ქეთევან ჯერვალიძე სულიერი საზრდო სერგეი სერგეევიჩ ავერინცევისგან

Кетеван Джервалидзе – Духовная пища от С. С. Аверинцева

ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“ №25 (181), 2012

სერგეი სერგეევიჩ ავერინცევი – ( 10. 12. 1937 მოსკოვი – 21. 2. 2004, ვენა) მისივე ანდერძის თანახმად, დაკრძალულია მოსკოვის დანილოვსკის სასაფლაოზე.

სერგეი ავერინცევი

სერგეი ავერინცევი

დიდი რუსი მეცნიერი, ფილოლოგი, „ანტიკოსი“, ბიზანტინისტი, გერმანისტი, სლავისტი, მთარგმნელი, ლექტორი, პოეტი სსრკ მწერალთა კავშირის წევრი(1985, ამ კუთხით ის სრულიად უცნობიაა ქართული საზოგადოებისთვის). რუსეთის ბიბლიური საზოგადოების თავჯდომარე (1990); მანდელშტამის საერთაშორისო საზოგადოების თავჯდომარე (1991); კულტუროლოგთა ასოციაციის პრეზიტენტი. სსრკ მა-ს წევრ-კორესპოდენტი(1987); რმა-ს ნამდვილი წევრი (2003); სსრკ დეპუტატი (1989-1991). მისი სამეცნიერო შრომების, სტატიების, თარგმანებისა და სხვა საქმეთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ის კი უნდა აღვნიშნოთ, რომ მან 1961 წელს დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება; 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „პლუტარქოსი და ანტიკური ბიოგრაფია“, რომელსაც მიენიჭა ლენინური კომკავშირის პრემია; 1977 წელს გამოვიდა მისი ძალიან ცნობილი ნაშრომი „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა“, სრულიად ახლებურად დანახული და გადააზრებული უზარმაზარი მასალა, რომელმაც მეცნიერს მსოფლიო აღიარება მოუტანა და რომელიც 1979 წელს წარდგენილ იქნა სადოქტორო დისერტაციად. “არა ადრებიზანტიელ ავტორთა ლიტერატურის თეორია, არამედ ადრებიზანტიელ მწერალთა სამუშაო განაწესი, რომელთა რეკონსტრუქციაც თვით ლიტერატურული ძეგლებიდანაა შესაძლებელი. მათში ჩანს არა იმდენად ის, რაც იმ ეპოქის ადამიანებმა იცოდნენ თავიანთ ლიტერატურაზე, არამედ ის, რაც ჩვენ შეგვიძლია მათ შესახებ გავიგოთ. ეს კი სხადასხვა საკითხიაო“ – ბრძანებდა მეცნიერი…. მის შრომებს, ცხადია, ძალიან კარგად იცნობენ საქართველოშიც. მას ბევრ ქართველ მეცნიერთან აკავშირებდა პირადი ნაცნობ-მეგობრობა, საქართველოში ყოფნისას სტუმრობდა ხოლმე მათ. ისინი ალბათ დაწერენ როდესმე ამ ურთიერთობების შესახებ. ჩვენ არ ვისარგებლებთ მათი გამოუქვეყნებელი „მოგოგონებებით“, ამიტომ მკითხველთა ფართო საზოგადოებას სერგეი სერგეევიჩის მეგობრის, ქალბატონ ტ. ა. მილერის ორ, ჩვენი თვალსაზრისით, უაღრესად საინტერესო გასაჯაროებულ მოგონებას შევთავაზებთ:

„1974 წელს სერგეი სერგეევიჩ ავერინცევი გაემგზავრა ტარტუში. მან ჩემგან იცოდა, რომ ტარტუდან პეჩორაში მიდოდა ავტობუსი… პატივცემული პროფესორი ღამის სამ საათზე წავიდა ავტობუსით პეჩორაში, შევიდა მონასტერში, შეხვდა ვიღაც ბერს, რომელმაც უბრძანა: „წადი, მიეხმარე სეფისკვერების ცხობაში“. სერგეი სერგეევიჩიც წავიდა სეფისკვერების გამოსაცხობად და თან მოასწრო ტარტუში სამეცნიერო სხდომის დაწყებამდე დაბრუნებულიყო. ამ ეპიზოდში მე დავინახე ცხადი მინიშნება იმისა, რომ ეკლესია სერგეის იღებდა, ვითარცა თავისიანს და ამიტომ სიხარულით ვიმეორებდი: „რა კარგია, რა კარგია, რომ თქვენ მოგანდეს ეს!“;

