ლევ გუმილიოვი ალექსანდრ პანჩენკო ნათელი რუსეთი

თარგმნეს და კომენტარები დაურთეს
ქეთევან ჯერვალიძემ და ნინო პეტრიაშვილმა

ლევ გუმილიოვი, ალექსანდრ პანჩენკო

ნათელი რუსეთი

                               (დიალოგი წიგნიდან “რათა სანთელი არ ჩაქრეს”.

კრებული ითარგმნა 2001 წლისთვის, ჩემს  მოწაფეებთან  – მაია აფშილავასა და ნინო პეტრიაშვილთან ერთად.

ლევ  გუმილიოვის გარდაცვალებიდან 10 წლის ხსოვნის აღსანიშნავად. თუმცა, დიალოგთაგან ერთი მხოლოდ 2007 წელს გამოქვეყნდა სამეცნიერო წერილების კრებულში: “მშვენიერება მოსილი სევდით”. წელს 20 წელი სრულდება ლევ ნიკოლაევიჩის გარდაცვალებიდან და გვსურს ამ დიდი რუსი მეცნიერის ხსოვნას ასე მივაგოთ პატივი..  ასევე გვინდა  პატივი მივაგოთ ლევ ნიკოლაევიჩის მეგობარს აკადემიკოს ალექსანდრ პანჩენკოსაც, რომელიც 2002 წელს გარდაიცვალა და მისივე სურვილისამებრ დაიკრძალა სანკტ-პეტერბურგის ალელექსანდრე ნეველის ლავრის ნიკოლსკის სასაფლაოზე  თავისი   მეგობრის ისტორიკოს ლევ გუმილიოვის გვერდით. უღრმესი მადლობა მათ, ასეთი მშვენიერი ნაშრომებისთვის შემიძლია, მთელი სამყაროს გასაგონად ვთქვა, მათ მე ფიზიკური არსებობა შემინარჩუნეს, მათ მე გადამარჩინეს! თუმცა, ის, რაც მართლმადიდებელ საქართველოს, ქართულ ეთნოსს (და არა საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფებს) რუსეთმა გაუკეთა, ეს მიუტევებელია.

ქეთევან ჯერვალიძე

         

ალექსანდერ პანჩენკო

 . პანჩენკო. თუკი პირველი მოსკოველი მთავრობის ანდერძებით ვიმსჯელებთ, მათ უყვარდათ გამოთქმა: „რათა სანთელი არ ჩაქრეს”. მას განსაკუთრებული, საგანგებო მნიშვნელობაც კი ენიჭებოდა. ეს იყო სანუკვარი სიტყვები – „ისააკ-მინიშნება” – ძველებურად თუ ვიტყვით – მაშასადამე, პაროლი, ერთგვარი საოჯახო დევიზი, თანაც აღმშენებლობითი. მოსკოველი მთავრები კი არ განაბნევდნენ, არამედ შეიკრებდნენ, კი არ ანგრევდნენ – აშენებდნენ. ისინი მაგრად ეჭიდებოდნენ ერთმანეთს, პატივს მიაგებდნენ მშობლებს და ზრუნავდნენ შთამომავლებზე; პირველ ხუთ თაობაში ალექსანდრე ნეველის უმცროსი ძის, დანიელით დაწყებული, რომელმაც 1263 წელს სამფლობელოდ მოსკოვი მიიღო და „სანთელი აანთო”, მამის დამმარცხებლის მემკვიდრემდე – ვასილ დიმიტროვიჩამდე – არ არის, ან თითქმის არ არის საგვარეულო ბრძოლები – იმ დროის რუსეთისათვის გაუგონარი საქმე. სხვათა შორის, შეცდება, ვინც ამ ოჯახს უნაკლოდ ჩათვლის. რიურიკის ტომიდან გამოსულ მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც მეზობლად მთავრობდნენ, ის უცერემონიო იყო, რუსეთიც და ურდოც შეძრწუნებული იყო იური დანილოვიჩ მოსკოველის ვერაგობითა და სისასტიკით. მან დიდი მთავრის ტიტულის გამო,  მოკლა თავისი მამის ბიძაშვილი მიხეილ იაროსლავიჩ ტვერელი. ეკლესიამ მიხეილი წმინდანთა გუნდში შეიყვანა, რითაც ნაციონალური გმობა გამოუცხადა მოსკოვს.

ბარემ, ვთქვათ დიდ რუსულ „თუენზეც”, წმინდანებად შერაცხილ პირთა წრეზე. „თუენი” – ეს ადამიანთა სულისა და გონის საქმეა. მასში ყველა როდი ხვდება დამსახურებისამებრ. მაგრამ ყველა შეცდომის მიუხედავად, ის მაინც “ხალხის სულისკვეთებას”, საზოგადოებრივ აზრს ასახავს, “ხმას ერისას”.

ყურადღება მივაქციოთ: „თუენში” ძალიან ბევრი მთავარია, კაცმა რომ თქვას, იგი მათით  იწყება – ბორისით და გლებით, მოციქულთა სწორი ვლადიმირის შვილებით, რომელნიც 1015 წელს უფროსმა ძმამ სვიატოპოლკ წარწყმედილმა დახოცა. მოსკოველი მთავრებიდან კი წმინდანობა მხოლოდ სახლის დამაარსებელს, დანიელ ალექსანდროვიჩს, ეღირსა.

თვით ნაციონალურ გმირად შერაცხილი დიმიტრი დონელიც კი, საეკლესიო საქმეებში ჩარევის გამო, ამ წრის მიღმა დარჩა და მასში მხოლოდ რუსეთის მიერ ნათლისღების ათასწლეულის აღსანიშნავ წელს შეიყვანეს.

თუ მოსკოვის რეპუტაციასა და საზოგადოებრივ შეფასებაზე „თუენის” მიხედვით ვიმსჯელებთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ყოველი რუსეთის „კეთილმორწმუნე და ღვთისმსახურ” მეფეთაგან, როგორც ეს ოფიციალურ ლიტერატურაში აღინიშნებოდა, არც ერთი არ ყოფილა წმინდანად შერაცხილი. მართალია, აპირებდნენ გამონაკლისი დაეშვათ გვარში უკანასკნელის, „ღვთის სალოსი”, მართლაც უბოროტო და გულკეთილი ფიოდორ ივანოვიჩის  მიმართ1, მისი ცხოვრებაც კი მოამზადეს, მაგრამ „კრებაზე” დაკანონება ვერ მოასწრეს, რადგან მალე არეულობა დაიწყო. არეულობის შემდეგ კი სხვა დრო დადგა სხვა საზრუნავით.

ამრიგად, „თუენი” და შესაბამისად „ხმა ერისა” მოსკოველი დიდმთავრების სახლის შესახებ არ გამოითქმოდა მონადურად და არც „ალილუიას” უმღეროდა  მას უნისონში. აზრს ის გამოხატავდა უაღრესად თავშეკავებით, მაგრამ მაინც გრძნობიერად. ამის მიზეზი ის იყო, რომ 1329 წლიდან მიტორპოლიტები მოსკოვში გადასახლდნენ და ამით ის საეკლესიო, მაშასადამე, ყველა ველიკო რუსის სასულიერო დედაქალაქად აქციეს. შესაბამისად, კულიკოვოს ბრძოლა, რომელშიც გაიმარჯვა არა ტვერმა, არა ნიჟნი ნოვგოროდმა, არა რიაზანმა, არა დიდმა ნოვგოროდმა, არამედ მოსკოვმა – აღიქმებოდა როგორც ბრძოლა მართლმადიდებლობის დასაცავად. 1328 წელს ივანე კალიტამ მიიღო ტიტული დიდი სამთავროს ნახევარზე, ოთხი წლის შემდგომ  ის მეორე ნხევარსაც დაეუფლა. უახლოეს მეოთხედ საუკუნეში მოსკოვში გადავიდნენ ჭეშმარიტად „დიდი” ბოიარები, რომელთა შთამომავლებმაც ასახელეს რუსეთი. კალიტასა და მისი ვაჟების გვერდით იყვნენ პირდაპირი წინაპრები პუშკინისა, კუტუზოვისა, დენის დავიდოვისა, სლავიანოფილი იური სამარინისა; დამწყებნი რომანოვების, შერემეტიევების, გოდუნოვების, მოროზოვების, სალტიკოვების, შეინების, ბუტურლინთა გვარებისა. მოსკოველ მთავრებს აფასებდნენ იმის გამო, რომ ისინი ცხოვრობდნენ არა ფაციფუცით, არა „ქარისაკენ მიდრეკილი სანთელივით”, არამედ შორსმჭვრეტელურად, „რათა სათელი არ ჩაქრეს” გულმოდგინებით.

. გუმილოვი.მაგრამ ისტორიაში მომხდარა და კიდევაც

ლევ გუმილიოვი

ხდება ხოლმე ისე, რომ ქარი ჩააქრობს სანთელს. ცა ფეხად ჩამოვა, დაიშრიტება ცეცხლი, გამეფდება წყვდიადი, მიწყდება ხმები და სამყარო დუმილში გაეხვევა. ეს კი ყველაფერზე საშიშია, რადგან თანამგზავრია უფსკრულისა და სულებს მარტოობისათვის წირავს.

ადამიანები ხომ კოლექტიურად მცხოვრები ორგანიზმებია, რომელნიც ისტორიულ დროში წარმოიშობიან და იღუპებიან. ეს კოლექტივები ეთნოსებია, ხოლო მათი წარმოშობიდან განადგურებამდე პროცესი კი – ეთნოგენეზი. ყოველნაირ ეთნოსს აქვს დასაწყისი და დასასრული, ისევე როგორც ადამიანს. ეთნოსი იბადება, ვაჟკაცდება, ბერდება, კვდება2 . ჩვეულებრივ, ისტორიას მოძრაობის ორ ფორმას მიაკუთვნებენ: წრიულს3, რომელმაც ძველად ციკლურობის თეორია დაბადა (იგი ფაქტებითაა უარყოფილი) და წინსვლითს, რომლის დახასიათებასაც მუდმივად თან ახლავს შეფასებები: „მაღლა-დაბლა”, „უკეთესად-უარესად”, „პროგრესულად-რეგრესულად”. მათი გაერთიანების მცდელობამ კი დაბადა სპირალის სახე, მაგრამ არსებობს მოძრაობის მესამე ფორმა – რხევითი. ვიოლინოზე შერხეული სიმი ჟღერს და დუმდება, მაგრამ ის მოძრაობაში არც „წინა” არის და არც „ბოლო”. მოძრაობის სწორედ ეს ფორმა, მილევადი ვიბრაცია, პასუხობს ეთნიკური ისტორიის პარამეტრებს.

თეორიები კი ძნელად მოსანელებელია. განსაკუთრებით ახალნი, რომელნიც ინტელექტუალური ჩვევების სფეროს მიღმა იმყოფებიან. მათი შეთვისება ძნელად ხდება. ეთნოლოგიის პრინციპი მარტივია. თითოეული ეთნოსი, ან ეთნოსთა ერთობლიობა, სუპერ ეთნოსი მიკრო მუტაციის შედეგად წარმოიშობა და ცვლის ქცევის არსებულ სტერეოტიპს, ე. ი. ქმედებების მოტივაციას ახალ, უჩვეულო, მაგრამ ცხოველმყოფელი სტერეოტიპით. ახალი ეთნოსი ხშირად „ივიწყებს” შეიცვალოს სახელი, მაგრამ მისი ქცევის სტერეოტიპი და შინაგანი სტრუქტურა წინანდელისაგან იმდენად განსხვავდება, რომ ისტორიკოსისათვის ცხადია ის, რაც მოვლენის მონაწილისათვის სიახლოვის აბერაციის გამო მიუწვდომელია, სწორედ ისე, როცა მნახველისათვის არ ჩანს შენობის მონახაზი, მისი ამ შენობიდან ერთი სანტიმეტრით დაცილების გამო.

წარმოშობილი ეთნოსი 1200-1500 წლის განმავლობაში გაივლის აქტივობის, გადაწვის, ნელი დაცემის ფაზებს, რის შემდეგაც ის ან განიფანტება, ან შეინახება როგორც რელიქტი-მდგომარეობა, რომელშიც თვითგანვითარება უკვე აღარ შეიგრძნობა. უაზრობაა ერთ მომენტში ერთმანეთს შევადაროთ, პროფესორი, სტუდენტი და მოწაფე ნებისმიერი ნიშნით: თმის სიხშირით, ფიზიკური ძალით, ან კოჭობანას თამაშით. მიუხედავად ამისა, ეს ხშირად ხდება ეთნიკური ისტორიის მიმართ დროის სწორხაზოვანი შკალის მისადაგებისას.

მაგრამ თუკი ჩვენ დიაქრონიის პრინციპს მივიღებთ – ასაკის მიხედვით ათვლის პრინციპს მივიღებთ და შევადარებთ ექვსი წლის ბავშვს, სტუდენტსა და პროფესორს, როცა ისინი ექვსი წლისანი იყვნენ, მაშინ შეპირისპირებას სამეცნიერო პერსპექტივაშიც ექნება აზრი. მაშასადამე, ამჟამად ცივილიზებული ევროპელები მოხუცნი არიან და ამიტომ ამპარტავანნიც, არადა ფრანკებმა და ნორმანებმა მხოლოდ ათასი წლის წინ დაიწყეს ბიზანტიელებისა და არაბებისაგან ღვთისმეტყველების სწავლა  და აბაზანის მიღება. ხოლო როგორნი გახდებიან ათასი წლის შემდგომ ისინი, შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ უკვე გამქრალ ელინებთან და რომაელებთან შედარების გზით, რომელებმაც თავიანთი კულტურის კვალი დაგვიტოვეს.

გასათვალისწინებელია შემდეგიც: არავინ, არც ერთი კაცი, არც ერთი ხალხი არ ცხოვრობს ცალკე. ხილული ეთნიკური ისტორია ეს უწყვეტი ეთნიკური კონტაქტებია. ეთნოსთა კონტაქტები ყოველთვის სხვადასხვანაირად მიმდინარეობს და განსხვავბეული შედეგებითაც მთავრდება.

ჩვენი წინაპრები, ველიკორუსები XV, XVI, XVII სს-ში იოლად და საკმაოდ სწრაფად ითქვიფებოდნენ ვოლგის თათრებში, დონის, ობის თათრებსა და ბურიატებში, რომელთაც მიიღეს რუსული კულტურა. თვით ველიკორუსები იოლად იაკუტდებოდნენ და მუდამ ამხანაგურად ეკონტაქტებოდნენ ყაზახებსა და ყალმუხებს, ქორწინდებოდნენ და უმტკივნეულოდ ეგუებოდნენ ცენტრალური აზიის მონღოლებს, ისევე როგორც მონღოლები და თურქები XIV-XV სს-ში იოლად ერწყმოდნენ რუსებს ცენტრალურ რუსეთში4 .

რუსმა მოგზაურებმა თითქმის დაუბრკოლებლად გაიარეს ურალიდან ციმბირის გავლით  წყნარ ოკიანემდე. მათ უფრო მეტად სივრცისა და გზის სიძნელეთა დაძლევა გაუჭირდათ, ვიდრე აბორიგენთა წინააღმდეგობისა. იბრძოდნენ მხოლოდ სტეპურ სარტყელში თურქმენულ ტომებთან, რომელნიც თვითმყოფადობის დასაცავად მუსლიმანური კულტურის ორბიტაში აღმოჩნდნენ ჩართულნი. რუსეთი გავიდა ალიასკისაკენ, დაიპყრო ამერიკის ჩრდილო სანაპიროები და ალეუტის კუნძულები, სადაც ესკიმოსები და ალეუტები ცხოვრობდნენ. ისინი ასევე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ახერხებდნენ  ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტების დამყარებას. ცენტრალურ აზიასა და ციმბირში რუსების შერევა წარმართებთან ეთნოგრაფებისა და მისიონერების მიერ თვალსაჩინოდაა აღწერილი, ხოლო თურქებთან და მონღოლებთან შერევა გვარებსა და გვარ-ტომებში დამოწმებულია “ხავერდის წიგნში”, რუს და მოსულ მთავართა და თავადთა საგვარტომო ნუსხაში, სინოდალურ საგვარტომო ნუსხასა და საერთო რუსულ ღერბთა კრებულში (I-X ტ.), რომელიც 1797-1836 წწ-ში გამოიცა პეტერბურგში. მაგრამ კონტაქტები ასევე არ იყო ერთმნიშვნელოვანი, როგორც თვით მოგზაურების ქცევა, მაგალითად: როგორც ესპანელები იტყვიან, დიდი კონკისტადორი ატლასოვი საკუთარმა კაზაკებმა სისასტიკის გამო მოკლეს; მდ. ამურზე ციხესიმაგრე – ალბაზიის დამაარსებელი, ნერჩინსკელი ვოევოდას ხელით მოკვდა, რომელსაც ფიცი ჰქონდა დადებული, რომ საბუროვს პირველსავე არყის ხეზე ჩამოჰკიდებდა. ნერჩინსკელი ვოევოდა კი სერიოზული კაცი იყო და გაქცეულის ამხანაგებთან ერთად ჩამოხრჩობა უცხო ტომელთა აბუჩად აგდების გამო სურდა.

და აი, ამ მოგზაურებს, აბსოლუტურად სასტიკთ, მძვინვარეთ და დაუნდობელთ, საშინელ ადამიანებს, რომელნიც წყენას არავის აპატიებდნენ, მით უმეტეს, ერთმანეთს, მეგზურად ჰყავდათ ევენკები, რომელთაც მაშინ ტუნგუსებს ეძახდნენ, მოკავშირეებად – ბურიატები, რომლებმაც საკუთარ მიწაზე ირკუტსკის ციხესიმაგრის ასაშენებლად რუსები იხმეს, მეზობლებად – მეურნეობის წარმოების მიზნით – იაკუტები, მეგობრებად კი – მონღოლ-ლამაისტები.

მაგრამ ამ მითითებული ხალხების აღრევისას ფინო-უნგრულმა ეთნოსებმა, მიუხედავად სლავებთან ხანგრძლივი, მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობისა, როგორც ჩრდილოეთში, ასევე დასავლეთ რუსეთში შეინარჩუნეს თვითმყოფადობა. ესენი არიან ესტონელები და ისეთი მცირერიცხოვანი ხალხებიც კი, როგორნიც ვეპსებია.

კიდევ უფრო ექსტრემალური იყო რუსების კონტაქტი ჩუქჩებთან, ისინი არ უშვებდნენ თავიანთ მიწაზე რუსებს, იგერიებდნენ კაზაკების შემოსევებს, ამავე დროს ყოველ წელს ბაზრობაზე ჩადიოდნენ ანადირში5, მაგრამ რუსებთან ურთიერთობაში დაძაბულობას მე-20 ს-ის დამდეგამდე ამჟღავნებდნენ.

საქმე ისაა, რომ ჩუქჩები ამერიკანოიდები არიან. არა მარტო სხვა ეთნოსის, არამედ სხვა სუპერეთნოსის ადამიანები. ხოლო ალეუტები და ესკიმოსები ტუნგუსებისა და მონღოლების მსგავსად – ნამდვილი მონღოლოიდები. რუსებს კი მონღოლოიდებთან, როგორც უკვე გითხარით, დადებითი კომპლიმენტარობა აკავშირებდათ. ამას ართულებდა ხოლმე სოციალური განვითარების მსვლელობა, მაგრამ ურთიერთგანადგურების პათოსს ადგილი არ ჰქონდა. ალეუტებთან ურთიერთობა კი მართლაც შესანიშნავი იყო. ისინი რუსებს და სხვა ადამიანებსაც, რუსების სახელს რომ ირქმევდნენ, გულწრფელად ეხმარებოდნენ, ფაქტორიების, სოფლების აშენების უფლებასაც აძლევდნენ და მართლმადიდებლობასაც იღებდნენ. ალიასკისა და ალეუტის მიტროპოლია დღემდე არსებობს. იქ იყო რუსული ბიბლიოთეკები, შესანიშნავი ტაძრები, ხის ჩუქურთმა, მდიდარი კულტურა.

ეთნიკური კონტაქტები ალიასკაზე არ გართულებულა მანამ, სანამ რუსები ინდიელ-ამერიკანოიდებს არ შეეჯახნენ, სწორედ ისე, როგორც ეს ჩუქჩების შემთხვევაში მოხდა. ინდიელები იყვნენ ატაპასკები და მას მიეკუთვნებოდნენ ბელეტრისტიკაში სახელგანთქმული და აშშ-ის კინემატოგრაფიაში გამასხარავებული აპაჩები, ასევე ტლინკიტები, სანაპიროელი ინდიელები, რომელნიც კუნძულებზე ცხოვრობდნენ და ზღვის ცხოველებზე ნადირობდნენ.

ატაპასკები თავის მიწაზე რუსებს უბრალოდ არ უშვებდნენ, ტლინკიტებმა კი ომი გამოუცხადეს მათ. მართალია, რუსულ-ამერიკული კომპანიის დირექტორმა იქ სამხედრო ფორტი ააშენა, შექმნა დესანტების დასახლება რუსულ კალიფორნიაში და მყვირალა სახელი “ფორტ-როსი” დაარქვა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის მტრობის გამო, ყველაფრის მიტოვება გახდა საჭირო. ბევრი ამტყუნებდა და ამტყუნებს ნიკოლოზ I-სა და მის ძეს ალექსანდრე II-ს იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს, ამერიკა ძალით დაეჭირათ სან-ფრანცისკომდე, სადაც რუსები მიწათმოქმედებას მისდევდნენ. აკრიტიკებდნენ რა მეფის ხელისუფლებას, ბევრი ფიქრობდა, რომ ნერჩინსკის საბადოების მაგივრად დეკაბრისტები იქ რომ გაეგზავნათ, ისინი მოაწესრიგებდნენ ინდიელებთან ურთიერთობებს. ისტორიკოსები ამ მოსაზრებას უჭერენ მხარს, მაგრამ ეთნოგენეზის თვალსაზრისით, საქმე უფრო რთულადაა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რუსებს ინდიელებთან კონტაქტი ყოველთვის უჭირდათ და ეს ნაკლებ კონსტრუქციულიც იყო.

ახლა რუსეთიდან დასავლეთისაკენ გავიხედოთ. ოცდაათწლიანი ომის დროს 1618-1648 წწ-ში რუსეთი კათოლიკური ლიგის წინააღმდეგ გერმანია-შვეციის პროტესტანტულ უნიას უჭერდა მხარს. იგი დიდხანს ფიქრობდა ვისთან ემეგობრა. შვეციის მეფე ადოლფ გუსტავმა დიდი მხარდაჭერა მიიღო რუსული პურით. რუსეთი სიამოვნებით ღებულობდა სამსახურში გერმანელ პროტესტანტებს, დასახლება “კუკუი” შეუქმნა და მონოპოლიაც მიანიჭა ჰოლანდიასთან ვაჭრობაში. პეტრე I  და მისი კარი გერმანელებთან იზრდებოდნენ. ამგვარად, პროტესტანტებს მართლმადიდებლობასთან დადებითი კომპლიმენტარობა ჰქონდათ, კათოლიკებთან კი – მკვეთრად უარყოფითი. არადა კათოლიკობა დოგმატიკითა და, რაც ძალიან აუცილებელია, წეს-ჩვეულებებით უფრო ახლოა მართლმადიდებლობასთან, ვიდრე ლუთერანობა. ლუთერანები რუსეთის სახელმწიფო სამსახურში იყვნენ, გარუსებული გერმანელები კი ყოფა-ცხოვრებაში კვლავ ლუთერანებად რჩებოდნენ. კათოლიკობაში გადასვლა კი, მაგალითად, ზოგიერთი გოლიცინისა, საზოგადოებაში სკანდალს იწვევდა. როცა ჩაადაევმა კათოლიკობა მართლმადიდებლობაზე ღირებულად შეაფასა, ის გონებანაკლულად გამოაცხადეს. ჩვენს წინაპრებს საერთო არაფერი სურდათ კათოლიკებთან. გავიხსენოთ ომები უკარაინაში. ცხადია, ყოველივე ამაში ეთნიკური მომენტი მაინც სჯაბნიდა გონების, კულტურისა და სოციალური ვნებების საბუთებს.

პროტესტანტები და მართლმადიდებლები დადებითი კომპლიმენტარობის ეთნოსები აღმოჩნდნენ. ჩვენი შედარებათა ჯაჭვის შესაკრავად, მოდით ვნახოთ, სახელდობრ, როგორ იქცეოდნენ პროტესტანტები და კათოლიკეები ამერიკის ინდიელებთან კონტაქტისას. ამერიკის კოლონიზაციის ჟამს აღმოჩნდა, რომ  ესპანელები და ფრანგები გაცილებით იოლად შედიოდნენ კონტაქტში ინდიელ ტომებთან, თუმცა არა ყველასთან. ანგლო-საქსებმა დიპლომატიურის გარდა სხვა ურთიერთობა ვერ დაამყარეს XVII ს-ში იროკეზებთან და XVIII ს-ში ნადირობა გამოაცხადეს სკალპებზე, პრემიაც კი დააწესეს ინდიელთა მოსაკლავად. რაშია საქმე?

დასავლეთ ევროპულ სუპერეთნოსში გარდატეხა, ე.ი. მისი პასიონარობის მკვეთრი დაქვეითება, კოლოსალური ქმედითი ბიძგი, რეფორმაციაში გამოიხატა. სუპერეთნოსის მთლიანობა დაირღვა – ის ორ ნაწილად გაიყო და რელიგია, უფრო სწორედ, მიღებული აღმსარებლობა, ამათგან ერთის კუთვნილ სიმბოლოდ გამოცხადდა. ყოველი კაცი მისთვის სიმპათიური ქცევის სტერეოტიპს ირჩევდა და სამყაროს ლანდშაფტსა და ადამიანებთან ურთიერთობას მასთან შესაბამისობაში აგებდა. ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, ყოველი ევროპელი შედიოდა კაპიტალიზმში, როგორც ამის შესახებ წერდა მაქს ვებერი, ან რჩებოდა სახლში  და ქვეყნის კეთილი, მაგრამ ამავე დროს “ჩამორჩენილი” ფეოდალური გადმონაშთებით მცხოვრები ხდებოდა.

არა მხოლოდ პროტესტანტები, არამედ კათოლიკენიც ტრინიდატის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ უკვე აღარ ჰგავდნენ თავიანთ წინაპრებს, რადგან ე.წ. რელიგიურმა ბრძოლებმა ეთნიკურად და ფსიქოლოგიურად მოახდინა როგორც ერთის, ისე მეორის დეფორმირება. ამას კი შედეგად მოჰყვა ნაციის განკერძოება და ქცევის სტერეოტიპების დაცილება6, რამაც თავის მხრივ, ინდიელებთან ევროპელი კოლონისტების განსხვავებული მიმართება განაპირობა.

თვალსაჩინოა, რომ კათოლიკური ეთნოსების (ესპანელები, ფრანგები) სივრცით რიტმებში ინდიელებთან თანხმიერება აღმოჩნდა, ხოლო ვინც პროტესტანტიზმი აირჩია ევროპაში (ინგლისელები, გერმანელებიი ჰოლანდიელები), მათ ეს არ აღმოაჩნდათ და პირიქით, მართლმადიდებლებს რიტმის სიახლოვე პროტესტანტებთან აღენიშნებოდათ, ხოლო ინდიელებსა და კათოლიკებთან მიმართებაში ამას ადგილი არ ჰქონდა.

ეს გრძელი მაგალითი, ჩემ მიერ ადრეც მოყვანილი, ჩვენი თემისათვის უბრალოდ აუცილებელია, ვინაიდან ჩვენი ეთნიკური სისტემების განვითარების მიმართულების აგება შეიძლება მხოლოდ ამავე რანგის სხვა ეთნიკურ სისტემებთან ურთიერთქმედების გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ვერ გავითვალისწინებთ, თქვენს გამოთქმას თუ გამოვიყენებთ, როდისღა “დაინთო სანთელი” სამამულო ისტორიისა და ვინ აღანთო იგი. მე სრულიად ვეთანხმები XIII-ს-ით ველიკორუსული “დასაწყისის” თქვენეულ დათარიღებას, მაგრამ ახლავე უნდა დავაზუსტოთ ისიც, რომ მოსკოვის რუსეთთან მიმართებაში მიმდინარე პროცესი შეუძლებელია განვიხილოთ რუსულ-თათრული ეთნიკური კონტაქტების გარეშე. თვით მოსკოვის ჩამოყალიბება შეუძლებელია მოვწყვიტოთ ევრაზიული კონტინენტის ისტორიას.

           ა.პანჩენკო. მაინც რატომ უნდა ქცეულიყო მოსკოვი სამეფოდ და ვინ იცოდა, რომ მოსკოვი სამეფოდ გადაიქცეოდა? “იქ, მდინარე მოსკოვზე იყო კარგი და მშვენიერი სოფლები ბოიარ სტეპან ივანოვიჩ კუჩკასი…” ასე იწყება XVII ს-ის ერთი თხზულებათაგანი, რომელიც ისტორიულ “იგავთმეტყველებისა” და ისტორიული ბელეტრისტიკის რანგს განეკუთვნება. ყური მივუგდოთ ამ სიტყვებს. მათში ჩანს გაოცება. მაინც რატომ ამაღლდა მოსკოვი და იქცა “სამეფოდ”? მაგრამ მათში იმის აღიარებაც ჟღერს, რომ პასუხი კითხვაზე XIII-XIV სს-ში უნდა ვეძებოთ (რადგან თხზულების გმირია  დანიელ ალექსანდროვიჩი, რომელსაც, სხვათა შორის, არაფერი აქვს საერთო თავის რეალურ პროტოტიპთან, ნახსენებია ივანე კალიტაც). “ველიკორუსული დასაბამის” თარიღიც იგივეა. მოდით, ვსინჯოთ და ეს თარიღი ნაციონალური კულტურული სიმბოლიკის მიხედვით შევამოწმოთ.

