ლეონიძე გიორგი “ყივჩაღის პაემანი” ანუ აღდგომის საგალობელი

გიორგი ლეონიძე

გიორგი ლეონიძე

„ყივჩაღის პაემანი“, ანუ აღდგომის საგალობელი
«…ერთი მეც გადავუქნიე, წვერიმც ვუწვდინე მიწასა…»

მუხრანული

ხალხური ლექსის, „შამამეყარა ყივჩაღის“, შესახებ  ბევრი უფიქრია  ქართველ კაცს. მარტო გოგლასა და ტიციანის ლექსები რად ღირს?   ან თუნდაც ის  დიდი დავა გავიხსენოთ ლექსის ფინალის შესახებ: „ქალი წავიდა სხვისასა, თუ ძმისასა“?  რას უნდა გაემარჯვა? ტრადიციას (ძმასთან წასვლას), თუ  ბიოლოგიურ ბუნებას( სხვასთან წასვლას)?. გიორგი ლეონიძე ამ საკითხს არ ჩაუფიქრებია, მან სულ სხვაგვარად გადაიაზრა ხალხური ლექსი  და ეს გადააზრება შედევრად დაუტოვა, ქართულ ლიტერატურასა და ჩვენ, მის შთამომავლებს. მხატვრული ლიტერატურის მთავარი თვისება კი ის გახლავთ, რომ მარავალმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. მე პირადად ისეთ მკითხველთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომელთაც არასოდეს აკმაყოფილებთ ნაწარმოებისაგან მიღებული სიამოვნება, სულ მის სიღმეში ჩაღწევას ცდილობენ, სულ მეტი ინფორმაციის მიღებას ესწრაფვიან ტექსტისგან  მაშ დავიწყოთ ლექსის პირველი სტროფის პირველი სტრიქონით.

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,

ყორღანები ეს გორა სამარხებია, ყორღანული კულტურის ბევრი ძეგლია საქართველოში, მარტო თრიალეთის კულტურა (ძვ.წ 2500-2000) რად ღირს? მაგრამ ჩვენს ავტორს მხედველობაში აქვს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ყორღანები, ვინაიდან ეს ტერიტორია XI ს-დან ყივჩაყთა განსახლების არეალი იყო.  ყორღანებს ცენტრში დიდი დასაკრძალავი  დარბაზები ჰქონდათ. ამიტომაც გვეუბნება ავტორი ყორღანებიდან გნოლი, ანუ სული ამოფრინდა და ყაბარდოს ველი, გადმოიფრინა რა საქართველოში, მუხრანის ბოლოს მოატანა და აქ დაიბრუნაო ადამიანის სახე, (იგულისხმება, თორემ ავტორი პირდაპირ კი არ გვეუბნება ამას), სხათა შორის, ძველ საბერძნეთში, კლასიკურ პერიოდამდე ასეთი „სააღდგომო“ ტრადიცია ყოფილა: გაზაფხულზე მამაკაცი ცულით  აპობდა ყორღანს და ათავისუფლებდა მიწისქვეშეთიდან პერსეფონეს. სულს ქრისტიანობა მტრედის სახით მოიაზრებს, მანამდე კი ეს ფუნქცია ყვავსაც ჰქონია, რასაც ლუკიანე სამოსატელმა დასცინა ფილოსოფიურ სატირაში „ამბავი პელეგრინის აღსასრულისა“.

