ნიკოლო მაკიაველი ზღაპარი არქიეშმაკ ბელთაგორისა

აღორძინების ეპოქის იტალიური ნოველა

ნიკოლო მაკიაველი (1469-1527)

ზღაპარი  არქიეშმაკ  ბელთაგორისა1

ნიკოლო მაკიაველი

იტალიურიდან თარგმნა – ლალი ბურდულმა-ბარბაჩა ჰოპენშტაუენ – შვაბიელმა

     შესავალი წერილის,  კომენტარების ავტორი და რედაქტორი – ქეთევან ჯერვალიძე

                     საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული  ლიტერატურის ინსტიტუტისა და ქართველ მწერალთა სალიტერატურო-სამეცნიერო გაზეთი „კალმასობა“ #6(71) 2003.

    ნოველა (novella იტ. ახალი ამბავი) მოკლე, თავშესაქცევი პროზაული მოთხრობები ნამდვილ, ან სინამდვილეს მიმსგავსებულ მოვლენებზე ძველ საბერძნეთში ჰომეროსამდეც კი არსებულა. აღმოსავლეთში კულტივირებულ ამ ჟანრში ძველბერძნულ ტომთა შორის იონიელებს უსახელებიათ თავი, რღა თქმა უნდა, სწორედ ამ აღმოსავლეთისავე გავლენით.  სხვა ლიტერატურული ჟანრების მსგავსად, ნოველამაც გრძელი გზა განვლო ზეპირი ტრდიციებიდან ლიტერატურულ ნაწარმოებში ჩართვამდე და თანაც გასართობ ფუნქციასთან ერთად დიდაქტიკური დატვირთვაც შეიძინა. ნოველებს პოულობენ ჰეროდოტეს, პეტრონიუს არბიტრის, აპულეუსის, ფედრასა და სხვათა ნაწარმოებებში.

ნოველა, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, ელინიზმის ეპოქაში ჩამოყალიბდა. განსაკუთრებული აღიარება კი მას არისტიდეს მილეტელის მიერ შედგენილმა ეროტიკული და პიკანტური თავგადასავლების კრებულმა „მილეტურმა მოთხრობებმა“ მოუპოვა. პოპულარობა იმდენად დიდი ყოფილა, რომ ბერძეთა მიმბაძველ რომაელებს, სახელდობრ, კორნელიუს სიენელს (ძვ. წ.120 – 67)  ჩვენთვის კარგად ცნობილი პომპეუსის  თანამებრძოლს ლათინურად უთარგმნია კიდეც. ასე დაწყებულა ნოველის მძლავრი მსვლელობა  ევროპის კონტინენტზე.

შუა საუკუნეებში, რენესანსის გარიჟრაჟზე, მისი სახელი ჯოვანი ბოკაჩოს  სახელთან არის დაკავშირებული. „სან ჯოვანი ბოკარდო- წმინდა იოანე ოქროპირი“ – ასეთო ეპითეტით შეამკო ის  XVI  ს-ის ნოველისტმა გრაცინიმ.

იტალიური ნოველის ახალი, განსაკუთრებული ზეობის ხანა XVI ს-დან იწყება. ამ პერიოდის ნოველას ჩინკვეჩენტო – cinquecento  იტ. ხუთასი – ჰქვია და  მიმდინარეობა მანიერიზმის, გვიანი რენესანსის     (XVI ს.), დროით საზღვრებში თავსდება.

XVI ს- ის იტალიაში ნოველის ფორმის სიმტკიცეს ხელი შეუწყო არა მხოლოდ ბოკაჩოს წინაშე  თაყვანისცემამ, რომლის „დეკამერონიც“ ამ ეპოქის  იტალიელმა მწერლებმა ამოუწურავი  სტრუქტურული სქემების წყაროდ,  თხრობითი სიტუაციებისა და სამაგალითო ენობრივ მოდელებად დასახეს, არამედ ანტიკური კლასიკოსებისკენ მიტრიალებამაც:         ვალერიუს მაქსიმუსი( ახ. წ.I ს.) , აპულეუსი( ახ. წ.I ს.) (გვიანი ბერძნული ეპოქის რომანების ავტორები: ჰელიოდორე (III-IVსს. ), ლონგე(ახ. IIს.)  ქსენოფონ ეფესელი (I-II ს.), აქილევს ტატიუსი, ხარიტონ აფროდისიელი (II ს.)  და რაღა თქმა უნდა, ლათინურენოვანი პეტრარკა). დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თვით ჟანრის სპეციფიკასაც. ნოველა თავისი ფორმით იყო ტევადი, მოქნილი. ის კარგი თუ ცუდი, ღირსეული თუ უღირსი ადამიანის ასასახად კომიკურ, ტრაგიკულ, რეალისტურ, ზღაპრულ ფორმებს იყენებდა და მისი ისტორიის ცენტრალურ გმირად ქცევისა და ყოველთვის ახლებური გაშუქებისკენ ისწრაფოდა.

XVI ს- ის იტალიურმა  რენესანსულმა ინდუვიდუალიზმმა თავისი ბურჟუაზიული შინაარსის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებად სწორედ ნოველა დასახა, რითაც მკითხველს საშუალება მიეცა იმაზე მეტი გაეგო თავისი  თავისა და თავისივე დროის შესხებ, ვიდრე ამას მითოლოგიური, სარაინდო რომანებითა და ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიებით იგებდა.

ჩინკვეჩენტოს  ნოველისტები (ჰაგიოგრაფთა მსგავსად) ცდილობენ თავიანთ ქმნილებებს რეალური ფონი ისეთი გამოთქმების მოშველიებით შეუქმნან , როგორებიცაა:  „ტრადიციისამებრ”, ”როგორც ეს ჩვენშია მიღებული”, ”მატიანეთა თანახმად”, ”სხვა მსგავს ამბავთა თანახმად”, და ა.შ. ამით ისინი ხაზს უსვამენ მონათხრობი ამბის ისტორიულ დამაჯერებლობას, სანდოობას, მაშინაც კი, როცა მათ მიერ აღწერილი ამბავი წმინდა წყლის გამონაგონია, როგორც ეს, მაგალითად, ნ. მაკიაველის შემოთავაზებულ ნოველაში გვხვდება.

