არაბული ნოშრევან გამოხმაურება

“ჩვენი მწერლობა” #18, 2009
ნოშრევან არაბული

ნადიმები — ბერძნული და დევური ანუ ჩაშლილი ქორწილები

იუმორისტული ასოციაცია

ხანდახან საოცარს რასმეს წაადგები თავზე, წაადგები და შეხედავ და შემოხედავ და შეხვალ და გამოხვალ და მიხვდები თუ დარწმუნდები თუ გაითავისებ, რომ არც ისეთი რამ საოცრების მხილველი ყოფილხარ, შენ რომ ქვეყანა შეყარე და მოწმედ რომ მოუხმე. მართლაც და რა მოხდა მერმედ, ჩვენ ხო ყველა ერთმა ღმერთმა შეგვქმნა, ძველიც და ახალიც, ძველი ბერძნებიც და „ხთიშვილნიც“ და თვით დევნიც კი და ეს თანადროული სამყაროც, უთვალავი ფერით რომ გვაქვს, იმავ ღმერთისგან არ გვაქვს ბოძებული?!

და გიჩნდება დაახლოებით იმგვარი განცდა, უცხო ქვეყანაში რომ დაიარები და მოულოდნელად ძალზედ შინაურს ვინმეს გადააწყდები და თან რომ გახლავს შენი გულისა და გონების მოზიარე, იმასაც გინდა გააცნო ის შინაური თუ ახლობელი თუ მოყვასი სულაც და სიამოვნებით წარუდგენ ერთს მეორეს და იმ მეორეს კიდევ — ამ ერთს…

და ჩნდებიან ასოციაციები, იბადებიან თვალსა და ხელს შუა…

და გასრიალდებიან პარალელები, გონების მზერით გაანათებენ საუკუნეთა წყვდიადს.

და გეუფლება ღიმილით შემოსილი განცდა და ახლავს იმ ღიმილს სევდიანი ნაოჭიც — ეგებ არ ღირდეს, ან სულაც — საიდან სადაო.

არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ გახმაურებული იუმორისტული ლექსი „დევების ქორწილი“ ვინა თქვა, ბლოელმა ბაბუა გიგაურმა თუ ამღიონმა ობოლა წიკლაურმა თუ სულაც ვინმე მესამემ და ამათ „გააქვეყნეს“; ახლა ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორი სიცხადითა და ემოციური მუხტითაა დახატული პერსონაჟი დევები, რა დინამიკითაა გადმოცემული საქორწინო ორგია, რა ზუსტი და ჯანსაღია თვითირონია, და რა ახლოა მოტანილი შორეულ და უხილავ მითოლოგიურ პერსონაჟთა ყოფა, ქცევა და პორტრეტები.

ყოველივე ამას თავის დროზე აკაკი შანიძეც აღუფრთოვანებია.

გულიანად აუხარხარებია მძიმე-მძიმე ბლოვლებიც.

ვერც ჩვენ წავიკითხავთ ამ ლექსს უღიმილოდ.

მივარდნილ კლდე-ღრეში მოხეტიალე მონადირე შემთხვევით გადაეყრება დევ ბერას ქორწილს და იქვე სვამს პირველ დამაინტრიგებელ ძახილის ნიშანს: „უყურეთ ბედის წერასა“!

დევების ნაწილი, მასპინძლები, ალბათ — ახალგაზრდები, ქორწილის დაწყებამდევე შექეიფიანებულან, უკვე „ვაი-ვაგლახობენ“ და მღერიან, ოღონდ მერმედ ისინი უკვე აღარ ჩანან (ეტყობა, მოისვენეს!), თორემ, შემდგომ და შემდგომ, დევის ქალის გათავხედებულ მაყრებს იმის უფლებას არ მისცემდნენ, რამაც მშვიდობიანი და დევური სიამტკბილობისთვის მომზადებული ქორწილი ჩაშლამდე მიიყვანა. პირიქით, მამასწვერა და ჭიბიხოელი, შეძლებისდაგვარად, წესრიგის დამყარებასაც კი ცდილობენ, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, არც იმათ აღმოაჩნდებათ მოჭარბებული „ნაფქვავი“.