მაგრამ დავუბრუნდეთ  ყივჩაყებს. ამ თურქულენოვანი მომთაბარე ტომის თავდაპირველი საცხოვრისი მდინარე ვოლგის აღმოსავლეთით ყოფილა  და შემდეგ, როგორც უკვე ვთქვით, XI ს-ში  გადასახლებულან შავიზღვისპირეთში. რუსები მათ „პოლოვცებს“ ეძახდნენ, ევროპელები კი “კუმანებს“.  ისინი თავს ესხმოდნენ მეზობელ ქვეყნებს: რუსეთს, უნგრეთს, ბიზანტიას. რუსეთთან ყივჩაყების მორიგი ბრძოლა 1103-1116 წწ-ში, ვლადიმერ მონომახის დროს, მათი დიდი ნაწილის განადგურებით დასრულდა, მხოლოდ მდინარე დონის მიდამოებში დარჩა მათი პატარა ურდო სარჩაქ-ხანის მეთაურობით, რომელსაც მისი ძმა ათრაქა მართავდა. სწორედ ამ ათრაქა შარაღანისძის ასული მოიყვანა თავით აღმაშენებელმა მეორე ცოლად და ყივჩაყთა  40 000 ოჯახიც შემოასახლა საქართველოში.  გადმოსახლებული ყივჩაყები მოსაზღვრე სახელმწიფოების რბევით ირჩენდნენ თავს და  შიგდაშიგ ალბათ, უმაღლესი ხელისუფლების თანხმობით, არც ქართველებს  ინდობდნენ, უსაფრდებოდნენ მოსახლეობას და ძარცვავდნენ. სწორედ ამ პოლიტიკური რეალობის “ეგზუკუცის” გამოძახილი უნდა იყოს ხალხური ლექსი “შამამეყარა ყივჩაღი”. გაქრისტიანებულ ყივჩაყებს საქართველოში  „ნაყივჩაყრებს“ ეძახდნენ.  მათი ნაწილი ქვეყნის მართვა-გამგეობაშიც იღებდა მონაწილეობას.  გიორგი III-ის  მიერ 1177 წ-ს და თამარის მეფობისას 1191წ-ს ისინი შიდაფეოდალური ოპოზიციის წინააღმდეგ იქნენ გამოყენებულნი. არ არის გამორიცხული, აღმაშენებელსაც 1118 წ-ს სწორედ ამ მიზნით შემოეყვანოს ისინი. 15000 ყივჩაღის დიდგორის ბრძოლაში მონაწილეობის მათე ურჰაელისეული ცნობა (სომეხი ისტორიკოსია ედესიდან  ანუ ურჰადან), გაზიარებული ქართველი ისტორიკოსების მიერ, ჩემი აზრით, ვერ აკმაყოფილებს ისტორიული მასალის ისტორიულ ფაქტად ქცევის სამეცნიერო კრიტერიუმებს.

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,

ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ახლა კი ქალბატონ გრამატიკას მივხედოთ. ძველბერძნულში ეს სიტყვა მდედრობითი სქესისაა. ამ ხალხს ზმნაც ჰქონდა მისგან ნაწარმოები „გრამატიკეუომაი“ , რაც არც მეტი, არც ნაკლები, ლიტერატურის სწავლას ნიშნავდა. წარმოგიდგენიათ, მთელი მეტყველი სამყარო ამ მხნე ქალბატონის მხრებზე დგას.

ლექსის პრველი სტროფი სულ ორი შერწყმული წინადადებისაგან შედგება: „გნოლი გაფრინდა“, „[გნოლმა] გადაიარა“: „[მე] აღვსდექი“,“[მე] ვსინჯავ“, ანუ ერთ ქვემდებარესთან ორ-ორი შემასმენელია. ხოლო ზმნა „გადაიარა“  მართლა გადაგივლის და გადაგრევს კაცს, მწკრივში მონაცვლეა და  ხან საშუალმოქმედებითის ფორმებით იწყებს ნავარდს მყოფადიდან, ხანაც – ვნებითისა. უჩვეულოდ ლამაზია სტროფის მეორე ნახევრის  პირველი წინადადება „ისევ აღვსდექი“. აღვსდექი ერთპირიანი ზმნაა და მას გრამატიკულად სულაც არ სჭირდება ირ. O3-ის ნიშანი „ს“, S1 -ის ნიშნის „ვ“ – ს გვერდით რომ მოკალათებულა.  გრძნობს, რომ მთელი სტროფის მაგიური მუხტი სწორედ მისგან მოდის, სამ სკნელს მსჭვალავს თითქოს. რა უბადრუკი იქნებოდა წინადადება ამ „შთაჭრილი“  „ს“ – ს გარეშე? აბა გავიმეოროთ? „ისევ ავდექი!“ თითქოს საწოლიდან წამოდგომაზე ვსაუბრობდეთ, ისეთი ყოფით-სასაუბრო  ხდება აზრი, უკეთესი მდგომარეობა არც „აღ“ ზმნისწინის დახმარებით გვექნება. ეს  „ს“ გახლავთ ის ჯადოსნური ბგერა, რომლის საშუალებითაც ავტორი ჩვენ უდიდეს საიდუმლოს გვიმხელს, არა მარტო გვიმხელს, არამედ მის თანამონაწილედ გვხდის. ამ მომენტის საკრალურობას, საიდუმლოს გვაზიარებს. ჩვენც განვიცდით აღდგომის, ხელახალი სულიერი ენერგიით აღვსების, სულიერი ყოფიერების სხვა დონეზე ასვლის სიდიადეს. მეგობრებო, როცა ვამბობ ჩვენ-მეთქი, უგრძნობელი ადამიანები როდი მყავს მხედველობაში, აი ისეთნი, რომელთა შესახებაც ვაჟა წერდა: “მკვდარია უგრძნობი კაცი, უსაზარლესი მკვდარზედა…“ ჩემო კარგებო, ჩვენი კლასიკოსები ილია, აკაკი, ვაჟა… მხოლოდ იმიტომ კი არ არიან დიდნი, რომ რაღაც კარგად და ლამაზად თქვეს, არამედ იმიტომაც, რომ მათთვის სიტყვა და საქმე იყო განუყოფელი…

