კოსტას ასიმაკოპულოსი ოსმან ტაკას ცეკვა

კოსტას ასიმაკოპულოსი

 ოსმან ტაკას ცეკვა
(ეძღვნება საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს)

ნინო პეტრიაშვილი

ახალი ბერძნულიდან თარგმნა ნინო პეტრიაშვილმა
თანამედროვე ბერძნული მოთხრობის ანთოლოგია, პროგრამა “ლოგოსი”, თბილისი, 2003
“ახალი ეპოქა” #12 (38) 2001

1453 წელი. კონსტანტინოპოლი თურქ-სელჩუკებმა ჩაიგდეს ხელთ. და ამით დასრულდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი იმპერიის, ბიზანტიის იმპერიის არსებობა, და არა მხოლოდ იმპერიისა. ეს საბედისწერო დღე სრულიად განადგურებას უქადდა მსოფლიო ცივილიზაციის აკვანს ელადას (საბერძნეთს) და მთელ ბერძენ ერს, თუმცა ბერძენთ ჯერ კიდევ წინაქრისტიანული ხანიდან მრავალი ომი გამოევლოთ, ამ ომებში გამობრძმედილიყვნენ, გაკაჟებულიყვნენ და უძლიერეს პოლიტიკურ ერთეულადაც არაერთხელ ქცეულიყვნენ, მაგრამ ეს ბრძოლა სხვა ომებს არ ჰგავდა, რადგან არც ერთ ომს, არ მოუტანია ის მძიმე განსაცდელი, რაც ამ დაცემამ. არათუ იმპერია ბიზანტიისა, საბერძნეთიც აღარ არსებობდა…

მრავალი ჰერაკლე, პრომეთე, თეზევსი, აგამემნონი და აქილევსი უნდა დაბადებულიყო, მრავალწლიანი მითიური ბრძოლები უნდა ეწარმოებინათ, რომ ეროვნული თვითმყოფადობა და სახელმწიფოებრიობა აღედგინათ. ასეც იყო, მომავლისადმი დიდ რწმენასა და შეუპოვრად ბრძოლაში გადიოდა საუკუნეები და რაც უფრო მეტად იკიდებდა მტერი ფეხს ელადის მიწაზე, მით უფრო მეტად იზრდებოდა წინააღმდეგობა უკვე არარსებული საბერძნეთის შვილების მხრიდან. ასე, უიმედობასა და მომავლისადმი ღრმა რწმენის ჭიდილში განვლო ოთხმა საუკუნემ, მაგრამ ხალხი, ელინთა შთამომავალნი, ვერანაირმა ძალამ ვერ მოსწყვიტა იმ ტრადიციებს, რასაც ჯერ კიდევ წინაქრისტიანული ხანიდან ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები და იმ მრწამსს, დღესაც დევიზად რომ გასდევს ყველა ბერძენის ცხოვრებას _ `თავისუფლება ან სიკვდილი~, `ფარით ან ფარზე~ და ამ სიცოცხლის და თავისუფლებისადმი დიდმა სიყვარულმა მოამწიფა და გააჩაღა ის დიდი და შეუპოვარი ბრძოლა 1821 წლის 25 მარტისა, რომელიც არამხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიო ისტორიაში საბერძნეთის რევოლუციის სახელით მოიხსენიება.

მას შემდეგ თითქმის ორი საუკუნე გავიდა… მაგრამ შთამომავლობის მეხსიერებაში ეს ბრძოლა, ეს გამარჯვება სამუდამოდ ჩაიბეჭდა და ვინ იცის თავისუფლების ფასი ისე, როგორც ბერძნებმა?! თანამედროვე ბერძენი მწერლის კოსტას ასიმაკოპულოსის მოთხრობა `ოსმან ტაკას ცეკვა~ ამის ჭეშმარიტი მაგალითია. ერთი კაცის ცხოვრებაში ასახულია ტრაგედია მთელი ქვეყნისა, რომ პიროვნების ბედი დამოკიდებულია ქვეყნის მდგომარეობაზე, რომ სამშობლოს ღირსეული არსებობის გარეშე შეუძლებელია პიროვნების თავისუფლება, რის აღიარებამდეც პირველად, ისევ ბერძენი, ელეატური ფილოსოფიის ფუძემდებელი ქსენოფანე კოლოფონელი მივიდა, მაგრამ ეროვნული თვითგადარჩენის ინსტინქტი ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ თვით სიკვდილი დაამარცხა, შეიძლება ითქვას, თვით სიკვდილი დანებდა საბერძნეთს. დღეს, როცა გადარჩენის პრობლემა აღარ დგას ბერძენთა წინაშე, ეროვნული თემატიკა მაინც მაგისტრალურ ხაზს წარმოადგენს თანამედროვე ბერძნული მწერლობისა, რადგან მათ შესანიშნავად უწყიან, რომ `დიდბუნებოვან და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია წვრთნის ერს, ნამეტნავად მაშინ, თუ ეს მაგალითები საკუთარი ისტორიისანი არიან~ (ილია).

ხათუნა ჯერვალიძე

ალი ფაშას მხედრები ქალის მოსატაცებლად სახლში შეიჭრნენ, ის კი ამ დროს ბავშვს ძუძუს აწოვებდა. მოიტაცეს. ძალით მიათრიეს ცხენებამდე. ადრე მოუხდა დაბრუნება მინდვრიდან, სულზე მოუსწრო, ვიწრო ქუჩაზე მყოფს ქალის კივილი შემოესმა და საშველად გაექანა. ერთი სამს ებრძოდა, წაჰგლიჯა იარაღი, უწყალოდ ურტყამდა. ორს სიცოცხლე მოუსწრაფა, მესამემ ააცილა, ქალს მოახვედრა და მოკლა. უნდოდა პაულოსს მისი დატირება, ყელს მოებჯინა ცრემლები, მაგრამ დრო არ იყო, თუ დააყოვნებდა, თუ არ იჩქარებდა ალის მხედრები წამოეწეოდნენ, თავს დაესხმოდნენ, ხელებს შეუკრავდნენ, ცხენზე მიაბამდნენ და ასე გაათრევდნენ. რომ გადარჩეს, უნდა იჩქაროს, უნდა გაიქცეს. ასეც მოიქცა. მხოლოდ ჯერ სახლში შევარდა, ბავშვი ჭილობში შეახვია და თან წაიყვანა, შურისმაძიებელს მასზე რომ არ ეყარა ჯავრი.

