მინდა გიამბოთ, გრამატიკის პოეტიკა, ანუ გრამატიკა ენის სულია, ლიტერატურა სულის წვრთნა

ქეთევან ჯერვალიძე

გრამატიკა ენის სულია, ლიტერატურა სულის წვრთნა და ეს სული თუ არ გაქვს, რა უნდა სწურთნო?

მინდა გიამბოთ,
გრამატიკის პოეტიკა, ანუ გრამატიკა ენის სულია, ლიტერატურა სულის წვრთნა

(თვალსაზრისი)

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

უპირველეს ყოვლისა, სათაურის შესახებ. „მინდა გიამბოთ“ – „მიამბე ციხის ნაშალოს“ ანალოგიით ავიღე, როგორც ჩანს, გაუცნობიერებლად, II ს-ის რომაელ გრამატიკოსს იულიუს გიგინუსს კი აქვს ნაშრომი „პოეტური ასტრონომია“. ანტიკურ პერიოდში და დღესაც „პოეტიკა“ ნიშნავდა და ნიშნავს ამა თუ იმ მეცნიერების შიდა განაწესს, შიდა კანონზომიერებას. იმას, რასაც არაცნობიერად თუ ცნობიერად ქმნის თავისთვის ნებისმიერი მეცნიერი თუ მწერალი. დიმიტრი ლიხაჩოვს ეკუთვნის „ძველი რუსული ლიტერატურის პოეტიკა“, სერგეი ავერინცევს „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა“, ასე რომ, წერილის სათაური მიბაძვითია. რაც შეეხება, სახელწოდების მესამე ნაწილს, -„გრამატიკა ენის სულია“ – ნამდვილად მე მეკუთვნის, ხოლო სათაურის მეოთხე ნაწილი „ლიტერატურა სულის წვრთნა“-აკაკი ბაქრაძეს.

ტექნიკური საგნები, სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ხოლო ჰუმანიტარულ საგნებში რა მდგომარეობაცაა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საგანგაშოა. ერთი პედაგოგის თანახმად, დღეს 10-იანს უწერენ ჩემი დროის სამოსანს, მთლად წყალწაღებულს. ასეთი საანეგდოტო სიტუაციააო: თუ სარკეს მიუტან ყმაწვილს ცხვირთან და დაორთქლავს – 6-იანი, თუ თვალს დააფახულებს, რაოდენობის მიხედვით 7-იანი, ან 8-იანი, ხოლო თუ იცნო, რომელი საგნის მასწავლებელს უყურებს და ენაც მოატრიალა პირში და კიდევ ერთი-ორი წინადადებაც მიაბა ერთმანეთს წერილობით,- 9-იანი და 10-იანიო. მართლაც, ახალგაზრდა ისე იღებს მაღალ ქულას ეროვნულ გამოცდებზე ავტორსა და თხზულებას ერთმანეთთან ვერ აკავშირებს. რამდენიმე ასეთ მაღალქულიანს პირადად ვიცნობ. ძირითადად მხოლოდ გაუაზრებლად და მექანიკურად იცის ახალგაზრდამ, თუ რაიმე იცის, ხოლო საზეპიროს ცოდნა ეს იგავმიუთხრობელი სასწაული თუ საკვირველებაა…რკინის ქალამანი რომ ჩაიცვათ და რკინის ჯოხი დაიჭიროთ, დღეს ორ ბავშვს ვეღარ იპოვით, ნასწავლი ლექსებიდან სტრიქონი ახსოვდეს. ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი, ძველებურ ბანოვანთა სილამაზის ქალბატონი თამარ ოქროპირიძე კი სამიანს არ დაწერდა, საზეპიროებს თუ არ ჩაურაკრაკებდი. გოგოს ეტყოდა: დედა უნდა გახდე და შენმა შვილებმა არ მინდა ცუდად მახსენონო, ვაჟებს ეტყოდა: კაცი უნდა დადგე და სიტყვა თქვა, გამოგადგება, არ მინდა, შენ გამო, ვინმემ მკვდარს შემომიკურთხოსო…მადლობა უფალს, რომ მე შემასწრო დიდებულ პედაგოგებს: თამარ ოქროპირიძეს, ქეთო მელაძეს, ლილი მელაძეს, ქეთო თოფურიას, ვენერა კუტალაძეს, დარეჯან ყოჩიაშვილს, მარიამ ცხოვრებაშვილს, გოგი აბაშიძეს, ნუნუ თულაშვილს, ნაილი ქემოკლიძეს, თინა ნიშნიანიძეს, მომიტევონ იმათმა სულებმა, ვინც ვერ ვახსენე. ჩემსობას თბილისის მე-60 სკოლაში არც ერთი დაბალი კატეგორიის პედაგოგი არ იყო, ვინ გააჭაჭანებდა? მათი ყოველი გაკვეთილი იყო საკვირველმოქმედება, ერთგვარი ღვთისმსახურება მაცხოვრისებური, თუმცა, მაშინ არანაირი წარმოდგენა მაცხოვარზე არ გვქონდა.. ძეებრი დამოკიდებულებით მამეულისმიერისადმი (ისევე, როგორც წარსულისადმი) – გვასწავლიდა პუშკინი – უზრუნველყოფილია „ადამიანის თვითმკვიდრობაო“ (ს. ს. ავერინცევი). არ შეიძლება წარსულისას ყველაფერს ებრძოლო, რაღაცას უნდა მიეხმარო კიდეც, არ შეიძლება წარსულთან ასეთი მკვეთრი პოლარიზება, თუნდაც მხოლოდ განათლების სისტემაში…