მაგრამ პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ. ყივჩაღი მებრძოლი იყო და ცხადია, იარაღით მოკვდა და აღსდგა იარაღითვე, თითქოს წინა დღის დაძინებულს გაეღვიძოს. გამოღვიძებული კი კვლავ ბრძოლისათვის ემზადება. ისეთი სიტუაციაა, როგორზეც „ვოჟა ჯურხაის ლექსი“ გვიამბობს: „ბეთლემის კარზე ჰკიდია ვოჟა ჯურხაის ფარიო, მაუვლის ომის წადილი, ხანდახან შასძრავს ქარიო“. გარდაცვლილის სული თურმე დროდადრო ბრუნდება და თავს დასტრიალებს საყვარელ ნივთებსა თუ ადამიანებს.

მეორე სტროფიდან ვიგებთ, რომ ეს აღდგომა გმირისა, როგოც წესი და რიგია, გაზაფხულზე მომხდარა, გაზაფხულზე მკვდარი გაზაფხულზევე  აღმდგრა . აღდგომა განხორციელდა იქ, საიდანაც ისინი აღმაშენებელმა გადმოასახლა, ხოლო აღმდგარმა სულმა, ამ შემთხვევაში „გნოლმა“ მყისვე თავის მეორე საცხოვრისსა და ამასოფლითგან გასვლის ადგილს, მუხრანს, მოაკითხა. აღმდგარი სულის მზერის არეში პირველად ახლო  მდებარე გეოგრაფიული არეალი შემოდის, ქსნისა და არაგვის ხეობა, რომელთა მკერდზეც ხოდაბუნები, საშემოდგომო ნათესები, „ჰყვავიან“.  აყვავება კი გულისხმობს აუცილებლად ნაყოფის გამოღებას. ამის შემდეგ კი იწყება გახსენება, გზა შიგნით, ანუ მოგზაურობა წარსულში.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

აყვავებული ხოდაბუნები ლირიკულ გმირს  საყვარელი ქალის ბადაგივით ტკბილ ტუჩებს ახსენებს  ბადაგი, ცეცხლზე დუღილით განახევრებული ყურძნის წვენი, ეს სიტკბოების უმაღლესი  მწვერვალია, ყოველ შემთხვევაში, ასე ესმოდათ ჩვენს  ძველებს,  მათს  ყოფასა და ლექსიკურ წიაღში აღზრდილ ავტორს და ჩვენც, მიმავალ თაობას, რომელსაც უფრო მეტი გვაკავშირებს უკვე წარსულთან, ვიდრე მომავალთან, თუმცა მაინც გვინდა, წარსულსა დ მომავალს შორის შემაკავშირებლი ხიდის ფუნქცია პირნათლად შევასრულოთ. ამასოფლითგან განსულთ, მოგვიწევს, ანგარიში ჩავაბაროთ დამხვდურთ: „მიუვალთ მამა-პაპათა…“ (ვაჟა). მგრამ შევეშვათ ამას და „ნეშტი იგი ძველი განვაახლოთ“   როგორც  მოყვავილე ხოდაბუნები მზაობენ ნაყოფის გამოსაღებად, იგულისხმება, რომ ასევე მზაობს პატრონი ბადაგივით ტკბილი ტუჩებისა  და „მთასა მყვირალი ირემივით“ ელის ტოლსა და სწორს. და ეს სიტკბოებაა  სწორედ ის, რაც გარდასულს  ამოძენძავს. ერთი მოგონება მეორეს უხმობს.  გრამატიკის სული კი უხილავად დირიჟორობს, აზრებს  სიტყვებად და კონსტრუქციებად  აწყობს  და სამზეოში ჩვენთვის ცხოვრების გასაიოლებლად შემოჰყავს.