ასე გავარდა პაულოს ბარასი მთებში კლეფტად. მარტოსული, ეული კლეფტი, მიტოვებული ყველასაგან, რომლის ერთადერთ ნუგეშად ეს ბავშვიღა დარჩენილიყო. გამუდმებით მასზე ზრუნავდა, თითქოს ესმისო მისი დედის, მისი საყვარელი ცოლის მუდარა. სიცივეს არიდებდა, მწუხრისას ფარეხში მიჰყავდა ღამის გასათევად. დილით კი რძეს იმარაგებდა სათლით. მიდიოდნენ ისევ, სანამ ალის მხედრები მათ კვალს მიაგნებდნენ. ბავშვი იყო მისი მიზანი. ბავშვის გამო დაეძებდნენ მას. უნდა გადაურჩეს დევნას, უნდა გაიქცეს, რაც შეიძლება შორს, შორს. ასე მთა-მთა მიაღწიეს ორმოც მოწამეთას კორჩას მახლობლად. მერე კვლავ მთაში მობრუნდა. ხელში აიყვანა თავისი თოთო ბავშვი ჯერ ერთი წელიც რომ არ შესრულებოდა. ისეთი განცდა ჰქონდა ხოლმე, თითქოს ბავშვს კი არა, ამ ბავშვის სახით ცოლის მკვდრეთით აღმდგარ სხეულს იჭერდა ხელში. ვიდრე გაუცივდებოდა, ავად გაუხდებოდა და მოუკვდებოდა ეს ბედკრული ჩვილი. მერე კი მონასტერში წაიყვანა წესი რომ აეგოთ. იქ, სასაფლაოზე დაკრძალეს, სანთელი მაინც რომ აენთოთ ხოლმე მისთვის. და ასე ორმაგი ტკივილით აღვსილმა განაგრძო გზა. გზა მთისაკენ _ კლეფტურია _ მის განგებად, მის ბედისწერად იქცა. დროთა განმავლობაში კი ტკივილი შურისძიებად გარდაესახა. სიძულვილმა ის სხვა კაცად აქცია. წარმოგიდგებოდათ 35 წლის მამაცი, მაღალი, სილამაზის შარავანდედით მოსილი, შავგვრემანი ვაჟკაცი.

უკან მოიტოვა მთები, მდინარეები, სახლები და ქრისტეშობა დღეს ჩავიდა ბერატში. მარხვადაცულმა იფიქრა, ზიარებას მივიღებო. ავიდა ციხეში ძველ პელხეროპოლში, რომელიც როგორც ამბობენ, ერთ-ერთი იმპერატორის დას აუშენებია. მოშორებით დამალა იარაღი, მოკრძალებით შევიდა ეკლესიაში. მოისმინა მანუგეშებელი სადღესასწაულო ტროპარი და როცა მოახლოვდა წმინდა ზიარება, თვალი მოჰკრა ქალიშვილს, დაატყვევა მისმა სილამაზემ, სახე თეთრ ვარდს მიუგავდა, იფიქრებდი, მზეს არასოდეს შეუხედავსო მისთვის. საოცარ ფერებად უელავდა წყლიანი თვალები. მარტო ელოდა თავის რიგს ზიარების მისაღებად, გვერდშიც არავინ ჰყავდა, ამით მაინც რომ გამოეცნო მისი ვინაობა, არც ბავშვი ეჭირა სხვა მისტოლა დედათა მსგავსად, კეთილშობილ ოჯახთა თანხლებით რომ მოსულიყვნენ საზიარებლად. ესეც ქალის მარტოობას ადასტურებდა. შესძრა ამ ყველაფერმა პაულოს ბარასი. ბუნდოვანმა აზრმა გაუელვა. იქნებ გაებედა და აქვე, ეკლესიაში, ჩუმად გამოლაპარაკებოდა მას? დანაშაულის გრძნობამაც შეიპყრო. უცებ თვალწინ წარმოუდგა ცოლი მის მკლავებში რომ დალია სული. ცოლი, რომელსაც აქამდე მწარედ გლოვობდა. დამთავრდა ლიტურგია და გარეთ გამოვიდა. მოშორებით გაჩერდა. რიჟრაჟის ნისლში ყურადღებით ათვალიერებდა თუ ვისთან ერთად გაბრუნდებოდა უკან მისი მომნუსხველი. ქალი კვლავ მარტო წავიდა. გაუყვა ქვაფენილს ბერძენთა უბნის მახლობლად. და ერთი დიდებული სახლის წინ გაჩერდა. მას, როგორც ჩაცმულობიდან ჩანდა, ღარიბი თურქი შეეგება და სამგზავროდ გამზადებული ვირიც დაახვედრა. სანამ გზას გაუდგებოდნენ, გაეხვია ნაბადში და დაიმალა მისი ქალობა. მწყემსიაო, იფიქრებდი შორიდან და ასე შეცვლილი აჩქარებით გაემართა ქალაქის არვანული ნაწილისაკენ, თითქოს ეშურება, რიჟრაჟს მიასწროსო სახლში.

პაულო ბარასს უეცრად ცნობისმოყვარეობის ცეცხლი მოედო. ეკლესიიდან ჩამომავალთ აჩერებდა და ეკითხებოდა იმ მშვენიერი, იმ მარტოსული ქალის ვინაობას, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ანდა თავს არიდებდნენ პასუხს. სხვა რა გზა ჰქონდა? შებრუნდა ეკლესიაში, იქნებ იმ მღვდელს მაინც სცოდნოდა რამე, ვინც ის აზიარა. მღვდელმა თავი მოიკატუნა, აქაოდა არ მესმის შენი ნათქვამიო. უნდოდა ბარასს უფრო ხმამაღლა ეთქვა სათქმელი და საკურთხეველთან მყოფ მეუფესაც გაეგონა მისი სიტყვები. ასეც მოხდა. გულღიად შეიპატიჟა მეუფემ პაულო გასაცნობად და ამოდ სასაუბროდ თავის სამყოფში. ასე გახდა ბარასი მისი სტუმარი. მოუთხრო საიდან იყო, ვინ იყო და როგორ მოეღწია აქამდე. ცდილობდა ქალის ვინაობა ისე გამოეკითხა, საკუთარი გრძნობები არ გაეცა.

_ ჩემი მხრისას ჰგავს, ჩვენებურს. _ იმართლა თავი.