წერენ შაბლონებით, რასაც თითქოს ანათემა გამოუცხადეს… არ ვიცი, თუ რეფორმის მიზანი ისტორიული მეხსიერების დამოკლება და გენეტიკური კოდის გამოფიტვა იყო, მაშინ ეს ნამდვილად მიღწეულია და ამავე დროს სამარცხვინოცაა ეს მონაპოვარი ერისთვის, რომლის მითიური ისტორია ჰელიოსიდებით იწყება, ისტორიული კი – ფარნავაზით.

მოგეხსენებათ, სიტყვა „პედაგოგი“ ბერძნული წარმომავლობისაა და თავისი თავდაპირველი დანიშნულებით ნიშნავს მონას, რომელსაც ევალებოდა ბავშვის სკოლის შენობამდე მიცილება. სკოლას ბერძნები ეძახდნენ „დიდასკალეიონს“, მასწავლებელს კი „დიდასკალოსს“. სკოლაში მასწავლების ავტორიტეტი განხილვას არ ექვემდებარებოდა, განსაკუთრებით ეს ითქმის პითაგორელებზე „მასწავლებელმა თქვა“ – საღვთო რანგში ადიოდა. ძველ საბერძნეთში ძალიან ბევრი და სხვადსხვა მიმართულების სკოლა იყო, მაგრამ ძველი საბერძნეთი გახლდათ მონათმფლობელური დემოკრატიის ქვეყანა და მოწაფე სკოლისა და მასწავლებლის არჩევანში იყო თავისუფალი, ამავე დროს არც ერთ სკოლას პრეტენზია არ ჰქონდა ერთადერთობაზე, განუმეორებლობასა და საღვთო დანიშნულებაზე.

ისლამამდელ არაბეთში კი გმირი ითავსებდა მრავალგვარ ფუნქციას, მათ შორის პოეტისა და პედაგოგისას. მუსლიმანურ არაბეთში დამამცირებელ პროფესიათა შორის გამოირჩეოდა პედაგოგობა (კუტაბა) დაწყებითი სკოლის, მაშინ, როცა სწავლულობა ფრიად საპატიო იყო. თითქოს ეს სწავლულნი, დაწყებითი სწავლების გარეშე ხდებოდნენ სწავლულნი, მაგალითად. ალ-ჯახიკის წიგნებში „ცხოველთა შესახებ“, „მჭევრმეტყველების შესახებ“ და სხვა, მასწავლებელი წარმოდგენილი იყო უწვრთნელობისა და გონებაშეზღუდულობის მაგალითად, დასაცინად ყველასი, ანდაზაც კი არსებობდა არაბულ ყოფაში: “კარგ რჩევას როგორ უნდა ელოდე ადამიანისგან, რომელიც მთელ დროს ბავშვებთან ატარებსო…”

ქრისტიანობამ სულ სხვაგვარად შეხედა ამ საკითს. მან თქვა, რომ მაცხოვრის მოსვლამდე ყველა სკოლის მიზანი სწორედ საზოგადოების მომზადება იყო მხსნელთან შესახვედრად, რომ ერთადერთი პედაგოგი ქრისტეა, ხოლო მთელი სამყარო, ცისქვეშეთი კი – მისი სკოლა, რომ ამ სკოლაში ნებისმიერი ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე ბავშვია და მოწაფე.

