ლუკიანოს სამოსატელი მკვდართა ბაასი

ლუკიანოსი

ლუკიანოს სამოსატელი, თხზულებანი, გამომცემლობა “ლოგოსი” 2012

ძველი ბერძნული ლიტერატურიდან თარგმნილი ძეგლებით დაინტერესებულ მკითხველს!

მეგობრებო, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის -ინსტიტუტმა რამდენიმე წლის წინ მიიღო დადგენილება, ძველბერძნული ანთროპონიმები ძალიან დამკვიდრებულთა გარდა ( როგორებიცა: სოკრატე, არისტოტლე, თუკიდიდე…), გადმოცემულიყო ამავე ენის სახელობითი ბრუნვის ფორმით. ქართული ტრადიცია კი მათ გადმოსცემდა ძველბერძნული ენის სამი ბრუნვით: სახელობითით, მიცემითითა და ბრალდებითით. ცხადია, ჩემი თაობა აღიზარდა ძველ სტილზე და ამდენად, მე პირადად, გამიჭირდა მასთან შეგუება. ჩემ მიერ მკითხველისთვის შემოთავაზებული ყველა თარგმანი გამოქვეყნებულია ძველი ნორმით. ამიტომ გთხოვთ, ნუ დაგაბნევთ ლუკიანე და ლუკიანოსი; პერეგრინი და პერეგრინოსი; კრატობულე და კარატობულესი; მენიპე და მენიპოსი. რაღაც გასწორებულია, რღაც გაგვეპარა, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

პატივისცემით მთარგმნელი – ქეთევან ჯერვალიძე

ლუკიანოს სამოსატელი Loukianov~ oJ Samosteuv~ (120-190წ.წ)

მკვდართა ბაასი

„ ჩვენი მწერლობა“ # 5(83) 1-8, 2002; „კალმასობა“ #7-8, 2003; ლუკიანოს

სამოსატელი, თხზულებანი, გამომცემლობა „ლოგოსი“ 2012.

გაბაასება – ჟანრის შესახებ

გაბაასება (შედარება, შეპირისპირება, ცილობა, ბჭობა) ლიტერატურული ჟანრი, ცნობილი როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის ხალხთა ლიტერატურისთვის: არაბულ-სპარსული მინაზარე; პროვანსული ტერცონა, ფრანგული დებატი, რუსული პრენიე. გაბაასების ჟანრის თხზულებაში ასახულია ეპოქის ეთიკურ-ესთეტიკური სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებანი. მას ახასიათებს საპირისპირო შეხედულებათა შეპირისპირება, მოპაექრეებად გამოყვანილნი არიან კონტრასტული პირები, საგნები თუ მოვლენები (დღე-ღამე; სიკვდილ-სიცოცხლე; კაცი -წუთისოფელი; ცა -დედამიწა. ასე რომ, თემატურად ეს ჟანრი ქართულ მწერლობაში მრავალფეროვანია.ქართული გაბაასების სათავეები ზეპირსიტყვიერებაშია საძებნი (“გაბაასება ცისა და მიწისა”). ამ ჟანრმა განსაკუთრებული პოპულარობა XVII-XVIII სს-ის საქართველოში მოიპოვა. ქართულ ლიტერატურაში ის დაამკვიდრა მეფე-პოეტმა თეიმურაზ I-მა(1589-1663): „გაბაასება გაზაფხულისა და შემოდგომისა“, „გაბაასება ღვინისა და ბაგისა“; ამ ჟანრის თხზულებები დაგვიტოვეს აგრეთვე მეფე პოეტებმა: არჩილმა ( (1647- 1713), „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“, „გაბაასება კაცისა და სოფლისა“; იაკობ შემოქმედელმა „უსჯულო მოამადისა და ქრისტიანეთ გაბაასება“; გვაქვს „გოჩაიანი“, ანუ „გოჩასა და სოფლის გაბაასება“ (XVIIს), რომლის ავტორის ვინაობა ბოლომდე გარკვეული არ არის. თეიმურაზ II-მ (1700-1762) დაწერა “სარკე თქმულთა, ანუ დღისა და ღამის გაბაასება“; პოეტმა ქალმა მანანამ (XVIII ს.) კი – „მანანასაგან ციების ბაასი“; დავით გურამიშვილმა(1705-1792) -„სიკვდილისა და კაცის შელაპარაკება და ცილობა“, „კაცისა და საწუთროისგან ცილობა და ბჭობა, ერთმანეთისგან ძვირის ხსენება“; ი. ჭავჭავაძის „სფირიდონისა და თადეოზის ბაასი“; ძალიან საინტერესოა აგრეთვე ქართველი სიმბოლისტი პოეტის ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასება“.

როგორც ვთქვით, ბაასის ჟანრს განეკუთვნება მხატვრული, პუბლიცისტური ფილოსოფიური და სამეცნიერო ნაწარმოებები, რომლებშიც ორ, ან რამდენიმე პირის საუბარს აქვს მკაფიო და დასრულებული სახე. ის არის პოეზიისა და პროზის განსაკუთრებული სახე და პრინციპულად განსხვავდება დიალოგისგან, სხვადასხვა ჟანრის თხზულებებეში პერსონაჟთა დახასითების მხატვრულ ხერხისგან.

ბაასის განსაკუთრებულ სახეობას კი განეკუთვნება „მკვდართა ბაასი“, რომლებშიც ავტორები აცოცხლებდნენ ისტორიული სცენიდან წასულ მოღვაწეებს, ასაუბრებდნენ ერთმანეთთან და ამით აყენებდნენ და წყვეტდნენ რელიგიურ, ისტორიულ-კულტურულ, ეთიკურ-ესთეტიკურ, ენობრივ საკითხებს. ანტიკურ ლიტერატურაში ბაასის მნიშვნელოვანი მაგალითებია პლატონის დიალოგები. ხოლო მკვდართა ბაასის ფუძემდებელია ლუკიანოსი. ეს უცნაური ბედის მქონე ავტორი მუდმივად იყო ყურადღების ცენტრში: 1.დუმილით უვლიდნენ გვერდს და ბაძავდნენ. 2. ლანძღავდნენ და თან მის თხზულებებს ამრავლებდნენ, 3.აქებდნენ და ბაძავდნენ. მე-12 ს-ის ბერძნული დიალოგი „ლუკიანოსისადმი მიბაძვა“ ეყრდნობა სწორედ „მკვდართა ბაასს“; ასევე ამ თხზულების გავლენას განიცდის უცნობი ბიზანტიელი ავტორის (XIV ს.) თხზულება „ტიმარიონი“; XV საუკუნეს განეკუთვნება ბიზანტიელი მაზარისის პროზაული სატირა “მკვდართა ბაასი“(მაზარისი უგზავნის ლუკიანოსს); განმანათლებლობის ეპოქაში კი (XVII – XVIII ს-ები) შეიქმნა: ბ. ფოდტენელის (1657-1857) “მკვდართა ბაასი“; ასევე ფრანგი მწერლის ფელონის (1651-1715) იგავ-არაკები „მკვდართა ბაასი“; თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლუკიანოსის გავლენით შექმნეს საკუთარი ქმნილებები ალექსი მაკრემბოლიტიმ (+1349-1353) „მდიდრებისა და ღარიბების ბაასი”, ერაზმ როტერდამელმა (1469-1536 „სიბრიყვის ქება“; ფრანსუა რაბლემ (1494-1553) „გარგანტუა და პანტაგრუელი“; ჯონათან სვიფტმა (1667-1745) „გულივერის მოგზაურობა“ და ა. შ.

ბაასის ჟანრი რუსეთში XVIII ს-ში განვითარდა. მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს პეტრე I -ის რეფორმებმა. დასავლეთის დემოკრატიული მსოფლაღქმის მქონე ავტორთა თარგმანებმა. რუსეთში ძალიან პოპულარული იყო ლუკიანოსის თხზულებები. მისი მიბაძვით რუსმა მწრალმა ა. პ. სუმარკოვმა (1717-1777) შექმნა საკუთარი სატირული „მკვდართა ბაასი“, რომელიც ქართველ მწერალს გიორგი ავალიშვილს (1769-1850) , ალ. ჭავჭავაძის დეიდაშვილს, ქართულადაც უთარგმნია სათაურით „მკვდართა უბნობა“. XVIII ს-ის რუსეთში სასულიერო პირებმა, რომელთაც განიცადეს მასონობის გავლენა, დაიწყეს მასონურ წრეებში პოპულარული ლიტერატურის ათვისება, უცხოური ლიტერატურის თარგმნაზე მომუშავეთა კრებულში“, რომელიც ეკატერინე II-მ დაამტკიცა გამოსაცემად, სწორედ ამ გზით შევიდა ლუკიანოსის „მკვდართა ბაასიც“. თარგმანი ეკუთვნოდა მღვდელ ივ. სიდოროვსა და კოლეჯის რეგისტრატორს მ. პახომოვს (СПб., 1775 и 1776). „მკვდართა ბაასი“ დაუწერია მ. მურავიოვსაც (1757-1807), ცნობილი დეკაბრისტების მამას; მე-20 ს-ის ბოლოს რუსი მწერალი ს. ლურიე გამოსცემს თხზულებას „ბაასი მკვდართა სასარგებლოდ“…

ასე რომ, ქართული ლიტერატურაში ბაასის ჟანრი ერთი წამითაც არ არის უმცროსი შუ საუკუნეების ევროპულ „ბაასებზე“. მეფე არჩილის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა “ და ასევე ვ. გაფრინდაშვილის ლექსი „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა” კი განეკუთვნება სწორედ მკვდართა ბაასის სახეობას.. ამ მოკლე მიმოხილვის შემდეგ, ვფიქრობ უფრო საინტერესო იქნება ლუკიანოსის „მკვდართა ბაასი“, მკდართა ბაასების სათავე.

1. დიოგენესა და პოლიდევკესისა

1.დიოგენე – პოლიდევკეს, შენ გავალებ, როგორც კი უკან გამობრუნდები – ხვალ, მგონი, შენი აღდგინების ჯერია – კინიკოს მენიპოსს თუ სადმე გადაეყრები, მას კი კორინთოს მახლობლად, კრანეოსის ჭალაში ნახავ (იქ იყო გიმნაზია. მთარგმნ.), ან კიდევ ლიკეოსში, სადაც ის ერთმანეთში მოპაექრე ფილოსოფოსებს დასცინის, – გადაეცი: – მენიპოს, დიოგენე გირჩევს, თუკი გული იჯერე იმაზე სიცილით, რაც დედამიწაზე ხდება, აქ წამოდი, აქ უფრო მეტია სახალისო. თუკი მანდ ეჭვები გაწუხებდა, უპირატესად კი ასეთი: “ვინ უწყის, მაინც რა არის სიცოცხლის შემდეგ?”- აქ შენც ჩემსავით განუწყვეტლივ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, იცინებ. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მდიდრებს, სატრაპებსა და ტირანებს დაინახავ ასე დამცირებულთ, აჩრდილებად ქცეულთ, მხოლოდ კვნესითღა რომ იცნობიან, როცა ნახავ, როგორ წუხან იმაზე, რაც მანდ ჰქონდათ, უთხარი ეს ყოველივე და თან ისიც დაამატე, რომ წამოსვლისას თავისი გუდა ხანჭკოლათი (ა.) გაავსოს და თუკი სადმე, სამი გზის შესაყარზე, ჰეკატესათვის დადებულ სადილს (ბ) ნახავს, ან კიდევ განსაწმენდელი შესაწირიდან კვერცხს, ისიც წამოიძღვანიოს.

2. პოლიდევკესი. კეთილი, შევატყობინებ, დიოგენე, მაგრამ უკეთ როგორ ვიცნო, შესახედაობით როგორია?

დიოგენე . მოხუცია, ქაჩალი, სულ მთლად დაცხავებული მოსასხამი აქვს. ყოველგვარი ქარის სანავარდოდ და ნაირფერი საკერებლებით აჭრელებული. მუდამ იცინის და განსაკუთრებით იმ თავმომწონე ფილოსოფოსთ არ აძლევს გასაქანს.

პოლიდევკესი. ამის შემდეგ კი იქნება იოლი მისი ცნობა.

დიოგენე. გინდა, იმ ფილოსოფოსებთანაც დაგაბარებ რამეს?

პოლიდევკესი. თქვი, არც ეგ იქნება საძნელო.

დიოგენე. გადაეცი , კიდევ აი, რა: შეწყვიტეთ საერთოდ სისულელეთა ჩმახვა და ზოგად ცნებათა შესახებ კამათი. ისეთი კითხვების მოფიქრება, პასუხი რომ არ გაქვთ, ერთმანეთისათვის “რქებისა” და “ნიანგის” გამოგონება (ა), გეყოთ გონების ვარჯიში-თქო.

პოლიდევკესი. კი მაგრამ, მათ სიბრძნეს თუ დავიწუნებ, იტყვიან, უსწავლელი და უწრთვნელიაო.

დიოგენე . შენ კი ჩემი სახელით გამოლანძღე.

პოლიდევკესი . კეთილი, დიოგენე, ამასაც გადავცემ.

3. დიოგენე. მდიდრებს კი, საყვარელო პოლიდევკეს, აი, ეს გადაეცი ჩემგან: ბრიყვნო, რისთვის დაჰკანკალებთ ოქროს, რატომ იწვალებთ თავს, სულ მონაგების თვლაში ხართ, ტალნტს ტალანტს აწებებთ (ა), მაშინ, როცა სულ ცოტა ხანში მოგიწევთ წამოსვლა, თანაც ერთი ობოლით

პოლიდევკესი. ვიტყვი ამასაც მათ წინაშე.

დიოგენე . ლამაზებსა და ღონიერთ გადაეცი, კორინთოელ მეგილოსსა და მოჭიდავე დამოქსენოსს უთხარი, რომ ჩვენგან აღარაფერი დარჩება: აღარც ქერა თმა, არც შავი თუ ცისფერი თვალები, არც ძალოვანი კუნთები და აღარც ძლიერი მხრები – ყოველივე ეს ჩვენთვის მხოლოდ მტვერიაო. უთხარი, ცარიელი ჩონჩხია-თქო ჩვენი სილამაზე.

პოლიდევკესი. არც ამის თქმა გამიჭირდება ძლიერებისა და ლამაზებისათვის.

4. დიოგენე. ღარიბთ კი, ლაკონიელო, – ისინი ხომ ბევრნი არიან, თანაც სულ თავის მდგომარეობას უჩივიან და გაჭირვებაზე მოსთქვამენ – უთხარი, რომ არაფერი აქვთ საკვნესი და სატირალი, აუხსენი მათ: აქ თანასწორობაა, მდიდრები მათზე უკეთ როდი გამოიყურებიან, შენი ლაკედემონიელები კი, თუ გსურს, ჩემი სახელით გაკიცხე და უთხარი, რომ წაუხდათ სახელი.

პოლიდევკესი. ლაკედემონიელებზე ნუ მეტყვი აუგს, დიოგენე, ვერ ავიტან, სხვებს კი რაც მითხარი, შევატყობინებ.

დიოგენე. მაშ, შევეშვათ მაგათ, თუკი ასე გსურს. სხვებს კი, ვინც წეღან ვახსენე, ყველას გადაეცი ჩემი სიტყვები.

2. პლუტონისა, ანუ მენიპოსის წინააღმდეგ

1.კროისოსი. ვერ ავიტანთ, პლუტონ, კინიკოს მენიპოსის მეზობლობას. ან ეგ მოგვაცილე, ან ჩვენ გადაგვასახლე სადმე.

პლუტონი. ასეთი ცუდი რა ჩაიდინა თქვენთანამყოფმა?

კროისოსი. როდესაც ჩვენ ვკვნესით და ვგოდებთ ჩვენი სვე-ბედის გახსენებისას დედამიწაზე – მაგალითად, მიდასი თავის ოქროს მისტირის, სარდანაპლოსი – დიდძალ სიმდიდრეს, მე კი კროისოსი – საგანძურს. ეგ დაგვცინის, სულმდაბლებსა და ტყვეებს გვეძახის. ზოგჯერ კი, როცა ჩვენ ვტირით, სიმღერას მოჰყვება ხოლმე. ასე რომ, ძნელი ასატანია.

პლუტონი. ამას რას ამბობენ შენზე, მენიპოს?

მენიპოსი. ჭეშმარიტებას, პლუტონ. მე მძულან ეგენი. უბადრუკნი და სულმდაბალნი არიან. თავიანთი სიცოცხლე ხომ გალიეს ფუჭად, მკვდრებიც იმას იხსენებენ, რაც მიწის ზემოთ ჰქონდათ და მასვე ებღაუჭებიან. ამიტომაც მახარებს მაგათი შეწუხება.

პლუტონი . ეგრე არ შეიძლება, არა. ეგენი ხომ გოდებენ, არცთუ მცირეს დამკარგავნი!

მენიპოსი. რას სულელობ, პლუტონ? შენც მათ კვნესას თანაუგრძნობ?

კროისოსი. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ არც ის მინდა, მტრობა იყოს თქვენ შორის.

2. მენიპოსი. მაშ, იცოდეთ, ლიდიელთა, ფრიგიელთა და ასურელთა შორის უსაძაგლესნო, ვერ გამაჩერებთ, სადაც წახვალთ, თან გამოგყვებით, სიმღერასაც დავძახებ და დაგცინებთ კიდეც.

კროისოსი. ეს რა თავხედობაა!

მენიპოსი . არა, თავხედობა ის იყო, რასაც თქვენ სჩადიოდით: თაყვანისცემას ითხოვდით და თავისუფალ ვაჟკაცებს შეურაცხყოფდით. სიკვდილი აღარც კი გახსოვდათ. მაშ, იღრიალეთ ყოველივეს დამკარგავებმა.

კროისოსი. ოჰ, ღმერთებო! დიდი და ბევრი სიკეთით შემკულნო!

მიდასი. ვაი, ამოდენა ოქრო ჩემი!

სარდანაპლოსი. ვაი, ამხელა საგანძური ჩემი!

მენიპოსი. ძალიან კარგი, იტირეთ. მე კი ხშირ-ხშირად მოგძახებთ მისამღერს: შეიცან თავი შენი! (ა) ეს თქვენს მოთქმას ნამდვილად შეჰფერის

3.მენიპოსისა, ამფილოქოსისა და ტროფონიოსისა

1. მენიპოსი . ტროფონიოს, ამფილოქოს, თქვენ ორივენი მკვდრები ხართ, მაგრამ არ ვიცი. ტაძრების მოძღვნის ღირსნი როგორ გახდით. არც ის ვიცი, წინასწარმეტყველებად როგორ ითვლებით ბრიყვნი, ადამიანთა შორის კი ღმერთებადაც გთვლიან.

ამფილოქოსი. რა ჩვენი ბრალია, თუკი ისინი თავიანთი უგუნურებით მკვდართა შესახებ ასე ფიქრობენ?

მენიპოსი. იქნებ ასე არც ეფიქრათ, მათთვის სიცოცხლეშივე რომ არ დაგესხათ თავბრუ, მერმისის მჭრეტელებად და წინასწარმეტყველებად რომ არ მოგეჩვენებინათ თავი?

ტროფონიოსი. მენიპოს, ამფილოქოსს თვითონ ეცოდინება, როგორ გამოიმართლოს თავი, მე კი გმირი ვარ და ვინც ჩემთან ჩამოდის, ვუწინასწარმეტყველებ ხოლმე. შენ კი, ჩანს, არასოდეს ყოფილხარ ლებადეიაში, ვინაიდან უპატივცემულად ეპყრობი ამ საქმეს.

2. მენიპოსი. რას ამბობ? თუ ლებადეიაში არ ჩამოვედი, რაღაც სასაცილო ტილოს სამოსში გამოწყობილი (ა), სათითაოდ ხელში ხმიადით გამოქვაბულში ვიწრო ხვრელით თუ არ დავეშვი., ნუთუ ამის გარეშე უძლური ვარ დავინახო, მკვდარი რომ ხარ ჩვენსავით და თაღლითობით აღგვემატები მხოლოდ? მაგ შენი წინასწარმეტყველების მადლით, მაინც რაც წარმოადგენს გმირი? მე უმეცარი ვარ მაგისა.