მაშინ მეუფეც გაენდო, რომ კარგად იცნობდა ქალს _ ჩვენიანია, ქრისტიანი კორჩადან. ბერატის უმდიდრესმა მემამულემ, ერთმა თურქმა აღამ მოიყვანაო ცოლად. ბექიმი მაღალი, ხანშიშესული კაცი იყო თურმე, სამი ცოლი დაემარხა შთამომავლობის გარეშე. საკუთარ უბედურებას ბედისწერას აბრალებდა, უნაყოფო ცოლები შემხვდაო. მრავალნი კი ჩუმად იმასაც ამბობდნენ, ბრალი თვითონ მიუძღვის და უსამართლოდ ჰღუპავსო მათ. თუმცა, ღმერთთან მას თავისი სამართალი ჰქონდა. ამიტომ ადგა და მოიყვანა მეოთხე ცოლი, ქრისტიანი ქალი კორჩადან. ლამაზი ახალგაზრდა და ჯანმრთელი. ძალით მოიყვანა. სასახლეში საკუთარი ავლადიდებით სულთანის ცოლივით აცხოვრებდა. არც სარწმუნოების მხრივ ზღუდავდა. საღამოობით თავის ღვთისმშობელთანაც მარტო ტოვებდა სალოცავად, მაგრამ ბავშვი მაინც არ უჩნდებოდათ. ამას კი ვეღარ გაუძლო კაცმა და ცოლის ჩაგვრა დაიწყო. ამ დარდს გადაჰყვა კიდეც უშვილძიროდ. დარჩა ქალბატონი მარტო ამოდენა სიმდიდრით ხელში. ურიგებდა მიტროპოლიას ღარიბებისათვის, ჩუქნიდა ეკლესიებს მშენებლობისათვის. მტკიცედ დადგა თავის სარწმუნოებაზე და ყოველ წელს, დიდ სამშაბათს, დაიძრებოდა ხოლმე გამთენიისას თავისი მამულებიდან ერთ თურქთან ერთად, რომელსაც კარგად უხდიდა. მოდიოდა ქალაქის ბერძნულ მხარეში და აღდგომამდე იქ რჩებოდა. რომელიმე სახლში ჩუმად სტუმრობდა და მარხულობდა. შინ კი ისე იცოდნენ, თითქოს თავისიანების მოსანახულებლად მიდიოდა. ქალს ეშინოდა, ცნობილი არ გახდეს, ასე ფხიზლად რომ ვიცავო სარწმუნოებას. უკანასკნელი სამი წელი სულ თავის ერთგულ მსახურთან ერთად მოდიოდა ქრისტეშობაღამეს. ეს იყო ფოტინი, ბექიმ აღას ქვრივი, ძემილე, როგორც მას თურქებმა დაარქვეს.

პაულო ბარასმა მდუმარედ მოისმინა მისი ამბავი. ქალის გაჭირვება ის იყო, რომ მოხუცის ქვრივი იყო, სიყვარულს მოწყვეტილი, გაუხარელი. ამის გაფიქრებამ ადრინდელზე მეტად აანთო პაულოს ვნება, ჩქარობდა ქალაქიდან წასვლას, მაგრამ მშვიდად, აუღელვებლად, თითქოს სულაც არ ადარდებსო გამჟღავნება. მის ვნებას უკვე მოესწრო ნაღველად ქცევა. გარეთ გავიდა. დახეტიალებდა ქვემოთ ბაზარზე, მდინარისაკენ. რამდენადაც მეტს ცდილობდა იმაზე ფიქრი თავიდან ამოეგდო, იმდენად მეტად ეჭრებოდა სულში ქალის თვალები, მისი ცეცხლოვანი და მწყურვალი სხეული, თავისი ქალობით ბედნიერებას რომ იმსახურებდა. მიხვდა, ორგზის სცოდავდა. ქრისტეშობადღეს ასეთი მოულოდნელი, ვნებიანი სიყვარული დაღუპავდა მას. პირველად იგრძნო, აღარ იყო მისი გული ცოლის ხსოვნის ერთგული. პასუხიც მზად ჰქონდა. ის დაიტირა. გლოვობდა წლები, მაგრამ ცხოვრება წინ მიდიოდა და წინ ედო მასაც სოფელი, თავისი წილი, მამაკაცური ძალ-გულით სავსე. და თუ ხელმეორედ დაქორწინდებოდა ვერავინ განიკითხავდა, ვერავინ გაკიცხავდა, უღირსებოდ მოიქეციო. ასეთი ფიქრებით აფორიაქებული შევიდა დუქანში. დაიკავა ერთი კუთხე. დაუცადა მოსაღამოვებას. ღვინომ, ფიქრმა და დარდმა კვლავ დაუბრუნა მწველი ვნებიანი სიყვარული. თითქოს გახურებულ თონეში იდგა სიყვარულს მოწყვეტილი ახოვანი კლეფტი. დუქანში მყოფთაგან შეიტყო, სადაც იყო ბექიმის სასახლე. თავისი ზრახვა კი დამალა, არ გაამჟღავნა. შებინდებისას დატოვა დუქანი. წავიდა და ეკლესიის მახლობლად სამალავში შენახული იარაღი და ტყვიებიანი გუდა აიღო, დაღამებას დაუცადა, გაუყვა გზას მდინარის სანაპიროზე არვანული მხარისაკენ. მოადგა ბექიმის სასახლეს, იქვე გზად მიიმალა. ახლო-მახლო მიმოიხედა. დამშვიდდა. სახლის ფანჯრების დარაბები უკვე დაეხურათ, თუმცა შუქი ჯერ კიდევ ენთო. როცა ირგვლივ ყველაფერი მიჩუმდა, მოეჭიდა სახლის შვერილებს. აძვრა, ქალის ოთახისაკენ მიმავალ დერეფანში აღმოჩნდა. მიაწვა შუშაბანდს, შეხტა შიგნით.