აღორძინების ეპოქის იტალიური ნოველის მრავალფეროვნებისა და ნაირგვარობის დასადგენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ არა მხოლოდ დროით საზღვრებს, არამედ გეოგრაფიულსაც. ამ თვალსაზრისით, მას ჩრდილოურ და ტოსკანურ ნაკადებად ყოფენ, თუმცა, ტოსკანურიც, თავის მხრივ. ორი ნაკადის,  ფლორენციულისა და სიენურის ერთობლიობას წარმოადგენს. ჩრდილოელები თემების სიუხვითა და მათი დამუშავების მრავალფეროვნებით გამოირჩევიან:  სარაინდო საქმენი, წრეგადასული ოინები , მდაბიოთა ცხოვრების ქრონიკები, ასევე – სიყვარული – აი, რა განეკუთვნება მათი ინტერესების სფეროს, მაშინ როცა , ტოსკანელები ამ ბოლო თემას, ძირითადად სიყვარულს დასტრიალებენ თავს.

ნიკოლო მაკიაველი სწორედ ტოსკანურ-ფლორენციული სკოლის წარმომადგენელია, ეს მწერალი უაღრესად სახელგანსმენილი გახადა, უპირველეს ყოვლისა, პატარა ტრაქტატმა „მთავარი“, რამაც მთელი მისი მხატვრული შემოქმედება დაჩრდილა. იტალიის მაშინდელმა საერთაშორისო და საშინაო მდგომარეობამ და თვით ცნება „იტალიის“ ლამის ფიქციად ქცევამ განაპირობა მაკიაველის მაქსიმალიზმი. მისთვის ყოველივემ მხოლოდ სამშობლოსთან მიმართებაში შეიძინა ღირებულება. ანტიეროვნულმა ტენდეციებმა სათავე დაუდო სამშობლოს გაღმერთებას. ”ღმერთი ზეციდან მიწაზე ჩამოვიდა და მას სამშობლო დაერქვა” –კითხულობ ამ და ამის მსგავს სტრიქონებს და გული გეწურება , მოდი და ნუ გაგახსენდება ილია( რომელმაც „სამშობლო უფალზე მეტად იწამა“ ვაჟა), აკაკი, ვაჟა…

ამ ბუმბერაზ მოაზროვნეს ღრმად სწამდა, რომ მორალური ფილოსოფია თავის პრაქტიკულ აზრს მხოლოდ ისტორიულ ცდაში იძენდა და მხოლოდ მასში ვლინდებოდა ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულების ნამდვილი არსი. აბა, რითი არ ჰგავს ეს სიტყვები ჩვენი ყველაზე საუკეთესო ლიტერატურული გმირის- ავთანდილის სიტყვებს? – ” არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?  მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.”

ნ.მაკიაველის იდეალს წარმოადგენდა ძლიერი პიროვნების კულტი, როგორც სოციალური იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. მისი კონცეფციის თანახმად , ძლიერ პიროვნებას შესწევს უნარი წინ აღუდგენს ბედისწერას, გაუთვალისწინებელ შემთხვევითობას დაუპირისპიროს თავისი ენერგია და გამჭრიახობა. ძლიერ პიროვნებას შეუძლია რეალურად შეაფასოს შექმნილი მდგომარეობა და სიტუაციის შესატყვისად უკეთესისაკენ შეცვალოს იგი (როგორც ეს ჩვენს „ვეფხისტყაოსანშია). ნიკოლო მაკიაველის ამ იდეის მხატვრულ ხორცშესხმას წარმოადგენს სწორედ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნოველა ”ზღაპარი არქიეშმაკ ბელთაგორისა”, რომლის თარგმანი ეკუთვნის იტალიაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს, ამჟამად უკვე შესანიშნავ მცოდნეს იტალიური ენისას , ქალბატონ ლალი ბურდულს- ბარბაჩა ჰოპენშტაუფენ-შვაბიელს, ქალბატონი ლალი ძალიან მოწადინებულია რუსულ-კოსმოპოლიტური აღზრდით გამოწვეული დანაკლისი ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეივსოს და თანაც, ბარათაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ”შეეწიოს მამულ ენას, რაოდენიცა ძალუძს.”

***

ფლორენციული ამბების ძველებურ მატიანეებში, რომელნიც ერთმა ხუცესმა დატოვა და რომელიც, როგორც მისი თანამედროვენი გადმოგვცემენ, ღვთის სათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა, ვკითხულობთ, რომ ერთხელ მას მხურვალე ლოცვისას უხილავს ჩვენება: ღვთის რისხვის გამო გარდაცვლილი და ჯოჯოხეთს მიმავალ უბედურ მოკვდავთა სულთაგან ყველა, ან თითქმის ყველა ჩიოდა, რომ მათი უბედურებანი მხოლოდ და მხოლოდ ცოლების შვრთვით იყო გამოწვეული. ეს ამბავი მინოსსა და რადამანთს 2, საიქიოს სხვა მსაჯულებთან ერთად, ძალიან აკვირვებდათ,  ცილისწამება ქალთა მოდგმაზე დაუჯერებლად მიაჩნდათ, მაგრამ რადგან საჩივართა რაოდენობა დღითიდღე მატულობდა, ისინიც შესატყვისი ანგარიშებით წარსდგნენ პლუტონის 3წინაშე, მან კი საქმის კვლევა-ძიებაში საიქიოს ყველა მესვეურის ჩართვა ბრძანა, რათა განჩინება საუკეთსო გამოსულიყო: ან ფაქტების სიცრუე უნდა გამოეაშკარავებინათ, ან მისი ჭეშმარიტება ერწმუნათ. ამგვარად, პლუტონმა ყველა მხრიდან მოიწვია ისინი და ასეთი სიტყვებით მიმართა:

-თუმცა, საყვარელნო ჩემნო, ზეციური განკარგულებითა და ბედისწერის საუკუნო ნებით, ვფლობ მე ამ სამეფოს და აქედან გამომდინარე, არანაირი განაჩენის გამოტანა არ მევალება, არც ზეციურის და არც ქვეყნიურის, მაგრამ მიუხედავად ამისა, რადგან უფრო კეთილგონივრული იქნება ძალაუფლების პატრონი ჰმორჩილებდეს კანონებს და სხვის აზრსაც ითვალისწინებს, მივიღე გადაწყვეტილება, ყურად ვიღო თქვენი მსჯელობა ამ საქმის თაობაზე, რომელსაც შეუძლია, ჩვენს სახელმწიფოს, მომავალშიც რომ უნდა განვაგო, სახელი გაუტეხოს. ყველა მამაკაცი, ვინც ჩვენთან ჩამოდის მიზეზად ცოლს ასახელებს და რამდენადაც ეს შეუძლებლად არ გვეჩვენება ჩვენ, ვშიშობ , რომ ასეთი ამბების დაჯერებით ვაითუ ზედმეტი სიმკაცრე დაგვწამონ,  ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში , ზერელობა და სამართალმოძულეობა დაგვაბრალონ. პირველ ცოდვაშიც ადამიანები ცვივიან თავიანთი თავქარიანობით და მეორეშიც- თვიანთი უსამართლობით. მე კი მსურს, ეს ორი ერთმანეთზე გადამბული ბრალდება თავიდან ავიცილო, მაგრამ ვერ მივაგენი  რა გამოსავალს, მოგიწვიეთ თქვენ აქ, რჩევა უნდა მოგვცეთ, დახმარება აღმოგვიჩინოთ, რათა ამ სამეფომ ისევე სახელშეულახავად იარსებობს , როგორც აქამდე უარსებია.

მთავართაგან თითოეულმა ეს საქმე უმნიშვნელოვანესად და ურთულესად ჩათვალა. ერთხმადაც კი დაასკვნეს სიმართლე უეჭველად დაედგინათ, მხოლოდ იმაში ვერ თანხმდებოდნენ, რა ხერხისათვის მიემართათ. ისინი ფიქრობდნენ , რომ თავიანთი რიგებიდან ვინმე უნდა აეგზავნათ დედამიწაზე ადამიანის იერსახით, რათა მას პირადად დაედგინა სიმართლე, მეორენი კი ამდენ დავიდარებას საჭიროდ არ თვლიდნენ და სხვადასხვა სულების მიერ იძულების წესით სიმართლის აღიარება საკმარისად მიაჩნდათ, მაგრამ, როდესაც ხმათა უმრავლესობამ ვიღაცის მიწაზე აგზავნა დაადგინა, სხვებიც მიემხრნენ. წასვლის მოხალისე რადგან არა და არ გამოჩნდა, გადაწყვიტეს , დავალების შესრულება ამ აზრის პირველ მომწოდებელს დაჰკისრებოდა. არჩევანი ეშმაკმთავარ ბელთაგორზე შეჩერდა, რომელიც ზეციდან გადმოტყორცნამდე მთავარანგელოზი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს დავალება სულაც არ მოეწონა, პლუტონის ძალაუფლებით ძლეული, დასთანხმდა საბჭოს გადაწყვეტილებებს მოჰყოლოდა და იმ პირობებსაც დამორჩილებოდა , რომელნიც იქ საზეიმოდ იქნა დადებული და რაც შემდეგში მდგომარეობდა: დავალების შესასრულებლად წარსაგზავნისათვის უმალვე უნდა გადაეცათ ასი ათსი დუკატი4. ადამიანის იერსახემიცემული, ამ ფულით უნდა ასულიყო მიწის ზედაპირზე , შეერთო ცოლი და ათი წელი ეცხოვრა მასთან, შემდეგ კი, მოჩვენებითი გარდაცვალების გზით, უკანვე დაბრუნებულიყო და უმაღლესი ხელისუფლებისათვის ოჯახური ცხოვრებისა თანმდევი მთელი სიძნელე- სირთულენი პირადი გამოცდილების საფუძველზე მოეხსენებინა. ბელთაგორს, ამ ათი წლის განმავლობაში საკუთარ თავზე უნდა გამოეცადა ყველა ის გაჭირვება და უბედურება, რაც წილხვედრია მამაკაცისა: სიღატაკე და სიცხეც კი, სნეულებანი და სხვა უბედურებანიც, თანაც, ამათგან თავი ეშმაკობით, ან მოტყუებით არსგზით არ უნდა დაეძვრინა.