ტროფონიოსი. რას და, ღვთისა და კაცის ნაზავს.

მენიპოსი. როგორც შენ ამბობ, არც ადამიანს, არც ღმერთს, ორივეს ერთად, არა? მაინც სად გაქრა ეგ შენი ღვთაებრივი ნახევარი?

ტროფონიოსი. ბეოტიაში მისნობს, მენიპოს.

მენიპოსი. ვერ გავიგე, ტროფონიოს, რას ამბობ, მაგრამ იმას კი ზუსტად ვხედავ, ნამდვილად მკვდარი რომ ხარ და სხვა არაფერი.

4. ჰერმესისა და ქარონისა

1. ჰერმესი. ვფიქრობ, უნდა დავიანგარიშოთ, გადამყვანო, რამდენი მერგება, თორემ კვლავ წავკამათდებით.

ქარონი. დავითვალოთ, ჰერმეს, უკეთესიც კია. მოვრჩეთ და დავისვენოთ.

ჰერმესი. შენი მითითებით ღუზა რომ მოვიტანე, ხუთი დრაქმა (1დ=4,36 გრამი) დაჯდა.

ქარონი. ძვირს ამბობ.

ჰერმესი. ვფიცავ, აიდონევსს, სწორედ ხუთ დრაქმად ვიყიდე და აი, კიდევ თოკი ნიჩბების მისამაგრებლად. ესეც ორი ობოლი.

ქარონი. ჩაწერე, ხუთი დრაჰმა და ორი ობოლი.

ჰერმესი. ნემსები იალქნის დასაკერებლად? ამაშიც ხუთი ობოლი გადავიხადე.

ქარონი. ეგეც მიამატე.

ჰერმესი. ცვილი, ნავის ნასვრეტების ამოსაქოლად, ლურსმანი და თოკი ანძაზე იალქნის მისამაგრებლად, სულ ერთად ორი დრაჰმა.

ქარონი – არც ისე ძვირია.

ჰერმესი. სულ ეს არის. თუ არ გამოგვრჩა რაიმე. მითხარი, როდის დამიბრუნებ ამას?

ქარონი. ახლა, ჰერმეს, არ შემიძლია, მაგრამ თუ რომელიმე სახადი, ან ომი ბევრ ხალხს გამომიგზავნის, მაშინ რაღაცას გაგიხერხებ გადაყვანის შემოსავლებიდან.

2. ჰერმესი. მაშ ახლა ასე უნდა ვიჯდე მრავალგვარი უბედურების ნატრული, ჩემი ვალი რომ მივიღო?

ქარონი. სხვა გზა არ არის, ჰერმეს. როგორც ხედავ, ცოტანი მოდიან ჩვენთან, მშვიდობიანობაა.

ჰერმესი. უმჯობესია, ამგვარადვე დარჩეს. თუმც, ვალის დაბრუნება გაჭირდება, მაგრამ, ქარონ, ადრე ჩვენთან ხომ, როგორც შენ იცი, სულ სხვანაირნი მოდიოდნენ: ყველანი ვაჟკაცნი, სისხლში ცურავდნენ, ჭრილობებისგან ლევდნენ სულს. ახლა კი? ზოგს შვილი წამლავს, ზოგს ცოლი, ზოგსაც ჭარბი ქონებისაგან მუცელი და ფეხები უსივდება, სულ ყვითლები არიან, ფერი მაგათ აღარ ადევთ და იმათ აღარ ჰგვანან. ამათგან ბევრი კი, როგორც ჩანს, ფულის გამო იმეტებს ერთმანეთს.

ქარონი. დიახ, ფული ძლიან, ძლიან კარგი რამეა!

ჰერმესი. ესე იგი, უსამართლო არ გამოვჩნდები ხომ, თუკი შენგან ვალს მტკიცედ მოვითხოვ!

5. პლუტონისა და ჰერმესისა

1.პლუტონი. იცნობ შენ იმ მოხუცს? მდიდარ ევკრატესზე მოგახსენებ, მეტად დაუძლურებულსა და უშვილძიროზე, რომლის ქონებაზეც ორმოცდაათი ათასი მსურველი ნადირობს.

ჰერმესი. უჯეროდ არ გეჩვენება ეგ?

პლუტონი. არათუ უჯეროდ, სამართლიანად. მაინც როგორ სურთ მისი სიკვდილი, როგორ უნდათ მისი ქონება დაისაკუთრონ, თან ნათესავებიც რომ არ არიან?! ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ამდაგვარის მსურველნი, სხვათა დასანახად, მაინც უვლიან მას. ხოლო როცა ავადმყობს, რა სურვილები ებადებათ, ეს ყველასათვის ნათელია. მაგრამ ღმერთებს მაინც აღუთქვამენ ხოლმე სამადლობელს, თუკი გამოჯანმრთელდება იგი. ადამიანთა პირმოთნეობის მრავალგვარობას სრულად ვინ ჩასწვდეს? დაე, ამის გამო იცოცხლოს მოხუცმა, მის ქონებაზე პირდაფჩენილნი კი მასზე უწინარეს ჩამოვიდნენ აქ.

2. ჰერმესი. სასაცილო მდგომარეობაში კი აღმოჩნდებიან მზაკვარნი! ისე შესანიშნავად მწყემსავს ჩვენი მოხუცი მათ და აიმედებს კიდეც. თვითონ კი, მუდამ მკვდარს დამსგავსებული, ბევრად სჯობს ახალგაზრდებს. ამათ კი უკვე დაინაწილეს მოხუცის ქონება, იმედოვნებენ, რომ ხელში ჰყავთ და ნეტარი ცხოვრების სასოებით იკვებებიან.

პლუტონი. მაშ, განაგდოს მოხუცმა სიბერე და მსგავსად იოლაოსისა, ჭაბუკად გადაიქცეს. ესენი კი, შუაგულ ოცნებებში, ბოროტნი ბოროტად აღესრულნენ, მიატოვონ საოცნებო სიმდიდრე და აქ ჩამოვიდნენ.

ჰერმესი. ნუ იდარდებ, პლუტონ, სათითაოდ ჩამოგგვრი მაგათ. მგონი სულ შვიდნი არიან.

პლუტონი. ჰო, ჩამომგვარე, მან კი, ჭაბუკადქცეულმა, გამოისტუმროს ისინი.

6. ტერფსიონოსისა და პლუტონისა

1.ტერფსიონოსი. განა ეს სამართლიანია, პლუტონ. შობიდან ოცდაათი წლისა რომ მოვკვდი, მაშინ როცა ოთხმოცდაათ წელს გადაცილებული მოხუცი თუკრიტოსი ისევ ცოცხალია?!

პლუტონი . ძალიან სამართლიანი, რადგან თუკრიტოსი ისე ცხოვრობს, მეგობართაგან არავის უსურვებს სიკვდილს, შენ კი, მემკვიდრეობის მომლოდინე, სულ ბოროტს განიზრახავდი მისთვის.

ტრეფსიონოსი. განა ასე არ არის, რომ მოხუცი, რომელსაც აღარ ძალუძს სიმდიდრის გამოყენება, წუთისოფელს უნდა გაეცალოს და ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს?

პლუტონი. უჩვეულო კანონებსა თხზავ: მაშ, უნდა მოკვდეს, ის, ვინც საკუთარ სიმდიდრეს განცხრომისათვის ვეღარ იყენებს? ბედისწერამ და ბუნებამ სულ სხვაგვარად დააკანონეს.

2.ტრეფსიონოსი. აი, სწორედ მაგ წესრიგს განვიხილავ. საჭიროა, საქმე თანმიმდევრულად ხორციელდებოდეს. პირველად უხუცესნი უნდა კვდებოდნენ, შემდეგ– მათი ასაკით მომყოლნი. რატომ უნდა ერიოს ცოცხლებში მიხრწნილი ბერიკაცი სამი შერჩენილი კბილით, ძლივსძლივობით რომ ხედავს, ოთხი შინამოსამსახურე რომ სჭირდება შემკავებლად, თვალები ეწირპლება, იცინგლება. აღარაფერი ახარებს, ცოცხალი გვამია, დასაცინი ახალგაზრდების, მაშინ როცა ულამაზესი ჭაბუკები გაფურჩქვნის ასაკში კვდებიან? მაშ მდინარეებმა აღმა უნდა იდინონ? ბოლოს და ბოლოს, კაცმა ის ხომ მაინც უნდა იცოდეს, მოხუცთაგან ვინ როდის მოკვდება, რათა ამაოდ არ დაშვრნენ მათ მოვლაში. ახლა კი ისე ხდება, როგორც იგავშია – ხშირად ურემი მიათრევს ხარს.

3. პლუტონი. ეს, ტრეფსიონოს, ბევრად უფრო გონივრულია, ვიდრე შენ გგონია. ვინ გაიძულათ თქვენ სხვის ქონებას პირი დაუღოთ და უშვილძირო მოხუცების მოვლაში საკუთარი თავები ძარცვოთ? აი, ამის გამო გახდით დასაცინნი? მათზე უწინარეს აღსრულებულნი. ეს ამბავი ბევრს ძალიანაც ახარებს. თქვენ მათ სიკვდილზე ოცნებობდით, ამდენად თქვენი მათზე ადრე სიკვდილი ყველას სიამოვნებს. რაღაც სრულიად ახალი ხელობა რამ გამოიგონეთ, დედაბრებსა და ბერიკაცებზე ხართ შეყვარებულნი, უშვილძიროებზე უმეტესად , შვილიანები როდი გიყვარდებათ. მაგ სასიყვარულო მზაკვრობას უკვე ბევრი მიგიხვდათ, ამიტომ თუნდაც შვილები ჰყავდეთ, თავი ისე უჭირავთ თითქოს არცკი უყვარდეთ ისინი, რათა ამ გზით შეიძინონ მოამაგენი. მათ ანდერძებში მომვლელები დასახლებულნიც კი არ არიან ხოლმე. შვილები კი , ბუნებით კანონის თანახმად, რაც სამართლიანია, სულ ყველაფერს ეუფლებიან. თქვენ კი გაღატაკებულებმა აკრაჭუნეთ კბილები.

4.ტერფსიონოსი. ჭეშმარიტებას ღაღადებ! მართლაც, რამხელა ქონება შთანთქა ჩემი თუკრიტოსმა. მუდამ მომაკვდავივით გამოიყურებოდა, მასთან როცა მივიდოდი ხოლმე, კვერცხიდან ჯერაც გამოუჩეკელი წიწილასავით სუსტი ხმით წიოდა და ოხრავდა. მეგონა, მალე ჩავიდოდა საფლავში და დიდძალ მოსაკითხს ვუგზავნიდი, რათა საჩუქრების სიუხვით მეტოქეებს არ ეჯობნათ ჩემთვის. მუდამ ფხიზლად ვიყავი, ყველაფერზე ვფიქრობდი და ვანგარიშობდი. აი, ჩემი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი: უძილობა და დარდი. ის კი, ვითომ ჩემი სატყუარის გადამყლაპველი, გუშინწინ ჩემს საფლავთან იდგა და სიცილს მაყრიდა.

5. პლუტონი. ყოჩაღ, თუკრიტოს, იდღეგრძელე, დატკბი სიმდიდრით და დასცინე მაგათნაირებს, მანამ არ მოკვდე, სანამ ყველა მლიქვნელს აქ არ გამოისტუმრებ.

ტერფსიონოსი. თუკი ქარეადოსი თუკრიტოსზე წინ მოკვდება, ეს მეც მეამება, პლუტონ.

პლუტონი. მხნედ იყავ, ტერფსიონოს. ფიდონი, მელეანთევსი და სულ ყველანი მასზე უწინ გამოემგზავრებიან, იმავე საზრუნავით შეპყრობილნი, რითაც შენ იყავ.

ტერფსიონოსი. აი, ეს მომწონს, იდღეგრძელე, თუკრიტოს!

7.ზენოფანტესისა და კალიდემიდესისა

1. ზენოფანტესი. ეი, შენ, კალიდემიდეს, როგორ მოკვდი? ხომ იცი, მედინიოსის კმაყოფაზე ვიმყოფებოდი და უზომოდ დანაყრებული დავიხრჩე. ჩემს სიკვდილს ხომ შენც ესწრებოდი?

კალიდემიდესი. ვესწრებოდი, ზენოფანტეს. მე კი სრულიად სხვა რამ გადამხდა თავს: მგონი, იცნობ ბერიკაც პტეოდორეს, არა?

ზენოფანტესი. უშვილძიროს და მდიდარს, რომლეთანაც ხშირად იყავი ხოლმე?

კალიდემიდესი. სწორედ იმას. მე ხომ მასზე მუდამ ვზრუნავდი, რადგან დაიმედებული ვიყავი მისგან, რომ მოკვდებოდა თუ არა, ყველაფერი ჩემზე გადმოვიდოდა. მაგრამ რადგან პტეოდოროსი ტითონზე მეტხანს ცოცხლობდა, საქმე ჭიანურდებოდა, ამიტომ სიმდიდრისაკენ უმოკლესი გზა ავირჩიე: მოხუცის მერიქიფე დავითანხმე, ჩემ მიერ ნაყიდი საწამლავი თასში ჩაეყარა და მომზადებული ჰქონდა, ხოლო როცა პტეოდოროსი დალევას მოისურვებდა – ის კი გაუზავებელ სასმელს საკმაოდ სვამდა – მისთვის მიერთმია. მერიქიფეს კი ფიცით აღუთქვი, ამ საქმეს თუკი კარგად შეასრულებდა, თავისუფლებას მივანიჭებდი.

ზენოფანტესი. რა გამოვიდა მანდედან? მგონი, რაღაც პარადოქსი.

2. კალიდემედესი . როცა ჩვენ განბანილნი დავბრუნდით, ბიჭს უკვე გამზადებული ჰქონდა ორი ფიალა. ერთი პდეოდოროსისათვის, რომელშიც საწამლავი იყო და მეორე – ჩემთვის. არ ვიცი, მსახური როგორ შეცდა, მან მე საწამლავიანი ჭიქა მომაწოდა, პდეოდოროსს კი – საწამლავის გარეშე. მან შესვა, მე კი მყისვე ფეხები გავფშიკე და ვწევარ ახლა შეცდომით მის მაგივრად მკვდარი. რა გაცინებს, ზენოფანტეს? არ არის კარგი, ძმაკაცს დასცინოდე.

ზენოფანტესი. შენ კი მოგეზღო მარჯვედ, მაგრამ რა ქნა მოხუცმა?

კალიდემიდესი. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ შეცბა თავიდან, მაგრამ შემდგომ, მიხვდა რა ყოველივეს, მგონი, ბევრი იცინა მერიქიფეს შეცდომაზე.

ზენოფანტესი. არ უნდა გევლო უმოკლესი გზით, გრძელითაც მოაღწევდი აქ. ოღონდ უფრო ნელა და უხიფათოდ.

8.კნემონოსისა და დამნიპოსისა

კნემონოსი. აი, ნამდვილად საარაკო ამბავი: ირემმა დაჯაბნა ლომი!

დამნიპოსი. ასე რა გაბრაზებს, კნემონოს?

კნემონოსი. მეკითხები კიდეც? რა გაბრაზებსო? მემკვიდრე გადავიდა ჩემს ნებას. მოტყუებული აღმოვჩნდი მე უბედური. ჩემი ქონების დატოვება ყველაზე მეტად ვისთვისაც მსურდა, ცარიელ-ტარიელნი დარჩნენ.

დამნიპოსი. ეს როგორ მოხდა?

კნემონოსი. მდიდარ ქერმოლაოსს ვუვლიდი, უშვილძიროს და მისი სიკვდილით გამორჩენას მოველოდი. ისიც უსიამოვნოდ როდი იღებდა პატივისცემას. ჰოდა, ვიფიქრე, გონივრული იქნებოდა, ჩემი ანდერძი, რომელშიც ჰერმოლაოსი მთელი ჩემი ქონების პატრონად მყავდა დადგენილი, განმეცხადებინა, რათა გამჯიბრებოდა და მასაც ჩემსავით მოემოქმედებინა.

დამნიპოსი. და რა ქნა იმან?

კნემონოსი. თავის ანდერძში რა ჩაწერა, არ ვიცი, რადგან მოულოდნელად ჭერი დამემხო თავზე და მოვკვდი. ჰერმოლაოსს აქვს ახლა ჩემი სიმდიდრე.

დამნიპოსი. მარტო ნემსკავი კი არა, მას მეთევზეც გადაუყლაპავს. შენ კი შენმიერვე დაგებულ მახეში გაები.

კნემონოსი. ნამდვილად, ამიტომაც ვცხარობ.

9.სიმილოსისა და პოლისტრატოსისა

1. სიმილოსი. პოლისტრატოს, ბოლოს და ბოლოს, შენც მოხვედი ჩვენთან. მგონი, ას წელს ბევრი აღარაფერი გეკლდა.

პოლისტრატოსი. ოთხმოცდაათს დამატებული რვა წელი ვიცოცხლე, სიმილოს.

სიმილოსი. ჩემი სიკვდილიდან ოცდაათი წლის განმავლობაში როგორ ცხოვრობდი? თითქმის სამოცდაათისა იყავი მაშინ.

პოლისტრატოსი. როგორ და მშვენივრად. თუმცა, ეს დაუჯერებლად მოგეჩვენება შენ.

სიმილოსი. ცხადია, დაუჯერებლად. მოხუცს, სუსტსა და ამას გარდა უშვილძიროს, როგორ შეგეძლო სიცოცხლით ტკბობა?

2. პოლისტრატოსი. შემეძლო, რატომაც არა.! ჯერ ერთი, მყავდნენ როგორც შესახედი ბიჭუნები, ასევე თვალწარმტაცი ასულნი, მქონდა განცხრომა, შესანიშნავი ღვინო და თანაც სუფრა, უკეთესი სიცილიურზე.

სიმილოსი. ეგ ყველაფერი ჩემსობას ძლიერ გეძუნწებოდა.

პოლისტრატოსი. ჩეო კარგო, სხვები მავსებდნენ საჩუქრებით. ინათებდა თუ არა, ადამიანები უკვე ჯარად იდგნენ ჩემს კართან. ნაირნაირი ძღვენი მოჰონდათ, საუკეთესო, რასაც კი შეიძლება ეარსება დედამიწაზე. ~

სიმილოსი. ტირანი გახდი ჩემი სიკვდილის შემდეგ?

პოლისტრატოსი. არა, ტირანი არა! თაყვანისმცემელნი მყავდნენ ათასობით.

სიმილოსი. უი, რას გამაცინე? თაყვანისმცემელნი შენს ასაკში? ოთხი შერჩენილი კბილის მქონეს?

პოლისტრატოსი. დიახ ვფიცავს ზევსს! ქალაქის საუკეთესო ადამიანები ამ დროს. მართალია, მოხუციცა ვარ და ქაჩალიც, ხედავ, თვალებიც სულ მეწირპლება და სურდოც გამუდმებულად მაწუხებს, მაგრამ მაინც სიამოვნებდათ ჩემი პატივისცემა და ნეტარება ეუფლებოდა ყოველ იმათგანს, თუნდაც მხოლოდ მზერა შემევლო მათთვის.

სიმილოსი. ნუთუ შენც ისე მიეხმარე ვინმეს, როგორც ფავნი (ა), რომელმაც ერთხელ აფროდიტე ქიოსიდან გადმოიოყვანა და ამის შემდეგ დაიბრუნე ახალგაზრდობა, სილამაზე და უნარი თავი შეაყვარო ვინმეს?

პოლისტრატოსი. არა, სწორედ ასეთი ვიყავი, მაგრამ მაინც ძალიან სასურველი.

სიმილოსი. რა გამოცანებით მელაპარაკები?

3. პოლისტრატოსი. განა შენთვის წინასწარ არ არის ცხადი, თუ რაოდენ გავრცელებულია სიყვარული უშვილო და მდიდარი მოხუცებისადმი?

სიმილოსი. ახლა კი მივხვდი, განსაკვირველო, შენი სილამაზე ოქროს აფროდიტეს გამოისობით ყოფილა.

