ჯერვალიძე ქეთევან მინდა გიამბოთ, ანუ ისე დაგვდევდნენ, როგორც პირველ ქრისტიანებს – ძველ რომში

ესეს დაწერის ისტორია: 1993 წლის 28 იანვარს გაზეთ „იბერია-სპექტრის“ ჟუნალისტმა, რომელსაც ევალებოდა 1992 წლის 2 თებერვლის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ნომერი მოემზადებინა, მთხოვა: გოგო, ამისთანა სიტყვახელოვანი რომ ხარ, თვალდაუხამხამებლად რომ აიღებ ენით ნაკვერჩხალს, ადექი და დაგვეხმარე, დაგვიწერე ერთი წერილიო. მე შორს დავიჭირე, მაგრამ ის შეუვალი იყო, ხვალ დილას შემოგივლი და დამხვდეს, ტყუილად არ მომიყვანო ამ უტრანსპორტობაშიო. მეტი რა გზა მქონდა? მთელი ღამე გავათენე და ლამფის შუქზე ესე დავწერე, პირველი საგაზეთო მასალა: „ისე დაგვდევდნენ, როგორც პირველ ქრისტიანებს ძველ რომში!“ უფრო ვრცელი იყო, სამწუხაროდ, ის ვრცელი ნაწილი არ მაქვს, მეხსიერებით ვერ აღვადგინე, უკანა რიცხვით დაწერას კი არ ვიკადრებ. ასე წაიღო ჩემი ტექსტი, ხელნაწერი, გადახაზულ-გადმოხაზული ჩამატებულ-ამოკლებული, შავზე შავი ვარიანტი ჩემმა იდეურმა მეგობარმა. ღმერთო, ნეტავ როგორ გაარჩიეს იმ დალოცვილებმა? როცა მიჰქონდა ამ ახალგაზრდას, მითხრა, ქეთევან, ხომ იცი, რა სნობები არიან ეგენი, შენი გვარი მათთვის არაფრის მთქმელია, მოდი, ისეთი გვარი შევარჩიოთ, ყურთასმენა მიჩვეული რომ ჰქონდეთ და წაიკითხონო. ასე შეირჩა გვარი „ჩხეიძე“. გაზეთის ნომერი გამოვიდა 11 თებერვალს, ჩემი წერილის მცირე მონაკვეთს სათაურად ჰქონდა გამოტანილი ტიტრებით აწყობილი ზემოხსენებული სათაური. ერთი თუ ორი დღით ადრე კი ტელევიზიით აჩვენეს ფილმი „ახალი ერა“, თუ „პომპეის უკანასკნელი დღე“, რომლებშიც არის ეპიზოდები სწორედ პირველქრისტიანების დევნაზე ძველი რომის იმპერიაში. ღმერთი-რჯული, წერლი დაწერილი და გადაცემული მქონდა, როცა აჩვენეს. გაზეთი რომ გადავშალე და წავიკითხე, ერთი ისეთი შეცდომა ვიპოვე, სირცხვილით კინაღამ დავიწვი, მეგონა, მთელი ქვეყნიერება მე მკიცხავდა. ჩემს ბატიფეხურში მეწერა : „სული ერთი უამრავ გვამთა შინა დამტკიცებული“, ნაწყვეტი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“, დაბეჭდილი კი იყო „ხელი ერთი“. ძალიან განვიცადე და ერთ ჩემს მეგობარს გავუმხილე: ლია, ეს წერილი ჩემია, მაგრამ შეცდომა არ არის ჩემი, ხომ იცი, რა დონეზე ვიცი-მეთქი ლიტერატურა. რაო? შენიაო? -ახლა ის გადაირია. გოგო, მაგ შეცდომას კაციშვილიც ვერ იგებს, აი, შევარდნაძის პარლამენტში კი ლამის დაიბდღვნან ყველაფერიო, გიგა ლორთქიფანიძე სულ ჯოხის ქნევით საუბრობს შენზეო და ვიგრძენი, როგორ გავიზარდე მის თვალში. მართლაც ასე იყო. უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა დებატები, ვერ ინელებდნენ. ამ წერილის და სხვა რამეების გამოც, იმ მხარემ უჩივლა გაზეთ „იბერია-სპექტრს“და ითხოვდნენ ჩემი ვინაობის გამხელას. ცხადია, არავის გავუცივარ და გაზეთი ექვსი თვით დახურეს. საქმე ის არის, რომ შევარდნაძის კლანის წევრებისთვის, ჩემი აზრით, სათაურთან ერთად აღმაშფოთებელი იყო: „გვესროდნენ ოთარ მეღვინეთუხუცესის