ქალს ხმაური შემოესმა, შეშინდა, ღამისპერანგის ამარა წამოხტა საწოლიდან, გაისუსა. ანაზდად ის პაულოს მკლავებში მოექცა. კაცმა პირზე ხელი ააფარა, საშველად არავის მოუხმოსო და მშვიდად აუხსნა: დევნილი ვარ თურქთაგან, ერთი ღამისთვის ვეძებ თავშესაფარს… ესაუბრებოდა ტკბილად, მაგრამ როცა ძლიერად მოეხვია, როცა გულში ჩაიკრა, ქალმა შიშველ მკერდზე მისი სითბო იგრძნო. აგიზგიზდა, აენთო. სუნთქვამ, სახეზე რომ სცემდა, ცეცხლი გადასდო. იწვოდა, იმ კოცონივით ბრიალებდა, ქარისაგან მწყურვალ ყლორტებს რომ შთანთქავს. სხვა არაფერი დარჩენოდა, მის გზნებას უნდა დანებებოდა. ახლა, ნახევრად წყვდიადში, ეს სრულყოფილი კაცი ღმერთად ეჩვენებოდა, ღმერთად, რომელმაც სამოთხე დაანახა ღამეში. მიენდო, მისცა თავისუფლება მის ხელებს. კაცმაც დინებაზე მიუშვა თავისი ვნება. ხარბად კოცნიდა ყელში, ალერსიანი, სასიყვარულო სიტყვებით ეჩურჩულებოდა. უნდოდა მასაც ეგრძნო ამ ღამის ფასი. ცდილობდა მასაც გაეხარა მთელი არსებით… რა ტკბილი და ლამაზი იყო ახალგაზრდული ცხოვრება, სისხლი რომ უდუღთ, ჟინი რომ ახრჩობთ. ბედნიერებად ჩათვალა თავისი ხვედრი _ ჭეშმარიტი სიყვარულის პირველი ღამე. ნატრობდნენ დაჰგვიანებოდა ალიონს, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს? რიჟრაჟი შიშივით შემოიჭრა ფანჯრებიდან. აღელდნენ.

_ წადი! _ სთხოვა ჩუმად _ სანამ ინათებს და დაგინახავენ.

დაუჯერა. არ უნდოდა ბედისწერა გამოეწვია. ჩაიცვა სწრაფად, აკოცა კიდევ და კიდევ, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, თითქოს კიდევ დაბრუნდებოდა. დერეფნიდან მოეჭდო შვერილებს ფრთხილად და ჩამოხტა, მიიმალა სქელ ბინდბუნდში.

ცოტა ხანში ხმა გავარდა შეიარაღებული კლეფტის შესახებ. იძულებით დაატოვებინესო ბერატი. მახე დაუგეს დასაჭერად, შეიტყო და ვერ შეიპყრესო. გავიდა თვეები. ძემილემ იგრძნო, მისი ცხოვრება პაულოსთან გატარებული იმ ერთ ღამესთან იყო დაკავშირებული. ბავშვს ატარებდა თავისი წიაღით. თუ მისგან განთავისუფლებას მოინდომებდა გამბედაობა არ ეყოფოდა, ვერსად გაამხელდა ამის შესახებ. თავის ორსულობას ფართე გლეხური კაბის ქვეშ მალავდა. ასე გადიოდა ხოლმე სასახლიდან. სანამ მშობიარობის დრო მოვიდოდა, ჩუმად წავიდა ციხის მიტროპოლიაში, მოძებნა მღვდელი აღსარებას ვისაც აბარებდა ხოლმე და უთხრა სიმართლე. მისი რჩევით კი გამოსავლის მოსაძებნად წყალობითა და კეთილგონიერებით ცნობილ მეუფეს გაენდო. გადაწყვეტით კი აი, რა გადაწყვიტეს: უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც სთხოვეს: მშობიარობის დრო მოატანდა თუ არა, რამდენიმე დღით ადრე მივიდოდა ციხეში, მიტროპოლიაში, იქ ჩუმად ამშობიარებდნენ. ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. წავიდოდა და რამდენიმე დღეში კი სახლის ზღურბლთან ბავშვს მიუგდებდნენ, როგორც უპატრონოსა და ღარიბს. შეიფარებდა მას, აიყვანდა საკუთარივით, ცოდვილი სულის მოსანანიებლად. შეთანხმდნენ და აღასრულეს კიდეც. ყველაფერი მშვენივრად მოგვარდა. ისე, რომ მეზობლებს არაფერი უეჭვიათ. არვანულ უბანში ლაპარაკობდნენ: რა კეთილშობილი და გულმოწყალეა ბექიმ აღას ქვრივი, უცხო ბავშვს, როგორც თავისას ისე უვლისო. ის მართლაც მთელი სულით და გულით ზრუნავდა მასზე და თვალთაგან არ შორდებოდა ღამე, მხოლოდ ერთი გაელვება, რომელმაც ბავშვი აჩუქა. ჩიტი, რომელიც შემოფრინდა და გაქრა. რამდენიმე თვეში ის ღამე ზუსტად ისევე, კვლავ დაბრუნდა მის ცხოვრებაში. პაულო ბარასი ისევ მოეჭიდა შვერილებს და დერეფნიდან შეძვრა მის ოთახში. ქალი ბავშვს უნანავებდა. გაოგნდა. აღელდა პაულოსი. გაიგო ყველაფერი: ბავშვი მისი იყო, იმ პირველ ღამეს ჩასახული. საუბრობდნენ ჩუმად ძიძას და პირველ სართულზე მძინარ მოსამსახურეებს რომ არ გაეგოთ. როცა ქალი კვლავ მოექცა მის მკლავებში და როცა კაცი ძლიერად მოეხვია, მკერდზე ისევ იგრძნო მისი სითბო, აღეგზნო. მისმა ცხელმა სუნთქვამ, სახეში რომ სცემდა, კვლავ აანთო ვნებით. პირველი ღამე გაცოცხლდა, ღამე, რომელმაც ორივე მათგანში უბედნიერესი მოგონება დატოვა. განთიადამდე იყვნენ ერთად და მაშინ პაულომ აკოცა ქალს კიდევ და კიდევ, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო, თითქოს კიდევ დაბრუნდებოდა და ისევე წავიდა, როგორც მათი პირველი განშორებისას. შემდეგაც იგივე განმეორდა. კვლავ გაიგეს კლეფტის შესახებ. შორს გადაიხვეწაო ბერატიდან. უნდა გადარჩენილიყო. ახლა უფრო უღირდა თავისი სიცოცხლე ფოტინისა და ბავშვის გამო. თუმცა, არმატოლია, სადაც წავიდა, თვეებით განშორებას ჰპირდებოდა მათ. ბექიმ აღას ქვრივმა იგრძნო, რომ ისევ დედა ხდებოდა. ცუდი დღე ელოდა. ვის რას ეტყოდა: ახლა ხომ ეჭვი მის პირველ შვილზეც გაჩნდებოდა? სხვა გამოსავალი აღარ იყო, კვლავ მათთვის უნდა მიემართა, ვინც უკვე იცოდა მისი საიდუმლო.