ჰოდა, ეს სანადირო ტყაპუჭ-ბაჭიჭში გამოწყობილი ხევსური, თქმა არ უნდა, კიდეც შეცბა და კიდეც შეფიქრიანდა (ქორწილის დაწყებამდე დევებს, ეტყობა, ჩვეულებად არ უნდა ჰქონოდათ ბანქოს თამაში!..), მაგრამ ამას ხო არ შეიმჩნევდა და მასპინძლების მიპატიჟებას მორჩილად დაჰყვა.

ქორწილი, როგორც მოჩანს, მამასწვერაანთა უნდა ყოფილიყო, — მეტიც — ბერა მამასწვერას შვილი უნდა იყოს; წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ უნდა მოერთვა „დი-დიდებ ყანწები“ მაინცდამაინც მამასწვერას? ან რატომ უნდა შეესვა თამადას (საინტერესოა: არჩეულს თუ დანიშნულს?!) შიგ შუა ქორწილში ნეფის ძვირფას მიცვალებულთა შესანდობარი აირიასა და ხერას თამადობით (უნდა ვივარაუდოთ — უდროოდ წასულების!) და ისიც აუცილებლად განსხვავებული სასმისით — ჯიხვის რქით? ან რამ გამოიწვია მაინცდამაინც მამასწვერას ისეთი განრისხება, რომ ქალებიცკი ვერ იჭერდნენ, თუ მასპინძელი და ოჯახის უფროსი არ იყო?!

ვგონებ, საკმარისი არგუმენტებია!..

ისე, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მამასწვერა დევი „კაი მაცხოვრებელიც“ ყოფილა, ჭურჭელიც მრავლად ჰქონია და, უნდა ვივარაუდოთ, ძვირფასიც: „იქ რაიც ჭურჭელ ჩამადგეს, აქ მე ვერ ვათქმევ ენასაო“, შენიშნავს ენაწყლიანი მონადირე.

შეძლებული დევი კი იყო მამასწვერა, მაგრამ მდიდრების უმეტესობასავით წუწურაქი და გულხელგაუშლელი როდი ყოფილა, შვილის ქორწილში ყველა ახალგაზრდა დევი დაპატიჟა, გარდა ბოდახევლებისა:

უძახეთ ახალუხლებსა, ნუ ვის გასწირავთ, ყველასა!

ნუ აწევთ ბოდახევლებსა, ითრევენ ძაღლის ენასა.

ასეთი ბრძანება გასცა ოჯახის უფროსმა, რომელიც ენატანია და ენაჭარტალა ბოდახევლებს ვერ იტანდა.

მამასწვერაანთ გამოქვაბულის საქორწინო დარბაზში, საგანგებოდ საკვამის ახლო გასუსული ზის თადარიგიანი ხევსური და გულის კანკალით უყურებს, როგორ შემოდგონდგორდებიან ახალგაზრდა დევები და როგორი ბღვერითა და ამრეზით გადაავლებენ თვალს:

ეს საითაღ ვინ მასთარეთ, ჩვენებსავით რო ვერ ასა?

მაგრამ მამასწვერა არა მარტო კარგი მასპინძელი, კაცთმოყვარე დევიცაა, და საშაროდ აღრენილ ახალგაზრდებს დატუქსავს: „ქორწილ უხარის ყველასაო“.

მოწვეულთა შორის, დაკვირვებული თუ გაკვირვებული მონადირის ყურადღება, ერთმა ნაკლებად სიმპათიურმა დევმაც მიიქცია:

ერთ რაიმ რქიან მავიდა, კუდ ობავ, როგორც მელასა,

თვალ უზის შუა შუბლშია, საცრის ოდენ კი ვერ ასა,

მეორე კუჭულაშია, უკენისკენაც ხენასა.

