ს. ს. ავერინცევი სულ უფრო ციცაბოდ მაღლდებიან საფეხურები…

დიალოგი წიგნაკიდან „ცდანი თვითგარკვევისა“
ჟურნალ „ოგონიოკის“ ბიბლიოთეკის სერია №13, 1988.
რუსულიდან თარგმნეს ქეთევან ჯერვალიძემ და ნინო პეტრიაშვილმა
ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“ №8 (216) 2014

ს. ს. ავერინცევი

სულ უფრო ციცაბოდ მაღლდებიან საფეხურები…

 

chveni_mtserlobaსერგეი სერგეევიჩ, თქვენთვის, ალბათ, არაერთხელ უსაყვედურებიათ,თქვენი წიგნების სირთულეთა გამო, სახელდობრ, „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკის“ გამო. მასში კვლევის შინაგანი მხარე მიმართულია სიღრმისკენ. ხომ არ ვხედავთ აქ „გაგებინებისთვის მსახურების“ ფილოლოგიურ პარადოქსს? ის ხომ თვითონ ქმნის რაღაც ძნელად მისაწვდომს გაგებინებისათვის? თქვენ, როგორც ფილოლოგს, რა გინდათ ფილოლოგიისგან? რას ისურვებდით მისთვის?

– თქვენი პირველი სიტყვები, გამოგიტყდებით, საგონებელში მაგდებს, მერიდება ამაზე რაიმე ვთქვა, ვინაიდან მათზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ თავი ვიქო. პირდაპირ კითხვაზე კი გიპასუხებთ: არა, არ მემდურიან, ჩემი ნაშრომების სირთულის გამო. რამდენადაც ვიცი, პირიქითაა საქმე: ჩემი თანამოსაუბრენი და კორესპოდენტები, ნაცნობები და უცნობები, თანახმანი და ცხარე მოწინააღმდეგენი, კოლეგები და მკითხველები, ჩემი საქმიანობისაგან შორსმდგომნი, არცთუ გაოცების გარეშე, მარწმუნებდნენ, რომ მათთვის მოულოდნელადაც კი, ყველა იგებდა. მეგობრები, ბევრს რომ მაკრიტიკებდნენ, სწორედ სიცხადისა გამო, მაქებდნენ. მინდა, ვიფიქრო, რომ ისინი მართალნი არიან, ვინაიდან მე ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავ ამისთვის, რათა აზრის გამოხატვისას მკაფიოებას მივაღწიო, მაგრამ ვაღწევ თუ არა, არ ვიცი. ვერავინ იქნება საკუთარი თავის მსაჯული.

მეორე საკითხი ისაა, რომ მე ხშირად მიწევს იმ საგანებზე საუბარი, რომელთა შესახებ ლაპარაკი ძნელია, თვით ამ საგანთა სირთულის გამო. მათ შესახებ თვით ჩემთვისაც არ არის ყველაფერი ნათელი და ამას მე არ ვმალავ მკითხველისგან. როგორც ცნობილია, ლუდვიგ ვიტგენშტეინი (ავსტრიელი ფილოსოფოს-ლოგიკოსი 1889-1951) — თვლიდა, რომ საჭიროა, მხოლოდ ის ვთქვათ, რაც გამოთქმას ექვემდებარება, დანარჩენზე კი გავჩუმდეთ; მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში, ხელოვნებაში, აზროვნებაში ყველაფერი დამოკიდებულია სიტყვებზე, რომელნიც გამოსათქმელთან დგანან საზღვარზე და გამოუთქმელის ტერიტორიიდან მოიპოვებენ თუნდაც ერთ ციდა ცოდნას გამოსათქმელად. სხვაგვარად აზრი არაფერს აქვს.

შესაძლოა, ხანდახან ჩვენ მისაღებად მივიჩნევთ იმას, რაც მხოლოდ მისაღებია. მე ვფიქრობ, ვერგაგების ყველაზე ცუდი ფორმა ისაა, რაც შეუმჩნეველი რჩება, რასაც დაღეჭვის გარეშე ყლაპავ. ზოგჯერ გიწევს, გამოხატვის რთულ ფორმებს მიმართო, რათა დაამსხვრიო სიტყვათა მიღმა მდგომი ავტომატიზმი, გამოაღვიძო საკუთარი თავიც და მკითხველიც. ასეთი გაგება საბოლოო ჯამში გაგებინებას ემსახურება, განა ასე არაა?. მაგრამ მიზანი ამ გაგებინებისა, როგორც თქვენ უწოდეთ, მიმართული უნდა იყოს „სიღრმისკენ“, მაგრამ გამოხატვის გარეგანი ფორმა სწორედ განსაზღვრული მკითხველისკენ უნდა იყოს მიმართული (ვიწრო და ფართო წრის მკითხველისათვის, ტექსტის პოპულარობიდან გამომდინარე). საკუთარ თავთან საუბრის პერსპექტივა მე სულაც არ მხიბლავს.