ამრიგად, ბელთაგორი,  როგორც კი მიიღო ფული და ბრძანება, ამოვიდა მიწაზე და ცხენოსანი ამალით გარემოცულმა დიდებით შეაბიჯა ფლორენციაში . ეს ქალაქი მან სხვა ქალაქებს იმიტომ ამჯობინა, რომ, მისი აზრით, ფულის დასაბანდებლად ყველაზე უკეთესი იყო. სახელად როდრიგო კასტილიელი დაირქვა, სახლი ყოვლადწმინდის დაბაში5 იქირავა და თავისი წარმომავლობისა და მდგომარეობის შესახებ ზედმეტი შეკითხვების ასაცილებლად, განაცხადა: რომ ჯერ კიდევ სიყმაწვილის წლებში დაეტოვებინა ესპანეთი და სირიაში გამგზავრებულს მთელი თავისი ქონება ალეპოში შეეძინა, იქიდან კი იტალიაში წამოსულიყო , რათა უფრო არისტოკრატიულ, სამოქალაქო წესწყობილებისა და საკუთარი სულიერი განწყობილების შესატყვის ქვეყანაში მოეძებნა თავისთვის საცოლე. როდრიგო ულამაზესი მამაკაცი იყო, შესახედაობით ოცდაათ წელს მისცემდი. მან პირველივე დღეებში გამოამჟღავნა დიდ სიმდიდრეს რომ ჰფლობდა, ხოლო ქცევით კი კაცთმოყვარე და სამაგალითო იყო.  ასე რომ, ქალაქის აზნაურებმა, რომელთაც ბევრი ასული ჰყავდათ, მაგრამ ფული ჰქონდათ ცოტა, მისთვის შვილების ცოლად შეთავაზება დაიწყეს. როდრიგომ თავისი არჩევანი მათ შორის ყველაზე ლამაზ გოგოზე, სახელად ონესტაზე შეაჩერა, იგი ამერიგო დონატის ასული იყო და მამამისს, მის გარდა, კიდევ სამი ძე და სამი ასული ჰყავდა, თანაც ყველა დაოჯახების ასაკს მიწევნილი. მართალია, ამერიგო დონატი ძალიან ცნობილ საგვარეულოს მიეკუთვნებოდა და ფლორენციაში ყველასგან დიდი პატივითაც სარგებლობდა , მაგრამ. თავისი ოჯახის მრავალრიცხოვანებიდან გამომდინარე, უკიდურესად ღარიბი გახლდათ.

როდრიგომ არნახული ქორწილი გადაიხადა, არა დაუშურებია რა, რაც ასეთ ზეიმს შეეფერებოდა, რადგან მას საიქიოდან სულეთში დაბრუნების პირობის თანახმად, ყოველგვარი ადამიანური ვნებანი უნდა გამოეცადა. ჰოდა,  მანაც მყისვე გაუსინჯა გემო მიწიერ პატივსა და სიამეთ, ქება-დიდებას, კაცთაგან მოძღვნილს, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული . გარდა ამისა, თავის მონა ონესტასთან ორიოდე დღის თანაცხოვრებისთანავე მიხვდა, რომ უზომოდ შეჰყვარებოდა იგი და სიცოცხლეც კი ვეღარ წარმოედგინა თუ მას მოწყენილს , ან უკმაყოფილოს დაინახავდა. მონა ონესტამ, დიდგვაროვნებასა და სილამაზესთან ერთად,  ქმრის სახლში ამპარტავნება და ჭირვეული ზნეც შეიტანა, რაშიც მას ლუციფერიც კი ვერ აჯობებდა. როდრიგომ, რომელსაც ამ საქმეში ორივე გამოცდილი ჰყავდა,  დაასკვნა, რომ ცოლი ნამდვილად ფლობდა უპირატესობას. მონა ონესტა კი მიუხვდა თუ არა ქმარს თავის მიმართ დიდ სიყვარულს, კიდევ უფრო გაჭირვეულდა და გადაწყვიტა,  ბოლომდე ხელთ ეგდო იგი. ქალი სინდისის ქეჯნის გარეშე ეუფროსებოდა მას და როგორც კი როდრიგო რამეზე უარს ეტყოდა , მაშინვე უხეში და ბილწი სიტყვებით უყოყმანოდ შეურაცხყოფდა. ეს ყველაფერი როდრიგოს ენით აღუწერელ სევდას ჰგვრიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცოლისძმების, სიმამრის, ცოლის სანათესაოს, საქორწინო მოვალეობებისა და ყველაზე მეტად კი ცოლისადმი უდიდესი სიყვარულის  გამო, მაინც მოთმინებით უძლებდა, აღარაფერი ითქმის იმ უზარმაზარ ხარჯებზე, რასაც როდრიგო ცოლის საამებლად გაიღებდა ხოლმე: ყიდულობდა მისთვის ახალ-ახალ სამოსს, რათა ცოლი კვალში მიჰყოლოდა მოდას, რისი ცვალებადობაც ოდითგანვე ახასიათებს ჩვენს ქალაქს. აღარც იმაზე, რომ ცოლთან მშვიდობიანი თანაცხოვრების სურვილიდან გამომდინარე, იგი იძულებული იყო სიმამრს დანარჩენი სამი ასულის გათხოვებაშიც მიხმარებოდა, რაც ასევე დიდი ფული დაუჯდა მას. მონა ონესტას საამოდვე, როდრიგო იძულებული გახდა, ერთი ცოლისძმა რბილი ქსოვილებით დატვირთული აღმოსავლეთში გაეგზავნა სავაჭროდ, მეორე – მძიმე ქსოვილებით დატვირთული – დასავლეთში, მესამისთვის კი იქვე, ფლორენციაში გაეხსნა საოქრომჭედლო. ამასაც ძალიან დიდი თანხა დასჭირდა, გარდა ამისა, კარნავალებისას და წმინდა იოანეს სახელობის დღეს, როცა მთელი ქალაქი ძველებური წესის თანახმად ეძლეოდა ლხინს,  ბევრი დიდგვაროვანი და  მდიდარი მოქალაქე საუცხოო ნადიმებს მართავდა, მონა ონესტას სურდა მისი როდრიგო ამ საქმეშიც აღმატებოდა მათ სუფრის დიდებულებითა და სტუმართმოყვარეობით. ქმარი ამ ყოველივეს ზემოთმოხსენებული მიზეზების გამო, იტანდა და იქნებ, ძალიან არც კი გასჭირვებოდა ამ გაუსაძლისი პირობების გაძლება, მის საახლში, მიუხედავად ყველაფრისა, სიმშვიდეს მაინც რომ დაესადგურა  და წყნარად დალოდებოდა თავის გაღარიბებას.  მაგრამ საქმე სულ სხვანაირად წავიდა: გაუსაძლისმა ხარჯებმა და ცოლის კადნიერებამ როდრიგო ძალიან დაამწუხრა, მის სახლში ვერ იპოვიდით ვერც ერთ მოახლეს, ან მოსასახურეს, რომელიც არათუ ხანგრძლივად, ორიოდე დღე მაინც გაუძლებდა ქალბატონს, როდრიგოს ჭერქვეშ აღარ იყო პატიოსანი და გამრჯე მსახური, სხვებზე რაღა უნდა ითქვას , როცა ის ეშმაკნი, რომელნიც მას ამალის წევრთა რანგში მოჰყვნენ, ამ ქალის გვერდით ცხოვრებას ჯოჯოხეთის ცეცხლში დაბრუნებას არჩევდნენ.