მთელი სტროფი ამ შემთხვევაშიც ორი წინადადებაა. პირველი, ადგილის გარემოებებით შერწყმულია, მისი აღმატებულება შემასმენლის მანტია საშუალმოქმედებითი გვარის ზმნასა აქვს წამოსხმული „ჰყვავიან“ და არა „ყვავიან“. ავტორისეული ფორმა დღეს არასწორ ფორმადაა მიჩნეული, არადა რა ლამაზია. ირიბი ობიექტი დაიკარგა, ნიშანი „ჰ“-კი  დაჩა ზმნაში და თავის ხვედრს არ ეპუება. ეჰ, რამდენი სიყვარული, მელანი, ქაღალდი,  დრო დ ენერგია დაიხარჯა მათ შესანარჩუნებლად?!  კიდევ კარგი ეს პოეტური ლიცენცია (მიღებული გრამატიკული ნორმების  დარღვევა მხატვრული მიზანდასახულებიდან გამომდინარე)  არსებობს და ასეთ ბგერებს   მის სივრცეში მაინც შეუძლიათ თავი დაცულად იგრძნონ.  მეორე წინადადება ქვეწყობილია. მთავარია „შენი ტუჩებიც ისე ტკბილია“. მისი  შემასმენელი შედგენილია, ზედსართავს + შედგენილი შემასმენლის  ზმნური ნაწილის ერთადერთი ბგერა „ა“, სასწაულია, აბა რა?! დამოკიდებულ წინადადებაში  კი შემასმენელს არათუ მეშველი ზმნა „არის“აკლია, ეს ერთი ციცქნა „ა“-ც, რომელიც დამოკიდებული წინადადების ქვემდებარეს უნდა მისკუპებოდა, ვინაიდან  სიტყვა „ტკბილი“-ც, შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილად  საგულვებელი, გამოტოვებულია და ავტორს და რედაქტორს მის ადგილას ტირეც არ დაუსვამს. მოკლედ, „ორთოდოქსული“ ვარიანტი ასეთი უნდა ყოფილიყო: „შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, რიგორც  [ტკბილია] ბადაგი[ა]დადუღებისას, მაგრამ ასეთი გამართულობა წინადადებისა ესთეტიკურ კანონზომიერებას დაარღვევდა და აზრიც დაკარგავდა ზემოქმედების ძალას. დავაკვირდეთ, მეგობრებო,  ლირიკული გმირი ასოციაციისა და შედარების მოშველიებით  როგორ უყრის თავს გაზაფხულსა და შემოდგომას საყვარელ არსებაში. ეს დროის გარემოება მთავარ წინადადებაში კი, „ხოხბობას“, გააფსტრაქტულებული კონკრეტული არსებითი სახელი მიცემით ბრუნვაში, ერთი შეხედეთ, რა მოხერხებული ვინმეა, მთელი დროის გარემოებით დამოკიდებული წინადადება  ზევსივით თუ ბელტიყლაპიასავით  გადაუყლაპავს და მაინც  რა გამწლობილია?
ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

როგორც ვხედავთ, მესამე სტროფი კვლავ გაზაფხულის მეტაფორული ხსენებით იწყება „ხოხბობას გნახე“ ხოხბობა ამ შემთხვევაში ნიშნავს ზოგადად ფრინველთა შთამომავლობის განგრძობისათვის მზადებას, მაგრამ ავტორს არ აკმაყოფილებს ეს და  აზრის გასაცხოველებლად  რუსთველური ნაკადი შემოაქვს ამით ჯერ ერთი  ყივჩაღს  წარმოგვიდგენს ქართველი არისტოკრატივით განათლებულად და მართლაც, მათი რაღაც ნაწილი, როგორც ისტორია გვემოწმება, განსწავლილა, მეორე, მკითველს ახსენებს „ვეფხისტყაოსანს“ სიყვარულისა და მეგობრობის ამ უბადლო საგალობელს,  ჩვენი ნაციონალური სამების წევრს, რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში ეყრდნობოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, მესამე, ამთლიანებს წარსულსა და აწმყოს, ე. ი.   დამდგარა დრო,  ამ „ახალი ავთანდილის“  დაბრუნებისა, (გავიხსენოთ, აკაკი ბაში-აჩუკს უწოდებს ახალ ავთანდილს, მაგრამ აკაკის მიგნება არ არის ეს. ეპითეტი „ახალი“ ჩვენს დიდ მგოსანს პირდაპირ ქრისტიანული მწერლობიდან აქვს აღებული: „ახალმოწამე“ „ახალი ღვთისმეტყველი“ და უმთავრესი „ახალი აღთქმა“…).