ფილოლოგის ამოცანა, როგორც მე მესმის, სულ ცოტა 4-ჯერ მაინც ავხსენი სტატიებში „ფილოლოგია”, („Краткая литературная энциклопедия“, т. 7), „ქებათაქება ფილოლოგიას – Похвальное слово филологии“ („ Юность“, 1969, №1) ; „ჩვენი თანამოსაუბრე – ძველი ავტორი -Наш собеседник – древний автор“ („Литературная газета“ от 16 октября 1974 г.).. და „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა – Поэтика раневизантийской литературы“. ამის შემდეგ არ მინდა, რეზონიორის სასაცილო როლში აღმოვჩნდე, რომელიმე ევგენია საზანოვისა, ფილოლოგიიდან. იოლია, სამყაროს ასწავლო, რა უნდა აკეთოს, ძნელია, თვითონ გააკეთო. რას ვისურვებდი ფილოლოგიისთვის? მაგალითად, გამოკვლევების შესახებ, რომელნიც შეაერთებდნენ ცოდნისა და მეთოდების აუცილებელ აღკაზმულობას გონების ხალას სიჯანსაღესთან, სიცინცხლესთან, თუნდაც თვალსაზრისის უბრალოებას ნების სიწმინდესთან, იმასთან, რასაც ზოგჯერ ჩვენ, გვაქვს ბედნიერება, იმ ადამიანებში წავაწყდეთ, რომელნიც არ არიან სწავლულნი, საზოგადოდ, არიან „არავინ“. ჩემს ოცნებას აქვს კიდევ ერთი მხარე: ადამიანი, რომელმაც თავისი გონებრივი და ადამიანური გამოცდილებით იცის მხოლოდ დღევანდელ დღის მოარული მოსაზრებანი – ასე რომ ვთქვათ, ისტორიული პროვინციალიზმის მსხვერპლია. ყოველ დროს აქვს თავისი საზღვრები და შესაძლებლობები: განსხვავებული ეპოქების წვდომა – არის შანსი, გავიფართოვოთ საკუთარი თვალსაწიერი და ვისწავლოთ განსხვავება პროგრესსა და მოდას, აქსიომასა და ცრურწმენას შორის.

_ ახლა კი თუ ნებას მომცემთ, რამდენიმე კითხვა, რომლებიც ეხება თქვენს კულტურო-ისტორიულ „ვნებებს“. რომელი ისტორიული ეპოქებია თქვენთვის მახლობელი?

_ისტორიული ეპოქები, ეს რაღაც ძალიან დიდია, უფრო მარტივი იქნებოდა, ყოველი პოქიდან „საკუთარი“ დაგვესახელებინა. მაგალითად, თუნდაც ანტიკურობასა და შუა საუკუნეებს შორის გარდამავალი ეპოქა, რომელმაც მყისიერად შეაერთა ანტიკური სიმდიდრე და შუა საუკუნეების გამჭვირვალობა ისე, როგორადაც ეს შეუძლებელი იყო მომხდარიყო ამაზე უფრო ადრე და ასევე – ამაზე უფრო გვიან. სხვა შემთხვევაში რავენის მოზაიკათა ეპოქა არ იქნებოდა ჩემთვის ახლობელი და მას ხელს არ მოვკიდებდი. აბა, როგორ შეიძლება ნოვგოროდისა და რუბლიოვის გარეშე ცხოვრება? კიდევ? გოთიკა – საფრანგეთი შარტრის ტაძრის გარეშე, იტალია იაკოპონე ტოდის გარეშე, ევროპა მე- 17 ს-ის გარეშე: მუსიკა, არქიტექტურა, პასკალი (1623-1662), ფილოლოგია, გერმანული რომანტიზმიც საკუთარია. არა იმდენად ნოვალისი (1772-1801), რამდენადაც კლემენს ბრენტანო (1778-1842), შუბერტი (1758-1825), კასპარ დავიდ ფრიდრიხი (1774-1840).

