კი ლიკონსა და მის ვაჟ ავტოლიკესთან ერთად გაისეირნეს. აი ასე დასრულდა ეს ნადიმი.

ძველბერძნულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ქეთევან ჯერვალიძემ

კომენტარები  თავებისა და მუხლების მიხედვით:
I თავი 2. ა. პანათენეები — უმთავრეს ათენურ დღესასწაულთაგან ერთი, მითოლოგიური ტრადიციით, მეფე თეზევსის მიერ ქალღმერთ ათენასადმი მიძღვნილი, იმართებოდა შუა ზაფხულში ჯერ წელიწადში ერთხელ, პისისტრატეს დროიდან კი ( — 565 წ.) 4 წელიწადში ერთხელ. მისი შემადგენელი ნაწილი იყო შეჯიბრებები ტანვარჯიშში, ცხენოსნობასა და მუსიკაში. ტანვარჯიშს განეკუთვნებოდა მრავალჭიდიც, რომელიც თავის მხრივ ჭიდაობისა და კრივისაგან შედგებოდა. შეჯიბრების მონაწილენი სამ ასაკობრივ ჯგუფად იყოფოდნენ. ბავშვები, ჭაბუკები — „წვერგამო“ და ვაჟკაცნი (წვეროსანნი). ჩვენი „ნადიმის“ პერსონაჟი ავტოლიკე, როგორც ჩანს, ბავშვების ჯგუფში შედიოდა. გამარჯვებულს აჯილდოებდნენ „საღმრთო“ ზეთისხილის ტოტების გვირგვინითა და ძვირფასი ამფორით.
ბ. კალიას ჰიპონიკეს ძე — ისტორიული პიროვნება. ათენის უმდიდრესი მოქალაქე, პლატონის „აპოლოგია სოკრატესა“ და „პროტაგორას“ პერსონაჟი. მის ოჯახში იკრიბებოდნენ ცნობილი ათენელები და სოფისტები, რომლებიც დიდ როლს თამაშობდნენ ათენის ცხოვრებაში. კალიასი დიდ სახსრებს ხარჯავდა საკუთარ განათლებაში. ქსენოფონტი აღგვიწერს ნამდვილ ამბავს. ეს ნადიმი კალიასის ოჯახში გამართულა — 422 წელს, როცა სოკრატე 46-47 წლისა ყოფილა.
3. კრიტობულე — სოკრატეს მიმდევარი. ჰერმოგენე — ათენის დიდებული საგვარეულოს წარმომადგენელი, ძმა უმდიდრესი კალიას ჰიპონიკეს ძისა, უერთგულესი მოწაფე სოკრატესი; ანტისთენე — ასევე უერთგულესი მოწაფე სოკრატესი, შემდგომში კინიკური მიმართულების ფუძემდებელი ფილოსოფიაში. ქარმიდე — გლავკონის ძე, პლატონის დედიძმა, ძველი არისტოკრატიული „კალოკაგათიის“ განსახიერება, ცნობილი, დიდებული, მორჭმული, მაღალ საგნებზე ბაასის მოყვარული.
5. პროტაგორა, გორგია, პროდიკე — სოფისტები.
7. იმდროინდელ ათენში ცუდ ტონად ითვლებოდა ერთხელ მიპატიჟებას დასთანხმებოდა ვინმე. მიწვეული ჯერ ემადლიერებოდა მიმწვეველს. მერე სხვადასხვა მიზეზთა გამო უარობდა, ბოლოს კი თანხმდებოდა, სწორედ ისეთი სიტუაცია იქმნებოდა ხოლმე, როგორიც დავით კლდიაშვილის მოთხრობებიდანაა ჩვენთვის ნაცნობი.
8. ისტორიულ ეპოქაში ბერძნები მაგიდასთან მხარ- თეძოზე წამოწოლილნი მიირთმევდნენ. ბავშვები კი ისხდნენ.
10. ღვთისაგან შეპყრობილებში — იგულისხმებიან ორგიაისტული კულტების მიმდევრები: კიბელეს ქურუმები და ბაკქელები.
11. სტუმრების გასართობად იწვევდნენ ხუმარებს, კომედიანტებს, თოჯინების თეატრს, დამკვრელებს, მოცეკვავეებს, აკრობატებს.