პოლისტრატოსი. მიუხედავად ამისა, ჩემო სიმილოს, ჩემი თაყვანისმცემლებისაგან არცთუ მცირედით ვისარგებლე. ისინი მუხლმოყრილნი იდგნენ ჩემ წინაშე, მე კი უხეშად ვექცეოდი მათ და ზოგჯერ მოვიკვეთდი ხოლმე კიდეც. ჩემი კეთილგანწყობილების მოპოვებაში კი ისინი მაინც ეცილებოდნენ ერთმანეთს.

სიმილოსი. ბოლოს და ბოლოს როგორ განკარგე შენი ქონება?

პოლისტრატოსი. თითოეულ მათგანს მემკვიდრედ დატოვებას ცალკე დავპირდი. მათაც ირწმუნეს და უმეტეს პირმოთნეობდნენ. მაგრამ მე სხვა ნამდვილი ანდერძიც მქონდა და ისინი ყველას დასანახად საგლოვად დავსხი.

4. სიმილოსი. მაინც ვინ აირჩიე მემკვიდრედ? ნათესავთაგან ვინმე?

პოლისტრატოსი. არა, ზევსმა დამიფაროს, ერთი ლამაზი ჭაბუკი, ცოტა ხნის წინ ნაყიდი ფრიგიელი.

სიმილოსი. რამდენი წლისა იქნება ეგ შენი ფრიგიელი, პოლისტრატოს?

პოლისტრატოსი. ოცამდე.

სიმილოსი. ახლა კი მივხვდი, რითაც მოუხიბლიხარ შენ!

პოლისტრატოსი. ყოველ შემთხვევაში, ის უფრო ღირსია იყოს ჩემი მემკვიდრე, თუმცა, ბარბაროსი და გარეწარია. ახლა მოქალაქეთა შორის უცნობილესნი მიაგებენ პატივს. მას დარჩა ჩემი ქონება და ევპატრიდების რიცხვს მიათვალეს. წარმოგიდგენია, ასეც კი მიიჩნევენ, რომ ის, წვერგაპარსული და ბარბაროსულ ყაიდაზე მეტყველი, კოდროსს აღემატება კეთილშობილებით, ნერევსს – სილამაზით, ხოლო ოდისევსს – გონებით.

სიმილოსი. ეგ სულაც არ მანაღვლებს მე, თუნდაც მთელ ელადას ემეთაუროს, ოღონდ ისინი არ გამხდარიყვნენ მემკვიდრეები.

10. ქარონისა, ჰერმესისა და სხვა მკვდრებისა

1. ქარონი. მომისმინეთ, აი, რა დღეში ვართ. ჩვენი ნავი, თქვენც ხედავთ, მომცროა და დამპალი, წყალიც ბევრგან შესდის. საკმარისია გვერდზე გადაიხაროს, ამოყირავდება და ფსკერისაკენ წავა. თქვენ კი ბლომად ხართ, თანაც ბარგით. ამოგიშვათ, მეშინია, ვაითუ სანანებელი გაგიხდეთ, განსაკუთრებით კი იმათ, ვინც ცურვა არ იცით.

ჰერმესი. მაშ როგორ მოვიქცეთ, მშვიდობით რომ გადავცუროთ?

ქარონი. მომისმინეთ. სულ შიშველნი ამოდით, ყველაფერი ზედმეტი სანაპიროზე დატოვეთ. იმდენნი ხართ, ძლივს მოთავსდებით! შენ კი, ჰერმეს, იზრუნე ამ წუთიდან არავინ ამოვიდეს ისეთი, ვინც ყველაფერი არ გაიძრო და როგორც მე ვთქვი, არ გადაყარა. ამოსასვლელში დადექი, შეამოწმე და აიძულე ნავში შიშველნი ჩასხდნენ.

2. ჰერმესი. სწორს ამბობ. ამგვარად უნდა მოვიქცეთ -ვინ არის პირველი?

მენიპოსი. მენიპოსი ვარ. ეს ჩემი გუდაა, ჰერმეს, ესეც ჯოხი. აი, წყალში ვყრი. ჩემი ძონძებიც კი არ წამომიღია და კარგიც ვქენი.

ჰერმესი. ამოდი, მენიპოს, კაცთაგან საუკეთესოვ და ნავში მესაჭის გვერდით, ამაღლებულ ადგილას მოთავსდი. მანდედან უკეთ დაინახავ ყველაფერს. 3.ეს ლამაზი ჭაბუკი ვინღაა?

ქარონი. ქარმიდეს მეგარელია. მაგისი კოცნა ორი ტალანტი ღირდა.

ჰერმესი. ახლავე განიძარცვე სილამაზე, ტუჩებიც კოცნებთან ერთად, გრძელი თმა და ლოყებიდან წითელი ფერი და საერთოდ კანიც. კეთილი, მზად ხარ უკვე, ჩაჯექი.4. შენ ვინღა ხარ ასეთი პირქუში ძოწიდფერი მოსასხამით და დიადემით?

ლამპიქოსი. გელონის ტირანი.

ჰერმესი. შენ რა, ლამპიქოს ამდენი რა მოგაქვს?

ლამპიქოსი. მერე რა? ჰერმეს, განა ტირანიც შიშველი უნდა იყოს?

ჰერმესი. ტირანი არა, მაგრამ მკვდარი – კი! გაიძრე სწრაფად ყველაფერი.

ლამპიქოსი . ნახე, აი, სიმდიდრე გადავყარე.

ჰერმესი. მედიდურება, ქედმაღლობა და სიამაყეც მიაყოლე მაგათ, ლამპიქოს, თორემ ნავს დაამძიმებს ერთად თუ ჩასხდებით.

ლამპიქოსი. იქნებ დიადემა და მოსასხამი მაინც დამიტოვო?

ჰერმესი. არა, ეგენიც გადაყარე.

ლამპიქოსი. აგრე იყოს. კიდევ რა? ყველაფერი გადავყარე, ხომ ხედავ.

ჰერმესი. არა, სიმკაცრის, განუსჯელობის, ამპარტავნობისა და წრეგადასულობისაგანაც განიძარცვე!

ლამპიქოსი. ნახე, სულ შიშველი ვარ.

5. ჰერმესი. მაშ ამოდი. შენ ვინღა ხარ, მსუქანი და დაკუნთული?

დამასიასი. ათლეტი ვარ, დამასიასი.

ჰერმესი. დიახ, გიცანი, ხშირად მინახიხარ პალესტრაში.

დამასიასი. დიახ, ჰერმეს. მე მაინც ამომიშვი, მე ხომ შიშველი ვარ.

ჰერმესი. არა ხარ შიშველი, ჩემო კეთილო, ამდენი ხორცი გმოსავს, განიძარცვე, თორემ ნავი წყალში დაინთქმება, ცალი ფეხიც კი რომ ამოდგა მხოლოდ. შენი გვირგვინები, ჯილდოები და ქება-დიდებანიც მოისროლე.

დამასიასი – ნახე, შიშველი ვარ და სხვა მკვდრებს არ აღვემატები წონით.

6.ჰერმესი. უკეთესიც კია უწონობა შენთვის, ჩაჯექი. შენ კი, გადაყარე შენი სიმდიდრე კრატონ, შენი ნებიერობა, ფუფუნება. არც სამკვდრო სამოსი, არც წინაპართა საქმენი, არც გვარიშვილობა და აღარც შენი სახელი გინდა, ოდესღაც ქალაქმა მისნის რჩევით რომ განგითქვა. არც შენი ქანდაკებების ეპიგრაფებია საჭირო და დიდი ყორღანი რომ აღგიმართეს, ნურც ამაზე ლაპარაკს მოჰყვები, მაგის გახსენებაც კი დაამძიმებს ნავს.

კრატონი. ჩემი ნება როდია, მაგრამ უნდა გადავყარო. რა სამწუხაროა?!

7. ჰერმესი. აბა, ამ შეიარაღებულს რაღა უნდა? ან ეგ ტროფეა რას ნიშნავს, თან რომ მოგაქვს?

მთავარსარდალი. იმას, რომ გავიმარჯვე, ჰერმეს ბრძოლაში და ქალაქმაც დამაჯილდოვა.

ჰერმესი. დატოვე მიწაზე ჯილდო. ქვესკნელში მშვიდობაა და შენი იარაღი იქ არავის სჭირდება. 8. ასეთი ამაყი, ასეთი სერიოზული ეს ვინ არის? წარბებაწეული ღრმა განსჯას რომ მისცემია. რა გრძელი წვერი აქვს?

მენიპოსი. ვიღაც ფილოსოფოსია, ჰერმეს, უკეთ რომ ვთქვათ, თაღლითი და მატყუარა. როგორც კი უბრძანებ, განიძარცვოს, მყისვე დაინახავ, რამდენი სასაცილო რამ აქვს მოსასხამის ქვეშ დამალული.

ჰერმესი. ჯერ შენი წარმოსადეგობა გაიძრე, შემდეგ კი ყველაფერი. ო, ზევს, რამდენი უკეთურება მოიყოლა? რამდენი უვიცობა, რამხელა შფოთი და კამათის წყურვილი, პატივმოყვარეობა, კითხვები, თანაც რა ძნელი, ეკლებივით სიტყვები, ჩახლართული ცნებები, ცრუსაქმიანობა, უკიდეგანო ფუჭსიტყვაობა, ყბედობა…ვფიცავ ზევსს, ოქროც არის, განცხრომილებაც, ურცხვობა, ფუფუნეულობა, ნებიერობა. რაც არ უნდა შევეცადო, ვერ დამიმალავ. განაგდე სიცრუე, ეჭვიც და იმის რწმენაც, რომ სხვათ აღემატები. თუ შენ შენი ტვირთით ამოხვედი, ორმოცდაათაფრიანი ნავიც ხომ ვეღარ გაგვიძლებს?

ფილოსოფოსი. გადავყრი, რადგან მიბრძანე!

9. მენიპოსი. წვერის მოშორებაც არ აწყენდა, ჰერმეს, მძიმე და ბანჯგვლიანია. შენც ხედავ, მაგისი თმა ხუთ მნამდე აიწონის.

ჰერმესი. მართალია, მოიშორე წვერი!

ფილოსოფოსი. კი, მაგრამ, ვინ მომპარსავს?

ჰერმესი. მენიპოსი ცულს მოიტანს გემთსაშენიდან და მოგაჭრის. ნავზე ამოსასვლელი კიბე და საჭრელი დაფაც გვჭირდება.

მენიპოსი. არა, ჰერმეს ხერხი მომეცი, უკეთ გავერთობით.

ჰერმესი. ცულიც საკმარისია. ძალიან კარგი! ახლა უფრო ადამიანურად გამოიყურები, რაც თხის სამკაული მოიცილე.

მენიპოსი. ხომ არ ისურვებ, პატარაზე წარბებიც შევაჭრა?

ჰერმესი. დიახ, თორემ შუბლს ზემოთ ასდიოდა. არ მესმის, მაინც რაზე იყო ასე გაფაციცებული? რა ხდება? ტირი, შე გარაწარო, სიკვდილის წინაშე დამფრთხალი? ჩაჯექი!

მენიპოსი. მაგას იღლიის ქვეშ კიდევ ერთი ძალიან მძიმე რამ აქვს.

ჰერმესი. მაინც რა, მენიპოს?

მენიპოსი. მლიქვნელობა, ჰერმეს სიცოცხლისას დიდ სამსახურს რომ უწევდა.

ფილოსოფოსი. მაშინ შენც, მენიპოს, გადააგდე შენი სულის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, უზრუნველობა, შენი კეთილშობილება და სიცილი. შენ მეტი ხომ არავინ იცინის?

ჰერმესი. პირიქით, გქონდეს. ეგენი მსუბუქია და არც მათი გადაზიდვაა საძნელო. დაგვეხმარებიან კიდეც გადაცურვაში. 10. ეი, შენ, ორატორო, დატოვე შენი დაუსრულებელი გრძელსიტყვაობა, პარისოსები, ანტითეზები, შენი გრამატიკული პერიოდები, ბარბარიზმები და მთელი შენი სიტყვიერება.

ფილოსოფოსი. აი, ნახე, ვყრი.

ჰერმესი. საქმე კარგადაა. თოკები მოხსენით, კიბე ამოათრიეთ, ღუზა ამოსწიეთ, იალქნები გაშალეთ. 11.თქვენ რაღა გატირებთ, ბრიყვნო, განსაკუთრებით კი იმ ფილოსოფოსს, წვერი ახლახანს რომ მოაჭრეს?

რიტორი. ოჰ, ჰერმეს, სული უკვდავი მეგონა!

მენიპოსი. ტყუის, მაგას ეგ სულაც არ ანაღვლებს!

ფილოსოფოსი. მაშ რა?

მენიპოსი. ის, რომ ვეღარ დატკბება მსუყე საჭმელებით, ვეღარც ღამით გაიპარება მოსასხამში თავჩარგული გასართობი სახლების შემოსარბენად, დღისით კი ვეღარ აუბნევს თავგზას ახალგაზრდებს ფილოსოფიით. ვერცხლს ვეღარ იშოვის თავისი სიბრძნით. აი, რა აწუხებს მაგას.

ჰერმესი. როგორ, მენიპე, შენ კი არ განაღვლებს რომ მოკვდი?

მენიპოსი. რატომ უნდა მანაღვლებდეს, მე ხომ თვითონ, ხმობის გარეშე შევეგებე სიკვდილს? ( თავი მოიკლა. მთარგმნ.) 12. ჩვენ აქ ვმასლაათობთ, იქ კი ხმა ისმის თითქოს დედამიწაზე ვიღაც ყვირისო.

ჰერმესი. დიახ, მენიპოს, და არა ერთი მხრიდან. ზოგი სახალხო კრებაზეა და ხარობს ლამპიქოსის სიკვდილის გამო. მისი ცოლი ქალებმა ალყაში მოიქციეს, მის მცირეწლოვან შვილებს კი თანატოლნი ქვებით ქოლავენ. სხვანი კი დიაფანტოსს ადიდებენ იმ სამგლოვიარო სიტყვის გამო, კრატონის დაკრძალვისას რომ წარმოთქვა. ვფიცავ ზევსს, ის კი დამასიასის დედაა, მომტირალი ქალიების გუნდში სამგლოვიარო სიმღერას მღერის. შენ კი, მენიპოს, არავინ დაგტირის, მხოლოდ შენ განისვენებ მშვიდად.

მენიპოსი. სულაც არა, მალე გაიგონებ ჩემ გამო ძაღლები როგორ ყეფას ასტეხენ, ყორნები ფრთების ტყლაშატყლუშს მოჰყვებიან, ჩემს დამარხვას დაეშურებიან.

ჰერმესი. კეთილშობილი კაცი ხარ, მენიპოს. აი, ჩვენც მოვცურეთ. თქვენ კი სასამართლოს მიაშურეთ ახლავე. მაგ გზით იარეთ, მე კი ქარონთან ერთად უკან გავბრუნდები სხვათა გადმოსაყვანად.

მენიპოსი. გზა მშვიდობისა, ჰერმეს. ჩვენც უნდა გავუდგეთ გზას. რატომ ზოზინობთ? მსჯავრი მოგველის ყველას, სასჯელი კი აქ, როგორც ამბობენ, მძიმეა: ბორბალი, ქვები, ძერები. ახლა გამოჩნდება თითოეულმა დედამიწაზე როგორი ზნეობით ვიცხოვრეთ.

11. კრატესისა და დიოგენესი.

1. კრატესი. მდიდარ მერიხესს ხომ იცნობ? დიოგენე, ძალიან მდიდარს, კორინთოელს. ბევრი ხომალდი აქვს. არისტეასი იყო მისი ბიძაშვილი, ისიც მასავით მდიდარი. ჰომეროსიდან ნაწყვეტების ჩართვა უყვარდა საუბარში: ან წამომაყენე, ან მომეც უფლება, წამოგაყენო . “iliada”724-725

დიოგენე. რაშია საქმე, კრატეს?

კრატესი. ქონების გამო მიაგებდნენ ერთმანეთს პატივს, ისე კი თანატოლნი იყვნენ. ორივემ გამოაქვეყნა თავისი ანდერძი. მერიხესი, თავისი სიკვდილის შენთხვევაში, არისტეასს ნიშნავდა მემკვიდრედ, არისტეასმა კი მერიხესი დაასახელა, თუკი მასზე უწინ მოკვდებოდა. ასე იყო ეს. თვითონ კი ერთმანეთს მოწიწებით ექცეოდნენ და პირმოთნეობაში ეჯიბრებოდნენ. რაც შეეხება წინასწარმეტყველებს, ისინი, ვინც ვარსკვლავებზე კითხულობენ მომავალს და ისინიც, ვინც ამას სიზმრების მიხედვით ხვდება, ვით მოწაფენი ქალდეველთა და თვით პითიელიც (ბ) ხან არისტეასს აღუთქვამდა გამარჯვებას, ხან მერიხესს. ხან ერთისკენ იხრებოდა სასწორის პინა, ხან – მეორისკენ.

2. დიოგენე. ბოლოს რა მოხდა, კრატეს, საინტერესოა ამის შეტყობა.

კრატესი. რა და, ორივე ერთ დღეს მოკვდა. მათ ქონება კი ევნომიოსისა და თრასიკლეს ხელში გადავიდა. მათივე ნათესავები რომ არიან. არადა, ნაწინასწარმეტყველევში სახელის ხსენებაც კი არ იყო მათი. ეს ამბავი ამგვარად მოხდა: ისინი სიკიონიდან კიროსთან ზღვით გაემგზავრნენ. შუა ზღვაში ჩრდილო–დასავლეთის ქარმა – იაპიგმა გვერდიდან დაჰკრა გემს და ამოაყირავა.

3. დიოგენე. კარგადაც მოუვიდათ. როცა ჩვენ ცოცხლები ვიყავით, ერთმანეთის მიმართ ცუდს არაფერს განვიზრახავდით. ანტისთენეს სიკვდილი არასოდეს მსურვებია, რათა როგორც მემკვიდრეს, მისი ჯოხი მრგებოდა – ძაან მაგარი კი ჰქონდა, ველური ზეთისხილის ხისაგან იყო გამოთლილი. კრატეს, მე როგორც ვიცი, არც შენ გინდოდა ჩემი სიკვდილის შემდეგ მემკვიდრე გამხდარიყავი და ჩემი ქვევრი, ორი საწყაო ხანჭკოლიან ტომარასთან ერთად შენ დაგრჩენოდა. ისინი არც მე მჭირდებოდა და არც შენ, დიოგენე. რაც საჭირო იყო, ის კი იმემკვიდრევე ანტისთენესგან, მე კი – შენგან მივიღე. ეს ბევრად აღემატება მთელი სპარსეთის სახელმწიფოს.

დიოგენე. ამას რაზე ამბობ!

კრატესი. სიბრძნეზე, თავმომწონეობაზე, ჭეშმარიტებაზე, სულისა და სიტყვის თავისუფლებაზე.

დიოგენე. ჰო, ზევსს გეფიცები, მახსოვს, ამ სიმდიდრის ანტისთესგან მიმღებმა, შენ კიდევ უფრო მეტი დაგიტოვე.

4. კრატესი. მაგრამ სხვები არად დაგიდევდნენ ამგვარ სიმდიდრეს, არც ჩვენს მემკვიდრედ გახდომა სწადდათ და არც ზრუნავდნენ ჩვენზე. ოქროსკენ იყო მიპყრობილი სუყველას მზერა.

დიოგენე. გასაგებია ეს. ჩვენგან მიღებულს ხომ ვერსად ვერ დამალავდნენ? ფუფუნებამ ისინი დამპალი ტომრებივით დაასუსტა, ასე რომ, ვინმემ მათში სიბრძნე, ჭეშმარიტება, სულისა და სიტყვის თავისუფლება რომც ჩადოს, მყისვე დაცვივა, დამპალი ძირი ვერ შეაკავებს, როგორც ეს დანაეს ასულთ მოსდიოდათ, როცა ძირგავარდნილ კასრში წყალს ასხამდნენ. რაც შეეხება ოროს, ყველა ხერხით – კბილებითა და ფრჩხილებით იცავდნენ მას.

კრატესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ აქაც ვინარჩუნებთ ჩვენს სიმდიდრეს, ისინი კი ერთი ობოლით მოდიან და იმასაც მთლიანად გადამყვანს აძლევენ.