მონღოლამდელი პერიოდიდან ჩვენ სიმბოლიკურის რანგში ვიმემკვიდრევეთ ბილინური დევგმირები. მაგრამ ეს ფოლკლორია. როგორ დგას ეს საკითხი რეალურ ისტორიაში? მხოლოდ ვლადიმირ მონომახი შემორჩა ნაციონალურ მეხსიერებას (“მონომახის ქუდი”), სხვა მთავრების კი მხოლოდ სილუეტებია, ერთი-ორი შტრიხით შემოხაზული. ვლადიმირ სვიატოსლავიჩის შესახებ ცნობილია, რომ მან მონათლა რუსეთი, უყვარდა მოლხენა და ქალური ვნებების მსხვერპლი გახდა. ოლეგის შესახებ ცნობილია, რომ მან თავისი ფარი ცარგრადის ჭიშკარს მიაჭედა და გველის ნაკბენით გარდაიცვალა (ფეხშიშველი დადიოდა თუ ქალამნით, ასპიტი ხომ კბენით ჩექმაში ვერ გაატანდა. სხვა შხამიანი გველები კი რუსეთში არ ბინადრობენ), ხოლო რაც შეეხება ოლგას, მთავართა მოდგმაში პირველ ქრისტიან ქალს, იგი ზღაპრების წუნია პატარძალ გმირს ჰგავს. მასზე დაქორწინება ხან დრევლიანელ მთავარ გალს სურს, ხან კონსტანტინე პორფიროგენეტს, ის კი ქვრივად დარჩენას გადაწყვეტს. ყველა ეს შტრიხი მკვეთრია, მაგრამ დეკორატიული. მონღოლებამდელი რუსეთი ჩვენ უცნაური, თეატრალური გვეჩვენება.

არსებობენ ადამიანი-სიმბოლოები და არსებობენ მოვლენა-სიმბოლოები. ერმა თავისი ისტორიის განმავლობაში რამდენი გმირიც არ უნდა დაბადოს და რამდენი გმირობაც არ უნდა აღასრულოს – ეს მაინც ყოველთვის დასათვლელი ადამიანები და დასათვლელი მოვლენებია. ისინი თითზე ჩამოსათვლელი სწორედ იმიტომაა, რომ სიმბოლური მნშვნელობა შეიძინეს. სიმბოლო კი ვერ იქნება ბევრი, ისევე როგორც ბევრი ვერ იქნება გენიოსი, და ვერც ზნეობრივი მცნებანი იქნება ბევრი, სხვაგვარად გაუფასურდებიან ისინი.

ამასთან დაკავშირებით,  საგულისხმოა ის, რომ მონღოლამდელი პერიოდიდან არც ერთი ბრძოლა, არც ერთი ლაშქრობა სიმბოლოთა სიაში არ მოხვედრილა (როგორც ჩანს, იმ მიზეზით, რომ ან სხვათა მიწაზე იბრძოდნენ, ან ერთმანეთში და ერმა ამის შესახებ დავიწყება არჩია). ეს სია ნევასა და ყინულის ტბაზე ბრძოლებით იწყება. ე. ი. ალექსანდრე ნეველით, რომელიც პირველი ნაციონალური გმირი გახდა. მაგრამ სიმბოლური “ბიძგი” ეს კულიკოვოს ბრძოლაა.

          ლ. გუმილოვი. თქვენი ბოლო თეზისი, ჩემი აზრით, დაზუსტებას მოითხოვს. კულტუროგენეზის ჭრილით, თქვენი დაკვირვება უდავოა, მაგრამ ეთნოგენეზის მიხედვით, საკითხი უფრო რთულად დგას. ეთნოგენეზი ბიოსფერული მოვლენაა და მასში “ბიძგის” ფუნქციის როლს მუტაცია ასრულებს, – პასიონარობის მემკვიდრეობითი ნიშნის გამოვლენა. ადამიანის პასიონარობა – ეს მისი ორგანული უნარია ზედაძაბულობის მიმართ, ეს მსხვერპლადშეწირვის უნარია ილუზორული დიადი მიზნებისათვის. არ ვეხებით რა თვით პასიონარობის ბუნების საკითხს (ის ჩვენი სიუჟეტისაგან ძალიან შორსაა), ვიტყვი მხოლოდ, რომ ბიძგი (მიკრომუტაცია რუსეთში XIII-ს-ზე მოდის), პასიონარობის აღმავლობა რუსეთში სწორედ მაშინ დაიწყო და ე. წ. “მონღოლ-თათართა შემოსევის” პერიოდს დაემთხვა. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთი ისტორიული მოვლენის შესახებ არ არსებობს იმდენი საწინააღმდეგო მოსაზრება, რამდენიც XIII ს-ში მონღოლთა ულუსის შექმნის შესახებ. მონღოლებს მიეწერებათ განსაკუთრებული მძვინვარება, სისხლის წყურვილი და მთელი მსოფლიოს დაპყრობისკენ სწრაფვა. ასეთ წინასწარ განსაზღვრულ და არასწორ საფუძველს XIV ს-ის ანტიმონღოლური პასკვილები ქმნის, რაც მიმნდობი ისტორიკოსების მიერ გაგებულია მოვლენის ზუსტ აღწერად. ნუ მივეცემით ისტორიული კრიტიკის წვრილმანებს, რაც უკვე გაკეთებულია, არამედ მოვიყვანოთ რამდენიმე ციფრი.  XIII ს-ის დასაწყისში მონღოლეთში ტომებად დაყოფილი შვიდასი ათასი კაცი ცხოვრობდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ჩინეთში კი – ოთხმოცი მილიონი. ხვარაზმის სასულთანო დაახლოებით ოც მილიონ კაცს ითვლიდა, აღმოსავლეთ ევროპაში რვა მილიონი კაცი იყო, თუკი ასეთი თანაფარდობისას მონღოლები იმარჯვებდნენ, ცხადია, რომ წინააღმდეგობა იყო ძალიან სუსტი. მართლაც, XIII ს. მთელ მსოფლიოში ფეოდალიზმის კრიზისის ხანაა7 . მონღოლების ეთნიკური აღმავლობის ხანა ჩჟურჩჟენების ეთნიკურ აღმავლობას დაემთხვა და გასაგებია, რომ ეს ეთნოსები ერთმანეთის მოწინაღმდეგენი და მტრები გახდნენ. გადამწყვეტ ომში (მესამეში) 1221-35 წწ-ში სუნის იმპერიის ჩინელები მონღოლების მოკავშირედ გამოვიდნენ ჩჟურჩჟენების წინააღმდეგ, მაგრამ ჩინელები დამარცხდნენ და ომის მთელი სიმძიმე მონღოლებს დააწვათ მხრებზე, გამარჯვების შემდეგ კი ჩინელებმა მონღოლებს ჩჟურჩჟენებისათვის წართმეული მიწების გადაცემა მოსთხოვეს. მოლაპარაკების მცდელობა იმით დამთავრდა, რომ ჩინელებმა მონღოლთა ელჩები დახოცეს. ამან ხანგრძლივი ომი გამოიწვია. მონღოლებს გაუჭირდათ, ვინაიდან სამხრეთ ჩინეთის ჯუნგლებში მათ ცხენოსან რაზმებს გაშლა არ შეეძლოთ და ჩინური ციხე-სიმაგრეების წინაშეც უძლურნი იყვნენ.

ასეთი იყო საქმის ვითარება შორეულ აღმოსავლეთში, მაგრამ დასავლეთის ფრონტიც ხომ არსებობდა? 1237-1241 წწ-ში ბათო ხანმა ცეცხლით გადაურა რუსეთს, რის შემდეგაც მისმა ჯარმა კასპიისპირა სტეპებისაკენ დაიხია. ურდოელებმა როგორც რუსეთს, ასევე გადაუარეს პოლონეთსა და უნგრეთსაც. გაიმარჯვეს ლიგნიცთან და შაიოსთან, შემდეგ კი ვოლგის მარცხენა სანაპიროზე დაბრუნდნენ, სადაც მათ დამარცხებული, მაგრამ არა დამორჩილებული ხალხების კონტრდარტყმები საფრთხეს არ უქმნიდა. ჩინელებთან ომში გარდატეხა, ურიანგხადაის რეიდის წყალობით, მხოლოდ 1257 წელს მოხდა. მან მცირე რაზმით გადაიარა  სიჩუანი სანოიმდე და ადგილობრივი ბირმანელი, ტაიელი და ანამიტელი ტომები ჩინეთის წინააღმდეგ საომრად ფეხზე დააყენა. ამგვარად, მცირერიცხოვანმა მონღოლებმა დიდი ჩინეთი ყველა იმ ხალხის გაერთიანებით დაამარცხეს, რომელთაც გაჩინელება არ სურდათ.   ასე რომ, 1260 წელს მონღოლებმა ყველგან გაიმარჯვეს, 1279 წელს კი სამხრეთ ჩინეთის დაპყრობაც დაამთავრეს. ჩინეთის მოპოვება სასიკეთოდ არ წაადგათ მონღოლებს. ეს ორი ერი ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ყუბილაი ხანმა, იუანების დინასტიის დამაარსებელმა, ბრძანა მისი სასახლეებიდან ერთის ეზოში, ჩვეულ გარემოში დასვენების მიზნით, სტეპის მცენარეები დაეთესათ. ჩინელები დღემდე პირს არ აკარებენ რძის პროდუქტებს, რათა არაფერში დაემსგავსონ საძულველ სტეპელებს. ეთნოფსიქოლოგიის შესაბამობისა და ქცევის განსხვავებულობისას კომპრომისები მიუღწეველი აღმოჩნდა. მონღოლთა მმართველობა ჩინეთში იძულებული გახდა სასტიკი ძალადობისათვის მიემართა. ასიმილაციაც კი არ მომხდარა, რადგან მეტისები ორივე ეთნოსიდან იდევნებოდნენ და იღუპებოდნენ. რუსებთან და მუსლიმანებთან კი მონღოლები სიამოვნებით ქორწინდებოდნენ და ნიჭიერ შთამომავლობასაც იძლეოდნენ. ჩინელებზე მეტად მონღოლები მხოლოდ ებრაელებს უცხოობდნენ. მათ ყველა რელიგიის სასულიერო პირები გაათავისუფლეს გადასახადისაგან, ებრაელ რაბინებს კი გამოსაღებს ახდევინებდნენ.

ჩინელბის გამძვინვარება მონღოლების მიმართ აჯანყებაში გადაიზარდა. იგი იმით დაიწყო, რომ საიდუმლო ორგანიზაციის “თეთრი ლოტოსის” ნიშანზე სახლებში ჩაყენებული მძინარე მონღოლი მებრძოლები სახლის პატრონებმა საწოლებში ჩახოცეს. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია არა მძინარეთა ჩახოცვა, არამედ ის, რომ ეს დღე  ჩინელებისათვის ეროვნულ დღესასწაულად ითვლებოდა8 .

იოლი დასანახია, რამდენად რთული იყო XIII ს-ის ულუსში საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა. ზედმეტი ძალები არ იყო. ომი შეუწყვეტლად მიმდინარეობდა რამდენიმე ფრონტზე, 1208 წელს პოლოვცებმა მიიღეს მონღოლების მტრები, მერკიტები… და მათთან ერთად დაზარალდნენ. ხვარაზმშაჰ მუჰამედმა დასაჯა მონღოლთა ქვეშევრდომნი და შეურაცხყო ელჩები. ხვარაზმის სულთანი განადგურებულ იქნა9. ბათომ დასავლური ლაშქრობისათვის თავისი ოთხასი ათასი მებრძოლის გარდა, სამი ბიძისაგანაც მიიღო ჯარი: მთავარი ყაენის, უგედაისგან “იასის დამცველის” (რაღაც ობერ პროკურორის მსგავსი სასამართლო უწყებაში), ჩაღათაისა და ჩინგის ყაენის უმცროსი ძის, საკუთრივ მონღოლური მიწების მმართველი ტულუისაგან. ლაშქრობისას უგედაის ძე, ჰუიუკი და ჩაღათაის ძე, ბური, ბათოს წაეკიდნენ. იგი იძულებული გახდა მოქიშპენი სამშობლოში გამოეგზავნა, სადაც ისინი მშობლებმა შერისხეს. 1241 წელს უგედაის სიკვდილის შემდეგ ჰუიუკი ტახტის მემკვიდრე გახდა, რაც ბათოს სიკვდილს უქადდა.

მონღოლური სამართლით ყაენის თანამდებობა არჩევითია. დადგენილი ტრადიციის მიხედვით, ჩინგიზიდი მეფისწულებისგან ხდებოდა არჩევა. მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ამ მიზნით კურულტაიში შეკრებილი ლაშქარი ამბობდა. ხანის არჩევამდე რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება არავის ჰქონდა. ჰუიუკის არჩევა 1246 წ-მდე გაიჭიმა და ამან იხსნა ბათოს სიცოცხლე. მან ხუთწლიანი გადავადება რუს მთავრებთან დასაძმობილებლად გამოიყენა, რადგან მათ ხელთ იყო როგორც ფულადი, ასევე ადამიანური რესურსები. ამასვე ესწრაფოდა ჰუიუკიც. ალექსანდრე ნეველის მამამ, დიდმა მთავარმა იაროსლავ ვსევოლოდოვიჩმა, რომლის პოზიციაზეც იყო დამოკიდებული მონღოლეთის იმპერიის ბედი, მოკავშირედ შესაფერისი  ხანის შერჩევა დაიწყო. თავდაპირველად მისი სიმპატიები ჰუიუკის მხარეს იხრებოდა, მაგრამ მომავალი დიდი ყაენის კანდიდატურის შესახებ მოლაპარაკებებისას ერთმა ბოიარმა მთავრის ამალიდან იაროსლავს ცილი დასწამა. ჰუიუკის დედამ დაიჯერა ჭორი და იაროსლავი მოწამლა. გარდაცვლილის შვილებმა, ამის გამო, მოლაპარაკება გამართეს ბათოსთან. ახლადშეძენილმა ძალამ მას საშუალება მისცა ღიად გამოსულიყო ჰუიუკის წინააღმდეგ. 1248 წელს ჰუიუკი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ბათომ კი სამი წლის შემდეგ ტახტზე თავის მეგობარი და თანამოღვაწე მუნკუ აიყვანა, თვითონ კი ხანის საგვარეულოს მეთაურის თანამდებობა დაიკავა. ჰუიუკისა და ბურის მომხრეები სიკვდილით დასაჯეს.

ამრიგად, ბათომ იაროსლავ ვსევოლოდოვიჩის შვილებთან კავშირით გაიმარჯვა. მისი მოტივები სრულიად გასაგებია. მაგრამ რამ უბიძგა კავშირისაკენ თავის დამმონებელთან ალექსანდრე იაროსლავიჩს? მისი მოქმედება სრულიად ნათელი გახდება, თუკი ჩვენ დასავლეთს გადავხედავთ.

იმ მოვლენებამდე ორასი წლით ადრე, რომლებსაც ჩვენ აღვწერთ, ევროპა მხოლოდ იწყებდა ეკონომიკრ და კულტურულ აღმავლობას. XI ს-ში ევროპულმა რაინდობამ და ვაჭართა ფენამ ეკლესიის დროშით  დაიწყო თავის პირველი კოლონიური ექსპედიცია – ჯვაროსნული ლაშქრობები. ისინი წარუმატებლად დამთავრდა. სელჩუკებმა და ქურთებმა ჯვაროსნები გამოდევნეს იერუსალიმიდან, ბლოკადაში მოაქციეს მათი ქალაქები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. მაშინ ჯვაროსნებმა უფრო იოლი ნადავლის ძიება დაიწყეს. 1204 წელს მათ კონსტანტინეპოლი დაიპყრეს და თავის გასამართლებლად ბერძნები ისეთ ერეტიკოსებად გამოაცხადეს, რომ “ღმერთსაც კი გულს აზიდებს”.

ამავდროულად მათ დაიწყეს მოძრაობა ბალტიისპირეთისაკენ, დაარსეს რიგა, დაიმორჩილეს პრუსები, ლეტები, ლივები, და ესტები, ჯერი ნოვგოროდზე მიდგა. ალექსანდრე ნეველმა ორი გამარჯვებით შეაჩერა შვედებისა და ჯვაროსნების შემოტევა, მაგრამ ბალტიისპირეთი ხომ თავისთავად არ იყო საშიში. ის მთელი ევროპული რაინდებისა და ჩრდილო გერმანული ქალაქების მდიდარი ჰანზის კავშირის პლაცდარმს წარმოადგენდა და მათი ძალები ამოუწურავი იყო, მით უმეტეს, რომ მათ დახვეწილი დიპლომატიით თავის მხარეზე გადაიბირეს ლიტვის მთავარი მინდოვგი და ლიტველები რუსების წინააღმდეგ განაწყვეს.

რა თქმა უნდა, რუსეთში ბევრი მამაცი ადამიანი და მდიდარი ქალაქი იყო, მაგრამ ფეოდალური სამთავროების დეზორგანიზაცია ძალების კონსოლიდაციას უშლიდა ხელს და ქალაქი ქალაქზე მიყოლებით ხდებოდა აგრესიის მსხვერპლი, ესენი იყო: იურიევი, პოლოცკი – ფორპოსტები რუსეთისა.

აი, აქ, უიმედო მდგომარეობაში, გამოვლინდა ალექსანდრე ნეველის თვითშეწირვამდე მგზნებარე გენია. მან ბათოს გაწეული სამსახურის სანაცვლოდ გერმანელებისა და გერმანოფილების წინააღმდეგ, რომელთა რიცხვში მისი ძმა ვლადიმირის მთავარი ანდრეიც აღმოჩნდა, ძე ურდოელთა მიერ მოკლული იაროსლავისა, დახამრება სთხოვა და მიიღო კიდეც. თათართა ლაშქარმა 1252 წელს გააძევა ანდრეი და ამის მერე, უკვე მალე, გერმანლეთა შემოსევაც შეჩერდა.

ალექსანდრეს ცხოვრება იყო უაღრესად რთული. მან ორჯერ იხსნა ნოვგოროდი (1240, 1242) სამარცხვინო კაპიტულაციისაგან, უკუაგდო ლიტველები, რომლთაც ბეჟეცკიც კი მიიტაცეს. . . მაგრამ ნოვგოროდელები მას ქალაქიდან აძევებდნენ, ხოლო ვლადიმირელები მისი უნიჭო ძმის, ანდრეის, გამგებლობაში გადავიდნენ. ალექსანდრე იძულებული იყო თანამემამულენი სიკვდილით დაესაჯა, რათა მათთვის მონღოლთა მოკვლის საშუალება არ მიეცა. მონღოლები კი სტუმრის მკვლელობას დანაშაულის უმძიმეს ფორმად მიიჩნევდნენ და ძალიან სასტიკად უხდიდნენ სამაგიეროს. ალექსანდრემ, მაშინდელი გაგებით,  მართლმადიდებლობის კანონებიც კი დაარღვია, რადგან ბათოსთან სტუმრობისას სვამდა კუმისს და ჭამდა ცხენის ხორცს. იგი დაუძმობილდა სარტაკს, დამპყრობლის შვილს, ხოლო მისი მოკვლის შემდეგ შეურიგდა ნაძმობის მკვლელს, ხან ბერქას. მთავარი ყველა თავის ქცევას სახარებისეული ფრაზით ამართლებდა – “არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე სულის გაწირვა მეგობრისათვის”.

სამაგიეროდ ალექსანდრე ნეველის სიკვდილის შემდეგ, როცა გერმანელმა რაინდებმა 1269 წ-ს გადაწყვიტეს ნოვგოროდზე თავდასხმა, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა არც თუ დიდი თათრული რაზმის მხარდაჭერა. გერმანელებმა გაიგეს თუ არა სტეპის ბინადართა გამოჩენის შესახებ, ჯარი ნარვასაკენ დახიეს და მშვიდობა ითხოვეს, ვინაიდან ფრიად ეშინოდათ თვით თათართა სახელისაც კი. აგრესია ჩაცხრა.

და მაინც, ალექსანდრე ნეველის გმირულმა გენიამ რუსეთის მიწა მხოლოდ დასავლეთის დამპყრობლებისაგან იხსნა. მონღოლამდელი რუსეთის სათბურული პირობებიდან ამოზრდილი ობივატელური ეგოიზმი10 ნიშანდობლივი იყო XII-XIII სს-ში მთავრების, ქალაქის უხუცესების, რაზმელების და წვრილი ერისთვისაც კი. სწორედ ეთნიკური ქცევის ეს სტერეოტიპი იყო ალექსანდრე ნეველისა და მასთან დაახლოებული ბოიარების ობიექტური მოწინააღმდეგე, მაგრამ თვით ასეთი კონტროვერზის ფაქტი გვიჩვენებს, რომ დაშლის პროცესების პარალელურად გაჩნდა ახალი თაობა, გმირული, მსხვერპლის გამღები, პატრიოტული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც იდეალი (ანუ შორეული პროგნოზი) თავიანთ პირად ინტერესებსა და შემთხვევით კაპრიზებზე მაღლა დააყენეს. მერე რა, რომ ისინი XIII ს-ში ერთეულები იყვნენ XIV ს-ში იმათმა შვილებმა და შვილიშვილებმა უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი შეადგინეს. ეს პასიონარები იქცნენ ახალი ეთნოსის დვრიტად, რომელსაც შემდგომ “ველიკორუსები” ეწოდათ.

ეთნოგენეზის აფეთქება ამა თუ იმ რეგიონთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენაა და ამიტომ განსხვავებული ეთნიკური სუბსტრატის ჩამთრევი. ასე იყო აქაც: არა მხოლოდ რუსეთმა, ლიტვამაც შესაშური აქტივობა გამოამჟღავნა; ამავე ათასწლეულებში მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში ოსმალო-თურქთა ეთნოსი ჩამოყალიბდა. მაგრამ საერთო ამ ახალშობილ ეთნოსებს შორის მხოლოდ ამაღლებული პასიონარობა იყო. ხოლო კულტურული ტრადიციები, ეკონომიკური ურთიერთობა და სოციალური სტრუქტურები ყოველ მათგანს ორიგინალური ჰქონდა. ამის გამო, ლიტველებს, ოსმალებსა და რუსებს თავიანთი განუმეორებელი ბედი აღმოაჩნდათ. ხოლო ვოლგისპირეთი, რომელსაც არ შეეხო ეთნიკური აფეთქება, სავაჭრო ქალაქების უცხო კულტურისა და მიწათმოქმედი აბორიგენების ზეწოლით, სწრაფი და შეუქცევადი დაცემის მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ოქროს ურდოშიც მიმდინარეობდა ეთნოგენეზის პროცესები. ჯუჩის ულუსის ოცი ათასი მონღოლი სამ ურდოში გაიფანტა: დიდში, ანუ ოქროს ურდოში მდ. ვოლგაზე, სადაც ბათოს შთამომავლები ბატონობდნენ; თეთრში – მდ. ირტიშზე, რომელიც ბათოს უფროს ძმას, ორდე-იჩენს, ერგო; ლურჯ ურდოში, ხან  შეიბანთან, რომელიც არალის ზღვიდან ტიუმენამდე მომთაბარეობდა.  ასეთი დაშორიშორების გამო, მათში დეზინტეგრაცია სწრაფად განვითარდა და XIV საუკუნის დასაწყისისათვის მონღოლები პოლოვცებს (ქართ. ყივჩაღებს, მთარგმნ.) იმდენად შეერივნენ, რომ მათი გარჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ ამ დროს დააწვათ მათ ისლამის კულტურული ძალა, ისეთივე აქტიური, როგორიც დასავლეთში კათოლიციზმის კულტურული ძალა იყო.  ზოგიერთი ხანი ისლამს პიროვნულად ღებულობდა და ქვეშევრდომთ მიბაძვას არ აიძულებდა. 1312 წელს კი მეფისწულმა უზბეკმა მიიტაცა ტახტი და ისლამი სახელმწიფო რელიგიად და ყველა მისი მომთაბარე ტომისათვის სავალდებულოდ გამოაცხადა. მონღოლმა მებრძოლებმა უარი თქვეს “არაბების რწმენა მიეღოთ”. მაშინ უზბეკმა ყველა ურჩი, მათ შორის 70 ჩინგიზიდი, დასაჯა. რეფორმისადმი წინააღმდეგობა 1315 წლამდე, თეთრი ურდოს ხანის, ილბასანის სიკვდილამდე გაგრძელდა. ამ სამოქალაქო ომში ბევრი დაიღუპა, მაგრამ არა ყველა. გადარჩენილებმა თავს რუსეთში გაქცევით უშველეს და რუსეთის საომარი ლაშქრის გულად იქცნენ, მათ კულიკოვოს ველზე მამაი დაამარცხეს, ხოლო შემდეგ ლიტველთა შემოსევებიც შეაჩერეს.

რუსული წყაროები ამ გადატრიალების შესახებ ძალიან თავშეკავებულად წერენ. მემატიანეში (სიმეონოვკურში) ამასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთი ფრაზა – “უზბეკი დაჯდა მეფედ და გამუსლიმანდა”.

შეუძლებელია დავუშვათ, რომ მემატიანე ვერ ჩასწვდა მომენტის გრანდიოზულობას, რომელმაც მომთაბარე სახელმწიფო ბრწყინვალე მუსლიმანურ სასულთნოდ აქცია. მაგრამ ლაპარაკი ამის შესახებ მას არ უნდოდა. ცხადია, ამისათვის მემატიანეს საკმაო საფუძველი გააჩნდა: ხანს ძალიან გრძელი ხელები ჰქონდა.

ოქროს ურდოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა. ეთნიკური სიმბიოზის ნაცვლად ურდოსა და მოსკოვს შორის შეთანხმება გაჩნდა. ტვერსა და რიაზანზე კი ძლიერი მიწოლა დაიწყო. ეს კავშირი წრფელი არ იყო. არც ერთი მხარე არ ენდობოდა ერთმანეთს. უზბეკი იური დანიელოვიჩ მოსკოველს იმიტომ უჭერდა მხარს, რომ მისი წინამორბედი თოხთა, მომთაბარე კულტურის მიმდევარი და დამცველი, პატიოსანი, გულღია და მოუსყიდველი მიხეილ იაროსლავიჩ ტვერელის მომხრე იყო. უზბეკისათვის კი უფრო მახლობელნი მოსკოველი მთავრები იყვნენ, ძუნწი და მოხერხებული ვაჭრების მსგავსად პირად სარგებელს დადარაჯებულნი. მაგრამ ხანის ფსონი მთავარ-ნუქარზე მცდარი იყო, რადგან სამთავროში ხალხი არსებობდა მიწათმოქმედებისა და ბოარების, მომსახურე პირებისა და ლიტველების მუდმივი თარეშისაგან გაუდაბურებული კიევიდან, ჩერნიგოვიდან და ვოლინიდან ემიგრირებულთაგან შემდგარნი, ამიტომ ურდოელი სულთანის კავშირი მოსკოველ მთავართან ხანგრძლივი არ აღმოჩნდა.

გავაკეთოთ დასკვნა: ეთნიკური სიმბიოზის პროცესი მანამ გაგრძელდა, სანამ ურდოელები წარმართები, ან ქრისტიან –ნესტორიანელები იყვნენ, ანუ რუსეთისათვის უცხო და მტრულ სუპერეთნოსში არ შედიოდნენ.  თავისთავად რელიგიის შეცვლას მნიშვნელობა არ ექნებოდა, მაგრამ მასთან იყო დაკავშირებული პოლიტიკური კურსის, კულტურის მიმართულებისა და ცხოვრების წესის შეცვლა. სტეპის ხანიდან მუსლიმან სულთნად გადაქცევისთანავე უზბეკმა კურსი ვოლგისპირეთისა და ირანის სავაჭრო ქალაქების სავაჭრო კაპიტალისკენ მიმართა და რუსეთისა და სტეპის ბინადართა ინტერესები უკან გადასწია.

XIV ს-ში რუსეთში ანტიურდოული განწყობილებანი მძლავრ მოძრაობად დაკრისტალდა, რაც თავის მხრივ ეთნოგენეზის ახალ აფეთქებასთან იყო დაკავშირებული და რასაც სერგეი რადონეჟსკი11  მეთაურობდა. სწორედ ამან უბიძგა რუსებს კულიკოვოს ველისაკენ, სადაც ბრძოლა “პაგანების”, “წარმართების” წინააღმდეგ კი არ მიდიოდა, არამედ “ბუსერმანების”, ანუ მუსლიმანების, უცხო სამყაროსა და მტრული სისტემის წარმომადგენლებთან. სწორედ აქ დაიწყო გრანდიოზული ბრძოლა, რომელიც რუსების ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. სწორედ XIV ს-ის პოლიტიკური სიტუაციის XIII ს-ში გადატანა გახდა საყოველთაო მონღოლოფობიის წყარო, რაც XIII ს-ის რუსეთის ყველა პრობლემას ბოროტი თათრების საქმენით ხსნის. ზედმეტი არ იქნება აღვნიშნოთ, რომ მონღოლოფობია ლიბერალურ-ბურჟუაზიული (მოდური) ისტორიოგრაფიის ლოზუნგი იყო. მაშინ, როცა კეთილსინდისიერი ისტორიკოსები, როგორც მაგალითად, რევოლუციამდელი: კარამზინი, ს. ვ. სოლოვიოვი, ს. ფ. პლატონოვი, ისე საბჭოთა  ა. ნ. ნასონოვი აღნიშნავდნენ პრობლემის სირთულეს და მიუთითებდნენ ეროვნული შუღლის არარსებობაზე რუსებსა და მონღოლებს შორის. მართლაც, სარაის მუსლიმანი სულთნები, უზბეკი და ჯანიბეკი ყველა ხერხით მიმართავდნენ ჯარის შესანახი ფულის გამოძალვას, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთს შემოსევისაგან იცავდნენ.  ლიტველები კი ქალაქს ქალაქზე და ოლქს ოლქზე მიყოლებით იპყრობდნენ. გამარჯვებულმა ლიტვამ დაიმორჩილა პოლესიე, ჩრდილო რუსეთი, ვოლინი, კიევი, პოლოცკი და ტვერის, რიაზანისა და თვით მოსკოვისკენაც მოიწევდა. მთავრებს: გედიმინს, ოლგრიდსა და მის ვაჟს, იაგაილოს, ლიტველებზე უფრო მეტი რუსი ქცეშემვრდომი ჰყავდათ. ლიტველები კი დაპყრობილი რუსული კულტურის მომხიბვლაობას ემორჩილებოდნენ, მიიღეს მართლმადიდებლობა, ქორწინდებოდნენ მთავრებისა და ბოიართა ასულებზე, სწავლობდნენ რუსულ წერა-კითხვას, წარმატებით ებრძოდნენ თათრებსა და მოსკოველებს. ისე ჩანდა, თითქოს საცაა ვილნო სარაის აღმოსავლეთ ევროპაში ჰეგემონობას გამოსტაცებდა.

