ქეთევან ჯერვალიძე ნინო პეტრიაშვილი სანტიმენტალური ტრიოლეტი ვალერიან გაფრინდაშვილი

ქეთევან ჯერვალიძე
ნინო პეტრიაშვილი

                    ვალერიან გაფრინდაშვილი
სანტიმენტალური ტრიოლეტი

                                               „ჩვენი მწერლობა“  2011. # 16(146)

ვალერიან გაფრინდაშვილი

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა, 14
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი, 14
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა. 14
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ _ მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი.

მეგობრებო, რომელიმე პოეტის შემოქმედება, თუნდაც ერთი ლექსი, ან მოთხრობა კარგად რომ გავიგოთ, აუცილებლად საჭიროა ვიცოდეთ ამ შემოქმედის ბიოგრაფია, სადაურობა,  ეპოქა და ამ ეპოქის პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური და თვით ლიტერატურული პროცესები, ვინაიდან ყოველივე ზემოხსენებული დიდ როლს თამაშობს ხელოვანის ჩამოყალიბებაში.   პროვნების შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესების ურთიერთჭიდილის ასახვაა მთელი ხელოვნება და მათ შორის, ლიტერატურაც. სწორედ ამიტომაა ილია ილია, ვაჟა- ვაჟა და ბაირონი- ბაირონი და ა. შ. შებრუნებულადაც შეიძლება ვთქვათ, სწორედ ამიტომ არაა რუსთველი ილია, ვოლფრამ ფონ ეშენბახი კი – რუსთველი.

ჩვენ მიერ შერჩეული პოეტი ვალერიან გაფრინდაშვილი XX  ს-ის პირველი ნახევრის ქართველი პოეტია. (1889-1941), ე. წ. „ცისფერი ორდენის“ წარმომადგენელი. ამ წრეს ეკუთვნოდნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, დავით კლდიაშვილის ვაჟი, სერგო კლდიაშვილი, შალვა კარმელი, ალექსანდრე ცირეკიძე,  ნიკოლო მიწიშვილი, შალვა აფხაიძე. უაღრესად ნიჭიერი და თამამი ახალგაზრდები, რომელთაც საკუთარი საზოგადოება 1916 წელს ქუთაისში ჩამოაყალიბეს და ის მანამდე  არსებობდა, სანამ ბოლშევიკურმა საქართველოს ხელისუფლებამ მიუღებლად არ ჩათვალა მისი არსებობა. ცხადია, საზოგადოების წევრებს შევიწროვება და დევნა დაუწყეს. ეს დევნა კი იყო მრავალგვარი, მეთოდური. მოკლედ ერთი საზოგადოებრივი ფორმაციიდან მეორეში გადალოცილი და ახალი იდეოლიგიის შესატყვისად  სასტიკი, დაუნდობელი და სისხლიანი.