ამგვარი მშპოთვარე და მოუსვენარი ცხოვრებითა და უთავბოლო მფლანგველობით, როდრიგომ ამოწურა მოძრავი ქონების დანაზოგი, და აღმოსავლეთ-დასავლეთის საქმეებიდან მოგების იმედად მცხოვრებმა, ჯერ კიდევ შემორჩენილი ავტორიტეტის წყალობით , ფული პროცენტით ისესხა, თავისი ღირსება რომ არ შეელახა და ძველებურად ეცხოვრა, მაგრამ გასასტუმრებული ვალების გამო, მცირე ხანში მევალეთა მახეში გაება. თითქოს გაჭირვება ჰკლებოდეს, მალე აღმოსავლეთ-დასავლეთიდანაც მოვიდა ცნობა: დონა ონესტას ერთ ძმას მთლიანად წაეგო როდრიგოს ქონება, მეორე კი დაუზღვეველი საქონლით დატვირთულ გემთან ერთად ჩაძირულიყო. ეს ამბავი წესიერად არც კი იყო გახმაურებული , რომ როდრიგოს მევალენი შეიკრიბნენ და მისი გაკოტრება დაასკვნეს, მაგრამ, რადგან ვალის დასაფარავი დროის ამოწურვამდე არ გამოაშკარავდებოდა ეს ფაქტი, გადაწყვიტეს , თვალყური ედევნებინათ მისთცვის, რათა არ გაჰპარვოდათ. როდრიგოც , თვის მხრივ, სხვა გამოსავალს ვერ  ხედავდა, არც საიქიოში არსებული ვალიდებულება აძლევდა მოსვენებას, ამიტომაც გადაწყვიტა , ყოველი ღონე ეხმარა გასაქცევად. ერთ მშვენიერ დილას ცხენზე შეჯდა და პრატოს ჭიშკრით, რომელთან ახლოსაც ცხოვრობდა, გაიპარა. ჯერ როდრიგოს გაქცევის ამბავი კარგად არც კი გამომზეურებულიყო, რომ მისმა კრედიტორებმა განგაში ატეხეს. მათ ხელისუფლებას არა მარტო მალემსრბოლნი მოსთხოვეს , თვითონაც ერთობლივად ჩაუდგნენ კვალში გაქცეულს. როდრიგო ქალაქს ჯერ ერთი მილითაც არ იყო  გაცდენილი, რომ ზურგს უკნიდან მდევართა ხმა შემოესმა, მიხვდა, ცუდად რომ იყო  საქმე და გადაწყვიტა თავისი დევნილობის დასაფარავად გზიდან გადაეხვია და ველ-მინდვრებისთვის მიეცა თავი. მაგრამ იქაურობა ღრმულებით იყო მოფენილი, ამიტომ ცხენი გზისპირად მიატოვა და ვენახითა და ლერწმით დაფარულ ველიდან ველზე, რითაც ასე მდიდარია ეს შემოგარენი, ქვეითად გაიქცა, სანამ პრეტოლის მიდამოებში ჯოვანი დელ ბენეს არენდატორს, ჯოვანი მატეო დელ ბრიკას, არ მიადგა. საბედნიეროდ, ჯოვანი მატეო შინ იყო და ხარებს საკვებს უყრიდა. როდრიგომ უთხრა ვინც იყო, დაჰპირდა , თუ მტრებისგან, რომელთაც მისი სიკვდილამდე ციხეში გამომწყვდევა უნდოდათ ,  თვს დააძვრენინებდა, გაამდიდრებდა, თან მტკიცე პირობაც მისცა, მოტყუების შემთხვევაში თანახმა იყო, გლეხს იგი მტერთათვის გადაეცა. მართალია, ჯანმატეო გლეხი იყო, მაგრამ სიმამაცით გამოირჩეოდა. ის მიხვდა, რომ მარჩიელობის დრო აღარ იყო დ როდრიგოს გადარჩენას შეჰპირდა. მან ლტოლვილი თავისი ქოხის წინ დაგროვილ ნაკელში დამალა და ზედ ვითომ დასაწვავად გამზადებული ჩალაბულა მიაყარა. ხეირიანად დამალვაც კი ვერ მოესწრო როდრიგოს, მდევრები რომ გამოჩნდნენ და მიუხედავად დიდი მუქარისა, ერთი სიტყვაც ვერ დააცდენინეს ჯოვანი მატეოს, გარდა იმისა, რომ თვალი მოჰკრა გაქცეულს.  ამაო დევნის შემდეგ, ქანცგაწყვეტილი მდევრები ფლორენციაში გაბრუნდნენ. ხმაური მიწყდა თუ არა, ჯანმატეომ როდრიგო სამალავიდან გამოიყვანა და მიცემული სიტყვის შესრულება მოსთხოვა, რაზეც როდრიგომ მიუგო:

_ ძმაო, დავალებული ვარ შენგან, მინდა სიკეთე გადაგიხადო და რომ ირწმუნო , რასაც გეუბნები, იძულებული ვარ ჩემ შესახებ სიმართლე გაგიმხილო. ამრიგად, როდრიგომ გლეხს თავისი თავგადასავლისა და იმ ვალდებულებათა შესახებ უამბო, რომელნიც საიქიოდან წამოსვლისას იკისრა და ისიც, თუ როგორ გამოექცა ცოლს. შემდეგ კი გაუმხილა, რა გზით აპირებდა თავისი მხსნელის გამდიდრებას: როგორც კი ჯანმატეოს ყურამდე მიაღწევდა ცნობა რომელიმე ქალის ბოროტსულდაცემულობის შესახებ, უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს როდრიგო იყო და სხვა არავინ, ამ ქალის სულში ჩასახლებული და მანამდე არ შეეშვებოდა ქალს, სანამ ჯანმატეო მის გამოსადევნად არ მივიდოდა. თქვა თუ არა როდრიგომ თავისი პირობა,  მყისვე გაუჩინარდა.

არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ფლორენციაში ხმა დაირხა: მესირ ამბორჯო ამადეის ქალიშვილი, ბუონაიუტო ტებალდუჩის რომ ჰყავს ცოლად, ეშმაკს შეუპყრიაო. სანათესაომ ყველა იმ ხერხს მიმართა, რაც ასეთ შემთხვევაში გამოიყენებოდა ხოლმე. მაგალითად, თავზე შემოატარეს წმინდა ზინობიას თავი და იოანე გუალბერტიელის მოსასხამი, რაც როდრიგოში მხოლოდ სიცილს იწვევდა, ყველა რომ დარწმუნებულიყო იმაში, რომ ქალი ნამდვილად ბოროტისულდაცემული იყო და სხვას არაფერს ჰქონდა ადგილი, როდრიგო მას ლათინურად ალაპარაკებდა ფილოსოფიის საკითხებზე და ირგვლივ მყოფთა ცოდვებსაც ამხელინებდა. სხვათა შორის, ქალმა ისიც კი თქვა, ერთი ბერი მონაზვნად გადაცმულ ქალს ოთხი წელი როგორ მალავდა თავის სენაკში. ყოველივე ამას ხალხი განცვიფრებაში მოჰყავდა. მესირ ამბორჯოს მწუხარებას კი საზღვარი არ ჰქონდა და ის იყო მან მკურნალობის ყველა მეთოდის ამოწურვის შემდეგ ასულის გამოჯანმრთელების იმედი დაკარგა, რომ ჯოვანი  მატეო ესტუმრა და შვილის განკურნებას დაჰპირდა ხუთას ფლორინად, რაც მას პრეტოლში მამულის შესაძენად სჭირდებოდა . მესირ ამბორჯო პირობას დასთანხმდა. ჯანმატეომ პირველ რიგში წირვა ჩაატარებინა, ნაირნაირი რიტუალი შეასრულებინა, რათა მათთვის თვალში ნაცარი შეეყარა, შემდეგ კი  დაიხარა და ქალს ყურში ჩასჩურჩულა: – როდრიგო, აი , შენს სანახავად მოვედი , რათ დანაპირები შემისრულოო. ამაზე როდრიგომ მიუგო:

_ ძალიან კარგი, მაგრამ შენს გასამდიდრებლად ეს როდი კმარა! როგორც კი ამ ქალს დავტოვებ, ნეაპოლის მეფის , კარლოსის ასულს ვესტუმრები და შენს მოსვლამდე თავს არ დავანებებ, შენ კი შენებურად მოითხოვე გასამრჯელო, შემდეგ  კი აღარ შემაწუხო.

ამ სიტყვებით როდრიგომ დატოვა ასული მთელი ფლორენციის გასახარად და განსაცვიფრებლად.

ამ ამბიდან დიდ დროს არ გაევლო, რომ მთელ იტალიას ახლა კარლოს მეფის ასულის უბედურების ამბავი მოედო. ბერებისაგან უშედეგო დახმარების შემდეგ, მათ ჯოვანი მატეოს შესახებ შეიტყვეს. მეფემ ფლორენციაში კაცი გაგზავნა მასთან, ისიც ჩავიდა ნეაპოლში და რამდენიმე საჩვენებელი რიტუალის შესრულების  შემდეგ განკურნა იგი. როდრიგომ კი სანამ იქაურობას გაეცლებოდა უთხრა გლეხს:

_ხომ ხედავ, ჯოვანი მატეო, შევასრულე პირობა, გაგამდიდრე, ასე რომ, ახლა ვალმოხდილს შენ წინაშე არანაირი ვალდებულება აღარა მაქვს და კარგი იქნება, ამის შემდეგ გზად თუ არ გადამეყრები, თორემ სიკეთეს სიავედ შეგიცვლი.

ჯანმატეო ძალზე მდიდარი დაბრუნდა ფლორენციაში, მეფემ იგი ორმოცდაათი ათას დუკატზე მეტით დააჯილდოვა. გლეხმა იფიქრა, რომ ახლა კი დატკბებოდა, მშვიდად და წყნარად იცხოვრებდა თავისი სიმდიდრით, რადგან უვნებლობის იმედი ჰქონდა როდრიგოსაგან, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. მოულოდნელად, მისი გონება საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო VII-ის ასულის ამბავმა შეაშფოთა. ქალი ბოროტ სულს შეეპყრო. ჯანმატეო მაშინვე ააღელვა ამ ახალმა ამბავმა, რადგან კარგად იცოდა ამ მეფის ძლევამოსილების ამბავი, თანაც როდრიგოს სიტყვებიც ახსოვდა. მეფემ ასული ვერანაირად ვერ განკურნა, ამიტომ, როგორც კი ჯანმატეოს ნიჭის შესახებ შეიტყო, პირველად თავისი რიგით შიკრიკი აფრინა თხოვნით, მაგრამ გლეხმა შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა.  მეფე იძულებული გახდა, მოციქულობა სენიორასთვის ეთხოვა. მან აიძულა ჯანმატეო დათანხმებულიყო. დიდად დამწუხრებული დაადგა გლეხი პარიზის გზას. იქ მეფის წინაშე დაადასტურა , რომ მის შესახებ რასაც ამბობდნენ, მართალი იყო, რომ მართლაც განკურნა ორი ქალი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ყოველგვარი სნეულებისგან შეეძლო განკურნება. უაღრესად ავი სულებიც კი არსებობდნენ, რომლებზეც არც მუქარა ჭრიდა , არც შელოცვა და არც სხვა რამ რიტუალი, მაგრამ თავს მოვალედ თვლიდა რა, რომ ეცადა მაინც, წარუმატებლობის შემთხვევაში , შეწყალებას ითხოვდა. მეფე ძალიან დამწუხრდა და გლეხს უშედეგო მკურნალობისათვის ჩამოხრჩობით დაემუქრა. ამან თავზარი დასცა ჯანმატეოს, მაგრამ მხნეობა მაინც მოიკრიბა და ავსულდაცემული მოაყვანინა, ყურთანაც მიუახლოვდა და როდრიგოს მოკრძალებით სთხოვა მოწყალება, რომ უმადურობა იქნებოდა მისი ასეთ მდგომარეობაში დატოვება. როდრიგომ კი უპასუხა:

-ჰოი, შე მუხანათო არამზადავ! როგორ ბედავ ჩემ წინაშე გამოცხადებას? გგონია, ჩემი წყალობით გამდიდრებულს, ტრაბახის უფლება გაქვს? აი, დაგანახებ შენც და სხვებსაც, რომ წართმევაც ისევე შემიძლია, როგორც წყალობა. აქედან ვერსად წახვალ და ვერც სახრჩობელას ასცდები. ჯანმატეომ როდრიგოსთან რომ ვერა გააწყო რა, გადაწყვიტა, ბედი სხვაგვარად ეცადა.  მან ავსულშეპყრობილი  უკან წააყვანინა და მეფეს მიმართა:

– ხელმწიფეო, როგორც უკვე მოგახსენეთ, არსებობენ ავი სულები, რომლებთანაც დაყვავებით ვერაფერს გახდები და ჩვენ სწორედ ერთ იმათნაირთან გვაქვს საქმე, ამიტომ მინდა უკანასკნელი ღონე ვიხმარო, თუ გამოგვივიდა ხომ კარგი, ყველანი კმაყოფილები დავრჩებით, თუ არადა, ჩემს უდანაშაულო თავს თქვენს გულმოწყალებას მივანდობ, ამიტომ გთხოვთ, ღვთისმშობლის მოედანზე დიდი ფიცარნაგის აშენება ბრძანოთ, ისეთის, მთელი შენი ბარონები და სასულიერო პირნი დაეტიონ ზედ, თანაც ფიცრები აბრეშუმითა და ფარჩით მორთონ, მის ცენტრში კი საკურთხეველი აღმართონ: მომავალ კვირა დღეს კი შენს სასულიერო პირებთან, მთელს შენს ბარონებსა და დიდებულებთან ერთად მთელი მეფური სიდიადითა და ბრწყინვალე სამოსით შემოსილნი ჯერ წირვას დაესწრებით, შემდეგ კი ავადმყოფის მოყვანას ბრანებთ. ამასთანავე, დაე, მოედნის  მხრიდან ოციოდე მუსიკოსი თავიანთი ინსტრუმენტებით – ბუკით, ნაღარით, დაფით, გუდასტვირით, ჭიანურით – შეიკრიბოს და როგორც კი მე ქუდის მოხდით ნიშანს მივცემ, მყისვე დაუკრან ხმამაღლა და ფიცარნაგისკენ დაიძრან. ყოველივე ამით და კიდევ სხვა საიდუმლო საშუალებით , ვიმედოვნებ, რომ ავი სულის გამოდევნას შევძლებ.

მეფემ მყისვე გასცა განკარგულება ყოველივე აღესრულებინათ და მართლაც , როგორც კი კვირა დილა გათენდა, ფიცარნაგი დიდგვაროვნებით, მოედანი კი წვრილი ერით გაივსო, ჩატარდა წირვა. ორმა ეპისკოპოსმა უამრავი კარისკაცის თანხლებით , მოიყვანა მეფის ასული. ამდენმა ხალხმა და ასეთმა სამზადისმა, ცოტა არ იყოს გააოგნა როდრიგო და თავისთვის ჩაილაპარაკა : ”კიდევ რა მოიფიქრა ნეტა ამ არამზადამ? ხომ არ ჰგონია, ამ თავის ბრწყინვალებით დამაბნევს? ნუთუ არ იცის , რომ ჩემთვის არც ზეციური დიდებაა უცხო და არც ჯიჯოხეთის საშინელებანი? ო, როგორ მოხვდება ჩემგან!“ მიუახლოვდა ისევ ჯოვანი მატეო მას და ქალის დატოვება სთხოვა, როდრიგომ კი მიუგო: „-ო , რა კარგად მოგიფიქრებია! მომზადებულხარ ჩემთან შესახვედრად! გგონია, ამით დააღწევ თავს ჩემს ბატონობას და მეფურ რისხვას? წყეულო არამზადავ , სახრჩობელას ვერ გადაურჩები!”

როდრიგოს საყვედურების შემდეგ გლეხი მიხვდა, დროის დაკარგვა აღარ ღირდა და ქუდით მისცა ნიშანი, იმათაც მიმართეს ინსტრუმენტებს და ცასმიმწვდომი საშინელი გრუხუნითა და ბრახაბრუხით  დაიძრნენ ფიცარნაგისაკენ. ამ ხმაურზე როდრიგომ ყურები ცქვიტა და რადგან ვერა გაიგო რა, გაოცებულმა და დაბნეულმა ჯანმატეოს ჰკითხა,  რა ხდებოდა. ამაზე ვითომ შეწუხებულმა გლეხმა მიუგო : „ უბედურება, ჩემო როდრიგო, ეს შენი ცოლი ონესტა მოიჩქარის შენს სანახავად“. წარმოსადგენადაც კი ძნელია, თუ რა განოიწვია ცოლის მხოლოდ სახელის ხსენებამაც კი როდრიგოს თავში, აღარც იმაზე დაფიქრებულა, მართალი შეიძლება ყოფილიყო თუ არა ეს, ყოველგვარი ყოყმანისა და დაფიქრების გარეშე ისკუპა ქალის სხეულიდან და იქაურობას გაერიდა. როდრიგოს ბევრად ერჩია ჯოჯოხეთში დაბრუნებულიყო და ყველაფერზე პაუხი ეგო, ვიდრე დამცირებითა  და ხიფათით სავსე ცოლქმრული უღელი ხელახლა დაედგა კისერზე. ამგვარად, ბელთაგორმა, დაბრუნდა თუ არა ჯოჯოხეთში, ჩვენება მისცა იმ სიავეთა შესახებ, რაც ქალს ქმრის ოჯახში შეაქვს. ჯოვანი მატეო კი. რომელმაც ამის შესახებ თვით ეშმაკზე მეტი იცოდა, კმაყოფილებით აღვსილი დაბრუნდა შინ.

