ქეიფი ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა

 ქეთევან ჯერვალიძე ნინო პეტრიაშვილი
ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“ 27. 07.#15 (171) 2012

ვაჟა-ფშაველა
ქეიფი

1.დამისხი, დამალევინე,

2.ე ღვინო ოხერ-ტიალი,

3.ეგება წაღმა ვიფიქრო

4.სოფლის უკუღმა ტრიალი!

5.ეგება გულის ვარამი

6.ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია.

7.თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი,

8.ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,

9.დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,

10.გადავეერიო ზღვაშია.

11.თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს

12.სიკვდილი მიჯობს ცდაშია;

13.ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,

14.რაც არ უჯდება ჭკვაშია

მეგობრებო, ვაჟას ლექსი „ქეიფი“ ერთ-ერთი უცნობილესი ლექსია ავტორის შემოქმდებიდან, ლექსის პოპულარობას ხელი შეუწყო დიდი ქართველი კომპოზიტორის ზ. ფალიაშვილის საოპერო ქმნილება „დაისმა“, რომლის ლიბრეტოს, ანუ სიტყვიერი ნაწილის, ავტორი ცნობილი ქართველი დრამატურგი და მსახიობი ვალერიან გუნიაა. მას ამ სიტყვიერი ნაწილის წერისას უსარგებლია რუსთველის, აკაკის, ბარათაშვილის, დღეს სრულიად უცნობი ავტორის დ. გივიშვილისა(„ღვინოვ კახურო“) და ვაჟას ლექსებით. ვაჟა-ფშაველას ლექსს, „ქეიფი“, მღერის ასისთავი კიაზო. იმღერება მხოლოდ პირველი ექვსი ტაეპი, ტექსტის დანარჩენი ნაწილი შეცვლილია კომპოზიტორისა და ლიბრეტოს ავტორის მიზანდასახულებიდან გამომდინარე. არ გვაწყენს გავიხსენოთ, რომ ჩვენს დიდ კომპოზიტორს მასზე მუშაობა 1921 წლს დაუწყია, როგორც ჩანს, ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ და თავისი ქმნილების მთავარი პერსონაჟისთვის წითელი არმიის წინაღმდეგ თავდაცვით ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილის, პოეტ კოტე მაყაშვილის ასულისა და ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილის, სახელი დაურქმევია. ოპერის პრემიერა შედგა 1923 წლის 19 დეკემბერს თბილისში. “დაისის” წარმატებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ლეგენდარულმა მომღერალმა ვანო სარაჯიშვილმა, რომელიც მალხაზის როლს ასრულებდა. ფაქტობრივად ოპერა „დაისის“ ქვეტექსტი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა ბოლშევიკური რუსეთის მიერ ბოლშევიკი ქართველების დახმარებით, მისი ოკუპაცია და შიში ანექსიის მოლოდინისა. თვითო ოპერის სახელწოდება „დაისიც“ კი ვეებერთელა ტრაგიზმის შემცველია.

ლექსი „ქიფი“ ვაჟას 1886 წელს აქვს დაწერილი, ოცდახუთი წლის ასაკში, პეტერბურგის უნივერსიტეტიდან, უსახსრობის გამო, გამობრუნულს. თუმც, ვერ ვიტყვით, ეკატერინე ნებიერიძეზე დაქორწინებამდე თუ დაქორწინების შემდეგ. ამ დროს მას, როგორც შემოქმედს უკვე აქვს პირველი განაცხადი გაკეთებული, გამოქვეყნებულია: „წერილი ხევსურეთიდან“ 1879(„დროება“ #1); პირველი თარგმანი ეკერმან -შატრიანი „ფეოდალის აღზრდა“ 1880 („ივერია“#4); პირველი ლექსი „მეომარი“-1881(„იმედი“ #3-4) ; პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ 1881 („დროება“# 184) და რაც მთავარია, „შვლის ნუკრის ნაამბობი“ 1883 („ივერია“), დალოცვილია ილიასაგან და ამ ლოცვის მადლით და უფლის ნებით წარიმართება შემდგომ მისი, როგორც ვეებერთელა ქართველი შემოქმედის ცხოვრება შემოქმედებითი სიხარულებითა და ყოფითი მწუხარებებით აღსავსე. ანუ უკვე მოხაზულია მთავარი მიმართულებები მისი შემოქმედებისა და ის ფაქტიც, რომ ვაჟა, როგორც ფშავ-ხევსურული წიაღიდან გამოსული, პოლითემატურობისკენ მიმართული მწერალია. სწორედ ფშავ-ხევსურეთში ცვლის მუსიკალურ პოლიფონიურობას თემატური, ანუ გრძნობათა მრავალფეროვანება პოეტურ სიტყვაში გამჟღავნებული. ყველა სფერო აინტერესებს მას, რაც სიცოცხლესა და სიკვდილთან, ცხოვრებასთან კავშირშია, მათ შორის სიყვარული, ქალ-ვაჟური სიყვარული, ქვკუთხედი არსებობისა, მასტიმულირებელი და სახიფათოც შემოქმედისთვის (ოჯახის ტვირთს ხშირად ვერ უძლებს შემოქმედი ადამიანი და როგორც შემოქმედი იღუპება): 1885 წლით არის დათარიღებული “ნეტავი გამაგებინა“, „რამ გაგაჩინა ქალაო“ და „თუ მამკლავ ისევ შენ მამკლავ“ (1886) – ერთგვარად სწორხაზოვანი, სატრფიალო ლექსები.