ჩვენი „ცისფერყანწელებიც“  ქართული ხასიათის, პიროვნული ბუნების შესატყვისად და თანაც, ახალგაზრდობიდან გამომდინარე, იყვნენ ამბიციურნი და კატეგორიულნი, როგორც ვაჟა იტყოდა, „ახალუხლებნი“  „სისხლი უფუოდათ“, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არასდროს, ამავე დროს ძალიან ნიჭიერნი და ერთგვარად მანერულნიც, ეთმანეთის მოყვარულნი და დამფასებელნი. „ცისფერი ორდენის“ გვერდით სხვა ლიტერატურული გაერთიანებებიც არსებობდა მაშინ, როგორებიც იყო: „აკადემიური მწერლობა“, „ფუტურისტ-ლეფელები“ , „არიფიონი“,  „პროლეტარული მწერლობა“ – ერთადერთი, რაც ამ დაჯგუფებებს აერთიანებდა წინაპართა ღვაწლის შეგნებული უარყოფა იყო. ჩვენი სიმბოლისტების გარდა, ეს საკითხი (შეგვიძლია, ცოტა ამოვისუნთქოთ) ასევე წარმოადგენდა ევროპული და რუსული სიმბოლიზმის ძირითად  ტენდენციასაც.  „ცისფერი ორდენის“ წევრები წარსულის მემკვიდრეობას „ჟანგიან ჯავშანს“  (ტ. ტაბიძე) უწოდებდნენ. მათ განახლებული მომავლის უცილობელ პირობად წარსულისა და აწმყოს  უარყოფა დასახეს. ხოლო XIX ს-ის 60, 70-იან წლებში მიმდინარე ძველი და ახალი თაობის პაიქრობას „ძველი ქართული და ახალი  რუსეთის იდეოლოგების პაექრობა უწოდეს. ქართული პოეზიის ყვავილი რუსული ხორბლით შეცვალესო – წერდა ტ. ტაბიძე. ცისფერყანწელებს  ძალიან აღიზიანებდათ „პოლიტიკური პოეზია“ აგრეთვე სოციალური  მოტივის სიჭარბე ლიტერატურაში, ვინაიდან თვლიდნენ, რომ ამ საკითხებისადმი დიდმა ინტერესმა ესთეტიკური კულტურა გააქროო. ასე რომ, „ეროვნული პოზიციების“ გამაგრების სურვილით ებრძოდნენ დიდ წინამორბედთ, განსაკუთრებით – აკაკის. უყვარდათ არტისტული პოზიორობა, ცხოვრების თეატრალიზება, ნიღაბი და ჰქონდათ უცნაური ლტოლვა გამორჩეული ხვედრის მქონე  ქართველი პოეტებისადმი, (ივანე მაჩაბელი, გრიშა აბაშიძე, მამია გურიელი), იქნებ ამანაც ითამაშა დიდი როლი, მათ შემდგომ ცხოვრებასა და თვით სიკვდილშიც?!  ვინ იცის?!

ჩვენი, როგორც მკითხველის მოვალეობაა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვესმის, საკუთარი აზრი გვქონდეს ნებისმიერი ხელოვანის და მისი ქმნილების შესახებ, მაგრამ  ამ საკუთარ აზრშიც, არ იქნება ურიგო, სამართლიანობას არ გადავცდეთ, „ნუ თვალხმით სჯით, მართალი სამართალი საჯეთო; ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შექმს ხმელსა ნედლადო  – გვასწავლის ბიბლია. შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ავტორს, არ მოგვწონდეს, რაც თქვა, როგორც თქვა,  მაგრამ ადამიანურ თანამოწლეობას რა უდგას წინ? ძველის სწავლას ხომ აწმყოსა და მომავლისთვის აქვს ფასი? ის კი არ უნდა ვუკიჟინოთ წინა თაობას, ეს როგორ მოგივიდათ, მომხდარის წანამძღვრები უნდა გამოვიკვლიოთ, თორემ გარდასულს დამუნათებით ხომ აღარაფერი ეშველება? მთავარია, ჩვენ აღარ  შგვეშალოს. ჩვენი ეროვნული ტრაგედია კი, მოგეხსენებათ, ის არის, რომ ნიჭი მეჭეჭივით გვაზის და  აზროვნებაში სისტემის შკვრას ვერ ვახერხებთ. დღეს გახდა ეთნოფსიქოლოგია წამყვანი სამეცნიერო დისციპლინა  თვით ხელოვნების დარგთა კვლევაში, თორემ იმპერიული  სახელმწიფოების სათანადო ინსტანციებში ეს საქმე ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა უხსოვარი დროიდან. მტრები ყოველთვის გვიცნობდნენ კარგად, ჩვენ კი არათუ მტრებს, საკუთარ თავსაც არ და ვერ ვიცნობდით ნულოვან დონეზე…

