V საუკუნის ქართლი იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“ მიხედვით

ნინო ახუაშვილი
(ჩემი ნამოწაფარი,  X კლასი 2001 წ.)

V საუკუნის ქართლი იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“ მიხედვით

წმინდა შუშანიკი„შუშანიკის წამება“ მე -5 ს-ის ქართული ჰაგიოგრააფის ლიტერატურული ძეგლია. იგი პირველ ქართულ ნაწარმოებად არის მიჩნეული, თუმცა, როგორც ამბობენ, მას წინ უსწრებს „მეფეთა ცხოვრება“, რომლის მე-11 ს-ის რედაქციაც ლეონტი მროველის სახელთანაა დაკავშირებული, „წმიდა ნინოს ცხოვრება“, „კოლაელ ყრმათა მარტვილობა“. შუშანიკის წამება“ ჩვენამდე მე-10 ს-ის პარხლის მრავალთავითაა მოღწეული.

იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებას“ დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ როგორც ლიტერატურულ ძეგლს, არამედ როგორც ისტორიულ წყაროსაც. იგი წარმოდგენას გვიქმნის მაშინდელი საქართველოს, ანუ როგორც ნაწარმოებში არის მოხსენიებული. „ყოველი ქართლის“ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, რელიგიურ, კლიმატურ მდგომარეობაზეც კი და რაც მთავარია, მაშინდელ მსოფლიო ომზე.

ქართლი, იმ პერიოდში, როდესაც ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება, სპარსელების ზეწოლას განიცდიდა. „წუშანიკის წამებიდან“ კარგად ჩანს სპარსელთა განსაკუთრებული მდგომარება ქვემო ქართლში. პირველ რიგში, ამას ადასტურებს თხზულების დათარიღება სპარსეთის მეფის მეფობით და მასში „ყოველი ქართლის“ მეფის, ვახტანგ გორგასლის, მოუხსენიებლობა, თითქოს არც არსებულიყოს: “იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში…“ სპარსეთის მაშინდელი დედაქალაქი, ქტესიფონი, ნაწარმოებში მოხსენიებულია „კარად“, (ქტესიფონი იყო ბერძნული სახელწოდება სპარსელთა დედაქალაქისა, თვითონ კი მადაიანას ეძახდნენ და მდ. ტიგროსზე მდებარეობდა).

მართლაც, ნაწარმოებში ხსენებაც არ არის მაშინდელი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ დედოფლის მხარდამჭერთა შორის ქართლის სამეფო კარიც იქნებოდა: „ხოლო მე მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი, რომელი მოეძღუანა სამოელ ეპისკოპოსსა და იოანეს, რამეთუ დაფარულად იღუწიდეს და ნუგეშინის-სცემდეს“- ვკითხულობთ თხზულებაში.

ქართლში ზის სპარსეთის მიერ დანიშნული მოხელე – პიტიახში, „შემდგომი მეფისაჲ“ (პ. ინგოროყვა) „ძჱ არშუშაჲსი“. როგორც ჩანს, ეს თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო, ვინაიდან პიტიახშის სახელო სჭერია ვარსქენის მამა არშუშასაც. სპარსელთა გაბატონებული მდგომარეობის ამსახველია ისიც, რომ „ერთ სპარსს“, რომელიც სპარსეთის სამეფო კარის საგანგებო წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, თავისუფლად შეეძლო დედოფალთან და პიტიახშთან შესვლა და ცდილობდა მათ შორის კონფლიქტი ოჯახურ ჩარჩოებს არ გასცილებოდა: „კაცი ერთი სპარსი მოვიდა და შევიდა წინაშე ნეტარისა შუშანიკისა…“; „მე ვითარ მიცნობიეს, ცოლი შენი განდგომილ არს შენგან და მე გეტჳ შენ, ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყჳ მა,ს რამეთუ დედათა ბუნებჲ იწრო არს“.