მე-19 ს-ის 80-იანი წლები, როდესაც ვაჟა აღებს ქართული ლიტერატურისა და ისტორიის კარს, უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურისთვის. ისტორიული საქართველოს ერთი იმპერიის საზღვრებში მოქცევამ ( მანამდე ის 1555 წლის ამასიის ზავით ირან-თურქეთს ჰქონდათ გადანაწილებული), თუმცა, ამ დროს ჯერ კიდევ არ არის შემოერთებული აჭარა , ბატონყმობის ეტაპობრივმა გაუქმებამ 1864 წლიდან საქართველოს მტელ ტერიტორიაზე, ჩვენი ქვეყნის კუთხეების ერთიან პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში მოქცევამ, გაადვილა კონტაქტები ერთმანეთისაგან მოწყვეტილ მხარეებს შორის. დაკარგული პოლიტიკურ-რელიგიურ-კულტურული მესაჭის ფუნქცია იკისრა ქართულმა ლიტერატურამ. აი ეს არის სწორედ ილიასეული „პოეტ-ქურუმის“ პოლიტიკური სარჩულიც. ერთიან ქართულ სამწერლობო პროცესა და კულტურულ ცხოვრებაში ჩაებნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად მუდმივი განსაცდელისა, ორიგინალური ახალი ქართული ლიტერატურა მაინც აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლ-კახეთის სამეფოებში, არისტოკრატიის წარმომადგენელთა მიერ იქმნებდა, (დასავლეთ საქართველოში ძირითადად ადრე შქმნილის კონსერვაცია მიმდინარეობდა). პოეტი და სამხედრო პირი ერთი და იგივე პიროვნება შეიძლება ყოფილიყო. ესენი არ გახლდნენ მხოლოდ მეფე-პოეტები და ეს ტრადიცია რომანტიკოსებით დასრულდა. რუსეთის იმპერიის წინაამდეგ 30 წლიანი ბრძოლის მარცხით დასრულების შემდგ, ქართველი ერი ღრმა აპათიამ მოიცვა. რომანტიკოსებისათვის „რაზნოჩინცების“ (გიორგი ერისთავი, დანიელ ჭონქაძე, ლავრენტი არდაზიანი) მიერ ჩამორთმეული დროშა შემდეგ, 60 -იან წლებში, ილიას დასელებმა აიტაცეს. მე 19 ს-ის 80-იანი წლებიდან კი ვაჟას ყაზბეგთან ერთად ქართულ მწერლობაში შემოაქვს მთის დიდი თემა. ჩრდილო კავკასიით. მთიელთა ცხოვრებას მტკიცედ აკავშირებს ქართველი ხალხის საერთო ყოფასთან, ნათელყოფს, რომ მთაც ქართული ინტერესებით ცხოვრობდა, ქართული ტკივილით სტკიოდა გული და ქართული ოცნებით ოცნებობდა, რითაც აფართოვებს ქართველი კაცის წარმოდგენას გეოგრაფიულ სამშობლოზე და სიამაყით უვსებს გულს. და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა დაპყრობილ და ორ გუბერნიად დაყოფილ საქართველოში ღვთისმსახურება, ვაჭრობა და ეკონომიკა მთლიანად უცხოელთა ხელშია და ყველაფერი კეთდება მიწაც უცხოელთ ხელში აღმოჩნდეს.

მე-19 ს-ის 80-იანი წლებიდან, როცა ლუკა რაზიკაშვილი იწყებს მოღვაწეობას სოციალ-დემოკრატიაც გამოდის ასპარეზზე. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ქართველი ხალხოსანი მწერლები ქმნიან სოციალური მნიშვნელობის პერსონაჟთა სახეებს, მატერიალური საზრუნავით აღსავსეთ, ცრუმორწმუნეობით დამძიმებულთ, მოტყუებულთ, დამცირებულთ და შეურაცხყოფილთ, რომელნიც ვერანაირ სულიერ ინტერესებს ვერ ამჟღავნებენ. ამ დროს მართალია, ჯერ კიდევ არ არის „ნაროდნაია ვოლიას“ წევრის ივანე ჯაბადარის საქართველოს ისტორიის განმაქიქებელი “Письма о Грузии“ (1889 w.) დაწერილი, მაგრამ უკვე გამოქვეყნებულია დიდი ერების მიერ პატარა ერების გადყლაპვის გამართლების გიორგი მუხრანბატონისეული თვალსაზრისი. “О существе националной индивидуальности и об образовательном значении крупных народных единиц; დაწერილია და გამოქვეყნებული ლექსი ნაროდნიკ მიხეილ ასათიანისა (1849-1879), რომლის შემოქმედებაც 1881წლიდან იბეჭდებოდა, აი ერთი პატარა ნაწყვეტი:

„აი ის ჭია, რაიც თერგის ნაპირზედ

ილიას მგზავრსა გულსა უღირღნიდა…

ახლა სრულიად მე არ მაწუხებს,

ის დრო ჩემთვისა მანდევე წავიდა.

