დიმიდტრიოს კამბუროღლუ ბაირონი დაპყრობილ ათენში

დიმიტრიოს კამბუროღლუ

ბაირონი დაპყრობილ ათენში

ახალი ბერძნულიდან თარგმნა ნინო პეტრიაშვილმა
რედაქტორი ქეთევან ჯერვალიძე

“ახალი ეპოქაა” #52 (78) 2001;

1810 წელი. დამორჩილებული ათენი მასპინძლობს დიდ ინგლისელ პოეტსა და მხურვალე ელინოფილს, ლორდ ბაირონს.

ვაზის უშველებელ ფანჩატურს, მთელ ბაზარს რომ ფარავს, ოდნავ შეყვითლებული ფოთლები შერჩენია. იქვე ჭაა, ჭის ირგვლივ კი დიდი სკამები, ფეხმორთხმით ჯდომას დაჩვეულ მომხვდურთათვის. ყავახანის პატრონი საქმიანად მიდი-მოდის. ისინი კი, კმაყოფილნი იმით, რომ ასეთი მშვენიერი ქვეყანა დაიპყრეს, ჩიბუხს აბოლებენ და ნარგილეს ყლაპავენ.

აი, დაინახეს მათკენ მომავალი და მომზირალი ბაირონი, ყავაზე მიიპატიჟეს, ისიც დაყაბულდა. უზომოდ გახარებულ მასპინძლებს სახეზე ღიმილი დასთამაშებდათ. ზედმეტად ენაწყლიანობდნენ, რაც უჩვეულო იყო მათთვის.

ილაპარაკეს ბევრი და ნაირფერი. ერთმა თქვა: ღამით ვიღაც ცნობილი ბერძენი უპოვნიათო მკვდარი. მკვლელის შესახებ კი არავინ არაფერი უწყისო.

_ ნუ ინაღვლებთ ამის გამო, _ ირონიულად შენიშნა მეორემ, _ ლამია შეჭამდა…

_ ასე იქნებოდა, ასე, ნამდვილად, _ თქვეს სხვებმა და ერთხმად გადაიხარხარეს.

ბაირონი განრისხდა, მალე ადგა და წავიდა. კარგად არც კი გამომშვიდობებია მათ. უცებ მისი მზერა ერთმა, იქვე ახლოს გაჩერებულმა და დამპყრობელთა საუბარს მიყურადებულმა ქრისტიანმა მიიპყრო.

ეს ჭაბუკი ერთი მშვენიერი ძლიერი და გამბედავი ვაჟკაცი იყო თურმე.

_ ბერძენი ხარ? _ ჰკითხა ბაირონმა.

_ დიახ, მილორდ!

_ ათენელი?

_ გახლავართ.

_ რა გქვია?

_ ნიკოლას სარი.

_ გაიგონე რა თქვეს აღებმა? მათი სიცილიც მოისმინე?

_ მოვისმინე.

_ და შენს გზას აგრძელებ? შეჩერდი, ნუ ხარ აგრე დამცირებული, გაიმართე! ბედკრულნო, როგორ დაეცით!

_ მონობამ გაგვთელა, მილორდ! _ თქვა ჭაბუკმა.

_ ეს მონობა ურჩხულია, ურჩხული!

_ დიდი და საშინელი.

_ მაშ, მოკალით ის!

_ მრავალთავიანია.

_ თქვენ კი ამდენი ხელი გაქვთ!

_ ხელები რას გვარგია, როცა…

_ როცა გული არ გულობს, არა?

_ როცა იარაღი არა გვაქვს.

_ განა ლომებს იარაღი აქვთ?

მაშინ მიუგო სარმა ჩუმად, მაგრამ ერთგვარი ღირსებით:

_ მომისმინეთ, მილორდ, თუ რომელიმე ჩვენგანი ხელს აღმართავს დამპყრობელთა წინააღმდეგ, მარტო თავის თავს როდი ავნებს, არამედ მთელ ჩვენს მოდგმას, დაიღუპება უდანაშაულო ხალხი. თავზე დაგვემხობა ქვეყანა. შემდეგ კი აბა, რას გახდება ორი-სამი კაცი?

_ ჭკვიანურად ამბობ, ნიკოლას სარი, მაგრამ ასე მოქცევა ყოველთვის როდია მიზანშეწონილი. ხშირად იგი ლაჩრობად მიიჩნევა და არის ამაში რაღაც სიმართლის ნატამალი. მაშ, როცა გატყვევებენ, მართებულად იქცევიან? ბორკილდადებული უნდა ცდილობდეს ბორკილის დამსხვრევას, მხოლოდ ციდან როდი უნდა ელოდოს ხსნას. ერთი ტყვე თურმე ზეცისკენ აღმართავდა ხელებს, შველას ითხოვდა ცისგან და იცი რით უპასუხა ცამ? სტყორცნა ელვა, მეხი დასცა და დაფერფლა. როცა ვინმე სამშობლოს წინაშე ვალს აღასრულებს, ეს გადამდებია, ამიტომ სხვანიც მას მიჰყვებიან კვალში განუხრელად, განუსჯელად. გეჩვენება, რომ სამუდამოდ ჩაქრა თქვენი ნათელი! მიმოიხილე, ათენი სულ კვიპაროსებითაა სავსე. მირტები კი განახლების, აღორძინების სიმბოლო, არსად ჩანს, არც სიყვარულს იმსახურებთ და არც იმედს.

ბაირონის საუბრისას სარის გამომეტყველება გამუდმებით იცვლება. მერე ხელებს აიფარებს სახეზე და ტირის.

ბაირონი მყის მოლბება და დაუყვავებს.

_ ბედკრულო, ნუ გაცვლი სისხლს ცრემლებზე! ტყვეობასა და თავისუფლებას შორის არჩევანი იოლია. გეყო ცრემლები, თუ თქვენი ქვეყანა დამონებულია, მთები და ზღვა ხომ მაინც არის მიუწვდომელი. იქ რიღასი შიში გაქვთ?

სარიმ ორი-სამი ნაბიჯი წადგა და რომ შემოტრიალდა, უკვე სულ სხვა ადამიანი იყო.

_ მილორდ, ყოველთვის, როცა ქრისტიან მკვდარს ნახავენ ხოლმე, მასხრად გვიგდებენ, ლამიამ შეჭამაო, გვასულელებენ!

_ მერე?

_ ვფიცავ, მილორდ, ამიერიდან ლამია დამპყრობლების ჭამასაც დაიწყებს, _ თქვა მან და თვალების კვესებით გაეცალა იქაურობას.

ბაირონმაც აუჩქარა ნაბიჯს.

და მართლაც, ამის შემდეგ ხშირად პოულობდნენ მომხდურთა გვამებს. მათ სარი უღებდა ბოლოს. იგი პარტიზანი გახდა და თავისი სიმხნევისა და შემართების წყალობით ატიკის მთებში მიიღეს.

 

Gallery | This entry was posted in სტუმრები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s