ლუიჯი ალამანი ტულუზის გრაფის ასული ბიანკა

ლუიჯი ალამანი (1495-1556)

 

Luigi Alamanniაღორძინების ეპოქის იტალიელი პოეტი და პოლიტიკოსი, უაღესად მრავალმხრივი მოღვაწე ლუიჯი ალამანი (1495-1556) წარმოშობით ცნობილი ოჯახიშვილი იყო. მან განათლებაც თავისი სოციალური მდგომარეობის შესაფერი მიიღო და ადრიდანვე ჩაერთო ფლორენციის რჩეული საზოგადოების: მწერლების, მხატვრებისა და სწავლულთა წრეში, რომელნიც ორიჩელის ბაღებში იკრიბებოდნენ ხოლმე. ასეთ ბაღებს მაშინ ჯერ კიდევ არ იცნობდნენ სხვა ქვეყნები. ცენტრალურ იტალიაში მდებარე ფლორენცია კი, მოგეხსენებათ, XV-XVI სს-ში რენესანსის მთავარ ცენტრს წარმოადგენდა. ალამანის ურთიერთობა ჰქონია იტალიის უდიდეს შვილთან, თავისზე ბევრად უფროს მაკიაველთან (1469-1527), რომელსაც  მისთვის 1520  წელს თავის მიერ დაწერილი „ცხოვრება ლუკელი კასტრუჩო კასტრაკანისა“ მიუძღვნია., ლუიჯი ალამანი თავისი პოლიტიკური მრწამსით რესპუბლიკელი გახლდათ, რის გამოც იგი გარეული აღმოჩნდა ჯულიო მედიჩის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და იძულებული გახდა ჯერ ვენეციაში გაქცეულიყო, შემდეგ კი, როცა ჯულიო მედიჩი კლემენტ VII-ის (1523-1534) სახელით რომის პაპის ტახტზე ავიდა, ის უკვე საფრანგეთში გადადის და კულტურის მოღვაწეთა მიმართ კეთილგანწყობილ ფრანსუა I-ის (1494-1547) კალთას აფარებს თავს. ორგზის დევნილ რესპუბლიკელ  მწერალს უცხო ქვეყანაში ცხოვრებას ისიც უადვილება, რომ იმ დროს დასავლეთ ევროპის კულტურა მძლავრ იმპულსს სწორედ იტალიიდან იღებდა. მოდაში იყო ყოველივე იტალიური. ამავე დროს უდიდესი შვილების პატრონი იტალია, როგორც ქვეყანა,  დაშლილი იყო მრავალ სამეფოდ და დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებად, შეიძლება ითქვას,  რომ იყო ოკუპირებულ-ანექსირებულიც.  ამასთანავე, მთელი ევროპა გახვეული გახლდათ კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის მიმდინარე მრავალწლიან  რელიგიურ  ომშიც. კათოლიციზმს, ანუ რომს უპირისპირდებოდა  ლამის მთელი დასავლეთ ევროპა, იყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და იყო მთელი ევროპის უდიდესი საფრთხე – ოსმალეთი.

ლუიჯი ალამანის სახელით იტალიური ნოველისტიკის ისტორიას ერთადერთი ნოველა ,,ტულუზის გრაფის ასული ბიანკა“ შეემატა (1524-1525). ეს ნოველა წმინდა ,,რაინდულ“ ნოველათა კატეგორიას განეკუთვნება და ფანტაზიის სიმდიდრით იქცევს მკითხველის ყურადღებას. მასში ავტორი ხოტბას ასხამს ჭეშმარიტ კეთილშობილებას, კიცხავს მანკიერებას – სიძუნწეს, რაც საზოგადოდ დამახასიათებელია მთელი მისი შემოქმედებისთვის. არ არის გამორიცხული   სერვანტესის „სამოძღვრებო ნოველებისთვის“ იტალიურ ნოველებს, მათ შორის ლუიჯი ალამანისასაც მიეცა ბიძგი. სერვანტესი ხომ 1569-1571 წწ-ში კარდინალ ჯიულიო აკვავიტას კამერდინერად მუშაობდა რომში. ალამანის  ნოველის სახელწოდება პირობითია. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგთა მოსაზრებით, მწერლის ამ ერთადერთ ნოველას იტალიური ნოველისტიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი არ შეუსრულებია.  არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ ეს ნოველა აღორძინების ეპოქის ნოველის ჟანრის საუკეთესო ნიმუშია.

ლუიჯი ალამანი წერდა აგრეთვე ეკლოგებს, ესოდენ მოდურად რომ ითვლებოდა აღორძინების ეპოქიდან XIX ს-მდე, ასევე სატირებს, ჰიმნებს, ელეგიებს, არაკებს, ეპიგრამებს. მის კალამს ეკუთვნის ვერგილიუსის  გეორგიკების“ მიბაძვით დაწერილი დიდაქტიკური პოემა „მიწათმოქმედების შესახებ – La Coltivazione“, (1546), რომელსაც იტალიელები აღორძინების ეპოქის სხვა დიდაქტიკოსების ქმნილებებზე მაღლა აყენებდნენ, მაგ. ჯოვანი რუჩელაის (1475-1525) პოემაზე მაღლა – „ფუტკრების მოვლის შესახებ“ და თვით ალამანის შემოქმედებიდანაც საუკეთესოდ მიიჩნევდნენ; ეპიკური პოემები: „გირონი და კორტესი – Girone il Cortese“ 1548;  „აბარქაიდა- L’Avarchide“, ჰომეროსის მიბაძვით ( 1570 წ.);  თუმცა მას არ გამოუვიდა „ახალი ილიადა“;  ზემოხსენებული ნაწარმოებები  დღეს არსებითად დავიწყებულია. მას  დაუწერია პლავტუსისა და ტერენციუსის მიბაძვით კომედია,  „ფლორა“; ტრაგედია „ანტიგონე“ კი –   სოფოკლეს მიბაძვით; მის კალამს ეკუთვნის ე.წ. ,,პეტრარკებიც“, პეტრარკას (1304-1374) მიბაძვით შექმნილი ლექსები და პოემები, რომელთა შეთხზვისასაც ავტორი ყურადღებას უპირველესად სტილის სრულყოფასა და დახვეწას ანიჭებდა. ლუიჯი ალამანიც (როგორც ლეონარდო დავინჩი) გარდაიცვალა საფრანგეთში ამბუაზეში, სადაც ის სამეფო კართან ერთად იყო წასული.

ტულუზის   გრაფის ასული   ბიანკა

იტალიურიდან თარგმნა
ლალი ბურდულმა
ბარბაჩა-ჰოჰენშტაუფენ-შვაბილემა
რედაქტირება, შესავალი წერილი და კომენტარები
ქეთევან ჯერვალიძისა

ჟურნალი „არილი № 3-4 (198-199) 2004.
ელექტრონული ვერსია   პაატა კობერიძისა

 

მის მოწყალებას, დიდმშვენიერ სენიორას, მადამ ბატინა ლავრარა სპინოლას.

ტულუზის გრაფის ასული ბიანკა უარყოფს ბარსელონის გრაფის ვაჟის წინადადებას, რომელსაც ხელის თხოვნისას სიძუნწე შეატყო. ასულის მამა, რომელმაც საზეიმო ფიცი მისცა ცოლს, ვერ ახერხებს შვილს გათხოვება დააძალოს, თუმცა იცის, რომ ეს დამოყვრება შეარიგებდა დიდი ხნის განმავლობაში სამკვდროდ წაკიდებულ ორ სენიორს. მოვლენათა უჩვეულო განვითარების წყალობით, ბიანკა, ისე რომ თვითონაც არაფერი იცის, ცოლი ხდება ჭაბუკისა, რომელიც ასულზე უზომოდ შეყვარებული, თავს ძვირფასი თვლებით მოვაჭრედ ასაღებს. გაუსაძლის და გაუთავებულ მძიმე ყოფას გრაფის ასული ღირსეული სიმტკიცით იტანს. ბოლოს კი, თავდაპირველი უარის საპასუხოდ გადახდილი შურისძიებით კმაყოფილი ქმარი, ქალს თავის ნამდვილ ვინაობას უმხელს და ისინიერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ.

ფუჭი და დროის ამაო ფლანგვა იქნება, ჩემო დიდმშვენიერო ქალაბატონო, ესაუბრო იმათ, ვისაც მიაჩნიათ, რომ ბუნების ძალები აღემატებიან სიყვარულის ძალებს. რომც მომენდომებინა ყველა მტკიცებულებისა და ფაქტის მოყვანა ამ მოსაზრების უარსაყოფად, თავს შევაწყენდი თქვენს მოწყალებას და მეც ამაოდ დავშვრებოდი (1). ამის მაგივრად, შორს რომ არ წავიდეთ, მირჩევნია, საკუთარი თავი შემოგთავაზოთ მაგალითად.   

მე – ბუნებამ, სხვადასხვა ნიჭთა უხვად მფენელმა, თავის უნართაგან ბევრი რამ დამაკლო. წამართვა ყველაზე ძვირფასი, დამახსოვრების ნიჭი, ამიტომ გაგონილის აღქმა ჩემთვის იმდენადვე ძნელია, რამდენადაც იოლია მისი შინაარსის გადავიწყება. თუმცა, არცთუ დიდ ხნის წინათ შემთხვევა მომეცა, თქვენს ბაგეთაგან მომესმინა ახალი თუ ძველად მომხდარი ამბავი, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, ისტორია, რომელიც მშვენიერის გარდა, ჭკუის სასწავლებელიც იყო. მართალია, ჩემი ბუნებრივი ნაკლულევანების გამო, გამიჭირდა შინაარსის გაგება, სამაგიეროდ მისი ბრძნული აზრები ისე მომხვდა გულზე, რომ სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში. აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, თუ არა სიყვარული? რომელმაც მე, თქვენი მოწყალების უღირსს, არა მარტო შინაარსი დამამახსოვრებინა, არამედ სხვა უამრავ რამესაც მიმახვედრა და მიმახვედრებს კიდევ.

მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბრებ, ახლა კი ვაპირებ ქაღალდზე ამ ამბის სიტყვასიტყვით გადატანას, ყველა იმ ბრძნული გამონათქვამით, თქვენმა მოიწყალებამ რომ ბრძანა, რადაგან მე არც ძუნწი ვარ და არც შურიანი, მსურს ჩემი სიმდიდრე სხვებსაც გავუნაწილო. თქვენ კი უმორჩილესად გთხოვთ პატიებას, თუ კი ზოგი მოქმედი პირისა და ადგილის აღწერისას კალამი გამექცევა და იმას დავწერ, რასაც თქვენი ბაგენი არ იტყოდნენ და რაც სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს მე თქვენი აღშფოთება მსურდეს. ჩემი ნოველა  თქვენი მონაყოლისგან იმით განსხვავდება, რითაც გამოსახულება – ცოცხალი ადამიანისაგან: პირველზე ჩვენ შეგვიძლია, გავარჩიოთ სახის ნაკეთები, აღნაგობა, მეორეს კი ზემოთქმულის გარდა, აქვს სული, ახასიათებს მიმიკა, ჟესტიკულაცია და ის ბუნებრიობა, რასაც სხვა ყველაფერზე მეტად აფასებდნენ ძველები (2). ამიტომ ხელს ვკიდებ რა ჩემს საქმეს, საქმეს ხელოვანისას და არა ბუნებისას, ბევრს აღარ გალოდინებთ და მოყოლას შევუდგები.

იმ დროს, როდესაც ლანგედოკი ჯერ კიდევ არ იმყოფებოდა ოქროს შროშანის ეგიდის ქვეშ (3), ტულუზაში ცხოვრობდა ერთი გრაფი, სახელად რენატო, რომელიც ძალიან უყვარდათ, თავისი ზნეკეთილობის გამო და კიდევ იმიტომ, რომ საფრანგეთის დოფინებზე უფრო მშვენიერი და უკეთ აღზრდილი შვილების პატრონი გახლდათ. ორი ვაჟიშვილის გარდა, მას უმცროსი ასულიც ჰყავდა, რომელსაც ყველა, ვინც კი იცნობდა, ულამაზეს, უგონიერეს და უსაყვარლეს გოგონად მიიჩნევდა იმათ შორის, ვისაც კი შეხვედროდნენ ოდესმე.