უზბეკმა და ჯანიბეკმა სარწმუნოებისა და ზნე-ჩვეულებების გამოცვლით მატერიალურად მოიგეს, რადგან ვოლგისპირეთის მდიდარი ქალაქების მუსლიმანი ვაჭრების გული მოიგეს. მაგრამ ისინი მორალურად დაკნინდნენ. ის მომთაბარენი, რომელნიც მათ არა შიშის, არამედ სინდისის გამო ემსახურებოდნენ, სტეპის ტრადიციების დამრღვევთ განუდგნენ. მხოლოდ აღმოსავლეთში, თეთრ ურდოში, ხანმა თოხთამიშმა შეძლო ნდობოდა თავის ქვეშევრდომებს, ხოლო დასაველთში, ყირიმში, ნუკერები ბნელი მამაის ბრძანებებს ასრულებდნენ.

მამაის ლაშქარი არ დაშლილა ოქროს ურდოსთან ერთად. მას შეეძლო ჩინგიზიდების ტახტზე ვინმე აეყვანა და თავისი ნების შესაბამისად შეეცვალა კიდეც. მამაი ახლოს იყო ოქროს ურდოს განადგურებასთან, მაგრამ მას სამმა გარემოებამ შეუშალა ხელი: 1. ვოლგისპირეთის სტეპებში თოხთამიშის მომთაბარეთა ჯერ კიდევ არსებობამ; 2. დიდი ლაშქრის შესანახი ფულის უკმარისობამ. 3. ძლიერი მოკავშირის არყოლამ. ფული მას გენუელებმა მისცეს, რომელნიც მაშინ ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე ქალაქებს ფლობდნენ; ამ ფულით მან მებრძოლები დაიქირავა. მისი მოკავშირე კი კათოლიკური ევროპის მომხრე ლიტველი იაგაილო გახდა, მაგრამ დიმიტრისთან და თოხთამიშთან ბრძოლა მას მაინც მოუხდა.

ცხადია, მოსკოვში არ იყო ერთნარი აზრი ურდოსა და ლიტველთა საქმის გამო. სახელმწიფოებრივი, იდეოლოგიური, ყოფითი და თვით კულტურული დამოუკიდებლობის დაცვაც კი დასავლეთის აგრესიასა და მის მოკავშირე მამაის ურდოსთან ომს ნიშნავდა. სწორედ ამ კავშირის არსებობამ შესძინა სიტუაციას მეტი სიმძაფრე. მსკოვში ბევრს უმჯობესად მიაჩნდა მამაის დამორჩილბოდნენ და ხარკიც მისთვის ეძლიათ, ვიდრე სარაის ხანებისათვის,  შემოეშვათ რუსეთში გენუელები, მიეცათ მათთვის სავაჭრო შეღავათები და ბოლოს და ბოლოს პაპსაც მოლაპარაკებოდნენ საეკლესიო ერთიანობის აღდგენის თაობაზე. მაშინ აღდგებოდა ხანგრძლივი და საიმედო მშვიდობა. საინტერესოა, რომ ამ პლატფორმას იზიარებდა არა მხოლოდ ზოგიერთი ბოიარი, არამედ თვით სასულიერო პირნიც, მაგალითად მთავარ დიმიტრის ხუცესი მიტიაი, პრეტენდენტი მიტროპოლიტის საყდრისა. მამაიმ კონსტანტინოპოლისაკენ მიმავალი მიტიაი თავის სამფლობელოზე გაატარა, რათა მას პატრიარქისაგან  კურთხევა მიეღო, მაგრამ გზაში მიტიაი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ამ პლატფორმის მომხრენი თავიანთი ხასიათით იყვნენ წყნარი ადამიანები, გონიერი ობივატელები. მათ წინ აღუდგა პატრიოტთა ჯგუფი, რომელთა იდეოლოგიც სერგეი რადონეჟსკი იყო.

მოსკოვის გეოგრაფიული მდებარეობა ნაკლებ ხელსაყრელი იყო, ვიდრე ტვერისა, უგლიჩისა და ნიჟნი ნოვგოროდისა. რომელთაც იქვე ჩაუყვებოდა ყველაზე მარჯვე და უსაფრთხო სავაჭრო გზა ვოლგისაკენ. მოსკოვს არც იმედენი საომარი ჩვევების გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი, რამდენიც ნოვგოროდს და არც ისეთი კულტურული ტრადიციები, როგორც როსტოვსა და სუზდალს. მაგრამ მოსკოვმა ხელთ იგდო რუსული მიწების გაერთიანების საქმე, რადგან სწორედ იქ დაგროვდნენ მგზნებარე, ენერგიული და მოუხელთებელი ადამიანები. ისინი შობდნენ შვილებს, რომელთაც მოსკოვის გარდა სხვა სამშობლო არ იცოდნენ, რადგან მათი დედები და ბებიები რუსები იყვნენ. ისინი ესწრაფვოდნენ არა საკუთარი უფლებების დაცვას, რაც მათ არ გააჩნდათ, არამედ პასუხისმგებლობის აღებას, რაც ხელმწიფოს გასამრჯელოთი ნაზღაურდებოდა. ამით მომსახურე ადამიანები სახელმწიფოს საჭიროებას თავის სამსახურში აყენებდნენ. მათ შეეძლოთ ემსახურათ თავიანთი იდეალისათვის ისე, რომ საკუთარ უფლებებზე არ შეწუხებულიყვნენ: თუკი  დიდი მთავარი გასამრჯელოს დროზე ვერ გადაუხდიდა, ხალხი შემოეცლებოდა, თანაშემწეთა გარეშე დარჩებოდა და თვითონვე დაზარალდებოდა.

ეს ორიგინალური, დასაველთისათვის უჩვეულო სისტემა, იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ რუსებს ეტანებოდნენ თათრებიც, რომელთაც სასჯელის შიშით ისლამის მიღება არ სურდათ, ლიტველებიც, რომელთაც კათოლიციზმი არ ესიმპათიურებოდათ, მონათლული პოლოვცებიც, მერიანები, მურომელები და მორდველები. მოსკოვში ქალწულნი ჭარბად იყვნენ, სამსახურის შოვნაც იოლი იყო, საჭმელი – იაფი, ქურდები და მძარცველები ივანე კალიტას მიერ განდევნილნი. მაგრამ ამ მეგობრულად და თანხმობით მცხოვრებ ადამიანთა გროვის ერთ ეთნოსად გადაქცევას ერთ დეტალი აკლდა. საერთო ისტორიული ბედი, რაც კოლექტიურ ძალთა უკიდურეს დაძაბვას მოითხოვს. სწორედ ეს ფაქტები წარმოადგენს ბიოლოგიური ჩამოყალიბების დასასრულს და ისტორიული განვითარების დასაწყისს.

როცა ხალხისათვის ნათელი გახდა მიზანი – არა მარტო ტერიტორიის დაცვა, არამედ პრინციპისა, რომელზეც უნდა დაშენებულიყო ყოფა, ეთიკა, მსოფლმხედველობა და ესთეტიკა. მოკლედ ყველაფერი, რასაც ორიგინალური, კულტურული ტიპი ჰქვია – მაშინ ყველამ,  ვისაც ეს შეეძლო, ხელი იარაღს მოჰკიდა და წავიდა საბრძოლველად ურჯულოების წინააღმდეგ: პოლოვცების, ლიტველების, გენუელების, როემლთა საწმუნოებაც არასწორად მიაჩნდათ და განდგომილი რუსების  – დასავლელი რუსების წინააღმდეგ ლიტველ იაგაილოს რომ ემსახურებოდნენ. მხოლოდ ნოვგოროდელები გამოეთიშნენ საერთო რუსულ საქმეს. ისინი უფრო მეტად სავაჭრო გზებს, ხელსაყრელ გარიგებებსა და ჰანზასთან კონტაქტებს აფასებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები ნოვგოროდელებს ამ კორპორაციის თანასწორუფლებიან წევრებად არ თვლიდნენ. ასეთი საქციელით ნოვგოროდმა თავი რუსული მიწისაგან განაკერძოვა და ასი წლის შემდგომ დაპყრობილ იქნა როგორც მტრული სახელმწიფო. მაგრამ ვიყოთ თანამიმდევრულნი: ნოვგოროდმა ძველი რუსული ქალაქებისათვის ნიშანდობლივი კულტურის ელემენტები შეინარჩუნა და მათ მსგავსად ბეცი ეგოიზმის მსხვერპლი გახდა. მოსკოვის ირგვლივ კი ფერცვლილი, მსხვერპლშეწირვამდე მისული გმირობის უნარისმქონე რუსეთი შემოიკრიბა.

კულიკოვოს ველზე გავიდა მოსკოველთა, ვლადიმირელთა, სუზდალელთა და ა.შ. ლაშქარი, მაგრამ უკან რუსთა ლაშქარი დაბრუნდა. ისინი საცხოვრებლად მოსკოვის, ვლადიმირისა და სუზდალისაკენ გაემართნენ. ეს იყო მათ მიერ საკუთარი თავის ერთიან რუსეთად შეცნობის დასაწყისი. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია, ველიკორუსული ეთნოგენეზის ბიძგის დასაწყისი XIII ს-ით დავათარიღოთ, ინკუბაციური პერიოდი  – XIII-XIV სს-ით, ხოლო რუსების მიერ საკუთარი თავის ერთმთლიანობად შეცნობა – 1380 წლის 8 ოქტომბრით.

       ა. პანჩენკო. მე ვფიქრობ, აუცილებელია, პრობლემის სხვა მხარეც დავინახოთ. უდავოა, მოსკოვისა და კიევის რუსეთს შორის დაირღვა ეთნიკური ტრადიციები, მაგრამ მე არ დავიწყებდი ამის მტკიცებას კულტურულ-რელიგიური თვალსაზრისით.

რას ემყარება კულტურის ერთიანობა, კულტურული ტიპის სიმტკიცე? რაში ჰპოვებს იგი განხორციელებას? კულტურა ფლობს მტკიცე ფორმების მარაგს, რომელნიც მთელი მისი გრძლიობის მანძილზეა აქტუალური. ეს შეეხება არა მარტო სიუჟეტებსა და მოტივებს (ისინი სწორედაც რომ არ უწევენ ანგარიშს საზღვრებსაც და მთელს მზისქვეშეთში მიდი-მოდიან), არამედ ზნეობრივ ღირებულებებს. კულიკოვოს ბრძოლა კი სწორად ასეთი ღირებულებაა.

ყურადღება მივაქციოთ “მამაის წინააღმდეგ ბრძოლის” იმ ფრანგმეტს, რომელიც ბრძოლის წინ “ნიშანთა შემოწმებას” ეხება. დიმიტრი დონელი და დიმიტრი ბობროკი გავიდნენ კულიკოვოს ველზე. ბობროკი “ჩამოქვეითდა, მიწას განერთხა და დიდხანს აყურადებდა მას მარჯვენა ყურით. შემდეგ ადგა, დანაღვლიანდა და ამოიხვნეშა. . . მთავარმა დიმიტრიმ კი ჰკითხა: “აბა, რა ამბავია, ძმაო დიმიტრი?” ის კი დუმდა, თქმა არაფრისა უნდოდა, დიდი მთავარი კი აიძულებდა მას. მაშინ ბობროკმა მიუგო: “ერთი ნიშანი შენს სასარგებლოდ მეტყველებს, მეორე კი _ შენს საზიანოდ. მესმა ტირილი მიწისა, მისი ერთი ნაწილი თავის მონაგარს ელინურად დასტირის, მეორე ნაწილი კი როგორც ქალწული სალამურივით მწარედ გოდებს. საწყალობელი იყო მისი მოსმენა”. ბობროკი ამ მინიშნებას განმარტავს, როგორც რუსეთისათვის ბედნიერების მომასწავებელს: “შენი ქრისტესმოყვარე ლაშქრიდან ბევრი დაეცემა, შენ გაიმარჯვებ, დიდება შენი იქნება: ასე მოგვითხრობს “ამბის” ძირითადი რედაქცია. მატიანურ რედაქციაში არის ფრომულის პირველი ნაწილის ვარიაცია: ერთი მხარე ტირის ქვრივივით, სხვა რედაქციების ტექსტებს პრინციპული შესწორებები არ შეაქვთ.

შევეცადოთ ამ ფრანგმენტის განმარტებას. მიწა მტრებს (“ელინურად” ნიშნავს “არამართლმადიდებლურად”) ისე დასტირის, როგორც დედა შვილებს, ან ქვრივი – გარდაცვლილ ქმარს. ფორმულის ეს ნაწილი ნათელია და სიძნელეებს არ ქმნის. ლიტერატურაში ქვრივთა ნატირალების მრავალრიცხოვანი სახეა ცნობილი, მაგ. კნიაგინია ევდოკიასი ამბავში “დიმიტრი დონელის ცხოვრებისა და წარმოჩენის შესახებ”; ურდოში მოკლული მთავრების, მიხეილ ჩერნიგოველისა და მიხეილ ტვერელის ქვრივებისა. ცნობილია აგრეთვე ქვრივი-დედამიწის ნატირალები “მერკური სმოლენსკელის ცხოვრების” მიხედვით, რომელშიაც “ჩვენი საერთი დედა – მიწა – გოდებს. . .”

ეს სრულიად შეესატყვისება წარმართულ შეხედულებებს “ადგილის დედის” შესახებ. ჩვენი წინაპრებისათვის ეს მითოლოგემა ნათლისღების  შემდეგაც ცოცხალი რეალია იყო და არა მხატვრული, ან თუნდაც განყენებული იდეა. ეს სრულიად თვალსაჩინოდ აისახა სინანულის კანონში. იმას, ვინც “ მუცლით მიწაზე დაწვებოდა” სულიერი მამა ეპიტიმიას ადებდა: ორი კვირა ხმელი პურის ჭამა, ყოველ საღამოს ათჯერ მუხლმოყრის რიტუალით. ეს ცოდვა მშობლების უპატივცემულობასთან იგივდებოდა და როგორც მეხუთე მცნების დარღვევა, ისე განიხილებოდა: “გინდ მიწაზე პირქვე დამხობა, გინდ დედ-მამაზე ხელის აღმართვა და ხმის აწევა, გინდ ცოლის შეურაცხყოფა…”

ფორმულის მეორე ნაწილი პარალელს ჰპოვებს ესქატოლოგიური თხზულებების ადგილებთან “მეორმოსვლის დღეზე”, როდესაც იქნება “ვაი-ვიში, მოთქმა და გოდება”, როდესაც წივილ-კივილი “შეარყევს დედამიწას, მზე ჩაქრება, მთვარე სისხლში ამოევლება და მაშინ კი ატირდება დედამიწა ლამაზ ქალწულივით კაცობრიობის მოსპობაზე”. გასაგებია, რატომაც “ამოიხვნეშა” ბობროკმა: წინ ბრძოლა ელოდათ, დიდი დანაკარგებით. მაგრამ რატომ იუწყება ქალწული-მიწის ტირილი გამარჯვებასა და ძლევას, როგორც ფსალმუნშია თქმული – რატომ “მოიმკის მთესველი ცრემლებით სიხარულს”? აზრის ასეთი განვითარება ხალხურ-მართლმადიდებლური წარმოდგენების რთულ კომპლექსთანაა დაკავშირებული. ეს, უპირველეს ყოვლისა, საქარწინო სიმბოლიკაა.

მაშასადამე, ნადიმი, სიკვდილი და ბედისწერა რუსულ ცნობიერებაში მტკიცედაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული12 . აქაც ასევე ჟღერს სალამური. სალამური კი დროებით სიკვდილსა და ხელახალ დაბადებაზე მიანიშნებს. მისი წყარო სახარებისეული მოთხრობაა იმის შესახებ, თუ როგორ აღადგინა იესომ იაირაოსის ასული (მის სახლშიც მიცვალებულთან ჟღერდა სალამური, მიცვალებული კი აღდგა). სალამურის ხმა – ეს მიწაზე გადმოსული ზეციური ჰარმონიაა. ეს ზნეობრივი სიწმინდეა. ვინაიდან სალამური მწყემსური ატრიბუტია, ქრისტე კი _ კეთილი მწყემსი. სალამურის ხმაში არის ტარიგობა, რადგან სასძლო – მიწის თემა უცოდველი მსხვერპლის თემის იგივეობრივია. ძველ რუსულ აპოკრიფებში აბელის, ამ პირველი მკვდრისა და მოწამის დამარხვა განიმარტება, როგორც მისი საქორწინო ღამე ქალწულ მიწასთან. ფოლკლორისთვისაც ცნობილია ასეთი განმარტება. აი, სასიკვდილოდ დაჭრილო კაზაკი თავის ცხენს უბრძანებს გადასცეს მისი სიკვდილის ცნობა ცოლს:

“ცოლსა ახალგაზრდას მოუთხრობდე,

ქორწინებას ჩემსას სხვა ქალზე,

სხვა ქალზე – ადგილის დედაზე,

მის ნაცვლად ველსა წმინდაზე.

ხმალმა ალესილმა დამწინდა მასზე,

ლაპლაპა ისარმა მიმაგდო ძილად” 13

(თარგმანი ქეთევან ჯერვალიძისა)

ეს თემა შემდეგ აიტაცა ალ. ბლოკმა – მეორე სტროფში ციკლისა “კულიკოვოს ველზე”.

“ო, ჩემო რუსეთო, მეუღლევ ჩემო!

ტკივილით გაცხადდა ჩვენთვის გზა გრძელი,

გზამ ჩვენმა – თათრების ძველი ნების

ბოძალით გაგვიპო მკერდი!

(თარგმანი ქეთევან ჯერვალიძისა)

კულიკოვოს ბრძოლა, როგორც სიმბოლო, პოლტავის ბატალიებსა და ბოროდინოს ბრძოლასთან ერთ რიგში დგას. დიმიტრი დონელი კი, რომელიც მტერს “პირისპირ” ებრძოდა და “მეწინავე” იყო – პეტრესა და კუტუზოვის გვერდით. ამ მოვლენებს აქვთ რაღაც საერთო. “ასეთ მოვლენებს დაბრუნება აქვთ განჩინებული” (ალ. ბლოკი).

მართლაც: ერმა დაიმახსოვრა და გამარჯვების სიმბოლოებად აქცია დამარცხების ზღვარზე მყოფი, დიდ დანაკარგიანი გამარჯვებანი. მამაისთან ხოცვა-ჟლეტის შემდეგ კიდევ არა ერთხელ გადაიწვა მოსკოვი. რუსეთმა მხოლოდ ასი წლის შემდეგ მოიცილა ურდოს უღელი. პოლტავიდან კი ნიშტადტის ზავამდე თორმეტწლიანი გზაა; ბოროდინოს შემდეგ, რომელსაც ნაპოლეონი თავის გამარჯვებად მიიჩნევდა, აუცილებელი გახდა          პირველჩენილი სატახტო ქალაქის დატოვება. ეს ერთგავრი დამამთავრებელი, გადამწყვეტი გამარჯვებებია. რუსეთი კი,  თუ მისი სიმბოლური აზროვნების ლიტერატურის მეშვეობით რესტავრირება შეიძლება, გმირობას გამარჯვებაზე მაღლა აყენებს, თვითშეწირვისა და თვითუარყოფის უნარს კი – ძალზე მაღლა.

შემდეგ კულიკოვოს “ბიძგის” შესახებ მსჯელობისას, ჩვენ დავინახავთ, რომ კულიკოვოს ველი, პოლტავა, ბოროდინო – ეს იძულებითი ბრძოლებია. რუსეთი თავს იცავდა, მაშასადამე, უცილობლად მართალი იყო. ეს ბრძოლები მშობლიურ მიწაზე, ან მის საზღვარზეა. რუსეთი არ ხელყოფდა სხვისას14 . ერისთვის ეს ბრძოლები ზნეობრივი დამსახურებაა. ამის გარეშე სიმბოლო შეუძლებელია. ამიტომ იყო, რომ სომბოლოს ხარისხში აჰყავდათ არა იოლი, არამედ მძიმე, მსხვერპლმრავალი გამარჯვებები: გმირობა და მსხვერპლი განუყოფელია.

არცთუ დიდი ხნის წინ, ორ იუბილესთან: ტოლსტოის 150 წლისთავსა და კულიკოვოს 600 წლისთავთან დაკავშირებით დ.ს. ლიხაჩოვმა ყურადრება გაამახვილა ნაციონალური ტოპიკის (ამ ტერმინის გარეშე) სიმტიკიცეზე. მან აღნიშნა, რომ XIII – XVII სს-ის რუსულ სარაინდო რომანებსა და “ომსა და მშვიდობაში” ერთნაირი ლიტერატურული ხერხების გამოყენებით სახალხო ზნეობრივი კოდექსი მსგავსია. “ყველა უმნიშვნელოვანესი საბრძოლო თხზულებანი რუსული მიწის საზღვრებში მიმდინარე თავდაცვითი ბრძოლებისადმია მიძღვნილი. . . ისტორიული მხარე რომანისა მის ზნეობრივ –გამარჯვებით ნაწილში მთლიანად რუსეთში მთავრდება და არც ერთი მოქმედება რომანის ბოლოში რუსული მიწის საზღვრებს არ სცილდება. “ომსა და მშვიდობაში” არ არის არც ლაიპციგის ბრძოლა სხვადსხვა ხალხების მონაწილეობით, არც პარიზის აღება. ეს სახალხო გმირი შემდგომ აღარ არის საჭირო”.  ტოლსტოი მოვლენათა ფაქტობრივ მხარეში თვადაცვითი ომის იმავე ხალხურ კონცეფციას მისდევს.

ძველი მოსკოვის მწიგნობარნი მოიწონებდნენ ტოლსტოის. ნაპოლეონში, “ომი და მშვიდობიდან” ისინი ველიკორუსული საბრძოლო რომანებისათვის დამახასიატებელი დამპყრობლის ტიპიურ ფიგურას, მტრული ძალების წინამძღოლს, მყისვე შეიცნობდნენ მასში. ის ამაყია, ესე იგი, შვიდ ცოდვათაგან პირველში შემცოდე, ის თავდაჯერებულია, ფრაზიორი და მრავალსიტყვა, ზუსტად ისე, როგორც მამაი და ბირგერი, როემლებსაც ნაპოლეონის პროვნებას  ადარებს დ. ს. ლიხაჩოვი. ძველი მოსკოველი მწიგნობარნი იმაშიც დაეთანხმებოდნენ ტოლსტოის, რომ ბოროდინო – ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, თუმცა მის შემდეგ მოსკოვის ფრანგებისათვის დატოვება გახდა საჭირო. ეს იყო ბრძოლა საკუთარ მიწაზე, მტერი უფრო ძლიერი იყო, ჩვენი უფრო ბევრი დაეცა, მაგრამ ჩვენ არ შევმდრკარვართ. “ღმერთი ძალაში კი არა, სიმართლეშია”.

ზნეობრივ-მხატვრული ტოპიკა, პეტრემდელი, ახალი და უახლესი რუსეთისათვის საერთო, არა მარტო პრინციპებსა და შეფასებებში ჩნდება, არამედ მხატვრულ დეტალებშიც, ხოლო დეტალების დამთხვევა ყოველთვის მჭერმეტყველურია, მით უმეტეს, თუკი პირდაპირი ნასესხობა გამორიცხულია. კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ “ნიშანთა გამოცნობას” “მამაის წინააღმდეგ ბრძოლის ამბავში” “. . .და ყური მიაპყრეს თუ არა თათართა პოლკებს, მოესმათ რაკუნი ძლიერი, ძახილი და მოთქმა, როგორც ბაზარსა და ქალაქის მშენებლობაზე. . . და მიმართეს ყური რუსული პოლკებისაკენ – იქ იყო ღრმა სიჩუმე. ასეთსავე ღამეს იგონებს მოხუცი ჯარისკაცი ლერმონტოვის “ბოროდინოდან”:

“გადაეფარა ღამის სიბნელე

ცხარე ბრძოლათა ველს.

ჩასათვლემად ლაფეტთან მიწექ,

ისმოდა, როგორ ხარობდა

ფრანგი გამთენიამდე,

ჩვენს ბანაკში კი იყო სიჩუმე”

სინამდვილეში ეს დაუჯერებელია: უზარმაზარი რუსული არმიები კულიკოვოსა და ბოროდინოს ველზე ვერ შეძლებდნენ “ღრმა მდუმარებაში, დუმილით” ყოფნას. ეს უაღრესად მსგავსი სცენები, ნაციონალური ტოპიკის დანაბადი, “მამაის წინააღმდეგ ბრძოლის ამბის” ავტორისა და “ბოროდინოს” ავტორისათვის თანაბრად აქტუალური და სავალდებულოა, თუმცა მათ შორის ოთხი საუკუნე გაწოლილა.

როგორც ვხედავთ, რუსულ სიმბოლოთა მწკრივი, ალ. ნეველით დაწყებული, თავსდება ველიკორუსულ ქრონოლოგიურ საზღვრებში.

სხვათა შორის, ერთი მონღოლამდელი გმირი ჩვენს სიმბოლურ რიგში მაინც ჩავრთეთ. ეს მოციქული ანდრია პირველწოდებულია. ის რუსთა განმანთლებლის ზედწოდებით რუსულ ცნობიერებაში XVI ს-ში მკვიდრდება15. მისი განდიდებისათვის ყვეალზე მეტი გააკეთა პეტრე – I-მა. მან 1698 წელს დააწესა ანდრია პირვეწოდებულის სახელობის “კავალერია”, რუსულ ორდენთაგან უფროსი. ორდენის ირიბი ჯვრის ოთხივე ბოლოზე გამოსახული იყო ლათინური ასოები S,A,P, R ე.ი. Sanctus Andreas  Patronus Russiae (წმინდა ანდრია, მფარველი რუსეთისა). პეტრეს ეპოქასვე განეკუთვნება საზღვაო დროშა ანდრიასი  და მოციქულის კულტის სხვა ძალიან მკაფიო გამოვლინებანი, თითქოს “წმინდა ნათელღებით თავდაპირველად მან ჩვენი საზღვრები განანათლა”.

თითოეულისათვის ცხადია, რომ ანდრია ვერანაირად ვერ მონათლავდა რუსეთს. მის დროს ასეთი სახელის ხსენებაც არ იყო. შევეცადოთ ამ ლეგენდის ისტორიის კვლავ აღდგენას.

ანდრიას შესახებ კანონიკურად ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მათეს სახარებით, ის გალილეველი პეტრე მოციქულის ძმა იყო. იოანეს სახარების მიხედვით, ანდრია იოანე ნათლისმცემლის ერთ-ერთი მოწაფეთაგანია, ქრისტეს მიერ პეტრეზე უწინარეს იორდანეში მოწოდებული (აქედანაა სახელი პირველწოდებული). საღვთო წერილის ცნობათა სიმწირეს მრავალრიცხოვანი აპოკრიფების მჭერმეტყველება ავსებს. ესენია: კოპტური, ეთიოპიური, სირიული, ბერძნული, ლათინური, სლავური. ანდრიას შესახებ არსებული, ეკლესიის მიერ უარყოფილი და მიუღებელი, მაგრამ ამ ოდესღაც პოპულარული თხზულებების საერთო მახასიათებლად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ მათში მოციქული ყოველთვის წარმოჩინებულია ჩრდილოეთისა და სკვითების, შავი ზღვის  სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილო ნაპირების განმანათლებლად. ანდრია ადგილსამყოფლად ირჩევს სინოპს, საიდანაც ახორციელებს იგი თავის მისიებს, საერთო რიცხვით ოთხს. მესამე მოგზაურობის უკიდურესი ჩრდილო საზღვარი ტავრიდული ხერსონესია, ძველ რუსული კორსუნი, ქალაქი დღევანდელი სევასტოპოლის საზღვრებში. აქედან ანდრია ზღვით სინოპში ბრუნდება და გაუდგება თავის უკანასკნელ საბედისწერო გზას. გზად ნათელს სცემს ბიზანტიონს და ჩადის აქაიას პატრაში, სადაც თავის მიწიერ მოღვაწეობას მოწამეობრივი სიკვდილით ამთავრებს. იგი ირიბ ჯვარზე გააკრეს, რომელსაც შემდგომ “ანდრიასეული” უწოდეს (ეს ჯვარი გამოსახულია რუსულ საიმპერატორო ფლოტის დროშაზე).

ვიღაც ძველრუსმა მწიგნობარმა შეთხზა ახალი აპოკრიფი ანდრიას მოგზაურობაზე დნეპრსა და ნოვგოროდის მიწაზე. აპოკრიფი შევიდა “დროთა წლების თხზულებაში”. გადმოგცემთ მას ლავრენტისეული ხელნაწერით.

ანდრია ჩავიდა კორსუნში და რომში გამგზავრებას აპირებდა, როცა შეიტყო, რომ არცთუ შორს იყო დნეპრის ხეობა. ის დნეპრის ზემო წელს აჰყვა. ისე მოხდა, რომ ღამის გასათენებლად იგი ძილის წინ  მთის ძირას, სანაპიროს მიადგა, სადაც შემდგომში კიევი გაშენდა. დილით ანდრიამ თავის “თანმხლებ მოწაფეებს” უთხრა (უწინასწარმეტყველა), რომ მთებზე ღვთის მადლი ბრწყინავს და აქ აღიმართებაო დიდი ქალაქი მრავალრიცხოვანი ეკლესიებით “და აღვიდა მათ მთათა ზედა და დაჰნერგა ჯუარი”. შემდეგ ის სლოვენების მიწას ეწვია “აწ სადა არს ნოვგოროდი” და გაოცებული დარჩა იქაური მცხოვრებლების “ბანვა-წკეპლვის” ჩვეულებით. ვარიაგთა ქვეყნის გავლით ანდრიამ რომს ჩააღწია და უამბო მათ: “გასაოცარი საქმენი ვნახე, იქ მომავალმა სლოვენთა მიწაზე,. ვნახე ხის აბანოები, რომელთაც ახურებენ მაღალ ტემპერატურამდე, თვითონ კი თავით ფეხებამდე შიშვლდებიან, ევლებიან ნაცარ-ტუტში და ნორჩი ყლორტების კონას ირტყამენ  იქამდე, ცოცხლები რომ ძლივს დარჩებიან და ბოლოს ძალიან ცივ წყალს გადაისხამენ. ეს მათი ყოველდღიური ჩვეულებაა. მათ კი არავინ აწამებს, თვითონ იწამებენ თავს, მათთვის ეს ბანვაა, განბანვაა და არა წამება” რომაელი მსმენელები გაოცდნენ, ანდრია კი რომში შეჩერების შემდეგ სინოპში დაბრუნდა..

