ჯერვალიძე ქეთევან დედა ანა, ჩვენი ეკლესიის დიდი ქომაგი

ქეთევან ჯერვალიძე

დედა ანა, ჩვენი ეკლესიის დიდი ქომაგი

მე წყნეთის გზაზე შემომაღამდა
და ყოველივემ იცვალა ფერი
თითქოს ბარიდან ზეცის თაღამდე
გაიხსნა მიწის გული და ფსკერი.

1933.

 ვალერიან გაფრინდაშვილი,

 თბილისიდან 8 კმ-ზე, თრიალეთის ქედზე, მდინარე ვერის ხეობაში, მდებარეობს დაბა წყნეთი, ქართველთა ცნობიერებაში ჯერ მაია წყნეთელისა და შემდეგ განთქმული საზაფხულო აგარაკისა გამო, წარუშლელად დამკვიდრებული. დაბა წყნეთში სამი ეკლესიაა ორი ღვთისმშობლის სახელობისა და ერთიც წმინდა ნინოსი, ხოლო სანამ დაბა წყნეთში შევიდოდეთ გორიდან მძლეთის წმინდა გიორგისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრები ეგებება მგზავრებს, სასოებით რომ იწერენ პირჯვარს. ოცზე მეტი წლის წინ აქ მხოლოდ პატარა ნიში მდგარა წმინდა გიორგის სახელობისა, ნაშთი დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად აგებული ტაძრისა. სახელი მძლეთაც სწორედ აქედან მოდის „ძლევაი საკვირველის“ აღსანიშნავად და ხალხიც საღმრთოთი დადენილა თურმე. კლავდნენ საკლავს და როგორც პირველი ქრისტიანი მწერლები აღწერდნენ, აქაც საძროხე ქვაბებიდან ადენილი ოხშივარი ფარავდა მიდამოს და საკმევლის სურნელის ნაცვლად საქონლის ცხიმის სუნი ტრიალებდა ჰაერში. რასაც ხანდახან წრეგადასული ღრეობაც ერთვოდა თურმე…

1939 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალებას, მაშინ, როცა თვით ამ სიტყვის ხსენებაც კი საშიში იყო, წყნეთის მკვიდრთ, იმ დროის შესაფერისად მცხოვრებთ, შრომისმოყვარე და ზნეკეთილ მარიამ ასიტაშვილსა და მიხეილ ოთარაშვილს სამი ვაჟის შემდეგ შესძენიათ, ასული, უჩვეულოდ თეთრი და დიდრონთვალება ასული. გახარებულ მამას მახარობელი თავითფეხამდის შეუმოსავს. დაურქმევიათ ორი სახელი, დაბადების მოწმობაში, ანუ საგარეოდ, თვალსხივოსნობისა გამო, ჟუჟუნა და შინაურებში სითეთრისა გამო – ნათელა. მოდი და ნუ ირწმუნებ, რომ მართალნი იყვნენ ჩვენი ძველები საკუთარ სახელს დიდ მნიშვნელობას რომ ანიჭებდნენ.

დედ-მამა და ძმები თავს ევლებოდნენ ოჯახის ესოდენ ნანატრ წევრს… შემდეგ კი სკოლა. ბეჯითი მოწაფე არ ყოფილა, მაგრამ ქართული ენა და ლიტერატურა, ესოდენ მნიშვნელოვანი ყოველი ქართველისთვის, ძალიან ჰყვარებია თურმე. და ასე შრომაში, ოჯახისა და ლიტერატურის სიყვარულით მდინარებდა ცხოვრება მისთვის, სანამ საწუთრომ მასაც არ მოუვლინა განსაცდელი, ყოველი ადამიანის და მით უმეტეს, ქალისთვის მძიმე და ძნელი, ესოდენ ტკბილსოფლურად გამოტარებულ ბავშვობას რომ აფერმკრთალებდა და თავის დაბადებას ამუნათებდა გამჩენს: მე რაღა სანატრი, ან რა გასაჩენი ვიყავიო, უძლურებისაგან კვნესოდა მამის გული და ტანჯულ ასულს მუდარითა და ვედრებით აღვსილი ბგერებით პასუხობდა: „რათა გოგო, რათა, მაგას რათ ამბობო“?! ქალბატონ ნათელასა და ბატონ შოთას. მისი მეუღლის, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული საკმარისი არ აღმოჩენილა ახალი კერიის გასაჩაღებლად…