ზემოხსენებულ სტრიქონებს მოსდევს ყივჩაღის სინანული: „ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა“.  ამ სტროფში, მეგობრებო, ავტორმა, თავისი გმირის  ქმედების ყველა მიზეზს ერთად მოუყარა თავი, მოდი და აჯობე ამის შემდეგ საკუთარ „მე-ს“: 1.გაზაფხული, როცა მთელი ცოცხალი ბუნება, მათ შორის ადამიანიც, ქმნადობისთვის ემზადება, ანუ აქტიურია.  2. ლამაზი ქალი  3. ბადაგის დალევა, რამაც სილამაზით გამოწველი აღტაცება გააცხოველა (გავიხსენოთ  ღვინისა და  ლამაზი ქალის ზემოქმედების ძალა  ვაჟას ლექსიდან „ქეიფი“,თუმცა მასში მიმართულებაა სხვა.  4. ქსნისა და არაგვის ხეობის ულამაზესი პეიზაჟი, დასაკუთრების სურვილს რომ ამძაფრებს (გავიხსენოთ, ბარათაშვილიც  საუბრობს არაგვის ხეობის მაგიურ ზემოქმედებაზე 5. ყივჩაღური დაუოკებელი (ველური) მამრული ბუნება, ბრძოლისთვის მუდმივი მზაობა, რასაც  სტროფის ბოლოს არბილებს ერთგვარი  სინანული „ნეტამც…”.

ამ სტროფის პირველი წინადადება ქვეწყობილია. მთავარს მოსდევს განსაზღვრებით დამოკიდებული წინადადება, რომელიც ერთი შეხედვით დროის გარემოებით დამოკიდებულადაც კი  შეიძლება  მოგვეჩვენოს. საკავშირებელი სიტყვა „როცა“ პოეზიის მოთხოვნილების შესაბამისად, დამოკიდებული წინადადების სიღრმეშია გადატანილი. მესამე-მეოთხე სტრიქონი შემასმენლებით შერწყმული წინადადებებია, ეს შემასმენლები კი მეორე თურმეობითშია, ანუ მესამე  სერიის მწკრივში, სერიისა, რომელიც  თითქმის მკვდარია.

მეოთხე სტროფში გახელებული ყივჩაღი თავის  „საგმირო საქმეთა“  შესახებ მოგვითხრობს, რომელთა მწვერვალს საქართველოს რელიგიური ცენტრის, მცხეთის საკეტურების მტვრევა და  ტაძრების ლეწვა, ანუ ხელშეუხებლის ხელყოფა წარმოადგენს.. ამ თხრობაში ის ძალიან გულწრფელია  და ამიტომაცაა, რომ მკითხველი, მართალია, არ ამართლებს  ასეთ  „გონთგადასავლას“, მაგრამ თანაუგრძნობს მას, წონასწორობა დაკარგულს.

უბრალო და მშვენიერია მისი სინტაქსი. მთელი სტროფი, არც მეტი, არც ნაკლები, ერთი შემასმენლებით შერწყმული წინადადებაა და ყოველი მათგანი მეორე სერიის წყვეტილშია, ხოლო რაც შეეხება  ქვემდებარეს, როცა მის  როლში პირველი პირის ნაცვალსახელი მოიაზრება, არათუ  ამ სტროფში, მთელი ლექსის განმავლობაში  მუდმივად აქტიური,  ის არასოდეს გამოდის სააშკარაოზე, შემასმენლის სხეულშია დავანებული.

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

აი, მეხუთე სტროფს კი ლექსი სულ სხვა სიმაღლეზე აჰყავს, ვინაიდან თავზეხელაღებული ყივჩაღის ქმედება ეთნიკურ-გენეტიკური კოდის საზღვრებიდან  გამოდის და ზოგადადამიანურის სიბრტყეზე ინაცვლებს. „ყივჩაღობა“ ეს ძალის რელიგიაა, როდესაც ნდომას ვეღარ აწონასწორებს ეთიკური ნორმები. ძალადობა ვერ იქნება მუდმივი, მას აუცილებლად გამოუჩნდება დამმარცხებელი, რასაც ყივჩაღი მხოლოდ მკვდრეთით  აღდგომის შემდეგ მიხვდა. ყივჩაღს კლავს  ლამაზი ქალის  ქმარი, ისიც მებრძოლი, იცავს საკუთრებას. ეს ერთადერთი შტრიხია, რითაც გოგლას ლექსი ხალხური ლექსის ერთ-ერთი ვარიანტის ფინალს ეხმიანება, თუ არ ჩავთვლით კონკრეტული გეოგრაფიული სივრცის დასახელებას.