მოიბურა პირი და წავიდა ციხეში, მიტროპოლიაში. უთხრა თავისი ცოდვის შესახებ მეუფეს, თუ იყო ცოდვა ის, ასე რომ უყვარდა კლეფტი პაულოს ბარასი. მეუფემ აწონ-დაწონა, განსაჯა თავისი გამოცდილებით, ადამიანებს რომ შველოდა ხოლმე მძიმე განსაცდელში. იგივე ზღაპარი აღარ ივარგებდა. კიდევ ერთი ბავშვი მის კართან უკვე ეჭვს აღძრავდა. საშიში იყო. სხვა არაფერი დარჩენოდათ გარდა კეთილგონივრული ქორწილისა ბავშვების მამასთან. მაგრამ რა კეთილგონივრული, როცა თავად სხვათა დასანახად თურქობდა, ხოლო კაცი რომელიც უყვარდა ქრისტიანი იყო. დაფარული სარწმუნოებით დაქორწინება თურქებს განარისხებდა. არაფრად გვაგდებს, დაგვცინისო. თხოვნით მიმართავდნენ კურტ ფაშას და ისიც შურს იძიებდა: თურქებსაც დააკმაყოფილებდა და უბედური ბექიმის უღირს ქვრივსაც წაართმევდა ქონებას. რა თქმა უნდა, ასეთი ქორწინება უგუნურება იქნებოდა, ეკლესიები და ღარიბი ქრისტიანები დაკარგავდნენ დახმარებას. დაე, მიიღონ კურთხევა მალულად. ცხადად კი ყველამ დაინახოს, რომ კაცი, რომელზეც იქორწინა, უცხორწმენის ალბანელია, ყურანს მინდობილი. თუმცაღა აქამდე ამხელა ტყუილით ქალს არ ესარგებლა. თავის რწმენას ფხიზლად მისდევდა. ირგვლივ მყოფთ კი თვალს უხვევდა. ამის შემდეგ კი უფრო ჭკვიანურად და მართებულად უნდა მოქცეულიყო. ფოტინიმ ეს მოიწონა. მეუფემ პაოლოს ბარასის მოძებნა თვითონ ითავა, იმ ადამიანთა შემწეობით, არმატოლიაში რომ აგზავნიდა ხოლმე.

ნახეს, უთხრეს და დაარწმუნეს. მღვდელი და პაულოს პირველად ბერატის გარეთ, ერთი მონასტრის ეზოში შეხვდნენ ერთმანეთს. აუხსნა როგორ იყვნენ შეთანხმებულნი და რა ცხოვრებასაც ჰპირდებოდა: უნდა მოსულიყო ბერატში შეცვლილი, არვანელი ხელოსანი, უცხო სარწმუნოების და სამუშაოსათვის ბექიმის სასახლეს მისდგომოდა. სახელად ოსმან ტაკა დაარქვა და ისიც დასთანხმდა. ყველაფერი კარგად და დამაჯერებლად მოეწყო. მართლაც, რამდენიმე დღეში გამოჩნდა პაულოსი არვანულ ფუნდუკში. ცოტა ხანში ხმაც დაირხა: ბექიმ აღას ქვრივმა მოკრძალებულად იქორწინაო. იგი მის სახლში დასახლდა. ცხოვრობდნენ ბედნიერად. მშობიარობის დრომ მოაწია თუ არა მონატრებული ახლობლების სანახავად რამდენიმე თვით შორის წავიდნენ კორჩადან, უფრო კი იმიტომ, მშობიარობის ზუსტი დრო არავის გაეგო.

დაბრუნდნენ სამი თვის ახალშობილით, დროზე ადრე დაიბადაო. იზრდებოდა პატარა და თანდათან ემსგავსებოდა პირველს, უცხოთა მიერ ზღურბლზე მოგდებულს. ორივე ერთად კი თვალების ელვარებით ოსმან ტაკას. აგორდა ჭორი, მათ პირველ ბავშვსაც იგივე მამა ჰყავსო. გაურკვეველი ისღა რჩებოდა, რატომ მოხვდა ასეთი გზით სახლში. ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობდნენ. ბევრი ითქვა და სიმართლეც გაიგეს: ოსმან ტაკა იყო ბერძენი დევნილი. ვიღაც მგზავრმა, მისი კუთხისამ, რამდენიმე ღამე ფუნდუკში რომ დაჰყო თურმე, დაინახა და იცნო იგი. კაცმა კი, რომელსაც თავისი გეგმები ქვრივზე აეგო და ამ ქორწინებამ ხელცარიელი დატოვა, აიტაცა ეს ამბავი. მსწრაფლ გაემართა დამსმენი კურტ ფაშას სასახლეში. წააქეზა, შეაგულიანა: ისლამს შეურაცხყოფსო, თავის ტყუილზე სიცოცხლით უნდა აგოსო პასუხი. სასტიკმა აფენდიმ, რომლის ძალაუფლებაც ბერატიდან დირახამდე ვრცელდებოდა, ხალხი გაგზავნა, შეაპყრობინა მძინარე ოსმან ტაკა. წარუდგინეს. მიმართა მრისხანედ:

_ აღიარე, მართალია რასაც ამბობენ?

მღვდელთაგან დამოძღვრილმა ოსმან ტაკამ მარჯვედ მიუგო:

_ სანახევროდ. ქრისტიანი ვიყავი, ისევე როგრც ყველა არვანელი, სანამ გავრცელდებოდა ისლამი. გამოიცვალნენ ისინი, გამოვიცვალე მეც, გამოვიცვალე აღთქმა.

კურტ ფაშამ ირწმუნა მისი პასუხის გულწრფელობა და სახლში გაუშვა. მაგრამ დამსმენი წუხდა რა თავის სარგებელზე, აფენდის ერთგულად აჩვენებდა თავს, აქეზებდა:

_ არ დაუჯერო, ბერძენია, სანამ პირში სული უდგათ, მანამდე თავის სარწმუნოების ერთგულნი არიან. უკუღმართები, ბრმები, არ უფიქრდებიან. ასე მიიღეს, ასე სწამთ ჯიუტად. გაგონილი გექნება, ჩემო ფაშა, ამბავი ერთი ხისთავიანის შესახებ. დაიჟინა, მაკრატლით ითიბებაო სათიბი. ცელითო _ შეუსწორეს გლეხებმა, ის კი თავისაზე იდგა ჯიუტად, წარმოუდგენლად ჯიუტად! ფაშამ სხვა ხისთავიანებისთვისაც რომ ეჩვენებინა, სადამდე მიჰყავს სიბეცეს კაცი, ყველას თვალწინ მისი ზღვაში დახრჩობა ბრძანა. არაფრის თქმა აღარ შეეძლო, იხრჩობოდა, მაგრამ წყლიდან ხელი მაინც ამოყო და ორი შუა თითით, თითქოს რაღაცას ჭრისო, მაკრატელი უჩვენა. აი, ასეთი ჯიუტი იყო. ასეთივენი არიან ბერძნებიც. წამებითაც ვერ ათქმევინებენ რწმენაზე უარს. ბრმები არიან, ჯიუტნი, ისინი მოკვდებიან ამისათვის. მასხარად არ აგიგდონ, ჩემო ფაშა! მდაბიო რასა!…

თითქოს თავი ჩაჰკიდა ფაშამ, მაგრამ არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია. ესღა თქვა მხოლოდ.