ვარსქენის ძალაუფლება უსაზღვროა, სანამ მას სპარსეთის მეფისაგან ნაბოძები კვერთხი უპყრია ხელთ. როდესაც ვარსქენს ერთმა ხუცესმა უსაყვედურა, ეპისკოპოსისა და დედოფლის აუგად მოხსენიების გამო,“უხეთქნა კუერთხი ზურგსა და მან ვერღარა იკადრა სიტყუად“. ამავე ნიუანსის შემცველია შუშანიკის ციხეში გადაყვანის ეპიზოდი: ერთ დიაკვანს სურდა დედოფლის გამხნევება სიტყვებით „ტკიცედ დეგ“, მაგრამ ჰკიდა თუ არა მას თვალი პიტიახშმა, შეშინებული დიაკონი დადუმდა და სწრაფად გაიქცა. პიტიახში დასცინის ქრისტიანებს, მიმართავს რა ნაცემ დედოფალს: „აჰა, ეგერა, არა გერგო, შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენი ქრისტიანენი და უფალი იგი მათი“

ვარსქენმა ციხეში მყოფი ცოლი რომ ვერ შემოირიგა, ჩორდში, ან ქტესიფონში გაგზავნით დაემუქრა, ე. ი. იქ, სადაც თვითონ მიესვლებოდა. ჩრდილო კავკასიაში აღმოსავლეთ საქართველოდან ორი გადასასვლელი გზა იყო: დერბენდი და დარიალი. ნაწარმოებში დერბენდი მოხსენიებულია, როგოც ჩორდი, რაც სომხური ტრადიციაა: ”ანუ ნებაჲ ჩემი ყავ და მოვედ ტაძრად, უკუეთუ არა მოხვიდე შინა, ჩორდ წარგცე შენ, ანუ კარად კარაულითა“. სპარსეთს დაუცხრომელი ბრძოლა ჰქონდა ჰუნებთან, თურქმენულ ტომებთან, რომელნიც კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ. სწორედ დერბენდით უნდა წასულიყავი ჰუნებთან საბრძოლველად. ამ ხალხის მოძრაობამ დასავლეთისკენ გააქტიურა გერმანული ტომები, ამ გააქტიურებას კი მოჰყვა 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა. ვარსქენი იბრძოდა სწორედ ჰუნების წინააღმდეგ, მაშინ როცა სპარსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ვახტანგ გორგასალი ქირაობდა მათ: „მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა“ – ეუბნება ის იაკობ ხუცესს.

ნაწარმოებიდან ჩანს, რომ პიტიახშის საბრძანისი იყო დაბა ცურტავი, ქვემო ქართლის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ-რელიგიური ცენტრი, დღეს საბოლოოდ მაინც არ არის დადგენილი ამ გეოგრაფიული პუნქტის ზუსტი ადგილ-მდებარეობა. ვარაუდობენ, რომ ცურტავი არის ახლანდელი გაჩიანი, ან სოფელი არახოლო რუსთავსა და მარნეულს შორის. არახლოს ძველი ქართული სახელწოდება კი ჯერ კიდევ მე-18 ს-ში, აზერბაიჯანელთა დასახლებამდე და ქართული მოსახლეობის გამოძევებამდე, ყოფილა ნახიდური, ვიგებთ იმასაც, რომ „ყოველი ქართლის“ უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი ჰერეთია…

მართალია, ისტორიული წყაროების თანახმად (ჯუანშერის ისტორია), ქართლში კათალიკოსობა ვახტანგ გორგასლის ზეობის დროს დაწესებულა, მაგრამ იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“ ამ ფაქტს არ ცხადყოფს. მასში ნახსენებია მხოლოდ „თავი იგი ეპისკოპოსთაჲ“, ანუ მთავარეპისკოპოსი“, რაც მრავალმხრივი ინტერპრეტაციისა და ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა. მთლიანობაში ნაწარმოებში წამოდგენილი სასულიერო იერარქია ასე გამოიყურება: „თავი იგი ეპისკოპოსთაჲ“(სამოელი), ეპისკოპოსი (იოანე), კარის ეპისკოპოსი (აფოცი), ხუცესი, რომელიც თითქმის გაიგივებულია მღვდელთან (იაკობი), მღვდელი და დიაკვანი. დიაკვანი თავდაპირველად ქრისტიანობაში უმაღლეს სასულიერო იერარქს წარმოადგენდა, არც მასზე მაღლა მდგომი არსებობდა და არც მასზე – დაბლა, მე-5 ს-ში კი ის უდაბლესი სასულიერო იერარქია და მოციქულის ფუნქცია აქვს შეთავსებული: „მოიწია ჩვენდა დიაკონი შინაჲთ და გჳთხრა…“. ამის პარალელურად ასე გამოიყურება საერო იერარქია: აზნაურნი დიდ-დიდნი, ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი, მსახურნი, მონა, მხევალი, სენაკაპანი -ციხის მცველი-ბადრაგი.