უკიდეგანო განსაცდელი ან ბოროტებას ბადებს, ან ყოვლისმომცველ სიყვარულამდე, თაანამოწლეობამდე ამაღლებს ადამიანს. დედა ანასა და მის მეუღლეშიც მეორე საწყისს გაუმარჯვია, შუა საუკუნეების სემიოტიკოსებივით უფლის მინიშნებად წაუკითხავთ ყოველივე, მათ თავზე დამტყდარი, მსგავსად ჩემი სათაყვანო პატრიარქ კირიონისა, ილიასი და კიდევ ბევრ დიდბუნებოვან ადამიანთა, ზოგთა სახელები რომ არც კი ვიცით დღეს, მაგრამ მათ სიყვარულს ვუჭერივართ ახლაც. დიდი ტანჯვა დიდ სულიერ სიყვარულში გადაზრდილა და უფალს ამ დათმენისთვის „ნახვად უცნაურ სახილველისა განუწმენდია დედა ანასთვის ხედვა და სმენა“. და ასე თანისთანობით ჩანაცვლებია მის ცხოვრებაში სულიერი ოჯახი ხორციელ ოჯახს.

ოცზე მეტი წლის წინ დამკვიდრებულა დედა ანა ამ გორაკზე, ძმებისა და სასულიერო გზაზე შემდგარი მეუღლის დახმარებით დაუსუფთავებია, სიბინძურისგან განუწმენდია და როგორც ჩვენი დიდი წინაპრები იტყოდნენ იქაურობა „ქმნილა ღელე გლოვისა მტერთა მათ უხილავთა და ხილულთა, ხოლო ნავთსადგურ ქრისტეის სამწყსოთა…“

გორაზე ასულ მლოცველ-მვედრებელთ პირველად დავით აღმაშენებლის პატარა ტაძარი ეგებება, თავისდაუნებურად ანა კალანდაძის სიტყვებს რომ გახსენებს ქართველს: „ფეხი დამადგით გულზე ყოველმან, წყალობა ჰყავით..“ ამ ტაძარს ეკვრის პატარა სამლოცველო, ანუ ეკვდარი, სადაც დედა ანა მასთან სასოებით მისულთ ღებულობს. სრული უბრალოება სუფევს აქ, არანაირი ძვირფასი მორთულობა და სამკაული: სანთლები, ხატები, ხის ჯვარი, განუყრელად რომ უჭირავს ხელში და დედა ანას სურათი მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ერთად გადაღებული. ესაა მთელი ავლა-დიდება.

დედა ანასთვის არა აქვს მნიშვნელობა მიმსვლელთა წარმომავლობას, სოციალურ სტატუსსა თუ ქონებრივ ცენზს. ყველა თანასწორია მისთვის, ყველას უსმენს, რჩევას აძლევს და ლოცავს, ლოცავს მთელი გულით, აღმოსავლური, ქართლ-კახური მკვეთრი, მაგრამ თბილი ბგერებით. ზმნისწინებსაც კი იქაურულად ხმარობს. იშვიათად, გაიცინებს ხოლმე, მაგრამ მზის სიცილსა ჰგავს მისი სიცილი. ახლა მიმოხვრას არ იკითხავთ? – ძველქართულ დედაკაცური, ანუ უბრალოებითა და სიდარბაისლით აღვსილი. შევყურებ ხოლმე სასოებით და ჩემი ბებონი მახსენდებიან: „ჩემი ანა და სოფიოც ჩემი“, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ერთ მსგავსებას ვერ ვიცილებ თავიდან, ესაა დედაღვთისას ფრესკა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან, ლადო გუდიაშვილის მიერ შსრულებული: იგივე დიდრონი, სითბოთი და კრძალულებით გამომზირალი თვალები, სავსე სახე, მაგრამ დახვეწილი ნაკვთები, ადრე რომ ესოდენ უჩვეულოდ და მიუღებლად მეჩვენებოდა ფრესკითვის…