12. ალექსანდრესი, ჰანიბალისა, მინოსისა და სციპიონისა

1.ალექსანდრე. მე მეკუთვნის პირველობა, ლიბიელო (ა), შენზე უკეთესი ვარ.

ჰანიბალი. შენ კი არა, მე!

ალექსანდრე. დაე, მინოსმა განგვსაჯოს.

მინოსი. ვინა ხართ თქვენ?

ალექსანდრე. ეს ჰანიბალია, კართაგენელი, მე კი – ალექსანდრე, ფილიპეს ძე.

მინოსი. ვფიცავ ზევსს, ორივენი სახელოვანნი ხართ. რის გამო კამათობთ?

ალექსანდრე. პირველი ადგილის გამო. ეგ ამბობს, თითქოს ჩემზე უკეთესი იყოს როგორც მხედართმთავარი, მე კი ვამტკიცებ და ეს ყველამ იცის, რომ მხოლოდ მას კი არ ვაჯობე სამხედრო საქმეში, არამედ, შეიძლება ითქვას, ყველას, ვინც ჩემამდე იყო.

მინოსი. დაე, თითოეულმა თქვენგანმა ცალ-ცალკე ილაპარაკოს საკუთარ თავზე. პირველმა შენ დაიწყე, ლიბიელო.

2. ჰანიბალი. აქ ყოფნა, მინოს, სასარგებლოც კი აღმოჩნდა ჩემთვის. ბერძნული ენა შევისწავლე ჩინებულად. ასე რომ, მაგაშიც ვერ მაჯობებს ალექსანდრე. ჩემი აზრით, ქებას ყველაზე მეტად ის იმსახურებს, ვინც უცნობი იყო, ვინც სხვათა დახმარების გარეშე მიაღწია დიდ წარმატებას. საკუთარი ძალებით ქონებაც დააგროვა და ხელისუფლების ღირსიც გახდა. მე მცირე მხედრობით გავუდექი იბერიის გზას. პირველად, როგორც ჩემი ცოლისძმის ხელქვეითი. მამაცად მაღიარეს და უმაღლესი ჯილდოებიც დავიმსახურე: კელტ-იბერები დავიპყარი, დასავლეთის გალებიც დავამარცხე, გადავლახე მაღალი მთები და მდინარე პერიდანოსის (ა) მთელი ხეობა მოვაოხრე, ქალაქები დავანგრიე, მთელი იტალიის დაბლობი დავიკავე და მთავარი ქალაქის სანახებს მივადექი. აქ ერთ დღეში იმდენი მებრძოლი ამოვხოცე, რომ მიცვალებულთა ყორეს მედიმნობით ზომავდნენ. (ბ) მათგან მდინარეებზე ხიდი გავდე და ყოველივე ამის მომქმედმა, თავი ამონის ძედ (გ) როდი მივიჩნიე. არც ღმერთი მიწოდებია საკუთარი თავისთვის, არც დედაჩემის სიზმრების მოყოლა დამიწყია. უბრალო კაცად ვთვლიდი თავს. ჩემი მოწინააღმდეგნი დახელოვნებული მხედართმთამრები იყვნენ. საუკეთესო ჯარისკაცები იბრძოდნენ ჩემ წინააღმდეგ. არც მიდიელნი და არც სომხები, ბრძოლის დაწყებამდე რომ გარბიან და იოლად ამარჯვებინებენ ნებისმიერ ვაჟკაცს. 3. ალექსანდრემ კი მამისგან მემკვიდრეობა მიიღო, გაზარდა და ფრიად განავრცო იგი, ბედნიერ შემთხვევათა წყალობით და როცა ის განწირული დარიოსი ისოსსა და არბელოსთან დაამარცხა, მამა-პაპათ ზნე-ჩვეულებებს გადაუხვია, მიდიურზე გაცვალა., თაყვანისცემას ითხოვდა, საკუთარ მეგობრებს ნადიმობისას კლავდა, უსჯიდა სიკვდილს. მე კი ჩემს სამშობლოს განვაგებდი და როცა მტერი დიდი სამხედრო ძალებით მოადგა ლიბიას, მყისვე უკან გამომიხმეს. მე, როგორც რიგითი ჯარისკაცი, მალევე გამოვცხადდი, სასამართლოს მსჯავრს დავემორჩილე. დიდი ამბები ღირსეულად გადავიტანე. ეს ყოველივე მე აღვასრულე, ბარბაროსმა, ელინურ ყაიდაზე უწვრთვნელმა. მაგათსავით წამდაუწუმ ჰომეროსს როდი ვუბრუნდებოდი. არც სოფისტ არისტოტელეს აღვუზრდივარ, მხოლოდ ჩემს შინაგან ხმას მივდევდი, ჩემივე ზნეკეთილობა იყო ჩენი წინამძღვარი. აი მაგიტომ ვამბობ, რომ ალექსანდრეზე უკეთესი ვარ. თუ ეგ ჩემზე ლამაზად გამოიყურება, მხოლოდ იმიტომ, რომ დიადემა დაიდგა თავზე. მერე რა, რომ მაკედონელებში მოწიწებას იწვევდა. ამის გამო კეთილშობილ და მხნე ვაჟკაცზე უკეთესად როდი უნდა ჩაითვალოს, იმ ჩინებულ მხედართმთავარზე აღმატებულად, რომელმაც წარმატებებს თავისი ნიჭითა და უნარით მიაღწია და არა ბედისა თუ გარემოებათა წყალობით?!

მინოსი. უაღრესად დარბაისლური სიტყვა წარმოთქვა მან. ისეთი, რომელიც არ ჩამოჰგავს ლიბიელს. შენ რას იტყვი ამაზე, ალექსანდრე?

4. ალექსანდრე. ღირდა, მინოს, ასეთ მკრეხელობაზე არაფერი მეპასუხა ამ კაცისათვის. ჩემი განსმენილი სახელიც კი საკმარისი იქნება იმის წარმოსაჩენად, როგორი მეფე ვიყავი, ეგ კი – როგორი ყაჩაღი. ჩვენ შორის განსხვავება რომ დაინახო, იძულებული ვარ, ცოტა რამ მაინც გიამბო: ჯერ კიდევ ჭაბუკი ვიყავი, როცა სახელმწიფოს სათავეში მოვექეცი, ძალაუფლება ავიღე თუ არა, არეული ქვეყანა დავაწყნარე, მამაჩემის მკვლელებს მივუზღე, სიკვდილით დავსაჯე ისინი. ბერძნებს კი თებეს დანგრევით თავზარი დავეცი. და მათაც სახალხო კრებაზე თავიანთ მეთაურად ხელის აწევით ამირჩიეს. მაკედონიის გამგებლობა იმ საზღვრებში, მამამ რომ დამიტოვა, როდი მაკმაყოფილებდა, ამიტომ გონების თვალი გადავავლე რა დედამიწას, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე – ქვეყნიერება უნდა დამეპყრო. მცირე ლაშქრით შევიჭერი აზიაში. გარნიკთან უმძიმესი ბრძოლე მოვიგე. დავიპყარი მიდია, იონია, ფრიგია და საერთოდ ყველაფერი, რაც გზად მხვდებოდა. ისოსში ჩავედი, იქ დარიოსი მელოდა შესაბმელად ურიცხვი ლაშქრით. 5.რაც ამას მოჰყვა, მინოს, თქვენც იცით. ერთ დღეში რამდენი მკვდარი გამოგიგზავნეთ?! გადამყვანი ამბობს, რომ მათთვის ნავი არ ჰყოფნიდა და ისინი საკუთარი ხელებით შეკრული ტივებით გადადიოდნენ. ეს ყოველივე მე აღვასრულე, თავს პირველი მე ვიგდებდი ხიფათში, დაჭრითაც ბევრჯერ დავიჭერი. ხოლო იმის მოყოლით, რაც ტიროსსა და არბელოსში მოხდა (ა),თავს აღარ შეგაწყენ. ინდოეთამდე ჩავედი და ჩემი სახელმწიფოს საზღვრად ოკეანე ვაქციე. სპილოები დავიჭირე, პორი დავიმორჩილე, ძნელად საომარი სკვითებითც დავამარცხე ცხენოსანი რაზმების უთანასწორო შებრძოლებში, როცა ისინი მდინარე ტანაისზე (ბ) გადადიოდნენ. მეგობრებს სიკეთით ვუხდიდი, მტრებს – მტრობით. თუკი ხალხმა ღმერთად მიმიჩნია, შეიძლება გავუგოთ მათ. ჩემს საქმეთა სიდიადის მაცქერალთ, ამდაგვარი რამ შეიძლება ერწმუნათ კიდეც. 6. დაბოლოს, მე მეფობაში აღვესრულე, ეგ კი – გაძევებული, პრუსიასთან ბითინიაში. ასე რომ, ღირსი იყო როგორც უვერაგესი და უსასტიკესი. იტალია როგორ დაიპყრო, ამაზე აღარც ვლაპარაკობ: არა ძლიერებით, არმედ ხერხით, მოტყუებითა და პირის გატეხით. არსებული წესების თანახმად და ღიად არასოდეს მოქმედებდა. მან ჩემი ფუფუნების გამო გამკიცხა. თვითონ კი, მგონი, დაავიწყდა, როგორ ცხოვრობდა კაპუეში ჰეტერათა გარემოცვაში და ბრძოლისათვის შესაფერისი დრო ხელიდან როგორ გაუშვა. დასავლეთი ასე უმნიშვნელოდ რომ არ მომჩვენებოდა, აღმოსავლეთისკან არც კი დავიძვრებოდი, რა საგმირო იქნებოდა ჩემთვის იტალიის უსისხლოდ დამორჩილება, ან თუნდაც ლიბიისა და მთელი სივრცისა გადირამდე (ა)? ეს ქვეყნები ბრძოლად არ ღირდა, ისინი ხომ ძრწოდნენ ჩემ წინაშე და თავიდანვე წინამძღოლად ამირჩიეს(ბ). მართალია, ბევრი რამ ვერ გიამბე, მაგრამ რაც გიამბე, ესეც საკმარისია, განსაჯე, მინოს.

7. სციპიონი. არა, სანამ მე არ მომისმენ, მინოს.

მინოსი. შენ ვინღა ხარ, ჩემო კეთილო? საიდან?

სციპიონი. იტალიელი სარდალი ვარ, სციპიონი, კართაგენის დამაქცევარი და ლიბიელთა სასტიკ ბრძოლაში დამმარცხებელი.

მინოსი. რას გვეტყვი მაინც?

სციპიონი. მართალია, ალექსანდრეს ჩამოვუვარდები, მაგრამ ჰანიბალზე უკეთესი ვარ. მე ის დავამარცხე, გავაძევე და სამარცხვინოდ გავაქციე. განა თავხედი არ არის ჰანიბალი ალექსანდრეს რომ ედრება? მაშინ, როცა მე, მისი დამმარცხებელი, სციპიონიც კი ვერ ვბედავ მასთან გატოლებას?

მინოსი. ვფიცავ ზევსს! აზრიანად ლაპარაკობ, სციპიონ. ასე რომ, პირველობას ალექსანდრეს ვანიჭებ, მეორე – შენ ხარ, მესამე კი – ჰანიბალი. მგონი, არ იმსახურებს აბუჩად აგდებას.

13. დიოგენესა და ალექსანდრესი

1. დიოგენე. ეს რა ხდება, ალექსანდრე? ნუთუ შენც მოკვდი, როგორც ყველა ჩვენგანი?

ალექსანდრე. როგორც ხედავ, დიოგენე, გასაკვირი იმაში რა არის, კაცი რომ მოკვდეს?…

დიოგენე. ესე იგი, ამონი ცრუობდა, როცა ამბობდა შენზე, ჩემი შვილიაო. როგორ, სინამდვილეში ფილიპეს ძე აღმოჩნდი?

ალექსანდრე. რა თქმა უნდა, ფილიპესი, ამონის ძე რომ ვყოფილიყავ, არც მოვკვდებოდი.

დიოგენე. ოლიმპიადაზეც ხომ დადიოდა რაღაც ამდაგვარი ხმები: ის გველი მიუდგაო, თავის სარეცელში რომ ნახა და ვითომ ამგვარად გშობაო შენ. ფილიპე კი თავს იტყუებდა, თავისი შვილი ეგონე.

ალექსანდრე. მეც მსმენია რაღაც მაგდაგვარი, მაგრამ ახლა ვხვდები, მართალს არაფერს ამბობდნენ არც დედაჩემი და არც ამონის წინასწარმეტყველნი.

დიოგენე. მაგრამ ამ ტყუილმა ძალიან მოგიმართა ხელი. მრავალნი ძრწოდნენ შენ წინაშე, რადგან ღმერთი ეგონე. ერთი ეს მითხარი, 2. მაინც ვის დაუტოვე ამხელა სახელმწიფო?

ალექსანდრე. არ ვიცი, დიოგენე, ამის შესახებ განკარგულების გაცემა ვერ მოვასწარი. თუმც, სიკვდილის წინ ჩემი ბეჭედი პერდიკესს გადავეცი. რა იყო, რა გაცინებს, დიოგენე?

დიოგენე. რა და ის, რომ გამახსენდა, როგორ მოგექცა ელადა. როგორ გემლიქველებოდნენ ბერძნები, როგორც კი ძალა-უფლება ხელში აიღე, მაშინვე მთავარსარდლად გაღიარეს, ბარბაროსთა წინააღმდეგ საბრძოლველად აგირჩიეს. ზოგმა თორმეტ ღმერთსაც კი მიგათვალა. ტაძრებს გიშენებდნენ, მსხვერპლს გწირავდნენ, როგორც დრაკონის ძეს. 3.მაგრამ ერთი ეს მითხარი, მაინც სად დაგმარხეს მაკედონელებმა?

ალექსანდრე. ეს ოცდაათი დღეა, რაც ბაბილონში განვისვენებ, მაგრამ პტოლემაიოსი, ჩემი დაცვის უფროსი, დამპირდა, რომ როგორც კი აღკვეთს უწესრიგობას, ჩემი გარდაცვალებით გამოწვეულს, ეგვიპტში წამასვენებს (ა) და იქ დამკრძალავს. ეგვიპტელთა ერთ-ერთი ღმერთი გავხდები.

დიოგენე. როგორ არ ვიცინო, ალექსანდრე, როცა ვხედავ, რომ სულეთშიც ვერ მოჰგებიხარ გონს და კვლავ ამონობასა და ოსირისობას იმედოვნებ? შორს ასეთი აზრებისაგან, უღვთაებრივესო, ამაოა! ვინმე ტბას (ბ) ერთხელ მაინც თუ გადაცურავს და სულეთს ჩამოაღწევს, ის წესს ვეღარ გადავა. არც ეაკოსია უყურადღებო და არც კერბეროსი – უძლური. 4. გამახარებს შენი ამბის გაგება, თუკი მეტყვი, მაინც რას გრძნობ დედამიწაზე ამხელა ბედნიერების დამტოვებელი? პირადი მცველები, გუშაგნი, სტრაპები, ამდენი ოქრო და ამდენი ერები, ამდენი გამაღმერთებელნი და თაყვანისმცემელნი, ბაბილონი, ბაქტრია, ვეებერთელა ცხოველები, პატივი და დიდება, შენი გამოჩენა დღესასწაულებზე, ძოწეულით მოსილისა, თეთრი დიადემით. განა არ ნაღვლობ ამის გამხსენებელი? რა გატირებს, სულელო, ნუთუ ის მაინც არ გასწავლა ბრძენმა არისტოტელემ, რომ ბედის წყალობანი მუდმივი არ არის?

5. ალექსანდრე. ბრძენი? რა ბრძენი! ის ყველა მლიქვნელს აღემატება. ჩემზე უკეთ ვის ეცოდინება არისტოტელეს შესახაბ რაიმე: რას ითხოვდა ჩემგან, რას მასწავლიდა, როგორ სარგებლობდა ჩემი მეცნიერებათმოყვარეობით, როგორ მეპირფერებოდა, ხოტბას ასხამდა ხან ჩემს სილამაზეს, სიკეთის ნაწილად რომ მიაჩნდა, ხან ჩემს საქმეებს და ხანაც ჩემს ქონებას. სიმდიდრეც სიკეთე არისო, ამტკიცებდა და სულაც არ რცხვენოდა მისი მოხვეჭის. სიცრუის დიდოსტატი იყო, დიოგენე! რაც მისი სიბრძნისგან დამრჩა იმ დიდ სიკეთეთა სანაცვლოდ, წეღან შენ რომ ჩამოთვალე – ეს სევდაა.

6. დიოგენე. მოდი, იცი როგორ მოვიქცეთ? სევდის საწინააღმდეგო წამალს შემოგთავაზებ. რადგან აქ სულის სნეულებათა სამკურნალო მცენარე შხამა (შროშანისებრთა ოჯახი. მთარგმნ.) არ იზრდება, ლეთას წყლის სმა ბლომად მოგიწევს, სვი ბევრი და მალი-მალ. ამგვარად თუ დაივიწყებ არისტოტელურ სიკეთეთ. მაგრამ კლიტოსი, კალისთენე (ა) და მათთან ერთად სხვათაც ბევრს ვხედავ, შენკენ მოდიან. მაგიერის მოზღვა უნდათ, იმის გამო, რაც შენ მოსწიე მათ. ასე რომ, სხვა გზით წადი და ლეთას წყალი სვი ხშირ-ხშირად, როგრც მე გირჩიე.

14. ფილიპესა და ალექსანდრესი.

1.ფილიპე. ახლა უკვე ვეღარ დაიწყებ, ალექსანდრე, იმის მტკიცებას, რომ ჩემი ძე არ ხარ, ამონის ძე რომ ყოფილიყავ, არ მოკვდებოდი.

ალექსანდრე. ეგ მეც ვიცოდი, მამაჩემო, ფილიპეს ძე და ამინტასის შვილიშვილი რომ ვიყავი, მაგრამ მივიღე ნაწინასწარმეტყველევი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ჩემს საქმეებს წაადგებოდა.

ფილიპე. რას მეუბნები? ნათელმხილველებისაგან მოტყუებულის მდგომარეობაში ყოფნა ხელსაყრელად გეჩვენებოდა?

ალექსანდრე. საქმე ეს როდია, არამედ ის, რომ ბარბაროსებს ეშინოდათ ჩემი, წინააღმდეგობას ვეღარავინ მიწვდა, რადგან ეგონათ ღმერთთან მოუწევდათ შებმა, ასე რომ, იოლად ვიმორჩილებდი.

2. ფილიპე. განა შენ სძლიე ისეთ ვინმეს, ვინც ბრძოლად ღირდა? მხოლოდ მხდალებს არ იმორჩილებდი, ვინც შვილდისრით და ტირიფის წნელისგან დაწნული ფარებით იფარავდა თავს? ელინელთა დამარცხება! (ა)აი, ეს იყო საქმე; ბეოტიელებისა და ფოკიელების, ათენელებისა და არკიდიელთა მძიმედ შეიარაღებული ქვეითი ჯარის, თესალიელთა ცხენოსანი ჯარისა და ელეელი შუბოსნების, მანტინიელი ფაროსნების ძლევა; თრაკიელების, ილირიელებისა და პეონების განადგურება – აი, დიდნი საქმენი! რაც შეეხება მიდიელთ, სპარსელთ და ქალდეველებს, ამ ოქროვანი სამოსით მოსილ და განაზებულ ადამიანებს, განა შენ არ იცი, ისინი შენამდე კლეარხოსმა დაამარცხა ათი ათასამდე მეომრით (ბ). მათ ხელიც არ გაუძრავთ, ისარიც კი არ უსროლიათ, ისე გაიქცნენ.

3.ალექსანდრე. მაგრამ, სკვითნი, მამაჩემო და ინდური სპილოები სახუმარო საქმე როდია. მე არც უთანხმოება მითესია მათ შორის, არც ქრთამებით მიყიდია გამარჯვებანი, ისე ვძლიე მათ. ფიციც არ გამიტეხია არასოდეს, სიტყვამიცემულს არც მიცრუია და არც უმართებულო რამ ჩამიდენია წარმატებისთვის. ელინები კი – მათ შორის ზოგნი მშვიდობიანად დავიპყარი, ხოლო თებელებს (ა), ალბათ მოისმენდი, რა დღეც ვაყარე!