მე ეს კითხვები კარგა ხანია,

დამიძლევია, გამომიხსნია…

ჩემ გულის ბოღმა, თქვენთან საკითხი,

სიტყვა სრულებით სხვანაირია.“

ეგზარხოს პავლეს მიერ დაწყევლილია ქართველ ერი და დიმტრი ყიფიანიც გადასახლებულია. გამალებულად მუშაობენ კირილე იანოვსკი, კავკასიის სასწავლო ოლქის მმართველი(1881-1885), ალექსანდრე გრინი, თადა აშორდია, (მეგრული ანბანის შემდგენელნი და კონკურენტები). დავით ერისთავის „სამშობლოც“ დადგმულია (1882 წლის 20 იანვარი) მიხეილ კატკოვის დაცინვა – დაბეჭდილი «Московские ведомости»-ში, გამოქვეყნებულია ილიას პასუხიც (გაზეთი „დროება“ 1882 24 თებერვალი; 1882 წლის 9 მარტი „Московский Телеграф“). აი ასეთია მოკლედ ის პოლიტიკურ-კულტურულ-რელიგიური რეალობა და სწორედ ამას დაუპირისპირდა დაბალი სოციალური წრიდან გამოსული ვაჟა და ხელი შეაშველა ილიას დასელებს და სწორედაც, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვაჟა წერდა ილიაზე: “ილია დარჩა მთლიანი და განუყოფელი, როგორც ზოდი ოქროსიო“ ეს სიტყვები შეგვიძლია გავიმეოროთ მასზეც, მუდმივად გაჭირვებაში მყოფ გენიოსზე, რომლის უდიდეს სიყვარულს სამშობლოსა და კაცობრიობისადმი, პატრიოტიზმსა და კოსმოპოლიტიზმს ბოლშევიკურმა საქართელოს ხელისუფლებამ მისი ერთადერთი ვაჟის დახვრეტით (1923) უპასუხა. მერე კი, 1935 წელის 17 ოქტომბერს საღამოს 10 საათზე, ფაქტობრივად ჩუმად, დიდუბის პანთეონიდან გადაასვენა მთაწმინდის პანთეონში. იმ დღეს სტალინი იმყოფრბოდა თავის დედასთან და ვაჟას ვითომ პატივსაცემად დაგეგმილი ღონისძიებები მხოლოდ მეორე დღეს 18 ოქტომბერს ჩატარდა. ამ პატივისცემას პოეტისას საქართველოს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ილიას, აკაკისა და მის მიმდევარ უდიდეს მამულიშვილთა ფაქტოპრივად მასობრივი დახვრეტების „სიმფონია’“ მოაყოლა. მსხვერპლად მიუპყრა მათი სულები. ამ მსხვეპლშეწირვის რიტუალებზე დიდი შეუეაცხყოფა რა უნდა ყოფილიყო ვაჟას სულისთვის?! რა ჯანდაბადღა უნდოდა მათი პატივი? მაგრამ პატივად ნუ მივიჩნევთ. ბოლშევიკთა მოქმედება სატანისტურ რიტუალებს უფრო ჰგავდა. ამ საკითხებს უნდა ჩავუღრმავდეთ, მეგობრებო, სისტემა უნდა შევკრათ აზროვნებაში.

აი, ახლა, ცოტათი მაინც მიმოვიხილეთ რა საქართველოს მდგომარეობა, შეგვიძლია, უკვე ლექსზეც გადავიდეთ. პოეტმა ლექსს სათაურად დაარქვა სიტყვა „ქეიფი“, რომელსაც არ იცნობენ სულხან-საბასა და ნ. ჩუბინაშვილის ლექსიკონები. ეს სიტყვა პირდაპირ ქართულიდან არის შესული სვანურში, მეგრულში გვაქვს ზმნა „ქაფუნს“ და საწყისი „ქაფუა“, რაც ერთი უცებ ღვინის დალევას ნიშნაცს. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში სიტყვა „ქეიფი“ არაბული წარმომავლობისად არის მიჩნეული და ნიშნავს: 1. პურის ჭამასა და ღვინის სმას ბევრისას ერთად, რასაც თან ახლავს მხიარულება, დროს ტარება, ნადიმი 2. გუნება- განწყობილება, კარგ, მხიარულ ხასიათზე ყოფნა ღვინის სმის შედეგად. ამ სიტყვის სემანტიკური ველი არ არის ფართო: ქიფი, ქეიფობს, ნაქეიფარი, უქეიფარი, შექეიფებული, საქეიფო, მოქეიფე . გვაქვს ხატოვანი გამოთქმაც: როდის მოექეიფება – გუნებაზე როდის მოვა, როდის მოეპრიანება; მოექეიფა – გუნებაზე მოვიდა მოეპრიანა. ქეიფზე ვერ არის – ცუდ ხასიათზეა. ქეიფი განუოფელია ღვინისაგან. რამდენადაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თვით ფშავ-ხევსურული წიაღი, საიდანაც ვაჟა გამოვიდა, არ იცნობს ამ სიტყვას, არც სხვა კუთხეებისა, მხოლოდ ქიზიყურს მოეპოვება კომპოზიტი „თავქიფა“ ; შვებისა და ლხინის პოეტ ალ. ჭავჭავაძესთანაც არ გვაქვს. მასთან თავს იწონებს : „შექცევა“, „ლხინი“, „განცხრომა“, სიტყვა „ქეიფი“ გრიგოლ ორბელიანთან გვხვდება, თუ არ ვცდებით, ერთადერთხელ და იმასაც ამბობს არა გრიგოლი, არამედ მისი ლექსის ლირიკული გმირი, სახელგანთქმული ბეჟანა მკერვალი „ქალებისა ლხინი და თაიგული“: „…ზოგთან შევექცევი ვახშამსა, ზოგჯერ ღამესაც მთელსა, ჩემს ქეიფში ვინ იყოს ამ სოფელსა?.. და ამ კონტექსტში ის ბედნიერებას, განცხრომას აღნიშნავს. გრიგოლთანაც ძალიან ხშირია სიტყვა „ლხინის“ გამოყენება, სიტყვა „ქეიფისგან“ თავისუფალია ილიას პოეზიაც, თუმც ის ყელყელაობს მოთხრობაში „კაცია ადამიანი?!“ ზედაპირულად რაც შევნიშნეთ ისაა, რომ ამ სიტყვის რუსულ და ქრთულ მწერლობაში დამკვიდრება, თითქმის თანხვდება ერთმანეთს – XIX ს-ის პირველი ნახევარი. გრიგოლის ზემოხსენებული ლექსი „მუხამბაზი“ („არავისთვის მე დღეს არა მცალია)“ 1833 წელს, 32 წლის შეთქმულების დამარცხების შემდეგ, პატიმრობისას, მეტეხის ციხეშია დაწერილი, თუმცა არ გამოვრიცხავთ, ვცდებოდეთ, ვინაიდან ამ სიტყვის კვლევა სპეციალური ძიების საგნად არ გვიქცევია და მხოლოდ იმას დავეყრდენით, რაც ზეპირად გვახსოვდა.