ვინ იცის, როგორი მონადირე იყო ჩვენი მთხრობელი, მაგრამ შესანიშნავი პორტრეტისტი კი ყოფილა!

გახურდა ქორწილი.

ქალის მაყრები დევებშიც, ეტყობა, სტუმრად თავს საკმაოდ ლაღად გრძნობდნენ.

წამოიმართა ერთი ბანჯგვლიანი, შეზარხოშებული მაყარი და თამადისაგან სიტყვის თქმის უფლება ითხოვა.

ამანაც — რაზეა ბაასიო.

და მაშინ მოსთხოვეს მამასწვერას „დი-დიდი ყანწები“.

ამან კიდე — ოღონდ თქვენ ბრძანეთო.

მაყარმა კი:

შაუნდნას ჩამავლეული, ვინც რომ დააკლდა ბერასაო.

და გადაჰკრა ყანწი „მამლაყვერამ“.

გადაჰკრა კი, მაგრამ მაინც „გუნებას ვერ ასა“.

ახლა უფრო მოზრდილი რამ განსხვავებული მოითხოვა.

მამასწვერამ — არ გინდა, შვილო, დაგათრობსო.

დამათრობსო? წაავლო ხელი მაგიდაზე ჩამოდგმულ ჭურჭელს, „გადაიწურნა, დაცალნა, დახკრა კერასა“.

მაშინ კი აევსო მოთმინების ფიალა ჭიბიხოელ დევს, უნდა ვივარაუდოთ — მამასწვერას ბიძაშვილს, და: შენ აქ ვის იგდებ მასხრადო, — ჯერ ერთი ბალნიანი სილა გააწნა, მერმედ კი წამოვარდა და შეუძახა: „ეხლა გიტირებ ყველასაო“.

და აირია კიდეც გამოქვაბული…

„დაჰკარით!“ მყოლებ იძახან, „ჭერნ აუყუდნათ ბერასა!“

მე რო მაგათ შუღლს შავესწარ, მაგათ ფარ-ხმლების

ჯღერასა,

ერთუცისაკე ზიდილსა, მაგათ ქურების ბერვასა!

მოგვითხრობს გაოცებული მონადირე.

მამასწვერა ჯერ ხო აშოშმინებდა და აშველებდა და აწყნარებდა ხან ჭიბიხოელს, ხან მამლაყვერას, ხან მაყარ და ხან შინაურ დევებს, მაგრამ რო ვეღარაფერი გააწყო და გააგებინა და შეასმინა, მერმედ კი თვითონაც ჭიბიხოელივით გაევსო და გაეცამცამა მოთმინების საკმაოდ მოზრდილი ფიალა, გააძრო ხმალი და შემოუძახა:

რაიც რო შასვით, შაშჭამეთ, ცეცხლად მაგიქცევთ

ყველასა.

ეცნენ მშვენიერი დევი მანდილოსნები მამასწვერას, იჭერენ და ვეღარ იჭერენ, ტირიან და „წკმუტუნებენ“ და მოსთქვამენ და ამ დროს, მაყართაგანმა ერთმა

სახნის მაიღა, ჩადვა ქაქეშჩი, ღბერავსა,

სხვამ დასცა წიხლი იმ დროსა, თავ შაუგლივა კერასა,

წამამხტარმ წამაიყოლა, გაშანთებულ კი ვერ ასა,

ლაშთა სდვა გაბრუნებული, ცეცხლი მაედვა ენასა…

ვინ იცის, როგორი მონადირე იყო ჩვენი მთხრობელი, მაგრამ შესანიშნავი ბელეტრისტი კი ყოფილა!..

და ამ სისხლისღვრასა და არეულობაში კინაღამ არ შემოაკვდათ ბებერი დევი პელა!

და მონადირემაც „საკვმიდან“ გაქცევით უშველა თავს (ისედაც საკმაო ხანს გაუძლო „დევებს ვეკვლევი ვერასაო“.