4. ფილიპე. ეს ყველაფერი ვიცი, კლიტოსმა მითხრა, რომელიც შენ შუბით განგმირე სადილობის ჟამს იმის გამო, რომ ჩემი საქმენი შენსას შეადარა, გაბედა და ქება შემასხა. როგორც ამბობენ, შენ მაკედონური ქლამიდი გაგიხდია და ხიფთანში გამოწყობილხარ, თავზეც მაღალი ტიარა დაგიდგამს და მაკედონელებს, ამ თავისუფალ ადამიანებს, აიძულებ მიწაზე გართხმას. სასაცილო უფრო მეტად ის არის, რომ შენ მიერ დამარცხებულთა ადათ–წესებს ჰბაძავდი. სხვას რასაც სჩადიოდი, აღარ ვახსენებ: იმას, ლომებთან როგორ ამწყვდევდი განათლებულ ადამიანებს; ან რა ქორწილებს მართავდი, ჰეფესტიონი როგორ გიყვარდა! ერთ რამეში კი შეგაქებ, იმის მომსმენი, რომ დარიოსის ულამაზეს ცოლს არ გაეკარე, და დაიურვე დედამისი და ასულნიც მისნი (ა).

5. ალექსანდრე. ჩემს თავგანწირულობას, მამაჩემო, ნუთუ არ აქებ, ოქსიდრაქეში მე ხომ პირველი გადავევლე ქალაქის კედელს და თან რამდენგან დავიჭერი?

ფილიპე. არა, ალექსანდრე, ამას ვერ მოგიწონებ არა იმიტომ თითქოს ლამაზ ქმედებად არ მიმაჩნდეს, როდესაც მეფე ჯარზე უწინ იგდებს თავს ხიფათში და ჭრილობებსაც არ გაურბის, არამედ იმიტომ, რომ მაგგვარი საქმე თვით შენ წაგადგა ყველაზე ნაკლებ. შენ ხომ ღმერთად მიაჩნდი? ამიტომ როცა გხედავდნენ როგორ იჭრებოდი და ბრძოლის ველიდან საკაცით როგორ გაჰყავდი, სისხლმდინარი ჭრილობებისგან როგორ კვნესოდი, მნახველებს ამის, ეცინებოდათ, ამონს თაღლითს და ცრუს ეძახდნენ, იმის მისნებს კი – მლიქვნელებს. ან კი როგორ არ გაეცინათ იმის მაცქერალთ, რომ ზევსის ძეს გული უღონდებოდა და ექიმთაგან სასწრაფო შველას საჭიროებდა? ახლა, როცა უკვე მოვკვდი, ალბათ, ხვდები, ბევრი გაქილიკებს მათი თვალთმაქცობის გამო, იმის გამო, რომ ღვთის სხეულს ხედავენ დასვენებულს. გარდა ამისა, სარგებელმა, რომელსაც, როგორც შენ თქვი, ალექსანდრე, იოლი გამარჯვებები მოჰქონდა, დიდი ზიანი მიაყენა შენს წარმატებებს. საქმენი შენნი, ვითარც ღვთისაგან აღსრულებულნი, ძალიან პატარაა.

6. ალექსანდრე. არა, ასე არ ფიქრობენ ადამიანები ჩემზე. ისინი ჰერაკლესა და დიონისესთან მატოლებენ, მაგრამ აორნის ციხეს ვერც ერთი მათგანი ვერ აიღებდა, ის მხოლოდ მე ვიგდე ხელთ.

ფილიპე. ჩანს, კვლავ ამონის ძეს უწოდებ საკუთარ თავს, არა? კვლავ ჰერაკლეს და დიონისეს ედრები, არა? როგორ არა გცხვენია, ალექსანდრე? ნუთუ ვერ გადაეჩვევი მაგ ქედმაღლობას, ნუთუ ვერ შეიცნობ საკუთარ თავს და ვეღარც იმას მიხვდები ნუთუ, რომ მკვდარი ხარ უკვე?

15. აქილევსისა და ამფილოქოსისა

1.ამფილოქოსი. აქილევს, მაინც რას ელაპარაკებოდი ოდისევს სიკვდილის შესახებ? ახ, როგორი უმადურობა და უპატივცემულობა იყო შენი ორივე აღმზრდელის ქირონისა და ფენიქსის მიმართ? ცოტა ხნის წინ გავიგონე, რაც თქვი, რომ გერჩივნა, დღიურ მუშად გემუშავა მიწათმოქმედთან, რომელსაც არცთუ დიდი ქონება აქვს 1, ვიდრე ყველა მკვდარზე გემეფა. ასეთი უმადურობის გამომხატველი სიტყვები შეეფერება ვიღაც მხდალ ფრიგიელს, სიცოცხლეზე ზედმეტად გამობმულს, მაგრამ არა პელევსის ძეს, გმირთაგან უმამაცესს. ასეთი მდაბალი აზრები ძალიან სამარცხვინო და საწინააღმდეგოა იმისა, რასაც შენ სიცოცხლეში აღასრულებდი. ხომ შეგეძლო ფთიოტიდაში დიდხანს გემეფა სახელმოუხვეჭელს, თუმც, არჩიე სახელოვანი მომკვდარიყავი.

2. აქილევსი. ეჰ, ნესტორის ძევ! მაშინ ხომ არაფერი გამეგებოდა აქაური ყოფის შესახებ, რომელი იყო ამათგან უკეტესი და ეს უბადრუკი სახელ-დიდება სიცოცხლეზე მაღლა დავაყანე. ახლა კი მივხვდი, რომ აქ სარგებელი არანაირი მაქვს, მანდ რაც უნდა ძალიან მაქებ-მადიდებდნენ: მკვდართა შორის თანასწორობაა, ამფილოქოს, აღარც სილამაზეს აქვს ფასი და აღარც ძალ-ღონეს, ვწევართ ყველანი და და წყვდიადიც ერთნაირად გვფარავს ყველას. სულ მსგავსნი ვართ და ერთმანეთისგან განურჩეველნი: აღარც ტროელ მკვდრებს ეშინიათ ჩემი და აღარც აქაველნი მეთაყვანებიან. თანასწორი უფლებები გვაქვს, ყველა ერთმანეთს ჰგავს და გარჩევა არ არის გმირისა და ლაჩრისა – აი, ეს მტანჯავს. დასანანია, რომ თუნდაც მოჯამაგირედ არ ვცხოვრობ მიწაზე.

3. ამფილოქოსი. კი, მაგრამ აქილევსს, რას ვიზამთ? ასე დაუდგენია ბუნებას. ყველა უნდა მოკვდეს აუცილებლად და ჩვენც უნდა დავემორჩილოთ ამ კანონსა და წინასწარ განჩინებულს. ამას გარდა, ხედავ რამდენი ვართ შენ გარშემო? მალე ოდისევსიც შემოგვიერთდება! იქნებ იმან მაინც დაგამშვიდოს, რომ თანაბედისანი ვართ და ეს მხოლოდ შენ არ დაგმართნია. შეხედე ჰერაკლეს, მელეაგრესა და სხვა დიდ გმირთ, ამათგან, მგონი, არავინ, მოისურვებდა სამზეოში ასვლას, თუკი მას ღარიბ მიწათმოქმედთან დღიურ მუშად გაუშვებდნენ.

4. აქილევსი. შენ, როგორც მეგობარი, მამშვიდებ, მე კი, თვითონაც არ ვიცი, რანაირად მთრგუნავენ სიცოცხლეზე მოგონებანი. ასე მგონია, ყოველი თქვენგანი ამასვე განიცდის. თუ არ მეთანხმებით და მშვიდად უძლებთ აქაურ ყოფას, მაშინ გამოდის, რომ ჩემზე უარესები ყოფილხართ.

5. ამფილოქოსი. არა, აქილევს, უარესნი კი არა, უკეთესნი ვართ, ვინაიდან გვესმის რა, რომ უსარგებლოა სიტყვები, გადავწყვიტეთ დუმილი და მშვიდად გაძლება ბედისწერისა, რათა შენნაირი სურვილებით თავი არ დავაცინინოთ სხვებს.

16. დიოგენესა და ჰერაკლესი

1.დიოგენე. განა ეს ჰერაკლე არ არის? ვფიცავ ზევსს, ნამდვილად ის არის! მშვილდი, კომბალი, ვეფხისტყავი – მთლად ჰერაკლეა! მაშასადამე, მაინც მოკვდი ზევსის ძე? ყური დამიგდე, გამარჯვებებითმოსილო, მკვდარი ხარ? მე კი, როგორც ცოცხალს, ისე გწირავდი მსვერპლს?!

ჰერაკლე. სწორადაც იქცეოდი. ის ჰერაკლე, რომელსაც სწირავდი მსხვერპლს, ღმერთებთან და თავის კოჭიბროლა ჰებესთანაა ზეცაში, მე კი მხოლოდ აჩრდილი ვარ მისი.

დიოგენე. რას ბრძანებთ? ღმერთის აჩრდილი? ნუთუ შესაძლებელია, სანახევროდ რომელიმე ღმერთი იყო, სანახევროდ კი – მკვდარი?

ჰერაკლე. გეფიცები, ის კი არ მოკვდა, არამედ მე, მისი აჩრდილი!

2. დიოგენე. მივხვდი! მან შენ მიგცა პლუტონს, ვითარცა თავისი წარმომადგენელი და ახლა შენ ხარ მის ნაცვლად მკვდარი.

ჰერაკლე. დიახ, რაღაც ამდაგვარი!

დიოგენე. კი მაგრამ, როგორ მოხდა? შუმცდარმა ეაკოსმა, რით ვერ შეგიცნო, რომ ის არ ხარ, ნამდვილი და შენაცვლენული ჰერაკლე მიიღო?

ჰერაკლე. ზუსტად მისებრ გამოვიყურები.

დიოგენე. ჭეშმარიტებას ბრძანებ, ალიკვალი ის ხარ, თითქოს მართლაც ჰერაკლე იყო. მისმინე, პირიქით ხომ არ არის? იქნებ, შენ ხარ ნამდვილი ჰერაკლე, აჩრდილი კი, ჰებეზე დაქორწინებული, ცხოვრობს ღმერთებთან?

3. ჰერაკლე. თავხედი ხარ, და მოლაყბე, ჩემს დაცინვას თუ არ შეწყვეტ, გიჩვენებ როგორი აჩრდილიც ვარ?!

დიოგენე. ესეც ასე. ისრები ამოიღო კაპარჭიდან და მშვილდიც მოზიდა. აბა, მე რატომ უნდა მეშინედეს, ერთხელ ხომ მოვკვდი უკვე? თუმც, მოიცა, მაგ შენი ჰერაკლეს მზემა, მითხარი, როგორ იყო ეს მის სიცოცხლეში? მაშინაც აჩრდილად მყოფი ცხოვრობდი მასთან? ერთარსი იყავით სიცოცხლისას და როცა მოკვდი, განცალკევდით? ერთმა ნაწილმა ღმერთებს მიაშურა, მეორე კი, როგორც უნდა მომხდარიყო, ქვესკნელში ჩავიდა?

ჰერაკლე. სულაც არ იყო საჭირო, შენთვის მეპასუხა, ასე რომ დამცინი, მაგრამ მომისმინე: ამფიტრიონისა რაც იყო ჰერაკლეში, ის მოკვდა და ის მკვდარი მე ვარ სწორედ, ხოლო ზევსისა რაც იყო მასში, ის ზეცაშია, ღმერთებთან.

4. დიოგენე. ახლა კი გავერკვიე კარგად. ალკმენემ, როგორც ჩანს, ორი ჰერაკლე შობა ერთდროულად: ერთი ამფიტრიონისგან, მეორე – ზევსისგან. ასე რომ ტყუპები იყავით საერთო დედით და არავინ იცოდა!

ჰერაკლე. ვერაფერს მიხვდი, ჩვენ ორნი, ერთი და იგივენი ვართ.

დიოგენე. იოლად გასეგები როდია! ორ ჰერაკლეს ერთ ჰერაკლედ ქცევა, რაღაც კენტავრის მსგავსი გამოდის, ღმერთი და კაცი შეზრდილი ერთმანეთში?!

ჰერაკლე. ნუთუ არ იცი, რომ ყოველი ადამიანი ასევე შედგება ორი ნაწილისაგან – სხეულისა და სულისაგან. რატომ არ შეიძლება, რომ სული, ზევსისმიერი, ზეცაში იყოს, მოკვდავი ნაწილი კი – მკვდრებთან?

5. დიოგენე. ამფიტრიონის ძეო, პატივცემულო, ეს კარგი იქნებოდა, სხეული რომ იყო, მაგრამ უხორცო აჩრდილი ხარ, ასე რომ, შესაძლოა, უკვე სამი ჰერაკლეც გამოვიდეს.

ჰერაკლე. სამი? როგორ?

დიოგენე. აი, ნახე, როგორც: ნამდვილი ცხოვრობს ზეცაში, მისი აჩრდილი ჩვენთან, სხეული კი დამიწდა და მტვრად იქცა – უკვე სამი გამოვიდა, შენ კი მამა უნდა მოიფიქრო სხეულისათვის?!

ჰერაკლე . საშინელი სოფისტი ხარ! მაინც ვინ ხარ?

დიოგენე. სინოპელი დიოგენეს აჩრდილი ვარ, თვითონ ის კი, გეფიცები ზევსა და ღმერთებს, უკვდავ ღმერთებთან კი არ არის, არამედ მკვდართა შორის საუკეთესოებთან და დასცინის ჰომეროსსა და მთელ ამ მაღალფარდოვან ფუჭსიტყვაობას.

17. მენიპოსისა და ტანტალოსისა

1. მენიპოსი. რა გაყვირებს, ტანტალოს? ან საკუთარ თავს რად დასტირი ტბის სანაპიროზე მდგარი?

ტანტალოსი. იმიტომ მენიპოს, რომ ვკვდები წყურვილისაგან!

მენიპოსი. ისე ზარმაცი როგორ ხარ, რომ დახრა არ გინდა დასალევად, ან ვფიცავ ზევსს, თუნდაც პეშვში მოგროვება წყლისა?

ტანტალოსი. რა ხეირი, რომც დავიხარო? წყალი გამირბის და თუ მაინც დავიგუბებ პეშვში და პირთან მივიტან, ტუჩებსაც კი ვერ ვისველებ, თითებს შუა მიჟონავს წყალი და ხელებიც კი მრჩება მშრალი.

მენიპოსი. ეს რა საოცარი რამ გემართება, ტანტალოს? ერთი ეს მითხარი, რაში გჭირდება დალევა? სხეული არ გაქვს, ლიდიაშია დამარხული, წყურვილისა და შიმშილის შეგრძნება კი მხოლოდ მას ძალუძდა. შენ ხომ სული ხარ და რანაირად გრძნობ წყურვილსა და შიმშილს?

ტანტალოსი. აი, სასჯელიც სწორედ ეგაა, რომ სული ისე გრძნობს წყურვლს, როგორც სხეული იგრძნობდა.

2. მენიპოსი. ვთქვათ, დაგიჯერეთ, რასაც ამბობ, რომ წყურვილით ხარ დასჯილი, მაინც რა შეიძლება მოგივიდეს? რისი გეშინია? ნუთუ უწყლოობით სიკვდილის? ამას გარდა, მე სხვა ქვესკნელი არ ვიცი და არც ისეთი სიკვდილი, მკვდარს სხვა ადგილს რომ მიუჩენდეს.

ტანტალოსი. მართალს ამბობ! ეგაც ჩემი სასჯელის ნაწილია, მწყუროდეს არ მსაჭიროებელს წყურვილისა!

ტანტალოსი. რას მიედ-მოედები, ტანტალოს? შენ გეჩვენება, რომ გწყურია, სინამდვილეში კი, ვფიცავ ზევსს, შხამას გაუზავებელი ნაყენი გჭირდება., ვინაიდან იმის საწინააღმდეგო გემართება, რაც ცოფიან ძაღლთაგან დაკბენილებს: არა წყლის, წყურვილის გეშინია!

ტანტალოსი. არც შხამას ნაყენზე ვიტყვი უარს, მენიპოს, ოღონდაც მომცენ დასალევად.

მენიპოსი. დამშვიდდი, ტანტალოს, მკვდართაგან ვერც შენ და ვერც სხვა ვერ დალევს, ეს ხომ შეუძლებელია?! ამას გარდა, ყველას შენსავით როდი აქვს მისჯილი წყალში იდგეს და წყლს ვერ სვამდეს!

18. მენიპოსისა და ჰერმესისა

1. მენიპოსი. სად არიან ლამაზი ვაჟკაცნი, ან დედაკაცნი? ჰერმეს, მეგზურად მექმენ, ახალმოსული ვარ?!

ჰერმესი. არ მცალია, მენიპოს, აი, მიმოიხედე შენ მარჯვნივ, აქ არიან: იაკინთოსი, ნარცისი, ნირევსი, აქილევსი, ტირო, ელენე, ლედა – მთელი გარდასული სილამაზე?!

მენიპოსი. მხოლოდ ძვლებს ვხედავ, თავიქალებს, ხორცისგან გაძრცვილთ! ყველა ერთნაირია?!

ჰერმესი. კი, მაგრამ, სწორედ ეგენი არიან, ვისაც ყველა პოეტი ქებას უძღვნის, შენ კი, მგონი, რომელიღაც დიდად არ მოგწონს, არა?

მენიპოსი. ელენე მიჩვენე, მითითების გარეშე, ვერ ვიცნობ.

ჰერმესი. აი, ეს თავისქალაა ელენე!

2. მენიპოსი. როგორ, ამ თავისქალის გამო, გაავსეს ათასი ხომალდი მეომრებით მთელი ელადიდან? ამის გამო დაეცნენ ელინები და ბარბაროსები და ამდენი ქალაქიც მის გამო იქნა დანგრეული?

ჰერმესი. მენიპოს, რომ გენახა ეს ქალი როცა ცოცხალი იყო, შენც იტყოდი, არ იმსახურებსო, კიცხვას იმის გამო, რომ ორივენი: ტროელებიცა და აქაველნიც ტანჯვას დაითმენენ ამისთანა ქალისა გამო (ა). ყვავილებიც, გამხმარნი და ფერდაკარგულნი, განა უსახურად არ მოეჩვენება მას, ვინც მათ უყურებს? არადა, ყვავილობისას ნოჩნი და ლამაზნი იყვნენ.

მენიპოსი. მეც სწორედ ეს მაკვირვებს, რომ აქაველთ არ ესმოდათ, სწრაფწარმავლისა და ჭკნობადისთვის რომ იბრძოდნენ.

19. ეაკოსისა, პროტესილაოსისა, მენელაოსისა, პარისისა

1.ეაკოსი. თავს რად დაესხი ელენეს პროტესილაოს, რატომ ახრჩობდი?

პროტესილაოსი. მაგის გამოისობით ვარ მკვდარი, სახლი სანახევროდ აშენებული მივატოვე და ახალმოყვანილი ცოლიც ქვრივად დამრჩა.

ეაკოსი – მაგაში მენელაოსს ვადანაშაულებ, ხომ მან წაგიყვანათ მაგნაირი ქალის გულისთვის ტროაში?

პროტესილაოსი. კეთილად იტყვი, ეგ არის დამნაშავე!

მენელაოსი. არა, ჩემო კეთილო, მე არა! ჩემზე მეტად დამნაშავე პარისია, რომელიც ჩემთან სტუმრობისას სტუმარ-მასპინძლობის ყველა წესს გადავიდა, ქალი მოიტაცა და წაიყვანა. ეგ არა მხოლოდ შენგან, ყველა ბერძნისა და ბარბაროსისაგან გაგუდვის ღირსია, ვინაიდან ამდენი მებრძოლის სიკვდილის მიზეზი გახდა.

პროტესილაოსი. ამგვარად უკეთესი იქნება! შე სვდავსილო პარის, ხელიდან აღარ გაგიშვებ.

პარისი. უსამართლობას იქმ, პროტესილაოს,

მე ხომ შენი ხელობის კაცი ვარ, შეყვარებული ვიყავი და იმავე ღმერთს დამორჩილებული. შენ თვით უწყი, ეს საქმე უნებურია. რაღაც დემონი მიგვაქანებს სადღაც და უძლურნი ვართ, შევეწინააღმდეგოთ მას.