რამ გამოიწვია ამ აპოკრიფის შეთხზვა? ფორმალური იმპულსი ნათელია: ანდრია პირველწოდებულის ჩამოსვლამ კორსუნში დაბადა შესაძლებლობა კიდევ ერთი მოგზაურობა ჩაესვათ მესამე და მეოთხე მოგზაურობას შორის.

შემოვლითი გზა რომში – აღმოსავლეთ და ჩრდილო ევროპის გავლით – ძველად უაზროდ არ მიაჩნდათ. 1054 წელს “სქიზმის” წელს, მაშასადამე მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების ფორმალური გაყოფის წელს, პაპის ლეგატები სწორედ რუსეთზე გავლით დაბრუნდნენ მეფეთა ქალაქიდან (კონსტანტინეპოლიდან) რომში. ჩანს, იყო მიზეზები, რომელნიც აიძულებდნენ უპირატესობა შემოვლითი გზისთვის მიენიჭებინათ.

მატიანეში მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ანდრიამ მონათლა რუსეთი. ნათვლა – რაღაც სრულიად სხვა რამეა, ვიდრე კიევის შიშველი მთების მომავალი დიდებულებისა და ღვთისმოსაობის წინასწარმეტყველება. ნათლობისათვის ადამიანებია საჭირო. ანდრიამ კი დაინახა თუ არა სლოვენები, რატომღაც მათთვის ნათლისცემა არ მოისურვა.

საერთოდ არ ღირს ძველთა მალემრწმენობის გავაზვიადება, განსაკუთრებით არ შეჰფერის ეს XX ს-ის ადამიანებს, რომელნიც დიდ სივრცეებზე ხანგრძლივი დროის მანძილზე ებრძოდნენ საღ აზრს. XX-ს-ში ადამიანური სიბრიყვე დიდებულ ყვავილად გაიშალა და არ ღირს წარსულს ზემოდან ვუყუროთ. გავრისკავ, ვამტკიცო, რომ “ჟამთა წლების ამბების” მკითხველათა დიდი ნაწილი გრძნობდა ლეგენდის აპოკრიფულობას, “ნატყუარობას”. მატიანეში 983 წ-ს ქვეშ მიწერილი აქვს “მოციქულნი ხორციელად აქა არ ყოფილან”. თუკი ამ ფრაზასა და ლეგენდას განვიხილავთ პრინციპით “მართალია” თუ “ტყუილი”? მაშინ რაღაც უნდა მივიღოთ და რაღაც უნდა უარვყოთ, ვინაიდან ისინი ლოგიკურად შეუთავსებელნი არიან. მაგრამ შეიძლება მათი ესტეტიკური შეთავსება. ფრაზა ისტორიული ფაქტის კოსტატაციას ახდენს. ლეგენდას კი ფაქტთან ირიბი მიმართება აქვს, როგორც ყოველგვარ მხატვრულ სავარჯიშოს. შევეცადოთ ანალიზის მეშვეობით დავასაბუთოთ ეს.

მეცნიერებაში მიღებულია აპოკრიფის ცხოვრებისეული ახსნა. ეს კი იქეთკენ მიდის, რომ კიეველმა მემატიანემ არაფერი იცოდა ორთქლის  აბაზანების შესახებ (რაც არ იციან ახლაც უკრაინაში) და დასცინა ორთქლისა და ცოცხის მოყვარულ ნოვგოროდელებს. სიცილი ლეგენდის პერსონაჟია, ეს იგრძნობა, მაგრამ ვინ იცინის და რაზე? ლ. მიულერმა აჩვენა, რომ აპოკრიფი ორ ნაწილად, კიევურ და ჩერნიგოვულ ნაწილად იყოფა. კიევურს არა აქვს არანაირი სიუჟეტური გაგრძელებანი (ანდრია რომში არ ჰყვება დნეპრისპირა მთებზე ასვლის შესახებ), ნოვგოროდულს კი აქვს თანაც დაუყოვნებელი, – მოციქულის გაოცება და რომაელთა გაოცება. ესე იგი, თქმულების  ბირთვი ნოვგოროდულია. კიევური ნაწილი კი მისი მექანიკური დანამატია და მის განხილვას აღარ დავიწყებ.

რაც შეეხება ბირთვს, მის განსამარტავად 30 წლის წინ გერმანელმა ფილოლოგმა დ. გერჰარტმა “აბანოს ეპიზოდი” XVI ს-ში დიონისე ბაბრიციუსის მიერ ლათინურ ენაზე დაწერილ “ლივონიის ისტორიიდან” მოიყვანა. ავტორი მოგვითხრობს ამბავს, რომელსაც თითქოს XIII ს-ში ჰქონია ადგილი კათოლიკურ სავანე ფალკენაუში, დღევანდელი ტარტუს სიახლოვეს. ადგილობრივმა ბერებმა თავიანთ ცხოვრებაზე დამოწმებით, “კანონზეით”, ბერული წესდებით გაუთვალისწინებელი ხორცის მოუძლურებისა გამო, პაპს სარჩოს გაზრდა მოსთხოვეს. მართლაც, რომიდან სპეციალურად ჩამოსულმა ელჩმა საკუთარი თვალით იხილა ლივონიელი ბერები საშინელ  სიცხეში როგორ იშოლტავდნენ თავს და ყინულოვან წყალს როგორ ივლებდნენ ერთი მეორის მონაცვლეობით. იტალიელმა ვერ გაიგო რომ ეს იყო “ბანვა” და არა “წამება” (ყველა ბალტიისპირული  – ბალტო-სლავური და ფინური აბანოები არსებითად ერთნაირია). ასე გააბრიყვეს ჩრდილოელებმა დოყლაპია – სამხრეთელი. იტალიელის მოხსენების შესაბამისად, პაპმა რაღაც ზედმეტი გამოუყო ფალკენაუს მონასტერს.

თუმცა, დ. გერჰარდტი ვარაუდობს, რომ უხსოვარ დროში ეს სწორედ “წამება” იყო,  ოდესღაც აქტუალური აღმოსავლეთ ევროპელი “წარმართებისათვის”, რელიგიურად განსაწმენდელი წეს-ჩვეულება, რაც დროთა ვითარებაში “ბანვის” ყოფით ჩვევად გადაიქცა. ძნელია, იმის თქმა, ასეა თუ არა ეს. რა თქმა უნდა, აბანო წარმართულ კულტთან იყო დაკავშირებული (ვ. ა. უსპენსკის ჰიპოთეზის თანახმად, ის თავდაპირველად ვოლოს-ველესის საშიანო ტაძრის ფუნქციას ასრულებდა), აბანომ ქრისტიანიზაციის შემდეგაც შეინარჩუნა წარმართული რელიქტები, თუნდაც “ორმრწამსობის” გარსში. როგორც ,მაგალითად, დიდ ხუთშაბათს, როცა მიცვალებულთა მოხსენიებისას მათ უხურებდნენ აბანოს, წინკარში კი მრავალი ასწლეულის განმავლობაში აუცილებლად იხსნიდნენ სხეულიდან ჯვრებს.

აზრს მოკლებულია, წარმართული რწმენის მაგალითების რუსული აპოკრიფისა და ლივონიური ანეკდოტის განსამარტად მოხმობა. ძნელი მისახვედრი როდია, თუ რატომ მოიწადინეს XIII საუკუნის ფალკენაუელმა ძმებმა პაპის მოტყუება და როგორ გააბაიბურეს ლეგატი. ეს ფლაგელანტების “თავიწკეპლიების”(ლათინური სიტყვიდან  გაწკეპვლა, გაშოლტვა, ცემა, წამება) ეპოქაა16. ფლაგელანტი სასულიერო პირები თვითონაც იწკეპლავდნენ თავს და მონასტერში  ცოდვათა მისატევებლად მოსულ მრევლსაც წკეპლავდნენ . ფლაგელანტების პროცესმა (პირველი ტალღა 1260წ.) მოიცვა იტალია, სამხრეთ საფრანგეთი, შემდეგ გერმანია, ფლანდრია, მოაღწია მორავიაში, უნგრეთსა და პოლონეთში. ისინი გროვდებოდნენ ჯგუფებად, შიშვლდებოდნენ (თვით ზამთრის სუსხშიც კი ) და “მოაუძლურებდნენ” ხორცს. მხოლოდ ინგლისი და რუსეთი გადაურჩნენ ამ ღვთის გარეგან საქმეს.

როდის მოხვდა ნოვგოროდული აბანოების ლეგენდა “დროთა წლების ამბავში”? – ისღა დაგვრჩენია ვიმკითხაოთ. ეს შეიძლება 1260 წელზე ადრე, ან გვიან მომხდარიყო. ამის თაობაზე შემოთავაზებულია სხვადასხვანაირი ტექნოლოგიური მსჯელობანი, მაგრამ თავი დავანებოთ მათ. ფლაგელანტობა როგორც თეორია და როგორც პრაქტიკა ამ თარიღზე და “პირველ ტალღაზე” დიდი ხნით ადრე გაჩნდა. კარლოს დიდის დროს “თვითმოწამე” იყო წმინდა ვილჰელმი, აკვიტანიის ჰერცოგი. XI ს-ში ამ ასპარეზზე გულმოდგინედ იღწვოდა წმინდა რომუალდი, მკაცრი მგვემელი, როგორც საკუთარი თავის, ასევე თავისივე ბერებისა. XI ს-მ მოგვცა ფლაგელანტობის თეორეტიკოსი პეტრე დამიანე (1007-1072), ავტორი ტრაქტატისა “მათრახის ქება”, რომელშიც მოცემულია გამათრახების და თვითგაწკეპვლის აპოლოგია: 1. ეს ქრისტეს მიბაძვაა, 2. ესაა ღწვა მოწამის გვირგვინის მოსაპოვებლად 3. ესაა მეთოდი ბილწი და ცოდვილი ხორცის დასასჯელად და მოსაკვდინებლად. 4. ესაა ცოდვათა გამოსყიდვის მეთოდი. პეტრე დამიანეს ფლაგელანტობის სამაგალითო მოშურნედ წმინდა დომინიკე გამოჰყავს, რომლის ბიოგრაფიაც მან დაწერა.

ამასთან კავშირში უკვე გასაგები ხდება ანდრიას ცნობისმოყვარეობა, უფრო ზუსტად, ფსევდო-ანდრიასი, რომელიც მემატიანის ფანტაზიის ნაყოფია. ნოვგოროდში ყოფნისას მას სურდა გაეგო რა ხდება ნოვგოროდის ცხელ აბანოებში, სადაც სლოვენები არაქათის გამოცლამდე იმათრახებდნენ თავს. ნუთუ რუსეთში შემოაღწია ფლაგელანტობამ? “სლოვენებმა” (მემატიანის თანახმად), გადაარწმუნეს ანდრია, მან დაათვალიერა, დამშვიდდა და შემდეგ დაამშვიდა რომაელებიც (ალბათ, უფრო თავისი ძმა, პეტრე, თავი მოციქულთა და რომის მღვდელთმთავარუხუცესი). ასეთი აზრი აქვს “მოციქულის აჩრდილის” ნოვგოროდულ მოგზაურობას; მნახველს იქ ისეთი კულტურა დახვდა, რომელიც სულაც არ ასხამდა ქება-დიდებას თვითგანადგურებასა და თვითდამცირებას.

         ლ. გუმილოვი   ფლაგელანტობა შედის ანტისისტემებში, რომელნიც I ათასწლეულში ყველა ქვეყნის ადამიანებს ითრევდა, გარდა რუსეთისა და ციმბირისა, სადაც არ ჩამოყალიბდა ანტისისტემები. ავხსნი, რაშია საქმე.

ადამიანთა მოდგმისათვის დამახასიათებელია ატარაქტიულობა – აბსტრაქტული ღირებულებებით გატაცება. ამ გატაცების ჩამომყალიბებელი იმპულსები შეიძლება იყოს სიცოცხლის დამამკვიდრებელიც და სიცოცხლის უარმყოფელიც, როცა ინდივიდი თავს იხსნის სოფლის გაწამაწიისაგან ტანჯვისა და სიხარულის უარყოფით, ახლობლებისა და შორეულების ზრუნვაზე უარყოფით, ჭეშმარიტების სიყვარულის უარყოფითა და სიცრუის უარყოფის უარყოფით.

დომინანტების მიმართულების განსასაზღვრად საჭიროა განსაკუთრებით მგრძნობიარე საზომი, როგორიც არის მსოფლმხედველობებისა და ფილოსოფიური მოძღვრებების ისტორია. მათ დადებითი მნიშვნელობის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ მათ გვერდით გვხვდება სიცოცხლის უარმყოფელი სისტემებიც, რომელთაც, გვაქვს უფლება, უარყოფითი სისტემები ვუწოდოთ. თითქოს ასეთი თვითმკვლელობების იდეებს გავლენა ვერ უნდა მოეხდინა ჯანსაღ კოლექტივებზე, მრავალრიცხოვან პოპულაციებზე, მტკიცედ ჩამოყალიბებულ ეთნოსებზე, მაგრამ შესძლებიათ და ახდენენ კიდეც.  ეს მაშინ ხდება, როცა განსხვავებული კომპლიმენტარობის ეთნოსების შეჯახება მათ ერთ ქიმერულ მთლიანობაში იძულებით აერთიანებს და რაც ყოველთვის არამდგრადია. ეთნოსების შეჯახების არეალში, სადაც ქცევის სტერეოტიპები ორივე მხარისათვის მიუღებელია, ყოველდღიური ცხოვრება კარგავს მიმზიდველობას, აუცილებელ მიზანმიმართულობას და ადამიანებიც აქეთ-იქით აწყდებიან ცხოვრების საზრისის ძიებაში. ამას კი ისინი ვერასოდეს პოულობენ. და აი, სწორედ ამ დროს აღმოცენდებიან სიცოცხლისა და სიკვდილის სიკეთის უარმყოფელი, მაშასადამე დიალექტიკური განვითარების უარმყოფელნი.

ახალი ერის დასაწყისში ხმელთაშუაზღვისპირეთში, როცა აზრს ცრურწმენის ხუნდები აყრილი ჰქონდა და ის ისე ივსებოდა ელინური, იუდაური და სპარსული მსოფლშეგრძნებებით, როგორც ჩენჩო, ადამიანები საკუთარ მოსაზრებებს ყოველგვარი ქარაგმის გარეშე გადმოსცმდნენ. ჩვენო წელთაღრიცხვის III-IV სს-ში ეს კონცეფციები რამდენიმე სისტემის სახით დაკრისტალდა: გნოსტიციზმი, თალმუდური იუდაიზმი, ქრისტიანობა, ზოროასტრიზმი. თითოეული მათგანი სპეციალურ განხილვას იმსახურებს. მაგრამ ჩვენ ამას გადავდებთ, რათა არ გადავუხვიოთ მთავარ თემას – კერძოდ, ბიოპოლარობის პრინციპის განმარტებას. ეთნოსფეროში ამ პრინციპმა ჩვენს დრომდე მოაღწია და ის უკვე XX ს-ის ორი პოეტის მიერ არის ფორმულირებული. ისინი ბიოსფეროსთან მიმართებაში ურთიერთსაპირისპირო პოზიციებზე იდგნენ. რამდენადაც ჩვენ ახლა პრობლემის ისტორია კი არ გვჭირდება, არამედ – კლასიფიკაციის პრინციპი – ორი თვალსაჩინო მაგალითით შემოვიფარგლებით.

პირველი პოზიცია – სოფლის უარმყოფელი

და მიხვდა იგი… სახით ბაღისა, შემოღამების,

მას სიკვდილი ათასი გამოეცხადა:

ბუნება, ქცეული ჯოჯოხეთად, საქმეს

თავისას სულ იოლად აღასრულებდა,

ხოჭო ჭამდა ბალახს, ხოჭოს ჭამდა ჩიტი,

ქრცვინი კი ჩიტს თავიდან ტვინსა ამოსწოვდა.

ღამის არსებათა დაღრეჯილ სახეებს

მარად მძლავრი ბუნება ბალახიდან ჰმზერდა

და სიკვდილს და სიცოცხლეს ერთ გორგალად

თხზავდა, მაგრამ აზრი უძლური მის ამ ორ

საიდუმლოს შორი-შორს ვერ რგავდა.

(. ზაბოლოცკი, თარგმანი ქეთევან ჯერვალიძისა)

ამ პოზიციაში შეერთებულია გნოსტიკოსების, მანიქეველობის, ალებიგოელების, კარმატების, მახაიანისტების შეხედულებანი – მოკლედ ყველასი – ვინც კი მატერიას ბოროტებად თვლიდა, ქვეყნიერებას კი – ბოროტების ასპარეზად.

მეორე პოზიცია – საწუთროსმოყვარეობითია

შესაქმიდან სამყაროისა, ასგზის

კვდებოდა და სახეს იცვლიდა  მიწა,

ეს ქვა ოდესღაც ღრენდა,

ეს სურო ცაში კამარას კრავდა,

კვდებოდა და აღდგებოდა

სამყაროული სულით აღვსილი.

ამაშია საღვთო ნება დედამიწისა,

თვით მისთვისავე გაუგებარი.

(ნ. გუმილიოვი, თარგმანი ქეთევან ჯერვალიძისა)

ეს პოზიციები მხოლოდ ერთში ემსგავსებიან ერთმანეთს, სახელდობრ: პერსონის (ადამიანის, ან ცხოველის) ბიოსფეროსთან მიმართების ირაციონალობაში. დანარჩენი დიამეტრულად საწინააღმდეგოა, როგორც ეს შუა საუკუნეებში და თვით ჩვენს ერამდე იყო.

პირველ პოზიციაში დისკრეტული სისტემების (ბიოცენოზი) ხისტი სისტემებით (“და მესიზმრება რკინის ტურბინის ლილვი”) შეცვლისაკენ სწრაფვაა, რაც განვითარების ლოგიკის თანახმად, ცოცხალ ნივთიერებას გადააქცევს მკვდრად, მკვდარი თერმული რეაქციისას დაიშლება მოლეკულებად, მოლეკულები – ატომებად. ატომებს გამოეყოფა ნაწილაკები, რომელნიც ანიჰილირების გზით ვირტუალურად გადაიქცევიან. ასეთი განვითარების ლიმიტი ვაკუუმია და პირიქით, სისტემის გართულებისას, როცა სიკვდილ-სიცოცხლე ხელიხელჩაკიდებულნი დადიან, წარმოიშობა მრავალფეროვნება, რაც მყისვე გადაეცემა ფსიქოლოგიურ სფეროს და წარმოქმნის ხელოვნებას, პოეზიას, მეცნიერებას. მაგრამ, ცხადია, “ამ ყველა სევდის, სიხარულის და უაზრობის” გამო, მაგიერის გაღებაა საჭირო “უკანასკნელის გამოუსწორებელი სიკვდილით”.

უნდა ითქვას, რომ ეთნიკურ ისტორიას აქვს სამი პარამეტრი: 1. თითოეული ეთნოსის მიმართება მის გარემომცველ და გამომკვებელ ლანდშაფტთან, თანაც ამ კავშირის დარღვევის შემთხვევაში, როცა მარტივდება, ან უფრო სწორად თუ ვიტყვით, მახინჯდება ლანდშაფტი და ეთნოსის კულტურა, მისი აღდგენა შე საძლებელია 2. აფეთქება, ამის შედეგად პასიონარობის დაკარგვა. ეთნოგენეზი, როგორც ენტროპიული პროცესი. 3. ეთნოსიდან ცალკეული პერსონებისა და სექტების გამოცალკევების პროცესი, რაც ცვლის ქცევის სტერეოტიპებს და ბუნებრივ გარემოსთან მიმართებას საწინააღმდეგოზე.

მხოლოდ ამ უკანასკნელ პარამეტრში  თამაშობს გადამწყვეტ როლს ადამიანის თავისუფალი ნება, რაც მისი არჩევანის ნებას უზრუნველყოფს. და რაც მაინც მორალურ-იურიდიულ ნორმასაა დაქვემდებარებული, რადგან თუკი ვინმე მოისურვებს დამნაშავე და ბოროტმოქმედი გახდეს, მისი განსჯა გონივრულია.

ამ სამ ფორმულაში თავსდება ეთნოლოგიის ასასხსნელად საჭირო ყველა თეორია: თუ რატომ მიდის ხალხებისა და სახელმწიფოების ისტორია არა პირდაპირი პროგრესის გზით, არამედ ზიგზაგებით,  ცალკეული ვარდნილებით არაფრობაში და ასეთ ტრაგიკულ ფონზე მაინც რატომ არსებობენ ეთნოსები და რატომ ხარობენ სიცოცხლით?

ცხადია, განცალკევებულად არავინ ცხოვრობს, თუნდაც ეს ძალიან უნდოდეს. უხილავი ძაფები აკავშირებს ქვეყნებს, რომელთა მცხოვრებლებსაც ერთმანეთი არასოდეს უნახავთ და როგორც არ უნდა ვუწოდოთ ამ კავშირებს: კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო. . . – ისინი არღვევენ ეთნოგენეზთა მდინარებას, ქმნიან ისტორიის ზიგზაგებს, წარმოშობენ ქიმერებს და ასაძირკვლებენ ანტისისტემებს.

სხვა ეთნოსის იდეოლოგიური ზემოქმედება მოუმზადებელ ნეოფიტებზე ვირისულ ინფექციასავით, ნარკოტიკებივით, მასობრივი ალკოჰოლიზმივით ზემოქმედებს. ის, რაც სამშობლოში განიხილება, როგორც ნორმებიდან არაარსებითი და შემობრუნებადი გადახრა, ღუპავს მთელ ეთნოსებს, რომელნიც არ არიან მზად უცხო,  თვალწარმტაც და მათრობელა იდეებს შეეწინააღმდეგონ. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნებოდა გნოსტიციზმი, როგორც სიცოცხლისუარმყოფელი ლოგიკა.

“გნოსტიციზმი” – ამ სიტყვით ჩვენ განვსაზღვრავთ იმავე ქრისტიანული აზრის იმ ნაკადებს, რომელნიც რამდენიმე საუკუნის  შემდეგ გამარჯვების მოზეიმე ეკლესიამ უკუაგდო. ამ მოვლენებს თავისი ისტორია აქვს.

ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო თუ არა სპარსეთი თავისი მცირეაზიული პროვინციებით – სირიითა და ეგვიპტით, გადაწყვიტა, რომ ის ელინებისა და აღმოსავლელი ადამიანებისაგან ერთიან, გრანდიოზულ ეთნოსს შექმნიდა. ამისათვის მან თავისი რამდენიმე ასეული ოფიცერი  – მაკედონელთა ბრძოლებში დაღუპული სპარსელი დიდებულების დაობლებულ ასულებზე დააქორწინა. რა თქმა უნდა, ახალი ეთნოსი არ წარმოიშვა: ბრძანებით ეთნოსს, ბუნების მოვლენას, ვერ შექმნი. მისი იმპერია, როგორც სოციალური მოვლენა, დაიშალა და როგორც ეთნიკური კონგლომერატი ქიმერად გადაიქცა. მოსული ბერძნები და აბორიგენები ერთსა და იმავე ქალაქებში ცხოვრობდნენ, იმავე ხელობებსა და ვაჭრობებს მისდევდნენ, ერთსა და იმავე დუქნებში ერთობოდნენ, მაგრამ ჯიუტად უცხოობდნენ ერთმანეთს.

ასე, მაგალითად, ალექსანდრიაში – ეგვიპტის დედაქალაქში, სადაც მაკედონელ მხედართმთვართაგან ერთის – პტოლემაიოსის – მემკვიდრეები მმართველობდნენ., მოსახლეობისს 50% ბერძნები იყვნენ, 40% – ებრაელები, ხოლო 10% – სხვა დანარჩენი, მათ შორის ეგვიპტელნიც.

სწორედ ამ დროს ბერძნულ-რომაულმა სამყარომ პირველად მიიღო შესაძლებლობა ბიბლიის ტექსტებს გასცნობოდა. ეგვიპტის მეფე პტოლემაიოსი დარწმუნდა, რომ მისი ფილოსოფოსები ვერ ახერხებენ ებრაელი რაბინები ფილოსოფიურ პაექრობაში დაჯაბნონ. ფილოსოფოსებმა საკუთარი თვალსაზრისი პტოლემაიოსს შემდეგნაირად ჩამოუყალიბეს: “ჩვენ მათთან კამათს ვერ შევძლებთ, რადგანაც არ ვიცით, რას ამტკიცებენ ისინი, ჩვენ რომ მაგათ ერთ თეზისს უარვყოფთ, ეგენი გვეუბნებიან: “დიახ, თქვენ იმას უარყოფთ, არა იმას” – და სრულიად სხვა თეზისს წამოაყენებენ. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა წერია მაგათ წიგნებში.

პტოლემაიოსმა საჩივარზე რეაგირება იმ დროის სულისკვეთებით მოახდინა. ალექსანდრიაში 72 რაბინი ერთ ღამეში დააპატიმრა. მეფე წარუდგა მათ და მოკლე სიტყვით მიმართა: “ახლა, თითოეულ თქვენგანს დაგირიგდებათ ბიბლიის ეგზემპლარი, საკმაო პაპირუსი და წერისათვის განკუთვნილი ინვენტარი, მოგათავსებენ სათითაოდ ერთკაციან კამერებში. კეთილი ინებეთ და თარგმნეთ თქვენი წიგნი ბერძნულად. ჩემი ფილოლოგები შეამოწმებენ და თუ თანხვედრას არ ექნა ადგილი, გამოძიებას არ დავიწყებ, ვინ არის თქვენ შორის მართალი, ყველას ერთად ჩამოგახრჩობთ. ახალ რაბინებს შევკრებთ და სულ ერთია, ახალ თარგმანს მივიღებთ”. მეტად აღარ დასჭირვებიათ ვინმეს ჩაკეტვა – მან თარგმანი მიიღო, რაბინები სახლებში გაუშვეს. ასე შეიქმნა ბიბლია, სეპტუაგინტა-ბიბლია. სამოცდაათი განმმარტებლის მიერ თარგმნილი.

ბერძნებმა ის რომ წაიკითხეს გაოცებისაგან აზრზე ვერ მოვიდნენ: შესაქმის წიგნის მიხედვით, ეს როგორ არის სამყარო შექმნილი? ღმერთმა თავდაპირველად მთელი სამყარო შექმნა მთელი უსულო და სულიერი სამყარო, ბოლოს კი კაცი – ადამი, შემდეგ მისი ნეკნისაგან ევა და აუკრძალა მათ ვაშლი, ხე ცნობადისაგან კეთილისა და ბოროტისა ეჭამათ. გველმა კი აცდუნა ევა, ევამ – ადამი. მათ იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი და შეიცნეს სად ბოროტი იყო და სად კეთილი. რითაც რისხვა გამოიწვიეს ღვთისა. ღმერთმა ისინი სამოთხიდან გამოაძევა.

ბერძნები ამას ასე მიუდგნენ: “ჩვენთვის ყველაზე მთავარი შემეცნებაა, ხოლო ებრაელების ღმერთი ამას გვიკრძალავს; აი გველი – კარგია, ის ჩვენ დაგვეხმარა და მათ გველის თაყვანისცემა და ბიბლიური ღმერთის განსჯა დაიწყეს, სამყაროს შემოქმედ ღმერთს მათ “ხელოსანი” დემიურგიც კი დაარქვეს. ღვთისმეტყველებითი აზრის ამ მიმართულების წარმომადგენლები ოფიტებად იწოდებოდნენ. ბერძნული სიტყვიდან “ოფის-გველი”.

ამ ლოგიკურ-ეთნიკური სისტემის თანახმად, სამყაროს საფუძვლად უდევს ღვთაებრივი ნათელი და მისი ზესიბრძნე, ხოლო ბოროტმა და უნიჭო დემონმა ილდაბაოთმა, რომელსაც ებრაელები იაჰვეს ეძახიან, შექმნა ადამი და ევა. მაგრამ მას მათი უმეცრებაში ყოფნა სურდა, რათა სიკეთესა და ბოროტებას შორის სხვაობა ვერ შეეცნოთ. მხოლოდ ღვთაებრივი ზესიბრძნის მოციქულის, სულდიდი გველის შემწეობით გადაიგდეს ადამიანებმა ღვთაებრივი საწყისის არსის – უცოდინარობის უღელი. ილდაბაოთი სჯის მათ განთავისუფლებისა გამო და ებრძვის გველს – ცოდნისა და თავისუფლების სიმბოლოს. ის აგზავნის წარღვნას (ამ სიმბოლოში ქვენა გრძნობები მოიაზრება), მაგრამ ზესიბრძნემ “ნათელი აპკურა” ნოეს და მის მიდგომას და დაიხსნა ისინი. ამის შემდეგ ილდაბაოთმა მაინც მოახერხა ადამიანთა მცირე ჯგუფის დამორჩილება, კავშირი შეკრა აბრაამთან და მის შთამომავლობას მოსეს მეშვეობით სჯული მისცა. თავის თავს ის ერთარსება ღმერთს უწოდებს, მაგრამ ისი ცრუობს. სინამდვილეში ის მხოლოდ მეორეხარისხოვანი ცეცხლოვანი დემონია, რომლის პირითაც ლაპარაკობდა ზოგიერთი ებრაელი წინასწარმეტყველი. სხვანი კი სხვა, არცთუ იმდენად ბოროტი დემონების პირით საუბრობდნენ.

ილდაბაოთს ქრისტეს დაღუპვა სურდა, მაგრამ მხოლოდ კაცი-იესოს სიკვდილით დასჯა მოახერხა, რომელიც შემდეგ  ის აღსდგა და ღვთაებრივ ქრისტეს შეუერთდა  მარადისობაში.

უფრო მშვენიერი და უკიდურესად გართულებული სისტემებით გამოვიდნენ II საუკუნეში ანტიოქიელი სატორნილი, ალექსანდრიელი ვასილიდე და მისი თანამედროვე ვალენტინი, რომელიც შემდეგ რომში გადასახლდა.