ახლა კი, როგორც უკვე გითხარით, თქვენი ყურადღება ცისფერყანწელ ვალერიან გაფრინდაშვილისა და მისი ლექსის „სანტიმენტალურ ტრიოლეტისკენ“ გვინდა მივმართოთ.  სანამ ლექსის ტექსტს გაეცნობი, სათაურიდან ხვდები კაცი, რომ მასში გადმოცემული აზრი მოჭარბებული გრძნობით უნდა იყოს გამოხატული. ჯერ თვით ლიტერატურული მიმდინარეობა სანტიმენტალიზმი მიგვანიშნებს ამაზე, შემდეგ კი სალექსო ფორმა ტრიოლეტი, რომელიც სულ რაღაც რვა სტრიქონიანი ლექსია და თანაც  პირველი წინადადება მეორდება მეოთხე და  მეშვიდე სტრიქონებში, ხოლო მეორე,- მერვეში. მაშასადამე, რვა სტრიქონიანი, სინამდვილეში ხუთიანი გამოდის. გამეორება სტრიქონთა კი აზრის სიცხოველეს აძლიერებს. სწორედ  გამეორებათა განსაზღვრულ რაოდენობაზეა  დამყარებული  აზრის დამკვიდრება, ან  წაშლა მეხსიერებიდან. შუა საუკუნეების ფრანგული ლიტერატურის, გასართობი პოეზიის  ეს სალექსო ფორმა  ყველაზე მეტად შემოსაზღვრულ ფორმად ითვლება და ქართულ ლიტერატურაში, ჩვენი აზრით, მას სულაც არა აქვს გასართობი ხასიათი. ჩვენში მისი დამამკვიდრებელნი არია.: ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა კარმელი, იოსებ გრიშაშვილი, პაოლო იაშვილი და ალექსანდრე აბაშელი.  თქვენ წარმოიდგინეთ,  სალექსო ფორმა ტრიოლეტი დღესაც ცოცხალია ქართულ ლიტერატურაში… რაც შეეხება ინგლისში წარმოშობილ ლიტერატურულ მიმდინარეობას სენტიმენტალიზმს, ის,  როგორც ლიტერატურული მოვლენა, წინ უსწრებდა რომანტიზმს. ეს სანტიმენტალიზმი, ოღონდ რუსი მწერლის კოზლოვისა იყო სწორედ მიზეზი ილიას  ულმობელი წერილისა: “ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის კაზლოვიდან „შეშლილის“ თარგმნაზედა“.

ვალერიან გაფრინდაშვილის მიერ გამოყენებულ სიტყვას „სანტიმენტალიზმი“ დღეს ჩვენ „ე“ ხმოვნით ვხმარობთ

ლექსს ერთგვარად მკვეთრი, თეატრალური დასაწყისი აქვს, დრამატული მსახიობის სცენაზე შემოჭრას ჰგავს, თითქოს რაღაც ნაწილი ეკლდეს წინ და პირდაპირ რეზიუმეზე გადავდიოდეთ. ამასთანავე, ეს ჩვეულებრივი ადამიანის მოწყენა კი არ არის, გმირის მოწყენაა, რომელსაც არ ერიდება თავისი განცდები, თავისი სულიერი მდგომარეობა მთელი სამყაროს გასაგონად სააშკარაოზე გამოიტანოს.  რაც, რა თქმა უნდა,  სიმბოლიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ახლა კი,  ცოტათი მაინც გავერკვიეთ რა  ლექსის ფორმასა და ლიტერატურულ მიმდინარეობაში,  საგანგებოდ დავაკვირდეთ  პოეტის მიერ შემოთავაზებულ პოეტურ სტრიქონებს.  ლირიკული გმირი თავისი მდგომარეობის გადმოსაცემად ყველასთვის იოლად ამოსაცნობ შედარების მხატვრულ ხერხს მიმართავს და საკუთარ თავს  რაღაც დიდსა და მცირე საგანთან კონტექსტში  წარმოგვიდგენს.

განვიხილოთ პირველი მაგალითი:

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,

„ვერსალსა“, (რომელიც ჯერ კიდევ 1624 წელს პატარა სოფელი იყო, საუკუნის ბოლოს, 1682 წელს საფრანგეთის მეფეთა, ბურბონების, რეზიდენციად იქცა). და „ბეღურას“ შორის. ზომის თვალსაზრისით დიდი სხვაობაა  განსხვავება შეეხება ფერსაც: ვერსალი თეთრია, ბეღურა – მუქი ნაცრისფერი. ამასთანავე ავტორმა გამოიყენა მეტყველებაში აქტიურად ხმარებული ფორმულა „ზამთარში მობუზულ ბეღურასავით“ და მგონი, დროც საგანგებოდ შეარჩია – შემოდგომა და ზამთარი -კვლავ შესადარებელი საგნების ფერის გამოსაკვეთად.  თოვლიანი, თეთრი ზამთრის ფონზე მეტ სიმკვეთრეს იძენს „მოწყენილი ბეღურა“, ისევე როგორც გაძრცვილი შემოდგომის ღამეებში უმეტეს ჭმუნვის მომგვრელი ჩანს დიდებული , თეთრი ვერსალი. სევდაა ის, რაც ამ ორ საგანს, დიდსა და მცირეს, თეთრსა და შავს, აერთიანებს და აკავშირებს ლირიკულ გმირთან. გამაერთიანებელია, ამ შემთხვევაში, წყვილიც: ნაზი – თეთრი. შემოდგომა და ზამთარი კალენდარულად სულიერი აქტივობის კლების დროებია, რაც გარკვეულწილად ზემოქმედებს ადამიანზე.  ვალერიან გაფრინდაშვილი  თავის მდგომარეობას გადმოგვცემს ამავე დროს სულიერ და უსულო საგნებთან  პარალელშიც. მოკლედ, შეპირისპირებული წყვილები ასე შეიძლება დავალაგოთ.