2.პროტესილაოსი. მართალი ხარ, ნეტავ, ეროსი დამაჭერინა სადმე!

ეაკოსი. მე კი ეროსს დავიცავ და იმის მაგივრად გიპასუხებ: პარისის სიყვარულში ის იქნებ კიდეც იყოს დამნაშავე, მაგრამ არა – შენს სიკვდილში. ამის მიზეზი შენვე ხარ, რადგან დაივიწყე ახალმოყვანილი ცოლი და როცა ტროის სანაპიროს მიადექით, თავზეხელაღებულმა ხომალდიდან ყველაზე წინ ისკუპე, სახელ-დიდებას ეძიებდი შენ! ამიტომაც მოკვდი პირველი გადმოსხდომისას.

პროტესილაოსი. შენ შემდეგ, ეაკოს, ჩემი რიგია. თავი უნდა ვიმართლო. მე კი არა, ამ ყველაფრის მიზეზი ბედისწერაა, რომელმაც დასაბამითგანვე ასე განმისაზღვრა.

ეაკოსი. სწორია! მაშ, რაღად ადანაშაულებ ამათ?

20. მენიპოსისა და ეაკოსისა

1. მენიპოსი. პლუტონის სახელით გთხოვ, ეაკ, შემომატერე ჰადესი. ყველა ღირსშესანიშნაობა მაჩვენე.

ეაკოსი. არ არის იოლი, მენიპოს, ყველაფრის ნახვა. პირველად უმთავრესს გიჩვენებ. კერბეროსს უკვე იცნობ, ამ გადამყვანსაც, მაგან ხომ შენ გადმოგიყვანა? ეს ტბაა, ეს კი – მდინარე პირიფლეგეტონი, უკვე ნანახი გაქვს ორივე.

მენიპოსი. ეს ყველაფერი ვიცი. შენც გიცნობ. მეკარიბჭე ხარ, მეფეც გინახავს და ერინებიც. ძველთაგან მაჩვენე ვინმე, მით უმეტეს, სახელოვანნი.

ეაკოსი. ეს აგამენონია, ეს – აქილევსი, ეს, კი, ახლოში, იდომენევსი, ესეც ოდისევსი, შემდეგ კი აიასი, დიომედესი და სხვა საუკეთესონი ელინთა შორის.

2.მენიპოსი. ეჰ, ჰომეროს! ჰომეროს! შენი სიმღერების გმირები მტვერში ყრიან უსახურნი და ძნელად საცნობნი. მთლად მტვერნი, მთლად არარაობა. ჭეშმარიტად ჩონჩხნი. ეს ვინღაა, ეაკოს?

ეაკოსი. კიროსია, ეს – კროისოსი, მის ზემოთ – სარდანაპლოსი, სარდანაპლოსის ზემოთ – მიდასი, იქ კი ქსერქსეა.

მენიპოსი. ესე იგი, ეს შენ ხარ, უწმინდურო, ძრწოდა ელადა შენ წინაშე, როცა ჰელესპონტზე ხიდი გასდე. მთებზე გადაცურვაც რომ მოინდომე? რასა ჰგავს კროისოსი? სარდანაპლოსს კი, ეაკოს, უფლება მომეცი, გავულაწუნო.

ეაკოსი. არავითარ შემთხვევაში. დაამსხვრევ. მას ხომ ქალივით თავის ქალა აქვს.

მენიპოსი. მაშ იმის უფლება მაინც მომეცი, შევაფურთხო მაგ ადროგენს (ბისექსუალს, ორსქესოვანს).

3.ეაკოსი. გინდა, ბრძენებს გაჩვენებ?

მენიპოსი. მინდა, ღმერთს გეფიცები!

ეაკოსი. პირველი ეს პითაგორაა.

მენიპოსი. გამარჯობა ევფორბოს, აპოლონ, ან ვინც გინდა რომ იყო.

პითაგორა. ღმერთმა წყალობა გიყოს, მენიპოს.

მენიპოსი. მენჯის ძვალი ოქროსი აღარ გაქვს?

პითაგორა. არა. ერთი ეგ გუდა მომეცი, უნდა ვნახო საჭმელი თუ გაქვს.

მენიპოსი ლობიო, კეთილო, ასე რომ, ეს შენთვის არ შეიძლება.

პითაგორა. მხოლოდ მე მომეცი, მკვდრებს სხვა წესი აქვთ. აქ დავრწმუნდი, რომ ლობიო და წინაპართა თავები ერთი და იგივე არ არის (b) 4. ეაკოსი – ეს სოლონია, ექსეკესტიდოსის ძე, ის – თალესი, იმათთან ერთად პითაკოსი და კიდევ სხვებიც, როგორც ხედავ სულ შვიდნი არიან (ა).

მენიპოსი. უნაღვლონი, ეაკოს და მომღიმარნი, მხოლოდ ეგენი არიან. სხვათაგან გამორჩეულნი. ეს ასე დანახშირებული კუტი პურივით და წყლულებდასხმული ვინღაა?

ეაკოსი. ემპედოკლე, მენიპოს, დამდუღრული ეთნას კრატერიდან მოვიდა ჩვენთან!

მენიპოსი. სპილენძის სანდლებიანო(ბ) ბერიკაცო. ასეთი რა გაწუხებდა ეთნას კრატერში რომ გადაეშვი?

ემპედოკლე. მელანქოლია, მენიპოს.

მენიპოსი. არა, ვფიცავ ზევსს! არავითარი მელანქოლია, არამედ თავმოთნეობა, სიამაყე, სიბრიყვე, არც თუ მცირეა. სანდლებიანად ნახშირად მაგან გაქცია. შენ ეს დაიმსახურე. ვერც ამპარტავნულმა ჩანაფიქრმა გიშველა. ვერაფერი მოიგე. ყველამ დაინახა, რომ მოკვდი. კი მაგრამ, ეაკოს, სოკრატე სადღაა?

ეაკოსი. ნესტორთან და პალამედესთან საუბრობს ჩვეულებისამებრ.

მენიპოსი. სადმე ახლოს თუა, ვნახავდი!

ეაკოსი. ხედავ იმას, უთმოს?

მენიპოსი. აქ სულ უთმონი არიან. მაგით ვერ გამოიცნობ.

ეაკოსი. ცხვირპაჭუაზე გეუბნები.

მენიპოსი. ვერც მაგ ნიშნით გამოარჩევ. ყველა ერთმანეთს ჰგავს, აქ ყველა ცხვირპაჭუაა.

5. სოკრატე. მე მეძებ, მენიპოს?

მენიპოსი. სწორედ შენ, სოკრატე.

სოკრატე. რა ხმებია ათენში?

მენიპოსი. ახალგაზრდათაგან ბევრი იდებს თავს ფილოცოფიას ვსწავლობთო. ღირს, ნახო კაცმა მაგათი გარეგნობა და მიმოხვრა. ფილოსოფოსები არიან და თანაც როგორი!

სოკრატე. ძალინ ბევრი მინახავს მაგათნაირი.

მენიპოსი. შენ ისიც ნახე, მგონი, როგორნი მოვიდნენ შენთან არისტიპოსი და პლატონი (ა), ერთი კეთილსურნელების მფრქვეველი, მეორე კი _ სიცილიაში ტირანთა პირფერობას ჩვეული.

სოკრატე. ჩემზე რაღას ფიქრობენ ათენელნი?

მენიპოსი. ბედნიერი კაცი ხარ, სოკრატე, ამ მხრივ გასაოცარ და ყოვლისმცოდნე კაცად გთვლიან. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ბევრი არც არაფერი იცოდი.

სოკრატე. მე თვითონაც ამას არ ვეუბნებოდი მაგათ? მაგრამ ვინ მიჯერებდა? ჩემს ირონიად მიიჩნევდნენ.

6. მენიპოსი. ესენი ვინღა არიან შენ ირგვლივ?

სოკრატე. ქარმიდესი, მენიპოს, ფედროსი და კლინიასის ძე

მენიპოსი. ყოჩაღ, სოკრატე, შენ აქაც შენს საქმეს მისდევ და არც სილამაზეს უგულვებელჰყოფ.

სოკრატე. ეს ყველაფერი უფრო მეტად სასიამოვნო საქმე არ არის? დაწექი ჩვენ გვერდით თუ გინდა.

მენიპოსი. არა, გეფიცები, კროისოსთან და სარდანაპლოსთან წავალ. მათ გვერდით დავსახლდები. მათ გოდებას მიყურადებული, ცოტას როდი ვიცინებ.

ეაკოსი. ჩემი წასვლის დროცაა. ვაითუ, მკვდართაგან ვინმე, ვერ შემნიშნავს რა, გაიქცეს. რაც დარჩა, იმას სხვა დროს ნახავ.

მენიპოსი. რაც ვნახე, საკმარისია, ეაკოს!

21. მენიპოსისა და კერბეროსისა

1.მენიპოსი. კერბეროს, ნათესავები ვართ. მეც ხომ ძაღლი ვარ! სტიქსს გაფიცებ, მითხარი ერთი, როგორ გამოიყურებოდა სოკრატე, როცა თქვენთან მოდიოდა? შენ ხომ ღმერთი ხარ და თუ მოისურვებ, მხოლოდ ძაღლივით ყეფას კი არა, ადამინივით საუბარსაც შეძლებ.

კერბეროსი. შორიდან, ჩემო მენიპოს, ისე ჩანდა, თითქოს აუღელვებლად მოდიოდა, არცთუ ძლეული სიკვდილისაგან. ასეთად უნდა მოსჩვენებოდა შესასვლელის მეორე მხარეს მდგომარეთ, მაგრამ როცა დაიხარა, ქვესკნელში ჩამოიხედა და წყვდიადი დაინახა, მე მას, შეყოვნებულს, ფეხზე ვუკბინე ცუკატის შესახსენებლად და შევათრიე. ასე რომ, ახალშობილივით ტიროდა და შვილებზე წუხდა. სხვა ამბებიც მოხდა ამდაგვარი.

2.მენიპოსი. განა ბრძენკაცი არ იყო და ჭეშმარიტად არ სძაგდა სიკვდილი?

კერბეროსი. არა, როგორც კი სიკვდილის გარდუვალობა დაინახა, თითქოს თავისი ნებით მიიღო ის. ცხადია, გამხნევდა, რათა მაყურებლებისათვის ეჩვენებინა, რომ ძალდაუტანებლად ითმენდა იმას, რაც აუცილებლად იყო მოსათმენი. ამდაგვარ ადამიანებს შეიძლება ითქვას, ასე ემართებათ, შესასვლელამდე მხნენი და მამაცნი არიან ხოლმე, შიგნით კი – სწორედ ამისი საპირისპირო.

მენიპოსი. როგორ გგონია, მე როგორ შემოვაბიჯე?

კერბეროსი. მხოლოდ შენ მოდიოდი, მენიპოს, ისე, როგორც ჩვენს ჯიშსა და ჯილაგს შეჰფერის, შენზე უწინ კი – დიოგენე.

მენიპოსი. არც ძალა დაუტანებიათ ჩვენთვის, არც უბიძგებიათ. ჩვენივე ნება-სურვილით მოვედით, სიცილ-სიცილით სხვათათვის სისაძაგლის მსურველნი.

22. ქარონისა და მენიპოსისა

1.ქარონი. გადამიხადე საზვერე, თაღლითო!

მენიპოსი. იღრიალე, თუკი ეგ შენთვის სასიამოვნოა, ქარონ.

ქარონი. გადამიხადე-მეთქი, გეუბნები, რაც მეკუთვნის შენს გადმოყვანაში!

მენიპოსი. იქნებ გინდა უქონელისაგან მიიღო რამე?

ქარონი. ნუთუ ისეთი ვინმეც არსებობს ობოლი რომ არ გააჩნდეს?

მენიპოსი. ასეთი ვინმე თუ არსებობს, არ ვიცი, მაგრამ მე რომ არა მაქვს, ეს კი ვიცი.

ქარონი. პლუტონს გეფიცები, გარეწარო, თუ არ გადამიხდი, მიგახრჩობ!

მენიპოსი. მეკი შენ კეტს დაგცხებ და თავისქალას გაგიხეთქ!

ქარონი. ესე იგი, სულ მუქთად გადმოგიცურავს ამხელაზე.

მენიპოსი. ჰერმესი გადაგიხდის ჩემ მაგივრად, რადგან შენთან გამომიტყუა.

2.ჰერმესი. ზევს ვფიცავარ! კარგად კი წავა ჩემი საქმე, მკვდართა ნაცვლადაც Yთუ მე გადავიხდი?!

ქარონი. ვერ დამიძვრები!

მენიპოსი. შენ ნავი ამოათრიე ნაპირზე და გადასახადისათვის მელოდე, მაგრამ როგორ მოახერხებ იმის მიღებას, რაც არა მაქვს?

ქარონი. განა არ იცოდი შენ, რომ საამისო ნიხრი უნდა წამოგეძღვანიებინა?

მენიპოსი. კი, ვიცოდი, მაგრამ არ მქონდა, განა ამის გამო, შეუძლებელი იყო, მოვმკვდარიყავი?

ქარონი. მერე გინდა თავი მოიწონო, რომ შენ, ერთმა, გადმოცურე ტბა გადასახადის გარეშე?

მენიპოსი. არა, გადასახადის გარეშე არა, ძვირფასო, ნავიდან წყალს ვხაპავდი და ნიჩბების მოსმაშიც გეხმარებოდი, ამასთანავე ამ მგზავრებს შორის მე, ერთადერთი, არ ვტიროდი!

ქარონი. მეზვერეს არაფერი ესაქმება მაგეებთან. ობოლი უნდა გადაიხადო, შეუძლებელია სხვაგვარად!

3.მენიპოსი. მაშ დამაბრუნე ისევ მიწაზე!

ქარონი. უჰ! კარგ რამეს კი ამბობ, რათა ეაკოსმა ამის გამო მითავაზოს არა?

მენიპოსი. მაშ, დამეხსენი!

ქარონი. ტომარაში რა გაქვს, ის მაინც მაჩვენე!

მენიპოსი. ხანჭკოლა, თუკი ისურვებ და ჰეკატეს საგზალი.

ქარონი. ჰერმეს, საიდან გამოჩხრიკე ეს ცინიკოსი? მთელი გზა ლაყბობდა, მგზავრებს დასცინოდა და აქილიკებდა. ეს ერთი იცინოდა იმ მოტირალთა შორის?!

ჰერმესი. ქარონ, იცი კი, როგორი კაცი გადმოიყვანე? უსაზღვროდ თავისუფალი, რომელიც არავის და არაფერს ეპუება.

ქარონი. ერთი შენი თავი დამაჭერინა!

მენიპოსი. შეეცადე, მაგრამ ორჯერ ვერ დამიჭერ!

23. პროტესილაოსისა, პლუტონისა და პერსეფონესი

1.პროტესილაოსი. მეუევ-ბატონო და ჩვენო ზევსო და შენც, დემეტრეს ასულო, ნუ უგულებელჰყოფთ შეყვარებულის სათხოვარს!

პლუტონი. ჩვენგან რას ითხოვ, ან ვინ ხარ?

პროტესილაოსი. პროტესილაოსი ვარ, ფილაკიდან, იფიკლეს ძე, აქაველთა თანამებრძოლი, პირველი მოვკვდი ილიონთან. გთხოვთ, დამითხოვოთ და სიცოცხლე კვლავ დამიბრუნოთ.

პლუტონი. ასეთი სურვილი, პროტესილაოს, ყველა მკვდარსა აქვს, მაგრამ ჯერ არავის ასრულებია.

პროტესილაოსი. ჩემი მხრიდან, აიდონევს, არა სიცოცხლის, არამედ ცოლის სიყვარულს აქვს ადგილი, რომელიც სულ ახალდაქორწინებული დავტოვე სანთიობოში. სალაშქროდ გამოვემგზავრე და მე, სვედავსილი, გემიდან გადმოხტომისას ჰეკტორის ხელით დავეცი, ამიტომაც მტანჯავს ესოდენ ამ ქალისადმი სიყვარული. მეუფევ, მინდა, სულ ცოტა ხნით მაინც დავხედო და შემდეგ უკან შემოვიქცევი.

2.პლუტონი . განა შენ ლეთეს წყალი არ გისვამს, პროტესილაოს?

პროტესილაოსი . დიახ, ბატონო, მაგრამ საქმე მჭირს უძნელესი.

პლუტონი. მოიცადე, ის თვითონ მოვა და შენც აღარ დაგჭირდება ზემოთ ასვლა.

პროტესილაოსი. განშორებას ვეღარ ვუძლებ, პლუტონ! შენც ხომ იყავი შეყვარებული და იცი, ეს გრძნობა როგორიცაა.

პლუტონი. რა ხეირს ნახავ ერთი დღით გაცოცხლებით, თუკი შემდეგ კვლავ განახლდება შენი ტანჯვა?

პროტესილაოსი. ვიმედოვმებ, ჩემთან წამოსვლაზე დავითანხმებ ცოლს, ასე რომ მცირე ხანში, ერთის ნაცვლად, ორი მკვდარი გეყოლება!

პლუტონი. ასეთი რამ აკრძალულია და არც ყოფილა ოდესმე ნებადართული.

3.პროტესილაოსი. შეგახსენებ, პლუტონ, რომ ორფეოსს ამავე მიზეზით მიეცით ევრიდიკე და ჩემი ნათესავი ალკესტიდაც ამავე მიზეზით უწილადეთ ჰერაკლეს.

პლუტონი. განა გსურს შენ, ასეთი სახით – შიშველი და უსუსური გამოეცხადო შენს ლამაზ ცოლს? როგორ მიგიღებს? ალბათ, ვეღარც კი გიცნობს, შეშინებული გაიქცევა და ამხელა გზის გავლა ამაოდ ჩაგივლის!

პერსეფონე. ამასაც ეშველება, ჩემო მეუფევ! უბრძანე ჰერმესს, როგორც კი პროტესილაოსი სამზეოში ავა, კვერთხი შეახოს და კვლავ მშვენიერ ჭაბუკად აქციოს, ისეთად, სანთიობოდან რომ გამოვიდა.

პლუტონი. თუკი პერსეფონეც ასე ფიქრობს, მაშ, აიყვანე, ჰერმეს, ზემოთ და ახალგაზრდა საქმროდ აქციე, შენ კი არ დაივიწყო, რომ რომ მხოლოდ ერთი დღით დაგითხოვე.

24. დიოგენესა და მავზოლოსისა

1.დიოგენე. კარიელო, მაინც რითი იწონებ თავს, ან ჩვენ შორის პირველობის პატივს რის საფუძველზე ითხოვ?

მავზოლოსი. რისი და მეფობის საფუძველზე, სინოპელო, მე ხომ მთელ კარიაზე ვიმეფე, ლიდიის რაღაც ნაწილსაც ვმართავდი და მთელი იონიის დამპყრობმა მილეტამდეც მივაღწიე, თან ლამაზიც ვიყავი, ახოვანიც და საბრძოლო საქმეში გაწვრთნილიც. უმთავრესი კი მაინც ის არის, რომ ვეებერთელა ძეგლი მაქვს, განსვენებულს, ჰალიკარნასში, სხვა არც ერთ მკვდარს რომ არ აქვს, ისეთი, შეუდარებელი: მშვენიერი ქვისაგან გამოკვეთილი ცხენები და ადამიანები, როგორსაც ტაძართა შორისაც ძნელად თუ იპოვი. განა სამართლიანად არ ვფიქრობ, როცა ამეებით თავი მომაქვს?

2.დიოგენე. შენ ამბობ მეფობით, სილამაზითა და საფლავის ძეგლის სიდიდითაო, არა?

მავზოლოსი. ამეებით, ზევს გეფიცები!