მიუხედავდ ამისა, ცამ სრული ბედნიერება მაინც არ მიანიჭა გრაფს: მისი მეუღლე, პროვანსის გრაფის და, რომელთანაც სიამტკბილობით ცხოვრობდა და რომელიც ოცდათხუთმეტ წელსაც კი არ იყო მიტანებული, გარდაიცვალა, ქმარი და მთელი ქვეყანა კი ღრმა მწუხარებაში ჩააგდო. სიკვდილის სარეცელზე მწოლარე ქალმა გრაფი, თავისი მეუღლე, მოიხმო, ყველა წყენისთვის, რომელიც მას არასოდეს ჩაედინა, შენდობა სთხოვა და ცხარე ცრემელების ფრქვევით შვილების ბედზე ზრუნვა, განსაკუთრებით კი ასულზე, რომელსაც სახელად ბიანკა ერქვა, ქმარს გადააბარა, თანაც დაამატა, რომ მას მომაკვდავისთვის ამ სიცოცხლეში კიდევ ერთი სათხოვარი შეესრულებინა: გრაფს უნდა დაეფიცა თავისი უკვდავი სული, მტკიცე პირობა უნდა მიეცა მისთვის, რომ ასულს არასოდეს მიათხოვებდა ისეთ კაცს, თუნდაც ის საფრანგეთის მეფე ყოფილიყო, რომელსაც გოგონა თვითონ არ ნახავდა, არ გაიცნობდა და არ შეიყვარებდა. ამასთანავე დასძინა, რომ გოგონასთვის იმაზე უკეთესი საჩუქარი არაფერი იქნებოდა, ვიდრე თავისი სურვილით ცხოვრების მუდმივი თანამგზავრის არჩევა, რომელთანაც მას მხოლოდ სირცხვილი ან სიკვდილი  (4) თუ დააშორებდა.

გრაფი ისმენდა საყვარელი მეუღლის მოკრძალებულ თხოვნას და ხვდებოდა, რომ ეს ქალის უკანასკნელი თხოვნა იყო და მასაც უკანასკნელად უნდა გამოეჩინა მის მიმართ გულმოწყალება, ამიტომ მწარედ მტირალმა  ფიცით აღუთქვა, რომ როგორც ქალი ნატრობდა, სწორედ ისე იქნებოდა. გრაფი ერთი ნაბიჯითაც არ სცილდებოდა თავის მეუღლეს. ამშვიდებდა მას (არადა, ნუგეში გაცილებით ძნელია, ვიდრე მოსმენა) და მკლავები ჰქონდა მისთვის შემოხვეული, როცა დაინახა, როგორ დატოვა სულმა ქალის სხეული. გრაფმა ისე დაკრძალა მეუღლე, როგორც გრაფინიას შეეფერებოდა. მისი საფლავის ნახვა კი ახლაც შეიძლება ტულუზის მთავარ ეკლესიაში.

ამავე დროს კატალონიაში (5), რომელიც ჯერ კიდევ არ შედიოდა არაგონისა (6), და კასტილიის მეფის სამფლობელოში, ცხოვრობდა გრაფი ბარსელონელი (7), სახელად დონ ფერნანდო, რომელსაც მამულების მოსაზღვრეობისა და მეტოქეობის გამო, ტულუზის გრაფთან წლების მანძილზე საომარი ურთიერთობა ჰქონდა. ხან ერთის, ხან მეორის სასარგებლოდ მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ბრძოლები. პირველს მხარს უჭერდა ესპანეთის მეფე, მეორეს კი – საფრანგეთისა.

ჩვენ გამუდმებით გვესმის, რომ ჩვენს დროშიც თავადებს შორის ფუჭი ამპარტავნებისა და სულელური ამბიციების გამო დაწყებულ შუღლს, ორივე მხარე ქანცგაწყვეტამდე და ურთიერთგაღატაკებამდე მიჰყავს. ასე იყო ეს ორიც. ისინი, მართალია, გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ომი არაფერში სჭირდებოდათ, რომ მათს ხარჯზე მეზობელი სახელმწიფოები მდიდრდებოდნენ და მათი წარუმატებლობით მტრები ხარობდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, ისეთი შეთანხმება დაედოთ, რომელიც ორივე მხარეს შერცხვენისა და ზარალის გარეშე მშვიდობას მოუტანდა. ახალდაწყებული მეგობრების განსამტკიცებლად დაასკვნეს ისიც, რომ უნდა დამოყვრებულიყვნენ, რათა ზავის დადებით მიყუჩებული ძველი მტრობა საბოლოო დავიწყებას მისცემოდა. საბედნიეროდ, ტულუზის გრაფს ასული ჰყავდა, ბარსელონის გრაფს კი სამი ძიდან ერთიღა დარჩენოდა. მოლაპარაკებები არ გაჭიანურებულა, მალე შეთანხმდნენ ქორწილზეც და მზითევზეც. ერთნი ამბობდნენ: ასულს სალსსა და პერპინიანოს აძლევენო მზითვად, მეორენი – ფულს და ოქროსო, რომელიც პროვანსის (8) გრაფმა არლისა და ტარასკონის მომიჯნავე მამულების სანაცვლოდ გირაოდ მისცა ტულუზის გრაფს და რითაც გამდიდრდა იგი თავისი ბრძენი მმართველის, რომეოს წყალობითო.

თითქოს ყველაფერი მოაგვარეს, მაგრამ ერთი რამ კიდევ იყო გასარკვევი: გრაფმა ტულუზელმა, რომელსაც ახსოვდა თავისი ცოლისთვის მიცემული პირობა, თქვა, რომ ყოველივე იქნებოდა კარგად, თუკი სასიძო მოეწონებოდა მის ასულს, რადგან ფიცი ჰქონდა დადებული, შვილი უსიყვარულოდ არავისთვის მიეთხოვებინა. ეს სიტყვები დაბრკოლებად არავინ ჩათვალა, არც საქმის კეთილად დასრულებაში შეჰპარვია ვინმეს ეჭვი, რადგან ვაჟს ქალის შესაფერისი არა მარტო გვარიშვილობა და მაღალი მდგომარეობა გააჩნდა, არამედ გარეგნობითაც ლამაზი იყო; უაღრესად ზნეკეთილი, იშვიათი აღზრდა-განათლების პატრონი, რითაც სხვა ვერავინ დაიკვეხნიდა – აღარაფერს ვამბობ აწ თეთრ ყვავად ქცეულ პრინცებზე, რომელნიც თითო-ოროლა თუღა შემორჩენილან – ცნობილი მემამულე მთელ იმდროინდელ ევროპაში (9). იმისი დაჯერებაც კი ჭირდა, რომ ის ბარსელონაში იყო დაბადებული, მაგრამ ეს ასეა და აქამდე მის შესახებ სასწაულებს ჰყვებიან, ამიტომაცაა, რომ მას ვერც უწინ და ვერც ახლა ვერავინ შეედრება და იმის იმედიც მცირეა, რომ ვინმე მომავალში მის მსგავსს გადაეყაროს (10).

მაშინ კი ჭაბუკს, რომელიც მამასა და თავის ქვეყანას მომავალი ქორწინების მოლოდინში ტოვებდა, ზარ-ზეიმითა და დიდი მაყრიონით აცილებდნენ ტულუზაში. იქ მას არანაკლები პატივითა და სიყვარულით დახვდნენ, ისე, როგორც შეჰფერის ძვირფას სტუმარსა და საყვარელ ძეს; არაფერი გამორჩენიათ: არც ფრანგული თავაზიანობა და არც ესპანური ცერემონიები, რასაც იმ დროს, ახლო მეზობლობის გამო, ორივე ქვეყანა მისდევდა.

სტუმარს პირველი პატივი რომ მიაგეს, სასახლეში წაიყვანეს, სადაც ის დედოფალივით გამოწყობილ საპატარძლოს წარუდგინეს. ეს უკანსკნელი ისეთი საუცხოო სილამაზითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩეოდა, ისე თავაზიანად და ზრდილობიანად მოექცა გრაფს, რომ სინაზემ და სიყვარულმა მოიცვა ახალგაზრდა, რომელსაც ადრე ასულის შერთვა მისი დიდგვაროვნების გამო სურდა, ახლა კი მის წინაშე მდგარს, ისეთი ვნება შემოენთო, მოუთმენლობისაგან  ადგილს ვეღარ პოულობდა და ქორწინების დაყოვნება წუთითაც აღარ სურდა.

მამის ზურგს ამოფარებული საპატარძლოც, რომელმაც წინდაწინვე იცოდა ყველაფერი, საპასუხოდ არანაკლები გამჭოლი  მზერით აკვიდებოდა საქმროს, თუმცა, ამას მანდილოსნისათვის ნიშანდობლივი სიმორცხვითა და თავმდაბლობით აკეთებდა და მართლაც, შეყვარებული ჭაბუკი – დიდგვაროვანის შესაფერისად ნაზარდი – მოეწონა მას.

ურთიერთგაცნობის შემეგ მყისვე გაიშალა სუფრა, რომელსაც იმ ქვეყანაში იმ დროს მიღებული არც კერძი აკლდა, არც -ღვინო. ყველა მაგიდას მიუსხდა, რომელიც სიუხვისაგან იზნიქებოდა. გახურდა ცეკვა-თამაშიც. დიდებული ნადიმი დასრულდა თუ არა, იქაური წეს-ჩვეულების თანახმად, სუფრის წევრებს წინ უძვირფასესი ლანგრებით  ნამყენი ბროწეულის ნაყოფი დაუდგეს, რათა ნაირ-ნაირი კერძების შემდეგ ყელი ჩაეწმინდათ.

ახალგაზრდა გრაფმა აიღო ერთი ბროწეული – მთელი უბედურებაც სწორედ ამას მოჰყვა – მაგრამ მისი ერთი მარცვალი უცაბედად ხელიდან გაუვარდა. ჭაბუკმა, როგორც შემდეგ თვითონ და სხვა დამსწრენიც ამტკიცებდნენ, მოისურვა სიმარჯვე და მოხერხებულობა გამოევლინა, ამიტომ მარცვალი, რომლის იატაკზე დავარდნასაც აღარაფერი ეკლდა, ჰაერში დაიჭირა და პირში გაიქანა.

საპატარძლო კი – ბოროტი ბედისწერა ჩაერია, თუ ეს ქცევა მოეჩვენა ასულს მაღალი მდგომარეობის კაცისათვის შეუფერებლად – ძალიან აღელდა და დაიწყო თავისთვის განსჯა: ,,მე იმ ადამიანთაგან, რომელნიც ტყუილს არ იკადრებენ, მსმენია, რომ კატალონიელნი მთელ დასავლეთში ყველაზე წუწურაქი და ძუნწი ხალხია. მართალია, მასში ის თვისებაც შევნიშნე, რაც ესპანელებს ნაკლებად ახასიათებთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ეშმაკობით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. მით უმეტეს, თუ ერთს მეორის მოტყუება მიზნად დაუსახავს. ტყუილი კი კატალონიელებს წესად აქვთ. ბრიყვი იქნება, ალბათ, ის, ვისაც მიზნის მისაღწევად პატარა ხანსაც კი არ შეუძლია ლამაზი სიტყვებითა და მანერებით შენიღბვა და თავის ნამდვილ სახეს ავლენს. ჩემს მასწავლებელსაც არაერთხელ უთქვამს ჩემთვის: სიძუნწეაო ყველა მანკიერებათა სათავე (11). მას ის თავისებურება ახასიათებს, რომ თვალთმაქცობაში ყველაზე უკეთ გაწაფულიც კი ვერ დამალავს. გულხელგაშლილ კაცს ისე არ ადარდებს თავისი ავლა-დიდების დაკარგვა, როგორც ძუნწს, ვინაიდან ის ისეა მოწყობილი, არა თუ თავისი, მტრების ქონების გავერანებაც ამწუხრებს. და თუ ეს ჭაბუკიც ასეთია, (ის კი ნამდვილად ასეთი უნდა იყოს, რადგან სხვის ოჯახში სუფრიდან ბროწეულის ერთი მარცვლის დაკარგვა დაენანა. ალბათ როგორ დაჰგარგარებს თავის ქონებას!), რა მელის მის ხელში მე? განა იქნება იმაზე დიდი უბედურება კეთილშობილი და სულგრძელი ასულისათვის, ვიდრე გათხოვება მდიდარ და ძუნწ კაცზე? ეს მხოლოდ მწუხარებასა და ტანჯვას მოუტანს მას, სხვები დასცინებენ და გაერთობიან. ღმერთმა დამიფაროს ამისგან! მირჩევნია, ეულად დავბერდე და მოვკვდე, ვიდრე მთელი ცხოვრება მასთან ერთად მარადიულ ტანჯვასა და საკუთარ მოუსაზრებლობაზე დარდში გავლიო. დაე, ჩემმა მოხუცმა მამამ ის მითხრას, რაც მოესურვება, მე ერთი რამ ვიცი ძალიან კარგად: ,,უგუნურია ის, ვინც სხვათა თხოვნას ყურს უგდებს, საკუთარ თავს კი ვნებს“-  ასე გადაწყვიტა გრაფის ასულმა ფიქრის შემდეგ.