სახლიდან, გვესროდნენ მარჯანიშვილის თეატრიდან და თბილისის ძველი უნივერმაღის შენობიდანაც“. სიმართლე გითხრათ, იქ ხალხმა თქვა, ამ კორპუსში ცხოვრობს მეღვინეთუხუცესიო. მეტიც, იმ კორპუსის ერთი სადარბაზოს ზედა სართულებზე თავშეფარებულები რომ ვიყავით, კიბე ამოირბინა ვიღაც ავტომატიანმა, რომელიღაც კარზე დარეკა, კარი მცირედ რომ გაიღო, ჩვენზე ქვემოთმდგომებმა გაიგეს, ვიღაც ქალმა როგორ უთხრა კაცს, ზემოთ, კიბეებზე, იმალებიანო. ავტომატიანი გამობრუნდა, ამოიხედა, დევნა აღარ დაუწყია ჩვენი და დაბლა დაეშვა. აი მაშინაც თქვეს გურანდა გაბუნია იყოო. მე არ დამინახავს ეს ქალბატონი, არც ის საუბარი მომისმენია, არც კარისთვის შემიხედავს, აბრა იყო თუ არა გვარით. ხოლო ის, რომ ნამდვილად ისროდნენ მარჯანიშვილის თეატრის სახურავიდან და ძველი უნივერმაღის შენობის სახურავიდან, ეს ჩემი ორი თვალით მაქვს დანახული. ეს ორი შენობა სტრატეგიული პუნქტი იყო, რათა მთავრობის სახლისკენ არ გავეშვით. იქნებ ზოგმა იმ ავტომატიანთაგან არც კი იცოდა, რომ ის თეატრის შენობა იყო? ცხადია, მაშინ ფრიად საპატიო მიზეზთა გამო, მიუხედავად მაშინდელი ჩემი სიმარჯვისა, სახურავზე ვერ ავძვრებოდი მათი ვინაობის დასადგენად და პირადობის მოწმობებს ვერ შევუმოწმებდი… გამწარებული, მხურვალედ მლოცველი ხან თეატრის შენობის სახურავს ვუყურებდი, ხან ჩემს დას, რომელიც მორბოდა ტყვიების წვიმაში სამშენებლო მოედანზე, მის ზურგს უკან კი მიწაზე მოხვედრილი ტყვიები, ეტყობა, ფეხებში ესროდნენ, მტვრის კორიანტელს აყენებდა და ღმერთს მის გადარჩენას ვევედრებოდი… ჩემს წერილში, არავის აღიზიანებდა უნივერმაღის ხსენება ვინაიდან „ელიტარელნი“ უნივერმაღის თანამშრომლებს, გამყიდველებს, ადამიანად არც თვლიდნენ, ხოლო უნივერმაღს კი – პრესტიჟულ დაწესებულებად. ჩვენ მათთვის მხოლოდ ტაშისდაკვრის, დარბაზების შევსების, მათი პროდუქტის გასაღების „საპატიო“ როლი გვქონდა. სამშობლო იწყებოდა და მთავრდებოდა მათთვის კლანითა და პირადი კეთილდღეობით… პარლამენტში მიცავდა დეპუტატი, აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ასეთი ფაქტიც მიამბეს: შემდეგ ქალბატონ გურანდა გაბუნიას შეუკრებია მთელი მარჯანიშვილის თეატრის კოლექტივი და ჩაუტარებია საერთო კრება, წერილს თვითონ კითხულობდა თეატრალიზებულად და პერიოდულად მცირე პაუზების დროს თურმე ცერად გადახედავდა ხოლმე რეჟისორ ოთარ ჩხეიძეს დასამუნათებლად, აქაოდა, ეს ვინ გამოგრევიათ გვარშიო. ახლა, ამ 20 წლის მერე, დიდი მადლობა გაზეთის მაშიდელ კოლექტივს, განსაკუთრებით კი ბატონ ირაკლი გოცირიძეს, ხსენება და არდავიწყება მისი და მისი ოჯახისა, რომლის პიროვნება, ღვაწლი, ცალკე ითხოვს ღრმა შესწავლას, აღიარებასა და დაფასებას. გაზეთ „იბერია-სპექტრს“ გმირობათა ეპოპეის მატიანეც კი შეიძლება ვუწოდოთ და ეს მისი, ბატონი ირაკლის უდიდესი დამსახურებაა. ასეთი ქართველობა, როგორიც ჩვენ ვიყავით. ასეთი კოლექტიური ერთგულება, უანგარობა, თავგანწირულება, მოწამეობა – რა ვქნა, აღარ მგონია, კიდევ დაიბადოს საქართველოსთვის საქართველოში.