დიოგენე. თუკი ვინმეს მოსამართლედ ავირჩევთ ჩვენ შორის უკეთესი შესახედაობის მქონის გამოსავლენად, თქმაც კი მიჭირს, შენს თავის ქალას ჩემსაზე მაღლა რით დააყენებს? ორივე გაძრცვილი და შიშველია, კბილებიც ერთნაირად მოგვიჩანს ორივეს და ცარიელი თვალის ღრმულებიც, ცხვირიც კი ერთნაირად გვაქვს პაჭუა. რაც შეეხება შენი საფლავსი ძეგლსა და მშვენიერი მარმარილოს ქვებს, ჰალიკარნასელებისთვის საამაყო და თავმოსაწონი იქნება ისინი უცხოელთა წინაშე. შენ კი, ჩემო კეთილო, რა სარგებელს ხედავ ამაში, არ ვიცი, გარდა იმისა, რომ თქვა, უზარმაზარ ლოდებქვეშ მწოლარე ჩვენზე მეტს უძლებ.

3.მავზოლოსი. მაშ, გამოუსადეგარია ჩემთვის ყოველივე ეს? მაშ, მავზოლოსი დიოგენეს თანასწორია?

დიოგენე. არა, მავზოლოსი ტირის თავისი მიწიური ცხოვრების გამხსენებელი, ნეტარად რომ ესახებოდა, დიოგენე კი დასცინის მას. მავზოლუსი ამბობს, რომ მისი საძვალე ჰალიკარნასში მისივე ცოლისა და დის, არტემიზიას მიერ იქნა აღმართული, დიოგენემ კი ისიც არ იცის, აქვს თუ არა მის გვამს სამარე, ამაზე არ უზრუნია მას. საუკეთესო ადამიანებში კი საკუთარი თავის შესახებ დატოვა აზრი, რომ ის იყო კაცი, აღმატებული ცხოვრებით მცხოვრები, რაც, უმდაბლესო კარიელთაგან, უფრო მაგარ საძირკველზე იყო დამყარებული, ვიდრე ეგ შენი ძეგლი.

25. ნირევსისა, თერსიტესისა და მენიპოსისა

1.ნირევსი. ნახე, აი, მენიპე, დაე, მაგან განსაჯოს ჩვენ შორის რომელი უფრო უკეთესი შესახედია. განა მე უფრო ლამაზად არ მიგაჩნივარ?

მენიპოსი. მაინც ვინ ხართ? თავიდან მაინც ამის გაგება მმართებს.

ნირევსი. ნირევსი და თერსიტესი.

მენიპოსი. რომელი ხართ ნირევსი და რომელი თერსიტესი? ეს ჩემთვის ჯერ კიდევ არ არის ნათელი.

თერსიტესი. უკვე იმას მივაღწიე, რომ შენ დაგემსგავსე და ჩემგან აღარც კი განსხვავდები, როგორც ამას ის ბრმა ჰომეროსი ამტკიცებდა, როცა შენ, როგორც ულამაზესს გაქებდა. მართალია, თავგრძელიც ვარ და თხელთმიანიც, მაგრამ ჩვენს მსაჯულს შენზე უხეირო როდი მოვჩვენებივარ. მოდი ერთი, მენიპოს, რომელი გგონივართ უფრო ლამაზი?

ნირევსი. რა თქმა უნდა, მე! აგლაიასა და ქაროპოსის ძე, ულამაზესი ვაჟკაცი ილიონთან მისულთა შორის.

2.მენიპოსი. როგორც მე ვფიქრობ, მიწისქვეშეთში სულაც არ მოსულხარ ულამაზესი. თქვენი ჩონჩხები მსგავსია. შენი თავისქალა კი მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ გასატეხად ადვილია, ძალიან რბილი და მამაკაცისათვის შეუფერებელი

ნირევსი. ჰომეროსს მაინც ჰკითხე, როგორი ვიყავი, როცა აქაველებთან ვიბრძოდი.

მენიპოსი. რა ზღაპრებს მიყვები? მე ასეთს გიყურებ, როგორის ახლა ხარ, ხოლო რაც იყო, ეს იმდროინდელების საქმეა.

ნირევსი. როგორ? აქ მე თერსიტეზე ლამაზი სულაც არა ვარ?

მენიპოსი. არც შენ და არც სხვა. საიქიოში ყველა თანასწორი და მსგავსია

თერსიტესი. ჩემთვის ესეც საკმარისია.

26. მენიპოსისა და ქარონისა

მენიპოსი. Gგამიგონია, ქარონ, რომ ღვთის რანგში მყოფს, სიკვდილი გსურდა.

ქარონი. მართალი გსმენია, მენიპოს და როგორც ხედავ, მეც მოვკვდი, თუმცა შემეძლო უკვდავი ვყოფილიყავი.

მენიპოსი. მაინც როგორ შემოგეგზნო სიკვდილის სიყვარული, ერთი უცებ? მრავალთათვის ესოდენ უსიამოვნო!

ქარონი. აგიხსნი, შენ ხომ ბრიყვი არა ხარ?! უკვდავებაში ვეღარ ვპოვებდი სიამოვნებას.

მენიპოსი. არანარი სიამოვნება არ არის იმაში ცოცხალი რომ ხარ და ნათელს უმზერ?

ქარონი. არავითარი, მენიპოს! სიამოვნების მონიჭება იმას ძალუძს, რაც არაერთგვაროვანია და მუდმივად იცვლება კიდეც. მე კი წუთისოფელში სულ ერთი და იმავეთი ვკმაყოფილდებოდი: მზე, სინათლე, სარჩო. წელიწადის დრონიც იგივე იყო. ყველაფერი ერთი მეორეს წინააღმდეგობის გარეშე მისდევდა, თანმიმდევრულად! ამ ყველაფრისგან დავიღალე! ბედნიერება არა მუდმივ ერთფეროვნებაში, არამედ ერთფეროვნების სრულ უარყოფაში ყოფილა.

2.მენიპოსი. სწორს ამბობ, ქარონ, მაგრამ ქვესკნელი როგორ მოგწონს, სადაც შენივე ნებით მოხვედი?

ქარონი. ცუდი არაა, მენიპოს! აქ, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში საყოველთაო თანასწორობაა! ნათელიც არაფრით აღემატება წყვდიადს. გარდა ამისა, არც წყურვილი აწუხებს აქ ვინმეს, არც შიმშილი, როგორც ზემოთ. აქ ყველაფრისგან თავდახსნილნი ვართ.

მენიპოსი. ყურადღებით იყავი, ქარონ, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში არ აღმოჩნდე და ეგ შენი მსჯელობა თავდაყირა არ დადგეს!

ქარონი. ამას რას მეუბნები!

მენიპოსი. იმას, რომ, თუკი სიცოცხლეში მუდამ ერთი და იგივე გბეზრდებოდა, აქაც ხომ ერთფეროვნებაა? ესეც ხომ შეიძლება მოგყირჭდეს? მაშინ, ალბათ, აქედან სხვა ცხოვრებაში გადასვლა მოგინდება. ეს კი, როგორც მე ვიცი, შეუძლებელია.

ქარონი. მაშ, რა ვქნა, მენიპოს?

მენიპოსი. მგონი, ასე ამბობენ, გონიერი იმითი კმაყოფილდება, რაც აქვს და გაუსაძლისადაც აღარაფერი ეჩვენებაო.

27. დიოგენესი, ანტისთენესი და კრატესისა

1.დიოგენე. ანტისთენე, კრატეს, მაინც მოცალედ ვართ, ასე რომ, პირდაპირ შემოსასვლელისკენ ხომ არ გაგვესეირნა? მომსვლელები ხომ არ შეგვეთვალიერებინა? გაგვეგო, იმათგან თითოეულს როგორ უჭირავს თავი?

ანტისთენე. კარგი, დიოგენე, წავიდეთ, კარგი რამ კი იქნება საყურებლად! ერთნი იმათგან ტირიან, მეორენი გაშვებას ითხოვენ, ზოგიერთს კი ბოლოს და ბოლოს, სულაც არ უნდა წამოსვლა, თუმცა ჰერმესი წინააღმდეგობის გამწევთ ქეჩოში სწვდება ხოლმე და უბიძგებს, ისინი კი მაინც უძალიანდებიან, მაგრამ სულ ამაოდ!

კრატესი. მე კი თქვენ იმას გიამბობთ, რაც აქ მომავალმა გზად ვნახე.

დიოგენე. გვიამბე, კრატეს, შენ უთუოდ ძალიან სასაცილოს ნახავდი რამეს!

2.კრატესი. მათ შორის, ვინც ჩემთან ერთად მოდიოდნენ, გამორჩეულნი იყვნენ: მდიდარი ასმენოდოროსი, ჩემი თანამემამულე, მიდიის მმართველი არსაკესი და ოროტოსი სომხეთიდან. ელევსინისაკენ ქვეითად მიმავალი ასმენოდოროსი, კითერონის შემოგარენში ავაზაკთა მიერ იქნა მოკლული, ის კვნესოდა, ორივე ხელით ჭრილობებს იფარავდა და შვილებს, რომელნიც მცირეწლოვანნი რჩებოდა, სახელებით ეძახდა, ხმამაღლა მოსთქვამდა, საკუთარ თავს თავზეხელაღებულობისათვის კიცხავდა, იმის გამო, რომ მომავალმა კითერონისა და ელევთერიის გზით, რომელიც ამ დროს ომებისაგან გავერანებული იყო, მხოლოდ ორი მსახური იახლა, მით უმეტეს, რომ თან ხუთი ოქროს ფიალა და ოთხი თასი მოჰქონდა; 3.უკვე ხანდაზმული, მაგრამ ზევს ვფიცავარ, შესახედად არცთუ ურიგო არსაკესი ბარბაროსულ წეს-ჩვეულებათა მიხედვით მოსთქვამდა, უკმაყოფილო იყო ფეხით რომ უწევდა სიარული და თავისთვის ცხენის მოყვანას ითხოვდა. ცხენი კი მასთან ერთად მოკვდარიყო თურმე. ორივენი ვიღაც თრაკიელის ფარისმტვირთველმა კაბადოკიელების წინააღმდეგ ხელჩართული ბრძოლისას მდინარე არაქსთან ერთი დარტყმით მოკლა.. არსაკესი, როგორც თვითონ ჰყვებოდა, წინ გაჭრილა, თავისიანთაგან ბევრი ჩამოუტოვებია, უცაბედად კი მას ვიღაც თრაკიელი ფარით გადაჰღობვია, მას არსაკესისათვის შუბი გაუგდებინებია, შემდეგ კი იგი ცხენიანად განუგმირავს თავისი მაკედონური შუბით.

4.ანტისთენე. მაინც როგორ უნდა მოხერხებინა თრაკიელს ერთი დაკვრით, კრატეს, ეს?

კრატესი. სრულიად იოლად, ანტისტენე! არსაკესი წინ მიაჭენებდა ცხენს, ოცბრჭყალიანი შუბიც დიდზე გასტყორცნა, თრაკიელმა კი ფარით აისხლიტა შუბისწვერი და როცა საფრთხემ ჩაიარა, მუხლებზე დაეშვა და მტრის შემოტევისათვის გამაგრება მთლიანად მაკედონურ შუბს მიანდო. მან დაბლიდან გაუპო გული ცხენს, რომელიც სისწრაფის გამო თვითონვე წამოეგო შუბს. იარაღმა ცხენის სხეულში გაიარა, მხედარს საზარდულში შეესო და ზურგიდან გამოვიდა. აი ასე მოხდა ეს ამბავი. ამაში იმდენად მხედარი არ იყო დამნაშავე, რამდენადაც ცხენი. არსაკესი წუხდა მაინც, რადგან ის სხვათა თანასწორად აღიარეს. მას საიქიოში შესვლა ცხენზე ამხედრებულს უნდოდა. 5. რაც შეეხება ოროტოსს, მას ორივე ფეხი ალიან სუსტი და ნაზი აღმოაჩნდა, რაც ყველა მიდიელს ახასიათებს. ჩამოქვეითდებიან ხოლმე თუ არა, თითქოს ეკლებს აბიჯებენო, ძლივსძლიობით დადიან თითისწვერებზე. ასე რომ, როცა ის ძირს დაეცა და ვერავინ ვერანაირად ვეღარ აიძულა ფეხზე წამოდგომა, მაშინ ჩვენმა კეთილმა ჰერმესმა წამოიკიდა და და ნავამდე მოიყვანა, მე კი ვიცინოდი.

6. ანტისტენე. აქ როცა მოვდიოდი, სხვებს არც კი შევრევივარ. მკვნესარენი მივატოვე, პირველმა მივირბინე ნავთან, რათა ყველაზე უკეთესი ადგილ დამეკავებინა. მგზავრნი ტიროდნენ, მე კი მათი ყურება ძალიან მართობდა.

7. დიოგენე. კრატეს, ანტისთენე, აი, თურმე როგორ თანამგზავრთ გადაჰყრიხართ თქვენ. ჩემთან ერთად კი მოდიიოდნენ: მევახშე ბლეპსიასი პიზადან, აკარნანელი ლამპისი, დაქირავებული ჯარის სარდალი და მდიდარი დამის კორინთელი, საკუთარმა შვილმა რომ მოწამლა, ლამპისმა კი სიცოცხლე ჰეტერა მირტიას გამო მოისწრაფა, ხოლო უბედური ბლეპსიასი, როგორც თვით ამ საცოდავმა განაცხადა, შიმშილით მოკვდარა, რაზეც აშკარად მეტყველებდა მისი უჩვეულო სიფერმკრთალე და განსაკუთრებული სიგამხდრე.. მე, მართალია, ყოველივე ეს ვიცოდი, მაგრამ მაინც გამოვკითხე, როგორ მოკვდნენ. დამისი შვილს ადანაშაულებდა, მე კი მივუგე: კარგადაც მოგივიდა, ათას ტალანტამდე გქონდა, ოთხმოცდაათ წლამდე ფუფნეულობაში იცხოვრე, თვრამეტი წლის ჭაბუკს კი დღეში მხოლოდ ოთხ ობოლს აძლევდი. შენ კი, აკარნანელო, – ისიც გოდებდა და მირტიას ლანძღავდა – რატომ სდებ ბრალს ეროსს, როცა თავადვე უნდა იდანაშაულებდე თავს? მტრების არსოდეს შეგშინებია, ყველაზე წინ შენ იგდებდი ხოლმე თავს ხიფათში, არადა, პირველივე შემხვედრი გოგოს თვალთმაქცური ცრემლებისა და ოხვრათა ბადეში კი გაები, წარმოშობით კეთილშობილი. ბლეპსიასი კი საკუთარ თავს ადანაშაულებდა და დიდი სიბრიყვის გამო ლანძღავდა, იმის გამო, რომ ფული მემკვიდრებიისთვის აღმოჩნდა შენახული, ისინი კი ახლობლადაც არ ერგებოდნენ მას. ჩანს, იმ თავქარიანს ეგონა, რომ სულ ცოცხალი იქნებოდა. ეს მოტირალნი მაშინ მე პატარა სიამოვნებას როდი მანიჭებდნენ. 8. მაგრამ აი, შემოსასვლელთანაც მოვსულვართ. მოშორებით გავჩერდეთ და შემომსვლელებს დავაკვირდეთ. უჰ! რამდენნი არიან? რა ჭრელი საზოგადოებაა? თანაც ყველანი ტირიან ახალშობილებისა და მოსულელო ბავშვების გარდა. ეს მოხუცნიც როგორ მოსთქვამენ? რა არის ეს! ნუთუ ასე აბამთ მათ ცხოვრების სიტკბოებანი? 9. მოდი ერთი, მე იმ მიხრწნილ ბერიკაცს გამოველაპარაკები. – შენ რაღა გატირებს, განა ასე ხანდაზმული არ აღესრულე? რამ დაგაღონა, ჩემო კეთილო? შენ ხომ ღრმა მოხუცებულობას ხარ მიწევნილი? ნუთუ მეფე იყავი?

ღატაკი. არა.

დიოგენე. მაშ, სატრაპი?

ღატაკი. არა, არც სატრაპი!

დიოგენე. აბა, ძაან მდიდარი ვინმე იქნებოდი და გიჭირს მკვდარს ამოდენა ქონებასთან განშორება, განა?

ღატაკი. არაფერი მაგის მსგავსი. ოთხმოცდაათ წალამდე უკიდურეს გაჭირვებაში გავატარე, სარჩოს ლერწმითა და ნემსკავით მოვიპოვებდი, უშვილძირო ვიყავ, ხეიბარი და თითქმის მთლად თვალებდავსილიც.

დიოგენე. და ყოველივე ამის შემდეგ კიდევ გსურს სიცოცხლე?

ღატაკი. ჰო, კარგია, მზისქვეშეთში ცხოვრება, სიკვდილი კი საზარელია და უნდა გაექცე როგორმე.

დიოგენე. გონთგადასულხარ, მოხუცო! რას ბავშვობ? შენ ხომ ლამის ამ გადამყვანის კბილა ხარ? მაშ, ახალგაზრდებზე რაღა ითქმის, როცა ხანდაზმულნი ასე ეტრფიან სიცოცხლეს? ისინი თვითონ უნდა ეძიებდნენ სიკვდილს, როგორც სიბერის ყველა სიავეთა წამალს. მაგრამ წავიდეთ აქედან. ვაითუ შესასვლელთან მოხეტიალეთ გაქცევაში დაგვდონ ბრალი?!

28. მენიპოსისა და ტირესიასისა.

1. მენიპოსი. მართალია, ბრმა ხარ, მაგრამ ამის შემჩნევა არც ისე იოლია, ჩვენთან ყველა თანაბრად უთვალებოა, იმათგან ცარიელი ფოსოებიღაა დარჩენილი. სათქმელადაც ძნელია, რომელია ფინევსი და რომელი ლინკევსი. წინასწარმეტყველი იყავი თურმე, ქალიც და კაციც, ორივე ერთად დაბადებული, – მეც ასე ვიცი და პოეტთაგანაც ასე მსმენია! ღვთის გულისათვის, მითხარი ერთი, უკეთესი ცხოვრება როდისა გქონდა, როცა კაცი იყავ, თუ ქალობა სჯობდა?

ტირესიასი. ქალობა სჯობდა ბევრად, მენიპოს! მოცალედ ვიყავ, თანაც ქალები მბრძანებლობენ მამაკაცებზე. არც ომში წასვლა უწევთ, არც ქალაქის კედლების დაცვა და არც კამათი საჯარო თავყრილობებსა თუ სასამართლოში.

2.მენიპოსი. განა არ გსმენია, ტირესია, რას ამბობს ევრიპიდეს მედეა, როცა ქალის ხვედრზე საუბრობს? ქალები უბედურნი არიან, სამშობიარო ტკივილებს უნდა გაუძლონო. ერთი ეს მითხარ – მედეას ამბებმა გამახსენეს – მშობიარობდი როს იყავ ქალი, თუ უნაყოფოდ გაატარე შენი ცხოვრების ეს პერიოდი?

ტირესიასი. ამას რატომ მეკითხები, მენიპოს?

მენიპოსი. არაფერი ცუდი, თუ გეადვილება, მიპასუხე!

ტირესია სი. უნაყოფო არ ვყოფილვარ, მაგრამ შვილიც არ გამჩენია ოდესმე.

მენიპოსი. საკმარისია სრულიად, მაგრამ მწადდა ისიც გამეგო, ნამდვილი ქალობა მაინც თუ გაგაჩნდა?

ტირესიასი. ცხადია, გამაჩნდა!

მენიპოსი. დროთა ვითარებაში დაკარგე ქალური ნიშნები? გაგიქრა მკერდი, განგივითარდა მამაკაცური თვისებები, წვერიც წასმოგეზარდა, თუ უცბად გარდაისახე ქალიდან კაცად?

ტირესიასი. ვერ გავიგე, მაგ კითხვით რისი შეტყობა გსურს? ფიქრობ, არ ირწმუნო, მართლა ამგვარად მოხდა თუ არა?

მენიპოსი. მაშ, დაეჭვება არ შეიძლება ასეთ ამბებში? მყისვე უნდა დავიჯერო როგორც ბრიყვმა და არ გამოვიკვლიო, შეიძლება თუ არა, ასე ყოფილიყო?

3.ტირესიასი. აბა, შენ სხვასაც არაფერს ირწმუნებ ამდაგვარს, მაგალითად, როცა მოისმენ, რომ ქალთაგან ზოგი ფრინველად გადაქცეულა, ზოგი – ხედ, ზოგიც – ცხოველად: აედონის, დაფნასა და ლიკაიონის ასულის მსგავსად!