ლექსის პირველივე სტრიქონიდან ვიგებთ, რომ ვაჟას „ქეიფიც“ სწორედ ღვინის სმასთანაა დაკავშირებული და გუნება-განწყობილების გამოკეთებას გულისხმობს. როგორც ჩანს, საწუთროსთან მორიგი უშედეგო ჭიდილის შემდეგ აღშფოთებული პოეტი მიმართავს წარმოსახვით ადრესატს, გაიზიაროს მისი წარუმატებლობა და თანაუგრძნობა ღვინის დასხმითა და „ჭიქის“ მიწვდით გამოხატოს. პოეტის აღშფოთებას კარგად გამოხატავს სიტყვა „ოხერ-ტიალი“, ტირეთი რომ იწერება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ორი ერთი და იგივე შინაარსის სიტყვა ერთმანეთს დამეგობრებია, თანაც ისე, რომ ავტონომიური უფლებებიც შეუნარჩუნებიათ, ანუ ცალ-ცალკეც იხმარებიან. „ოხერი“, ოღონდაც Ã-არით ჯერ კიდევ ძველი ქართული ენის საკუთრება იყო და მას ჩვენი წინაპრები ძველი და ახალი აღთქმის თარგმანისას იყენებდნენ. ის დამკვიდრებული ტერმინია ძველი ქართული სამართლის ისტორიაშიც. Ã-არით წარმოითქმის ეს სიტყვა დღესაც ფშავ-ხევსურეთში და „უპატრონოს“ ნიშნავს. გვაქვს „ოხრად-ტიალად დარჩენაც“ მაგრამ შებრუნებული წყობა გვაქვს „ტიალ-ოხერში“. „ტიალი“ არ უნდა აგვერიოს ნატვრის შორისდებულში „ტიალო“, რომელიც იგალობება საკრალურ ტექსტში და მოგვიანებითაა ისტორიულ რეალობას მიბმული, ასევე საკრალური მნიშვნელობის მისანიჭებლად: „ტიალო, დარიალაო, კლდენი ხარ ცარიელაო…“

დამისხი, დამალევინე,

ე ღვინო ოხერ-ტიალი,

ეგება წაღმა ვიფიქრო

სოფლის უკუღმა ტრიალი!

ეგება გულის ვარამი

ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია.

ე. ი. ღვინო, არავისი საკუთრება არ არის, ვინაიდან მიმართვის ადრესატი, კონკრეტული ვინმე, ან ვინმე- ნი არ ჩანს, ჩვენ ვერ ვხედავთ , მაგრამ სამპირიან გარდამავალ ზმნებში – და-მ(ირ.01)-ი-სხ-ი; და-მ(ირ.01)-ა-ლ-ევ-ინ-ე შენ-(S2 მხ. რ.), მე(O1 ირ. მხ.რ.), ის(-O3 პ. მხ.რ.) – თავის ირიბ-მთავრობითობას თუ ირიბ-წამყვანობას ეს მართლაც ირიბი პირი მრძანებითის ფორმითა და ამ „მ-თი“, ირიბი ობიექტური პირის ნიშნით, გამოკვეთს. “ევ“ სუფიქსიან, ორთემიან, ფუძედრეკად მეორე ზმნას – „მ-ა-ლ-ევ-ინ-ებ-ს“- შუალობითი კონტაქტის წარმოებისას საჭიროების შემთხვევაში უჩნდება თემის მიშანი „ებ“. ძირში ერთი თანხმოვანიღა რჩება, ჩვენი ნარნარა „ლ“. წინადადება შემასმენლებითაა შერწყმული და ის მომდევნო ტექსტისთვის მთავარი წინადადებაა, მასზეა ჩამოკიდებული რამდენიმე, (4) მიზნისა და (2) მიზეზის გარემოებით დამოკიდებული წინადადება.. მასში ძაან საცოდავად და პასიურად გამოიყურება ეს ჩვენი სუბიექტი მეორე პირში, სტატისტია და მეტი არაფერი, უბრალოდ მხოლოდ უნდა დაუსხას სასმელი ლირიკულ გმირს და გაბრძანდეს სცენიდან კულისებში. ბრძანება რომ არ შეასრულოს, იქნებ, ერთი-ორიც წაუთაქონ. ღვინოს არ უჩანს პატრონი და ეს შინაარსი კიდევ უფრო გაძლიერებულია ზემოხსენებული კომპოზიტით, თანხმოვანფუძიანი შეთანხმებული განსაზღვრებით პოსტპოზიციაში – „ოხერ-ტიალი“.