26.1.2013

ქეთევან ჯერვალიძე

ქეთევან ჩხეიძე (ჯერვალიძე)

 ლიტერატურულ-პუბლიცისტური ესე
გამოქვეყნდა გაზეთ “იბერია-სპექტრში”
11-17, II. 1993.

მინდა გიამბოთ, ანუ
ისე დაგვდევდნენ, როგორც პირველ ქრისტიანებს – ძველ რომში

 I

1-ლ თებერვალს ხუნტამ სპორტის სასახლეში ელიტის გამოფენა მოაწყო. დარბაზი ვერ გაავსეს და დაფეთებულებმა სიცარიელის დასაფარავად ხალხი იარაღის მუქარით ჩამოყარეს სარეისო ტრანსპორტიდან. იმათმა დიდმა ნაწილმა გამოპარვა მოახერხა და ვაგზლის მოედანზე ჩვენ შემოგვიერთდა. “ელიტის თავყრილობაზე საზეიმოდ და სამარადჟამოდ დაადგინეს, რომ ისინი არიან “უმაღლესი” კლასი და მათ ეკუთვნით პრიორიტეტი ქვეყნის ბედ-იღბლის გადაწყვეტაში. ამასობაში ჩვენი მიტინგი ნელი მსვლელობით ყოფილი “ცკ”-ის შენობისკენ დაიძრა. “ელიტამაც” თავისი ბოსების მხარდასაჭერად იმ ადგილს მოაშურა. ასე აღმოვჩნდით ერთმანეთის პირისპირ ისინი, ორი ათასამდე და ჩვენ – ნახევარ მილიონზე მეტი. ატირებული, შეურაცხყოფილი, ანუ როგორც ისინი გვეძახიან ბრბო, უფრო მაღალფარდოვნად კი – ლიანგი. გვიყურებდნენ მძულვარებით, ზიზღით, რაც მათი ცხოვრებისეული ნორმებიდან გამომდინარეობდა. მათ შეგონებებში ქართული სიტყვები ისე ეყარა,, როგორც მარგალიტი მათივე სამშვინველის ნაოხარზე: ‘’ჩვენ მოვიგეთ რა, წადით ახლა სახლებში რა, მონებო, მონებო’’ და კიდევ სხვა. შეიძლება ითქვას, რომ მათი მეტყველების კულტურაში დღევანდელი პარლამენტის სიბრძნის დამამტკიცებელი კონტურები უკვე ილანდებოდა.

მათ თვალებში მე ზიზღის გარდა, შიში და სასოწარკვეთა დავინახე. სწორედ ამ შიშმა მოაწყობინათ მათ ორი თებერვლის „სისხლიანი კვირა“ და „ბართლომეს ღამე’’.

პირველი თებერვალი ჯანსაღ ძალთა ნამდვილი დემოსტრაცია იყო. ყველა ვიყავით, ‘’ვითარცა სული ერთი, უამრავ გვამთა შინა დამტკიცებული და ძირმტკიცე სიყვარულით შეკრული’’.