ალექსანდრიელი გნოსტიკოსები ღმერთს უმაღლეს არსებად, თავისთავში ჩაკეტილ ყოველგვარი ყოფიერის წყაროდ მიიჩნევდნენ. მისგან ღვთაებრივი არსებანი – ეონები მზის სხივებივით გამოდიოდნენ, რაც უფრო შორდებოდნენ ისინი თავის წყაროს, იმდენად მეტად სუსტებოდნენ. მათ მლიანობას, ანუ ყოველივე არსებულის სისავსეს კი პლერომა ერქვა. პლერომასთან ერთად არსებობს უხეში, უსიცოცხლო მატერია, რასაც ნამდვილი ყოფიერება კი არა აქვს, არამედ მხოლოდ მისი გარეგნობა, შესახედაობა. იგი სიცარიელედ იწოდება. სამყარო ამ ორი სტიქიის  – პლერომისა და მატერიის ურთიერთ შეხებისა და შერევით წარმოიშვა. ეონთა შორის ყველაზე განაპირა თავისი სისუსტის გამო ჩამოვარდა მატერიაში და გაასულიერა იგი, რისი წყალობითაც წარმოიქმნა ხილული სამყარო. ღვთაებრივისა და მატერიალურის დაპირისპირებულობა ადამიანებსა და დემონებში ბოროტების მიზეზი გახდა.

გნსტიკოსები სამყაროს წარმომშობ ეონს დემიურგსაც უწოდებენ და მას ძველი აღთქმის ღმერთს უტოლებდნენ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ მან შექმნა სამყარო უწესრიგოდ, რომ ის მოხარულიც კი იქნებოდა სული მატერიის მარწუხებისაგან გაეთავსუფლებინა, მაგრამ არ შეუძლიაო. იყო აგრეთვე ჰიპოთეზა, რომ ეს ეონი ბოროტად ეწინააღმდეგებოდა მასზე აღმატებული ეონების დახმარებას.

უმაღლესი ღვთაება მუდმივად ზრუნავს დემიურგის მსხვერპლზე – ადამიანურ სულებზე. ის მიისწრაფის მათში მათივე მაღალი წარმოშობის აზრი დაიცვას და ისინი მატერიასთან ბრძოლაში გააძლიეროს. ამ მიზნისათვის ის დროდადრო ატყობინებდა ადამიანებს, ვისაც ამისი უნარი აქვს – წინასწარმეტყველებსა და ფილოსოფოსებს – ახალ სულიერ ელემენტებს. ბოლოს მიწაზე პირველი ეონი გამოგზავნა ეთერული სხეულით. იგი ნათლისღებისას კაც-იესოს შეუერთდა და ადამიანებს უკან, პლერომაში დაბრუნების გზა უჩვენა. განრისხებულმა დემიურგმა კი, სხვა სიტყვებით სატანამ, იესო ჯვარცმამდე მიიყვანა. ზეციურმა ქრისტემ კაცი იესო დატოვა ჯვარზე და უმაღლეს არსს დაუბრუნდა. მაშასადამე, სულის ხსნა – ეს მატერიისაგან თავის დახსნაა, მასთან ბრძოლის გზით.

ანტიოქიური სკოლა, სადაც სატორნილი ასწავლიდა, პრობლემებს რამდენადმე სხვაგვარად განამარტავდ:ა: „არა, მატერია და სული პირველქმნილნი არიან, ისინი ყოველთვის არსებობდნენ, უბრალოდ მატერიამ მოიტაცა სულის ნაწილი და შეპყრობილი ჰყავს. თუმცა ამ ბორკილებისაგან განთავისუფლება აუციელებელია, ზოგადად რომ ვთქვათ, მატერია სულის პარალელურად არსებობს“. ამ სატორნილისეული სკოლიდან გამოვიდა შესანიშნავი მოძღვრება სპარსელი წინასწარმეტყველი მანისა.

ირანში მდგომარეობა რამდენადმე განსხვავებული იყო. მეომარი პართიელები სტეპელ საკებთან გაერთიანდნენ და ირანიდან მაკედონელები განდევნეს. მათი მეფეები მამაცურად იცავდნენ თავიანთ მიწას მაკედონელებისა და რომაელებისაგან, მაგრამ ელინური კულტურის ხიბლს ისინიც დაემორჩილნენ, მათ დედაქალაქში იდგმებოდა ევრიპიდეს ტრაგედიები, იმართებოდა საუბრები პლატონის ფილოსოფიის ირგვლივ, სპარსულ ენაზე ითარგმნებოდა არისტოტელე და შესაბამისად, ამ ქიმერულ მთლიანობაში – პართიულ სახელმწიფოში – გაიშალა გნოსტიციზმი.

224 წელს არდაშირ პაპაკანმა, მთავარმა სასანიდების სახლიდან, პართიელები “ირანის წმინდა მიწიდან” გააძევა და ზარატუსტრას მოძღვრებაც აღადგინა. მაგრამ ზოროასტრისეული კულტის მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ სპარსელები დაიშვებოდნენ, ხოლო შუამდინარეთის მოსახლეობა ან ქრისტიანობას ღებულობდა, ან გნოსტიციზმს. და აი, ამ ორი სამყაროს ელინური და სპარსული სამყაროს საზღვარზე დაიბადა განსაკუთრებით ფაქიზი, ნიჭიერი ხელოვანი, კალიგრაფისტი და მწერალი მანი. სიბრძნის საძიებლად იგი ინდოეთშიც კი წავიდა, ხოლო სამშობლოში დაბრუნებული ახალ მოძღვრებას ასწავლიდა,  რამაც  შემდგომში უზარმაზარი როლი ითამაშა კულტურის ისტორიისა და ასევე ეთნოგენეზის განვითარებაში.

აღვნიშნშნავთ, რომ გნოსტიკოსები მეოცნებე და ღვთისმაძიებელი ადამიანები ხდებოდნენ, თითქმის ფანტასტები, რომელნიც ანტიკურ ფილოსოფოსთა მსგავსად ისწრაფვოდნენ, რათა სამყაროს არაწინააღმდეგობრივი და მწყობრი კონცეფცია შეექმნათ. კონცეფცია, რომელშიც სიკეთე და ბოროტება იქნებოდა ჩართული. გნოსტიციზმი – ეს სამყაროს შეცნობა როდია, არამედ ცნებების პოეზია, რომელშიც მთავარ როლს სინამდვილის მიუღებლობა თამაშობს. გნოსტიკური სისტემები ძალიან გასაოცარი იყო თავისი სილამაზით, ლოგიკურობითა და მოულოდნელობით. მაგრამ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მეცნიერულ აზრთან. ისინი არაფერს ხსნიდნენ, და არც საჭიროდ მიაჩნდათ, გარდა ერთი გამონაკლისისა,: მანის მოძღვრებისა და მისი მიმდევრების. მანიქეველები ადამიანებს უხსნიდნენ რა არის ბოროტება, მანი კი ასეთ იდეებს ქადაგებდა: ადრე ნათელი  და ბნელი გამიჯნული იყო ურთიერთ შორის. ბნელი მოძრაობდა უწესრიგობაში, ერთგვარ ბრუნვისებრ მოძრაობაში და ერთხელაც იგი სინათლის ზღვარს მიუახლოვდა და შიგ შეჭრას შეეცადა.

წყვდიადის წინააღმდეგ გამოვიდა “პირველკაცი” რომლის სახელად უნდა მოვიაზროთ ორმუზდი. სწორედ მან დაიწყო წყვდიადის სინათლესთან კონტაქტის წინააღმდეგ ბრძოლა. მაგრამ ორმუზდი წყვდიადის ღრუბლებმა დაფარეს, მისი ნათელი სხეული ნაწილებად დაგლიჯეს და აწამებენ ამ ნათლის ნაწილაკებს. ამგვარად, სამყარო წყვდიადისა და ნათელის ნარევია, მიღწეულ უნდა იქნას ამ ნაწილაკთა განთავისუფლება, რის გამოც პირველად ქრისტე მოვიდა, შემდეგ კი იგი – მანი, ნუგეშისმცემელი.

მანის მოძღრების თანახმად,. გასათავისუფლებლად საჭიროა აკეტური თავშეკავება, არც თბილისისხლიანი ცხოველის დაკვლა, არც ჭამა, არამედ მცენარეული საზრდო. შემოთავაზებული იყო აგრეთვე ყოველგვარი ხორციელ სიამეთაგან თავშეკავება, რადგან ოჯახი ბუნებრივი გზით აჯანსაღებს ორგანიზმს და კიდევ უფრო მაგრად იჭერს სულს. ამასთანავე დაშვებული იყო ორგიები, სწორედ იმიტომ, რომ ეს სულს განთავისუფლებაში ეხმარებოდა. სისტემა, როგორც ვხედავთ ლოგიკურია.

თვითმკვლელობა კი ვერ ეხმარება სულს განთავისუფლებაში, რადგან ისინი სხეულიდან სხეულში სულის გადასახლებას აღიარებენ. სულის ნამდვილი განთავისუფლება მიიღწევა მხოლოდ ნამდვილი სიკვდილით – ცხოვრებისადმი ყოველგვარი ხალისის სრული დაკარგვით, მართალია, მანი ტრაგიკულად დაიღუპა მაგების – ზოროასტრიზმის სასულიერო პირების  – ხრიკების გამოისობით, მაგრამ მისი მოძღვრება მთელ ოიკუმენაში გავრცელდა – ჩინეთიდან ტულუზამდე და ყველგან მტრულ წინააღმდეგობას აწყდებოდა, რადგან მასში მკვეთრად მჟღავნდება ცოცხალი ბუნების, ოჯახის, შემოქმედებისა და თვით ეთნოსების ისტორიის მიუღებლობა, როგორც ბოროტი საწყისის – წყვდიადის დანაბადისა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ გნოსტიკოსების უმრავლესობა არ ესწრაფოდა თავისი სწავლების გავრცელებას, რადგან ისინი უმეცარი ადამიანების აღქმისათვის ძალიან რთულად მიაჩნდათ და მათი კონცეფციები მათთან ერთადვე კვდებოდნენ. მაგრამ II საუკუნის შუა  წლებში ქრისტიანმა მოაზროვნემ, მარკიონმა, ათენში პავლე მოციქულის მიერ “უხილავი ღმერთის” შესახებ წარმოთქმულ სიტყვაზე დაყრდნობით,  გნოსტიკური კონცეფცია იმ დონემდე განავითარა, რომ ის მისაწვდომი გახდა ქრისტიანების ფართო მასებისათვის.

მარკიონი წარმოშობით მცირე აზიელი იყო17. თავდაპირველად ვაჭრობას მისდევდა, შემდეგ კი როგორც განათლებულმა კაცმა, ხელი ფილოლოგიას მოჰკიდა და ძველი და ახალი აღთქმის შესახებ დიდი ტრაქტატები დაწერა. მათში იგი ძალიან კვალიფიციურად ასაბუთებდა, რომ ძველი  და ახალი აღთქმის ღმერთები სხვადასხვა ღმერთებია და აქედან გამომდინარე, ქრისტიანი არ უნდა მიაგებდეს პატივს ძველ აღთქმასო. მაგრამ ძველი აღთქმის ღმერთისადმი პატივისცემა რადგან ყოველდღიურობაში უკვე დამკვიდრებული იყო, საეკლესიო პირთა დიდმა ნაწილმა იგი არ მიიღო. ეკლესია კი ორად – მარკიონიტებად და მარკიონის მოწინააღმდეგეებად გაიყო. II საუკუნეში მარკიონიტებმა გაიმარჯვეს, მაგრამ III საუკუნეში დუალისტებს მონიზმის მიმდევრებმა აჯობეს.

მარკიონი სატანის მიმდევრად გამოაცხადეს და მისი მოძღვრება არ მიიღეს. ეკლესიამ იგი განკვეთა, ხოლო მის წიგნს ფრთხილი დუმილი გამოუცხადა – ყველაზე საშინელი, რაც კი შეიძლება იყოს სწავლულისათვის – ამ თემაზე საუბარი აუგად მიიჩნეოდა (მარკიონის მტკიცებულებათა სისტემა გერმანელმა ა.დოლენგერმა აღადგინა, მან სხვადასხვა ტექსტებიდან ამოკრიბა მარკიონის არგუმენტები, რომელნიც ამტკიცებდნენ, რომ ძველი და ახალი აღთქმის ღმერთები ისე უპირისპირდებიან  ერთმანეთს, როგორც სიკეთე და ბოროტება).

მარკიონის სწავლება მაინც არ გამქრალა. თაობიდან თაობაზე ასეული გადაცემის მეშვეობით ის მცირე აზიაში, მარკიონის სამშობლოში შემორჩა და IX საუკუნეში ფერნაცვალი, მაგრამ ჯერ კიდევ შესაცნობი, პავლიკიანელთა აღმსარებლობა გახდა, მოციქულ პავლეს მიხედვით. ისინი ბიზანიტიური მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ამის გამო მუსლიმანებთან კრავდნენ კავშირს.

პავლიკიანელები18, მიუხედავად იმისა რომ სახარებას არ უარყოფდნენ, არ შეიძლება ქრისტიანებად ჩავთვალოთ. ისინი ჯვარს წყევლის სიმბოლოს უწოდებდნენ, რადგან მასზე ქრისტე იქნა გაკრული. უარს ამბობდნენ ხატებსა და წეს-ჩვეულებებზე, არც ზიარებას სცნობდნენ, არც ნათლისღების საიდუმლოს, ყოველივე მატერიალურს კი ბოროტებას უწოდებდნენ. პავლიკიანელები თანამიმდევრულები იყვნენ და აქტიურად იბრძოდნენ ეკლესიის, ხელისუფლების, მრევლისა და ქვეშევრდომების წინააღმდეგ. მათ შემოსავლის წყაროდ გოგო-ბიჭების არაბებისათვის მიყიდვა გაიხადეს . ამასთანავე პავლიკიანელთა რიცხვში გაკრეჭილი მღვდელ-მონაზონნი და ბევრიც პროფესიონალი მებრძოლი იყო. ამ სექტანტების მხეცობის მოთოკვა მათ სულიერ წინამძღოლებს უჭირდათ. ცხოვრებას მაინც თავისი გაჰქონდა, თუნდაც ბრძოლის ლოზუნგი ცხოვრების უარყოფა ყოფილიყო . არ ღირს ამაში მარკიონი დავდანაშაულოთ, რადგან ანტისისტემას იდეოლოგიურ საფუძვლად სხვა კონცეფციაც შეიძლება დასდებოდა.

პავლიკიანელობა 872 წელს სამხედრო ძალით იქნა განადგურებული, რის შემდეგაც ტყვე პავლიკიანელებს სიკვდილით კი არ სჯიდნენ, არამედ ბულგარეთის საზღვარზე  საზღვრის დასაცავად ასახლებდნენ. ასე,  შერეულად, მანიქეურ-მარკიონული დოქტრინა შეიჭრა ბალკანურ სლავებში და ბოგომოლობა დაბადა, დუალიზმის ვარიანტი, მანიქეური პროტოტიპისაგან ძალიან განსხვავებული, მაგრამ იმ წლების მაკედონიაში ძლიერ ფეხმოკიდებული.

ბოგომოლები ასწავლიდნენ, რომ ღვთისაგან შექმნილი ანგელოზთა მეთაური სატანაილი ამპარტავნებისა გამო აჯანყდა და შთაგდებულიქნა წყალში, რადგან მაშინ ხმელეთი ჯერ კიდევ არ არსებობდა. სატანაილმა შექმნა ხმელი და ადამიანები, მაგრამ მათი გასულიერება ვერ მოახერხა. ამისათვის მან ღმერთს მიმართა  და თან მორჩილების პირობაც მისცა. ღმერთმა შთაბერა სული ადამიანებს, სატანაილმა კი შექმნა კაენი. ღმერთმა ამის პასუხად უხორცო ანგელოზთა ხელმძღვანელი იესოს უსხეულო სულის ემანაცია მოახდინა. იესო მარიამის ერთ ყურში შევიდა და მეორიდან გამოვიდა. ასე შეიძინა მან ადამიანის ფორმა, თუმცა აჩრდილისებრი დარჩა. ანგელოზებმა დაჯაბნეს სატანაილი, წაართვეს მას სუფიქსი “ილ” რაშიც დამალული იყო ძალა, იგულისხმება მისტიკური და იგი ჯოჯოხეთში ჩააგდეს. ახლა ის სატანაილი კი აღარ არის, არამედ – სატანა. იესომ კი მიატოვა მატერიალური, სატანაილის მიერ შექმნილი სამყარო და მამის წიაღს დაუბრუნდა. კონცეფციიდან მარტივი დასკვნა გამომდინარეობდა – “დაჰკარ ბიზანტიელებს”.

როგორც აღწერიდან ჩანს, მანიქეველებს, მარკიონიტებსა და ბოგომილებს შორის განსხვავება მეტი იყო, ვიდრე კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის. მაგრამ დუალისტებს ჰქონდათ ერთიანი, თექვსმეტი ეკლესიისაგან შემდგარი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ეკლესია, მათი მსგავსება აღემატებოდა განსხვავებას, მიუხედავად იმისა, რომ მისი საფუძველი უარყოფა იყო. უარყოფაში იყო მათი ძალაც და მათივე უძლურებაც. უარყოფა მათ ეხმარებოდა ხოლმე ძლევაში, მაგრამ ამასთანავე არ აძლევდა საბოლოო გამარჯვების საშუალებას.

ამაში გამოიხატა უარყოფის შეზღუდულობა. ალბიგოელების, მანიქეველების, პავლიკიანელების, ისმაილიტების და სხვათა მსოფლშეგრძნება – ეს  ნეგატიური ეკოლოგიის სისტემებიაა. არ უყვარდათ რა სამყარო, მანიქეველები არ იცავდნენ მას, პირიქით, ყოველივე ცოცხლისა და მშვენიერის მოსპობოსაკენ მიისწრაფოდნენ.  სამყაროსა და ადამიანთან მოყვრული დამოკიდებულების მაგივრად, ისინი ზიზღისა და სიძულვილის კულტივირებას ახდენენ. საბედნიეროდ, მანიქეველებს  შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ: საბოლოო გამარჯვების შესანარჩუნებლად მათ ხორცის და მატერიის მოსპობაზე უარის თქმა მოუწევდათ. ე..ი. უნდა გადაებიჯებინათ იმ სისტემისათვის, რის გამოც გამარჯვებას ესწრაფოდნენ.

ცხოვრების გმობის პოზიციას როგორც კი დაადგები, კანონად როგორც კი სამყაროსადმი სიძულვილს მიიღებ, არ შეიძლება მისგან საკუთარი სხეული გამორიცხო. ამიტომ აუცილებელია, ფლაგელანტობა უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ როგორც იმ დროის ანტისისტემის ინვარიანტი. გონების ლოგიკური თამაში, როგორც დავინახეთ, სუპერეთნიკური კონტაქტის სპეციფიკურ პირობებში ჰპოვებს  გასაქანს. იგი წარმოშობს წყვეტას, უფრო ზუსტად კი, ეთნიკური ტრადიციების ზიგზაგს.

        . პანჩენკო. მთლიანად გეთანხმებით იმაში, რომ ფლაგელანტობა ეს ფაკულტატური, გვერდითი განშტოებაა იმ ძველი და მარადიული აღმსარებლობისა, რომელიც სამყაროს სიძულვილზეა დამყარებული. ეს კონფესია სხვადასხვა სამოსით იმოსება ხოლმე. იგი სულის უკვდავების იდეას ხან ღებულობს, ხან კი უარყოფს. ხან თითქოს პატივს მიაგებს ღმერთს (როგორს? – აი კითხვა!), ხან კი სასტიკად უჯანყდება. თავის გასამართლებლად იგი,  ყოველგვარ  რელიგიურ, ასევე ათეისტურ მსოფლმხედველობით ”მთლიანობებს” ქმნის. აუცილებელი როდია, ისინი თვალთმაქცური იყოს, რადგან სისულელისა და ბოროტების დაჯერებაც შესაძლებელია. სამწუხაროა ეს, მაგრამ ერთობლიობანი,ძველებურად რომ ვთქვათ, ყოველთვის “მაცდურობა” და “მზაკვრობაა”. მათი ფსიქოლოგიური სარჩული ერთი და იგივეა :- შიში ცხოვრების წინაშე, შური სხვებისადმი – მათი სიმამაცის, ნიჭიერების, სათნოების, უბრალოდ სულიერი წონასწორობის. “კეთილგანწყობილების” გამო. რეზულტატი ან პესიმიზმია (ეს არცთუ ისე საზიანოა), ან – ბოროტმოქმედება.

ასე რომ, იოანე მოციქულის სიტყვებით “სიყვარულში არ არისო შიში”. ის უპირისპირდება ბოროტებას და არცთუ წარუმატებლად. როგორი ზიგზაგებიც არ უნდა გააკეთოს კაცობრიობამ , ის მაინც ყოველთვის სიყვარულის მოძღვრებებს უბრუნდება19. მე მგონია, რომ ჩვენს რთულ დროში, როცა ყველა წესიერ ადამიანს აძრწუნებს ბოროტების გამრავლება, სასარგებლოა, მაგალითად VII საუკუნის ქრისტიანი ოპტიმისტის,  მაქსიმე აღმსარებლის გადაკითხვა. მასთან ისტორიული მოძრაობა გამართლებულია: რადგან სამყარო ღვთის მიერაა შექმნილი, მაშ ისტორია ბოროტება კი არ ყოფილა, არამედ – სიკეთე. მთელი ქმნადი სამყარო წინასაუკუნოდ არსებობს ლოგოსში, “ყველა საგანი ანალოგიით მონაწილეობს, ღმერთში,  იმ ძალის შესაბამისად, რაც მისაგან გამოდის”. აქედან კი ის გამომდინარეობს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ, გვიყვარდეს, ვაფასებდეთ და გადავარჩინოთ ყველაფერი, რაც გარს გვახვევია – ბუნებაც, კულტურაც. ახლა ყველა ეკოლოგიაზე ლაპარაკობს, მაგრამ საუბრებში მოჩანას რაღაც თვითგადარჩენის ინსტინქტის, რაღაც ანგარებიანობის მსგავსი, ერთგვარი შიში. მაქსიმე აღმსარებელი სწორედ “კეთილგანწყობილებათა” შესახებ გვასწავლის.

რადგან ჩვენ რუსული გზის შესახებ ვმსჯელობთ, ღირს ჩავუღრმავდეთ რუსული სულის ეპოქალურ მდგომარეობებს, კერძოდ, ჩვენი პესიმიზმისა და ოპტიმიზმის ისტორიას. ანდრიასეული ლეგენდა ერთი იმ სიმპტომთაგანია, რომელიც გვაძლევს უფლებას იმის შესახებ ვიმსჯელოთ, რომ მონღოლებამდელი რუსეთი სამყაროს ღიმილით უმზერდა, ზნეობრივი სიჯანსაღის მდგომარეობაში იმყოფებოდა და უიმედობის სასიკვდილო ცოდვაში არ ვარდებოდა. საინტერესოა, რომ ამ მხიარული მოთხრობით, თუკი წიგნურ ტრადიციას ვირწმუნებთ, ადამიანები თითქმის XVI ს-მდე კმაყოფილდებოდნენ (ამ შიშისა და სიცრუის ეპოქაზე ჩვენ კიდევ მოგვიწევს საუბარი). როცა რუსეთი “სამეფოდ” გადაიქცა, “აბანოს” ლეგენდას უბრალოდ გადაესვა ხაზი (როგორც ბრიყვულს) და ისტირიულ თხზულებებში იგი რამდენადმე სერიოზული, ძალდატანებითი “მსჯელობით” შეიცვალა.

ასეთია ანდრია პირველწოდებულის კარიერა აღმოსავლეთ ევროპის დაბლობზე, სადაც ის სინამდვილეში “ხორციელად არ ყოფილა”. მისი კარიერა მონღოლამდელ რუსეთში დაიწყო, წარმატებით გაგრძელდა რუსეთის სამეფოში, ხოლო მწვერვალს პეტერბურგის რუსეთში მიაღწია. ჩვენს დიალოგში ეს ეპიზოდი აპლიკაციის ფუნქციით როდი ჩვრთე. არა იმისათვის, რომ მომეზიდა მისი ბრწყინვალებით მკითხველი. ანდრიასეული ლეგენდით ნათელი ხდება, რომ არსებობდნენ ეთნოგენეზისის პროცესებისაგან ავტონომიური გამჭოლი ხაზები. დიდი ხანია, აღარ არსებობენ ძველი ელინები. არავინ იდავებს, რომ მათსა და დღევანდელი ათენის მცხოვრებთა შორის ცოტაა საერთო. მაგრამ განა სოკრატე, პლატონი და არისტოტელე, როგორც მოძღვარნი სამყაროსი, მათსა და ჩვენში არ იმყოფებიან ? უკვდავნი არიან ისინი, რაღაც აზრით, მათ ჰგავს ანდრიაც. ჩვენ მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, მაგრამ ეს არ არის უბედურება. ანდრია თორმეტთაგან ერთია და უკვე ამიტომაც არის იგი პატრონის უფლებით აღჭურვილი.

მერე რა, რომ მას ჩვენს საზღვრებამდე არ მოუღწევია. არც ჯვარი აღუმართავს კიევის მთებზე, არც ჩრდილოეთის აბანოებში დაორთქლილა, რა ვუყოთ რომ ის რუსეთისათვის “არნახული” გმირია. მას ჩვენ ვერას გზით ვერ ამოვუყენებთ მეფე ზარბაზანს გვერდით, რომელსაც არასოდეს ისროდნენ, მეფე-ზარს ,  რომელსაც არასოდეს რეკავდნენ. მეფე-ზარბაზანი, მეფე-ზარი, მონომახის ქუდი ნივთთა სფეროს განეკუთვნება, ანდრია კი სულიერის სფეროს, ის ჩვენი მუდმივი თანამგზავრია. იგი ემოწმება და ამტკიცებს , რომ მონღოლებამდელ რუსეთს და ველიკორუსეთს სულიერი მემკვიდრეობა აერთიანებს. როგორია მისი უზრუნველმყოფელი მექანიზმები?

ალექსანდრე ნეველის ცხოვრებაში აღწერილია, რომ მის მიმდევართაგან ერთი მართლმადიდებლად ნათელღებული იჟორსკელი უხუცესი ღირსი გახდა ნევაზე ბრძოლის წინ ჩვენება ეხილა.  ნახა ნავი, მასზე იდგა მთავარი ბორისი გლებთან ერთად (ნიჩბოსნები  თითქოს დილის ნისლში იყვნენ  გახვეული) და უთხრა უფროსმა უმცროსს: “ძმაო, გლებ, ბრძანე, ნიჩბები მოუსვან, ჩვენს ნათესავს, ალექსანდრეს, უნდა შევეწიოთ”. ისინი, რა თქმა უნდა, ნათესავები არიან, მაგრამ მეშვიდე თაობაში და თანაც გვერდითი განშტოებით! რა არის ეს, “სისხლის ყივილი”? ჰო და არაც, შევეცადოთ გავერკვეთ, ვინაიდან გენეალოგიის თემა უაღრესად საჭიროა ველიკორუსული ცივლიზაციის არაწინასწარამოჩემებული გაგებისათვის.

ვ.ლ. კომაროვიჩმა თავის სტატიაში “გვარისა და ადგილის დედის კულტი XI-XII სს-ების სამთავროების რუსეთში”, რომელიც მან სიკვდილის წინ დაწერა (და ეს დ.ს. ლიხაჩოვის ძალისხმევით 1960 წელს ძველი რუსული ლიტერატურის განყოფილების შრომების XVI ტომში დაიაბეჭდა). აჩვენა, რომ ამ ორი ასწლეულის განამავლობაში რიურიკების სახლის მთავრებში მიღებული იყო სასოება “წინაპრებისა და მათეული ლოცვის ძალისა”, რომ მას ყოველგვარი განსაცდელისაგან დახსნას მიაწერდნენ. 1169 წელს მისი მადლით გადაურჩა პოლოვცურ ხმალს მიხალკო, იური დოლგორუკის ძე; მისი მადლიერნი იყვნენ 1217 წელს შემორიგებული კონსტანტინე და იური ვსევოლოვიდოვიჩები. უკანასკნელი, ვინც მისი კეთილმყოფელი ძალა განიცადა მიხეილ იაროსლავიჩ ტვერელი იყო. იგი როგორღაც მიეხმარა მას თათრების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს 1299 წელს მოხდა. ამ თარიღის შემდეგ ლავრენტისეული მატიანე, რომელშიც კიდევ რამდენიმე ანალოგიური ეპიზოდია, დუმს “წინაპირებსა და მათეულ ლოცვაზე”.

ის, რა თქმა უნდა, არაეკლესიურია და მართლამადიდებლური თვალსაზრისით, “თავისუფალ მოაზრეობითი”. მამა-პაპათა მიერ ლოცვაშეწევნილ შთამომავალთაგან არც ერთი არ შეურაცხავთ წმინდანად. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება თავდებობა იმაზე, რომ ეს პაპები და მამები ცეცხლოვან გეენიაში არ იმყოფებიან. იქიდან შეწვნის მოლოდინი კი უაზრობაა. ეს ლოცვა, ცხადია, წარმართობის ნაშთია, გარდასულ წინაპართა “გამოძახილი”, გვარისა და კერიის კულტთან დაკავშირებული. შემთხვევითი არ არის, რომ მატიანეთა მოგვიანო კრებულებში გატარებულია ორთოდოქსული, ანტიწარმართული ცენზურა: “მამთა ლოცვანი” ან უარყოფილია, ან კიდევ “წმინდა მამების” ლოცვით შეცვლილი. ეს ცვლილება გვიჩვენებს, რომ XIV საუკუნეში დადგა ახალი ფაზა ჩვენი წინაპრების მსოფლშეგრძნებაში. კულტუროგენეზი მოცემულ შემთხვევაში სრულიად შეესიტყვება ლევ ნიკოლაევიჩ, თქვენს ეთნოგენეტიკურ მოსაზარებებს.