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

სინტაქსის მიხედვით კი მეხუთე სტროფის პირველი ნახევარი ქვეწყობილი წინადადებაა, მთავრისა და ქვემდებარული დამოკიდებული წინადადებისაგან შემდგარი. მესამე და მეოთხე სტრიქონებიც ერთი რთული ქვეწყობილია, აქ მთავარს განსაზღვრებით დამოკიდებული წინადადება მოსდევს და მათ შორის კავშირი უკავშიროა, ანუ გამოტოვებულია საკავშირებელი სიტყვა, მიმართებითი  ნაცვალსახელი „რომელმაც“.

მეგობრებო, დავაკვირდეთ როგორაა ლექსი აგებული. ყოველი სტროფის ბოლო სტრიქონის აზრი განივრცობა მომდევნო სტროფში, როგორც ეს „ვეფხისტყაოსანში“ გვაქვს, თუმცა მთელი ლექსი შაირის განახევრებული რვამარცვლიანი საზომით კი არ არის დაწერილი, არამედ – ათმარცვლიანით, თან რითმაც რა მრავალსახოვანია?! ერთ ლექსში ამდენი ცვლილება? თან ასეთი მონოლითური რომაა მთელი ტექსტი? და ამ სასწაულს, მეგობრებო, ქალბატონი გრამატიკა აღასრულებს ჯერ ღვთისა და მერე გიორგი ლეონიძის მეშვეობით.

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები…

ლექსის მეექვსე სტროფი  ყივჩაღის ამასოფლითგან განსვლის სცენას, ანუ  სიკვდილს, ეთმობა. ის ხილული ჰორიზონტის დავიწროებით -„ქართლის ხეობებს ასდით ნისლები“ – შემოდის გმირში. პოეტური სული,, ვთარცა ძველ ელინს, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე  არ ტოვებს მას.  თუმცა, ასეთი სცენებით მდიდარია როგორც ქართული ლიტერატურული, ასევე  ფოლკლორული ძეგლები. თუნდაც სახალხო მთქმელის, მერცხალას სიკვდილის გახსენება რად ღირს?!  ჩვენი ძველები პატივს სცემდნენ სიკვდილს, მის  ესთეტიზებას  ახდენდნენ, ასე რომ არ ყოფილიყო, არ დაიბადებოდა სიტყვები: „რა ლამაზი ხარ, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა“, რომელნიც ვაჟასგან გადავიდა ხალხურ პოეზიაში, თუ პირუკუ მოხდა, ბოლომდე ვერ გაგვირკვევია; „იჟიჟრიბანდა, ცისკარი სულს ჰლევს, თანდათან ქრებოდა, ნეტავი, ყველა ლამაზსა ასრე სიკვდილი რგებოდა“(ესეც ვაჟაა); „სიყვარული საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს“ (რუსთველი) და ა. შ. ასე რომ, ერთ ეპოქაში მცხოვრებ ხალხებს საერთო მახასიათებლები აღმოაჩნდებათ ხოლმე და  ჩვენი ყივჩაღიც  ბრწყინვალე დრამატული მსახიობივით უნაკლოდ ასრულებს თავის როლს, თაობიდან თაობაში გადანალოცს.

გარემომცველი ლანდშაფტის ნისლებით დაბურვა  საძროხე ქვაბიდან ამოსულ ოხშივარს აგონებს ყივჩაღს. საძროხე ქვაბი ისეთი ქვაბია, რომელიც  დაკლული ძროხის ხორცს მთლიანად იტევს  პირველი ქრისტიანი მწერლები წარმართული დღესასწაულების, ანუ მსხვერპლშეწირვის რიტუალების აღწერისას იყენებდნენ ასეთ შედარებებს… მაგრამ მომაკვდავის პოეტური სული ამაზე არ ჩერდება. მისი უკანასკნელი სურვილია სულისა და ხორცის გაყრის  წუთებში  ჭრილობაზე საყვარელი ქალის ხელი შეიგრძნოს. სინანული „ნეტამც…“ მეორე სტროფის ბოლოს გამოთქმული, აღარსად ჩანს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლამაზი ქალისადმი ჟინი ჭეშმარიტ სიყვარულამდე ამაღლებულა ყივჩაღში, ის აღარ დარდობს თავისი წილი წუთისოფლის ამოწურვაზე. დააკვირდით მეგობრებო, სიკვდილის სცენაში ავტორმა არ გამოიყენა ამ მოვლენის ზუსტად აღმნიშვნელი არც ერთი სიტყვა. გმირის სხეულს   სიცოცხლე  დაღვრილ სისხლთან ერთად ტოვებს. სისხლი მეობის მატარებელია, სისხლი სულის სამყოფელია და ამავე დროს “სისხლი ესე კი განმწმედელ არს ცოდვათა“ მისთა.