წვეულება რომ დასრულდა, გრაფმა ტულუზელმა თავისი ასული კატალონიელის ნებართვით მეორე ოთახში გაიხმო და იქ დიდი მამობრივი მზრუნველობით მისი გადაწყვეტილების შესახებ ჰკითხა. ისიც გულახდილად გამოტყდა, რომ ერჩივნა, მთელი ცხოვრება მარტო დარჩენილიყო, ვიდრე მისი ხასიათისვის შეუთავსებელ ადამიანთან ეცხოვრა. მოხუცი მამა, რომელსაც მოეწონა სასიძო, ძალიან შეწუხდა რადგან ფიქრობდა, რომ მთელი ქვეყნის სასიკეთო და სამშვიდობოდ მოგვარებული საქმე შეიძლება კვლავ ურთიერთგანადგურებასა და დაუსრულებელ ომში გადაზრდილიყო.  მაგრამ შეიტყო თუ არა უარის მიზეზი, ხმამაღალი სიცილი აუვარდა, რადგან ძალიან უმნიშვნელოდ მოეჩვენა იგი. მამა შეეცადა შვილისთვის აზრი შეეცვლევინებინა, მაგრამ მთელი მისი ძალისხმევა ამაო იყო. გოგო ირწმუნებოდა, რომ თუ კი დედამისისათვის მიცემული სიტყვის საპირისპიროდ ძალად გაათხოვებდნენ, თავს მოიკლავდა და უბედურ ხვედრს ამით აიცილებდა. მოხუცს გრაფს გაახსენდა თავისი დანაპირები და შვილისადმი სიბრალურით გულშეძრულმა, ლამის ტირილით წარმოთქვა: ,,თუ კი არ მოგწონს, შვილო, რა გაეწყობა, თუ თავად არ მოისურვებ, დამძალებელიც არავინ იქნება“. გრაფმა შვილი ოთახში დატოვა, სტუმრებთან გამოვიდა და დაიწყო საუბარი იმაზე, სადამდე მიჰყავს წარმოსახვის უნარს ქალი, როგორი ჯიუტნი და საკუთარი თავის მტრები არიან ისინი. მოხუცმა მთელი მონდომებით, როგორც კი შეეძლო, მოძებნა თავაზიანი სიტყვები, საპატიო მიზეზები და როგორც იქნა, მიახვედრა გრაფი ბარსელონელი, რომ ასული უარს ამბობდა მის ცოლობაზე. ამ სიტყვებმა ბასრი ისრებივით დაჩხვლიტეს კატალონიელის გული, მით უმეტეს, რომ წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა და ნანატრი ახდენილი ეგონა. სტუმარმა წყენა და ტკივილი გულის სიღრმეში დამალა და მწარე ღიმილით თქვა, რომ ის არ იყო პირველი და სხვას, მასზე ბევრად უკეთესსაც გადახდენოდა თავს ამდაგვარი რამ.  ბევრს ეწვნია იმედგაცრუება და რადგანაც ასე მოხდა, ისღა დარჩენოდა, მშვიდობით დაბრუნებულიყო ბარსელონაში. თუმცა, ამ ხანგრძლივი მგზავრობის ჯილდოდ მასპინძლისგან იმას მაინც ითხოვდა, გაეგო, რატომ დაიწუნა გრაფის ასულმა, რათა შემდგომში შეძლებისამებრ გამოსწორებულიყო. მოხუცს სიმართლის თქმა ისევე უჭირდა, როგორც ამ თხოვნაზე მისი უარით გასტუმრება, მაგრამ იძულებისგან ძლეულმა, თქვა, როგორც იყო. ახალგაზრდა გრაფმა სიცილით მოისმინა ნათქვამი და დასძინა: ,,ამის შემდეგ საცოლის ხელის სათხოვნელად ბროწეულის დამწიფებამდე გავემგზავრები, რადგან მისი მიზეზით ცერერამ შვილი დაკარგა, მე კი – საცოლე“(12).  კატალონიელმა ისიც თქვა, რომ პატივს სცემს ტულუზის გრაფის მეუღლისა და შვილის ნებას, ამიტომაც მომხდარს არ უნდა დაერჩდილა მათი მეგობრობა, არც მათ შორის დადებულ ზავზე უნდა მოეხდინა ცუდი გავლენა.  ამგვარად, სხვა სიამოვნებას მოკლებულ საუბარში მიიწურა ახალგაზრდა გრაფის სტუმრობის პირველი დღე.

მეორე დღეს კი, ისე რომ წყენა არ შეიმჩნია, გულთბილად გამოემშვიდობა ის ასულს, სხვა დანარჩენთ და რადგან წინ დიდი მანძილი ედო, კატალონიის გზას დაადგა. სამშობლოს საზღვარს რომ მიატანა, დაითხოვა თავისი ამალა იმ საბაბით, თითქოს ახლო-მახლო მდებარე წმინდა ადგილების მონახულება სურდა. ყველამ დაასკვნა, რომ ეს ჩვენი სასწაულთმოქმედი მონფერეტოს ღვთისმშობლის სალოცავი იყო (13) – და რადგან ასეთი მგზავრობა ზარ-ზეიმით არ ეგების, ორ განსაკუთრებით ერთგულ მეგობარს იახლებდა და ღვთის წინაშე თავის აღნათქვამთა შესასრულებლად მორჩილებით გასწევდა.

მთელი ამალა გაემგავრა თუ არა, ახალგაზრდა გრაფმა ერთგულ მეგობრებს გულისწადილი გაანდო: მათ მიატოვეს ცხენები, სხვა სამოსში გამოეწყვნენ და ფეხით დაადგნენ ტულუზის გზას, გრაფი ძვირფასეულობით მოვაჭრედ გადაიქცა – ასეთები მაშინ ზურგზე მოკიდებული ხოკერით პარიზში დაეხეტებოდნენ და ახლაც შეიძლება წავაწყდეთ მათ. საფრანგეთსა და იტალიაში განუწყვეტლივ მოძრაობენ ისინი, ღიაა მათთვის ნებისმიერი სახლის კარი და თავიანთ საქონელს მაღალი წრის ქალბატონებსა და მდიდარ ბატონებს სთავაზობენ.

ამრიგად, შეიძინა თუ არა გრაფმა ძვირფასეულობა, ოქროს სამკაულები და წვრილმანი, ყველაფერი ხოკერში ჩაალაგა, ზედ საკუთარი ძვირფასი თვლებიც დაამატა (ისინი კი მან თავისი მომავალი ცოლისათვის ჩამოიტანა), თუმცა, მათ შორის უძვირფასესნი გადამალა, რათა ძალზე მდიდრად არავის ჩაეთვალა. წვერ-ულვაში, რომელსაც მაშინ ყველა კატალონიელი ატარებდა, გაიპარსა და მარტოდმარტო, მტკიცედ დარწმუნებული იმაში, რომ ბედისწერით ეს ერთადერთი გზაღა დარჩენოდა, ხანდახან მაინც მოეკრა თვალი და გამოლაპარაკებოდა თავის გულისწორს, ტულუზაში ჩავიდა.

ასე უვლიდა იგი ფეხით დილიდან საღამომდე მთელ ტულუზას და გამვლელ-გამომვლელს საქონელს სთავაზობდა, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ლანგედოკის გრაფის სასახლის წინ მიმოდიოდა – იქ, სადაც იმჟამად გრაფი ცხოვრობდა – იმ იმედით, რომ ერთხელ მაინც გასაუბრებოდა მას, ვისაც, ჯერ სიყვარულის, შემდეგ კი წყენის გამო, ვერ ივიწყებდა.

აი, გავიდა ცოტა ხანი და ერთ მშვენიერ საღამოს, პაპანაქება დღის შემდეგ, მან თეთრ კაბაში გამოწყობილი ნარნარა გრაფის ასული რამდენიმე შინამოსამსახურესთან ერთად მოაჯირზე დაინახა. აღელვებული გრაფი მოწიწებით მიესალმა მათ და იკითხა ქალბატონთაგან ვინმე ხომ არ ინებებდა რაიმეს შეძენას ხელსაყრელ ფასად.

იქაური წესების თანახმად, გრაფინია და სხვა ქალაბატონები არ გაუნაწყენებია ამ შემოთავაზებას. იგი თავისთან იხმეს, გარს შემოეხვივნენ და საქონელს სინჯვა დაუწყეს. თითოეული ცალკე და ყველა ერთად იღებდა ხან ერთ, ხან მეორე ნივთს, ფასი აინტერესებდათ და რჩევას ეკითხებოდნენ, მან კი ამ საქმეში ნაკლებ გარკვეულმა, არ იცოდა, რა ეპასუხა, ერთადერთი, რასაც ახერხებდა, ის იყო, რომ გრაფინიას მონუსხულივით უყურებდა და მხოლოდ მის კითხვებს სცემდა პასუხს. ასე გაყიდა გრაფმა ნივთების უდიდესი ნაწილი და რადგან საღამოს წირვა უკვე ახლოვდებოდა, დატოვა ისინი.

კარგა ხანს გრძელდებოდა ასე,  ჩვევად ექცა თითქმის ყოველდღე ამ ქალბატონთა საზოგადოებაში ტრიალი და მალე ისინიც გაუშინაურდნენ და მასთან საუბრით იქცევდნენ თავს. ეს კი, ცხადია, სხვა ვაჭრებში შურს იწვევდა, რადგან იგივე ქალბატონები მათ უარით ისტუმრებდნენ და თან დასძებდნენ ხოლმე: ,,ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ნავარელისა“ (ახალგაზრდა გრაფმა თავისი დაბადების ადგილად ნავარა დაასახელა, ვინაიდან ფრანგული ენის ცუდად ცოდნის გამო, თავს ფრანგად ვერ გაასაღებდა და არც თავისი ესპანელობის გამხელა სურდა).

რამდენიმე დღის შემდეგ კატალონიელმა დრო იხელთა და გრაფინიას შინამოსამსახურეს, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მეტად უყვარდა ქალბატონს, რომელიც თვით მას სხვებზე გაცილების მოწიწებით ექცეოდა, რამდენჯერმე საქონელზე ფასის დაკლების გამო, უთხრა, რომ არცთუ შორს დამალული ჰქონდა ყველაზე ძვირფასი, ჯადოსნური თვისებების მქონე ქვა, რომლის მსგავსიც დედამიწის ზურგზე არასოდეს არავის ენახა და რომელსაც მძარცველთა შიშით თან ვერ დაატარებდა; ეს ქვა ისეთი ძვირფასი იყო მისთვის, ისე დაჰკანკალებდა მას, რომ მთელი მსოფლიოს სიკეთეც რომ შეეძლიათ, მაინც არ გაჰყიდდა. აქ დადუმდა ჭაბუკი, სიტყვაც კი აღარ დასცდენია და გაბრუნდა შინ.

მოახლე კი მოუთმენლობისაგან წამებს ითვლიდა, რათა თავისი ქალბატონისათვის ნავარელისაგან მონასმენი ეამბა და აი, ძილის წინ, როცა იგი თავის ქალბატონს გახდაში ეხმარებოდა, ამ არაჩვეულებრივი სილამაზისა და თვისების მქონე პატიოსან თვალზე უამბო, თან თავისიც ბევრი დაამატა – მათ შორის კი  ყველაფერი პირდაპირ, მიკიბ – მოკიბვის გარეშე ითქმოდა ხოლმე – რომ გრაფინიას ადგილას ის ძალ-ღონეს არ დაიშურებდა, არაფერს შეეპუებოდა, თვით სიკვდილსაც კი, განძის ხელში ჩასაგდებად, მიუხედავად იმისა, რომ ნავარელი ქვის გაყიდვას სულაც არ აპირებდა. მოახლემ იმდენი აქო და ადიდა ეს თვალი, რომ მისი ხელში ჩაგდების სურვილმა გრაფინია მთელ ღამეს არ დააძინა, ხოლო როცა ჩასთვლიმა, სიზმარშიც ქვას ხედავდა. დილით, ინათა თუ არა, ქალბატონმა მოსამსახურეს უბრძანა, ნავარელი მოეძებნა და მისი სახელით ქვის მიყიდვა ეთხოვა, ხოლო თუ ვერ დაიყოლიებდა, ნახვის ნება მაინც მიეცა. ქალი იმედოვნებდა, რომ ესოდენ ნაქები ნივთი, რომლიც შესახებაც მხოლოდ სმენოდა, შესაძლოა, ნახვისას აღარც კი მოსწონებოდა და მისი შეძენის სურვილიც დასცხრობოდა.