სამქე ისაა, ველიკორუსეთში თანდათანობით ჩამოყალიბდა, და თითქმის XVII საუკუნის შუახნებამდე იყო მოქმედი, განსაკუთრებული მონღოლამდელი რუსეთისა და კათოლიკური დასავლეთისათვის უცნობი სისტემა – “სულიერი გამოკვების სისტემა”. ქვეყნის მოსახლეობა შედგებოდა სისხლით ნათესავი ოჯახებისა და მონანიეთა ოჯახებისაგან. ორივე სქესის მცხოვრებნი, ასაკს მიტანებულნი, ირჩევდნენ სულიერ მამას, თანაც სრული თავისუფლების პირობებში, გამომდინარე პრინციპიდან  “მონანიება ნებითა”. საერონი და თეთრი სასულიერო წოდება თეთრ მღვდელს ირჩევდა, ბერ-მონაზვნები კი – შავს. სულიერი მამა იბარებდა აღსარებას, აკისრებდა ეპიტიმიას, აზიარებდა. თავის მრევლზე ის სრულ პასუხისმგებლობას კისრულობდა, რაც ნიშანდობლივი ჟესტით განმტკიცდებოდა: აღსარების ჩამბარებელი მარჯვენა ხელს ადებდა მოძღვარს, ცოდვები კი ერთიდან მეორეს გადაეცემოდა. მიაჩნდათ, რომ მართლმადიდებელნი იმ სოფლად პირუთვნელ მსაჯულთა წინაშე სწორედ ოჯახებად უნდა წარმდგარიყვნენ. “აჰა, ესერა, უფალო, შვილნი ჩემნი!” – წარმოთქვამს სულიერი მამა.

ეტყობა, ეს სისტემა გვარის კულტის გაქრობისა თუ დასუსტების თავისებურ კომპენსაციად იქცა. მონღოლამდელ პერიოდში ადამიანს ეკლესია და გარდასული წინაპრები “კვებავდნენ, ველიკორუსულ პერიოდში კი ეს ადამაინი რჩებოდა რა მრევლის წევრად, იმედს მომნანიებელ ოჯახზე ამყარებდა. ალექსანდრე ნეველის ცხოვრებიდან ზემოთ მოხმობილი ეპიზოდი რუსულ  შემეცნებაში გარდატეხის აღმნიშვნელი ეტაპია. ბორისი და გლები წმინდანები არიან, ხარისხით – ზეციური ქომაგნი, მაგრამ ისინი “მშობლებიც არიან, წინაპარნიც “და ამ რანგის გამოისობით, შეუძლიათ ნათესავის მოხმარება.

ამგვარად, მსოფლმხედველობრივი პოსტულატები სიმტკიცის ტენდენციას ავლენენ. გვარის კულტის შეცვლა  მონანული ოჯახის კულტით – ეს ფორმათა შეცვლაა და არა – არსისა. არსი, ასე რომ ვთქვათ , ჯიუტია . მისი იზომორფული გამოვლინებანი შესაძლებელია სხვადასხვა ფაზაში შევნიშნოთ.

კვლავ ბორისსა და გლებს მოვუბრუნდეთ. როგორც ცნობილია, მათ კანონიზაციას კონსტანტინეპოლის პატრიარქი დიდხანს ეწინააღმდეგებოდა. მიზეზი ამ წინააღმდეგობისა  ნამდვილად იყო. ცხადია, ისინი მოწამენი არიან, მაგრამ ისინი რწმენისი გამო არ დაღუპულან. გ.ჰ. ფედოტოვმა თავის ცნობილ წიგნში “ძველი რუსეთის წმინადანები” ბორისისა და გლებისადმი თაყვანისცემა შემდეგნაირად ახსნა: ისინი ქრისტეს გულისათვის არ ვნებულან, მაგრამ ქრისტეს კვალს გაჰყვნენ. მხსნელი თავისი ნებით ევნო  ჯვარზე. მის მსგავსად რუსი მთავრებიც არ შორდებიან სიკვდილს, თუმცა შეეძლოთ შეწინააღმდეგებაც, გაქცევაც. ამ მიმსგავსებაშია მათი წმინდანობა. განმარტება ჩინებულია და დახვეწილი, ზედმეტად დახვეწილიც კი. . . საქმეს ნათელი მოეფინება, თუკი ჩვენ ყურადღებას XVI და XVII სს-ების დასაწყისის ჩრდილო რუსეთის წმინდანებს მივაპყრობთ.

ესენი  ჩვეულებრივი წმინდანები არ არიან: ნიკოლოზ კოჟეოზერსკიმ სტუმრად, ტრაპეზის ჟამს ბოროტმოქმედი ცოლის მიერ მასპინძლისათვის მომზადებული საწამლავი იგემა. არტემ ვერკოლსკი, 12 წლის ყრმა, მეხმა მოკლა მინდორში, სადაც მამასთან ერთად მიწას ხნავდა. ვარლამ კერეტსკიმ ჭკუიდან გადადგომისას მოკლა ცოლი და საკუთარ თავს მძიმე გამოცდა თვითონვე დაუწესა. იგი ნავით მიცვალებულთან ერთად დაცურავდა ვოლგის სანაპიროების გასწვრივ, “ვიდრე მკვდარმა სხეულმა გახრწნა არ დაიწყო”. კირილე ველსკიმ, ვოევოდასაგან  შევიწროვებულმა,  სახალხოდ დაიხრჩო თავი მდინარეში, როგორც ვხედავთ, თვით თვითმკვლელებიც კი, რომელთა მართლმადიდებლური წესის თანახმად, არც ანდერძის აგება შეიძლება ად არც ნაკურთხ მიწაში დამარხვა, ხალხის ცნობიერებაში წმინდანობის ღირსნი გახდნენ20..

ჰაგიოგრაფიის ერთ უმთავრეს ფუნქციათაგანს  წარმოადგენს ის, რომ მიუთითოს მისაბაძ მაგალითზე. ჩრდილორუსულ ცხოვრებებში ეს ფუნქცია გათვალისწინებული არ არის. არც იმისი შესაძლებლობა არსებობს, მიჰბაძო “მოშურნეობამდე” კირილე ველსკის, ვარლამ კერეტსკის, ან არტემ ვერკოლსკის. მაშ, რატომ სცემდნენ თაყვანს? იმიტომ რომ ეცოდებოდათ, ეს არ არის მოღვაწება, ეს მწარე ჯავრია. ადამიანებმა თანაუგრძნეს ბედკრულთ, შენიშნეს და დაიმახსოვრეს. ბორისიც, გლებიც და ჩრდილო-რუსული ადგილობრივი წმინდანები, ეს იმ ტიპის ვარიაციებია, რომელთაც ხორშესხმა დოსტოევსკის “უბედურებში” ჰპოვეს.

გამოდის, რომ არსებობს კულტურო-გენეტიკური სარჭები, მათ შორის მთავარი კი რწმენაა. მის გარეშე რუსული გზის კვლევისას ფონს ვერ გავალთ, ამიტომ ჩვენ გვევალება, კვლავ რუსეთის ნათლობის მომენტს დავუბრუნდეთ.

         ლ.გუმილიოვი. მოინათლნენ არა ველიკოროსები, არა რუსები, არამედ რუსიჩები. ეს სხვადასხვა ეთნოსებია. რუსიჩები, როგორც საერთოდ სლავები, ისტორიულ სცენაზე I-II ს-ების პასიონარული ბიძგის შედეგად გამოჩნდნენ. ამას წინ უსწრებდა ეთნიკური დაკნინება, რომელსაც გავბედავთ, ობსკურაციის ფაზა ვუწოდოთ. დაკნინებამ მოიცვა მთელი რომი და პართიის იმპერია, ასევე გერმანული და სარმატული ტომები. ისინი, გაჩანაგებულნი, კარგავდნენ ყოფილ საბრძოლო დიდებას. რომში მოსახლეობა კლებულობდა, სათნოება დავიწყებას ეძლეოდა, სახნავი ფართი მცირდებოდა.

რომაელები თუკი ამარცხებდნენ ბარბაროსებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ბარბაროსები მათზე მეტად სუსტდებოდნენ; კეისრის გალიაში, პომპეუსის  – სირიაში, მარკუს ანტონიუსის – პართიაში, კლავდიუსის – ბრიტანეთში, კამპანიების ზოგადი მსვლელობისა და დეტალების შესწავლისას, ჩვენ ვხედავთ, რომ რომის არწივს წარმატება ჰქონდა  მხოლოდ იქ, სადაც წინააღმდეგობა იყო ძალიან სუსტი.  რომაელი ლეგიონერები  თალასასთან  ჩინელ მშვილდოსნებს (арбалётчики)  გადააწყდნენ ჩვენ წელთაღრიცხვამდე 36 წელს, მათ ისე მოსრეს რომაელები, რომ თვითონ ერთი კაციც არ დაუკარგავთ.

მაგრამ II ს-ში საყოველთაო ობსკურაციის პროცესი დაირღვა. აღმოსავლეთის გრძედის 20 და 40 გრადუსების შორის ფართო ზოლში დაიწყო აქამდე ინერტული ხალხების აქტიური მოღვაწეობა. (საწყისი მომენტები, ანუ ეთნოგენების აფეთქებანი, სადაც კი მათზე დაკვირვება მკაცრ ფაქტობრივ მასალაზე შესაძლებელია, დროში თანხვდება და განთავსდება რეგიონებში, რომლებიც ამ მერიდიანებზე, ან პარალელებზე, ან მათკენ კუთხით მდებარეობს, მაგარამ მდებარეობს როგორც მთლიანი ზოლი). პირველები დაკები გამოვიდნენ, მაგრამ წარუმატებლად. ტრაიანეს ლეგიონერებმა ისინი პირწმინდად ამოწყვიტეს. მაღალი აქტივობა შემდგომ ილირიელებმა გამოამჟღავნეს, რომელნიც აქტიურად ავსებდნენ რომაულ არმიას და ტახტზე კეისრებიც დასვეს თავის წინამძღოლ სევერუსებიდან. ეს პატარა ერი მთელი III ს-ს განმავლობაში იყო რომის იმპერიის ჰეგემონი, მაგრამ მუდმივმა დაძაბულობამ გაწყვიტა წელში და მისი შთამომავლები ყაჩაღ-არნაუტებად გადაიქცნენ. ოფრო მეტად გაუმართლა გოთებს, რომელთაც სწრაფად დაიპყრეს ვეებერთელა ტერიტორია ვისლას ხეობიდან შავ ზღვამდე და თავდასხმებით ეგეოსის ზღვის ნაპირებსაც სწვდებოდნენ. სისხლიანი აღმაფრენის ბედისწერა გუთებთან ერთად ვანდალებმა და ანტებმაც გაინაწილეს. სლავი-ანტები ფართოდ გავრცელდნენ კარპატისპირეთიდან ბალტიის, შავი  ზღვისა და ხმელთაშუაზღვისპირეთამდე.

ყველზე მათავრი მოვლენა კი იმ ახალი ეთნოსის ჩამოყალიბება იყო, რომელიც საკუთარ თავს “ქრისტიანებს” უწოდებდა. ამ ეთნოსს პრინციპულად ვერ ექნებოდა ერთიანობა  წარმოშობის, ენის, ტერიტორიის თვალსაზრისით, ვინაიდან ნათქვამია: “არ არსებობს ბარბაროსი, სკვითი, ელინი და იდეველი”. რომის იმპერიაში, სადაც დიდი შჯულშემწყნარებლობა იყო, ქრისტიანობა გამონაკლისს წარმოადგენდა. ამისი მიზეზი, ცხადია, დოგმატები არ იყო. ისინი 325 წლამდე არც კი იყო დადგენილი, არც სახელმწიფო ტერორი, ვინაიდან იმპერატორები ცდილობდნენ დევნას მორიდებოდნენ. სპეციალური ედიქტებით ცდილობდნენ აეკრძალათ ქრისტიანთა დასმენა, არც კლასობრივი განსხვავება, რადგან ქრისტიანდებოდნენ ყველა კლასის წარმომადგენლები, არამედ ის,  რომ ქრისტიანების “აზროვნების სიუცხოვე” დანარჩენ მოსახლეობაში მძაფრ შეგრძნებას იწვევდა. I-III სს-ში ქრისტიანი ხდებოდა არა ყველა, არამედ ის, ვინც სოფელში უცხოდ გრძნობდა თავს. ხოლო თემში კი _ თავისად. ასეთი ადამიანების რიცხვი კი თანდათან იზრდებოდა, სანამ  IV ს-ში მათ უპირატესობა არ მოიპოვეს და მაშინ, რომი ბიზანტიად გადაიქცა.

ევანგელური დოქტრინა, რასაც არ უნდა მოგვითხრობდეს, ეთნოგენეზში ადრექრისტიანებმა ყველა ის თვისება გამოავლინეს, რაც ახალი ეთნოსის შესაქმნელადაა საჭირო და რაც, შეიძლება ორამდე დავიყვანოთ: მიზანმიმართულება და ზედაძაბულობის გაძლების უნარი. I ს-ის ბიძგის ინერცია ნახევარ ათასწლეულს გასწვდა, რომლის განმავლობაშიც ბიზანტიამ ისტორიული პერიოდის ყველა ფაზასთან ერთად ობსკურაციის ფაზაც განვლო.

იმ სუპერეთნოსში, რომელსაც ჩვენ პირობითად “ბიზანტიელებს ვუწოდებთ”, სლავები IX-X სს-ში შევიდნენ. 864 წელს ბულგარეთის გასლავებულმა მეფემ, ბორისმა, ნათელიღო. იგივე მოიმოქმედა კიევის მთავარმა ვლადიმერ სვიატოსლავიჩმა.

         ა.პანჩენკო. როგორ მოხდა ეს, რა ვითარებაში? როგორი იყო შემგულიანებელი იმპულსები? ერთი უმთავრეს და ურთულეს ისტორიულ-კულტურულ პრობლემათაგანი მენტალობის პრობლემას ეხება. რუსულად ეს ბარბარიზმი (დასავლეთის უნივერსიტეტებში უკვე დიდი ხანია კითხულობენ ამა თუ იმ ეპოქის, ქვეყნის, ერის მენტალობის კურსს), შეიძლება გადმოვცეთ ორი სიტყვის მეშვეობით – “დროის სული”. ოდესღაც, კარამზინისა და პუშკინის დროს, სრულიად მეცნიერულად ითვლებოდა, მაგრამ შემდეგში გაფერმკრთალდა, ასე რომ ვთქვათ, გაქრა.

ნათლისღების პერიოდში ძველი რუსული საზოგადოების მენტალობასთან დაკავშირებით პირდაპირ საწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს. ერთი – ჰიპერტროფიული, რომ ვლადიმერის გადაწყვეტილებამ მოსახლების დიდი ნაწილი პესიმიზმში ჩააგდო. ამის დასამტკიცებლად მოჰყავთ ფრაგმენტი “ჟამთა წლების  მატიანედან”, რომლის თანახმადაც, ახალი სარწმუნოება იძულებით დანერგეს, რომ ვლადიმერი კიეველებს აგულიანებდა მონათლულიყვნენ და მუქარას მიმართა (ვინც მდინარეზე არ გამოცხადდებოდა, მთავრის მტრად ცხადდებოდა). როცა საჭირო გახდა “ყრმანი მწიგნობრობაში გასაწვრთნელად”, ერთგვარი სემინარისტები ვლადიმირმა ძალას მიმართა. მან მომავალი მედავითნენი სოციალური ელიტის ოჯახებიდან “წინასწარშერჩეულ ბავშვთაგან” შეკრიბა21. “ამ ბავშვთა მშობლები კი იცრემლებოდნენ, რადგან ჯერ კიდევ ვერ განმტკიცებულიყვნენ რწმენაში და შვილებს როგორც მკვდრებს, ისე დასტიროდნენ “. ბ. ა. უსპენსკიმ ვლადიმერის საქმენი პეტრე I-ის საქმეთა გვერდით დააყენა, რომელმაც ასევე იძულებით შემოიღო ევროპული განათლება ა.ს. პუშკინი, საგვარეულო ტრადიციებზე დაყრდნობით,  წერდა: “ზღვის გაღმა გაგზავნილი ახალგაზრდების ცოლები  თალხით (ლურჯი კაბებით) შეიმოსნენ”.

მტკიცებულებების სახით მოჰყავთ აგრეთვე არქეოლოგიური მასალაც, რომელიც თითქოს ამტკიცებს  იოაკიმისეული მატიანის, მოგვიანებით არაკად მიჩნეულ ცნობას, ნათლისღების წინააღმდეგ ნოვგოროდის სოფიის მხარეს მაცხოვრებლების შეიარაღებული გამოსვლის შესახებ (პუტიატა და დობრინი). ისინი გაუსწორდნენ სპასკის ტაძრის მრევლს, რომელნიც 988-989 წლებში მშვიდობით თანაცხოვრობდნენ წარმართულ უმრავლესობასთან. ვ.ლ. იანინი  სპასკის მონასტრის ლოკალიზებას რაზვაჟის ქუჩაზე ახდენს, სადაც მოგვიანებით იყო ამავე სახელწოდების ეკლესია. მან აქ ფართო არქეოლოგიური გათხრები აწარმოვა და “989 წელს მთელი სამშენებლო სისტემის მშთანთქმელი ხანძრის ნაკვალევიც” აღმოაჩინა.

ამგვარად, ჰიპერკტიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთმა ნათლობა როგორც დრამა, როგორც ტრაგედია ისე მიიღო. ეს საეჭვოა, დედები ყოველთვის ეტირებიან შვილებს განშორებისას. ჩვენ ვიცით, რომ თავად-აზნაურთა შვილების ევროპაში გაგზავნას საზოგადოებრივი მღელვარება არ გამოუწვევია. ანალოგიით შეიძლება დავუშვათ, რომ X ს-ის ბოლოსაც ყველაფერი მეტ-ნაკლები მშვიდობით დამთავრდა. რაც შეეხება გვიანამატიანისეულ იგავთმეტყველებასა და ნოვგოროდულ ხანძარს შორის ვ.ლ. იანის მიერ აღმოჩენილ “კავშირს” – ის ზედმეტად თამამად უნდა მივიჩნიოთ, არქეოლოგიური დათარიღება წლის სიზუსტით მოცემულ შემთხვევაში დამაჯერობლობასაა მოკლებული, დაუჯერებელია აგრეთვე ნოვგოროდელთა “ცეცხლითა და მახვილით” ნათლობის ფაქტიც (ასე იკითხება იოკიმისეულ მატიანეში). არც პუტიატას, არც დობრინის არც მათ თანატომელ მთავარ ვლადიმირს ამისი ძალა არ ჰქონდა. შეცდომაა კიევის  მთავრის თვითმპყრობელი პეტრე დიდის მსგავსად წარმოჩენა. მთავარი ძალიან იყო ვეჩეზე დამოკიდებული, ხალხი შეიარაღებული იყო და ლაშქარი ძალიან აღემატებოდა მთავრის პირად დრუჟინას (რაზმს), რაც ნაჩვენებია ი.ა. ფროიანოვის შრომებში.

უტყუარი მასალების უკმარისობის გამო, ნუ განვიხილავთ საპირისპირო “მისიონერულ” თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც, ნათლისღებამ საყოველთაო ენთუზიაზმი და გულის აჩუყება გამოიწვია, როგორც ეს ვასნეცოვის ცნობილ ტილოზეა. უფრო სწორი იქნებოდა, გვევარაუდა, რომ რუსეთი ვლადიმირის ამ ფაქტს დიდი სიმშვიდით, ნაწილობრივ ცნობისმოყვარეობით, ნაწილობრივ კი გულგრილად შეხვდა. ისტორიულ ცნობათა ერთობლიობა ამტკიცებს, რომ სწორედ ასე მოხდა სინამდვილეში.

ადამიანების ცხოვრებაში ასრის სამი ძირითადი მომენტი – დაბადება, ქორწინება, სიკვდილი. მათი საწესჩვეულებო გაფორმება აუცილებელი და საკმარისია საზოგადოების რელიგიური ორიენტაციის შესაფასებლად. მიტროპოლიტ იოანე II ს-ის წესებიდან ცნობილია, რომ ვლადიმირის შვილიშვილებისა და შვილთაშვილების თაობაში ტაძარში ქორწინება ელიტის პრეროგატივად რჩებოდა. წვრილი ერი კი ქორწილებს მღვდლის გარეშე “მართავდა”.

მასა სოფლის მცხოვრებლებს და საკუთარ მიცვალებულებს წარმართული წესით მარხავდა. ჯვრები მონღოლამდელ სასაფლაოზე ძალიან ცოტაა (თუმცა საუკუნიდან საუკუნეში მატულობს). თანაც ისინი ერთგვარად გათანაბრებულია ამულეტებთან. მაგალითად დათვის ეშვთან. ეს წმინდა რუსული გაგებით სრულდება, თანახმად პრინციპისა: “ყოველ შემთხვევისათვის”, “იქ გაარკვევენ”, მაშინაც კი, როცა საქმე ნამდვილად მონათლულ ადამიანებს (მაგ. ნოვგოროდელ მმართველებს შეეხებათ, წესში სიმკაცრე არ შეინიშნება. მარხავენ იარაღით, არ ეშინიათ არამართლმადიდებელობა დასწამონ,).

რაც შეეხება დაბადებას, ჩვენ არა გვაქვს მასალა, რათა ვიმსჯელოთ, მათგან რამდენს ახლდა ნათლობა, რამდენს – არა. მაგრამ ჩვენს განკარგულებაში ყოველთვის რჩება სახელების კრებული, მიუკერძოებელი და მჭერმეტყველური წყარო. მივმართოთ მას.

მემატიანისათვის ვლადიმირი მონათვლის მერეც ვლადიმირად რჩება. თუმცა, მას ევალებოდა იგი ვასილად მოეხსენიებინა. ისტორიას ახსოვს არა გიორგი, არამედ იაროსლავ ბრძენი, არა რომანი და დავითი, არამედ ბორისი და გლები. მათი კანონიზაცია არა ნათლობის, არამედ საერო სახელებით მოხდა, ისევე როგორც თაყვანისცემა ოლგასი და არა ელენესი – ეს კი საეკლესიო საქმეებში რუსული თავისუფლების  მჭერმეტყველური საბუთია.

ორსახელიანობა რიაზანელ მთავრებში XV ს-მდე. ხოლო აზნაურებსა და გლეხებში თითქმის ბუნტამდე შემორჩენილი, უდავოდ შეიცნობოდა როგორც წარმართული “ჩვეულებისა” და ქრისტიანული “კანონის” თანაარსებობა.

“მე, ბედითი, ჩემი ღვთივკურთხეული და სახელოვანი პაპა იაროსლავის მიერ ნათლობისას ვასილად წოდებული, რუსული სახელით კი ვლადიმირი. . .” –  ასე დაიწყო თავისი “რჩევა- დარიგებანი” ვლადიმირ მონომახმა. ავტორის ორი სახელის შესაბამისად იგი ერთმანეთისაგან ნაწილებადაა გამოყოფილი. პირველი ნაწილის მიხედვით, შეიძლება ვთქვათ, რომ ის ვასილის მიერაა დაწერილი: ესაა ციტატების კოლაჟი, უპირატესად ფსალმუნიდან. სხვათა შორის, არც აქაა ასკეზა. მონომახის აზრით, სულის გადასარჩენად საკამრისია სამი კეთილი საქმე: სინანული, ცრემლი და მოწყალება. ისინი მძიმე არაა. სულის დახსნა არ საჭიროებს “მარტოობას” (სენაკი), მონაზვნობას, “შიმშილს”, “როგორც ზოგი სათნომყოფელი დაითმენს”, შეიძლება “ღვთისმოწყალება მცირედი საქმითაც მოიპოვო”. აღვნიშნავთ, რომ მარხვას მონომახი მიამიტად უწოდებს შიმშილს! მეორე ნაწილი დაწერილია მებრძოლი და მონადირე მთავარ ვლადიმირის მიერ. საკმარისია წავიკითხოთ და მაშინვე დავინახოთ, რომ: მასზე გავლენა არა აქვს დეკალოგს, არც საუფლო ლოცვას.

ახლადმოქცეულ ხალხთა შორის თითქმის წესადაა ქცეული “იულიანე განდგომილის” მოვლინება, როცა მმართველი გვარიდან პირველი ქრისტიანი ხელმწიფის მემკვიდრე ასევე ხელმწიფე წარმართობის რეაბილიტაციას და აღდგენას ცდილობს. ასე იყო ბულგარეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და X ს-ის შვეციაში ინგლინგების დინასტიის დაცემის შემდეგ, ამ წრიდან რუსეთი გამონაკლისს წარმოადგენს. მან არ მიჰბაძა მეზობლების მაგალითს. ძალიან ბუნებრივი იქნებოდა ბორისისა და გლების მკვლელი სვიატოპოლკ წარწყმედილი ნეოწარმართობაში დაგვედანაშაულებინა, მაგრამ ბორის-გლებისადმი მიძღვნილ ძეგლებში ასეთ ბრალდებას ვერ ვპულობთ. ე..ი რუსეთის ნათლისღების პერიოდს ახასიათებდა “დაბალი დრამატულობა”. ჩავუფიქრდეთ ამის მზეზებს.

უდავოა, რომ ქრისტიანობა კიევში ვლადიმირამდე დიდი ხნით ადრე გავრცელდა. უდავოა, რომ მისდამი მთავრებისა და დრუჟინის დამოკიდებულება იცვლებოდა. ბერძნებთან მოლაპარაკებებიდან ჩანს, რომ იგორის ჟამს იგი იყო თანაგრძნობითი (მისი დრუჟინის ნაწილიო პერუნს ფიცულობდაო, ნაწილი კი ილიას ეკლესიას), სვიატოპოლკის დროს კი გულგრილი და ყოველთვის მოთმინებითი. “ცხოვრობდა ოლგა ძეთი თვისით, სვიატოსლავით და ასწავებდა დედა მას პირჯვარის გადაწერას, მას კი ამის მოსმენაც სძაგდა; ჯვრის გამოსახვის მსურველთ არა ლამძღავდა, მაგრამ დასცინოდა კი; დედა ხშირად ეუბნებოდა: „მე ძეო ჩემო, შევიცან ღმერთი და ვხარობ; შენც თუ შეიცნობ – იხარებ შენაც”, ის კი არ უჯერებდა და ეწინააღმდეგებოდა – უარს ამბობდა. “ერთმა რჯული როგორ მივიღო! დრუჟინა ჩემი სიცილს დამაყრის. ქრისტიანობა, სვიატოსლავის აზრით, სასაცილო სარწმუნოებაა. სვიატოსლავს შეიძლება გავუგოთ, თუკი ამ მკაცრი და სასტიკი მეომრის ლაშქრულ და სისხლიან ცხოვრებას სახარებისეულ მცნებებს დავუპირისპირებთ. მთავარი კი პასუხის ემოციური ქვეტექსტია: ქრისტიანობა საშიში როდია, ის სასაცილოა, ხოლო სასაცილოს არ ებრძვიან – იტანენ.

მდგომარეობა მკვეთრად ვალიდმირის დროს იცვლება. ერთ ათწლეულში მან ორი კონფესიური რეფორმა ჩაატარა – პირველად წარმართული, 988 წელს კი – ქრისტიანული. უნდა ვიფიქროთ, რომ მისი შეამგულიანებელი განზრახვა ორივე შემთხვევაში მსგავსი იყო. ვლადიმერი თვლიდა, რომ ერთიან რუსეთს შეუძლია და უნდა ჰქონდესო ერთგავროვანი კულტურა და მაშინდელ პირობებში – ერთი სარწმუნოება. მონოკულტურას ყოველთვის ზემოდან ახვევენ თავს, მას ყოევლთვის ახლავს ძალადობა, „მისი უკიდურესი გამოვლინება“ კიეველ პირველმოწამეთა მკვლელობა, ორი ვარიაგი-ქრისტიანისა, რომელთა ვაჟიც კერპებისათვის უნდა შეეწირათ მსხვერპლად და შვილის დამცველი მამა. “და წაიბილწაო სისხლით რუსული მიწა” – მოგვითხრობს რუსული მემატიანე.

ასე მალე რატომ განუდგა ვლადიმერი დნეპრისპირულ ოლიმპს? პირველად იმიტომ, რომ მონოკულტურა, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, საზოგადოდ მიუღწეველია22, მით უმეტეს, წარმართულ ნიადაგზე. თუკი, თვით პატარა საბერძნისათვის იყო დამახასიათებელი კულტების მოუწესრიგებლობა, მაშ რაღა უნდა ითქვას თვალმიუწვდომელ რუსულ დაბლობზე? მეორეც – წარმართული რეფორმა შეუძლებელია წინააღმდეგობას არ წასწყდომოდა: სისხლიანი მსხვერპლთშეწირვანი ამაოდ როდი ახსოვდათ მატიანეთა შექმნის პერიოდშიც. ამასთანავე ვალიდიმერი უაღრესად არაპოპულარული იყო.

     . . გუმილიოვი. იგი რუს ხელმწიფეთა შორის ყველაზე ნაკლებ პოპულარულია, უპირველეს ყოვლისა, ის ძმის მკვლელია. ვლადიმერმა იაროპოლკი “პირმოთნეობით”, მზაკვრობით დაღუპა. ვერაგულად მიიტყუა თავისთან, გარდა ამისა, არც სისხლის აღრევას მორიდებია. მან იაროპოლკის ქვრივი, ბერძენი, თანაც ფეხმძიმე ქალი, ხარჭად წაიყვანა. “ნაყოფისაგან საცნაურ არს სიკეთე ხისაო” – საყვედურით აღნიშნავს მემატიანე. ამას არავინ მოიწონებს, არც წარმართნი აპატიებენ, არც  ქრისტიანული თემი, პატრიარქ  ფოტიოსის დროიდან რომ არსებობდა (ოლგა იაროპოლკს ქრისტიანობის პატივისცემით ზრდიდა), ხოლო  ძალადობა  პოლოცკელი კნიაგინია როგნედას მიმართ, რასაც თან  ახლდა მისი ორი ძმისა და მამის, როგვოლოდის,  მკვლელობა?  არც ეს ჰმატებდა ვლადიმერს პოპულარობას. უბრალოდ მისი ატანაც კი არ შეეძლოთ!

მისი უნიჭო ლაშქრობა კორსუნზე? მემატიანე და ახლანდელი ისტორიკოსებიც მას წარმატებულს უწოდებენ, არადა, წარუმატებული იყო და რუსეთს ძვირადაც დაუჯდა იგი. რა მოიმოქმედეს საპასუხოდ ბიზანტიელებმა? ყველაზე ჭკვიანური, რაც შეეძლოთ და რაც უნდა გაეკეთებინათ  – მათ რუსების წინააღმდეგ პაჭანიკები აამხედრეს. ვლადიმერის აღსაყდრების ჟამს საზღვარი შავ ზღვაზე გადიოდა, მის დროს ზღვაზე გასასვლელი დაიკეტა და საზღვარი დნეპრზე გადმოვიდა. ვლადიმერის მთავრობა სრული კრახი და მარცხია.