განხილული სტროფი ორი რთული  ქვეწყობილი წინადადებისაგან შდგება. პირველი მიზეზის გარემოებითაა დამოკიდებული, მეორე – ვითარების გარემოებით, ამასთან პირველში უკავშირო შეერთება გვაქვს. მისი  მთავარიც და დმოკიდებულიც შემასმენლებითაა შერწყმული.   მეორე ქვეწყობილში კი არა გვაქვს მისათითებელი სიტყვა და ძალიანაც კარგი. სწორედ ამ კავშირისა და მისათითებელი სიტყის გამოტოვებამ აქცია ეს ოთხი სტრიქონი პოეზიად. ლექსის ეს სტროფი კიდევ იმითაა საინტერესო, რომ ავტორმა გამოიყენა ოთხპირიანი ზმნა „მომხვიე“ შენ (S2),მე ( ირ. O1), მას (ირ.O3), ის (პ.O3). სუბიექტსა და პირდაპირ ობიექტს შორის მოქცეულია ორი ირიბი ობიექტი, რომლებიც მესამე სერიაში დაიკარგებიან.

მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

მეგობრებო, აი, მივადექით უმთავრესს. ლექსის ბოლო სტროფი ამაღლებული სულიერი ყოფიერების მწვერვალია. ვინაიდან ეს აღდგომა ყივჩაღისა ტრადიციული, ანუ ყოველ სააღდგომო არ ყოფიალა თურმე, ათასი წლის შემდეგ მომხდარა, ათას წელს ამ სიყვარულით გაუძლია სასუფეველში, დაპურწყლებულა გმირი მისით, მოუკრებია სააღდგომო ძალა. მოკლედ, ისეთი სიტუაციაა, როგორზეც გრიგოლ ორბელიანი  სიყვარულის სადღეგრძელოში  ბრძანებს: „უსიყვარულოდ სასუფეველი ვით საპყრობილე, ჩემთვის შეიქმნეს“. მართალია,  ეს ათასი წელი ქრონოლოგიურად ნამდვილად ზუსტად არ განსაზღვრას მომხდარს, მაგრამ ეგ არაფერი, მშვენიერების  კანონებისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. ათასი წელი ეს ბიბლიური  მზა ფორმულაა  „ათასი წელი, ვითარცა წამი ერთი“  – გვასწავლის დავით მეფსალმუნე. მშვენიერების კანონებისთვის იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ათასი  წლის შემდეგ აღმდგარი ყივჩაღი მზად არის კვლავ მოკვდეს  სატრფოსთვის, მაგრამ თვით სიყვარულია უკვე განსხვავებული. თუ ლექსის დასაწყისში ყივჩაღი გახელებულია „ვერ- მიხვდომისა წყენითა“,  დასასრულს  ჩვენ მას უკვე  მიჯნურობის  სხვა სავეხურზე ვხედავთ.  ის მზადაა საყვარელი ქალის სხეულის სილამაზემ დაფერფლოს. რაშიც, ჩვენი აზრით,  „შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა“  შეიძლება დავინახოთ, თანაც ამაზე უნდა მიგვანიშნებდეს სინტაქსური წყვილი „ახალი პაემანი“, ე. ი. ძველისაგან განსხვავებული. დანაცრება სწორედ დაწვას, ანუ სიკვდილს ნიშნავს მეტაფორულად და ამავე დროს ამ სტრიქონით ხალხური ლექსის „თავფარავნელი ჭაბუკის“ სიოსაც ვგრძნობთ: „ზღვაში იკარგვის ჭაბუკი, თავის სატრფოსთვის ხელია, დიდება ქვეყნის შემოქმედს,  რა გარგად დაუწერია?!“ აი, ვაჟასეული შეფასება ამ შედევრისა.  გამოდის, რომ გოგლას ლექსით ჩვენთან ერთდროულად  საუბრობს ბიბლია, ისტორია, ლიტერატურა, ფოლკლორი და ასე გრძლიობს წარსული ჩვენში მომავლისათვის.