-თუ , მაგალითად, მე – 20 ს-ის დასაწყისზე ვისაუბრებთ, რატომაა ვიაჩესლავ ივანოვი (1866-1949) უფრო ახლობელი, ვიდრე ანდრეი ბელი (1880-1934)?

– სწორედ ისტორიული მეხსიერების უნიკალური გრძნობის გამოისობით, რომელიც სიტყვაში ცხოვრობს, მკვრივი, შეკუმშული, მიზანმიმართული სიტყვის კონკრეტულობაში. ზოგადად რომ ვთქვათ, არსებობს ორი შესაძლებლობა, მოვაწყოთ ბრწყინვალე სანახობა. შეგვიძლია, ავაშენოთ შენობა და შეგვიძლია, ღამე გავაჩაღოთ კოცონი. განსხვავება ის იქნება, რომ შენობა დარჩება, კოცონი ჩაქრება და ხანძრისაგან დარჩება ფერფლი. ანდრეი ბელის მშფოთვარე და ნერვიული, მგზნებარე პროზა, თუ გნებავთ, მისი გენიალური პოემა „პირველი პაემანი“ – ხანძარივითაა. ვიაჩესლავ ივანოვი კი ქმნის და კიდევ: ანდრეი ბელის განსჯანი წარსული კულტურის შესახებ (მაგ. „ოფეირის “ შენიშვნები), მიუხედავად სტილის მთელი ფორსირებული გამომხატველობისა და მთელი ჭირვეული, ახირებული, (დამაბნეველი) იდოსინკრაზიებისა, ტრივიალურია. ივანოვთან კი – მასზეც, რაც იწვევს პროტესტს, გსურს იფიქრო. მისი ისტორიული ინტუიციები მდიდარია, სრულია, ვიდრე ის ერთი შეხედვით გეჩვენებათ. ივანოვთან არის საიდუმლო და არა საიდუმლობანას თამაში.

-რას კითხულობთ, როცა ისვენებთ?

– ალბათ იქედან, თუ როგორ ვწერ, ჩანს, რომ ლექსების გარეშე არ შემიძლია. ჩემი დასვენებაა კიდევ არცთუ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ინგლისელი მწერლის ტოლკინის (1892-1973) ფანტასტიკური პროზა („ბეჭედთა მბრძანებელი“, „სილმარილიონი“ და ა. შ. მათში ზღაპრული პერსონაჟებია: ელფები, გნომები ხობიტები, ტროლები, გობლინები და აშ., მაგრამ ეს არ არის ზღაპრები, უფრო საგმირო ეპოსია, შეიძლება, სარაინდო რომანიც ვუწოდოთ. შეუძლებელია მათი უბრალოდ კითხვა, თუ არ იმყოფები ამ სამყაროს გარეთ და გვერდიდან არ უყურებ მას. უნდა შეაღწიო მის სფეროში, რათა მისმა სტიქიამ შენს თავზე შეკრას კამარა. მე მიყვარს ასეთი წიგნები, მათ მიეკუთვნება აგრეთვე „რომანსები როზარიას შესახებ“ – ზემოთ ნახსენები ბრენტანოსი (1778-1842), ასევე ძალიან გრძელი ლექსები – ვერ წარმოიდგენთ, როგორ მახარებს მათისიგრძე – საუკუნის დასაწყისის ფრანგი პოეტის შარლ პეგისა (1873 -1914). მათი კითხვისას ადამანი ფიზიკურ სამყაროში კი არა, ლექსის სამყაროშია. სუნთქავს მისი ჰაერით, ის გშიათ, ნთქავთ მათ.

– კი, მაგრამ ისეთი “გასართობი“ მწერალი რითიღაა თქვენთვის ახლობელი, როგორიც ჩესტერტონია (1874 – 1936)?