წავიდა მართლაც შინამოსამსახურე ნავარელთან და ყოველივე დანაბარები გადასცა. ისიც აღფრთოვანდა ამით და კვლავ თავისი ქვის ქებას მოჰყვა. თუ აქამდე მხოლოდ აღწერდა მის ღირსებებს, ახლა ქებით ზეცამდე აჰყავდა, დაუსრულებლად იფიცებოდა და ამტკიცებდა, რომ პატიოსან თვალთან განშორებას სიკვდილი ერჩია, მაგრამ იცოდა რა გრაფინიას კეთილშობილებისა და სიკეთის ამბავი, ის მოხარული იქნებოდა, ეჩვენებინა მისთვის, თანაც მხოლოდ იმ პირობით, რომ იქ, სადაც ამ ქვას მოიტანდა, მათ, ორის გარდა, არავინ იქნებოდა. მოახლე მიხვდა, რომ ნავარელს უკვე მეტზე ვერაფერზე დაითანხმებდა, ამიტომ შეხვედრის დროის დათქმას დასჯერდა, შინ დაბრუნდა, ყოველივე უკლებლივ გრაფინიას უამბო. დათქმული დრო რომ დადგა, ნავარელიც მოვიდა და თან ესოდენ ნანატრი ქვაც მოიყოლა. ეს იყო დაუმუშავებული ანდამატი (14), საოცრად დიდი და ლამაზი, რომლის მსგავსიც ქალს არასოდეს ენახა. ის ბარსელონის მოხუც გრაფს გიბრალტარის სრუტესა და კუნძულ მადეირას შორის ზღვაში ვიღაც კატალონიელ მეკობრეთაგან ჩავარდნოდა ხელში. კატალონიელ მეკობრეთ კი იგი ნორმანებისათვის წაერთმიათ, რომელნიც ამავე ზღვაში მეკობრეობდნენ. უფრო ძლიერ კატალონიელებს დაეტყვევებინათ ნორმანები და მათი ქონებაც მიესაკუთრებინათ. იმისაც ამბობდნენ, რომ შემდეგში ეს ქვა დიდხანს ნეაპოლის მეფის ხელში იყო, ახლა კი თურქეთის სულთანს ეკუთვნის და მის უამრავ ძვირფას თვლებს შორის ყველაზე ფასეულიაო მისთვის.

ნავარელი რომ მოვიდა, სანამ ქვას გამოაჩენდა, ბრტყელ-ბრტყელი, ესპანელისათვის ჩვეული მჭერმეტყველებით დაიწყო მისი ქება, ირწმუნებოდა, რომ თვითონ ამ ქვის სილამაზე კი არ ხიბლავდა იმდენად, რამდენადაც მისი ჯადოსნური თვისებები; შემდეგ თავიც დაიფასა ქალბატონის მიმართ გამოჩენილი კეთილგანწყობის გამო და მოჰყვა მტკიცებას, რომ სხვებს ასე არ მოექცეოდა, რომ მათ მხოლოდ აჩვენებდა თვალს, მის ჯადოსნურ თვისებებს კი არ გაუმხელდა და ამ სიტყვებით გაუწოდა გრაფინიას. მანაც აიღო ქვა და რამდენადაც გულდასმით აკვირდებოდა, იმდენად კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენებოდა იგი – ქვა მართლაც უმშვენიერესი იყო და ქალიც მისი დაპატრონების ისეთმა ჟინმა შეიპყრო, რომ მის გარეშე სიცოცხლე აღარ შეეძლო. თუმცა, ცდილობდა მისი ეს გულისწადილი ნავარელს შეუმჩნეველი დარჩენოდა. თითქოს მხოლოდ ტკბებოდა მისით. გრაფინიამ სთხოვა ნავარელს, რომელიც ფრიად კმაყოფილი გახლდათ მოვლენათა ამგვარი განვითარებით, ამ ქვის ჯადოსნურ თვისებათა შესახებ მოეთხრო, რასაც ის დიდხანს უარობდა, ბოლოს კი თითქოს თავს დიდი ძალა დაატანაო, მიუგო: ,,ქალბატონო, როდესაც ამ ქვის პატრონი მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დგას და არ იცის, როგორ მოიქცეს, საკმარისია, ქვას სიღრმეში ჩაუკვირდეს და თუკი საქმეში წარმატება ელის,  ქვას წარმატება ისე გააბრწყინებს, თითქოს მასში მთელ მზის სხივებს მოეყაროთ თავი, წარუმეტებლობის შემთხვევაში კი უმთვარო ღამესავით დაბნელდება. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ეს ქვა სხვა არაფერია, თუ არა ბევრის მიერ გულმოდგინედ და ამაოდ ნაძებნი ფილოსოფიური ქვა (15), ზოგნი კი მას ალქიმიკოსთა ნახელავად მიიჩნევენ და არა ბუნების ქმნილებად. არც ისინი იყვნენ ცოტანი, ვინც მას ალექსანდრე მაკედონელის საკუთრებად თვლიდა, რომელიც მის გარეშე არსად არასდროს ლაშქრობდა. შემდეგ ეს ქვა როგორღაც იულიუს კეისრის ხელში მოხვედრილა, ამ ორმა კი, როგორც თქვენ არაერთგზის გექნებად მოსმენილი, უძლეველის სახელი მოიხვეჭაო. თქვა თუ არა ეს ნავარელმა, აიღო ეს თავისი ქვა და გრაფინიას გამოემშვიდობა.

მოახლესთან მარტოდ დარჩენილმა ქალბატონმა დაუსრულებლად დაიწყო ერთისა და იმავეს ლაპარაკი: ,,არავინ იქნებოდა ამქვეყნად ჩემზე ბედნიერი, ეს ნივთი ჩემი რომ იყოს და მისი ყურება და მისით ტკბობა ჩემს გემოზე შემეძლოს. ან საქმროს ამორჩევა თუ მომიწევს კიდევ, როგორც ეს გრაფი ბარსელონელის შემთხვევაში იყო, რა მადლი იქნებოდა ჩემი თვალი პატიოსნის რჩევა“! ამ საუბარში მყოფმა გრაფის ასულმა თავისი მოახლე დააფიცა, რომ მისი ხათრითა და სიყვარულით კვლავ წავიდოდა ნავარელთან და ყველა ღონეს იხმარდა ქვის შესაძენად. მართალია, მოახლეს არანაირი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც წავიდა. შუამავლის ხვეწნა – მუდარა ფუჭი აღმოჩნდა: მან ორივეჯერ მტკიცე უარი მიიღო არა მხოლოდ გაყიდვაზე, არამედ მის ხელმეორედ ჩვენებაზეც კი. მესამედაც რომ დაიწყო თხოვნა მოახლემ, ნავარელმა ჩათვალა, რომ უკვე შესაფერისი დრო დამდგარიყო თავისი თავდაპირველი ჩანაფიქრის აღსასრულებლად და უპასუხა: ,,ღმერთო ჩემო, ისე შემიმჩნდით და თქვენი ქალბატონის სილამაზემ და სიკოხტავემაც ისეთი გავლენა იქონია ჩემზე, რომ იძულებული ვარ, ჩემთვის უძვირფასეს ნივთს შეველიო. თუმცა, თქვენს გრაფინიას უნდა გადასცეთ, რომ ცხადია, მე დავუთმობ ქვას, თუკი ის დამთანმხდება და ერთ ღამეს მასთან ქმარივით ცხოვრების უფლებას მომცემს, ხოლო თუ იუარებს, მე ფული და სხვა საზღაური არ მჭირდება, სჯობს, ეს ახირება თავიდან ამოიგდოს და მეც შემეშვას“.

მოსამსახურემ მოახსენა ყოველივე თავის ქალბატონს და თან დააყოლა, რომ შემოთავაზებულ წინადადებაზე უარის თქმის შემთხვევაში თვითონ აღარ დახარჯავდა ამ საქმეზე არც სიტყვას და აღარც ძალას, რადგან უკვე ვერაფერს გახდებოდა.

ამაყი გრაფინია საშინლად განრისხდა ნავარელზე, უჯერო სიტყვებს ამბობდა და ემუქრებოდა იმის გამო, ასე რომ გაკანდიერდა, მის პატიოსნებას შეჰბედა და მისი უმწიკვლო და დიადი სახელის შებღალვა მოინდომა. თავის მოახლეს კი წყენით უსაყვრედურა, რომ მან, მდგომარეობით თავის სწორს, ჯეროვნად ვერ გააგებინა, ამგვარი წინადადების გრაფინიასთვის შეთვლა რომ არ ეგებოდა.

მოახლემ ჩაიცინა და უთხრა: ,,ქალბატონო, როცა თქვენ პირველად გამგზავნეთ ნავარელთან, ჩემს მოვალეობად მიმაჩნდა, ორივე თქვენგანისთვის მეთქვა ის, რასაც ერთმანეთთან დამაბარებდით. ვერ გავბედავდი, დამემალა რაიმე, ახლა კი უკმაყოფილო ხართ ჩემზე იმის გამო, რაც გადმოგეცით; ეს ისევ თქვენი ბრალია, რადგან არ მიმითითეთ, რომ ასეთ შემთხვევაში კარგად უნდა დამეტუქსა იგი, თქვენთვის კი არაფერი მეთქვა. ეს საქმე როცა მომანდეთ, მე დაგთანხმდით, თუმცა შემეძლო ნებისმიერისთვის დამეთმო, რადგან მე არც მაგიერის მიზღვა შემიძლია და არც გაკიცხვა, მით უმეტეს, თუ მათი მოთხოვნები სამართლიანია. თვით უფალი ღმერთი თანაბრად გვაძლევს უფლებას ყველას, კეთილთაც და ბოროტთაც ჩვენი მაღალი თუ მდაბალი სურვილების ახდენის თხოვნით მივმართოთ მას; ის კი, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მაშინ აგვისრულებს პირველთ და არა მეორეთ; მე არ ვიცოდი, რომ თავს მასზე მაღლა აყენებდით. ასეთი მაინც რა გაწყენინათ ნავარელმა? განა არ იცით, რომ მხოლოდ თხოვნთ არც გაკლდებათ და არც გემატებათ რამე? თქვენ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხართ და კარგად ვერ არჩევთ სიკეთეს ბოროტებისაგან. თქვენ რომ ჩემსავით ჭაღარა იყოთ, სხვაგვარად განსჯიდეთ. მართალია, კაცს ხანდახან უწევს თქვენნაირი საუბარი. მაგრამ ის კი არ აწყენდა იცოდეს სად და ვისთან; არა აქ, არა ჩემთან და არც იმათთან, ვისაც ენდობით, არამედ უცხო ბატონებთან და ქალბატონებთან, რომელნიც, ცხადია, არ დაიჯერებდნენ თქვენს ნათქვამს, მაგრამ ბრძენ ქალად კი ნამდვილად ჩაგთვლიდნენ. ისეთად, რომელმაც მშვენივრად იცის თავისი საქმე და თვალთმაქცობაშიც მშვენივრადაა გაწაფული (16). მაგრამ ჩემთან, რომელიც თქვენ გეკუთვნით და თქვენზე უკეთესი მზის ქვეშ არავინ გამაჩნია, ნუ ილაპარაკებთ ასე, რადგან მე ვიცი, რომ არ არსებობს ქალისთვის იმაზე დიდი პატივი და სიხარული, ვიდრე ამის თხოვნა; თუკი ქალს ამ უფლებას წაართმევ, ის უნათლო დღესა და უტალღებო ზღვას დაემსგავსება. მაგრამ თქვენი სინორჩის გამო, ამ რისხვას მოთმინებით ავიტან და თქვენს ყურადღებას სხვა რამეზე ჩევაჩერებ. თქვენ გონივრულად მოიქცევით, თუკი ნავარელს თხოვნაზე დასთანხმდებით, ძვირფას თვალს ხელში ჩაიგდებთ; ამგვარად, ჩემი აზრით, თქვენ მოგებულიც კი დარჩებით. ასე იაფად აბა სხვა რა შეიძლება დაგიჯდეთ, როცა საფასურად ისეთ რაიმეს გთხოვენ, რაც გაცემის შემდეგ კიდევ უფრო მეტი გვრჩება? ცოდვად ამას მხოლოდ პირფერნი და ბებრუხანები თვლიან, რომელთაც წინ სხვა გვარი ცხოვრება არ ელით, აღარც ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემათ და აღარც სურვილი.