რომ არა უფლის ნება, დედა ანა კი არა, ძეხორციელი ვერ გაუძლებდა ამდენი უარყოფითი ინფორმაციის მოსმენას წლობით. რომ არა შედეგი, რომ არა სამადლობელი, მოსმენილის სიმძიმეს რომ ანეიტრალებს ერთგვარად და ახალი ცხოველმყოფელი ძალებით აღავსებს მას, ან ბოლოს და ბოლოს თვეობით იქ სიარულით ვინ გაიწვალებდა თავს? არანაირი წუხილი დაღლისა გამო, არანაირი დამადლება სიკეთისა, ერთი კია, შეწუხებულმა დედა ანამ ერთხელ მითხრა, ეს დალოცვილი უფალი, დაავადების სახელს თუ მიმხელს, რა იქნება, მათი წამალი და მკურნალობის წესიც მასწავლოსო, ზოგი ვიცი, ზოგი კი არა, არადა, რამდენ ტანჯულს ვუშველიდიო?!.

უფრო ზემოთ ახალი მძლეთის წმინდა გიორგის ეკლესია დგას, დედაოს მრევლის შემოწირულობით აგებული, სულ მაღლობზე დგას. კარი ღიაა მუდამ, მესანთლეც არ ზის, არცაა საჭირო, იქ მისული უკადრისს როგორ იკადრებს?! დედაოს მცდელობითა და მონდომებით აღორძინებას იწყებს სამონასტრო ცხოვრებაც. მოკლედ, ოთარაანთ ქვრივის დაკრიალებულ კარმიდამოს მოგაგონებთ იქაურობა, ღმერთო, გვარადაც რომ ოთარაშვილი ყოფილა?!

დედა ანა დიდი ქომაგია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა ყოველი ახალმოსულისადმი მისი კითხვები ასეთია: თუ მარხულობს, წირვა-ლოცვას თუ ესწრება, მოძღვარი თუ ჰყავს,… როცა მე ვუთხარი, დედაო, საბანისძე, ხანძთელი, მერჩულე, კირიონი, ამბროსი… მიყვარს ძალიან და მათ შემდეგ აბა, ვინ უნდა შვარჩიო-მეთქი, – მომიგო, ეგენიც გიყვარდეს, მაგრამ მოძღვარი მაინც აუცილებელიაო. რომ არა დედაო. ცოდვა გამხელილი სჯობს, მოძღვრისკენ არც გავიხედავდი.

დედა ანას მე ისეთ სასულიერო პირად აღვიქვამ, რომელმაც თავის პიროვნებაში, უფლის ნებით, შეაერთა მარიამისა და მართას გზა, დათა ლაზარესათა და ასევე სიბრძნე, სიბრძნე „მეთევზურებრი“ (მოციქულთა მსგავსი).

განა არის რაიმე არსმენილი და არგაგონილი დედა ანას პიროვნებაში ჩვენთვის, ვისაც მეტ-ნაკლებად მაინც გვისწავლია ქართული ლიტერატურა თუნდაც სკოლაში? ვისაც გვახსოვს და გვიყვარს საკვირველი დედა ფებრონია მერედან, ან დეკანოზი დედა თემესტია (ორმოც წელს დეკანოზობდა) და ანატოლე დაყუდებული, რომელთაც ერთდროულად, დაუსწრებლად, სხვადასხვა ადგილას მყოფთ, უფლის ნებით, უხილავთ მღვდელ მატოის ამასოფლითგან განსვლის სცენა?

მართალია, ქართლი დედა იყო წმინდანთა, მაგრამ ის საკვირველმოქმედთა დედაც იყო ყოველთვის. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამდაგვარი რამ მხოლოდ წარსულში ხდებოდა, სწორედ ამის შესახებ გვმოძღვრავს და გვაფრთხილებს ჩვენი ჰაგიოგრაფი ბასილი ზარზმელი: „ხოლო იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმედ ჟამთა ამათ ჩუენთა არღარავის ხელ-ეწიფების მსგავსებაი პირველ მამათაი, რამეთუ განგებითა რაითმე საღმრთოითა მიფარულ არს“ და იმის დასამტკიცებლად, რომ ძველთა მსგავსი და აღმატებული წმინდანები და საკვირველმოქმედნი არსებობენ კვლავაც, წმინდა სერაპიონის ცხოვრება მოჰყავს.