ტ. ა. მილერის მეორე მოგონება სერგეი სერგეევიჩზე კი საქართველოს დედაქალაქთან, თბილისთანაა დაკავშირებული: „1975 წელს, აღვსების ოცდამეხუთე დღეს, თბილისში ჯავრი დაიწერეს სერგეი და ნატალია ავერინცევებმა. ამ ქალაქში ისინი კლასიკური ფილოლოგიის კონფერენციაზე ჩამოვიდნენ (ჩვენ, თსუ კლასიკური ფილოლოგიის განყოფილების სტუდენტებიც ვესწრებოდით მას, ქ. ჯ.), მათი პასორტები იყო სასტუმროში, რომელთა წარდგენის გარეშეც ჯვრისწერა შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ნაცნობების მეოხებით, მათ ჯვარი მაინც დაიწერეს სიონის საკათედრო ტაძარში, რომელშიც ინახება მოციქულთა სწორი წმიდა ნონოს თმით შეკრული ვაზის ნასხლევების ჯვარი. ამ ქართულ ტაძარში არის მღვიმის მსგავსი მცირე ნიში, რომელშიც ღვთისმსახურება რუსულად აღესრულება. აი, სწორედ იქ დაიწერეს ჯვარი ახალგაზრდებმა. იქ მყოფნი დიდი გულითადობით შეხვდნენ მოსკოველ ჯვარდაწერილთ და უხვად აძლევდნენ სეფისკვერებს. „იმდენი მოგვცესო – იხსენებდა შემდეგ სერგეი, – რომ მთელ დღეს მხოლოდ იმით ვიკვებებოდითო“; 1976 წლის 25 თებერვალს, ივერიის ღვთისმშობლის ხსენების დღეს კი დაიბადა მისი პირველი შვილი მაშა ავერინცევა. სერგეი სერგეევიჩი ამაშიც რაღაც ერთგვარ საღვთო მინიშნებას ხედავდა (რამდენიმე წლის დაქორწინებულ წყვილს, შვილი არ ეძლეოდათ, ქ. ჯ.), რომ რომ შეეძინა არა ვაჟი, არამედ -ასული“…