II თავი
1. ბერძნული ნადიმი (საზეიმო სუფრა სტუმრებთან ერთად) სამი ნაწილისგან შედგებოდა: სადილის, დესერტის და ქეიფისგან. პირველის დასრულების შემდეგ იბანდნენ ხელებს, რომელიც ჩანგლის მაგივრობას სწევდა. თითო ყლუპ ღვინოს დააყოლებდნენ „კეთილი გენიის“ საპატივსაცემოდ. შემდეგ გაჰქონდათ მაგიდები. მათ ქვეშ დარჩენილ ძვლებსა და ნამცეცებს კი ჰგვიდნენ (ჩვენთან, ფშავშიც, მაგიდის ქვეშ იყრებოდა ძვლები და სუფრის სხვა ნარჩენები, რასაც კი არ ჰგვიდნენ, არამედ იქვე მიირთმევდნენ კატა და კნუტები, ან ლეკვები. უკვე მითო-რიტუალიდან გამოსული ეს სცენა ჩემში, გაქალაქელებულ ბავშვში დიდ აღშფოთებას იწვევდა, მაგრამ სამაგიეროდ, ბუნების იერარქიულ მთლიანობას განასახიერებდა შესანიშნავად).
4. ლიკონი — ავტოლიკეს მამა. იმ დროის ცნობილი ორატორი, რომელმაც შემდეგ სოკრატეს სიკვდილით დასჯა მოითხოვა.
10. ქსანტიპა — სოკრატეს მეუღლე. ცხადია, მისი სიფიცხე თვით სოკრატეს ცხოვრების წესითაც იქნებოდა გამოწვეული. ასე რომ, ჩვენი დღევანდელობიდან გამომდინარე, შეიძლება გავუგოთ ქსანტიპას  და თანავუგრძნოთ კიდეც.
14. პისანდრე — დემაგოგი, 400 ოლიგარქიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი.
18. ოთახის ფართობი იზომებოდა მასში განთავსებულ ლოჟათა რაოდენობის მიხედვით.
20. როგორც ჩანს, პური ორი ნაწილისგან შედგებოდა და მისი ზედა და ქვედა ნაწილი თანაბარი ზომისა და წონისა უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში პურისმცხობელი ჯარიმდებოდა.
26. გორგია ლეონტიელი ცნობილი იყო თავისი სიტყვათქმნადობითა და ღვლარჭნილმეტყველებით.
III თავი
5. ჰომეროსს ბერძნები ზნეობისა და ყოველგვარი ცოდნის მამად თვლიდნენ, თუმცა, ჩვენდა სანუგეშოდ უნდა ვთქვათ, რომ მასაც ჰყავდა განმაქიქებელთა მთელი არმია, რომელთა მისამართით ბერძნებს ჰქონდათ გამოთქმა „ჰომეროპათი-ჰომეროსმოძულე“.
6. პოეტური ნაწარმოების შექმნისა და მისი მსმენელამდე მიტანის პროცესი ოთხ საფეხურს მოიცავდა: ღმერთი, პოეტი, ღვთივ შთაგონებული, რაფსოდი — ღვთივშთაუგონებელი, მსმენელი. რაფსოდობა სახარბიელო სულაც არ იყო შეფასების თვალსაზრისით, მაგრამ ეს  ხელს არ უშლიდა მათი რიგების ზრდას.
7. ა. იდუმალი აზრის წვდომა — ამ დროს მიღებული იყო ჰომეროსის პოემების ალეგორიული განმარტება. ბ. სტესიმბროტე თასოსელი (— V ს. II ნახ.) ცნობილი რაფსოდი და ჰომეროსის კომენტატორი. გ. ანაქსიმანდრე მილეტელი (არანატურფილოსოფოსი — 611-546), არამედ მწერალი და ჰომეროსის განმმარტებელი (— V ს. II ნახ.).
8. ა. ობოლი — ფულის უმცირესი ერთეული. ბ. შეჯიბრზე გაოფლიანებისა და სხლტომადობის თავიდან ასაცილებლად მონაწილეს წმინდა სილაში ამოგანგლავდნენ ხოლმე.
11. კალიპიდე — ტრაგიკოსი მსახიობი.