ახლა სინტაქსურ კონსტრუქციას არ იკითხავ, გამაოგნებელია, სულ ერთი რთული ქვეწყობილი წინადადებაა. მთავარია „მოდი! გეძახი ათას წლის მერე“, თან ეს მთავარი თანწყობილია, მას კი  უკავშიროდ ებმის მიზნისა (რისთვის გეძახი?)და მიზეზის  (რატომ გეძახი? )გარემოებით დამოკიდებული წინადადებები, არადა წესით ჯერ მიზეზი უნდა იყოს და შემდეგ მიზანი, მაგრამ პოეზიის შეკვეთით დედაუფალმა გრამატიკამ ჯადოსნური კვერთხის ერთი აწევით სულ სხაგვარად ინება…

დაბოლოს, მეგობრებო, გოგლა ლეონიძის ეს ულამაზესი ქმნილება, აკაკის „სულიკოს“ მსგავსად, სხვა არაფერია, თუ არა აღდგომის მარადიული საგალობელი და სადიდებელი. მაშ გაუმარჯოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს?!!   მაშ, გაუმარჯოს ყველას, ვინც საკუთარი „მედან“ შობასა და აღდგომას ესწრაფვის მუდამ!

Gallery | This entry was posted in ესე. Bookmark the permalink.

7 Responses to ლეონიძე გიორგი “ყივჩაღის პაემანი” ანუ აღდგომის საგალობელი

  1. მაიკო says:

    ჩემო უსაყვარლესო ქალბატონო ქეთევან, საინტერესო და ყოვლისმომცველი ხართ როგორც ყოველთვის! მადლიერი ვარ ღმერთის რომ წილად მარგუნა ბედნიერება თქვენი მოსწავლე ვყოფილიყავი. მაიკო

  2. პაატა says:

    ქეთინო მას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაც ვიცი – თქვენგან ვიცი და ეს სიტყვები არაერთხელ მითქვამს. მე ის გაკვეთილიც კარაგად მახსოვს “შამამეყარა ყივჩაღი” –ს რომ მიხსნიდით, ამ წერილის კიტხვისას კი ვხვდებოდი, რომ ბევრი რამ ნაცნობი იყო და სიამოვნების გრძნობა მრჩებოდა. რაც შეეხება საიტს, კარგი იქნება თუ რეკლამას გაუწევთ სხვადასხვა საიტებსა თუ ჟურნალებში, ვინაიდან, ჩემი აზრით, აჯობებს თუ საზოგადოება მეტს შეიტყობს ლიტერატურაზე. ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ ქეთინო მას… მიხარია, რომ ოდესღაც მეც ვიყავი თქვენი მოწაფე.

  3. ქალბატონო ქეთევან!
    დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ შესანიშნავი ნარკვევისათვის.
    ისე მომეწონა, რომ თქვენგან დაუკითხავად მოვათავსე გოგლასადმი მიძღვნილ
    გვერდზე. შეგიძლიათ ამ მისამართზე იხილოთ:
    http://www.facebook.com/pages/Gogla-Leonidze/122954964428943
    მინდოდა რაც შეიძლება ბევრ მკითხველს ეხილა.
    გიგზავნით ჩემი გვერდების ბმულებს, იმედია დაგაინტერესებთ:
    http://www.geocities.ws/komblema/index.html
    და
    http://www.scribd.com/documents#all?sort=reads&sort_direction=descending
    გისურვებთ ახალ-ახალ წარმატებებს და ამით ლიტერატურის მოყვარულთა გახარებას.
    დიდი პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,
    გიორგი ქავთარაძე

  4. nato gulua says:

    ქალბატონო ქეთევან, ახლა შევიგრძენი, თუ რა ძალა ქონია გრამატიკას. მისი ჯადოსნური კვერთხი მეც გადმომწვდა მგონი…
    პატივისცემით – ნატო გულუა

  5. თორნიკე says:

    ძალიან საინტერესოა

  6. Morella says:

    ქალბატონო ქეთევან! ოჰ…. არ კი ვიცი რა ვთქვა… ასე არავინ წერს… თქვენ ენის წიაღის გულთამხილავი ხართ. მადლობა დიდი. მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s