პანდელის კონდოიანისი გადაცემა

პანდელის კონდოიანისი (1972)

გადაცემა

ნინო პეტრიაშვილი

ახალი ბერძნულიდან თარგმნა ნინო პეტრიაშვილმა
თანამედროვე ბერძნული მოთხრობის ანთოლოგია,
პროგრამა “ლოგოსი”, თბილისი, 2003

 ის ხალხი გავიცანი, რომელიც გადაცემას ამზადებს, ჩემს საყვარელ გადაცემას.

– თქვენი გადაცემა ჩემი უსაყვარლესი გადაცემაა – ასე მივმართე მათ, – მინდა, ერთ ეპიზოდში მაინც გადამიღოთ, მინდა თქვენი გადაცემის ერთი ეპიზოდი გავხდე.

ისინი დამთანხმდნენ. თავიდან, ცოტა არ იყოს, მეშინოდა, ვაითუ, უარი მითხრან და გადაცემისთვის საინტერესოდ არ ჩამთვალონ-მეთქი, მაგრამ როგორც რეჟისორმა ამიხსნა, მათ, თურმე, ყოველი ადამიანი აინტერესებთ, რომ თითოეულ ჩვენგანს გადაცემაში საკუთარ ეპიზოდზე ჰქონია უფლება, რომ ჩვენ, ყველანი, გამონაკლისის გარეშე, ვართ განუმეორებელნი და სწორედ ეს არის გადაცემის მთელი ფილოსოფია.

ასე დავიწყეთ ჩემი ეპიზოდის მომზადება. ამ ორმოცდახუთ წუთს ამომწურავად უნდა წარმოედგინა ჩემი პიროვნება… რეჟისორმა მეტ-ნაკლებად ამიხსნა, რას მოითხოვდა ჩემგან:

– გვინდა იყო ის, რაც ხარ, ეცადე, იყო ბუნებრივი.

გადაცემაზე მომუშავენი მოვიდნენ ჩემს ბინაში. ათი კაცი მაინც ირეოდა ჩემს საძინებელში. ყველგან მიღებდნენ, ყველაფერს იღებდნენ. აღწერდნენ უჯრებსა და მათ შიგთავსს, წიგნებში ხაზგასმულ ადგილებსაც კი გულდასმით სწავლობდნენ… ამ დროს კი რეჟისორი ფანჯარასთან იდგა და ჩაფიქრებული იყურებოდა გარეთ, შემდეგ კი მოპირაპირე სახლის აივანზე მიმითითა:

– იქ ცხოვრობს შენი დულსინეა, რომ უთვალთვალებ?

– დიახ, როგორც გითხარით, – დავეთანხმე მე.

მის შესახენ კაბინეტში ვუამბე რეჟისორს. საათობით ვსაუბრობდით ჩემზე. ჩემს ცხოვრებაზე სურდა ყველაფრის გაგება, განსაკუთრებით კი წვრილმანებისა.

– ის, რაც განუმეორებლობას გვანიჭებს, სწორედ წვრილმანებიაო, – ამიხსნა, – მათი საშუალებით ვლინდება ჩვენი ინდივიდუალობაო.

მზადებამ დაახლოებით ერთ კვირას გასტანა. შემდეგ კი გადაღება დაიწყო. დილაადრიან გადამიღეს ავტობუსის გაჩერებაზე კაკაოთი და ღვეზელით ხელში, გადამიღეს ბილეთების ჯიხურში მუშაობისას, როგორ ვყიდი ბილეთებს, როგორ ვითვლი ხურდას და ხალხს შეკითხვებზე როგორ ვპასუხობ. კამერის წინ მოვყევი პატარა ალბანელის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა და სალაროს მინას დაუწყო წმენდა. რეჟისორი კმაყოფილებით იქნევდა თავს – მე გადაცემის სულს ჩავწვდი.

სამხარს რომ შევექცეოდი ქალბატონ მარინეს სასადილოში, იქვე, გაჩერების მახლობლად, მაშინაც გადამიღეს – წიგნი მიდევს თეფშის გვერდით, ვითომ ვკითხულობ, მაგრამ მერე ჩემი თავი დავიჭირე, რომ მართლა ვკითხულობდი. კამერის წინ ქალბატონმა მარინემაც ისაუბრა ჩემ შესხებ.