სიმართლე რომ ვთქვათ, ამას იმათგან არც არავინ ითხოვს. სახელი კი მაშინ უტყდება ადამიანს, როცა მისი საქმენი გამომზეურდება, ჩვენ კი ყოველივეს მალულად გავაკეთებთ და ღირსებასაც შევინარჩუნებთ. მე თქვენ დედასავით გაძლევთ რჩევას, თქვენ კი როგორც კი გენებოთ, ისე მოიქცევით, ერთს კი მაინც გაგაფრთხილებთ: ჭკუა მე ასაკმა შემძინა და ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ ჩემი გამოცდილება და გონიერება არა გაქვთ, მე კი – თქვენი ახალგაზრდობა, სილამაზე და მაღალი მდგომარეობა. ამ სამიდან პირველი ორი ორმოც წლამდეც არ შეგრჩებათ, ხოლო მესამე მძიმე ტვირთად დაგწვებათ. მართალია, ეს ვაჭარი დიდკაცი არ არის, მაგრამ თავისი გარეგნობით, გონიერებითა და მანერებით წარჩინებულ სენიორს უფრო ჰგავს, ვიდრე ვაჭარს. თუკი მას ქმრად არ ინდომებთ, თავგადასავლად მაინც დაგრჩებათ, რომელიც სიამოვნების გამო ჩაიდინეთ და არა მოვალეობისა. ასე და ამგვარად შეუჩნდა მოხუცი მოახლე ახალგაზრდა ქალბატონს. ბევრი სხვა დასაჯერებელი სიტყვებიც უთხრა, ბევრვიც იკამათეს და ბოლოს, ბევრი უარითა და და დიდი განსჯით დაღლილმა გრაფის ასულმა უთხრა მოახლეს: ,,კეთილი, წადი და საქმე შენებურად მოაგვარე, ისე რომ მხოლოდ ერთი ღამით შევხვდეთ, თანაც რაც შეიძლება გვიან, რათა ზედმეტი უხერხულობა და საფრთხე ავიცილო თავიდან, შენ კი ზედმეტი ჭორები. შენ რომ კაცს შეუჩნდები, აღარ მოასვენებ, სანამ არ დაგთანხმდება“.

მოახლემ არაფერი მიუგო, დაჰკრა ფეხი და მყისვე ნავარელთან გაჩნდა, რატა ის ამავე ღამეს, გამთენიისას უკანა ჭიშკრიდან ბაღზე გავლით მისულიყო მათთან და ქვაც თან ჰქონოდა. შეთანხმდნენ შემდგომ მოქმედებაზეც, ნავარელიც ისე მოიქცა, როგორც უბრძანეს.

ღამით ნავარელმა გრაფინიას თავისი ქვა გადასცა და თან დასძინა, რომ მას კიდევ ჰქონდა რამდენიმე თვალი, რომელნიც ამას არ ჩამოუვარდებოდნენ ღირებულებით და მზად იყო, ისინიც ამავე ფასად დაეთმო მისთვის. მოახლემ შეიტყო თუ არა ეს ამბავი ქალბატონისაგან, კვლავ შეუჩნდა, ის თვლებიც ხელში ჩაეგდო და უმტკიცებდა: თავმოჭრილი თმაზე არ ნაღვლობსო, ერთნაირ ცოდვაზე, კაცი ერთხელ ჩაიდენს მას, თუ – მრავალჯერ, პასუხი მაინც ერთხელ უნდა აგოსო. ასე რომ, ახალგაზრდა გრაფინიამ ისე მშვენივრად გაართვა თავი ამ საქმეს, რომ ანდამატის გარდა ლალი და ზურმუხტიც მოიპოვა. ნავარელმა უთხრა, რომ პირველი მათთგანი ნებისმიერი საწამლავისგან იხსნიდა მას, მეორის წყალობით კი შეძლებდა შავი ჭირისგან განკურნებას, რომელიც ასე ხშირად იფეთქებდა ხოლზე ლანგედოკში, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხარეს წმიდა როკო მონპელიელი (17) მფარველობდა.

მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, რასაც არ ველით, ის დაგვატყდება თავს. ასე მოუვიდა გრაფინიასაც. რამდენიმე კვირის შემდეგ, თავისდა საუბედუროდ, იგრძნო, რომ დაფეხმძიმდა, რაც მაშინვე მოახლეს გაანდო. მან დამშვიდება დაუწყო, თან ეუბნებოდა, რომ ყოველივე საიდუმლოდ უდნა შეენახა, რადგან ნებისმიერი მდგომარეობიდან არსებობდა გამოსავალი. ის არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, ვისაც ასეთი რამ შემთხვეოდა, მაგრამ ყოველი მათთგანი მშენივრად ახერხებდა გათხოვებისას თავის ქალწულად გასაღებას. მისებრ მარცხს თმის ცვენა რომ გამოეწვია, მაშინ მსოფლიოს ქალთა უდიდეს ნაწილს ჩაჩი უნდა ეტარებინა. ამაზე კი გრაფინიამ, რომელშიც მისმა კეთილშობილურმა სულმა გაიღვიძა, თავისი მდგომარეობის შესაფერისი სიამაყით განაცხადა: ,,დაე, ასე ისინი მოიქცნენ, ვისაც ეს სურთ, მე კი, ღმერთმა დამიფაროს, ერთ შეცდომას ახალი შეცოდება დავამატო. ვერასოდეს შევძლებ თავი ფიცით იმად მოვაჩვენო ვინმეს, რაც არა ვარ სინამდვილეში. მირჩევნია მე, ცოდვილმა, პასუხი ვაგო, ნაყოფს კი ის მოიმკის, ვინც დათესა. მე ძალიან დიდხანს ვუგდებდი ყურს შენს დარიგებას, ამას ბოლო უნდა მოვუღო, ახლა კი, თუ ჩემი ხათრი გაქვს, ზედმეტი სიტყვების გარეშე წადი და ნავარელი აქ მომგვარე. რადგან ისეთი არარაობა აღმოვჩნდი, რომ მას გადავეკიდე, ამის შემდეგ მაინც შევეცდები სულით ავმაღლდე და სხვაზე გათხოვების მიზნით არავინ მოვატყუო. მტკიცედ გადავწყვიტე გავყვე იმ გზას, რაც ჩემმა ბედისწერამ, გაუფრთხილებლობამ და შენმა წინდაუხედავმა რჩევებმა გამიკვალეს“.  

მოახლემ, რომელმაც შესანიშნავად იცოდა თავისი ქალბატონის ხასიათი და ისიც, რომ ვეღარაფერს გააწყობდა მასთან, მოჰგვარა ნავარელი. ვაჟმა, რომელიც ასულს ყოველთვის ფერხორციანს ხედავდა, შენიშნა ცვლილება მასში. სიფერმკრთალემ და სიგამხდრემ, რასაც ადრე არანაირ მნიშვნელობას არ აძლევდა, ყოველგვარი ეჭვი გაუფანტა და ქალს მისი უსიამოვნების მიზეზს მიუხვდა. გრაფის ასულს, თავისი მდგომარეობის მიუხედავად, ერთი ცრემლიც კი არ გამოვარდნია. მან მშვიდად, ისე როგორც ეს ბრძენ ქალბატონს შეჰფერის და არა ნორჩს გოგონას, მიმართა მას: ,,ჩემო მეგობარო, შენმა ბედნიერმა იღბალმა და ჩემმა მწარე ხვედრმა, შენმა კეთილგონიერებამ და ჩემმა წინდაუხედაობამ იქამდე მიგვიყვანეს, რომ მე, კეთილშობილი ჩამომავლობისა, იძულებული ვარ, ღვთისა და კაცთა წინაშე პირნათელი რომ ვიყო, მოხეტიალე ვაჭრის ცოლი გავხდე, შენ კი, ასეთი, გრაფის ასულის ქმრად იქცე. გემუდარები, ნუ იტყვი უარს ჩემზე, ცოლად მაღიარე და ისე მომეპყარი, როგორც გენებოს. შენგან დავორსულდი და აღარ მსურს,  დავრჩე და ამით სხვანიც შევარცხვინო და დავამწუხრო. არ მსურს, სირცხვილი და შეურაცხყოფავიწვნიო. მე იმაზეც თანახმა ვარ, გამოგყვე და სიღატაკეში ვიცხოვრო. მირჩევნია, ჩემი უბადრუკი ხორცი, რომელიც ამას იმსახურებს, ტანჯვისთვის გავიმეტო, ვიდრე ფუფუნებაში ცხოვრებით სული ყოველ წამს წავიბილწო და სხვებიც გავაწვალო. მაშ, მოაგვარე შენი საქმეები, რათა ხვალ, ღამის დადგომამდე, აქედან წავიდეთ. თან შენი ძვირფასეულობა იქონიე, მეც ჩემსას წამოვიღებ, კიდევ ფულსაც, ასე რომ, შიმშილით არ დავიხოცებით,  საითაც მოგვეგუნებება, იქეთ გავწიოთ, რათა ბოლომდე შევიცნო, ვარსკვლავებმა რად გამაჩინეს ამქვეყნად“. გრაფ ბარსელონელს, რომელსაც ჩვენ ნავარელს აღარ ვუწოდებთ, ენით გამოუთქმელი სიხარული მოჰგვარა ამ ამბავმა, რადგან მეტი არც არაფერი უნდოდა, თან თავისთვის გაიფიქრა: მართლაც ის რომ ყოფილიყო თვითონ, რადაც ქალი მიიჩნევდა, რას მოსწევდა მას ბედისწერა, რომელიც გვმართავს ჩვენ. იმაზეც ფიქრობდა,  თუ რაოდენ იოლი იყო ახალგაზრდა ქალის, თუნდაც მოხერხებულისა და ეშმაკის გაცურება: ამგვარმა ფიქრებმა ისეთი სიბრალური აღუძრა გრაფინიას მიმართ, რომ მან, ძლიერმა მამაკაცმა, კინაღამ ქვითინი ამოუშვა, მაშინ, როცა ეს სუსტი ქალი თავს იკავებდა. მიუხედავად ამისა, ბარსელონელი თავს მოერია, მღელვარება არ შეიმჩნია და თქვა: ,,სენიორა, მე როგორც ეს თქვენთვის ცნობილია, ერთი საბრალო და ღარიბი ვაჭარი კაცი ვარ და მომიტევეთ, მაგრამ მერჩივნა სიკვდილამდე მარტოს მეცხოვრა, ამიტომ გემუდარებით, მეც მიხსენით ამ ტვირთისგან და ნურც საკუთარ თავს გაიწვალებთ“. ახალგაზრდა გრაფს კიდევ სურდა სიტყვის გაგრძელება, მაგრამ ასულისადმი სიბრალურმა, მისი დაუფლების სურვილმა და იმანაც ვაითუ გადაიფიქროს ქალმაო, მას მეტყველების უნარი წაართვა. გრაფინიამ კი სიტყვა ჩამოართვა და მუდარით წარმოთქვა: ,,ჩემო მეგობარო, მხოლოდ ერთს გეტყვით: განგება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყველაზე იღბლიან კაცსაც კი არ აძლევს ასეთ ბედნიერ შემთხვევას, როგორც შენმა ბედნიერმა და ჩემმა უბედურმა ვარსკვლავმა მოგივლინეს. ფრთხილად იყავი, შენი უგუნურებით არ განარისხო ის (18): შენ ხომ უარს ამბობ იმ ქალის ქმრობაზე, რომელმაც თვით გრაფ ბარსელონელს სულ ცოტა ხნის წინ უარი უთხრა ცოლობაზე“. ამ სიტყვებმა მიძინებული წყენა გააღვიძა გრაფში და მის გახურებულ თავში მომავალ შურისძიებაზე აზრები წამოიშალნენ. ამის გამო აღარ გაჯიუტებულა და დასთანხმდა, რადგან ქალს თვითონ სურდა ეს. თვითონ იყო მზად გრაფის ნებისმიერი სურვილი შეესრულებინა, ეცხოვრა არა როგორც გრაფის ასულს, არამედ როგორც მოხეტიალე მოვაჭრის ცოლს, ქმართან ერთად ევლო ფეხით, როგორც ამას მისი მდგომარეობა და ძველი ადათ – წესები ითხოვდნენ, ამასთანავე საფრთხეც, რომელიც ემუქრება საკუთარი სახლიდან გრაფის ასულის მომტაცებელ კაცს.

ასე შეთანხმდნენ და არავის არაფერი გააგებინეს, გარდა მოახლისა, რომელმაც ცრემლთა ფრქვევით გააცილა ისინი. პილიგრიმებად გადაცმულებმა, მათ იმ საღამოსვე მიაშურეს სალოცავად წმინდა იაკობის საყდარს ჰალისიაში (19).

ამ ამბავს, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი აურზაური მოჰყვა, როგორც ტულუზაში, ასევე მთელ ქვეყანაში, მაგრამ რადგან გაქცევის მიზეზს ვერავინ ხვსებოდა,  დაასკვნეს, რომ გრაფინიამ თავი ღმერთს მიუძღვნა და რომელიმე დედათა სავანეს შეაფარა თავი. ამ აზრს განსაკუთრებით იმიტომ ჩაეჭიდნენ, რომ გრაფის ასული მიხვდა თუ არა თავის ორსულობას, ყველას განერიდა, თავის დობილებსაც კი და ჩვეულებრივზე მეტი გულმოდგინებით მისცა თავი ლოცვას. მოახლემ კი, რომელმაც ერთადერთმა იცოდა საქმის ვითარება, ნაწყენისა და გულგატეხილის იერი მიიღო და ყოველგვარი ეჭვი გაუფანტა ყველას.