კომენტარები:

1.    ბელთაგორი  (ბაალ-ფეგორ) მთა ფეგორის ბაალი –  ათ  არქიდემონთა შორის მეექვსე , სამეცნიერო აღმოჩენებისა  და გამოგონებების გენია.  კურირებს ტექნიკურ პროგრესსა სამხედრო საქმეს. ექვს სასიკვდინე  ცოდვათაგან ბელთაგორს განეკუთვნება სიზარმაცე. მას გამოსახავდნენ როგორც წვეროსანს უროთი ხელში, გადმოგდებული ენით წამახვილებულ რქებითადა  პრიაპული ფალოსით, ასევე  მშვენიერი შიშველი ქალის სახითაც. ზოგიერთი დემონოლოგის მიხედვით, მისი ძალა განსაკუთრებით ძლიერია აპრილში. ამ დემონის  დამახასიათებელ თვისებას განეკუთვნება სიშიშვლეც. ის ადამიანებში თესავს განხეთქილებასა და შურს. ხშირად ფიგურირებს შუა საუკუნეების მისტერიებში. ამბოხებამდე და  დემონად ქცევამდე ბელთაგორი ანგელოზი  იყო, ანგელოზთა  მესამე დასის, საწყისთა(მთავრობათა), წევრი. ბიბლიის მიხედვით მას თაყვანს სცემდნენ მოაბელნი  (ფს105, 23; რიცხვ. 3, 25; II სჯულ.4, 3).  მის შესახებ მოგვითხრობს ოსე წინასწარმეტყველიც (9, 10). თვით სიტყვის ეტრიმოლოგიას განმარტავდნენ ვითარცა „ნაპრალს“. მას  პატივს მიაგებდნენ მთებზე და ასევე გამოქვბულებში,  სწირავდნენ არა დაკლულ, არამედ დამხვრჩალ მსხვერპლს.ბელთაგორის სახელი ფიგურირებდა შუა საუკუნეების ინკვიზიტორთა აქტებშიც.  ხალხური თქმულებების მიხედვით ჯოჯოხეთის მმართველმა ლუციფერმა ( ანუ ნათლით მოსილმა, სინათლის მომტანმა –  თუ სინათლის წამღებმა)  დედამიზაზე ამოგზავნა ბელთაგორი, რათა შეეტყო მართლი იყო თუ არა ხმები  ქორწინებითი ბედნიერების შესახებ, რაც მათ დაუჯერებლად ეჩვენებოდათ.. ბელთაგორი საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა ხმების უსაფუძვლობაში. ამ თემით დაინტერესებულან, არა მხოლოდ მაკიაველი (1518) არამე ჯ. მილტონი „დაკარგული სამოთხე“; ჯ. უილსონი , რომელსაც დაუწერია პიესა „ბელთაგორი, ანუ ეშმაკის დაქორწინება“ მაკიაველის მოთხრობაზე დაყრდნობით (1690);  ფრანგი ლაფონტენი ზღაპარი „ბელთაგორი“ (1682);  გერმანელი იოჰან კარლ  ვეტცელი რომანი „ბელთაგორის“  (1776) ავტორი ; ვიქტორ ჰიუგო – რომანი „ზღვის მუშაკნი“ 1886 რუსი ემიგრანი მწერლი მურატოვი –  მოთხრობა „მოციქული“ 1924 და ა. შ.

  1. 2.    მინოსი  და რადამანთი – ჰადესისი მსაჯულნი ძველ საბერძნეთში.
  2. 3.    პლუტონი – იგივე ჰადესი,  ქვესკნელის  უზენაესი ხელისუფალი ძველ სავერძნეთში.
  3. 4.     დუკატი – XII-XIX საუკუნეების ევროპული მონეტა. ვერცხლის დუკატი პირველად მოჭრა სიცილიის მეფემ როჯერ II -მ1140 წ. ოქროს დუკატი კი ვენეციაში  მოიჭრა  პირველად 1283-1284 წწ-ში დოჟი ჯოვანი დანდოლოს მიერ. ის სწრაფად გავრცელდა ევროპასა და აღმოსავლთში და XIV ს-დან ფულის საერთაშორისო ერთეულიც კი გახდა.    რუსეთში დუკატი პეტრე  I -დროიდან 1701 წლიდან  იჭრებოდა ნიკოლოზ II -მდე, 1855- მდე და მას ჩერვონეცი ეწოდებოდა. XV-XVIII საქართველოში მართალია არ ჭრიდნენ, მაგრამ იყებებდნენ ვენეციურ, ჰოლანდიურ და უნგრულ დუკატებს და მათ ფლურს უწოდებდნენ.
  4. 5.    ყოვლადწმინდის დაბა –  იგივე ყველაწმინდის, ანუ ღვთისმშობლის სახელობის დასახლება, ქალაქის ტიპის.
Gallery | This entry was posted in თარგმანი, სტუმრები. Bookmark the permalink.

One Response to ნიკოლო მაკიაველი ზღაპარი არქიეშმაკ ბელთაგორისა

  1. shota says:

    ამის მმართველის პოვნა ქართულად სად შეიძლება ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s