იაკობ ხუცესი გვიჩვენებს აგრეთვე სოციალურ მდგომარეობას ერთი წოდების შიგნითაც. „კარად სამეფოდ“ წასული პიტიახში, უმაღლესი ხელისუფალი თავისი მხარისა, ქვეყნის მართვის ფუნქციებს აბარებს დედოფალ შუშანიკს. მიუხედავად ამისა, იმ დროის ქართულ საზოგადოებაში, ისევე როგორც სხვა საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი ყოფილა განსხვავებული ქცევის ნორმები: აკრძალული ყოფილა ქალისა და მამაკაცის ერთად პურის ჭამა: „ოდეს ყოფილა არს აქამომდე თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?! ყოვლად მიუღებელი ყოფილა ქალის მიერ ოჯახის მიტოვება, ეს საქმე ოჯახის დაქცევად, კერიის ჩაქრობად, კვალიფიცირდებოდა: „რაჲსა ჴელიწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ჳთარმედ შენ ჩემი ხატი დაამხუ, და საგებელსა ზედა ნაცარი გარდაასახ, და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წარსულხარ?“. ამ კონტექსტში ვარსქენ პიტიახში უფრო წარმართად გამოიყურება. ქალი სპარსული ტრადიცის მიხედვით, შეზღუდული აზროვნების მქონედ მიიჩნეოდა, რაც კარგად ჩანს,“ერთი სპარსის“ სიტყვებიდან: „მე ვითარ მიცნობიეს, ცოლი შენი განდგომილ არს შენგან და მე გეტჳ შენ, ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყჳ მა,ს რამეთუ დედათა ბუნებჲ იწრო არს“. ჩანს ისიც რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობას არეგულირებდა საეკლესიო კანონები. დედოფალი ქმართან დაშორების გასამართლებლად მოიხმობს პავლე მოციქულის სიტყვებს: „არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ“.

თხზულებაში საგანგებოდ არის ხაზგასმული ვარსქენისა და დედოფლის წარმომავლობა. ვარსქენი არის „ძჱ არშუშაჲსი“, ასევე პიტიახშისა. არშუშა, ნაწარმოების თანახმად, ღვთისმოსავ და ქველმოქმედ ადამინად გვევლინება. არშუშასა და მისი შვილის პიროვნებათა შეპირისპირება გადმოცემულია დედოფლის სიტყვებში: „არათუ მე აღმემართა ხატი იგი და მემცა დავამხუ..“ ვარსქენის დედა, ანუშვრამ არწრუნი კი ცნობილი სომხური საგვარეულოს წარმომადგენელი ყოფილა. არწრუნებს სომხეთის სამეფო კარზე მესამე ადგილი სჭერიათ. ანუშვრამი გარდაცვალების შემდეგ დაუკრძალავთ ურდში, რომლის ლოკალიზაციაც უცნობია დღეს.

დედოფალი შუშანიკიც ერთ-ერთი წარჩინებული სომხური გვარის წარმომადგენელია, მამიკონიანებს მეხუთე ადგილი ეკავათ სომხეთის სამეფო კარზე, თუმცა წარმოშიბით ჭანეთიდან ყოფილან. შუშანიკის მამამ, ვარდანმა მთავარსარდლის თანამდებობა მიიღო 432 წელს, ანუ აღმოსავლეთ სომხეთში მეფობის გაუქმების შემდეგ (428 წ.) და დაეცა ავარაირის ველზე 451 წელს სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში. მამიკონიანები ბიზანტიური ორიენტაციისანი ყოფილან, შესაბამისად, შემდგომ დედოფალი შუშანიკიც ქალკედონიტი გახდებოდა. აქვე აღვნიშნავთ ერთ თავისებურებასაც: დედოფალი ატარებს მამის სახელს უცვლელად -„ვარდანი“ ხოლო სიყვარულით – „შუშანიკი“, ანუ შროშანი, რაც მის ღვთისმშობელთან მსგავსებაზე მიანიშნებს.