იგი ისე მობეზრდა ყველას, რომ ერთი სულით ელოდნენ მის სიკვდილს. ახლობლებმა, გამოსვლების შიშით, მისი ცხედარი დამალეს, “ღამით ორ გალიაკს შორის ფიცარნაგი აყარეს, გვამი ხალიჩაში გაახვიეს და თოკით ჩამოუშვეს მიწაზე, დადეს მარხილზე და მის მიერვე აშენებულ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში წაიღეს და დაასვენეს”. ასე მხოლოდ ის ხელმწიფენი იღუპებიან, რომელთაც ხალხი ვერ იტანს. თუმცა, მემატიანე ამტკიცებს “უამრავი ხალხი მოაწყდა და დასტიროდაო თავის შემწესა და მარჩენალს” – ეს მეტი არაფერია, თუ არა ხარკის მიზღვა წესისათვის. თვით მემატიანე წუხს: “ჩვენ მივაგებთ მას პატივს თავის საქმეთა გამო.” “ჩვენ რომ მხურვალედ გველოცა მისთვის განკითხვის დღისათვის, მაშინ განადიდებდაო ღმერთი მას”. ე.ი. ადამიანები მისთვის არ ლოცუცლობდნენ და არც არანაირ სასწაულს არ მოელოდნენ მისი სხეულისაგან.

სვიატოპოლკი, რომელიც ვლადიმერს არ უყვარდა და დაპატიმრებული ჰყავდა, მაშინვე გაათავისუფლეს, ხოლო ბორისი, რომელსაც მამამ კიევის ტახტი წინასწარ დაუტოვა “ვლადიმერის დრუჟინამ მისი სიკვდილის გაგებისთანავე მიატოვა, დარჩა იგი შვილების ამარა”.

შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ვლადიმერის წინააღმდეგ გამოვიდა, მაგრამ ქრისტიანულმა თემმა შეაკავა იგი.

         .პანჩენკო. ერთი უმთავრეს საკითხთაგანი, დაკავშირებული რუსეთის მოქცევასთან – ეს “რწმენის არჩევის” საკითხია. მატიანეს თანახმად პრეზუმპცია მონოთეისტური იყო, მაგრამ როგორი იყო რეალური ბრძოლის სურათი ერთღმერთიან იუდაიზმს, ისლამს, ლათინობასა და ბერძნულ წესს შორის? განა კონტაქტები ოთხ მონოთეისტურ აღმსარებლობას შორის გამონაგონია! როცა კიევის მთავარს უწოდებენ “კაგან-ხაკანს”, იგლისხმება რომ კიევის სახელმწიფო ხაზარეთის სამართლამემკვიდრედ გამოდის, რომელთა მოხარკენიც არცთუ დიდი ხნის წინ დნეპრისპირელი პოლინები იყვნენ. სახელმწიფო კონტინუიტეტს შეუძლია ივარაუდოს კონფესიური კონტინუიტეტი – უკიდურეს შემთხვევაში როგორც პრობლემა. (ხაზარეთი ევროპაში ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელიც ოფიციალურად იუდაიზმს აღიარებდა)23. რუსეთისათვის არც მუსლიმანობა იყო ნაკლებად ცნობილი, თუნდაც იმიტომ,  რომ იგი ვოლგის ბულგარეთს ესაზღვრებოდა. ეჭვს არ იწვევს კულტურული გაცვლანი გერმნიასთან, მაშასადამე, კათოლიკობასთან: ესაა 959 წელს კნიგინია ოლგას ელჩობა ოტონ I-თან და უბედური იაროპოლკის გერმანული გეგმები, შესაძლოა, ერთდროულად ქორწინებითი და კონფესიურიც

        . გუმილოვი. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მემატიანის მონათხრობი მთლად გამოგონილია. XIII ს-ში, მუჰამედ ალ-აუფის დაწერილ არაბულ “ანეკდოტთა კრებულში”, მე ვნახე მსულიმანობის “შესამოწმებლად” ბულამირ-ვლადიმირის სტუმრობა ხვარაზმში (არა ბულგარეთში!) მაჰმადიანობაზე მოქცევის მიზნით. იყო ელჩობა დასავლეთშიც, საზოგადოდ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსმა რჯულის მაძიებლებმა არ იცოდნენ რწმენის სიმბოლოთა ხლართების სიძნელისა და პოლიტიკური პროგრამების შესახებ მუსლიმანურ სამყაროში, დოგმატური პაექრობანი კათოლიკურ სამყაროში. შეუძლებელია, მათ ეს არ სცოდნოდათ!

კიეველი ვაჭრები და მებრძოლები მუდმივად იყვნენ კონსტანტინეპოლში,

ვაჭროდნენ ეგვიპტელებთან და სირიელებთანაც. რუსებს მუდმივი კონტაქტები ჰქონდათ პოლონელებთან, სადაც ქადაგებდნენ გერმანელი ბერები. მათთვის ცნობილი იყო რომ პაპმა იოანე XIII-მ(965-972) 967 წელს აკრძალა ღვთისმსახურება “რუსულ” ანუ სლავურ ენაზე. ამ აკრძალვაში ძნელი არ იყო რუსებისადმი „კეთილგანწყობის“ დანახვა.

მაგრამ, აი, რა უნდა გვახსოვდეს: რწმენის არჩევა მხოლოდ დოგამტების არჩევა როდია. ნებისმიერ რელიგიურ სისტემაში არსებობს წესები, დადგენილებანი, რომელნიც თაობიდან თაობაში თქმულებასავით გადადის. ახლადმოსაქცევი მასისათვის ხანდახან ასეთ წეს-ჩვეულებებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საღვთო წერილს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის გაუგებარ ენაზეა დაწერილი (მაგ. ყურანი საჭიროებს არაბული ენის შესწავლას, სლავებისათვი ეს ძნელი იყო) სამაგიეროდ არაბული წესები ღვინისა და ღორის ხორცის აკრძალვა იყო გასაგები, მაგრამ მიუღებელი.

რუსეთში მთავარი დრუჟინასთან ერთად ტრაპეზობდა. ეს მაღალი წრისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ აუცილებელია. ერთობლივი ნადიმი მეგობრობას ამტკიცებდა. მთავარსა და მებრძოლებს შორის. მაშინდელ პირობებში ურთიერთ სიმპათია უაღრესად აუცილებელი იყო, მკაცრი რიტუალი ლოთობას არ უშვებდა. აქედან გამომდინარე, უნდა გავიგოთ ვლადიმერის ცნობილი სიტყვებიც “რუსეთში გუნების გამკეთებელი სასმელებია, მათ გარეშე ვერ გავძლებთ”.

მატიანიდან ჩანს, რომ რუსეთში ნადიმი შემდგომშიც დარჩა უმთავრეს საზოგადოებრივ ინსტიტუტად, თანაც არა მარტო ელიტის, არამედ “წვრილი ერისთვისაც”. ასე რომ, მთავარმა ვალიდმერმა მუსლიმანობის უარყოფით თავისი ხალხის  ნება გამოხატა.

       . პანჩენკო. გეთანხმებით, რომ მთავარ ვლადიმირის სიტყვა უაღრესად დაჟინებულ ყურადღებას და ძალიან გამოწვლილით კომენტარებს მოითხოვს. ყველამ იცის ისინი, წარმოთქვამენ ხოლმე დროდადრო, ყველაზე ხშირად კი სუფრული საუბრებისას, ღიმილით, როგორც ანეკდოტს: თვით რუსეთის ნათლისმცემელმა აკურთხაო ჩვენი სიყვარული მაგარი სასმელებისადმი. შევეცადოთ ამაში გარკვევას და კომენტარი წყაროთმცოდნეობითი თემით დავიწყოთ. წყაროსთან მიმართებაში ერთმანეთს უპირისპირდებიან უკიდურესობანი. ერთ უკიდურესობას ბრმა რწმენა წარმოადგენს. მეორეს კი – ჰიპერტროფირებული სკეფსისი. ერთნი ძველი ტექსტის ყოველ სტრიქონს ენდობიან, მეორეთ კი ყველგან სიცრუე ელანდებათ, მე ვფიქრობ, რომ ტექსტსაც იგივე უფლებები აქვს, რაც ადამიანს. ტექსტი ხომ ვიღაცის გამონათქვამის გამოძახილია. ბარემ ესეც  ვთქვათ,  რომ წიგნს შუა სს-ში ხმამაღალი კითხულობდნენ. მარტო მყოფნიც კი. მცირეოდენი რამ აქედან ჩვენც ვიმემკვიდრევეთ: “თავისთვის” ლექსების კითხვისას, ისინი როგორღაც ჟღერენ ჩვენში. ბ.მ. ეიხენბაუმმა მოხდენილად შეადარა ეს პარტიტურის კითხვას. არ შეიძლება ტექსტს ჩამოვართვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია, მაგრამ ყურადღების დაძაბვაც არ გვაწყენდა, რათა დავიჭიროთ ეჭვი, სიყალბე, მზაკვრობა, ლიქნა. . . მაშსადამე, ამოვიდეთ იქიდან, რომ სათქმელი ითქვა. მაგრამ სერიოზულად თუ ხუმრობით? ხომ ამაშია მთელი გემო?

ხუმრობის წინააღმდეგ ბევრი რამ მეტყველებს. მატიანეებს მართლმადიდებელი ბერები ადგენდნენ. მათი თვალსაზრისით კი, სიცილი ცოდვაა. ყოველმა მათგანმა (სახარების გააზრებით თუ არა, იოანე ოქროპირის მიხედვით მაინც – იცოდა, რომ იესო ქრისტე არასოდეს არ იცინოდა. სიცილი მაცდური სულებისა და ჯოჯოხეთის ანტიპრივილეგიაა. იქ ცოდვილნი მწუხარებაში გოდებდნენ, ეშმაკი იცინის. აღსარებაზე  ჩვენს წინაპრებს ეკითხებოდნენ  “ცრემლმდინარ სიცილზე” და ამ ცოდვაში გამოტეხილს ეპიტიმიას ადებდნენ – სამი დღე მარხვას. ხმელი პურის ჭამას, ოცდახუთჯერ მუხლმოყრას. “სიცილ-ხითხითს კაცი ცოდვამდე მიჰყავსო”.

მთავარი ვლადიმირის მაქსიმა რწმენის შერჩევაზე არსებულ მოთხრობაშია მოთავსებული, როცა თავქარიანობა უკუჩვენებას წარმოადგენს. საუბარი მიდის არა მხოლოდ ცივილიზაციურ მოდელზე, არამედ სულის ხსნაზეც. განსახილველ “უმაღლეს” კონფესიათაგან თითოეული აცხადებს, რომ მხოლოდ ისაა  ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება ერთია. . ნეოფიტი არ უნდა შეცდეს, თორემ სამუდამოდ წარიწყმედს სულს.

თუმცა ბერების წარმოდგენა მარხული ადამიანების ფიზიონომიით, უაზრობაა. ყოვლადკეთილმა შემოქმედმა სამყარო შექმნა კეთილად და შუენივრად. მისი მზერა სულით მხიარულებას იწვევს. ჭეშმარიტი ქარისტიანი ღიმილით ცხოვრობს. ამიტომ თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება დაცინვა. 984 წელზე ნათქვამია, რომ ვლადიმერის ვოევოდამ, თიკუნით მგლის კუდი, მდინარე პისჩანზე დაამარცხა რადიმიჩები და აქედან მოკიდებული რუსები (ე.ი. კიეველები და ჩერნიგოველები) “ემორჩილებიან რადიმიჩებს”: “მგლის კუდის პისჩანელები გარბიან”. ეს იმ  დაცინვათა კატეგორიას ეკუთვნის, რომელთა მოყვარულნიც რუსები ყოველთვის იყვნენ.  სიმრავლეს ამ დაცინვებისას  ი. სახაროვმა თავი მოუყარა “რუსი ხალხის თქმულებათა” I ტომში (1841): “კოშინელებმა მგლის მაგივრად ძაღლი მოკლეს, თან ფულიც გადაიხადეს”.

ტულიაკებმა “რწყილი ჯაჭვით დააბეს” (უკანასკნელი თემა ცნობილი “ცაციას” სიუჯეტის  საფუძველი გახდა).

ხუმრობებასა და ვალდიმერის სიტყვებს შორის “ჟამთ წლების მატიანეში” სულ 236 სიტყვაა დამხმარე სიტყვების ჩართვით (მე სპეციალურად დავთვალე). იქნებ, მაინც იხუმრა მოციქულთა სწორმა მთავარმა? არა, არ უხუმრია.

მალე პუშკინის სახლის კრებულთაგან ერთში დაიბეჭდება ტ.ა. ნოვიჩკოვის სტატია “ნადიმი დუქანში”. მისი დახმარებით ჩვენ შევძლებთ ვლადიმერს გავუგოთ. ერთ ბელორუსულ საწესჩვეულებო სიმღერაში იგალობება: “თვით ღმერთ წურავს გოლეულს, ილია ხარშავს ლუდს”. ეს ერთგვარ ღვთისმსახურებაზე მიუთითებს და მართლაც, ასე იყო ბილინურ ეპოქაში, როცა რუსები დაყენებულ თაფლს (კენკრაში, მოცვსა და ალუბლში გადადუღებულ თაფლს, მტკიცედ დაგმანულ ჭურჭელჭში ხარშავდნენ) გადადუღებულს სვამდნენ. თეთრი და შავი ლუდი, თანაც ბრაგა, არა ტკბილი, რომელსაც გამოსახდელად ამზადებენ, არამედ მაგარი ნახევარლუდი, ხან შვრიის ალაოსაგან, ხანაც მოხარშული და დამჟავებული ფეტვის, ან ჭვავის ფქვილისაგან ჟოლოს დამატებით. ასეთი ბრაგა სქელი, მოტკბო და მათრობელა გამოდის.

მშვიდობით ხარშავდნენ და მშვიდობით სვამდნენ. ტ.ი. ნოვიჩკოვი წერს, რომ ახალმოსახლე შეიძლება ეცემათ კიდეც ლუდის ხარშვის ცერემონილაში მონაწილეობის მიუღებლობის გამო. ეწოდებინათ “ერეტიკოსი” და “უქრისტო”, თუნდაც პარაკლისები ჰქონოდა გადახდილი.

ლუდს ხარშავდნენ გარდაცვლილთა მოსახსენიებლად და  მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლადაც, სოფლის მფარველი წმინდანების პატივსაცემად, საეკლესიო დღესასწაულებსა და აღთქმულ დღესასწაულებზე, რომლებსაც სოფლის თემი ხანძრის, საქონლის ამოწყვეტისა და სახადის ჟამს დააწესებდა ხოლმე. ჩვენი წინაპრების ცნობიერებაში ცხოვრება განუხრელად იყო დაკავშირებული ნადიმის იდეასთან. ერთი პერგამენტის წიგნის კიდეზე გადამწერი ასე შეჰღაღადებს ღმერთს: “ჰოი, უფალო, გვაცოცხლე თუნდაც 80 წელი, უფალო, უფალო, ამ ლუდით თრობა გვისურვე“. როცა ფიალა გამოცლილია, მოდის სიკვდილი. ეს წარმართული ძირები შეეზარდა მართლმადიდებლურ რუსეთს. ტაძრებში “წინადღეს” მიცვალებულთათვის დგამდნენ მაგარ სასმელებს. მღვდლები მონაწილეობდნენ ლუდის ცერემონიებში. მძიმე ცოდვების გამო, ადამიანს არა მარტო ეკლესიაში შესვლის უფლებას ართმევდნენ, არამედ “საძმოებსა” და “ამხანაგობებში”, საერო სუფრასა და გამოსვლებში მონაწილეობისასაც.

მთავარმა ვლადიმირმა, მუსლიმანური აღმსარებლობის უარყოფით არა თავაწყვეტა, “მხიარეულება” და ნორმალური ცხოვრება დაიცვა. მას ემუქებიან ბოროტი ძალები. ისინი უნდა მოვამშვიდოთ და გავუმასპინძლდეთ, როგორც ანდაზაც გევუბნება: “ავადმყოფს უმასპინძლდებიან, ჯანმრთელს უსხამენ”. მხოლოდ მაშინ შეიძლება ვიმედოვნებდეთ ნუგეშსა და შვებას, ჭმუნვისა და სევდის განქარვებას.

მაგარი სასმელების გაცილებით გვიან შეეშინდათ, მას შემდეგ, რაც შუა საუკუნეების ალქიმიკოსებმა სასმლის ხდა დაიწყეს, ღვინის ტკბილის გამოხდა მას შემდეგ, რაც რუსულ სიმღერებში არაყი გამოჩნდა. ეს სიტყვა პოლონიზმია (კნინობით-მოფერებითი სახელი ვოდასგან, რუსულად წყალუკა) და ნაგულისხმევი სითხე ველიკორუსეთში არა აღმოსავლეთიდან, არა სამხრეთიდან, არამედ დასაველთიდან, რეჩპოსპოლიტიდან შემოვიდა. უკვე XV ს-ის მწიგნობრულ სფეროში გაჩნდა ისეთი თხზულებები, რომელშიც მაგარმა სასმელმა ადამიანის სახე მიიღო და აალაპარაკდა: “უძლიერესი ვარ მიწის ნაყოფთა შორის. ფეხები ჩემი წვრილი, მუცელი ჩემი არ ღორმუცელობს, ხელთ მიპყრია მთელი დედამიწა. თავი მადგას მაღალგონიერი, ნიჭით ვერავინ შემედრება, ჩემთან დამეგობრებულს და შემოჩვეულს არათუ ღვთისმსასოებლად, ძე შეცდომილად გადავაქცევ უპირველესად. ღამე ფხიზლდებოდეს იგი, დილას ლოცვად ვერ ადგეს. ძილად დაწოლილი – კვნესოდეს და სევდით ევსებოდეს გული, დილას, ნაბახუსევს სტკიოდეს თავი, თვალს ვერ ახელდეს მზის სინათლეზე. სიკეთე თავში არ მოსდიოდეს, ჭამა არ უნდოდეს, მის სულს კი წყურვილი წვავდეს. კვალად და კვალად დალევა სურდეს”.

ბუნებრივია, ადამიანები ფიქრობდნენ მაგარი სასმელის გენეალოგიაზე. ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მისი მშობელი უწმინდური ძალა იყო. მის შესახებაც შეიძლება ლევ ტოლსტოის ხალხური მოთხრობებიდან თუნდაც ერთშიც წავიკითხოთ. რა მომენტში ავლენდა ის თავს? ამის შესახებ რუსეთში ორი ვერსია იყო. ერთის მიხედვით, ეშმაკმა ასწავლა ნოეს, ამ პირველი მემთვრალის, ცოლს ღვინის დაყენება. მეორე კი, პირდაპირ პირველqმნილი ცოდვის გარემოებებს უკავშირდებოდა.

ასეთია კაცის გული

უგულისხმო, უგუნური:

სცდა, ადამ და ევა ერთად

დაივიწყეს მცნება ღვთისა

ყურძნის ნაყოფი იგემეს

დიდი საკვირველი ხისგან24.

ასეა ნათქვამი ნახევრად ფოლკლორულ მოთხრობაში “ვაება შავსვიანობასა ზედა”. ჩვენ მივეჩვიეთ აღქმისეული “ხე ცნობადისა, ბოროტისა და კეთილისას” ვაშლთან გაიგივებას. ეს თავისუფალმოაზრეობაა, (რადგან ბიბლიაში  უბრალოდ ხეა ყოველგვარი ახსნის გარეშე ნახსენები), ისეთივე დასაშვები თავისუფალ მოაზრეობა, როგორც მისი (ბიბლიური ხის) ვაზის ლერწთან გაიგივება, ხალხური ტრადიციისათვისა დამახასიათებელი. პირველმა ადამიანებმა იმით დაიწყეს, რომ გამოთვრნენ. ამიტომაც გამოაძევა ისინი ღმერთმა სამოთხიდან, ღვინო კი დაწყევლა. ქრისტემ, ახალმა ადამმა, საკუთარი ნებით გამოისყიდა რა ძველი ადამიანის ცოდვადდაცემა, ღვინოც იხსნა ბრალდებისაგან. ეს მან კანას გალილეაში  ქორწილისას წყლის ღვინოდ გადაქცევით მოიმოქმედა. “ღვინო კი არ არის დამნაშავე, არამედ მემთვრალეობა”. ამ XVII საუკუნის ხელნაწერებიდან ცნობილ ანდაზაში სრულყოფილად არის ახსნილი საქმის ვითარება . ადამიანს ევალება სამი ჭიქით დაკმაყოფილება. იმით, რაც წმინდა მამებმა დააწესეს, რაც მონასტერში ტრაპეზებზე  ტროპართა გალობის დროს შეისმება ხოლმე. თანაც ჭიქა უნდა არა ისეთი, ცხენიც  რომ დარწყულდეს, არამედ “ სულის სარგო”, ერთ ყლუპზე გათვლილი. პირველი ჭიქა ჯანმრთელობისათვის, მეორე მხიარულებისათვის, მესამე ნუგეშისათვის, მეოთხეს კი ერიდე,. მეოთხე მემთვრალეობისკენ მიდის.

პროტოპოპი აბაკუმი, როდესაც დუქანს აღწერდა, იგი  სამოთხის ბაღის, ძველებურად “ვენახისა” თუ “მტილის”, საბედისწერო ამბავს უბრუნდებოდა. აი, ევამ, გველის დამჯერემ, მოწყვიტა ყურძნის მტევანი , იგემა აკრძალული  ხისაგან და ადამსაც გაუმასპინძლდა. “ ხე ხილვად ლამაზი, ჭამად კეთილი, ნაყოფი ნათელი, ბიმბილი ტკბილი, გონება აქვს სუსტი, ერთმანეთს შორის სიტყვა პირფერი, თვრებიან, ხარობს ეშმაკი, ვაი თავაშვებულობა მაშინდელი და ახლანდელის… იქიდან  აქნობამდე ჭკუასუსტნი აგრძელებენ კვლავ ისევ ასე. ლიქნით უმასპინძლდებიან ერთმანეთს, გაუზავებელი ბანგით, რომელ არს ღვინო დაწურული… შემდეგ კი მთვრალ მეგობარს დასცინიან. სიტყვასიტყვით ისე ხდება, როგორც ადამ და ევას, გველისა და ეშმაკის დროს,  აცდუნა და გადგა განზე,  ბატონმაც მზაკვარმა ასვა და აჭამა, გააგდო გარეთ. გდია ქუჩაში გაძარცვული მთვრალი, არ ჩანს შემწყალე… იღვიძებს გვიან, საწყალი, ნაბახუსევი, შფოთვს: წვერ-ულვაში ნათხევარში აქვს, მოუცავს სიზანტეს, პატივში ჩაფლულა  თავით ფეხებამდე, დიდი ჭიქებისაგან ეხვევა თავბრუ”.

ეშმაკი ძალიან ჰგავს მიკიტანს – დაგალევინებს, თავით ფეხებამდე გაგყვლეეფს და გაგაპანღურებს – მაშინ ედემიდან, ახლა დუქნიდან. სამიკიტნო, დასალევი სახლი, ფუნდუკი, დუქანი, უფრო სწორად, ბატონთა სამიკიტნო, სასაუბრო ენაზე “ივან ელკინი”, – ნაძვის ტოტზე, რაც მაგრდებოდა კარის წირთხლზე და მისახვედრ ნიშანს წარმოადგენდა, –  ეს დაწესებულება მოგვიანოა, მოსკოველი მეფეების დროინდელი,  თანაც რეჩპოსპოლიტადან ნასესხები. ხალხურ ცნობიერებაში სამიკიტნო აღიქმება, ვითარცა  ბოროტების საბუდარი, როგორც ანტიეკლესია, როგოც სიცოცხლეშივე  მკვდართა ტაძარი და საზოგადოება, საქონელს დამსგავსებულნი, . ისინი შიმშილის გამო ხმაურობენ, ფეხშიშველნი მღერიან, იმზირებიან ღუმლის გადმოღმა, ეჩვენებათ, რომ მშობლები (უკვე გარდაცვლილნი ა.პ.) ცოცხლები არიან, რომ ხოჭოები სკორედან გამოძვრნენ, რომ ლეკვები ფულს ითხოვენ. ერთი “ჭიქისათვის” – ნათქვამია დუქნის შესახებ ქადაგებაში. XVII ს. –   სასირაჯოს ხშირმა სტუმრებმა შერყვნეს მსგავსება და ხატება ღვთისა. ისინი “უსახურნი” და “ უმსგავსონი” არიან. რელიგიური სიგიჟის მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ “სატანური სიმღერები აქვთ სამარდღამო მღვიძარების წილ, სამარადღამო ძილია მარხვის წილ – მემთვრალეობა გუნდრუკის სულნელების  წილ – სიმყრალე სხეულისა. მშობელთა მოსახსენიებელი წირვის წილ – გინება დედის“.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ ლიტერატურულ ფორმას უნდა მივაკუთვნოთ, რადგან ქადაგება “დუქნის“ შესახებ იყენებს საეკლესიო ქადაგების კომპოზიციას, სტილისტიკასა და რიტმიკას, მაგრამ მხოლოდ ფორმით ვერ ავხსნით იმ მისტიკურ შიშს, რასაც სამიკიტნო იწვევდა. მის წინააღმდეგ საბრძოლველად ხალხმა კურთხევა თავის საყვარელ ხელთაღმპყრობელს, ილია მურომეცს მისცა.: მოგვიანო პერიოდის ბილინურ რედაქციებში ის ანგრევს სამიკიტნოებს, სცემს მიკიტნებს, თანაც ეს დევგმირთა პატრიარქი , უშიშო და უსაყვედურო , რომელშიც ხალხი სულაც ვერ ხედავს ვერანაირ ზნეობრივ ნაკლს ( ალიოშა პოპოვიჩისაგან განსხვავებით) არამც და არამც არ გახლავთ არამსმელი. მისი ჩვეულებრივი ჭიქა ვედრო-ნახევრის ტევადობისაა. ყველა სვამს, ყველა მოილხენს. ბოროტება დამარცხებულია, მანკიერება დასჯილი! ეს რა იგავია – დააქციო სამიკიტნო და შესვა მის დაქცევაზე? არის მასში ლოგიკა? ლოგიკა არის და ის ერთნაირია, როგორც წარმართული, ასევე მართლმადიდებელი რუსისათვის

სიტყვები „праздный – საუქმო“და „праздничный – სადღესასწაულო“  ძველად სინონიმები იყო. თუ საუბარი დროს შეეხებოდა, იგულისხმებოდ „მუშაობისაგან“ თავისუფალი დრო. მაგრამ დღესასწაული არ არის „უქმეს“ შესატყვისი, არაფრის კეთების. ის როცა დგება, მუშაობს სული როგორც ეკლესიაში, ასევე საძმოში. ცოდვაა სადაგ დღეებში უქმობა. ასეთივე და უფრო უარესი ცოდვაა უქმე დღეებში მუშაობა. „მოუსვენარი კაცი დრესასწაულის ჟამსაც მუშაობსო“. ცხოვრება ქაოსი როდია, ის განსაზღვრულ წესრიგს ემორჩილება, წესდებას, ტიპიკონს. წარმართებისათვის მის ფუნქციას სამიწათმოქმედო კალენდარი ასრულებს. მასში წრეწირის იდეა “დაუდგრომელი ცხოვრების “ განმეორებადობაა დამკვიდრებული. ეს კალენდარი ღრმად რელიგიურია, რაც აუცილებლად უნდა გავხსოვდეს სადაგი და სადღესასწაულო  დღეების განაწესის, მათთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებების შესრულებისას. ადამიანს შეიძლებოდა მისცემოდა კეთილდღეობის, გარდაცვლილი “მშობლების” მოწყალებისა და ნაყოფიერების იმედი,  ან კაცს შეეძლო, სამყაროს მოიმედეც ყოფილიყო, თანასოფლელებისაც, რომლებთანაც ხან ერთად მუშაობდა, ხან ცალკე, ზეიმით კი ყოველთვის მათთან ერთად ზეიმობდა, ღირსეული შრომის შემდეგ სულს ითქვამდა და მხიარულებდა. ბრძენი იყო მთავარი ვლადიმირი, “ამის გარეშე ვერ გავძლებთო” რომ თქვა.

რაც შეეხება ქრისტიანულ კალენდარს, მას ადაპტაციის უნარი აღმოაჩნდა. მაგალითად, ყველიერი დროში მოძრავ აღდგომას “მოება” და ბოლოს მსგეფსად იქცა, რომელიც დიდ მარხვას უსწრებს წინ, მასავით მოძრავია და აღდგომაზე დამოკიდებული. დამოუკიდებელი საერო ცხოვრება შეერწყა სამწყსო ცხოვრებას. “აღშენება სულისა” ახლა აღსერულებოდა როგორც ეკლესიაში, ასევე “საპატიო ნადიმზე”, მისი როლი არ კნინდებოდა, მით უმეტეს, რომ საეკლესიო წელიწადი და საეკლესიო მსგეფსი სამარხვო და ჩვეულებრივი დღეების მონაცვლეობაზეა დაფუძნებული . სხვა დროს მართლადიდებლური ტიპიკონი ასუსტებს, ცვლის ან საერთოდ კრძალავს მარხვას. ასეთი აკრძალვები შობიდან ნათლისღებამდე  მოქმედებს, როცა სული ჭეშმარიტად ხარობს და ზეიმობს, ნადიმობს – ძველებურადაც – რადგან ეს არის დრო მზის პირისბრუნებისა და ახლებურადაც, რადგან ღმერთკაცმა ზეცა მიწასთან შეაერთა, დამდაბლდა ადამიანებამდე და თანა აღიყვანა ისინი.

დუქანი საშინელია არა იმიტომ, რომ იქ ღვინით უმასპინძლდებიან, არამედ იმიტომ რომ მისი ხშირი სტუმრები არიან განდგომილნი, მშობლიურ კერას მომწყდარნი, ქრისტიანული და საერო ნორმების შემსწორებელნი: “უნადიმოდ არ არის მშვიდობა და არც კეთილი ადამიანები არსებობენ” .