IV თავი
6. ა. „კარგი მეფე და უძლიერესი შუბოსანი“ („ილიადა“ III, 179. (რ. მიმინოშვილისეული თარგმანი: „სვითნი მეფე და მებრძოლი ძალგულოვანი).
12. კლინეასი — როგორც ჩანს, ალკიბიადეს ძმა ან ბიძაშვილი. მათ საკუთარი გვარი ორესტე აგამემნონის ძისგან გამოჰყავდათ. დიოგენე ლაერტელი არისტიპე კირინელზე დაყრდნობით ტექსტში კრიტობულეს ამ სიტყვებს თვით ქსენოფონტის მიაწერს, რომელიც თურმე შეყვარებული იყო კლინიასზე.
19. სილენი — ჰერმესისა ან პანის და ნიმფას ძე თანამგზავრი აღმზრდელი და მწვრთნელი ბაკქოსისა. მისი მახასიათებლებია: ღვინის ტიკივით გაბერილი, მთვრალი, მხიარული, კეთილმოსაუბრე, ცხვირკომბალა მოხუცი.
24. იყო სამი გორგონა, რომელთა შეხედვისას ადამიანი ქვავდებოდა.
30. ა. დამსმენები და შანტაჟისტები აღძრავდნენ ხოლმე სასამართლო პროცესებს მდიდარი მოქალაქეების წინააღმდეგ ფულის გამოსაძალად, ხანაც პირადი ანგარიშსწორების გამო. ბ. ქალაქის მიერ შეწერილი გადასახადები იყო: 1. ტრიერარხია — სამხედრო ხომალდების მომარაგება; 2. ხორეგია — მუსიკალური, საორკესტრო და თეატრალური წარმოდგენების დაფინანსება; 3. გიმნაზარხია — სპორტული შეჯიბრებების ორგანიზება ამა თუ იმ დღესასწაულისთვის. გ. ქარმიდეს ეს მამულები, როგორც ჩანს, დაუკარგავს პელოპონესის ომის პერიოდში. 32. ა. თავისუფალი მოქალაქე სასამართლოსა და სახალხო კრებაში მონაწილეობისათვის იხდიდა ჯერ 1 ობოლს, შემდეგ — 3-ს. გ. უბედურების ამრიდებელ ღმერთებად ითვლებოდნენ: ზევსი, აპოლონი, ჰერაკლე.
41. თასოსური ღვინო ითვლებოდა უძვირფასესად.
45. ნაწყვეტი „ილიადადან“ IX. 120, 261, თარგამანი რომან მიმინოშვილოსა. ყოველივე ამას აგამემნონი ჰპირდება რისხვის სანაცვლოდ აქილევსს. ციტატა მოყვანილია ირონიით, მტკიცებულებად იმისა, რომ ჰომეროსი ასწავლიდა გაზომვ-აწონასა და ქონების მოხვეჭას.
63. ესქილე ფლიუნტელის შესახებ არაფერია ცნობილი.
V თავი
7. ნიადები — მტკნარი წყლის ნიმფები
8. მსაჯები უნდა იყვნენ ერთი ვინმე სირაკუზელის გოგო და ბიჭი.
9. ბაბთები ეძლეოდათ შეჯიბრში გამარჯვებულებს და უკეთებდნენ ხელზე, ფეხზე ან თავზე.  VI თავი
1. პატრონში იგულისხმება სირაკუზელი
3. ნიკოსტრატე — იმ დროის სახელგანთქმული მსახიობი, რომელსაც პირველს შემოუღია დიალოგების მუსიკის თანხლებით კითხვა.
6. ა. მოაზროვნე, ასე იხსენიებს სოკრატეს კომედიოგრაფი არისტოფანე თავის „ღრუბლებში“, რომელიც პირველად — 423 წელს დაიდგა. ეს ნადიმი კი იყო — 422 წ. ბ. სირაკუზელს ღმერთების საუფლოს კვლევა მიაჩნია დანაშაულად და ღვთისგმობად. ეს ბრალდებაც არისტოფანეს „ღრუბლებიდან“ მომდინარეობს. მაგრამ ეს იყო ცრუ ბრალდება, ვინაიდან სოკრატემ ფილოსოფია ზეციდან მიწაზე ჩამოიტანა და ეთიკისკენ მიმართა.