_ მდაბიო კი, მაგრამ ღირსეული!.. ვსაჭიროებთ მათ.

_ რისთვის? _ გაგულისდა დამსმენი.

_ რისთვისაც გინდა. ის არ არის ერთი იმათგანი, რომელთაც სულთანნი თავიანთ დაკრულზე აცეკვებენ. ამას ვერ უარყოფ. შეხედე და დაინახავ, ვინღა შემორჩენილა ამ მხარის ძველ ვაჟკაცთაგან? სკენდერბეი და ისიც ეკლესიიდან განკვეთილი, მათი წარმოშობისა იყო. გიორგიოს კასტრიოტისი, ასე ერქვა თავდაპირველად, გაგონილი გექნება, რა თქმა უნდა, ქალაქში შეიცვალა სარწმუნოება. მაინც რა იცი, რა გაგიგია, იმის შესახებ, ვინც ახლა გამოიცვალა რწმენა?

მცირედ დაფიქრდა დამსმენი _ ნათქვამით სარგებელს არა ვავნო რაო. მერე კი უყოყმანოდ შეაგება.

_ ეშმაკურად მოიქცა, ხელისუფლება მოატყუა თქვენიანი ვარო. თუმცა, თუ დაფიქრდები, მიხვდები რა მიზანიც ჰქონდა სახელის გამოცვლის გარდა.

_ რაო? _ გაიოცა ფაშამ.

_ ის რომ, სწორედ იმ ცნობილ ბერძენს ჰგავს, აზიელთა გასაყრელად რომ იბრძოდა.

_ ნუთუ ასეა, _ წყენა დაეტყო აფენდის.

_ ასეა. ეშმაკი ყოფილა. შეუძლებელია არ გსმენოდეს როგორ გაიმარჯვა მცირერიცხოვანი რაზმით ათჯერ მეტად მრავალრიცხოვან თურქებზე. შემოიკრიბა ხალხი. ღამით თხებს რქებზე ფიჭვის ფისი წაუსვა, ცეცხლი მოუკიდა და ჩანდა შორიდან თითქოს ჩირაღდნები უჭირავთო მეომრებს. შემდეგ ეს თხები ცხენებზე შესხა და თქვენ, თურქებმა რომ დაინახეთ მაშხლები უკუნ წყვდიადში, მრავალრიცხოვანების შიშმა შეგიპყროთ და გაიქეცით სანამ გათენდებოდა. ასეთი ეშმაკობით გამარცხებენ ბერძნები და თქვი შენ რომ განკვეთილია. ამ ტყუილისათვის შენ განსჯი მას. მხოლოდ ერთს გთხოვ, რამდენჯერაც ასეთი რამ განმეორდება, გაიხსენე ჩემი თამამი საუბარი.

მთელი თავისი მოხერხებულობა ჩააქსოვა. დაარწმუნა და კურტ ფაშამაც გაგზავნა მსახურნი. კვლავ უკან დააბრუნეთო ოსმან ტაკა, ჩააგდეთო ნესტიან დილეგში.

დაიბნა კურტ ფაშა, ვერ გაიცნობიერა, რომ საჭირო იყო მეორე მხარის მოსმენაც. კვლავ დაჭერილ ოსმან ტაკას კი პირდაპირ განუცხადა, რომ მძიმე იყო მისი დანაშაული და უნდა ეზღო ამისათვის. ასე თუ არ მოიქცეოდა ფაშა, გამოჩნდებოდა თითქოს არ იცოდა, რას აკეთებდა, დაჰკარგავდა ხალხის პატივისცემას. გარდა იმისა, რომ მას მოკლავდა და დასჯიდა ქვრივს, საბაბიც ექნებოდა წაერთმია ქონება მისთვის. დაანახვებდა მეჩეთში მლოცველთ, რომ ფხიზლად იდგა სარწმუნოების სადარაჯოზე და ამით მათ გულს მოიგებდა. სიკეთეს მოუტანდა ეს რისხვა. საბაბიც არ ჰქონდა გადაწყვეტილება შეეცვალა. ასე და ამგვარად, დამსმენის რჩევით წაქეზებულმა დაადგინა ოსმან ტაკას დასჯის დრო. შაბათი შუადღე.

სახრჩობელა მოედანზე დადგეს. მდინარე რომ ჩამოუდიოდა ქალაქის მუსლიმანურ და ქრისტიანულ მხარეთა შორის, აქაოდა მსურველებმა სახლებიდან, სამრეკლოებიდან და მინარეთებიდანაც უყურონო. მოიყვანეს შებორკილი დამნაშავე. მოვიდა ფაშაც. ანიშნა მიახლოვებოდა და უთხრა:

_ დამნაშავე ხარ, მასხრად აიგდე მუ/ამედის სარწმუნოება. მითხარი შენი უკანასკნელი სურვილი. შეგისრულებ!

მხნედ შეხედა ვაჟკაცმა თვალებში.

_ მინდა ვიცეკვო!

გაოცდა ფაშა, თითქოს მოესმაო, ისევ ჰკითხა:

_ რა თქვი?

მან მკვეთრად და ნაღვლიანად გაიმეორა.

_ მინდა ვიცეკვო, არ იქნება, არ შეგიძლია, ფაშა?

კურტ ფაშა მიხვდა, თხოვნაზე უარის თქმა დაამცირებდა:

_ რას ამბობ, იცეკვე რამდენიც გინდა!

_ მაშ, მომიყვანეთ ჩემი ცოლი, დამიკრას დოლი!

ამ თხოვნამ დაბნეულობა გამოიწვია.

_ ბავშვების დატოვებისა რომ შეეშინდეს? _ ჩაერია მბრძანებელი.

_ წამოიყვანოს ისინიც, შეძლებს ის ამას.