დგას ღვინო, ისე თავისთვის და ელოდება შემოსწრებულ ტვირთმძიმეთა და მაშვრალთ სულის მოსათქმელად თითქოს ვეშა წყაროაო, ალვისხის ფესვებიდან გამომდინარი. რაში უნდა შეეშველოს ღვინო ახალგაზრდა ლუკა რაზიკაშვილს, რომელსაც „სისხლი უფუის“? არც მეტი, არც ნაკლები, ამ დალევის მიზანი სოფლის გაძლებაა, რომელიც უკუღმა ტრიალებს. სოფლის გაგება პოეტთან ტრადიციულია, ხალხურიც და „ვეფხისტყაოსნურიც“. თუ ფოლკლორი საუკუნეთა მანძილზე ძირითადად დაბალი სოციალური ფენების საკუთრება იყო, ნაციონალური სამების მესამე წევრმა, „ვეფხიტყაოსანმა“, მთლიანად განმსჭვალა ქართული საზოგადოების ყველა ფენის ცნობიერება, დაუახლოვა ერთმანეთს და ქართველი ხალხის ზეცასთან შემაკავშირებელ სვეტად, თუ გნებავთ, კიბედ იქცა.

წარუმატებლობის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს მორიგი შერკინებისთვის ახალი ძალების მოკრებამდე სჭირდება ამოსუნთვა, „ვარამის ჩაკვლა“, გუნების გამოკეთება, დარდის შემსუბუქება, გაქარვება. დააკვირდით, როგორი სიტყვაა „გაქარვება“? ერთი შინაარსი ეტევა ორგვარად გააზრებული: „ქარს გატანება“ და ქარვად ქცევა „გაყვითლება, ანუ დაუძლურება, (პირველი, უარყოფითი), მაგრამ იანუსივით შეიცვლის სახეს იგი, თუ მტევანს დაუწყვილდება: „ქარვისფერი მტევანი“, ანუ დამწიფებული, მზიურ-ღვთიური ენერგიით აღვსილი, სამი სკნელის შემაერთები ვაზის ხის ნაყოფი(მეორე დადებითი)… თუ შეძელით ამის დაგემოვნება და იმედია, უკვე შეძელით, ისღა დაგვრჩენია „ღვინის ქურდების“ პერსონაჟივით რამდენჯერმე წარმოვთქვათ აღტაცებით: „აუჰ, კარგია!“ და ისევ ამბოხებული ვაჟას ლექსს დავუბრუნდეთ. ბოლოს და ბოლოს წუთისოფელთან ჭიდილი და მისი უკეთესად გარდაქმნის მცდელობაც ნაწილიანთა, ანუ ღვთის მიერ “მხარგაპოხილთა“ ხვედრია. („მხარგაპოხილი“ ულამაზესი მეთაფორაა, ულამაზესი და უძველესიც, მეცხრე საუკუნეში თარგმნილ ერთ ძეგლში ოდნავ სხვანაირად დადასტურებული და თანაც მაცხოვართან დაკავშირებით).

ღვინის დალევაში პოეტი არ გულისხმობს თრობას, მთის ტრადიციულ სასმისში, ჯიხვის რქაში, ჩასხმული ღვინის ერთხელ ერთბაშად შესმით უნდა შემოიფარგლებოდეს. ღვინოს ჭირისა და ლხინის წესის დაყენებისა და წამლის ფუნქცია ჰქონდა საქართველოში. მეთექვსმეთე-მეჩვიდმეტე საუკუნეების მოსკოვის რუსეთის ელჩებს არაფერი ისე არ აოცებდათ ქართლ-კახეთში, როგორც ყოველი ქართველის ოჯახში ღვინით სავსე ქვევრები და არც ერთი მთვრალი ქართველი. ტყუიალად კი არ მიმართავდა ღვინოს აღტაცებით გრიგოლ ორბელიანი „გულის ჭირთ მდევნო, ნიჭო ციერო, ვინ არს, რომელ გსვა და არ ალხინეო”. საერო „ლხინსა“ და სულიერ „ლხენას“ შორის „ი-ე“ ხმოვნების გრადაციები მათ სიღრმისეულ მთლიანობაზე მეტყველებს, ყოფს და აერთებს მათ.

თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი,

ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,

როგორ უნდა მოხდეს შემართების, საბრძოლო სულისკვეთების აღორძინება? ჯიხვის რქის სასმისიდან ღვთიური ენერგიის შემცველი ღვინო გადავა ლირიკული გმირის ორგანიზმში. გუნებას შეუცვლის, განწყობას გამოუკეთებს. ორგანიზმიდან გამოდევნილი დარდი კი ჩაკვდება ჯიხვის რქის სიცარიელეში, ჩაემწყვდევა,ვითარცა ჯინი ბოთლში.. მესამე და მეოთხე სტრიქონში ეს ჩვენი ლირიკული გმირი ირიბ-წამყვანი რომ იყო, სუბიექტი ხდება. პირველ-მეორე სტრიქონის მეორე პირის ორჯერ ნაგულისხმევ სუბიექტს მომდევნო ორ სტრიქონში პირველი სუბიექტური პირი ენაცვლება, ასევე ორჯერ ნაგულისხმევი ზმნებში და პირველი სუბიექტური პირის ნიშნით(ვ-თი) გამოხატული : ჩა-ვ(S1)-კლ-ა (მე. ის); ვ(S1)-ი-ფიქრ-ო (მე. ის). ე. ი ლექსის მერე წინადადებაც შერწყმულია. ორივე ზმნა მეორე სერიის მეორე კავშირებითის მწკრივშია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ის მიზნის გარემოებითაა დამოკიდებული. პირველი წინადადების შემასმენლები წყვეტილის მწკრივით რომ ყოფილიყო გადმოცემული, დამოკიდებულის შემასმენლები აუცილებლად მეორე თურმეობითში გადაბრძანდებოდნენ.დამისხა, დამალევინა, რათა წაღმა მეფიქრა სოფლის უკუღმა ტრიალი…

მაშასადამე, ღვინო დარდს მიაყუჩებს, უკანა მხარეს გადაწევს, გულის უფსკრულში დაუდებს ბინას და ლირიკულ გმირს „ლამაზს“ გაახსენებს:

თვალ-წინ დამიდგეს ლამაზი, ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია.

ცხადია, ეს “ ლამაზი“, ზედსართვი სახელი, არსებითი სახელის ფუნქციით რომ შეჭურვილა, ქალია. ქვემდებარე კია წინადადებაში, მაგრამ ნამდვილი შემასმენლის , ანუ მამაკაცის ფუნქციაა აქვს. და მართლაც, ქალი ხომ ქართული ცნობიერებისა და ყოფიერების „ანი და ჰოეა“. “მამაკაცი“ ისეთივე იარაღია მის ხელში, როგორც პოეტი – ღვთისაში. მაშადამე, სოფელთან შერკინების ინსპირატორი, შემგულიანებელი ლამაზი ქალია, ისეთი, თავი გმირობით რომ უნდა მოაწონო, ისე, როგორც ეს ჩვენს „ვეფხიტყაოსანში“, „ბაში- აჩუკსა“ და კიდევ სხვა ნაწარმოებებშია. ლამაზი ქალის წარმოსახვაში ამოტივტივებაც კი გმირში ვნებას აღვიძებს, არც მეტი, არც ნაკლები, ფიზიოლოგიურ ლტოლვას, მაგრამ ისე გამოთქვამს, ისე გვიმხელს თავის მდომარეობას ახალგაზრდა ლუკა, რომ არც მისთვისაა სამარცხვინო და არც ჩვენ გვერცხვინება გამეორება მისი სიტყვებისა:

აი, სწორედ ეს არის უბრალო ყოფითო დეტალების ესთეტიზება, მკითხველს ამაღლებულთან ზიარებაში რომ უწყობს ხელს. ყაზბეგსაც უყვარს ამ სიტყვით მამაკაცური ვნების გამოხატვა. ვაჟა ამ საქმეშიც წინამორბედთა, ანუ ქართული ტრადიციის მიმდევარია. შორს რომ არ წავიდეთ, სტრიქონებს შეგახსენებთ ბარათაშვილის „საყურიდან“: „ვინც სუნთქვას თავისს შენს აჩრდილშია მოიბრუნებდეს!”; „ვინ ბაგე შენ ქვეშ დაიტკბარუნოს? “- მიმართავს იგი ეკატერინე ჭავჭავაძის საყურეს, სინამდვილეში კი – ეკატერინეს. ანუ პროზაული ენით რომ ვთქვათ, რა ბედნიერი იქნებაო ის, ვინც თავის ვნებას, სუნთვით გამოხატულს, შენი პატრონის ყურთან კოცნით დაიცხრობსო და კიდევ ერთი: „თვალწინ დამიდგეს ლამაზი“თვისობრივად, სოციალურადაც, ალბათ დაგვეთანხმებით, განსხვავდება მუხამბაზური სტრიქონებისგან: „თვალთ ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!..“(გრიგოლ ორბელიანი).

თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი, – და-მO1-ი-დგ-ე-სS3 (ისS3 , მე O1ირ.), – გარდაუვალი ზმნაა.

„ ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია“ – მა-მ-კიდ-ო-ს (მან S3, , მეO1ირ. მხ.რ. , ისO3პ. მხ.რ.), – ზმნისწინი „მო“ აღმოსავლურ-ქართულადაა ნახმარი. დავიმახსოვროთ, ორივე ზმნა მეორე სერიის მეორე კავშირებითშია.