        . გუმილიოვი. ახლა აუცილებელია ავხსნათ რომიდან მომდინარე ქადაგების  მიუღებლობა. ამის გაკეთება ძნელია, რადგან ვლადიმერის არგუმენტია გაურკვეველი: “ჩვენმა მამებმა რადგან არ მიიღეს ეს, იქვე დაბრუნდით, საიდანაც მოსულხართ”. შემდგომ კი ლათინობის განხილვა ბერძენი ფილოსოფოსის პირით ხდება. ის საკმაოდ ამორფულია და შეიძლება გამოვტოვოთ. უმთავრესი “ჩვენი მამების აზრის დამოწმებაა” იმის თაობაზე, რომ წარსულში ქადაგებასაც ჰქონია ადგილი და მის წარმატებასაც.

მართლაც, 961-962 წლებში გერმანიის მეფე ოტონ I-მა კიევში ტრირის წმ. მაქსიმიანეს მონასტრიდან ეპისკოპოსი ადალბერტი გაგზავნა კნიაგინია ოლგასა და მის ქვეშევრდომთა მოსანათლად. ადალბერტმა წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ “არა თავისი დაუდევრობის გამო”, როგორც პაპმა იოანე XIII-მ აღნიშნა. შეიძლება მიხვედრა, საქმე უაღრესად წამხდარი იყო ამ პაპის წინამორბედის საქციელითა და რეპუტაციით. შუა საუკუნეებში ღვთის ტახტზე ადგილს ხანდახან ნამდვილი ბოროტმოქმედნი იკავებდნენ.

პაპი იოანე XII, იგი ხომ ოქტავიანეა, “რომის სენატორის ვაჟი”, რომელიც შობიდან თექვსმეტი წლის 955 წელს არჩეულ იქნა – და ჭეშმარიტად იმსახურებდა  “რწმენის წამხდენლის” წოდებას. ის, რომ მან თავისი სასახლე გადააქცია ლუპონარიად, ეძინა თავისი მამის ხარჭასთან, მის დასა და დისშვილთან, კოჭობანას თანაშობდა და ლოთობდა – ეს არ არის ჯერ კიდევ ყველაზე საშინელი. ვლადიმირიც ხომ არ გამოირჩეოდა ზნეობით. მაგრამ ის, რომ პაპი მართავდა ნადიმებს – ძველი ღმერთებისადმი  ზედაშის შეწირვით, სტუმრებს სთავაზობდა სატანის პატივსაცემად შეესვათ და შავ მესას აღასრულებდა – ამის ატანა რუსებს არ შეეძლოთ. იოანე 964 წელს გადააყენეს, მაგრამ ის დიდხანს იბრძოდა ხელისუფლებისათვის. აგრძელებდა  უმსგავსოებას, სასტიკად აწამებდა და ასახიჩრებდა ტყვეებს სანამ წნევისაგან არ მოკვდა თავის ქალთაგან ერთ-ერთის  – სახლში. გულუბრყვილობა იქნებოდა ვიფიქროთ, რომ რუსეთი ამის შესახხებ ინფორმირებული არ იყო. არ შეიძლება, ქრონოლოგიური დამთხვევა რომში პაპის უჯერო ქცევასა და ადალბერტის კიევიდან გაძევებას შორის შემთხვევითი იყოს.

რუსები სატანიზმის ცდუნებას გვიან გადაეყარნენ. ნესტორმა “ჟამთა წლების მატიანე“ 1113 წელს დაამთავრა. აქედან გამომდინარე, მას შეუძლებელია, არა სცოდნოდა კნიაგინია ევპრაქსია ვსევოლოდოვნას ბედი, რომელიც თავისდა საუბედუროდ, იმპერატრიცა ადელჰაიდა გახდა. მისი ქმარი ჰაინრიხ IV ნიკოლაიტი აღმოჩნდა. ესე იგი, სატანისტი და ცოლს შავ მესაში მონაწილეობას აიძულებდა. საცოდავი ქალი კანოსში (მაშინ ის მიუდგომელი იყო) გრაფინია მატილდას ციხე-სიმაგრეში გაიქცა, იქ კი პაპმა ურბან II-მ იგი თავის მფარველობაში აიყვანა, უნებლიე ცოდვანი მიუტევა და სახლში, ჩერნიგოვში გამოგზავნა. იქ ევპრაქსია 1106 წლის 6 დეკემბერს მონაზვნად აღიკვეცა და 1109 წლის 9 ივლისს გარდაიცვალა. მემატიანე ნესტორმა ევპრაქსიას ბედზე საუბარს დუმილი არჩია. რატომ?

საქმე ისაა, რომ XI-XII საუკუნეებში კიევში არსებობდა ლათინოფილური პარტია, რომლის მეთაურებიც იზიასლავ იაროსლავიჩი და მისი ძე სვიატოპოლკ II იყვნენ, ნესტორი კი მათი ეგიდით მუშაობდა. ეს პარტია ხალხში პოპულარული არ იყო და 1113 წელს მონომახის კიევის ტახტზე მთავრად ასვლის შემდგომ დაიშალა. როგორც ჩანს, ამაში განმსაზღვრელი როლი გერმანიაში სატანიზმის შესახებ გავრცელებულმა ცნობამაც ითამაშა, რომელმაც “მომნუსხველად იმოქმედა მსოფლმხედველობაზე”.

ბერძნული წესის არჩევანი კანონზომიერი იყო.

        პანჩენკო. აღსანიშნავია არჩევანის სუვერენულობა. ბიზანტია თავს არ ახვევდა რუსეთს თავის რწმენას და არც ჰქონია ამისი  ძალა. ა.ვ. პოპეს ძიებათა შედეგად საქმე შემდეგნაირად გამოიყურება. 987 წელს ბასილ II მაკედონელი იყო იმპერატორი იმპერიის გარეშე. უზურპატორმა ბარდას ფოკამ დაიკავა მთელი მცირე აზია25. უკანასკნელი იმედი იმპერატორის კიევის მთავარიღა იყო. ერთი რაზმი მან ბოსფორში გაგზავნა, ხოლო მეორეთი თვითონ გაემართა აჯანყებულების წინააღმდეგ სალაშქროდ კორსუნში.

დახმარებისათვის სასყიდელი იყო იმპერატორის დის, ძოწითშობილი ანას ხელი, რომელიც, შესაძლოა, კიევში 988 წელს ჩავიდა. ამ ამბამდე ვლადიმერი მოინათლა და გახდა ვასილი (შეიძლება, 6 იანვარს, ღვთის, გამოცხადების დღეს; ან მისი ზეციური პატრონის ბასილ დიდის მოხსენიების დღეს, 1 იანვარს). რაც შეეხება კიევის მოსახლეობის მონათვლას, ყველაზე მისაღებ თარიღად, შემოთავაზებულ თარიღთა შორის, მე 988 წლის 27 მაისი, სამების, ანუ სულთმოფენობის დღე მგონია. ჯერ ერთი, ძველი კალენდრის მიხედვით მაისის ბოლოს დნეპრში წყალი უკვე თბილია (ანგარიში ხომ უნდა გასწეოდა თანამოძმეთა გრძნობებსა და ჯანმრთელობას), მეორე – სულთმოფენობა, როცა მოციქულებზე სული წმინდა გადმოვიდა და ისინი სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობდნენ – ესაა – ძველაღთქმისეული ბაბილონის გოდოლის მშენებლობისა და ნაციონალური ენების რეაბილიტაცია. ინათლება “კვლავ ენა”  და ღვთის დიდება მაას შეუძლია თავის,  ან თითქმის თავის ეკლესიურსლავურ ან ძველბულგარულ ენაზე. სულთმოფენობის დღის არჩევა – რუსეთისათვის ღირსშესანიშნავი ნიშანია.

სინამდვილეში: მაშინ ქრისტიანულ  ევროპაში ბატონობდა ეგრეთწოდებული “სამი ენის თეორია”26.. რწმენის ენები და მაშასადამე კულტურის ენები შეიძლება იყოსო ძველებრაული, ბერძნული და ლათინური – ის ენები, რომლებზეც პილატე პონტოელის ბრძანებით ჯვრის ხეზე ამოიკვეთა წარწერა “იესო ქრისტე მეუფე იუდეველთა”. ძველებრაული ამ ტრიადიდან ადრევე ამოვარდა – იუდეო-ქრისტიანების გაქრობის შემდეგ. ცივილიზებული ევროპა XI საუკუნეში მხოლოდ ბერძნულით და ლათინურით სარგებლობდა. სლავებმა დაარღვიეს ეს ტრადიცია, შექმნეს რა ამით კულტურის მესამე კერა და განაახლეს საკრალური ტრიადა..

მაგრამ როგორმა რელიგიურმა და კულტურულმა იდეებმა ასაზრდოვა  ვლადიმირის რეფორმა? ამის შესახებ შეიძლება მატიანისეული  “ფილოსოფოსის სიტყვანის” მიხედვით ვიმსჯელოთ. იგი მიმართულია ქრისტიანობის მისაღებად გამზადებულთათვის – კათამკმეველთათვის, ე.ი. წარმართებისათვის. ვინც ნათლისღების საიდუმლოსთვის ემზადება. ეს თავისი არსით სასწავლო ტექსტია, მოკლე , მსუბუქი,  ნეოფიტის დონეზე გათვლილი რწმენის სიმბოლოს გამდოცემა. მაგრამ ეს ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსი ნეოფიტისთვისაა განკუთვნილი, თანაც ძლიერი მონარქისათვის. “ფილოსოფოსის სიტყვანი” გათვალისწინებულია ვლადიმირისადმი განსაზღვრული დათმობანი, მის ტრადიციებთან და სასოებასთან მისადაგებული. ამიტომ იგი უნდა შეფასდეს, როგორც ”მართლმადიდებლობის რუსული ვარიანტის” ჩანასახი (ხაზს ვუსვამ: საქმე დოგმატიკაში როდია, არამედ კულტურაში). დავიწყოთ რწმენის შეგონებითი კუპიურით, იმით,  რაც არ არის “ფილოსოფოსის სიტყვანში”.

მასში არ არის არც ერთი სიტყვა ზნეობის შესახებ. ათი მცნებისა და საუფლო ლოცვის შესახებ. მაშასადამე, ვლადიმირს არ მიუღია ნათლობა, როგორც ზნეობრივი განახლება და ეთიკური ვალდებულება. ეთიკის სფეროში რუსი ნეოფიტები კვლავ მისდევდნენ ეროვნულ წეს-ჩვეულებებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგაც კი მემატიანე – ქრისტიანი, თანაც კიევ–პეჩორის სავანის ბერი, დაჟინებით არ ითხოვდა ზნეობრიობისა და რწმენათაღმსარებლობის კავშირს. ბიზანტიელ ქრონისტ გიორგი ამარტოლიზე დაყრდნოობით, ის წერს, რომ ზოგი ხალხი ხელმძღვანელობს წერილობითი ნიშნით – კანონით, ზოგი ზეპირი ტრადიციით და მაინც ეს “სახელმძღვანელოები” როდი განსაზღვრავენ მათი ზნეობრივი ფზიონომიის ნიშან-თვისებებს. “ზნეკეთილმა” პოლონელებმა  “თავიანთ მამათგან იმემკვიდრევეს სიწყნარე და სიმშვიდე”. შევნიშნავთ, რომ ეს თავის ქებაა, პოლიანების (ე.ი. თავის თავისადმი) ქება კი, მეზობელ-დრევლიანებისადმი- ძაგებაა. მაგრამ აპოლოგიას სირიელებისადმი (ისინი მისდევენ მამა-პაპათა ჩვეულებებს, არ მიიდრიკებიან არც სიძვისაკენ, არც ქურდობის, არც ცილისწამების , არც მკვლელობის და არც ბოროტებისაკენ) ვერანაირი ადამიანური სისუსტითა და ტომობრივი ინტერესებით ვერ ახსნი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ისტორიოსოფიური ტენდენციაა.

ეს  იმის მაჩვენებელია, რომ ქრისტიანიზაცია არ შეიცნობა როგორც ტრადიციების წყვეტა27, თუმცა პირველი რუსი მწერლები კულტურის სტატუსის ყოველნაირი შეცვლისას სარგებლობდნენ “ბნელი-ნათელის”, “წყვდიადი-ცისკრის” ოპოზიციით, მაგრამ წარმართული ყოფა მათ მდგომარეობაში არ იყო ბარბაროსული მდგომარეობა. ამიტომ ილარიონთან, პირველ რუსთან კიევის სამიტროპოლიტო საყდარზე, ნაციის მეხსიერებაში თანასწორუფლებიანნი არიან “განმანათლებელი” ვლადიმირი და მისი წარმართი წინაპარი “ძველი იგორი” და “სახელოვანი“ სვიატოსლავი. ისინი თავიანთ დროს ბატონობდნენ , სიმამაცითა და გმირობით ბევრ ქვეყანაში გაითქვეს სახელი და ამ სიმამაცისა და გამარჯვებათა გამო, ახლაც იხსენიებიან და იდიდებიან. რადგან ისისნი ცუდ და არნახულ (არარსებული) მიწაზე კი არ ბატონობდნენ, არამედ რუსულ მიწაზე, ნანახსა და ქვეყნიერების ოთხივ კუთხით სახელგანსმენილზე.

თუკი სიცუდე წარმართობის მიღმა იმყოფება, მაშინ ის მისი ზეპირი კულტურის მიღმაც იმყოფება. სახელდობრ, ეს რწმენა ანბანის მატიანური ცნობების სიმწირეშიც აისახა, თუმცა კიევსა და ნოვგოროდში შესანიშნავად იყვნენ ინფორმირებულნი კირილესა და მეთოდეს შესახებ, ისევე, როგორც იმის შესახებ, რომ ბულგარული ლიტერატურა რუსული ლიტერატურის დედაა.  დამწერლობის გამოგონებას ჩვენ ვაფასებთ როგორც დამწყვეტ ცივილიზაციონურ გარდატეხას! ამაოდ როდი ადარებენ მას ცეცხლის მოპოვებას. მემატიანენი კი შორს იყვნენ  ასეთი ტრაქტოვკისაგან და არც თუ გაუცნობიერებლად. ზეპირი კულტურის სფეროში ცხოვრების მოწესრიგება  ნამდვილად შესაძლებელია და რაღაც უპირატესობებიც კი აქვს, ზეპირი მეხსიერება ავარჯიშებს გონებას (გავიხსენოთ ინდოელი ბრძენნი, რომელნიც თაობიდან  თაობაში ზეპირად სწავლობდნენ უპანიშადებს). ზეპირი კულტურა გამოიმუშავებს აფორისტული მეტყველების ჩვევებს. შემთხვევითი როდია, რომ, კაცობრიობა თავის მასწავლებლად  თვლის იმ ადამიანებს, რომელთაც სტრიქონიც კი არ დაუტოვებიათ – თუნდაც ქრისტე და თუნდაც სოკრატე. რაც შეეხება “სიტყვანი ფილოსოფოსის” პოზიტიურ მომენტს, ეს ნათელია: ესაა ისტორიზმი, ფილოსოფოსი იწყებს შესაქმით და ამთავრებს მოციქულთა ქადაგებით. ეს ემოციურად ნეიტრალური, შეიძლება ითქვას, ემოციურად მშვიდი სიტყვაა, მაგრამ მასში ბევრი ცივილიზებული იდეაა,. მათ შორის, სამყაროს შეცნობადობის იდეა პირველობს. მონათლული სლავისთვის სახილველი ხდებოდა იმისი დასაწყისიც და დასასრულიც. ვლადიმირის რეფორმა ეს მხოლოდ ცოდნის მატება როდია, არამედ ადამიანის პრინციპული გადაფასებებისაც.  ადრე ის ბედის  თუ რაღაც უხილავი ძალების სათამაშოდ გრძნობდა თავს, ძველებურად რომ ვთქვათ “საფრთხობელასი” – ახლა კი ის დაეუფლა ისტორიას.

მიტროპოლიტ ილარიონს ეჭვი არ შეჰქონდა რა ღვთაებრივ ჩანაფიქრში, რეფორმას განიხილავდა, როგორც ცივილიზაციის მწვერვალს. ის განხორციელდა “თავის დროზე”, ესე იგი, ისტორიული გზის განსაზღვრულ ეტაპზე. ილარიონის მიხედვით, ხანდაზმულ ერებს ენაცვლებიან ახალგაზრდა ერები, რომელთაც წინ აქვთ ყველაფერი. ეს, არსებითად, თქვენს თეორიას ჰგავს, ლევ ნიკოლაევიჩ, ეთნოსთა ასაკის თეორიას, თუმცა ილარიონს მხედველობაში ჰქონდა უფრო მეტად კულტუროგენეზი.

მეორე პოზიტიური მომენტი სულის უკვდავებაა.  ‘’სიტყვა’’ სრულდება “სამსჯავრო დღეებზე” მონათხრობით, რის შემდეგაც მართალნი მოიპოვებენ “ცათა სასუფეველს”, გამოუთქმელ სილამაზესა და მხიარულობას უოხჭნოს”. ცოდვილთათვის კი გამზადებულია მარადიული ტანჯვა. მაგრამ ვინ არის ცოდვილი? ის, ვისაც არ სწამს ქრისტე და უარს ამბობს ნათლისღებაზე. მარადიული ნეტარებისთვის  სრულიად საკმარისია რწმენა, „კეთილ საქმეთა“  და ზნეობრივი ღწვის შესახებ კვლავ სიტყვაც არ არის თქმელი.

რა თქმა უნდა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ბადე, მახე ნეოფიტისათვის. მაგრამ შევეცადოთ და დავდგეთ ნეოფიტების პოზიციაზე. ნათლობა არის ხსნა – აი, მთავარი დასკვნა, მათ მიერვე გაკეთებული ( ამაზე წერდნენ ნ.კ. ნიკოლსკი და მ.დ. პრისელკოვი). ეს, რა თქმა უნდა, თავისუფალი მოაზრეობაა, რადგანაც ნათლობა არის მხოლოდ ხსნის პირობა, შემდგომ ადამიანი ხელმძღვანელობს თავისუფალი ნებით,  ან  „ვიწრო გზას“  ირჩევს, სასუფევლისაკენ,  ან ‘’ფართოს’’ – დაღუპვისაკენ. მაგრამ ამ თავისუფალა აზრს მოჰყვა მნიშვნელოვანი შედეგები.

დაეყრდნენ რა პოსტულატს, რომ ‘’ რომ ნათლობა  არის ხსნა’’, ვლადიმირის თანამედროვენი და მათი შთამომავლები განთავისუფლდნენ სიკვდილის შიშისა და სიკვდილის შემდგომი სასჯელის შიშისაგან („ისტორიზმი ათავისუფლებდა მათ მიწიური არსებობის ცხოვრების შიშისაგან“). მიტროპოლიტმა ილარიონმა თავის წარმართ თანამოძმეებს „უიმედონი უწოდა“. ქრისტიანობამ მოიტანა იმედი , ‘’შვება’’, რომელებიც შემდგომ მძლავრ ცივილიზაციონურ იმპულსებად გადაიქცნენ.

. გუმილიოვი. მართლმადიდებლობამ მოიტანა სიკეთე, სიბრძნე (თეოლოგია) და სილამაზე. მართლმადიდებლობამ დაამარცხა სიცრუის მამა მამონი და კაცთმკვლელი პერუნი. გაწმინდა რუსეთი ბილწებისაგან და მას ათასწლოვანი ისტორია აჩუქა. არა, ცხადია, რუსი ადამიანები დარჩნენ ცხოვრებისეული სიამაყით შეპყრობილნი, მაგრამ საყოველთაო ნათლობამ ჩვენ ხალხს აჩუქა ბოროტებასა და სიკეთეს შორის არჩევანის უფლება.

1. საუბარია ივანე მრისხანეს ძეზე და იმ არეულობაზე, რომლიც რომანოვების რუსეთის სამეფო ტახტზე ასვლით დასრულდა.

2. ეს არ გახლავთ ლ. ნ. გუმილიოვის საკუთარი იდეა. ავტორი, სამწუხაროდ, იზიარებს ფრანგი ფილოსოფოს-სოციოლოგის, პოზიტივიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სენ-სიმო ნის  ნამოწაფარის, ოგიუსტ კონტის(1798-1857), თეორიას კაცობრიობის ინტელექტუალური ევოლუციის სამი სტადიის შესახ, რსაც დაუპირიპირდა ვაჟა, იხ.მისი წერილი “ფიქრები”, ტ. IX. თბ., 1964,193.

3.ციკლურობის თეორია გიორგი მერჩულეს “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც” არის განხილული და დაგმობილი, იხ. “ძეგლები” I, 312,24-27.

4.ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ გამონაკლისების გარდა, რუსების აბსოლუტური უმრავლესობა, თაობებით საქართველოში მცხოვრებნი, არათუ ქართველდებოდა, საყველპურო ქართულსაც შეგნებულად არ სწავლობდა, რაც განპირობებული იყო როგორც რუსული პოლიტიკით, ასევე ქართული „ელიტის“ მონური სულითა და წვრილი ერის ელიტისადმი წამხედვარობით. ჯერ  კიდევ საბჭოთა პერიოდში, თვითონ რუსი სამხედრო პირებისგან მსმენია,  სომხეთში მომუშავენი,  როგორ ხდებოდნენ იძულებულნი სომხური შეესწავლათ. ბარაქალა, სომხების მამულიშვილობას, ბარაქალა, მათ ელიტას!!! საქართველოში კი ფილმის გადაღებისა თუ სპექტაკლის დადგმისას სამუშაო ენა დღემდე, ასეთი მასშტაბური ეთნოწმენდების შემდეგაც რუსულია. ახლა ასეთივე დამოკიდებულებაა ამერიკელებისადმი

5  ჩუკოტკის ნაციონალური ოკრუგის ცენტრი, 1920 წ-მდე ერქვა ნოვო-მარიინსკი.

6.ასეთი პროცესი ჩვენს ერში პირველად იოვანე საბანისძემ შენიშნა.

7. ეს კრიზისის ხანა საქართველოში თამარის “ოქროვან საუკუნეზე” მოდის. დიალექტიკის კანონის თანახმად, მთავარია არა ის, რაც ახლა მტკიცედ გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში კვდომას იწყებს, არამედ ის, რაც ვითარდება, თუნდაც აწმყოში ის არამტკიცედ გამოიყურებოდეს..

8 ასეთივე ეროვნულ დღესასწაულად ითვლებოდა ებრაელებისთვის ესთერის ინსპირირებით კიროს დიდის მიერ სპარსელ დიდებულთა ამოწყვეტა, რასაც XX ს-ის დასაწყისში, 1910 წ-დან ებრაელმა სოციალ დემოკრატებმა დაამთხვიეს 8 მარტი, ქალთა საიერთაშორისო დღე, რომელსაც სინამდვილეში მხოლოდ სსრკ-ში აღნიშნავდნენ და 23 თებერვალი, წითელი არმიის დღე. განსხვავება მხოლოდ წელთაღრიცხვის ძველსა და ახალ სტილშია.

9.ავტორს მხედველობაში ჰყავს ჯალალედინი (1220-1231), რომელსაც არაქართველბმა თბილისის კარი გაუღეს და რომელთან ბრძოლაშიც პირადი ინტერესების გამი, მხარგრძელებმა შალვა ახალციხელი გაწირეს და საქართველოს მრავალსაუკუნოვან უბედურებებს დაუდეს სათავე.

10.საგარეო ფაქტორზე მეტად ჩვენი ქვრყნის უბედურებაში 1992 წ-ს უზარმაზარი როლი სწორწედ ქართული “ელიტის” ობივატელურმა ეგოიზმმა ითამაშა..

11.გრიგოლ ხანძთელის მსგავსი პიროვნებაა.

12. ნადიმი, სიკვდილი და ბედისწერა ასევეა ერთმანეთთან დაკავშირებული გრ. ორბელიანის პოემა “სადღეგრძელოში”, რომელშიც ჟუკოვსკის პოემის გავლენას  ხედავენ. ასეა ეს ვაჟას ლექსშიც “ქეიფი”…

13.ქართული ფოლკლორიც იცნობს ასეთი შინაარსის ნატირალებს, მაგ. “ძმა დავაქორწინეთავ, ხალხნო, ძმაივ, პატარძლად დუსვითავ შავ მიწის კედელივ…”(იმფორმაცია მომაწოდა ა. არაბულმა, რისთვისაც ვუხდი უღრმეს მადლობას).

14.ნეტავი რას ფიქრობს დღეს ბატონი ა. პანჩენკო რუსეთის მიერ საქრთველოს წინააღმდეგ წარმოებულ 17 წლიან ომზე, ამდენ ეთნოწმენდებსა და ოკუპაციაზე? ან თვლის თუ  არა რუსულ მიწებში ყაზანის, ასტრახანისა და ყირიმის სახანოების ტერიტორიებს?

15.ანდრიას კულტი საქართველოში XI ს-დან მკვიდრდება. ქართულად მოგვეპოვება ანდრია მოციქულის წამების სვინაქსარი,იხ. გიორგი მთაწმიდელის „დიდი სვინაქსარი“, გამოც. მ. დოლაქიძისა, საეკლესიო კალენდარი 2003 წლისთვის, თბ., 2002.

16.   თვითგაწკეპლა უძველესი მცირეაზიული კულტებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ წესს  დასცინა ლუკიანე სამოსატელმა დიალოგში “ამბავი პერეგრინის აღსასრულისა”, (ქართ. იხ.ჟურნალი “არილი” 2004, # 8-9; lib.ge;  ketevanjervalidze.wordpress.com;  literatura.mcvane.ge; findout.ucoz.com

17. მარკიონიის შესახებ ვრცლად იხ. ჩვენი სამეცნიერო წერილი „ძველი და ახალი აღთქმის ღმერთის საკითხი ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელიც ცხოვრებაში“. სამეცნიერო სტატიების კრებული „ბიზანტინოლოგია საქართველოში“, ბთ.,  2007;ketevanjervalidze.wordpress.com

18.პავლიკიანელობა, იქვე.

19.ჩვენი ულამაზესი ქართული ლიტერატურა სწორედ ამ პრინციპზე დგას, მოვიყვანთ მრავლისაგან მცირედს“1.“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ 2. სულხანის „სიბრძნე სიცრუისა“ – დავა სიკეთისა და ბოროტების შესახებ; მოკლედ იმდენია, ჩამოთვლა უნდა შევწყვიტო.

20.ასეთ წმინდანებს არ იცნობს ქართული და თუ მეხსიერება არ გვღალატობს, არც ბიზანტიური ჰაგიოგრაფია.

21. ამდაგვარ ფაქტებს არ იცნობს „მოქცევაი ქართლისაი“ და „წმინდა ნინოს ცხოვრების“ რედაქციები.

22. მომოეთნიკური კულტურის ქვეყანაა სომხეთი. გავიხსენოთ მ. ლებანიძის სიტყვები: „სომხეთში მხოლოდ სომხეთი ჰყვავის“.

23 ხაზარების მიერ იუდეველობის მიღება იოვანე საბანისძისთვის ცნობილი ფაქტია.

24. დ. გურამიშვილის „დავითიანში“ მსხალიც ფიგურირებს.

25.  ამ აჯანყებისას დავით კურაპალატი ბარდას ფოკას ბანაკში იყო, რამაც შემდგომ „ზემოური ქართული მიწების“ კვლავ დაკარგვა გამოიწვია. ეს მოვლენები, მართალია გაკვრით, მაგრამ მაინც არის ასახული კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში“

26. ტრილინგვისტური თეორია დასავლეთში გაბატონდა, თორემ აღმოსავლეთში ნაციონალურ ენებს  (1 კორ. . 14: 18, 19). დაყრდნობით  თავიდანვე მიეცა გასაქანი, ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილებებით განმტკიცებული. რატომ ტოვებს ამ ფაქტს ალექსანდრ პანჩენკო? თუმცა, დროდადრო ბერძნები ცდილობდნენ ხოლმე ტრილინგვისტური თეორიის აღორძინებას, რომლის მესაძირკვლეც დასავლელი ისიდორე სეველიელია  ((„ეტიმოლოგიები“, წგნ XI, 13), ლუკ. (. 23 38.:-ზე დაყრდნობით) და რაც აისახა კიდეც „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში“.

27. ასე ესმოდათ  ეს ძველ საქართულოშიც, რაც ასახა სემანტიკამაც: წარ-მართ-ი – სწორად მავალი; მართლ-მადიდებელი – სწორის, მართლის მადიდებელი, მიმდევარი.

Gallery | This entry was posted in თარგმანი. Bookmark the permalink.

2 Responses to ლევ გუმილიოვი ალექსანდრ პანჩენკო ნათელი რუსეთი

  1. mari says:

    ,,საქართველოში კი ფილმის გადაღებისა თუ სპექტაკლის დადგმისას სამუშაო ენა დღემდე, ასეთი მასშტაბური ეთნოწმენდების შემდეგაც რუსულია. ახლა ასეთივე დამოკიდებულებაა ამერიკელებისადმი”… absoluturad vetanxmebi! zustia!

  2. фა ზუსტად ასეა საქმე საქართველოში. ქართველები მონებივით არიან უმრავლესობა თუ არა დიდი ნაწილი მაინცა. ადრე იყო რუსული, ეხლა არის ქართული. მე პირადად ინგლისური არ მიყვარს არც ენა და არც ხალხი, ხოლო რუსებს პატივს ვცემ, მაგრამ საქართველოში პირველ ადგილზე უნდა იყოს ქართული ენა. ის ქართული ენა რომელიც ქართულია და არა რუსულ, ინგლისურ, სპარსულ, თურქულ, არაბულ სიტყვით სავსე ქართული ენა.

    ქართველთა ძირითადი მასა არაფერს შვრება იმისთვის რომ ქართული ენა იყოს მთავარი საქართველოში. მიხო და მისი ამალა ხომ პირდაპირ მტრებად მოევლინნენ საქართველოს ყოველივე მაღალღირებულს. მაგრამ დანარჩენი მაგ დამპლებზე მეტი ქართველებიც არ იბრძვიან საქართველოს წინ სვლისთვის. დავით მე-4 აღმაშენებელმა თქვა დიდგორის ომის წინ თუ ერთად ვიქნებით ეშმაკის მოციქულები კი არ ეშმაკებიც დამარცხდებიან ჩვენს წინაშეო და ეს სიმართლეა.

    გაუმარჯოს ძლიერ საქართველოს!!!

    ამინ!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s