დიდი (ვერსალი)  – პატარა (ბეღურა)
თეთრი – რუხი
უსულო – სულიერი
შორი – ახლო
ღირსეული -უღირსებო
ამპარტავანი -მოკრძალებული
მნიშვნელოვანი-უმნიშვნელო
მონუმენტური – მინიატურული

ძველი ბერძნები ბეღურას  აფროდიტეს, სიყვარულის ქალღმერთის,  ატრიბუტად მიიჩნევდნენ, ხოლო ქრისტიანობა მასში მოკრძალებულობასა და დამცირებულობას მოიაზრებდა. აპოკრიფულ თომას სახარების მიხედვით კი (II), ხუთი წლის იესო გამოძერწავს თორმეტ ბეღურას, თორმეტი მოციქულის სიმბოლოს. ჩვენმა  განსწავლულმა სიმბოლისტებმა კი მთელი ევროპული ლიტერატურა, ანტიკურის ჩათვლით, ძალიან, ძალიან კარგად იცოდნენ. მათი მიზანი ხომ ქართული ლიტერატურის რუსული რელსებიდან ევროპულზე გადაყვანა იყო და წარმოვიდგინოთ მათი მდგომარეობა ახალი რუსული ოკუპაციის პირობებში… ყოველივე ზემოთქმულს ისღა შეგვიძლია დავამატოთ, რომ გარდა იმისა, რომ ლამაზი სტრიქონებია, სერიოზულად ნაფიქრი სტრიქონებია და არა ინტუიციურად დაცდენილი, გამოყებებულია 14 მარცვლიანი სალექსო საზომი. ამავე დროს სინტაქსის თვალსაზრისითაც საინტერესოა. ლექსი იწყება შედგენილი შემასმენლით „ვარ მოწყენილი“ (მეშველ ზმნას+ვნებითი გვარის მიმღეობა) და უმთავრესი ემოციურ – ინტონაციური მუხტი სწორედ  მასზე მოდის. სინტაქსურად პირველი ორი სტრიქონი რთული ქვეწყობილი წანადადებაა. მთავარია „ვარ მოწყენილი“, ქვემდებარე [მე] იგულისხმება. მას ებმის  ორი ვითარების გარემოებით დამოკიდებული წინადადება, მაგრამ ისე, რომ მათში შემასმენლად  მთავარი წინადადების შემასმენელი ივარაუდება: ვარ მოწყენილი [ისე], ვით ზამთარში[ა] [მოწყენილი] ნაზი ბეღურა, ვით შემოდგომის ღამეებში[ა}  [მოწყენილი ] თეთრი ვერსალი. ასეთი გარემოებით დამოკიდებული წინადადებები გარდა იმისა, რომ ლამაზია და პოეტური, ბუნებრივიცაა ჩვენი ენისთვის, ვინაიდან ისინი შედარებას გამოხატავენ.

ახლა კი სხვა, განსხვავებული სტრიქონების შესწავლას შევუდგეთ:

შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.

როგორ უნდა გავიგოთ არსებითი სახელისაგან ნაწარმოები ზმნა „ესაფეხურა“? ჯერ „ფეხისგანაა“ ახალი, დანიშნულების  არსებითი სახელი ნაწარმოები, შემდეგ კი ჩვენს პოეტს ის სხვა მეტყველების ნაწილში გადაჰყავს, ანუ  ზმნას გვთავაზობს. თითქოს ხელოვნურიც კია ეს  წარმოება, მაგრამ რამ უნდა გაგვაოცოს ჩვენი მეხოტბეებისა და „ვეფხისტყაოსანის“ შემდეგ? რომელმა სიმბოლიზმმა?