ამ კონტექსტში არც დედოფალი შუშანიკია დასავიწყებელი, რომლის შესახებაც იაკობ ცურტაველი ასე გადმოგვცემს: „მიერითგან განითქუა ყოველსა ქართლსა საქმეი მისი და მოვიდოდეს დედანი და მამანი აღნათქუამთა შეწირვად და რაი ვის უხმდა მიემადლებოდა წმიდითა ლოცვითა ნეტარისა შუშანიკისითა, რომელსა მოსცემდა მას კაცთ-მოყუარე ღმერთი: უშვილოთა შვილი, სნეულთა კურნებაი, ბრმათა თუალთა ახილვაი“.

ვინ-ვინ და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ყველაზე უკეთ იცის, თუ რაოდენ დიდი ქომაგია დედა ანა დედა ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყნისა, რომლის პირველი წმინდანიც ქალია, სიდონია, ელიოზ მცხეთელის და.. ოფიციალური ეკლესიის დამამკვიდრებელიც ქალია, წმინდა ნინო კაბადოკიელი, „ქართველთა დედა და ემბაზი“, „ძუ ლომი და დედალი ორბი“. სწორედ მას ეძლევა უფლის მიერ დეკალოგი, რომლის მეორე (ბ) პუნქტი ასე ჟღერს: „ არცა დედაკაცება, არცა მამაკაცება, თქუენ ყოველნი ერთ ხართ“ oujk ejvni ajvrsen kai; qh`lu pavnte~ uJmei`~ ei~ ejste… [galat. 3, 28]…

განსაკუთრებულობა, გამორჩეულობა დიდი მადლია, მაგრამ ამავე დროს დიდი მოვალეობა, დიდი ტვირთიც არის. სწორედ ასე აქვს თავისი დანიშნულება გააზრებული დედაოს, უფრო მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, სულის წვრთნით, ანუ ტრადიციით შეწოვილ-შეთვისებული, სისხლში გამჯდარი…

ღმერთმა დალოცოს, ქართული ეკლესია, ჯანმრთელად ამყოფოს და ადღეგრძელოს დედა ანა, ვინაიდან ის ერთი დიდავარსკვლავთაგანია ქართველ დედათა ცად აწვდილ მთაზე, ვინაიდან მისი მოღვაწეობის ადგილი, მძლეთა, სწორედ ის სივრცეა, სადაც ძესა კაცისასა ნამდვილად აქვს ადგილი, „სადა მოიდრიკოს თავი“.

Gallery | This entry was posted in მიძღვნა. Bookmark the permalink.

6 Responses to ჯერვალიძე ქეთევან დედა ანა, ჩვენი ეკლესიის დიდი ქომაგი

  1. mari says:

    ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ქართველები! ისინი გვაძლიერებენ სულიერად და მაგალითს გვიჩვენებენ განსაცდელის დათმენისას! განსაკუთრებით, დღეს გვჭირდება ასეთი მადლიანი ადამიანები,რადგან ქართული ეკლესია და ჩვენი მართმადიდებლობა განსაცდელშია! ღმერთმა ქნას, ეკლესია დღესაც იმ სიმაღლეზე დადგეს,როგორცზეც გრიგოლ ხანცთელმა დააყენა!

    • nino says:

      me nino wenguashvili var …19 wlis wynetshi vcxovrob da qalbatono qetevan dzalian mesiamivna tqveni statia deda anas shesaxeb:)))

  2. ana says:

    მოგესალმებით:) ძალიან მომეწონა თქვენი სტატია და ძალიან მინდა მისი ნახვა. რა დღეებშია შესაძლებელი ?:)

  3. tamri.wilosani@mail.ru says:

    გმერთმა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მისცეს დედა ანას, ყველა იქ მისულს გვეწეოდეს მისი ლოცვის მადლი….

  4. მისი ლოცვის მადლი შეგვეწიოს ყველას

  5. shegeciot kvelas deda anas dzala da madli

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s