ან კი რა ძალა ადგა, რატომ და რისთვის და ვისთვის…

ჩამოვიდეთ იუმორის შემაღლებული კიბიდან.

მშვენიერი პორტრეტები თუ სახეები თუ ტიპები თუ ხასიათები.

მწყობრი, თავისთავადი, ლაღი და მიმზიდველი თხრობა.

„შუღლის“ დინამიური სურათი, ცოცხალი და თითქოს თვალხილული.

არც ისე ხშირია მსგავსი მხატვრული სრულყოფილება ჩვენს ხალხურ პოეზიაში.

„დევების ქორწილი“ არ უნდა იყოს ლექსი, იქნებ ბალადაა, იუმორისტული ბალადა თუ რაღაც ამისდაგვარი.

თანაც აქ ძალზედ გაადამიანებული დევებია, სულ სხვანია კოპალასა და იახსრის ციკლის დევები და მითოსური ეპოქის პერსონაჟი დევები. აქ არ ჩანან დევებთან მეომარი „ხთიშვილნი“, აქ არის პერსონაჟი-მთხრობელი, მართალია, მაინც „სხვა“, ოღონდ მაინც მათი სუფრის მონაწილე და თანაზიარი, აქ ერთ სუფრაზე გატეხეს პური ადამიანმა და ავსულმა, აქ ნამდვილად არ ჩანს წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის მორჯულების ტრადიციული სიმბოლიკა, მაგრამ ჩანს იუმორისტული სამზერიდან დანახული ნაბიჯი ხელის ჩამორთმევისკენ. იქნებ ღირდეს, სხვა „საკვამიდანაც“ შეგვეჭყიტა „დევების ქორწილში“.

და მაინცდამაინც ნურც დევების სტუმართმოყვარული ჟესტი გაგვაოცებს — მონადირე-კაცი კაცთაგანი რომ დაპატიჟეს თავიანთ ქორწილში, გასაკვირველი არც ისაა, სასმელით შეზარხოშებული დევები ერთმანეთს რო დაერევიან, „ჩვენ, კაცთაც“ ხომ მოგვდის მსგავსი რამ, ადრეულ საუკუნეებში სცოდნიათ „სმა და გადარევა… ოხრად“ და თანაც სად და ვის და რისთვის…

ამან კი შეიძლება, გაგაოცოთ და წეღანდელი ღიმილიც, შესაძლოა, ისევ დაგიბრუნდეთ.

აბა, მივადევნოთ თვალი და გული და გონება:

„…კლეოდემემ, რომელსაც ჭიქა არ ჰქონდა, შემობრუნდა, შეანერწყვა ზენოთემიდეს და მარცხენათი წვერში სწვდა, მისი საფეთქელით ძირს დანარცხება სურდა. შემოაკვდებოდა კიდეც მოხუცი, არისტენეტს რომ ხელი არ გაეკავებინა მისთვის და ზენოთემიდეზე გადალაჯების შემდეგ მათ შორის არ წამოწოლილიყო“.

უფრო მეტიც:

„თავხედობდნენ, ილანძღებოდნენ, უზომოდ ძღებოდნენ, ყვიროდნენ და ხელჩართულ ჩხუბში ებმებოდნენ. საკვირველ ალკიდამანტს მარცხიც კი მოუვიდა შიგ შუაგულ დარბაზში, მაგრამ ქალებისაც კი არ შერცხვენია…“

ეს კი უკვე მეტზეც აღმატებულია:

ალკიდამანტმაო „კლეოდემეს კვერთხი უხეთქნა თავში, ჰერმონს ყბანი შეუმუსრა, ხოლო მსახურები, რომელთაც სურდათ ჰერმონსა და კლეოდემეს მიშველებოდნენ, დაჭრა. თუმცა ჰერმონი და კლეოდემე უკან დახევას სულაც არ აპირებდნენ, პირიქით: კლეოდემემ საჩვენებელი თითით თვალი გამოსთხარა ზენოთემიდეს და კბილებით ცხვირიც კი მოაჭამა, ხოლო ჰერმონმა ზენოთემიდეს მისაშველებლად მისულ დიფილეს ჩაარტყა თავში…“