მენიპოსი. სადმე თუ გადავეყრები, ვნახავ ერთი რას მეტყვიან. შენ კი, ჩემო კეთილო, როცა ქალი იყავი, ჯერ კიდევ მაშინ წინასწარმეტყველებდი, თუ მხოლოდ მამაკაცად გადაქცევის შემდეგ მოგემადლა ეს ნიჭი?

ტირესიასი. ვხედავ არაფერი გცოდნია ჩემ შესახებ. ოდესღაც მე ღმერთთა დავა გადავწყვიტე, რის გამოც ჰერამ დამაბრმავა, ზევსმა კი ამტანჯვის სანაცვლოდ, წინასწარმეტყველად მაქცია.

მენიპოსი. შენ რა, ტირესია, ისევ ცრუპენტელობ? მაგრამ შენ ხომ სხვა წინასწარმეტყველთა მსგავსად იქმ ამას? ჩვევად გაქვთ, არაფერი თქვათ მართალი!

29. აიასისა და აგამემნონისა

1.აგამემნონი. თუ კი შენ, აიას, უგონოდმყოფმა მოიკალი თავი და ყველა ჩვენგანის მოკვლაც გინდოდა, ოდისევს რადღა ადანაშაულებ? ცოტა ხნის წინ, როცა აქ მომავლის შესატყობად ჩამოვიდა, არათუ არ შეგიხედავს, არც კი მისალმებიხარ თანამებრძოლსა და მეგობარს, დიდი ქედმაღლობით შეპყრობილმა ჩაუარე გვერდით!

აიასი. სამართლიანადაც, აგამემნონ! ვინაიდან ის იყო ჩემი უგუნურების მიზეზი. მხოლოდ ის ერთი მეჯიბრებოდა იარაღისა გამო.

აგამემნონი. სამართლიანად მიგაჩნდა, საერთოდ არ გყოლოდა მეტოქე და გამარჯვება ყველასაგან უბრძოლველად მიგეღო?

აიასი. დიახ, ასე იყო ეს და აი რატომ: ის ჩემს ბიძაშვილს(ა) ეკუთვნოდა და სწორედ მე უნდა მრგებოდა, რადგან თქვენ შორის უკეთესებმა, ღირსებმა გამარჯვებისა, უარი განაცხადეს ორთაბრძოლაზე და მე დამითმეს. ლაერტის ძეს (ა) კი, რომლის ბეწვზე დაკიდებული სიცოცხლე ხშირად მიხსნია ფრიგიელთა საფრთხისაგან, მიაჩნდა, რომ აღმემატებოდა და ღირსიც იყო ამ იარაღის.

2.აგამემნონი. ამაში თეტიდა უნდა დაადანაშაულო, მეგობარო, ვინაიდან იმის ნაცვლად, რომ იარაღი შენთვის, როგორც ნათესავისთვის გადმოეცა, ყველასათვის ხელმისწვდომად აქცია.

აიასი. არა, მხოლოდ ოდისევსის ბრალია, მხოლოდ მან არ მოისურვა, დაეთმო ჩემთვის.

აგამემნონი. მაინც მისატევებელია, რადგან როცა ცოცხალი იყო, დიდ სახელს იხვეჭდა, მშვენიერ ნივთებსაც, რომელთა გამო ყოველი ჩვენგანი თავს ხიფათში იგდებდა. აპატიე, რომ გაჯობა, ეს ხომ ტროელების განჩინებით მოხდა!

აიასი. ვიცი, ეს სქმე ჩემს საწინააღმდეგოდ ვინც გადაწყვიტა, მაგრამ არ შეიძლება ღმერთების წინააღმდეგ რაიმეს თქმა. ოდისევსის სიძულვილს კი ვერ შეველევი, აგამემნონ, თუნდაც ეს თვით ათენამ მიბრძანოს!

30. მინოსისა და სოსტრატოსისა

1.მინოსი. ეს ავაზაკი სოსტრატოსი პირიფლეგეტონში იქნას ჩაგდებული, ღვთისმგმობელობის გამო დაგლიჯოს ქიმერამ, ხოლო ტირანი, ჰერმეს, ტიტიასის გვერდით მიაჯაჭვე, დაე, ყორნებმა უკორტნონ ღვიძლი, თქვენ კი, მართალნი, სიცოცხლის ჟამს სიმართლით მცხოვრებნი, სასწრაფოდ ელევსინის მინდვრებისა და ნეტართა კუნძულებისკენ გაემგზავრეთ, იქ დასახლდით.

სოსტრატოსი. მინოს, იქნებ სამართლიანად მიიჩნიო, რასაც მე ვიტყვი?

მინოსი. კვლავ შენ გისმონო? განა საკმაოდ არ დადასტურდა, რომ დამნაშავე და ამოდენა ხალხის მკვლელი ხარ?

სოსტარტოსი. ჰო, მხილებული ვარ, მაგრამ იქნებ ჩაუკვირდე, სამართლიანად ვისჯები?

მინოსი. ძალიანაც სამართლიანად, თუკი დანაშაულისათვის სასჯელი საერთოდ სამართლიანია.

სოსტარტოსი. მომისმინე, მინოს, მოკლედ გკითხავ რაღაცას.

მინოსი. თქვი, მაგრამ გრძლად არა, სხვანიც უნდა განვსაჯო!

2.სოსტრატოსი. რაც ჩამიდენია სიცოცხლეში, ჩემი ნებით ჩავიდინე, თუ წერამწერალთაგან მქონდა დადგენილი?

მინოსი. წერამწერალთაგან, ცხადია!

სოსტრატოსი. მაშასადამე, ყველანი – მართალნიც და დამნაშავენიც – იმის ნებას ვასრულებდით, არა?

მინოსი. დიახ, კლოთოსას, რომელმაც ყველას დაბადებისთანავე გამოუყო თავისი საკეთებელი!

სოსტრატოსი. ერთი მითხარი, თუკი ვინმე, იძულებულქმნილი სხვისაგან, კაცს მოკლავს ისე, რომ ვერ გაუძალიანდება შემგულიანებელს, როგორც ეს ჯალათისა და მცველის შემთხვევაში ხდება – ერთი ხომ მოსამართლეს ემორჩილება, მეორე კი -@ტირანს, ვის მოსთხოვ პასუხს მკვლელობისათვის?

მინოსი. რა თქმა უნდა, მოსამართლესა და ტირანს და არა მახვილს! ის ხომ მხოლოდ იარაღი იყო იმისი მრისხანებისა, ვინც მკვლელობის პირველმიზეზს წარმოადგენდა?

სოსტრატოსი. მადლობა, შენ, მინოს, მაგალითების უხვად მოწოდებისთვის! თუკი ვინმე, თავისი ბატონისაგან გამოგზავნილი, ოქროს, ან ვერცხლს მოიტანს, მადლობა ვის ეკუთვნის, ან კეთილიმოქმედი ვის ვუწოდოთ?

მინოსი. იმას, ვინც გამოგზავნა, მომტანი ხომ მხოლოდ მსახური იყო?

3.სოსტრატოსი. იქნებ დაინახე, რა უსამართლოდ იქცევი ახლა, როცა ჩვენ, კლოთოს ბრძანებათა მორჩილებს, გვსჯი, იმათ კი, ვინც სიკეთეს სხვათა მითითებით აღასრულებს, აჯილდოებ? ნუთუ ვინმე შეძლებს იმის თქმას, რომ ძალა შესწევს წინ აღუდგეს იმას, რაც სრული გარდუვალობით დადგენილა წინასწარ?!

მინოსი. თუკი ზუსტად გამოიკვლევ, სოსტრატოს, დაინახავ, ბევრი რამ ხდება უგუნურად! შენ კი მაგ შენი შეკითხვებით იმას გამომრჩი, რომ ახლა მხოლოდ ავაზაკად კი არა, სოფისტადაც გთვლი! განათავისუფლე, ჰერმეს, ეგ ნუღარ დაისჯება! შენ კი მკვდრებს არ ასწავლო მსგავსი კითხვების დასმა?!

შენიშვნები:

I.1. ა) ხანჭკოლა – ეს მცენარე პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის და გამოსაფხიზლებელ საშუალებად ითვლებოდა. ავტორის ირონიაა საიქიო ცხოვრების შესახებ წარმოდგენაზე/.

ბ) ყოველი თვის ბოლოს ჰეკატესათვის სახლების წინ და გზაჯვარედინებზე იდგმებოდა საჭმელი, რომელსაც ღარიბნი იღებდნენ.

2. ა) „რქები“, „ნიანგები“ – სილოგისტური ფიგურები: ლოგიკური დასკვნები, რომელნიც დედუქციის გზით ზოგადიდან კერძოს გამოყვანის შესაძლებლობას იძლევიან. სილოგისტიკის ფუძემდებლად ითვლება არისტოტელე. ზემოხსენებული სოფიზმები უაღრესად პოპულარული იყო მაშინდელ საზოგადოებაში. რქები – რაც არ დაგიკარგავს, ის გაქვს. რქები არ დაგიკარგავს, მაშასადამე, შენ ისინი გაქვს. ნიანგები: ნიანგმა დაიჭირა ბავშვი და ჰკითხა დედას, თუ გამოიცნობ ბავშვს გავათავისუფლებ თუა არა,, მაშინ გავათავისუფლებ. რა უნდა უპასუხოს დედამ?

3. ა)ტალანტი – წინააზიიდან შემოსული უმსხვილესი ფულადი ერთეული ატიკაში 1 ტ. ტოლია 26,2 კგ ოქროსი, ან ვერცხლისა.

ბ) ობოლი – ფულის უმცირესი ერთეული, იწონიდა 0,73 გრამს. მიცვალებულს ატანდნენ საფლავში ქარონისთვის გადასახდელად.

4. ა) ლაკონიელო-პოლიდევკესი. დიოსკურები სპარტაში სახელმწიფოსა დ ტანვარჯიშის მფარველად ითვლებოდნენ.

II. 2. ა) „შეიცან თავის შენი“- წარწერა დელფოს ორაკულის შესასვლელზე, რომელიც შემდეგ სოკრატემ თავისი მოძღვრების უმთავრეს მოწოდებად აქცია.

III. 2. ა) სასაცილო ტილოს სამოსი – იმდროინდელი წესის მიხედვით, ასე მწირულად გამოწყობილნი მიდიოდნენ რაიმეს სათხოვნელად და შესატყობად მომლოცველნი, რაც მერე ქრისტიანობამაც გადაიღო: მაგალითად, ადარნასე კურაპალატის ძენი დედის საფლავზე განსაკურნებლად საგლახაკო სამოსით შემოსილნი მიდიან („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“).

IX. 2.ა) ფაონი – მიტილენელმა გემთმფლობელმა ერთხელ ქალღმერთი აფროდიტე კუნძულ ქიოსიდან მატერიკზე გადაიყვანა და გასმრჯელო არ გამოართვა. აფტოდიტემ მას ჯილდოდ კეთილსურნელებით სავსე ჭურჭელი მისცა, რომელსაც ის ყველა ქალისთვის სასურველად უნდა ექცია, მათ შორის პოეტი ქალი საფოსთვისაც.

X. 10. პარისოსები – სიტყვათა ერთგვარი განლაგება დაბოლოებებში.

XI 1. ა)„ილიადა“ (23.0724).

ბ) პითიელი – ღმერთ აპოლონის ეპითეტი.

XII 1. ა) ლიბიელი – (ლიბიად იწოდებოდა აფრიკა). ჰანიბალი jAnnivba~- (ბაალის ძღვენი) კართაგენელი მთავარსარდალი (ძვ.წ. 247-183), რომის რესპუბლიკის დაუძინებელი მტერი, რომელმაც მეორე პუნიკური ომისას სასტიკად დაამარცხა რომაელები. შემდეგ რომაელებმა სძლიეს მას და ის იძულებული გახდა სელევკიისთვის შეეფარებინა თავი. ამ ფაქტს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოჰყვა მძიმე შედეგი. მაშინ იბერიამ მხარი დაუჭირა სელევკიდურ სირიას, ხოლო არმენიამ – რომს. გამარჯვებულმა რომაელებმა სომხეთი იმით დააჯილდოვეს, რომ იბერიას სამხრეთი კალთები ჩამოაჭრეს და სომხეთს გადაცსეს. რასაც შედეგად მოჰყვა „დიდი არმენიის“ შექმნა.იბერიამ (მაშინ ჯერ კიდევ არ ერქვა ქართლი) ეს მიწები მხოლოდ400-ზე მეტი წლის შემდეგ დაიბრუნა. ახ. წ. 381 წლის შემდეგ, როცა რომმა დასავლეთ სომხეთში მეფობა გააუქმა და რასაც მერე ირანი მიერ მეფობის გაუქმება მოჰყვა აღმოსავლეთ სომხეთშიც.

2. ა) ჰანიბალი ჰყვება თავის ნამდვილ ამბავს.

ბ) პერიდანოსი -დღეს მდინარე პო

გ) ამონის ძე – ალექსანდრემაკედონელმა თავი ღმერთად გამოაცხადა და იზიარეbდა ამონის ქურუმთა აზრს იმის შსახებ,, რომ ის ამონის ძე იყო.

5. ა) ტიროსი და არბელოსი – ქალაქები თებესავით დაანგრია ისინი ალექსანდრემ.

ბ) ტანაისი – მდინარე დონი

6. ა)გადირა – Gavdeira ევროპის უკიდურეს დასავლეთად მიჩნეული ნაწილი, ტიროსიის კოლონია, დაარსებული -1100წელს და კართაგენზე დამოკიდებული, ,დღევანდელი ქალაქი კადიქსი ესპანეთში,

ბ) სინამდვილეში ალექსანდრეს აღმოსავლეთში ლაშქრობას ისოკრატეს (433-338) ორატორულმა სკოლამ მოუმზადა იდეოლოგიურ-პოლიტიკური საფუძველები.

7. სციპიონი – რომაელი მთავარსარდალი (ძვ. წ.235 – 183) , ჰანიბალის დამმარცხებელი.

XIII 3. ა)ეგვიპტეში გადამასვენებს – ალექსანდრე მაკედონელს (-356-323) სურდა ბაბილონი თავის იმპერიის დედაქალაქად ექცია, იქ გარდაიცვალა, რამდენიმე კვირის შემდეგ ის მემფისში გადაასვენეს, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ ქალაქ ალენქსანდრიაში დაკრძალეს..

ბ) ტბის გადაცურვაში იგულისხმება მკვდართა სამეფოში ჩასვლა.

6. ა) კლიტოსი და კალისთენესი – კლიტოსი იყო ალექსანდრეს თანატოლი, გარნიკის ბრძოლაში მისი მხსნელი. ალექსანდრემ ის რისხვის შემოტევისას მოკლა-328 წელს; კალისთენესი – ცნობილი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, არისტოტელეს დისშვილი, ალექსანდრეს აღმოსავლული ლაშქრობების მონაწილე, ბრალი დასდეს შეთქმულებაში მის წინააღმდეგ და -327 წელს სიკვდილით დასაჯეს. ალექსანდრეს სიკვდილი შემდეგ ხმები დაირხა, რომ არისტოტელემ ის ამის გამო მოაწამვლინაო.

XIV 2. ა)ნამდვილი საქმე – ელინების დამარცხება, ვინაიდან ფილიპემ მთლიანად დაიმორჩილა საბერძნეთი, ანუ ფილიპე თავს იწონებს შვილის წინაშე.

ბ) ათი ათასმა დაამარცხა – სპარსეთის მეფის არტაქსერქსეს წინააღმდეგ ტახტის ხელში ჩასაგდებად გაილაშქრა მისმა უმცროსმა ძმამ კიროსმა . მის ლაშქარში შედიოდნენ დაქირავებული ბერძნებიც კლეარხოსის მეთაურობით(-401წ.). კიროსის სიკვდილის შემდეგ კუნაქსთან, ბაბილონთან ახლოს, ბერძნები იძულებულნი გახდნენ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ეს ამბები აღწერა ძველმა ბერძენმა მწერალმა ქსენოფონმა თხზულებაში „ანაბაზისი“ და ის მაშინდელი ქართველი ტომების შესახებ უძვირფასეს საინფორმაციო წყაროს წარმოადგენს

3. თებელთა დასჯა – მაკედონელთა ჩაგვრის წინააღმდეგ აღდგა ბერძნული ქალაქი თებე. ალექსანდრე მაკედონელმა -335 წელს მთლიანად დაანგრია ქალაქი და მისი მცოვრებნი მონებად გაყიდა.

4. დარიოსის, სპარსეთის უკანასკნელი აქამენიდი მეფის დარიოს კოდომანის ნათესავები ისოსთან ბრძოლისას ალექსანდრეს ჩაუცვივდნენ ტყვედ. მან, როგორც გამარჯვენულ გმირს შეეფერებოდა, უპატრონა და არავის მისცა მათი შეურაცხყოფის უფლება.

XV. 1. მოკრძალებული ქონება, „ოდისეა“, XII 488-491.

XVIII 2. „ილიადა“ III. 156-157.

XX 3. ა) ევფორბოსი – პითაგორა, სულთა გადასახლების იდეის მომხრე, ამტკიცებდა, რომ მისი სული ერთი გარსიდან მეორეში გადავიდა, რომ ის თითქოს უკვე არსებობდა მამაცი ტროელი ევფორბოსის (ილიადა, XVI, 806 XVII, 1.), მასზე უწინ კი აპოლონის სახით.

. b) წინაპართა თავები – უძველეს ბერძნულ ტრადიციაში მამობას არ აღიარებდნენ, ჩასახვის მიზეზად თვლიდნენ: ქარს, ლობიოსა და მწერის გადაყლაპვას. წინაპართა სულების დღესასწაულზე კი მათ (სულებს) ლობიოს შეაყრიდნენ ხოლმე. სწამდათ, რომ ერთი ამ მარცვალთაგანი თუ გაიხარებდა და მის ნაყოფს ქალი შეჭამდა, ის უკვე სულისაგან შობდა. ამიტომ იყო, რომ ორფიკოსები და პითაგორელები ლობიოს კატეგორიულად კრძალავდნენ, წინაპრისათვის ხელახალი დაბადების საშუალება რომ არ მოესპოთ.

4. ა) სულ შვიდმი არიან – შვიდი ბერძენი ბერძენი: თალესიმ პითაკოსი, ბიონი, სოლონი, კლეობულოსი, მირონი, ან პერიანდროსი და ხილონი

ბ) სპილენძის სანდლებიანი – გადმოცემის თანახმად, ემპედოკლე(-495-435) თავისი ღვთიურობის დასადასტურებლად თურმე ძოწისფერი მოსასხამითა და სპილენძის ძირებიანი სანდლებით დადიოდა.

5. არისტიპოსი და პლატონი -იყვნენ სოკრატეს მოწაფენი. არისტიპოსმა (-435-355)დაარსა ჰედონისტური სკოლა კირენეაში, თვითონ კი დიდ ხანს ცხოვრობდა სირაკუზის ტირანის დიონისიოს უმცროსის კარზე ფუფუნებაში; სირაკუზელ ტირანებთან ცხოვრონდა პლატონიც (-427-347, რომელიც სულაც არ ეპირფერებოდა მათ, რის გამოც ის დასაჯეს და მონად გაყიდეს

6. კლინიასის ძე – ალკიბიადესი, პერიკლეს ნათესავი და მისი აღზრდილი (450-404).

XXIV. მავსოლოსი (Mau`swlo~) კარიის მმართველი (-377—353 ). ელინიზმის წინამორბედი წინა აზიაში.თავისი გავლენის გასაძლიერებლად ეხმარებოდა კუნძულელებს ათენის წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდაცვალების შემდეგ მეუღლემ, არტემიზიამ და დამ ამავე დროს, აუგო ბრწყინვალე საძვალე მავზოლეუმი, მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთი.

XXVIII 2. ა)„მედეა“, 231 და მომდევნო

3. ა) ლიკაონის ასული – კალისტო

XXIX 1. ა) ჩემი ბიძაშვილი – აქილევსი

ბ) ლაერტის ძე – ოდისევსი

XXX. სოსტრატოსი – ისტორიული პიროვნება, ცნობილი ყაჩაღი ძვ. წ. IV ს-ში.

Gallery | This entry was posted in თარგმანი. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s