– იგი მუდმივი კლიენტია. მუდამ წიგნით ხელში შემოდის და ღუვეცის (ბერზნული კერძია, მთარგ.)) მიირთმევს, სხვას არაფერს გვიკვეთს. წყნარი და კარგი ადამიანი ჩანს, მაგრამ ცოტა არ იყოს, როგორ გითხრათ, ჩაკეტილი. ამდენი ხანია ვარ აქ და ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე ჩემთვს გული გადაეშალოს. არჩია, ყველაფერი თქვენს გადაცემაში ეამბნა. თავისი საქმისა თვითონ იცის…

საქალაქთაშორისოზე, დედასთან დარეკვისასაც გადამიღეს. მეზობელთან თუ იყო, რადგან არ მიპასუხა. მთხოვეს პროვინციაში გატარებული ბავშვობის წლების შესახებაც მეამბნა რამე.

– არ ვფიქრობ მასზე, მირჩევნია, ვიოცნებო.

გადავწყვიტე, ამ ცოტა ხნის წინათ ნანახი სიზმარი მომეყოლა. ის სიზმარი, რომელშიც ჩემი ოთახის ფანჯარა იღება და დულსინეა შემოდის, შიშველი და მთვარის შუქით შემოსილი; ვნებით აღსავსე თვალებით უახლოვდება საწოლს და ვფიქრობ, რომ მაკოცებს, მაგრამ ის კაკაოს რეკლამიდან რეპლიკას მესვრის და მეც შიშმორეული ვიღვიძებ… რეჟისორმა დიდსულოვნად გაიღიმა.

კინოთეატრთან რიგში ვდგავარ. სანამ ჩემი რიგი მოვა, იმ ფილმს ვიხსენებ, ყველაზე მეტად რომ მიყვარს. გამოვუტყდი, რამდენჯერ მქონდა ნანახი, როგორ მომწონდა, განსაკუთრებით კი ის ადგილი, რომელშიც ჩარლი (ჩაპლინი მთარგ.) თოვლს ხვეტს ფულის საშოვნელად, საახალწლო ვახშამი რომ მოაწყოს თავისი სატრფოსთვის. მაგრამ საბოლოო ჯამში ქალიშვილს ავიწყდება, რომ დაპატიჟებულია, ჩარლი კი ამაოდ ელოდება და იმაზე ფიქრობს, რა მშვენივრად გაატარებდნენ დროს, რომ მოსულიყო (საუბარია ფილმზე „ოქროს ციებ-ცხელება“, მთარგ.).

– რას გააკეთებდი საახალწლო ლატარია რომ მოგეგო? – მკითხეს მათ.

ვუთხარი, რომ ნახევარს დედას გავუგზავნიდი, ის კი, რა თქმა უნდა, ჩემი დის მზითვისთვის გადაინახავდა. რაც შეეხება მეორე ნახევარს, ვეცდებოდი დულსინეას მიეღო და საკუთარი ცხოვრება გაელამაზებინა. ცხადია, იგი ვერასდროს შეიტყობდა, ვინ იყო მისი კეთილისმყოფელი.

– მაგრამ მაშინ ხომ გადავიდოდა მოპირდაპირე სახლიდან და თავის ოჯახთან ერთად სადმე ვილაში იცხოვრებდა? არ მოგენატრებოდა? – დაეჭვდა რეჟისორი.

– დიახ, – დავეთანხმე, – მაგრამ, ვფიქრობ, იმის ძიებასაც დაიწყებდა, ვინ არის მისი უცნობი თაყვანისმცემელი.

საღამოს კი მიღებენ, თუ როგორ ვადევნებ თვალ-ყურს ფანჯრიდან, ვუყურებ როგორ საქმიანობს სამზარეულოში, რაღაცას ეძახის შვილს და თან ქმრის სიტყვებზე ეცინება. ვბრუნდები კამერისკენ და ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.

– რატომ არ აკეთებ? თუ ასე გინდა, იქნებ გააკეთო? – მაგულიანებს რეჟისორი, – გახსოვდეს, გადაცემაში შენ უნდა იყო ის, რაც ხარ. თუმცა, ვფიქრობ, შესანიშნაავი იდეაა. შენს ეპიზოდს, შეუძლებელია, ამაზე უკეთესი ფინალი ჰქონოდა.

ზურგს ვაქცევ კამერას, გადამღებ ჯგუფს, ვაღებ ფანჯარას და აივანზე გავდივარ, გისოსებზე ვძვრები, რკინებსჩაბღაუჭებული ქვემოთ ვიყურები. ოთხი სართული. მოასწრებს ჩემს დანახვას? ორმოცდახუთი წამი და ოთხი სართული. იმედია, დამინახავს…

Gallery | This entry was posted in სტუმრები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s