VII თავი
1. ბერძნული ნადიმების თანმდევი იყო თანამეინახის ვინმესთან ან რამესთან შედარება. ასეა ეს როგორც პლატონის, ასევე ლუკიანეს „ნადიმშიც“.
5. ქარიტები — სილამაზის სამი ქალღმერთი; ჰორები — დროისა და ბუნებაში წესრიგის დამცველი სამი ქალღმერთი.
VIII თავი 1. სოკრატეს საუბარი ეროსის შესახებ ძალიან ჰგავს ორფიკულ ნააზრევს.
2. ქარმიდე თაყვანისმცემელთა გარემოცვაში წარმოდგენილია პლატონის დიალოგში „ქარმიდე“.
5. ღვთის ხმა ეს სოკრატული „დაიმონი“ ანუ ბარათაშვილს თუ დავიხმართ „ხმა იდუმალია“, რომელიც მას რჩევებს აძლევდა.
9. ა. ორი აფროდიტე — მიწიურს, ანუ საყოველთაო აფროდიტეს ეწირებოდა ავხორცობის სიმბოლო — თხა, ზეციურს კი — ხბო. გ. ზევსის ზეწოდებანი იყო: „ზესთაზე“, „მხსნელი“, „ფიცის დამცველი“, „სტუმართმფარველი“, „ქალაქის მფარველი“, „კერიის მფარველი“.
23. ქარონი — კენტავრი; ფოინიქსი — აქილევსის აღმზრდელნი. ტროას ომში მამამ აქილევსს ფოინიქსი გააყოლა („ილიადა“ IX, 438-43) 32. ა. პავსანია — ისტორიული პიროვნება, დაბალი სოციალური წარმოშობის, პლატონის „ნადიმისა“ და „პროტაგორას“ პერსონაჟი, და არა ისტორიკოსი II საუკუნისა.  გ. აგათონი (— 447—405) — შეძლებული მოქალაქე და განახლებული ტრაგედიის მომხრე, პლატონის „ნადიმი“ სწორედ მისი დრამატული სპექტაკლის გამარჯვების (— 416) აღსანიშნავ ზეიმს აღწერს.  35. ციცერონის თანახმად („კანონთა შესახებ“ II. 11, 28) ათენში ყოფილა ურცხვობის ტაძარი. თუმცა ათენსა და სპარტაში ჰქონიათ „მორცხვობის“ სტატუებიც (ბავშვობაში, ფშავში ჩემი ნახევრად ქისტი ბებოსაგან არაერთხელ მსმენია: „სირცხვილისა მრცხვენის“ — მითოსური აზროვნების ნაშთი, თუმცა ქართულ ეთნოგრაფიასა და ფოლკლორში დადასტურებულია თუ არა ეს გამოთქმა, ვერაფერს ვიტყვი). 39. სპარტის საპატიო მოქალაქეობა — პროქსენია — ქსენოფონტეს თუ ვერწმუნებით (ჰელენიკა VI. 3,4), კალიასის გვარში თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
40. ერეხთეველ ღმერთებში იგულისხმება დემეტრესა და პერსეფონეს კულტი, რომელიც უძველეს მეფეს ერიხთევსს დაუარსებია. ეს ორი ქალღმერთი მთავარ როლს თამაშობდა ელევსინის მისტერიებში. მასში მონაწილეობდა აგრეთვე იაკქოსი, რომელიც ზევსისა და დემეტრეს ძედ ითვლებოდა. ღვთისმსახურების აღსრულებისას მთავარი ფუნქცია ჰქონდათ იეროფანტსა და ჩირაღდნის დამტარებლებს, რომელთაც ჯერ კერიგების, შემდეგ კი კალიასების (— V—IV სს.) გვარიდან ირჩევდნენ.

Gallery | This entry was posted in თარგმანი. Bookmark the permalink.

One Response to ქსენოფონი ნადიმი

  1. Ninelle says:

    shesanishnavi targmania, didi madloba

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s