გარდა მთავარი პერსონაჟებისა, თხზულებაში მოხსენიებულნი არიან აგრეთვე: ვარსქენის ძმა ჯოჯიკი, მისი ცოლი, კარისეპისკოპოსი – აფოცი, ეპისკოპოსი სამოელი, იოანე და სხვა პირები უსახელოდ. ვიგებთ, რომ ვარსქენსა და შუშანიკს ჰყოლიათ ოთხი შვილი: სამი ძე და ერთი ასული, რომლებიც პიტიახშს ცეცხლთაყვანისმცემლობაზე მოუქცევია და დედოფალს მათი სახელის ხსენებაც კი შესძაგდა და ვეღარც ისინი ბედავდნენო დედის ნახვას.

ნაწარმოები დაწერილი უნდა იყოს დედოფლის გარდაცვალებიდან პიტიახშის მოკვლამდე პერიოდში, ანუ 475-484 წლებში, ვიანაიდან არაფერია ნათქვამი ვარსქენის სიკვდილის შესახებ.

„შუშანიკის წამება“ ეპისტოლარული ჟანრის ნაწარმოებია. ასეთი სახის ნაწარმოებები იწერებოდა რომელიმე ეკლესიაში, ძირითადად იქ, სადაც მოწამე ცხოვრობდა და ეგზავნებოდა სხვა სამწყსოებს წასაკითხად.

როგორც ჩანს, იაკობ ხუცესი ძალიან კარგად იცნობდა ბიზანტიურ სამწერლო სისტემას და სწორედ მისი მიხედვით აუგია ნაწარმოები, კერძოდ: ავტორი წერს პირველ პირში, თვითმხილველია მოწამისა, საგანგებოდ აკვირდება მის ცხოვრებას, მოგვითხრობს თავისი პერსონაჟების წარმომავლობასა და ოჯახზე, აღწერს თვით იმ გეოგრაფიულ გარემოს და კლიმატურ პირობებსაც კი, რომელშიც მოწამეს უწევდა ცხოვრება. ნაწარმოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართლი წიგნიერი ქვეყანაა: დედოფალს სახარებასთან ერთად დააქვს „წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთანი“; სახარება გადმოცემულია ბერძნული სიტყვით “ევანგელჱ“; ნახსენებია მოციქული პავლე და მისი მოსაზრება; ვარაუდობენ, რომ იაკობს უნდა ესარგებლა უკვე ქართულად ნათარგმნი საღვთისმეტყველო წიგნებით, ვინაიდან ვხედავთ თხზულების ერთ ადგილას ციტატების კოლაჟს ფსალმუნიდან, სახარებიდან და პავლენიდან: „ესე ყოველი ცხორებაჲ, ვითარცა ყუავილი ველთაჲ, წარმავალ არს და დაუდგრომელ…“; ასევე დედოფალს ას ორმაცდაათი ფსალმუნი ზეპირად დაუსწავლია და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართულად დაისწავლიდა.

ვიგებთ იმასაც, რომ სადედოფლო სამოსი ყოფილა „ანტიოქიის პალეკარტი“; ნახსენებია ყოფითი დანიშნულების საგნები: ჭიქა, ასტამი, საკვრველი, გალიაკი, ბორკილი, გირჯაკი, ხალენი,, სასთუმალი, სასთაული, კუერთხი, ძაძაჲ ჯაჭვი, ალიზი, კილიკი, კუბასტი; ეკლესიაში უკვე გამოყოფილი ყოფილა საკურთხეველი. სანათლავს გადმოსცემს ბერძნული სიტყვა „ემბაზი“; პიტიახშის სასახლე გადმოცემულია სპარსული სიტყვით „ტაძარი“, ჯოჯიკისა – ბერძნული სიტყვით „პალატი“, ხოლო ღვთის სახლი ბერძნულით – „ეკლესია“; მთლიანი ქვეყნის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი „ყოველი ქართლი“, ხოლო ცალკეული მახარის აღსანიშნავად -„ქუეყანა: “საზღუართა მას ქართლისასა, ქუეყანასა ჰერეთისასა“; ქალაქი აღნიშნულია სიტყვით „დაბა“; ზოროასტრიზმი მოხსენებულია როგორც „ატროშანი“, „ცეცხლი“ „მოგობა“, „უღმრთონი“; ზოგადად სარწმუნოება გადმოცემული სიტყვით შჯული; ქრისტიანობისა და ცეცხლთაყვანისმცემლობის ოპოზიცია გადმოცემულია დევთა და წმინდანთა შეპირისპირებითაც: „მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა., ხოლო შენ დევნი შემოიხუენ“; ასევე მრავალფეროვანია ქარისტიანობის აღსანიშნავად გამოყენებული სინტაგმები: „გონიერება ქრისტჱსი“, „სარწმუნოება ქრისტჱსი“, „სასოებაჲ ქრისტჱსი“, მაგრამ დამკვიდრებული ჩანს ტერმინი “ქრისტიანენიც“; ქრისტე – „ღმერთი ცათაჲ და ქუწყანაჲსა“, „მეუფისა მას მეუფეთაჲსა“; ვიგებთ, რომ ეკლესიების გარდა, არსებულა მოწამეთა საფლავზე აშენებული სამარტვილენი, რომლებშიც წირვა არ აღესრულებოდა, მაგრამ მიმდინარეობდა ლოცვები; არ ჩანს სამონასტრო ცხოვრება, თუმცა ნახსენებია: ვანი ვინმე წმინდა კაცისა: „კაცისა ვისამე წმიდისა ვანად“; მოწამე გადმოცემულია ბერძნული სიტყვითაც „მარტვილი“; ეშმაკი ბოროტი ძალა კი სიტყვით -„მტერი“; გატოლებულია საქმე და ცოდვა: „ვინცა ეზიარეთ საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისათა“; „არა ვეზიარო საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისათა“;