ამის გამო და კიდევ იმიტომ, რომ ქალ-ვაჟმა სწრაფად დატოვა ლანგედოკის მიწა, ბევრი ძებნის მიუხედავად, მაინც ვერ იპოვეს ისინი.

გრძელი იქნება მოსაყოლად ის ძნელი და დაუსრულებელი გამოცდანი, რომელნიც შეყვარებულმა და კმაყოფილმა გრაფმა გზად თავის საცოდავ და დაჩაგრულ ცოლს მოუწყო: აქამდე, მთელი წლის განმავლობაში, გრაფინია მხოლოდ ორმოციოდე ნაბიჯს თუ გადაადგამდე ხოლმე ფეხით დიდი ამალის თანხლებით და თანაც მშვენიერ ამინდში, ახლა მას დამძიმებული მუცლისთვისაც უნდა გაეძლო, ივლისის მზით გავარვარებულ წვეტიან ქვებზეც ევლო და კიდევ ბევრი რამ უნდა გადაეტანა, რასაც ნებისმიერი ღარიბი კაცი გზაში გადაეყრება ხოლმე.

გრაფი როცა თვითონ ვაჭრობით იყო დაკავებული, ქალს სულის მოთქმის საშუალებას აძლევდა, მაგრამ უხეშად მიმართავდა და ხორცის მცირეოდენი დასვენება სულიერ ტანჯვად ექცეოდა ხოლმე. მაგრამ ქალს წამოსვლის დღიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი მტკიცედ, ბედისწერის დაცინვისათვის გაეძლო. დღე მგზავრობდნენ, ღამეს კი დუქნებში ათევდნენ, სადაც დღიური შრომით დაღლილი ქალი მცირე დასვენებას მაინც მოელოდა,  მაგრამ გრაფი ყველაზე მოუწყობელ სასტუმროებს ირჩევდა, რომლებითაც ესოდენ ცნობილია ესპანეთი, რათა ამით კიდევ უფრო დაემცირებინა საბრალო და განსაცდელზე განსაცდელი დაემატებინა.

ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე დღის შემდეგ ბარსელონაში ჩავიდნენ, სადაც გრაფი თავის მეგობრებს შეხვდა, რომლებმაც ტულუზა მასთან ერთად დატოვეს და უბრძანა, ის თავის  ცოლთან ერთად  ყველაზე ღარიბულ და  მოუწყობელ სასტუმროში დაებინავებიბათ. ამ დუქნის პატრონი ერთი კეთილი და სათნო ქალი იყო, რომლის მსგავსიც ცოტაა, რადგან ამგვარი დაწესებულებების პატრონნი ბებია ქალობასაც მისდევდნენ და არც მაჭანკლობაზე ამბობდნენ უარს.

ის ღამე და მომდევნო დღეც გრაფმა ცოლთან გაატარა, დუქნის სასტუმროში, ხოლო როცა მოსაღამოვდა,, უთხრა, რომ საქმე ჰქონდა ქალაქში და ამის შემდეგ მხოლოდ ღამით ნახავდა მას. უთხრა ისიც, რომ გრაფინია დუქნის პატრონს უნდა მიხმარებოდა და ასე ერჩინა თავი, ვინაიდან ქმარი მის გამოსაკვებად არც ძვირფასი თვლების გაყიდვას  აპირებდა და არც ფულის დახარჯვას, რასაც სულ საქმეში დებდა. ქალი კი უნდა მიხმარებოდა ამაში ქმარს, თუ მასთან მშვიდი ცხოვრება სურდა.

ამ სიტყვებზე ამოიოხრა გრაფინიამ და გაახსენდა, როგორ ფუფუნებაში აცხოვრებდა მამა, ახლა კი იძულებული იყო, საკუთარი შრომითა და ჯაფით ეშოვა ლუკმაპური, მაგრამ მაინც სიხარულით დასთანხმდა ქმარს.

ქმარმა კი დატოვა ის და მწირის სამოსში გამოწყობილი სასახლეში გამოცხადდა, სადაც მას დიდი ხანია ელოდნენ, თუმცა იმედი ჰქონდათ დაკარგული. მას ისე შეხვდნენ, როგორც არარსებობიდან არსებობაში დაბრუნებულს, ვინაიდან მისმა პილიგრიმობამ იმაზე მეტ ხანს გასტანა, ვიდრე თვითონ ვარაუდობდა. მისმა მშობლებმაც უზომოდ გაიხარეს. გრაფმა მთელი დღეს მეგობრებთან და შინაურებთან დაჰყო, ღამით კი, ძველ სამოსში გამოწყობილი, კვლავ ცოლთან დაბრუნდა და მასთან დარჩა. გრაფი ცოლს შავი საქმის შესრულებას ავალებდა და გამუდმებით ახსენებდა,  კეთილ დიასახლისს ყველა საქმეში მიხმარებოდა. თითქოს არ ეყოო გრაფს  ცოლის ესოდენი დამცირება, კიდევ უფრო მეტად დასჯა მოინდომა მისი და ერთ ღამეს უთხრა: „მინდა  ხვალ ჩემს მეგობარ მეჭონეს „ერთი თერძის დუქანში“ ღვინით გავუმასპინძლდე. პურის მოტანა მე მომიწევს, პური კი აქ ძალიან ძვირია და რადგან მე ზედმეტის დახარჯვა არ მინდა, ამიტომ სჯობს, ხვალ დილით, როგორც კი ჩვენი დიასახლისი პურის გამოცხობას შეუდგება, მიეხმარო მას, თონიდან პურის ამოყრისას კი შეეცადე, რაიმე საბაბით ძირს დაიხარო  და ოთხი ცალი პური ქვედაკაბის ჯიბეში დამალო, მე კი სადილობამდე ორი-სამი საათით ადრე მათ წასაღებად შემოგივლი“.

კეთილშობილ გრაფინიას ეს იმდენად დიდ უზნეობად მოეჩვენა, რომ აქამდე გაგონილს ესპანელებისა და ნავარელების სიძუნწეზე ხუმრობად ჩათვლიდა, მაგრამ ხედავდა რა, რომ ქმარი არ ხუმრობდა, თხოვნა დაუწყო, აეცილებინა მისთვის ეს საქმე. მან კი მრისხანედ მიუგო: „შენ, მგონი, ჯერ კიდევ ვერ დაივიწყე, ტულუზის გრაფის ასული რომ ხარ. მე კი მაშინ, როცა შენ სახლს ვტოვებდით, გაგაფრთხილე, არ გეფიქრა წარსულზე და ღარიბი ნავარელის ცოლად ჩაგეთვალა თავი და შენც დამთანხმდი. ამიტომ გიმეორებ,  თუკი ჩემთან სიამტკბილობით ცხოვრება გსურს, ისე მოიქეცი, როგორც მე მე გიბრძანებ, თუ არადა, მიგატოვებ და ბედის საძებნელად სხვა მხარეში წავალ“.

გრაფინიაც, მეტი რა გზა ჰქონდა, დასთანხმდა  და დილით ისე მოიქცა, როგორც მან უბრძანა. გრაფმა კი ჩვეულებისამებრ ბარსელონას მიაშურა გასართობად. იქ მან მეგობართაგან ერთს, რომელიც ნათესავად ერგებოდა და ტულუზაშიც ახლდა მას,  უთხრა, როგორ მოქცეულიყო. მართლაც, გაუარა იმ სასტუმროს მეგობარმა, რომელშიც გრაფის ცოლი ცხოვრობდა, რაღაც საბაბით შეყოვნდა და ახსოვდა რა, გრაფის ბრძანება, დიასახლისს, რომელიც მისდა ბედად, გრაფინიასთან ერთად ჭიშკართან იჯდა, მიმართა: “ქალბატონო, ეს  ახალგაზრდა ქალი ყველაზე ცბიერი და მზაკვარია მათ შორის, ვისაც მე შევხვედრივარ ჩემს სიცოცხლეში და თუ ფრთხილად არ იქნებით, სულით ხორცამდე გაგცლით“.

მოხუცმა დიასახლისმა იუარა ნათქვამი და ახალგაზრდა ქალის ქებას მოჰყვა, რაზეც წარჩინებულმა სენიორმა უპასუხა: „მინდა, სანამ აქაურობას გავშორდები, ჩემი სიტყვების სიმართლეში დაგარწმუნოთ, აუწიეთ მას ქვედა კაბის კალთა და გაუსინჯეთ ერთ-ერთი ჯიბე, მანდ თქვენ რაღაცას ნახავთ და ირწმუნებთ, რომ ჯადოქრობის შესწავლის შვიდ წელს ტოლედოში ჩემთვის უშედეგოდ არ ჩაუვლია“. მოხუცმა დიასახლისმა, რომელსაც ეჭვი არ ეპარებოდა ახალგაზრდა ქალის წესიერებაში, იხმო სენიორი თავის სიმცდარეში დასარწმუნებლად, ხელი ქალის ჯიბეში ჩაყო  და ოთხი პატარა პური იპოვა, უსაზღვროდ გაოცებულმა დიასახლისმა მორჩილებით მოუბოდიშა ბატონს, რომელმაც მომხდარზე ხუმრობისა და მსჯელობის შემდეგ იქაურობა დატოვა.

ძნელი წარმოსადგენია, დიდგვაროვნის წინაშე ასეთნაირი მხილების გამო, რაოდენი სირცხვილი და დამცირება იგრძნო საბრალო გრაფის ასულმა; მწუხარებისაგან მუხლთ მოეკვეთა. მოხუცმა დიასახლისმა კი დედობრივი მზრუნველობით წამოაყენა და რჩევა-დარიგება დაუწყო, ის კი თვალცრემლიანი, პატიებას ითხოვდა და პირობას დებდა, რომ ასეთ ცოდვას აღარ ჩაიდენდა, თუმცა, არ გაუმხილა, ვინ აიძულა, ასე მოქცეულიყო.

ღამით გრაფმა უთხარა ცოლს, რომ პური აღარ დასჭირვებია და გულმოსულის სახე მიიღო, ვინაიდან მან იგი საჯაროდ შეარცხვინა, თან ამუნათებდა იმის გამო, რომ ამ საქმეს უხალისოდ და უგერგილოდ მოჰკიდა ხელი.

ამ დროს ახალგაზრდა გრაფის დედამ, გრაფინია კატალონიელმა მოისურვა, რომელიმე დახელოვნებული ოსტატისათვის ხელით ნაქარგი გადასაფარებელი შეეკვეთა, რომელიც ბარსელონის წმინდა ეკლესიისათვის ჰქონდა შეთქმული და რომელზეც ყველაფერთან ერთად მარგალიტებითაც უნდა ამოქარგულიყო წმინდათა ფიგურები და ცხოველები, როგორც ეს ასეთ შემთხვევაშია მიღებული. ახალგაზრდა გრაფმა როგორც კი ეს გაიგო, მიხვდა, რომ კიდევ ერთხელ შეეძლო ცოლის შერცხვენა, ამიტომ უთხრა დედამისს, რომ იცნობდა ერთ ღარიბ ფრანგ ქალს, რომელსაც ამგვარი საქმე ფრიად ხელეწიფებოდა და რომელიც იქვე, ახლოში, ცხოვრობდა. ღამით კი თავის ცოლს უამბო ყველაფერი და უბრძანა, თუ კი ქმრისთვის სიკეთე სურდა, რაც შეიძლება მეტი მარგალიტი დაემალა. უბედური გრაფინია ცრემლმორეული უარობდა ამ საქმეს, რადგან საშინელი სირცხვილი ჰქონდა გამოვლილი პურის მოპარვისა გამო. ამასთანავე, არ უნდოდა იმ კაცის სახლში შესვლა, რომელსაც ცხრა თვის წინ ცოლობაზე უარისთქმით შეურაცხყოფა მიაყენა და სადაც არ გაუჭირდებოდათ მისი ცნობა; მაგრამ ქმრის უთავბოლო მუქარის შემდეგ ქალი დასთანხმდა სასახლეში წასვლაზე. მოილაპარაკეს, რომ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, ქალს მარგალიტები პირში, ენის ქვეშ, დაემალა. ასე კი ბევრის აღება ვერ მოხერხდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მაგრალიტები ლამაზიც იყო და ძვირად ღირებულიც, სარგებელი მაინც არ იქნებოდა დიდი. გრაფის დედამ ქალი დილიდანვე დაასაქმა. მისა ყოფაქცევა და ხასიათი ისე მოეწონათ მოხუც ქალბატონსა და ყველა იქ მყოფთ, რომ ეჭვი არავის შეჰპარვია, მათ წინაშე კეთილშობილური ჩამომავლობის ქალი რომ იდგა და არა ის, რადაც თავს ასაღებდა ქალი. თანაც კეთილშობილი ქალისთვის სავალდებულო ცოდნაში ის სხვებზე მეტად ამჟღავნებდა განსაკუთრებულ ნიჭიერებას. საბრალო ქალი კი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა მისი მისამართით გამოთქმულ ქათინაურებს, თუმცა თითოეული სიტყვა მჭრელ დანასავით უპობდა გულს, რადგან სულ სხვა რამით იყო დაკავებული, მას უკვე ენის ქვეშ ჰქონდა სამი ულამაზესი მარგალიტი, როცა მოულოდნელად მასთან ნაცნობი სენიორი გამოჩნდა; ის, ვინც პურის ქურდობაში ამხილა იგი და რომელიც ახალგაზრდა გრაფის დავალების შესრულებას შეუდგა ახლაც. სენიორმა გაოცება გამოხატა მოხუცი გრაფინიას წინაშე იმის გამო, რომ სახლში ამგვარი ქალი შემოუშვა. მან ყველას უამბო პურის მოპარვის შესახებ და ისიც თქვა, რაც ამჯერად ჰქონდა გრაფინიას მოპარული. ამ ამბავმა კიდევ უფრო მეტად შეურაცხყო საცოდავი ახალგაზრდა ქალი, ვინაიდან მან, იქ მყოფთა შორის ყველაზე დიდგვაროვანმა, ყველაზე დიდებული ქალბატონი გაძარცვა, თანაც იძულებული იყო, ეღიარებინა. მოხუცმა ქალბატონმა ეს მისი სიღარიბით ახსნა, აპატია ჩადენილი და შინაც გულუხვად დასაჩუქრებული გაუშვა.