ორი თებერვალი… როგორც ველოდით ისე დაიწრო: თორმეტი საათისთვის მეტროები გადაკეტეს. ხალხი ფეხით მოდიოდა და რადგან მოედანი მილიციას და მათ ’ბიძაშვილებს’’ ეკავათ, მეტროს მისადგომებთან გროვდებოდა. კარგა ბლომად რომ შევიყარენით, მოედანი გავავსეთ, მილიცია სადღაც გაქრა, საინფორმაციო მიტინგი ჩადარდა და მანიფესტაცია თამარის გამზირს დაუყვა, ზღვა ხალხი მოდიოდა და მოდიოდა. რამდენიმე ასეული მეტრი საოცარი დუმილლით გამოვიარეთ. არ ვიცი, იქნებ წინასწარ ამ დუმილში ვგლოვობდით ჩვენს უცოდველი სიყვარულის გამო დასჯილ მიცვალებულებს, რომელთაც ახლა ათი თუ თხუთმეტი წუთის სიცოცხლეღა დარჩენოდათ. იქნებ ყოველი ჩვენგანი საკუთარ სიკვდილს უჭვრეტდა, ვინ იცის? ბოლოს ერთმა ხანდაზმულმა კაცმა მოგვმართა, ხალხნო, რა მოგვივიდა, გუშინდელმა დღემ როგორ დაგვყარა ისე, ხმის ამოღება რომ გვიჭირსო და შემოსძახა: საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას გაუმარჯოსო. მას სხვები შეენაცვლნენ: ’’ძირს ხუნტა…’’… საპასუხოდ ჩვენი ბანად ქცეული ’’ძირს’’, ’’ძირს’’ გუგუნებდა.. თამარის ხიდს მშვიდობით მივაღწიეთ. პირველმა რიგებმა, რომელთაც დროშები, ხის ჯვარი და პლაკატები მიჰქონდათ ცირკს მიატანეს. გმირთა მოედანზე გასასვლელი ავტობუსებით იყო ჩახერგილი. მათ უკან სახანძრო მანქანა იდგა, რომელმაც ჯერ ვაგზლის მოედანზე დაგვზვერა, მერე კი, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანი საბრძოლო პოსტი ჩაიბარა. სანამ პირველი რიგები რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ცირკისა და მის მოპირდაპირე გორაკიდან. სროლა დაგვიწყეს. მკვლელები ბუჩქებში ისხდნენ, მაგრამ ფოთლებშემოძარცვული ტოტები ვერ ფარავდა მათ სახეებს, ზოგი არც კი იმალებოდა. ჩვენ გვერდით ხან ერთი ეცემოდა, ხან – მეორე. დაჭრილები

სანაპიროსკენ გაგვყავდა და კერძო მანქანების დახმარებით საავადმყოფოებში ვუშვებდით. ტყვიების კაკანი არ წყდებოდა. ხალხი, გაოგნებული, უკან იხევდა, მე კი სარგადაყლაპულივით ვიდექი და ვერ ვინძრეოდი. უცებ მეგობარმა პალტოს კალთაზე დამქაჩა, უმალ გამოვფხიზლდი. ამ მკვლელების ველური სიამოვნებით აღსავსე მზერა დღესაც თვალწინ მიდგას. დარწმუნებული ვარ დღეს არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის. ღმერთმა შეუნდოთ. მანიფესტაცია მაინც არ დაიშალა და გზა აღმაშენებლის გამზირისკენ განაგრძო. ზოგი თავს ვეღარ ერეოდა და კიოდა: გამოდით, გვესვრიან, გვხოცავენო, შემოსწრებულნი ჩვენთან ერთად ტიროდნენ, ზოგიერთ აივანზე კი თვითკმაყოფილი იდიოტური სახეებიც ჩანდა.