დაბოლოს, სერგეი სერგეევიჩის უცნობილესი ნაშრომიდან – „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა“ – ერთი თავი „სიტყვა და წიგნი“ მცირე შემოკლებით ჯერ კიდევ მე-20 ს-ის 80-იან წლებში თარგმნა ბატონმა თამაზ ჩხენკელმა, ხოლო 1994 წელს მე მოვკიდე ხელი მთელი ნაშრომის თარგმნას, ვინაიდან მსურდა, იგი ვიწრო სპეციალსტთა წრიდან ფართო საზოგადოებამდე მიმეტანა, როგორც ჩვენი კულტურისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენც ვიყავით და ვართ კიდევ სწორედ ამ ბიზანტიური სააზროვნო სივრცის ნაწილი, აქედან მოვდივართ და თუ რამ კარგი შექმნილა ჩვენს კულტურაში აქამდე, მასზეც არის დამყნილი. თარგმანზე მუშაობა მიწევდა იმ დროს, როდესაც საქართველოში იყო უაღრესად მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა: არ იყო სინათლე, გათბობა, ხშირად წყალიც, უზარმაზარი რიგები პურზე… ქართული საერო და სასულიერო „ელიტა“ მეთერთმეტე არმიის მსგავსად (1921), უერთგულესად ედგა მხარში რუსეთს საქართველოს ოკუპაციასა და ანექსიის საქმეში. იწყებოდა საქართველოს განქართველების უსაშინელესი პროცესი. აი ისეთი, ერეკლე II რომ სწერდა ეკატერინე II-ს: „ლეკთ განალაგესო საქართველო“ და ამ დროს დიდი რუსი მეცნიერის სერგეი სერგეევიჩის ნაშრომი, მის თარგმანზე მუშაობა ცხოვრებას მიადვილებდა, შინაგანად მათბობდა, უკეთ ვიაზრებდი არამხოლოდ ლიტერატურულ, რელიგიურ პროცესებს, არამედ ისტორიულ, გეოპოლიტიკურ პროცესებსაც, ვინაიდან ისინი ძალიან მჭიდროდ არიან ერთმანეთზე გადაბმული. ჩემი თეორიული ცოდნა უკიდეგანო ტანჯვის გზით სულიერი გამოცდილების სახეს იძენდა… ისეთი განცდა მქონდა, რომ დიდი მეცნიერი უხილავად მედგა მხარში და მკარნახობდა ყველაფერს, მაკვალიანებდა, თუ როგორ გადმომეტანა ორიგინალის ურთულესი პასაჟები ქართულად. როგორ გამომეყენებინა ძველ ქართულ მწერლობაში დაგროვილი უმდიდრესი ცნებებისა და ტერმინების მარაგი. მთელი ათასხუთასწლოვანი ქართული ლიტერატურის მაჯისცემა მესმოდა; დიდი და ტანჯული ქართველი მამულიშვილების სუნთქვას ვგრძნობდი, ვხედავდი ფიზიკურად. განცდა იმისა, რომ მეც მათსავით უმთენარო ღამედ ქცეული დღის ნაწილი ვიყავი და ვერაფერს შევცვლიდით, ენით აღუწერელი ტრაგიკული განცდით მავსებდა. ეს იყო საოცარი რამ, საოცარი!.. თარგმანისას ვამოწმებდი და ვეცნობოდი ყველა წყაროს, რასაც კი ავერინცევი იმოწმებდა და რასაც კი მივწვდებოდი და აი, ერთი თავის ლიტერატურაში – „სამყარო, როგორც სკოლა“ – ტექნიკური შეცდომა აღმოვაჩინე, წყარო სწორად არ იყო მითითებული, ისუ ზირაქის XXIV თავის ნაცვლად დასახელებული იყო ეკლესიასტე XXIV. ამდენი თავი სულაც არ არის ეკლესიასტეში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. შავ ქაღადზე შესრულებულ შავ ხელნაწერში მიწერილი მაქვს: „რა ბედნიერებაა, რომ ს. ს. ავერინცევს შეცდომა ვუპოვე, მერე რა, რომ ეს შეცდომა ტექნიკურია!“ აღარც მციოდა, აღარც მშიოდა, აღარც მწყუროდა… ზემოხსენებული ნაშრომის ერთი თავის – „თანხმობა და უთანხმოება“ თარგმანი გამოქვეყნებულია „ჩვენს მწერლობაში“ # 4 (30). 2001; რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ როსტომ ჩხეიძეს, ქართული სიტყვიერების მოჭირნახულეს.

ძალიან მწყდება გული, რომ არ მეყო გამბედაობა, „უცნობობის სინდრომით შეპყრობილს“ და ამავე დროს წუთისოფლის კანონის დამვიწყებელს, პირადი ურთიერთობა დამემყარებინა ამ უდიდეს რუს მეცნიერთან, მართლმადიდებლობის რჩეულ შვილთან – სერგეი სერგეევიჩ ავერინცევთან. ვფიქრობდი, რომ ჯერ რაღაც გამეკეთებინა, რაიმე სხვა, სათქმელი რომ მქონოდა და თავმოსაწონებელიც მასთან. და სწორედ სერგეი სერგეევიჩს უნდა ვუმადლოდე იმას, რომ ლუკიანოსის თხზულებათა თარგმნას მოვკიდე ხელი, რომ უზარმაზარი მასალა დამიგროვდა სამეცნიერო სტატიებისთვის და გადავრჩი, გადავრჩი ფიზიკურადაც… ახლა კი მის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დიდი მეცნიერისადმი ჩვენი ღრმა პატივისცემის ნიშნად, მკითხველებს ვთავაზობთ მისი ქვრივის, ქალბატონ ნატალია პეტროვნას მოგონებებს მეუღლეზე და ასევე სერგეი სერგეევიჩის ორ ინტერვიუს ზოგადად ფილოლოგიის საკითხებზე, რომელნიც, დარწმუნებულნი ვართ, ძალიან დიდ სულიერ საზრდოს მიაწვდიან ქართველ მკითხველს.

Gallery | This entry was posted in მიძღვნა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s