ბოლოს, როგორც იქნა, ახალგაზრდა გრაფმა იკმარა ნაწვნევი დამცირების საპასუხოდ ცოლის მიმართ შურისძიება, ის სასჯელი, რაც მან თავის ცოლს მასზე ნაჩქარევი დასკვნის გამოტანისთვის დაუწესა. მიხვდა, რომ ის, რასაც ახლა თვითონ აკეთებდა, გაცილებით უარესი იყო, ვიდრე იატაკამდე არმისული ბროწეულის მარცვლის დაჭერა, თანაც მშობიარობის დროც ახლოვდებოდა. მან, საკუთარი თავისა და ქალის საბედნიეროდ, უარი თქვა წინანდელ ოინებზე, ქალზე გული მოიბრუნა და სრულიად გამოიცვალა. გრაფმა ყველაფერი უამბო თავის მშობლებს, აუხსნა, რომ არა სიხარბემ, არამედ ტყუილმა მიიყვანა გრაფინია მის საწოლამდე. ჩამოთვალა ის ტანჯვა-შეურაცხყოფანი, რაც მას თავს დაატეხა და იმით დაამთავრა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, მეორე დღეს, მშობლების თანხმობით, ახალგაზრდა ქალი, როგორც ტულუზის გრაფის ასული და თავისი მეუღლე, ისე შემოეყვანა ოჯახში. გრაფის მშობლების სიხარული ენით აღუწერელი იყო, ისევე როგორც ის დარდი, რომელიც ადრე ამ ქორწინების ჩაშლით დაეუფლათ. მათ ბრძანება გასცეს, მეორე დღისათვის უხვი ნადიმი გაემართათ ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

ახალგაზრდა გრაფმაკი ზეიმის წინა დღეს ცოლს უთხრა: ხვალ გრაფი ბარსელონელის სასახლეში ქორწილია, გრაფის ძეს ცოლად არაგონის მეფის უფროსი ასული მოჰყავს,  ულამაზესი და უმშვენიერესი იმათგან, ვინც კი ჩვენს მხარეში უნახავთ ოდესმე. ახალგაზრდა გრაფმა უფალს მარად მადლობა უნდა შესწიროს იმისთვის, რომ შენ უარი უთხარი, რადგან ამ ქორწინებით ნათესაობის ხარისხითაც მოიგო და საპატარძალოს სილამაზითაც“. გრაფინია ბიანკამ თავი ვეღარ შეიკავა და მძიმედ ამოიოხრა, გაახსენდა, ვინ იყო ადრე და რას წარმოადგენდა ახლა, გრაფი კი განაგრძობდა: ,,ხვალ დიდი უქმეა, არავინ იმუშავებს. ამიტომ მგონია, აჯობებს, ჩვენს სათნო დიასახლისთან ერთად სასახლეში წახვიდე, რათა აქ მარტო ყოფნით არ მოიწყინო და თან რაიმეც გამოაყოლო ხელს. რომც დაგიჭირონ, ბევრი არაფერი: ქალი ხარ, ცოტას შეგარცხვენენ, სირცხვილი კი, როგორც ცნობილია, მალე გაივლის ხოლმე. ღარიბ კაცს კი ყველაფერთან შეგუება უწევს“.

და თუკი ყოველივე, რასაც გრაფინია ადრე აკეთებდა, ძნელად ეჩვენებოდა, ახლა ქმრის ეს ბრძანება უძნელესად ჩათვალა. თუკი იგი ადრე ხვეწნა-მუდარით სთხოვდა ამგვარ  საქმეთაგან გათავისუფლებას, ახლა ცრემლებით ევედრებოდა, თავი დაენებებინა მისთვის; ამბობდა, რომ სიკვდილი ერჩივნა ქურდობას. მაგრამ გრაფმა, რომელსაც სურდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, უკანასკნელად გამოეცადა იგი, მუქარითა და ლანძღვა-გინებით დაითანხმა ცოლი. მოხუც დიასახლისს კი ფრიად საიდუმლოდ გაანდო თავისი ჩანაფიქრი, უთხრა, სად და როდის უნდა გამოცხადებულიყო მეორე დღეს გრაფინიასთან ერთად, თვითონ კი საქმეების მოგვარების შემდეგ სასახლეში დაბრუნდა.

მეორე დღეს ბარსელონის წარჩინებული საზოგადოება, ბატონები და ქალბატონები დათქმულ დროს გამოცდხადდნენ საქორწინო ნადიმზე, მაგრამ სანამ მაგიდას მიუსხდებოდნენ, სასიამოვნო საუბრითა და სახალისო ცეკვებით იქცევდნენ თავს.

მოხუცმა დიასახლისმა, რომელიც გრაფის ბრძანებას ასრულებდა, თითქმის იძულებით წაიყვანა გრაფინია სასახლეში ნადიმამდე ერთი საათით ადრე. დარბაზში შევიდა თუ არა გრაფინია, შეეცადა ყველაზე ღარიბ სტუმრებს შერეოდა. საზეიმოდ გამოწყობილი გრაფი კი სახეზე ღიმილით პირდაპირ მისკენ გაემართა და ხმამაღლა, ისე, რომ ყველას გაეგონა, თქვა: ,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, პატივცემულო გრაფინიავ და ჩემო საყვარელო მეუღლევ, ჩემს სახლში! დადგა დრო, როცა თქვენი ნავარელი გრაფ ბარსელონელად უნდა იქცეს, თქვენ კი, ჩემი მწირო – ტულუზის გრაფის ასულად და ჩემს მეუღლედ, გრაფინია ბარსელონელად“. ამ სიტყვებმა ფრიად განაცვიფრეს გრაფინია, დაბნეული ყურებს არ უჯერებდა, აქეთ-იქით იყურებოდა, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ გრაფი სახელდობრ მას მიმართავდა. დაჟინებითი მზერის შემეგ იცნო გრაფი და მიხვდა, რომ ნამდვილად მას ეკუთვნოდა მის მიერ წარმოტქმული სიტყვები, თვითონ კი ხმასაც ვერ იღებდა; გრაფი განაგრძობდა: ,,ჩემო ქალბატონო, უმიზეზოდ დამიწუნეთ და გამაბოროტეთ თქვენ მიმართ; ცხადია, რომ ზღვარს გადავედი, მაგრამ თუკი ჩემს ადგილას წარმოიდგენთ თავს, იმედია, არა მარტო მომიტევებთ, არამედ თანაგრძნობითაც აღივსება თქვენი გული. თქვენი კეთილშობილი და ამაღლებული სულის გამო, რომელიც თქვენი სიმდაბლის ჟამს უკეთ გამოჩნდა, ვიდრე მაშინ, როცა დიდებულად ცხოვრობდით. გთხოვთ, დაივიწყოთ ჩემი შურისძიება ისევე, როგორც მე დავივიწყე თქვენგან მოყენებული წყენა და აქ, ბარსელონაში, ჩემი მშობლებისა და ყველა სტუმრის თანდასწრებით მომანიჭოთ ის უფლება, რაზეც ტულუზაში უარი მითხარით და რაც ცბიერებით მაინც წაგართვით“. გონსმოსულმა გრაფის ასულმა დიდებული იერით, რაც წარჩინებულ ქალბატონს უფრო შეეფერებოდა, ვიდრე ღარიბულად ჩაცმულ ქალს, წარმოთქვა: ,,ბატონო ჩემო, დღეს განსაკუთრებით ძვირფასი გახდით ჩემთვის, რადგან მივხვდი, რომ ჩემი ბედისწერა აღემატა ჩემს გონიერებას და თქვენც არ აღმოჩნდით ის, ვინც მე მეგონეთ. გაცილებით იოლია, მე მოგიტევოთ თქვენი ჩემდამი ულმობელი დამოკიდეულება, ვიდრე თქვენ მაპატიოთ მე, ვინაიდან დაცინვის მიზეზზე უფრო სამართლიანი შურისძიების მიზეზი აღმოჩნდა. ხოლო მოგანიჭოთ იმის უფლება, რაც თქვენ სხვაგან მოიპოვეთ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, დავადასტურო ჩემი თანხმობა, ამას სიამოვნებით გავაკეთებ, რადგან ტულუზაში არ იყო არც ესოდენი სადღესასწაულო გარემოება, არც ესოდენ წარჩინებული მოწმეები გახლდნენ, რასაც ახლა, აქ, ბარსელონაში, ვხედავ. რაც შემეხება მე, ვიქნები თუ არა თქვენი მეუღლე, ეს თქვენი, ასევე მონსენიორ გრაფის – მამათქვენის და ქალბატონი გრაფინიას – დედათქვენის გადასაწყვეტია, რომელთა წინაშეც შენდობას ვითხოვ, თქვენთვის მოყენებული ტკივილისათვის და პირობას ვდებ, რომ როგორც შვილს, ისე მეყვარებიან და პატივისცემას არ მოვაკლებ მათ“. ბიანკა კიდევ იტყოდა რაიმეს, მაგრამ მოხუცი გრაფისა და გრაფინიას ცრემლებმა, აგრეთვე იქ მყოფთა თანაგრძნობით აღვსილმა შეძახილებმა შეაწყვეტინეს სათქმელი. ამის შემდეგ იგი დარბაზიდან გაიყვანეს, ღარიბული სამოსი გახადეს და ძვირფას კაბაში გამოაწყვეს. ნამდვილი საქორწინო ზეიმი გაჩაღდა, შეატყობინეს ტულუზის გრაფსაც, რომელმაც სიხარულით მიიღო ეს ამბავი და ადრე დაპირებული მეგობრობითა და მზითევით განამტკიცა. რაც შეეხება ამ ყოველივეს მოთავე მოახლეს, ის კიდევ უფრო შეიყვარა გრაფის ასულმა.

მცირე დროის შემდეგ ახალგაზრდა გრაფინიამ მშვენიერი ვაჟი შობა. მან, ქვეშევრდომთა პატივისცემითა და სიყვარულით გარემოცულმა, ბედნიერად  განვლო თავისი წუთისოფელი გრაფის გვერდით და კიდევ ბევრი ძე და ასული აჩუქა მას.

ეს ისტორია კი ორივე საგრაფოს მატიანეში განსხვავებულადაა  ჩაწერილი, ერთში, ტულუზური – მოკრძალებით, მეორეში კი – კატალანიური თავაზიანობით. რაც შეეხება იმას, თუ რომელი სჭარბობს ჩემს მონათხრობში, ამისი განსჯა მკითხველისათვის მიმინდვია.

 

 

კომენტარები:

1.       ამაოდ დაშვრომა. ავტორის ეს  თეზა  თხრობის ერთ-ერთი  რიტორიკული ხერხია და  უამრავ  საკითხთან  დაკავშირებით შეიძლება მისი გამოყენება. მისი  ერთი ვარიანტი გვხვდება „გროგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, რუსთველი კი მას საღვთო მიჯნურობაზე საუბრისას იყენებს: „…მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან“.

2.      ძველებში იგულისხმებიან ანტიკური მწერლები.