– ყოველ შემთხვევაში არა გასართობად, მისდამი ძალიან დიდი სიყვარულისა გამო. მე შემიძლია, ვიკითხო მისი დეტექტივები, მაგრამ მიყვარს მისი ზოგიერთი წიგნი, განსაკუთრებით მისი პოემა მეფე ალფრედზე „თეთრი ცხენი“ და ესეისტური პროზა. პირველ რიგში, მას ჰქონდა უნარი შეექმნა სურათები ხალასი ფერებითა და კონტურებით, ვითარცა კარგი ბავშვის წარმოსახვის პროდუქტი და რატომღაც, წარმოუდგენლად მოუსაზრებელი, არნახული მოუსაზრებლობისაც, საბოლოო ჯამში კი რეალობისადმი მაინც ერთგული დარჩენილიყო. მეორე, მას ჰქონდა იმედის რწმენა – გამარჯვებისა და დამარცხების საწინააღმდგო. ის ცხოვრებას უყურებდა როგორც რაინდულ თავგადასავალს, რომლის ბოლოც სრულიად უცნობია და რომელიც სწორედ ამიტომ უნდა იქნას მიღებული დიდი სიხარულით. „იარე სიხარულით ბნელში“ – თქმულია მასში. შეიძლება დარწმუნებული იყო საკუთარ თავსა და გამარჯვებაში – ეს საზიზღრობა და სიბრიყვეა; შეიძლება მიმოირყეოდე გამარჯვების ნეტარებას და მარცხის შიშს შორის და ეს სამარცხვინოა; შეიძლება იყო მოჯადოებული წარუმატებლობის საფრთხის გამო და ეს მხდლურია; შეიძლება იყო გულგრილი მომავლის წინაშე და ეს სიკვდილია. კეთილშობილება და სიხარული – აი, ამ ოთხი შესაძლებლობიდან გასვლა – იმაში მდგომარეობს, რომ მხიარულად მიდიოდე წყვდიადში, როგორც კარგმა ბავშვმა თამაშში ჩადო მთელი შენი ძალები და ამავ დროულად ფინალს შეხედო მშვიდად, სრული მზაობით იმისა, რომ აღმოჩნდე განადგურებული და დასაცინი… ბრძოლის რისკით, – ამის მტკიცებით ის არ იღლება – უზრუნველიყოფა „ჯადოსნური სამყაროს პატივი“, თავისუფლება და სილამაზე. ამას გარდა, აქვს ბავშვური განცდა სიძვირფასისა და ბრწყინვალებისა სრულიად უბრალო საგნებში, რომლებსაც უფროსები მოწყენით უმზერენ. მის ადრეულ უმწიფარ ლექსებში ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვი ფიქრობს: თუკი მას თუნდაც ერთი დღით გამოუშვებდნენ წუთისოფელში, თუკი უფლებას მისცემდნენ ცხოვრების ჭიდილსა და თამაშში მონაწილეობა მიეღო, ეს იქნებოდა სიხარული და პატივი, რომ ის არ იწუწუნებდა სიძნელეთა გამო და არ გაიბუტებოდა არანაირ წყენათა გამო. ჩესტერტონი კაცობრიობის მორალური ტრადიციების ყველაზე თავმომაბეზრებელ ტრუიზმს უყურებდა როგორც ღირსების ჰერალდიკას, რომლის გულისთვისაც ღირდა ბრძოლაში ჩაბმა და დაე, დაეცინათ შენთვის. განა ეს ცოტაა შესაყვარებლად?

– გაქვთ რაიმე საიდუმლო შრომისუნარიანობის აღსადგენად?

– არნაირი! გამიხარდებოდა გამეგო, თუკი ის ვინმეს აქვს, მაგრამ ამეების მე არ მჯერა. თუმცა ეს კია, არაფერი გავაკეთო აზარტის გამო, გამარჯვებისაკენ სწრაფვის გამო, როგორც ასეთისადმი. თუკი მათ ბოლომდე დავივიწყებთ, მუშაობა უფრო გაიოლდება.

ძველჩინელი ბრძენი ჯუან-ძი (369-286) ჰყვება ოსტატზე, რომელიც ხისგან რაღაცას აკეთებდა. მისი მთავარი პრობლემა ის იყო, დაევიწყებინა დამკვეთის ვინაობა, რა გასამრჯელო უნდა მიეღო, ბოლოს და ბოლოს თვით საკუთარი სახელიც კი და როცა ამ მიზანს მიაღწია, ის წავიდა ტყეში და დაინახა ხე, რომელსაც სურდა შეკვეთილ ნივთად ქცეულიყო. მისი ბუნება შეერწყა ხის ბუნებას და შემდეგ ყველაფერი თავისთავად გამოვიდა. ცხადია, ეს ოსტატი მე არ ვარ, არამედ ჩემი ძალიან, ძალიან შორეული იდეალია.

1981 წ.

Gallery | This entry was posted in თარგმანი. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s