რა არის საფეხური? რასაც ფეხს ადგამენ, რასაც ქელავენ წინსვლისთვის, რასაც ეყრდნობიან. ამ სტრიქონით ავტორი თავის სასიყვარულო ობიექტს მიმართავს, შენ ასეთი ლამაზი რომ ხარ,  ასე რომ გამოირჩევი, მაგ  შენს სილამაზეს ჩემს სიყვარულზე უდგას საძირკველიო, ჩემი სიყვარული ასხივოსნებს  შენს მშვენიერ გარეგნობასო. დიახ, მეგობრებო, მოცემულ წინადადებაში სატრფოსთვის საკუთარი ცხოვრების, საკუთარი სიცოცხლის მსხვრპლად გაღების მზაობაა გაცხადებული და მასში სწორედაც რომ რუსთველური სიყვარულის ერთი ასპექტი მოჩანს. ტყუილად კი არ იყო, რუსთველის სწორუპოვარ სახელს კრიტიკა რომ ვერ შეჰბედეს  ჩვენმა სიმბოლისტებმა, ესოდენ ტრაგიკული ბედის ადამიანებმა.

გრამატიკულად სტრიქონი ერთი მარტივი გავრცობილი წინადადებაა, რომელშიც  სინტაქსური წყვილს  „შენ[ს] სილამაზეს“ „ს“ აკლია და ის დღესმოქმედი ნორმის მიხედვით, შეცდომაა.

მეოთხე სტრიქონი:

მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.

როგორც ვხედავთ, ლექსის ლირიკული გმირი  სატრფოსთან განშორების გამოა მოწყენილი. მოწყენა გადმოცემულია მეტაფორულად „ცივი თოვლი დიდხანს მეხურა“, მაგრამ თოვლი ორმაგი  შინაარსის სიტყვაა. მართალია, ის ცივია, მაგრამ  ამ სიცივეს ახლავს უცნაური სითბო, რომელიც ინახავს მარცვალს გასაღვივებლად.  თოვლიანი ხნულები იძლევა საუკეთესო მოსავალს. განშორების ცივი თოვლი სიყვარულის შენახვის, გამოცდის ფუნქციას ითავსებს აქაც. საინტერესოა ისაც, რომ პოეტმა საგანგებოდ აუარა გვერდი ენაში უკვე დამკვიდრებულ გამოთქმას „თოვლის საბანს“ და მის ნაცვლად ახალი სახე – „განშორების თოვლი“ – შემოიტანა, თანაც ისე. რომ სიტყვა „საბანი“ ხსენების გარეშე ტივტივებს წარმოსახვაში.  ეს განშორება კი ყოფილა არა მარტო სევდიანი, არამედ ცრემლიანიც. წინადადება მარტივი გავრცობილია.  მისი შემასმენელი კი სტატიკური ვნებითი გვარის ზმნითაა გადმოცემული და მეორე სერიის წყვეტილში დგას.

ვტიროდი ხარბათ, მარტოობით ნაალერსალი – ვკითხულობთ  მეხუთე სტრიქონში და აი, სიახლე გველოდება აქაც „ვტიროდიო  ხარბათ“  –  თავისი სულიერი  შეჭირვების ხარისხს  გადმოგვცემს პოეტი.  რამდენადაც პოეტურადაა მისაღები „ხარბათ ტირილი“,  იმდენადვეა ის გრამატიკულად მიუღებელი, სულაც თავი რომ დავანებოთ ვითარებითი ბრუნვის არასწორ დაბოლოებას. სიტყვა ხარბი  შეიძლება დაწყვილდეს: ადამიანთან, გულთან, ბუნებასთან, ჭამასთან, ძოვასთან, კენკვასთან, სმასთან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტირილთან. აქ ჩვენ საქმე შეუთავსებელთა შეთავსებასთან, ოქსიუმორონთან,  გვაქვს, მაგრამ დედაუფალი გრამატიკა თვალს უხუჭავს პოეზიის ცუღლუტობას. საინტერესოა სტრიქონის მეორე ნახევარიც “მარტოობით ნაალერსალი“.  „ნა“ – თი ნაწარმოები ვნებითი გვარის მიმღეობა ლირიკული გმირის სულიერი მდგომარეობის გრძლიობაზე მიგვითითებს და სინტაქსურად ის განკერძოებული განსაზღვრებაა.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ავტორის მიერ მოფიქრებულ სათაურში,  რომელიც ორი უცხო სიტყვისაგან შედგება – „სანტიმენტალური ტრიოლეტი“ არც მეტი, არც ნაკლები , რუსთველური სიყვარული იმალება: სასიყვარულო ობიექტის ერთადერთობა (ვტიროდი ხარბათ, მარტოობით ნაალერსალი, ანუ გმირს სხვა ქალისკენ არ გაუხედავს), გრძნობის მარადისობა (მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა)  და სოფელზე უარის თქმა (შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა).