3.      შროშანი, ღვთისმშობლის ყოვლად პატიოსნების სიმბოლო, გამოსახული იყო საფრანგეთის სამეფო ღერბზე. ლანგედოკი კი წარმოადგენს საფრანგეთის სამხრეთ პროვინციას, რომელიც ალბიგოურ ომებამდე (1229-1271) დამოუკიდებელი იყო. ლანგედოკი ამ მხარეს XIII საუკუნიდან ეწოდა. ადგილობრივ მცხოვრებთა ენის lulangue d’oc-ის მიხედვით, მანამდე კი ერქვა ტულუზის საგრაფო, დადექალაქ ტულუზის მიხედვით.

4.      სირცხვილი და სიკვდილი – ეს უძველესი დროიდან გატოლებული ცნებებია. ასე გვაქვს ქართულ საააზროვნი სივრცეშიც. „ჩჳენი „ვეფხისტყაოსანი“ ამისი ნათელი მაგალითია.

5.      კატალონია – ესპანეთის ჩრდ. აღმ. პროვინცია. ოფიციალურ დოკუმენტებში ეს სახელწოდება გვხვდება XII საუკუნის დასაწყისიდან. კატალონიელთა წინაპრები იბერიული ტომები იყვნენ, მათ ენას ჰქვია კატალანური ენა.  კატალონია XII ს-ში შევიდა არაგონის სამეფოში.

6.      არაგონია – ჩრდ. აღმ. ესპანეთის ოლქი, რომლის სახელწოდებაც მდინარე არაგონიდან (არაგვიდან?) მოდის, XV საუკუნის ბოლოს მეოთხედში 1479 წ. ფერდინანდ II არაგონელისა და იზაბელა კასტილიელის ქორწინების ათი წლის შემდეგ შეიერთა – პირენეის, ნახავარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ციხე-დარბაზების ქვეყანა Castilla – რითაც დასაბამი მისცა ესპანეთის ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

7.      ბარსელონა – ჩრდ. აღმ. ესპანეთის ქალაქი და ნავსადგური, კართაგენელთა მიერ ჩვ. ერამდე III საუკუნეში დაარსებული … 877-1137წწ.-ში ბარსელონის საგრაფოს დედაქალაქი. 1137 წ. ბარსელონა მთელ კატალონიასთან ერთად შევიდა არაგონის საგრაფოში.

8.      პროვანსი ისტორიული ოლქი სამხ. საფრანგეთში, ჩვ. ერამდე II საუკენეში შედიოდა რომის პირველ ტრანსალპურ პროვინციაში – Provinciar Pomana – აქედანვეა მისი სახელწოდება პროვანსი საფრანგეთს საბოლოოდ 1481 წ. შეუერთდა. ნოველაში მოთხრობილი ამბის დროს კი, 1113-1246 წწ.-ში ის ბარსელონის საგრაფოში შედიოდა. ეს კუთხე განთქმული იყო თავისი ტრუბადურული პოეზიითა და მასში ასახული ქალის კულტით. ტრუბადურული პოეზიის შეხედულება მიჯნურობასა და თვით პოეზიის არსზე, მისი სტილი პოეტური სახეები და ტერმინოლოგია დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს ჩვენს ,,ვეფხისტყაოსანთან“.

9.      გარეგნობითაც ლამაზი იყო – ესეც რენესანსის ეპოქაში აღორძინებული ანტიკური იდეალია: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული“.  ხაზგასმულია დიდებული წარმოშობის, განათლებისა და გარეგნობის ჰარმონიული მთლიანობა. ამის მცდელობა ჩვენ უკვე გვაქვს გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, ხოლო შემდეგ მთელი სისრულით წარმოგვიდგება „ვეფხისტყაოსანში“

10.  რომ ვინმე მომავალში მის მსგავსს გადაეყაროს – ეს რიტორიკული ხერხიც ნაცნობია ჩვენი კალასიკური მწერლობისთვის. ბასილი ზარზმელი მას სერაპიონ ზარზმელის დახასიათებისას იყენებს. გვაქვს „ვეფხისტყაოსანშიც“: „მისებრი მართ დაბადებით არვინ ყოფილა შობილი“.

11.  სიძუნწე ყველა მანკიერებათა სათავეა – ეს საკითხიც უძველესია. ძველ ბერძენ ფილოსოფოსებთან არაერთგზის განხილული და დაგმობილი, მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლოა, ავტორი ეყრდნობოდეს დიდ იტალიელ ჰუმანისტს, ფრანჩესკო პეტრარკას, რომელიც ამბობდა: „რამდენადაც  მეტია სიძუნწე, იმდენად მეტიაო დაუნდობლობა“. ქართულ სააზროვნო სივრცეში, „ვეფხისტყაოსანში“ მანკიერებათა სათავედ მიჩნეულია  სიცრუე: „რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა“

12.  „ცერერამ შვილი დაკარგა, მე კი – საცოლე“ . ბროწეული ქალღმერთ დემეტრას (ცერერას)  სიმბოლოდ ითვლებოდა. მას ხშირად სწორედ ამ ხის ნაყოფით ხელში გამოსახავდნენ. ბროწეულის ნაყოფი სიუხვესა და ნაყოფიერებას განასახიერებდა. სწორედ ბროწეულის სულ რაღაც 7 მარცვლის შეჭმა ჰადესის მიერ მოტაცებულ დემეტრას შვილს,  პერსეფონეს, ჰადესში,  იქ დარჩენად  დაუჯდა.  ბროწეული იყო ამავე დროს ოჯახის სიმბოლოც.

13.  მონფერეტოს ღვთისმშობლის ტაძარი   სანტა მარია დელა გრაციეს მშენებლობა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი აჩრდილის პატივსაცემად იტალიელ არქიტექტორ ფრანჩესკო დი ჯორჯოს  1485 წელს  დაუწყია. მშენებლობა დასრულებულა 1515-ში. როგორც ჩანს, იქ  იქ ადრიდანვე ყოფილა  ტაძარი და მერე აუგიათ ახლი და დიდი, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო ყოველთვის, ყველგან…

14.  ანდამატი მომდინარეობს ძველბერძნულიდან adamas – ალმასი. adamatos (ძვ.ბერძ.) ქალღმერთთან, კერძოდ, ათენასთან მიმართებაში აღნიშნავდა მის ქალწულებასა და უბიწოებას. შემედგ იგი გავრცელდა ღვთისმშობელზე. ცხადია, ამას ხელი შეუწყო, უპირველეს ყოვლისა, ბიბლიურმა სახისმეტყველებამ და ანდამატი მარიამის მითო-პოეტურ მეტაფორად იქცა. კარგი იქნება, თუკი გავიხსენებთ, რომ გრიგოლ ორბელიანმა ამ ქვას შეადარა ქართველი კაცის გული: ,,შავ დროთა ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა“.

15.  ფილოსოფიური ქვა – სიბრძნის ქვა,  ნივთიერება, რომლის მეშვეობითაც  VXVI სს-ში იმედოვნებდნენ  უბრალო ლითონების კეთილშობილ ლითონებად – ოქროდ და ვერცხლად ქცევას. სწამდათ, რომ ამ ქვას  შეეძლო ყოველგვარი სნეულების განკურნება და ახალგაზრდობის დაბრუნება.

16.  ეტიკეტის დაცვა სავალდებულო იყო მაღალი წრის საზოგადოებისთვის.

17.  წმინდა როკო მონპელიელი  (1295 -1327) კათოლიკე წმინდანი, მის შესახებ ინფორმაცია „ოქროს ლეგენდის“ მსგავს გადმოცემებშია შემონახული. ზოგ ისტორიკოსს ისტორიულ პირადაც არ მიაჩნია ის. გადმოცემის თანახმად, მისი მამა იყო ქალაქ მონპელიეს გუბერნატორი.  წმ. როკო დაბადებიდანვე ყოფილა ნაწილიანი, მკერდზე ჰქონია წითელი ჯვრის მსგავსი ნიშანი. 20 წლის ჭაბუკს გარდასცვლია მშობლები და რის შემდეგაც  მთელი დანატოვარი ქონება  ღარიბებისთვის დაურიგებია და   რომის მოსალოცად წასულა.  ამ დროს თურმე  რომში მძვინვარებდა სახადი, „შავი ჭირი“. მას დაუწყია მთელ ქვეყანაში მოგზაურობა და ავადმყოფების მოვლა, რომელთაც ის ლოცვითა და ჯვრით ჰკურნავდა. გადმოცემა მოგვითხრობს ამ სასწაულებზე. ბოლოს  წმ როკო თვითონაც  დაავადებულა, ის ქალაქიდან გაუგდიათ და წასულა ტყეში, ერთ მიტოვებულ ქოხში, რათა იქ მომკვდარიყო. როგორც გადმოცემაშია, მას პურს უზიდავდა ვინმე დიდებულ გოტჰარდის ძაღლი. წმინდანი გამოჯანმრთელებულა, ხოლო  გოტჰარდი მისი თანაშემწე გამხდარა. შემდეგ წმ. როკო დაბრუნებულა სამშობლოში, მაგრამ არ სდომებია საკუთარი ვინაობის გამხელა, რის გამოც ჯაშუშობა დაუბრალებიათ,  ციხეში ჩაუსვამთ, ხუთი წლის შემდეგ,1327 წლის 16 აგვისტოს,   წმინდანი  გარდაცვლილა და მხოლდ ამის შემდეგ მკერდზე ჯვრის გამოსახულებით უცვნიათ. წმინდანის საყოველთაო პატივისცემა მაშინვე დაწყებულა, თუმცა კანონიზაცია მხოლოს მე- 17 ს-ში მოხდა, 1629 წელს, პაპ ურბან VIII -ის მიერ. წმ. როკოს სწორედ შავი ჭირისგან განკურნებას შესთხოვდნენ. მისი თაყვანისცემა ჯერ მონპელიეში დაიწყო, შემდეგ კი გავრცელდა მთელ საფრანგეთში, ესპამეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში. წნინდანის ცხოვრება 1478 წელს დაწერა ბრეშიის გუბერნატორმა ფრანჩესკო დიედომ.  იქ მოყვანილია ეპიზოდი,  რომ ვენეციელებმა, რომელთა ქალაქშიც შავი ჭირი მძვინვარებდა,  1485 წელს  ჩუმად როგორ წამოაბრძანეს მისი წმინდა ნაწილები  ვენეციაში, რომელიც იყო აღმოსავლეთთან ვაჭრობის მთავარი ცენტრი. შეწვნის გამო, წმ. როკო ქალაქის ერთერთი მფარველი გახდა და მის სახელზე ვენეციელებმა  1508 წელს ტაძარია აგეს.    ამ დროს ლუიჯი ალამანი 13 წლის იყო და ბუნებრივია,  შემდეგ  მან  კეთილი ღიმილით გაიხსენა ეს ფაქტი.

18.   ღმერთი და ბედისწერა სხვადასხვაა. ბედს განაგებენ ვარსკვლავები. ასეა ეს „ვეფხისტყაოსანშიც“, მაგრამ ადამიანს შეუძლია, სცადოს მისი შეცვლა. ამ ნოველაში პირიქითაა.

19.    ჰალისია – ეს არის მხარე ესპანეთის დასავლეთში „ქვეყნიერების დასასრული“. გადმოცემის თანახმად,  აქ უქადაგია ახალი რჯული იაკობ მოციქულს და დაბრუნებულა იერუსალიმში. მოციქულის  მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ, მისი წმინდა სხეული,  ნავში ჩასვენებული, ხმელთაშუა ზღვისთვის მიუციათ. ღვთის განგებით, ამ ნავზღვა-ზღვა ცურვით ჩაუღწევია ესპანეთში, ჰალისიაში, არც თუ შორს დღევანდელ ქალაქ კომპოსტელადან. 800 წლის განმავლობაში ნეშტის ადგილ-მდებარეობა არავინ იცოდა. ერთ დღესაც ივიის ეპისკოპოსმა, ზოგი ვერსიით მეუდაბნოე პალაიომ ცაზე შენიშნა საკვირველი ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა ველს, სადაც მოციქულის ნეშტი იყო.  გათხარეს ვარსკვლავის მიერ განათებული ადგილი და აღმოაჩინეს მარმარილოს ფილა, რომელიც ინახავდა წმინდანის ნაწილებს. ეს მომხდარა 813 თუ 835 წელს. იაკობის წმინდა ნაწილების აღმოჩენის ამბავი მთელ ქრისტიანულ სამყაროს მოედო და მეფე ალფონსო II-მ ბრძანა, იმ ადგილას საყდარი აეშენებინათ… 1081 წელს კი დაწყებულა  საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რაც თითქმის 400 წელს გაგრძელებულა და სწორედ ლუიჯი ალამანის დროს დასრულებულა. ნოველაში გადმოცემული ამაბვი, როგორც ავტორი გვეუბნება,  პირობითად ხდება  XII ს-მდე, კატალონიის არაგონის სამეფოში შესვლამდე, ანუ ახალი ტაძრის მშენებლობა ახალი დაწყებული როცა იყო. 

Gallery | This entry was posted in ესე. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s