ქრისტე არის პირველი მოსამართლე, პირველი მკურნალი და პირველი მოძღვარ-პედაგოგი, ამ სამ ფუნქციას შორის მოძღვარ-პედაგოგობა პირველ ადგილზეა, ვინაიდან, ის ითავსებს სამართლიანობისა და სიტყვით მკურნალობის ფუნქციებს, ანუ ეს სამი პროფესია გამოცხადდა საღვთოდ, მასწავლებლის ავტორიტეტი შეულახავად, პედაგოგები ირჩეოდნენ საგანგებოდ: “კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, (მათ. 10, 25. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშია“ გამოყენებული), ასევე საგანგებოდ ირჩეოდნენ მოწაფენიც. მოძღვარ-პედაგოგის ამ ავტორიტეტმა ოქტომბრის რევოლუციამდე მოატანა.

საქართველოს მეორე რუსული ოკუპაციის შემდეგ (1921 წ.) მენტალობის შეცვლის თვალსაზრისით, თაობათა შორის წყვეტა რომ მომხდარიყო, ძველ და კარგ პედაგოგებს მიუსიეს ახალგაზრდა საბჭოთა პედაგოგები, საქართველოს ისტორია (ქართველი ერის) დაიწყეს მე-19 საუკუნით, ხოლო ქართული ლიტერატურის ისტორია – დანიელ ჭონქაძითა და ეგნატე ნინოშვილით. ახალგაზრდებს ევალებოდათ, თუ სადმე იყო ძველი პედაგოგი მათი დაბეზღება, დაცინვა, დახვედრა და ცემა, რათა მათ დაეტოვებინათ სკოლა და შიმშილით დახოცილიყვნენ. 1936 წელს უკვე არც ერთი ქრისტიანი, ანუ მართლმადიდებელი აღარ უნდა ყოფილიყო სსრკ-ში. ეს პროცესი ალბათ არ შეჩერდებოდა, რომ არა 1941 წელი… ამ ომმა მიაბრუნა საბჭოთა ხელმძღვანელობა მარადიული და უცვლელი ქრისტიანული ფასეულობებისაკენ, რა დოზითა და კუთხით ეს უკვე ცალკე თემაა. ყოველ შემთხვევაში გულისხმიერება, ადამიანთმოყვარეობა ნელ-ნელა დაბრუნდა, თუმცა მოძღვარი და პედაგოგი საბოლოოდ აღმოჩნდა ცალ-ცალკე . პედაგოგმა დაიწყო ფიქრი ახალგაზრდაზე, ხოლო შემდეგ ასევე ნელ-ნელა დაიწყო ცოდნის პროფანაცია… დიდი პედაგოგები გაქრნენ და სკოლაში პედაგოგის ადგილი ხელმოცარულმა და შემგუებელმა პიროვნებამ დაიკავა, რომელთა დევიზად იქცა: „ვიღაც მოკვდება, ვიღაც დარჩება“ როგორც ვთქვი, მე კიდევ შევესწარი უდიდეს პედაგოგებს.

მოგეხსენებათ, ახლა ჩვენში უცხოური სკოლების ბუმია. მე არ ვიცი, როგორია ეს სკოლები, მაგრამ ჩემი სოცოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე, ჩემი მოკრძალებული სამოღვაწეო მასშტაბებიდან გამომდინარე, სულ ვიკვლევ და ვამოწმებ ქართული ენისა და ლიტერატურის მდგომარეობას შეძლებისამებრ ყველა სკოლაში. იმ თითოოროლა ახალგაზრდების შემოწმებით კი, ცხადია, ზუსტი სურათი ვერ გვექნება. მაგრამ ისიც ხომ არანორმალურია, მხოლოდ მცირემცოდნეებს ვხვდებოდე, თანაც შემთხვევით?