ღმერთო ჩემო, ეს რაღაა, ანუ რა დროს ესაა:

„ხოლო როცა ჩირაღდანი კვლავ შემოიტანეს ალკიდამანტს იმაში წაასწრეს, რომ მას ფლეიტაზე დამკვრელი ქალი გაეშიშვლებინა და ბეჯითად ცდილობდა მის დამორჩილებას“.

ეს არც ჰომეროსის თხზულების ნამსხვრევ-ნასხლეტია და არც ბერძენ-სპარსელთა ომებიდან მოხმობილი სურათი, არამედ ცნობილი მოაზროვნის, ლუკიანე სამოსატელის „ნადიმიდან“ მოტანილი ეპიზოდებია, ასე კარგად რომ გადმოუღია ქეთევან ჯერვალიძეს და მშვენიერი წინასიტყვაობაც დაურთავს (“ჩვენი მწერლობა”, 2008, # 22).

თავში პარალელებზე და ასოციაციებზე მოგახსენებდით.

იუმორის ღრმა გრძნობაზეც…

და, წარმოიდგინეთ, არც ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ყოფილა იუმორთან უკაცრავად, მეტიც — ისე კარგად შენიღბული თუ დაფარული თუ დახურული ირონია გამოსჭვივის ხსენებული თხზულებიდან, ალბათ შეშურდებოდა ობოლა წიკლაურსა და ბაბუა გიგაურს, თავიანთი დეკლამაციით ხალხს რომ აცინებდნენ.

არადა, ლუკიანე სამოსატელის თხზულებაშიც ქორწილია, ოღონდ ეგაა: ბერძნებმა ქალაქის მათთვის სასურველი ელიტა დაჰპატიჟეს, გარდა შეუძლოთა და ე.წ. სხვაგვარად მოაზროვნეთა, დევების ნადიმზე კი ბოდახევლების გარდა ყველა აწვიეს, თვით ადამიანიც კი.

აქ, დევებთან, თუ ბერას აქორწინებდნენ და პატარძლის სახელი (ალბათ მეტისმეტი მოკრძალების გამო) უცნობია, იქ, ბერძნებთან, კლეანტიდეს ათხოვებს თავისი გავლენიანი მამა არისტენეტი ქერევსზე.

ოღონდაც, პურმარილი ბერძნებს უფრო უხვად ჰქონიათ და არც ჭურჭელი უჩანთ დევებზე ნაკლები, მაგრამ მამასწვერა უფრო ხელგაშლილ მასპინძლად გვეჩვენება.

ერთი, ლამის მონადირესავით უცხო, ბერძნების სუფრაზეც აღმოჩნდა — ალკიდამანტი, მაგრამ, პირველისგან განსხვავებით, მისთვის არც მოპატიჟე ვინმეს გაუგზავნია და არც არავის „ბღვერა დაუწყია“ და, ბარეღამ აქვე ვიტყვი, მოკრძალებული მონადირისაგან განსხვავებით, ამან თვითონვე ატეხა დებოში იმ ქორწილში.

სავარაუდებელია, რომ იმ დღეს დევების ქორწილში ფილოსოფიურ პრობლემებზე არ უნდა ყოფილიყო მსჯელობა. ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, რა დროს ფილოსოფიაა გახურებულ ქორწილში? მართალია, ქართული სუფრა აკადემია კია, მაგრამ ეს მიუღებელი ჩანს დევებისთვის და არც ბერძნებს დაუჯდათ იაფი.