მაგრამ ეს სწრაფვა ქალისკენ გრძნობის, ემოციის საფეხურზე არ რჩება , არ წვრილმანდება, ზევითდაზევით მიისწრაფის და ვხედავთ ჩვენ, რომ პოეტი მზად არის უკვე ახალი შერკინებისთვის. ზღვა სწორედ ბობოქარი საწუთროს გადატანითი სახეა. ამ ბრძოლაში ის მარტო აღარ არის. მას სულიერად ასაზრდოვებს ლამაზი ქალისადმი სიყვარული, ხოლო მხარში უდგას ლურჯა, ჩვენი საყვარელი ლურჯა, უფროსი თაობის მკითხველისთვის პირველ რიგში ხალხური პოეზიისა და ეკატერინე გაბაშვილის მაგდანას ლურჯას რომ წამოატივტივებს, რა ვუყოთ, რომ მეორე სახედარია?! იმის ადგილიც საპატიოა, ვინაიდან კარგი მშრომელი გულადზე სამი გაფრენით მეტიაო – გვასწავლის ქართული ანდაზა… ლურჯა ქართული ჯიშის ცხენია, რომლის მოშენება-გამრავლებაც ვაჟას კიდევ ერთ ეროვნულ ოცნებათაგანი ყოფილა (თავს ვერ ვიკავებთ და მკითხველს ამ და სხვა თემაზეც ვურჩევთ მწერალ არჩილ სულაკაურის მოთხრობა „თეთრი ცხენი“ წაიკითხოს) და აბა სხვა ჯიშის ცხენს როგორღა დაიმეგზურ-დაიმგზავრებდა ჩვენი ავტორი?! თუ ბარათაშვილი მერნით ცდილობს ბედის სამზღვრის გადალახვას, (სულხან-საბას განმარტებით „მერნობა“ ცხენის კეთილ სიარულს ნიშნავს), ვაჟა ამას ლურჯათი აპირებს. დიახ, ჩვენი ლურჯა და მერანი იქნებ ერთი და იგიცეც კი იყოს? ლურჯა – ციური ცხენი; მერანი – (მიჰრან, მითრასეული?) მზიური ცხენი. ეს ისე, ფანტაზიისთვის.

დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,

გადავეერიო ზღვაშია.

მართლაც ქართული ტრადიციით სოფელთან შეჭიდებულ კაცს მეტი რა უნდა? თინათინზე შყვარებული ავთანდილიც ასე არ ამბობს? მე ვარ და ჩემი ცხენიააო, აკაკის ბათუც ასეა: ცხენი, ნაბადი იარაღი და სიყვარული.

საწუთროსთან მორკინალი კაცის ერთადერთი სურვილია ღირსეულად იცხოვროს, ცუდ, ხატოვან თქმადქცეულ ძაღლურ ყოფას გაემიჯნოს, ალბათ მგლური თავისუფლების მოსაპოვებლად: „კაი ყმა მგელი არწივი – არც ერთ არ გაიწურთნების“ – ღირსეული ცხოვრების სამებად ქცეული წევრებია. მგელი ლექსში ავტორს ნახსენები არც კი ჰყავს, მაგრამ ასეა, ძაღლური ყოფიერება, თავისთავში, ხსენების გარეშე, ატარებს მგლური თავისუფლების პარადიგმას. ვაჟას სხვა ლექსებში შემოვა მერე მგლისა და აწივის თემა და მემკვიდრეობით გადაეცემა გალაქტიონს. ტყუილად კი არ ამბოს იგი: „შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონიო“.

ვაჟას, ისევე როგორც მისი დიდი წინაპრებს, უღირს სიცოცხლეს სიკვდილი უჯობს ცდაში. გავიხსენოთ, როგორ მსჯელობს ამის შესახებ ჩვენი ავთანდილი: „ბედი ცდაა, გამარჯვება ღმერთსა უნდეს, მოცაგხვდების“; „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“. ვაჟას კაი ყმას ვერავინ მოაწონებს მოუწონარს, ის უკომპრომისოა, მისთვს უცხოა „მიჯობს ჟამად დავემოწმო“, ან „ასე უნდა მოხმარება, გაჰვიდოდეს, საცა ვისი, კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი“. „კაი ყმის“ თემა ვაჟას მიერ „დიდი პაპის“, გურამიშვლისგან ნამემკვიდრალი, შემდეგ ფართოდ გაშლის მხრებს პოეტის შემოქმედებაში.

11.თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს

12.სიკვდილი მიჯობს ცდაშია;

13.ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,

14.რაც არ უჯდება ჭკვაშია .