ვიგებთ იმასაც, რომ დედოფლობაზე უარისმთქმელს უნდა დაებრუნებინა სადედოფლო სამკაულები, ვინაიდან მათ ესა თუ ის პიროვნება მანამდე ატარებდა, სანამ ჰქონდა დედოფლის ტიტული; ეს სამკაულები მკაცრად აღირიცხებოდა „და ყოველივე პოვა გებულადო“ – გვეუბნება იაკობი ამ სამკაულების პიტიხშისთვის გადაცემა-მიღების აქტის შესახებ; დიდი ხნის წასული და მერე მობრუნებული დიდებული ოჯახში მისვლამდე გზავნიდა მაცნეს – დესპანს, რათა ოჯახი შესაფერისი პატივით დახვედროდა. ეს ყოფილა საზოგადო წესი და არა ვარსქენის ახირება, თუმცა მწერალმა პიტიახშთან დაკავშირებით მის გამოყენებას დასცინა: „ვითარცა ერთგული სოფლად შევიდეს“. ნაწამოებიდან ვიგებთ იმასაც, რომ პატიმრის მოსანახულებლად დაწესებული ყოფილა გარკვეული ნიხრი, გადასახადი, თანაც არაოფიციალური: „ვუქადე ჭურჭერი ერთი სამისოჲ“; ჩანს აგრეთვე გაშვილება-ძუძუმტეობის ტრადიციაც; ქალის ხელსაქმეს ეწოდება „ჭიჭნაუხტის საქმე“; ვეცნობით დასჯის მეთოდებსაც: კუერთხით ცემა, მჯიღით ცემა, ასტამით, თმით თრევა, თესლ-ტომის გინება, თრევით მოთრევა; თავდაუბურავი და ფეხშიშველი ადამიანის ქუჩაში გატარება; ვეცნობით მაშინდელ იურიუდიულ ტერმინს „ბუნებითი ცოლი“, რაც კანონიერს აღნიშნავს, დასავლური შინაარსისგან განსხვავებით. იქ „ბუნებითს“ მხოლოდ ადამიანის ნებისა და ბიოლოგიური სწრაფვის გამომხატველის შინაარსი აქვს; ვიგებთ იმასაც, რომ სარწმუნოებისაგან განდგომა უცხო არ უნდა ყოფილიყო ყოველ ქართლში, ვინაიდან ჩამოყალიბებული ჩანს ტერმინი „განდგომილი“. არშუშა პიტიაში ქართული ლიტერატურისა და ისტორიის პირველი განდგომილია, რომელსაც „არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა, მახჳლი, არცა პყრობილებაჲ ქრისტეჱსთჳს“; რამდენადაც არ უნდა გაგვიკვირდეს, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა საქართველოს პირველმოწამის რაჟდენის მოღვაწეობაც, ანუ წარმოშობით სპარსი დიდებული რაჟდენი, პირველმოწამე და წარმოშობით ქართველი დიდებული ვარსქენი, განდგომილი, ერთი დროისა და ერთი სივრცის შვილები არიან;