„დევებისას“ თუ ერთი შემთვრალი დევის მოუზომავმა საქციელმა გამოიწვია არეულობა, იქ, საბერძნეთში, ჯერ ერთი განაწყენებული ფილოსოფოსის — ჰეტემოკლეს განხეთქილების ვაშლივით შემოგდებულმა წერილმა არივდარია იქაურობა და მერმედ კიდევ ერთმა ცივად მოხარშულმა დედალმა, რომლის გამოც ფილოსოფოსები წაიკიდნენ…

ირონიითაა, ორლესული ირონიით განწონილი მთელი ეს შესანიშნავი თხზულება.

არისტენეტის სტუმრებიც საკმაოდ გულფიცხნიც აღმოჩნდნენ. ჭიბიხოელმა თუ ერთი სილა აკმარა თავგასულ მაყარს, კლეოდემემ წვერით დაითრია მოხუცი ზენოთემიდე და რომ არა მასპინძლის თავგამოდებული მცდელობა, ვინ იცის საქმე რით გათავდებოდა. ამ დღეში არ იყო „ბებერი პელაც?“ აი… მასპინძლების ხასიათს რაც შეეხება კი, არისტენეტი უფრო თავშეკავებით მოქმედებდა და მამასწვერასავით „ტალავრიდან არ გამოსულა“.

მერმედ და მერმედ სანადიმო დარბაზი ბრძოლის ველს დაემსგავსა. ყველაზე ეფექტურად, როგორც ჩანს, ალკიდამანტი მოქმედებდა და აღარავის ახსოვდა არც მოხარშული დედალი და არც განსხვავებული ფილოსოფიური მოსაზრებანი და არც შინაურნი და არცა გარეულნი და არცა მოხუცნი და არცა ახალგაზრდანი და ეს კლეოდემე მაინც ვინა ყოფილა და რას აეკიდა და აღარ ჩამოშორდა ამ მოხუც ფილოსოფოსს ზენოთემიდეს, რო ახლა კიდევ თვალი წამოაგდებინა?! ან ეს ცხვირის მოჭმა რაღა იყო?

და ალკიდამანტი? განა ამ დაუპატიჟებელ სტუმარს წუთიერი სიბნელე თავისი ხორციელი ვნებების დასაცხრომად უნდა გამოეყენებინა?

აბა, გაიხსენეთ, როგორ ჭკვიანად იჯდა დევების ნადიმზე მონადირე! ნახა მომენტი და „საკვამიდან“ მშვიდობიანად დატოვა იქაურობა.

და ლიკინე? არც ის ჩარეულა სისხლისღვრაში და მშვენიერი რელიეფებით შემკული თასების მიმოქროლვაში, „მე კი კედელს აკრული ვხედავდი ყველაფერსო“. ამან ბოლომდე უყურა შემზარავ სანახაობას, მონადირემ კი ვეღარ გაუძლო და საკვამიდან გაპარვით უშველა თავს.

არა, არა, მართალია დევებსაც კაი „ვაივაგლახი“ სცოდნიათ, მაგრამ…

ამიტომ გამახსენდა. მეორე რო წავიკითხე, მაშინვე პირველი გამახსენდა. ეს გარეგნული ეფექტი იყო, უცხოდ ნაგებსა და ნაშენებს რო წააწყდები რასმეს და გეშინია, შიგნით შესულს განწყობილება არ შეგეცვალოს.

სულ ამის შიში მაქვს, ამყვა და დამყვა და დამდეvს აჩრდილივით და არ მასვენებს, ახალ წიგნებსა და ადამიანებს რომ ვხვდები — ელდა მიტანს!..

შევედი და ვნახე იუმორისა თუ ირონიის თუ სატირის ხასხასა მინდვრები.

ხოლო ირონია სხვა მგონია, იუმორი — სხვა.

ერთი დედმამიშვილები კი არიან.

ბერძნული ფილოსოფია და ფილოსოფიური ირონია.

მაინც რანი იყვნენ ეს წიგნიერი ბერძნები!

და რანი — უწიგნური მთიელი მელექსეები!



Gallery | This entry was posted in გამოხმაურება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s