შეტრიალდა ფაშა და გასცა ბრძანება:

_ შეასრულეთ! მოიყვანეთ ქალი, დროს ნუღარ კარგავთ, დოლებიც არ დაივიწყოთ?!

წავიდა ორი მარდი მხედარი ოსმან ტაკას ცოლის მოსაყვანად. სხვები _ საკრავებისათვის. სანამ ისინი მოვიდოდნენ ფაშამ არაყი მოითხოვა. მსახურებმა მოართვეს ლანგარი დოქითა და ჭიქით. სვამდა და წარბებს ქვემოდან ათვალიერებდა შეუდრეკლად მდგარ სიკვდილმისჯილს, თითქოს მისთვის არ აღემართათ ეს სახრჩობელა. თავს იმტვრევდა კურტ ფაშა ამ თხოვნის გამო. რა სიამე შეეძლო მისთვის მიეცა? ფიქრობდა, მაგრამ პასუხს ვერ პოულობდა. ვერც არაყმა უშველა. მოვიდნენ მხედრები და შეშინებული ქალიც მოიყვანეს. ერთი ბავშვი ზურგზე მოეკიდა, მეორე გულზე მიეკრა. აქამდე უფლებას არ აძლევდნენ ენახა თავისი რჩეული დილეგში და როგორც კი მის წინ აღმოჩნდა, მივარდა აფორიაქებული ტკბილად რომ ეკოცნა მისთვის, რომ ეთქვა რა მწარედ იტანჯებოდა უმისოდ. მან მხოლოდ ერთხელ აკოცა, ბავშვებს მოეფერა და უცრემლოდ, თითქოს მის შინაგან არსებაში სიამაყე უფრო აბობოქრდაო, დაარიგა ქალი:

_ ნუ სტირი, მეუღლევ! ეს ჩვენი ხვედრია, ხელი უშვი ბავშვებს, დაიჭირე დოლი და დამიკარი. მინდა წავიდე ცეკვით.

ეს რომ თქვა, მოუხმო მღვდელს და მოწიწებით ეამბორა ხელზე, თითქოს ეს წესად ყოფილიყოს ცეკვის დაწყების წინ. ამ დროს სამმა დამკვრელმა ადგილი დაიკავა. ერთი ლირაზე უკრავდა, მეორე – სტვირზე და მესამეც – დიდ დოლზე. ფოტინი დამორჩილდა. ბავშვები დამწუხრებულ ქრისტიანთაგან ერთ-ერთს მისცა. წავიდა რჩეულის სურვილის შესასრულებლად, აიღო დოლი და თან შეუპოვრად მომლოდინეს შეჰყურებდა. უგრძნო გულმა ოსმან ტაკას, რომ სურდა ეს ქალი უშიშარი და `უცრემლო~, მისთვის ყველაფერს იღონებდა, რათა ჩაეხშო ბოღმა და ცრემლი, მართლაც, შემართა სული ქალმა და მიუგდო ყური.

_ დაუკარი! _ გაუმეორა.

დაიწყო. უკრავდა დოლს როგორც შეეძლო, მიზანს კი ვერ ხვდებოდა. სიკვდილმისჯილმაც დაიწყო ცეკვა. აჰყვა დოლის ცემას, რამდენიმე წუთის შემდეგ უფრო კარგად აუწყო ფეხი. იგივე რიტმში. ალბათ, ამ ქალის დამსახურებაც იქნებოდა, თუ ის მიზანს მიაღწევდა. წრე დაუარა თუ არა, ცეკვა უფრო შეიკრა და გაიმართა. დამკვრელები გაფაციცებით უყურებდნენ, რას მოიმოქმედებდა და უცებ თითქოს ჩასწვდნენ მის წადილს, მხარი აუბეს ლირითა და სალამურით. უფრო აანთეს იგი. მისცეს სილაღე ვაჟკაცს გამბედაობისათვის. ის კი ყველაფერს აკეთებდა და ცეკვავდა სავსე სევდით. იპოვნა ცეკვა და იპოვნა თავისი ბედისწერის სულიც. ცეკვით უჩვენა მთელი სიბრძნე, რომ მოვიდა სოფლად რათა ეხილა, განეცადა და ამ განცდებით, ამ ვნებებით წასულიყო ის მთლიან კაცად, რომ იყო შვიდსულიანი და არა ერთი სიკვდილმისჯილი, მოწყალება რომ მიიღო მტრისგან, როგორც თხოვნა უკანასკნელი. იყო უკვდავი, თავისი ცხოვრებით მთვრალი უკვდავი. თითქოს აქამდეც ცეკვით ეცხოვროს მხოლოდ. მათრობელა იყო მისი ცეკვა: ხტებოდა და ხელებს შლიდა ფართოდ, გეგონებოდა, ყვავილებს, ჩიტებს, ზღვის ქაფსა და ღრუბლებს სწვდებაო. მთვრალი იყო იმდენად, რომ უყოყმანოდ მივიდა ფაშასთან, აიღო ლანგარზე დადგმული ჭიქა და ერთყლუპად გამოცალა არაყი. ვერაფერი უთხრა. ღრმად ჩაფიქრებული შეჰყურებდა მას გულისშემძვრელად მროკველს. შეეცადა ჩასწვდომოდა მის სულს, მის სიბრძნეს. ირგვლივ ყველა დადუმებულიყო: ქრისტიანები გარს შემოჯარვოდნენ, მისით ამაყობდნენ, სხვებს კი შურდათ მისი, შიშით დაუჯაბნელისა, სძაგდათ იგი. პაულოსი ვერაფერს ამჩნევდა, მხოლოდ თავისი ცოლი ახსოვდა. უცბად შეჩერდა, ანიშნა, ჩასჭიდებოდა, ჩაბმულიყო ცეკვაში. თითქოს ქალსაც გადაედოო თრობა, არ შეეწინააღმდეგა, მიხვდა, რა ცოტა სიცოცხლე ჰქონდა კაცს დარჩენილი. უგულობა იქნებოდა უარი ეთქვა და თუ ამის გამო დასჯიდნენ, ამაზე აღარც უფიქრია. ახლა, როცა მას კარგავდა, მნიშვნელობა აღარაფერს ჰქონდა. მისცა დოლი მედოლეს, ჩასჭიდა ხელი რჩეულს, ჩაება. ცეკვავდნენ მწყობრად თითქოს ქმართან ერთად სჯიდნენ მასაც და ამ აღტაცებული ცეკვით ისიც ეთხოვებოდა, ემშვიდობებოდა სამყაროს. ქმარი ამაყობდა მისით.