თხზულებაში იაკობი დეტალურად აღგვიწერს მიცვალებულის გაპატიოსნების წესს: გადმოღება, განბანვა, შემოსვა, დაფვლა, რაც ემთხვევა მაცხოვრის გაპატიოსნების რიტუალს ჯვარცმის შემდგომ; კიდევ უფრო კონკრეტდება მწერალი დამარხვის წესის აღწერისას: ანგელოზის მსგავსად ღამის გათენება სანთლებით ხელში და ფსლმუნთა გალობით; უკვე არსებობს ფსალმუნთა კრებულის ქართული სახელწოდება „დავითნი“. მე-5 ს-ის ქართლში ასევე დამკვიდრებული ჩანს სანთლის დანთების პრაქტიკა, რომელიც პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს ნიკეაში დააკანონა; ჩამოყალიბებულია წმინდანთა პატივისცემის კულტი: დედოფლის მოსახსენიებლი დააწესეს წმინდა კოზმასა და დამიანეს მოხსენიების დღეს. თხზულებაში ვხვდებით თვეთა როგორც ბერძნულ-რომაულ სახელწოდებას -„ოკტობერი“, სპარსულს: „აპნისი“, ასევე ქართულს -„ ვარდობისთვე“. მაშინდელი საზოგადოება გადასული ჩანს კვირის დღეების ებრაულ სახელწოდებებზე „ორშაბათი“, „ხუთშაბათი“; შვიდ დღიან ციკლს ჰქვია „კჳრიაკე“; თხზულებაში გამოკვეთილი არ არის ქრისტიანული აღმსარებლობის მიმართულება, მაშინდელი მარხვის ციკლი ორმოცდაათ დღიანია, მარხვის შემდგომ დღესასწაულს ჰქვია „აღვსება“, ზეიმის აღსანიშნავად გამოყენებულია აგრეთვე სპარსული სიტყვა „ზატიკი“; ეკლესიაში სრულდება ცისკრისა და მწუხრის მსახურება; მამის გზის უარყოფა მიჩნეულია ღალატად; ვარსქენის მხარეს დადგომა მოსისხლეობად: “… მოსისხლეობაჲ იქმნა და თქუენ ყოველნი თანამდებ იქმენით“- მიმართავს დედოფალი ჯოჯიკს; ცოდვათაგან განწმენდის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს სისხლით განწმენდა: „სისხლი ესე განმწმედელ არს ცოდვათა ჩემთა“; გაზრდილი გამზედელის წინაშე დავალებული ყოფილა სიცოცხლით: „არა მისი გაზრდილი ხარა, და თუცა მოგკლას შენ მისთვს რაჲ არს“- ეუბნება იაკობი მცველს; ვხედავთ, რომ ჩამოყალიბებულია „დედოფალი-დედის“ ინსტიტუტიც: „ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ ყოველთა, ვითარცა დედა გვხედევდ“ – მიმართავს იაკობ ხუცესი შუშანიკს; სპარსეთის უმაღლესი საერო პირის აღსანიშნავად გამოყენებულია ფარდი ქართული ტიტული „მეფე“ და არა – სპარსული „შაჰი“.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“ მართლაც უმშვენიერესი ლიტერატურული ძეგლი და ასევე უძვირფასესი ისტორიული წყაროა, რომელშიც საქართველოს სპარსეთთან დაპირისპირება აშკარად არის გამოხატული პოლიტიკურ და სარწმუნოებრივ ჭრილში. ალბათ არ შევცდებით, თუკი ვიტყვით იმასაც, რომ იაკობ ხუცესმა თავის უმშვენიერეს ქმნილებაში ერთი წარჩინებული ქართული ოჯახისა და იმ დროინდელი ქართული სახელმწიფოს ტრაგედიის ფონზე წარმოგვიდგინა მცირე ეპიზოდი მაშინდელი მსოფლიო გეო-პოლიტიკური ომისა, რომელიც პერმანენტულად მიმდინარეობდა აღმოსავლეთ რომისა და სპარსეთის იმპერიებს შორის, სამწუხაროდ, ჩვენს ტერიტორიაზეც.

Gallery | This entry was posted in სტუმრები. Bookmark the permalink.

2 Responses to V საუკუნის ქართლი იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“ მიხედვით

  1. mari says:

    kargi iyo !!

  2. დიდი მადლობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s