ასევე არ ვიცი, როგორი რეფორმა იგეგმება კიდევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს იშვიათია მოწაფე, ავტორსა და თხზულებას ერთმანეთთან აკავშირებდეს. როგორც ჩანს, ჩვენს ბავშვობაში ბიოგრაფიის საგანგებოდ შესწავლა ამ საქმეს ემსახურებოდა. ყველა მწერალი შემოქმედებით ასპარეზზე განა თავისი ცხოვრებიდან არ მოდის?..ასევე, ჲშვიათია, ახალგაზრდამ აზრიანად იცოდეს ქართული ენის გრამატიკა. იმ გრამატიკის სერიოზული სწავლაც თეორიული ნაწილით თავის დიდ საქმეს ასრულებდა ახალგაზრდის ჩამოყალიბებაში. გრამატიკა მათემატიკასავითაა. ის ახალგაზრდაში ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას. ჩემი მცირე პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, გრამატიკის კარგად გაგების შემდეგ ბავშვს მეხსიერება ეზრდებოდა, თვალში სიცოცხლის სხივი უდგებოდა, ხოლო ქართული პოეზიის ზეპირად სწავლა რაინდულ სულს აღვივებდა მასში, ხერხემალში მართავდა, ვინაიდან ქართული ლიტერატურა ეს „დიდბუნებოვანი და სახელოვანი გმირებისა“ და მოწამეთა ლიტერატურაა, ლექსიკურ მარაგს უმდიდრებდა ახალგაზრდას, გენეტიკურ კოდს კვებავდა. ამას გარდა, დღეს ქართულად აღზრდილ ქართველ ბავშვებს, განსაკუთრებით დედაქალაქში, კითხვის დასმით, ყურთასმენით სწორად ვეღარ გადაჰყავთ დინამიკური, სტატიკური, თუ საშუალ-ვნებითი გვარის ზმნები, განსაკუთრებოთ ორპირიანები III სერიის მწკრივებში. აღარ ესმით, განსხვავებას ვეღარ იჭერენ ფორმებში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რაღაც იფიტება თავისტვინის ქერქში, მასში ინახება თურმე ძველი ინფორმაცია. ენა ღარიბდება, ნელა კვდება, ხოლო ახალგაზრდის მეხსიერება მოკლდება, იცვლება გენეტიკური კოდი; ქართველს უვიწროვდება მშობლიურ ენასთან დამაკავშირებელი საშუალებები. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, ახალი თაობის, ორიენტირად ვიღებ 1992 წელს, აბსოლუტურ უმრავლესობას აწუხებს ეს დაავადება. ქართველი, ქართულად აღზრდილი ბავშვი, ამას ხომ გრამატიკის ცოდნის გარეშეც უნდა ახერხებდეს? ამავე დროს, ჩემი აზრით, არ შეიძლება: 1. ლიტერატურის სახელმძღვანელოებში იქნას ჩართული გრამატიკული ნაწილი, მაგ.: მსაზღვრელ-საზღვრულის ურთიერთობა,(აბნევს ბავშვს) თუ სხვა საკითხები, რაც ასე უხვადაა მიმობნეული ამ კრებულებში, ან ზმნა ისწავლებოდეს მხოლოდ პირების შეწყობის დონეზე; 2. კიდევ, თუ გატარდა ზმაში რეფორმა ინვერსიულ ზმნებთან დაკავშირებით, პირების შეწყობას ვგულისხმობ, მაშინ ეს რეფორმა უნდა განხორცელებულიყო სინტაქსშიც. პირების სხადასხვაგვარი შეწყობა ცვლილებას იწვევს, რაც გამოკვეთილად ჩანს ქვეწყობილ წინადადებაში: მაგალითად, ავიღოთ აკაკის ლექსიდან „ხატის წინ“ სტრიქონი: „მიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი“. “მიყვარს” – ეს მთავარი წინადადებაა, გადმოცემული ინვერსიული ზმნით, ანუ მასში მომხდარია პირის ნიშნების შებრუნება, მ – ი-ყვარ – ს, “მ”-ირ.01. “ს” S3; ლოგიკურად მე, ის, გრამატიკულად – ის, მე. ამ ზმნის ინვერსიულობა დიდი ისტორიული გზით არის განპირობებული. ეს ერთი შეხედვით წვრილმანი რამ, სინტაქსში სხვაობას იძლევა. თუ მთავარ წინადადებას ლოგიკურად შევუწყობთ პირებს, მაშინ ქვეწყობილი წინადადება ირიბი დამატებით დამოკიდებული გამოვა, თანაც ეს ირიბი დამატება სახელობით ბრუნვაში იქნება დაბრძანებული. ხოლო გრამატიკული ნიშნების მიხედვით შეწყობა კი დამოკიდებულ წინადადებას ქვემდებარული დამოკიდებული წინადადების სახეს მისცემს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მე აღვნიშნე ჩემს პუბლიკაციაში “აკაკი – “ხატის წინ”, რომელიც გამოაქვეყნა ბატონმა როსტომ ჩხეიძემ თავის ჟურნალში „ჩვენი მწერლობა“# 13 (65), 2008, ამ ჟურნალით სულს ითქვამს მართლაც ქართულ მწერლობაზე შეყვარებული, მის ბედზე მაფიქრალი ქართული საზოგადოება). დავურეკე პირადად აკადემიკოს ავთანდილ არაბულსაც… 3.სინტაქსისის ელემენტები ისეთ დროს შემოაქვთ, როცა მორფოლოგიის კურსი არ არის ბოლომდე დასრულებული. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს სასკოლო სახელმძღვანელოთა ავტორები ამ სახელმძღვანელოებს ჩვენთვის, კარგად მცოდნეთათვის წერენ და თან გვეკეკლუცებიან; 4. არ შეიძლება, მთელი სასკოლო პროგრამა ლიტერატურაში კლასიდან კლასში ძირითადად პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობას ეხებოდეს, თემატურად იყოს დალაგებული და მწერალი და ეპოქა იკარგებოდეს. სამშობლოს თემატიკა ქრებოდეს. აშშ რომ აშშ-ა იქაც კი საბავშვო ბაღიდან „ამერიკა, ამაერიკას“ ასწავლიან, ხოლო გარდაცვალების წინ ებრაელი თავის შვილს ანდერძად უტოვებს: „იყავი კარგი ებრაელი“; 5. ასევე არასწორად მიმაჩნია ზოგადად პედაგოგთა შერჩევა მხოლოდ წერილობითი, ან კომპიუტერული ტესტირების გზით, ზეპირი გასაუბრების, ხმის, მეტყველების კულტურის შემოწმების გარეშე. ისე, რატომ გვეთვლება თვითგადარჩენის სურვილი ცოდვად? რატომ არასოდეს არავინ ამუნათებს, ასეთი საკითხების გამო, ჩვენს მეზობელ მონოეთნიკურ და მომოკონფესიურ სომხებს?