_ ასე, _ შეუძახა გულისსწორს, _ მაღლა, უფრო მაღლა!

ქალს თმა მოჯირითე ცხენის ფაფარივით უფრიალებდა, ვერ გრძნობდნენ დაღლას. წრის შემოვლისას დროდადრო იმათ წინ ჩერდებოდნენ, ვისაც მათი შვილები ეჭირათ, აიტაცებდნენ და თავიანთ მკლავებში თავბრუდამხვევად ათამაშებდნენ. ირგვლივ ხალხის რიცხვი მატულობდა, ქალაქის ექვსი გორიდან ნაკადად მოედინებოდნენ. უყურებდნენ გაოგნებულნი, უბედურებისგან ხომ არ გაგიჟებულანო და ფიქრობდნენ, იქნებ უმჯობესი ყოფილიყო ასე ეცეკვათ დაცემამდე და ასე მომკვდარიყვნენ ერთად. კურტ ფაშაც მოიხიბლა გუნებაში. თავაწყვეტილმა ცეკვამ მას ღირსეულად განსჯის უნარი დაუბრუნა. იფიქრა, არაადამიანურობა იქნება ჩემი მხრიდან და სირცხვილი საშვილთაშვილო თუ ასეთ ვაჟკაცს ჩამოვახრჩობო და ბრძანება გასცა:

_ საკმარისია, შეწყვიტე ცეკვა!

დადუმდნენ საკრავები. ბარასმა ორი ბრუნი კიდევ გააკეთა, ცოლიც გაიყოლა, შემდეგ მობრუნდა და შეხედა კურტ ფაშას. თითქოს გაუკვირდაო ცეკვა რომ შეაწყვეტინეს. ნეტავი არასოდეს ჩამოჰკრასო აღსასრულის ჟამმა _ ნატრობდა ფოტინი. სულის მოთქმა ვერ მოასწრო, რომ კვლავ მოესმა მტრის, ფაშას ფრიად დამშვიდებული ხმა. ეუბნებოდა მის ქმარს:

_ მიჩუქნია შენთვის სიცოცხლე, მადლია შენზე, იცოდე, შენმა ცეკვამ გიხსნა, შე შმაგო!

ირგვლივ შეკრებილნი აჩურჩულდნენ. ისმოდა გაოგნებულთა გუგუნი. სახტად დარჩა ფოტინი, თითქოს გაგონილს აცნობიერებსო. შემდეგ ნაბიჯი წინ წადგა ფაშასკენ მადლობისათვის, ის მყის მიუხვდა და უთხრა წყნარად:

_ წადით ახლა.…

ქმარმა შეაჩერა, მოხვია ხელი, თითქოს ფრთა გადააფარაო და წაიყვანა მშვიდად. მოტრიალდნენ, დამშვიდდნენ ბავშვების ფერებაში და დინჯად გაუდგნენ გზას.

თუმცა ასე მაინც არ დამთავრებულა მათი ამბავი. კურტ ფაშამ ვინმეს რომ არ ეთქვა სიკვდილმისჯილის ვაჟკაცობამ გული მოულბოო, განტევების ვაცს დაუწყო ძებნა. განსჯის შემდეგ მიხვდა, ყველაფერზე პასუხს მეუფე აგებდა ასეთი ქორწინება ფარულად რომ მოაწყო და აღას ქვრივი ქრისტიანს მიათხოვა. რისხვით უბრძანა მისულიყო სასახლეში. მივიდა სწრაფად. გასაგებად უთხრა ფაშამ რა დანაშაულში ედებოდა ბრალი, მაგრამ გამოცდილმა მეუფემ, რომელიც მტრობამ ალი ფაშას დააშორა, უპასუხა:

_ ვაღიარებ ყველაფერს, მაგრამ რას ისურვებდი, რა უნდა მექნა? თვითონ განსაჯე, ალისგან დევნილი მოვიდა, ნახევრად გაველურებული. შევარდა მის ოთახში და შეაცდინა. შემდეგ კი მითხრა: თუ ცოლად არ მოვიყვან, გავუნიავებ ქონებას, გავუყიდი სახლებს და მამულებს. ამ ფულით გავაკეთებ იარაღს, ვიქირავებ მეომრებს და თავს დავესხმი ალის, შური რომ ვიძიოო.

ჩაფიქრებით შეხედა კურტ ფაშამ, დააკმაყოფილა ახსნამ:

_ ნუთუ მართალს ამბობ, მეუფევ?

_ ასეა, ჩემო ფაშა! ახლა კი, თუ ისე არ მოიქცევა, როგორც აღმითქვა, მაშინ ჩემთვისაც დაუცინია და ესაა.

_ ვნახოთ… _ მიუგო ჩაფიქრებულმა ფაშამ.

გაუმასპინძლდა და გაუშვა. ღამით წავიდა მეუფე, გზად დიაკვანი დატოვა თან რომ ახლდა, რათა მას სასწრაფოდ გამოენახა ისეთი კაცი, ვინც პაულოს კურტ ფაშასთან ნაუბარს შეატყობინებდა, იქნებ კიდევ დაებარებინათ და მზად ყოფილიყო.

შედეგმა არ დააყოვნა. ორი დღის შემდეგ დაბრუნდა მოციქული და ბაზარში გამოაცხადა, რომ იყიდებოდა ბექიმ აღას მამულები, სახლები. ორ თვეში ყველაფერი შეძენილ-იქნა თურქი, არვანელი და ბერძენი ხელოსნების მიერ. შეაგროვა ფული პაულოს ბარასმა, თუ ოსმან ტაკამ, როგორც იცნობდა უმრავლესობა, წაიყვანა თავისი ცხოვრების მეგზური ბავშვებიანად და წავიდა ერთ დილით. სამუდამოდ დაიკარგა მათი კვალი. მაგრამ დარჩა ცეკვა მისი გადამრჩენელი. ასე ჩაიწერა ის ბერძენთა მეხსიერებაში და იმათგან გადაეცემოდა ბევრს, ძალიან ბევრს, ნათესავითი ნათესავამდე, რომ ყოველთვის ყოფილა, არის და იქნება ასე. თუ რამე გიხსნის სიკვდილისაგან, თუკი რაიმე უკვდავად გაქცევს, მხოლოდ ვაჟკაცობა, მხოლოდ სიქველე.

ახალი ბერძნულიდან თარგმნა

ნინო პეტრიაშვილმა

Gallery | This entry was posted in სტუმრები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s