აი, მეგობრებო, ჩვენ ასე დავინახეთ და შევიგრძენით  ეს მცირე ზომის  ლექსი და ღრმად ვართ დარწმუნებული, თქვენ  ჩვენზე უკეთ დაინახავთ და შეიგრძნობთ. დაინტერესდებით ვალერიან გაფრინდაშვილის სხვა ლექსებითაც და საერთოდ მისი შემოქმედებით, შემოქმედებით პოეტისა, რომელმაც მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება განვლო, რომელსაც არასოდეს უღალატია სამშობლოსა და პოეზიისთვის, და რომლის პოეტურ ენერგიაზეც  უდიდეს იმედებს ამყარებდა მის მოძღვარი და მეგობარი  გრიგოლ რობაქიძე:

„შიში აგიტანს, გადასძახებ ძველ ემპოდოკლეს,
რომ სიტყვით შეჰკრა ეს ქვეყანა გადარეული…“

მართლაც,  სიტყვაა ის, რითაც ღმერთმა სამყარო შექმნა და შეკრა,  ხოლო ქართული კლასიკაა ის, რამაც ჩვენ, ქართველები,  უნდა გვიხსნას, გადაგვარჩინოს, შეგვკრას. ცალ-ცალკე არც მას უწერია სიცოცხლე და არც ჩვენ, არც ჩვენ!

Gallery | This entry was posted in განხილვა. Bookmark the permalink.

3 Responses to ქეთევან ჯერვალიძე ნინო პეტრიაშვილი სანტიმენტალური ტრიოლეტი ვალერიან გაფრინდაშვილი

  1. მაია გურაბანიძე says:

    როგორც იქნა მოვიცალე…

    არაჩვეულებრივია, ეს „ყივჩაღის პაემანსაც“ ჯობია და აკაკის ლექსსაც. მართლა არაჩვეულებრივია. საოცარი სიყვარულია გადმოცემული ამ ლექსში და ეს შენ ძალიან კარგად გაქვს ახსნილი. ყველაზე ძალიან ის მომეწონა, რომ გრამატიკულ კატეგორიებთან ერთად პოეტისა და ლექსის სული ჩანს კარგად.
    ერთი იდეა გამიჩნდა: დაწერე ასეთი ესსეები პროგრამულ ნაწარმოებებზე და ერთიანად გამოაქვეყნე. ეს დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლე- ბიტურიენტებს და სხვებსაც (გურამ დოჩანაშვილისა არ იყოს: – მე ჯერ მხოლოდ ყმაწვილ-უსაქმურზე მოგახსენეთ, ბატონო, – უხსნის რესპონდენტი, – აბა მე რა უფლება მაქვს, ვინმე პატიოსან ქიმიკოსს ვსტაცო ხელი და დავამწყვდიო… – და უცებ ღრმად ჩაფიქრებული ამბობს, – ისე კი, უწიგნურ ქიმიკოსსაც თუ აწყინოს, მამაძაღლი ვიყო…).
    გამგები გაიგებს🙂

    წარმატებებს გისურვებ!

  2. გთხოვთ რა დამატეთ თუ ფეისბუქი ან სკაიპი გაქვთ ძალიან მომეწონა თქვენი ნამუშევარი
    http://www.facebook.com/lomto1996
    Skype : lomto96

  3. ძალიან მომეწონა. აღფრთოვანებული და მოხარული ვარ … გაიხარეთ…….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s