ჩემი აზრით, რა ინფორმაციაზეც მე მიმიწვდება ხელი, ლოგიკა და უნარჩვევები, რაზეც დღეს ასეთი ბუმია, მხოლოდ პროფანირებული სილოგიზმებია, აბსოლუტურად მოკლებული ლოგიკას და მით უმეტეს, ადამიანთმოყვარეობას, რომ სწავლების ამ მეთოდს ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში დასცინა ლუკიანოს სამოსატელმა (სხვათა შორის, ლუკიანოსის „ნადიმს“ სწორედ „ჩვენი მწერლობის“ (# 13 (39) 2007 )მეშვეობით გაეცნო ქართველი მკითხველი, რომ ავადსახსენებელი „გაგვატარეთ“, „მუმიები“ ( ეს „მუმიები“ კაცობრიობის განვით არების ისტორიაა), „ჩარეცხილები“, „ჩასარეცხები“, „დასხედით და იტირეთ“, „ეს ვქენი და ის ვქენი და მაინც ბედნიერი ვარ, ცხოვრება მიხარია“ – სწორედ იმ ავადსახსენებელი წლების, მე -20 ს-ის 20-30-იანი წლების ექოა. როგორ უნდა იყო ბედნიერი, თუ შენ ირგვლივ ამდენი უბედურია?! ილია კედელზე კი არ უნდა ჩამოვიკიდოთ, არამედ წავიკითხოთ და გავიაზროთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ლოგიკა, ფსიქოლოგია და ეთნოფსიქოლოგია – როგორც ბრძანა მისმა უწმინდესობამ, შევკრათ აზროვნებაში სისტემა. უნდა შემოვბრუნდეთ იაკობ გოგებაშვილისკენ, ილიასკენ: „საქმე ის არის, კაცს ის უყვარდეს, ვინც ბედისაგან დაჩაგრულია“; „დედავ ისმინე ქართვლის ვედრება…“ვაჟასკენ: განა ყველა რაც ხმელია, კაცისგან საწუნარია?! გალაკტიონისკენ: „ჩვენ მოგვაქვს დროშა დიდი მგოსნების, დროშა სამშობლოს მსახურებისა და უმაღლესი პატიოსნების?! და კიდე სხვა დიდბუნებოვანი ქართველებისკენ, მათი იდეებისკენ, ვინაიდან მხოლოდ იმ ერს უწერია სიცოცხლე, რომელსაც ჰარმონიულად შეუძლია წარსულისა და აწმყოს სინთეზი მომავლისთვის და ამ გზაზე აზროვნებაში სისტემაშეკრული პედაგოგის ფუნქცია, რომელსაც გულთან მიაქვს ახალგაზრდისა და სამშობლოს ბედი, წარმოუდგენლად დიდია.