ძალიან საინტერესოა ამ ბოლო ოთხი სტრიქონის, სულ პირველ ორ სტრიქონთან მიმართებაც. ესენი მიზეზის გარემოებებით დამოკიდებული წინადადებებია, ხოლო სინტაქსი მათი ასეთია: მეთერთმეტე-მეთორმეტე სტრიქონები ერთი წინადადებაა, მარტივი გავრცობილი, მაგრამ მთავარია ის მეცამეტე-მეთთხმეტე სტრიქონებისათვის, მიზეზის გარემოებით დამოკიდებული წინადადებისთვის, რომელიც თავის მხრივ რთული ქვეწყობილი წინადადებაა: ვერ მააწონებთ კარგს ყმასა, რას ვერ მააწონებთ? რაც არ უჯდება ჭკვაშია. მააწონებთ თქვენ (S3მრ. რ.), მას (O3ირ. მხ.რ.), მას (O3პ მხ.რ.), ანუ მეთოთხმეტე სტრიქონი მეცამეტისათვის პირდაპირი დამატებითაა დამოკიდებული. მთელი ლექსი კი სულმოუთქმელი ერთი წინადადებაა: მთავარს(1-2) + 4 (მიზნის გარემოებით დამოკიდებული წინადადება) + 2 (მიზეზის გარემოებით დამოკიდებული, რომელშიც მეორე წინადადება, როგორც ვთქვით , თვითონ არის ქვეწყობილი). ლექსი წარმოადგენს 14 სტრიქონიან ხანას, დაწერილია რვამარცვლიანი საზომით, ანუ განახევრებული შაირით. გვაქვს ჯვარედინი რითმა და ორჯერ არის სარითმო ერთეული შეცვლილი, რაც მთავარია, ეს შეცვლა არ არის ხელოვნური. ერთი ჯიხვის რქის გამოცლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ სულის თანდათანობითი ზეამაღლების საფეხურებს.

ასე რომ, ეს პაწუა ლექსი მართლაც თემატურობით ქმნის პოლიფონიას: 1. ქიფი 2. საწუთრო 3. საკუთარი თავის ძლევა 4. სიყვარული 5 კაი ყმა, 6.გმირობა 7 . გამარჯვება 8. თავგანწირვა.

მოგვიანებით 1909 წელს, თვითონ ვაჟა უარყოფითად შეაფასებს ამ დიდებულ ლექსს, ზემოხსენებული თემების სათავეს. ნუ გაგვიკვირდება. ის, როგორც უდიდესი შემოქმედი, სწორედ საკუთარი თავისადმია პირველ რიგში უკომპრომისო:

დამისხი დამალევინე –

ჭაბუკობაში ვყვიროდი,

როცა მოვცადე სოფელი,

ჩემს უსირცხვობას ვკვირვობდი.

და ბოლოს, კარგად თუ დავაკვირდებით ჩვენი პოეტის ლექსი, თვით მის მიერ დაწუნებული, მთლიანად ნაციონალური ტოპიკის დანაბადია. ის მხარს უმშვენებს ქართულ კლასიკურ ლიტერატურაში დადასტურებულ პურობის სცენებს “შუშანიკის წამება“ იქნება ეს , „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ თუ „ვეფხისტყაოსანი“… სიტყვა „ქეიფი“, რომელსაც რუსთველი, არ იყენებს ჩვენს უკვდავ „ვეფხისტყაონში“( ჩვენი აზრით, არ იცნობდა), ვაჟასთან იძენს ნადიმის ფუნქციას და ის ეჯაჭვება სიკვდილსა და ბედისწერას. ნადიმი, ლხინი ბრძოლის წინ ეს როგორც სხვა ხალხთა, ასევე ქართველების ტრადიციაცაა. ასეთი სცენები გვხვდება ზემოხსენებულ პოემაშიც, გრ. ორბელიანის „სადღეგრძელოში“ და თვით ვაჟას „ბახტრიონშიც“. განსხვავება მათში მხოლოდ კოლექტიურისა და ინდივიდუალურის სიბრტყეზე ძევს, ანუ დრამატულსა და ტრაგიკულს შორის. თუკი ანდაზის თანახმად, მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოა, მაშ, სხვა რა სახელი შეიძლება ეწოდოს ეულის უთანასწორო ბრძოლას წუთისოფელთან, თუ არა – ტრაგიკული? ამ ლექსის სათაურში ვაჟას მსუბუქი ირონიაც კი შეიძლება დავინახოთ, ვინაიდან „ქეიფი“ აღნიშნავს სწორედ პურის ჭამასა და ღვინის სმას ბევრისას ერთად, რასაც თან ახლავს მხიარულება, დროსტარება, ლექსში კი ამდაგვარი არაფერი ხდება. ავტორი მარტოა. ვაჟა ტრადიციული ქართული ცნობიერების შვილია იმ თვალსაზრისითაც, რომ ის გმირობას გამარჯვებაზე მაღლა აყენებს, თვითუარყოფისა და თავგანწირვის უნარს კი – ზემაღლა, დიახ, ზემაღლა!.. აი, ასე ვხედავთ ჩვენ, ამ უმშვენიერეს ქმნილებას, მუსიკალურად ზაქარია ფალიაშვილის მიერ უკვდავყოფილს, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, მეგობრებო, თქვენ ჩვენზე უკეთ დაინახავთ, ჩვენზე უკეთ და ჩვენზე მეტადაც ამაღლდებით?! .

Gallery | This entry was posted in განხილვა. Bookmark the permalink.

3 Responses to ქეიფი ვაჟა-ფშაველა

  1. giya bolkvadze says:

    sakmaod kargi samushao aris gatseuli….sachiro da saintereso….es chven dzalian gvchirdeba….gaiharet….ugrmesi madloba…gisurvebt shemokmedebit tsarmatebebs….

  2. Fixdd says:

    udidesi madloba dzalian saintereso iko. msgavsi gverdebi dges rogorc arasdros ise gvchirdeba

  3. ერთი ამოსუნთქვით იკითხება. სიღრმისა და ინფორმაციის ესოდენ მსუბუქად მოტანა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s