ორ თებერვალს კარგად მოწმენდილი მზიანი ზამთრის დღე იყო, მაგრამ მოულოდნელად ციდან ცვარი წამოვიდა, თითქოს უკეთურთა და პატრიარქისაგან განწირულთ, ღმერთი ციდან გვიგლოვდა და ცრემლს გვაფრქვევდა, გამწარებულნი არ ვიშლებოდით, მარჯანიშვილის თეატრისკენ ჩავუხვიეთ, ახლა აქ ატყდა სროლა. გვესროდნენ ოთარ მეღვინეთუხუცესის სახლიდან, გვესროდნენ მარჯანიშვილის თეატრიდან და თბილისის ძველი უნივერმაღის შენობიდანაც, როგორც იქნა დაგვშალეს. პატარ-პატარა ჯგუფებს დაგვდევდნენ, გვესროდნენ ბეტეერებიდანაც კი. ნაწილს მარჯანიშვილის მეტროს ესკალატორებზეც ჩასდიეს. ჩხრეკდნენ სადარბაზოებს, არ ატარებდნენ სასწრაფოებს, ექიმებს არ უშვებდნენ დაჭრილებთან.

უამრვი რამ შეიძლება კიდევ დაიწეროს, მაგრამ მთელი სერიალი ამ დარბევებისა და ხოცვა-ჟლეტისა, ამ აპარტეიდისა საკუთარი ერის მიმართ ჩემს ცნობიერებაში ერთ, ჩემი აზრით, სრული ობიექტურობის გამომხატველ წინადადებად დაკრისტალდა. ჩვენ ისე დაგვდევდნენ, როგორც პირველ ქრისტიანებს ძველ რომში. ჩვენც ისევე ვეწირებოდით იმ წმინდა და საღმრთო იდეის სიყვარულს, რომელსაც სამშობლოს თავისუფლება ჰქვია და რომლის განხორციელებას პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას პიროვნებაში ვხედავდით და ვხედავთ დღესაც…

აი, ერთი წელიწადი გავიდა, პოზიცია არ შეცვლილა. ჩემი წინაპარი, ილიას უერთგულესი კაცი წიწამურში ილიასთან ერთად მოკლეს. მოდი და ნუ იცხოვრებ ღირსეულად, ისე, რომ მტერი შურით გულზე გასკდეს.

ყველამ ვიცით, რომ ილია სოციალ-დემოკრატებმა “ეროვნული საკითხის’’ მკვიდრ ნიადაგზე დაყენების გამო მოკლეს. ისიც ყველამ კარგად ვიცით, რომ კომპარტიამ და მისმა უკანონო ძმებმა პრეზიდენტიც ნაციონალური საკითხის მკვიდრ ნიადაგზე დაყენების გამო დემოკრატიის სახელით გააძევეს. ღმერთო, გვიშველე!!! ვცხოვრობ უზომოდ დამცირებული და შეურაცხყოფილი, რადგან წამართვეს სიყვარულის, არჩევანისა და ხმის მიცემის უფლება, როგორც რიგითსა და მათი კლანისთვის მიუღებელს. მაგრამ ჩვენი სიყვარული ისეთი წრფელი და უანგარო იყო, არის და იქნება, რომ ტანჯვა მშვენიერებას იმოსავს. ყოველი განსაცდელი კი ამ მშვენიერების წინაშე კარგავს თავის სიმწვავეს, “ყოველმა ქართველმან უნდა აღირჩიოს გზა ლეონიდისა”

– ხმიანებს ჩემი დიდი წინაპრის სიტყვები ჩემში. თავგამოდებით ვეგებები ასეთ სულიერ მდგომარეობას, რაკი ჩემში გმირის უშიშარ სულს ვჭვრეტ და “ურწმუნოთაგან ზარგანხდილ ქრისტიანთა” მეოხ წმინდა გიორგის ვევედრები:

“აღსდექი, წმინდა გიორგი,
აღმართე შენი შუბია,
ვერ ხედავ გველის პერანგში
სამყარო გახვეულია?!”

29 აპნისი, 1993წ.

Gallery | This entry was posted in ესე. Bookmark the permalink.

2 Responses to ჯერვალიძე ქეთევან მინდა გიამბოთ, ანუ ისე დაგვდევდნენ, როგორც პირველ ქრისტიანებს – ძველ რომში

  1. mari says:

    მინდა, მადლობა გითხრათ ამ წერილებისთვის, ისინი მართლაც სასარგებლოა საზოგადოებისთვის.

  2. mari says:

    მრავლისმთქმელია! საზოგადოებამ უნდა დაინახოს აწმყოში წარსული და შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s