ჩვენ ასე გვასწავლიდნენ, რომ სწავლება არის ურთულესი მასალის ყმაწვილამდე თუ ახალგაზრდამდე იოლად მიტანის პროცესიო. დიდი გერმანელი ენათმეცნიერის ჰუმბოლტის სისტემა სწავლების სწორედ ამ ფორმას გულისხმობდა. ჰუმბოლტის სისტემა ეს გერმანული სისტემაა და არა – რუსული. ხატოვნად რომ ვთქვათ, სწავლა იწყებოდა ფესვიდან და მიემართებოდა ღეროთი ზემოთ, იტოტებოდა, ისხამდა ფოთოლსა და ნაყოფს, ფესვებიდან დიოდა ვეშა წყარო. სარგებელს ყველა ნახულობდა: „ორგნითვე ნაყოფს მოსცემდა, ვისგანაც მოიწეოდა“ – დ. გურამიშვილის ეს სიტყვები „ვეფხისტყაოსნისა“ და მისი ავტორისადმი მიძღვნილი, ზედმიწევნით მიესადაგება აღწერილ სიტუაციას. ახლანდელი სისტემა აბსტრაქციონისტების ნამუშევრებს მაგონებს. სწავლებაში აბსტრაქციონიზმი სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია, მასალის კარგად დაუფლების გარეშე, მერე კი აუცილებელიცაა, რათა ეპოქების მიხედვით ნასწავლი მასალა გამთლიანდეს, მსგავსება და სხვაობა გამოიკვეთოს ახლგაზრდამ თავისუფლად ინავარდოს საუკუნეებს შორის, გადახტ-მადმოხტეს აქეთ და იქეთ…

PS. არის წუთები, როდესაც აბსოლუტური უიმედობა მეუფლება და ვფიქრობ საკუთარ თავზე: “გამოვჩნდი რა მეც პავლე მოციქული, ვის რაში სჭირდება დღეს მამულსა და ენაზე დარდი, გაეროს მონაცემებით ხომ 2050 წლისთვის ჩვენ, ავტოხთონები, უკვე უმცირესობა ვიქნებით?! სამყაროს ხომ დიალექტიკის კანონები მართავს?.. მაგრამ ისეთი წუთებიც არის, როდესაც ბებოჩემისეული შეგონება მახსენდება: „უკვლოვ, რაიზა სტირ, ნუმც ჩაჰქრობიხარ დღეს“ (ბებოჩემმა, ნახევრად ქისტმა, წერა-კითხვა არ იცოდა), მერე მას ვაჟაც წამოეწევა ხოლმე: „აგრემც ექმნები პაპაშენს

დღეგრძელიო და სრულიო,
ნუ დაისვენებ, ებრძოლე
მტერს, მინამ გიდგა სულიო.
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,
ეგ არის ჩვენი რჯულიო.“

 

Gallery | This entry was posted in ესე. Bookmark the permalink.

2 Responses to მინდა გიამბოთ, გრამატიკის პოეტიკა, ანუ გრამატიკა ენის სულია, ლიტერატურა სულის წვრთნა

  1. dare says:

    ფრიად აქტუალური წერილია, ქალბატონო ქეთევან! თუ ჩვენს ერს დღეს გადაარჩენს, მხოლოდ ამგვარი აზროვნება და ამ აზროვნებაზე დაფუძნებული საქმე. ეს უნდა წაიკითხოს ყველა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, უნდა გააცნობიეროს და საქმეში გადაიტანოს, ხორცი შეასხას! ამ წერილს უნდა გაეცნოს ასევე ყველა ახალგაზრდა, რომ მთავარს ეზიაროს, ამ მთავარზე ფიქრი ისწავლოს. მე როგორც პედაგოგი ვიტყვი, რომ ამ წერილის მიზანდასახულობა ქართული ენისა და ლიტერატურის ყველა მასწავლებელმა მიზნად უნდა იქცეს!

  2. nana kobakhidze says:

    ქალბატონო ქეთევან!
    წავიკითხე თქვენი სტატია “გრამატიკა ენის სულია…”. ვერ წარმოიდგენთ, როგორი აღფრთოვანებული ვარ. თითქოს,ის რაც ძალიან მაწუხებდა და გამოთქმას ვერ ვახერხებდი (და რა თქმა უნდა, ასე ვერც მოვახერხებდი), თქვენ არაჩვეულებრივი კომპეტენტურობით გადმოეცით ამ სტატიაში. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ წამაკითხეთ ეს წერილი.
    ისე, ძალიან მაინტერესებს, რა გიპასუხათ არაბულმა?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s