ქეთევან ჯერვალიძე “…ზნე ამაღლებით, ძლევის დიდებით…”

ქეთევან ჯერვალიძე
“…ზნე ამაღლებით, ძლევის დიდებით…”
(ინტერვიუ)

chveni mcerloba_#23რა არის უკიდურესი გაჭირვებული მდგომარეობა?

სამშობლოში უსამშობლობა.

სად ისურვებდით ცხოვრებას?

აღარ  ვიცი. სულ უფოდაუფრო ცოტავდება ჩემი აქ.

რა არის უმაღლესი ბედნიერება?

ცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც ერის „საუკეთესო ნაწილი“, პირადი კეთილდღეობიდან გამომდინარე,  ავტოხთონების ამოძირკვით არ არის დაკავებული.

თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები?

ბევრია:  ანასტასია-ბევრელი,  ავთანდილი, ასმათი, ფატმანი, სანათა, აღაზა… ბულგაკოვის მარგარიტა.

თქვენი საყვარელი ისტორიული პერსონაჟები?

აიეტი, ფარნავაზი…  გიორგი ბრწყინვალე…

თქვენი საყვარელი მხატვარი?

თოიძე, კაკაბაძე, ნიჟარაძე, გუდიაშვილი, ახვლედიანი – ქართველები; უცხოელებიც…

თვენი საყვარელი კომპოზიტორი?

ფალიაშვილი, ალექსი მაჭავარიანი, სულხან ცინცაძე, რევაზ ლაღიძე… განსაცვიფრებელი პოლიფონიის შემოქმედი, მისი უდიდებულესობა ქართველი – გლეხი და მწყემსი.

რომელ თვისებებს აფასებთ ყველაზე მეტად კაცში?

რეალობის შეგრძნებას: „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისგანა“

რომელ თვისებებს აფასებთ ყველაზე მეტად ქალში?

გააჩნია როდის,  რომელ ქვეყანაში!  საქართველოში შვილებისთვის თავგანწირვას.

რომელი ადამიანური სათნოებაა თქვენთვის ყველაზე უფრო მომხიბვლელი?

როგორ შეიძლება საქართველოში რომელიმე ადამიანური სათნოება იყოს მომხიბვლელი? უბედურების მეტი, არაფერი მოაქვთ პატრონისთვის!  მაგრამ გენეტიკაში თუ გაქვს, რას უზამ?

თქვენი საყვარელი საქმიანიბა?

კითხვა-წერა, სივრცის ყურება. სოფლის საქმეც მიყვარს: მიწა, მცენარე, საქონელი. დღეს ერთი კარი „გე-ორგი“  ათასობით  ყალბ კულტმუშაკს გადაწონის.

თქენთვის ნაცნობი რომელი ადამიანი გინდოდათ ყოფილიყავით?

ყველას რას ჩამოთვლი?მაგრამ მაინც გამოვყოფდი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ ჯუმბერ ჭუმბურიძეს. ის ჩემთვის, (და არა მხოლოდ ჩემთვის) წმიდათაწმიდაა, ხატივით არის, აღსავლის კარის მეკარიბჭეა.

თქვენი ხასიათის მთავარი თვისება?

დაუნდობელი ლოგიკა.

რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში?

მეგობრობაზე მეტი რა უნდა დავაფასო? ეს ხომ განუკვეთელი მთლიანობაა!

თქვენი მთავარი ნაკლი?

ზემეტად მოკრძალებული ვიყავი და დიდხანს ვგრძნობდი  თავს მოწაფედ.

თქვენი წარმოდგენა ბედნიერებაზე?

როცა  შენი კარგად ყოფნა  ოჯახიდან მთელ საზოგადოებაზე  განიფინება ზე აღიწევა  და პირუკუ: „კაცსა კაცად აფასებდნენ, ადიდებდნენ ღმერთსა ღმერთად“; „მეფე ხალხს და ხალხი მეფეს გულს სიამეს მიაფენდნენ“…

რა იქნებოდა თქვენთვის ყველაზე დიდი უბედურება?

თუკი ქართველი თავის ისტორიულ სამშობლოში მართლაც ინდიელებისა და კოპტების დღეში აღმოჩნდება და ჩვენს სამშობლოს მეზობლები გადაინაწილებენ.

როგორი გინდოდათ ყოფილიყავით?

დღევანელი გადასახედიდან –  უგულო. ყველა საზოგადო სადარდებელს სხვის გულსა და მხრებს გადავულოცავდი.

თქვენი საყვარელი ფერი?

„ფერუთვალავი მშვენიერება“.

ყვავილი, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვართ?

ყაყაჩო, მინდვრის ყვავილები, ხრიზანთემებიც…

თქვენი საყვარელი ფრინველი?

ხოხობი; მერცხლები! პაპაჩემის გომურში იკეთებდნენ ბუდეს და ვმეგობრობდით, მერცხლებზე ლექსებს ზეპირად ვუკითხავდი ხოლმე და ისეთი ემოციით მივმართავდი, მისმენდნენ…

თქვენი საყვარელი მწერალი?

მერჩულე,  დანიელ ჭონქაძე. მისი „სურამის ციხე“ ქართული ყოფიერების მარადიულ პარადიგმადაა ქცეული.  ეს განსაკუთრებულად  ჩანს და შეიგრძნობა დღეს, დასაძლევია…  ქართველი კლასიკოსები.  უცხოელებიც, მაგრამ უცხოელებს ჩემგან საძირკვლის გამაგრება რაში სჭირდებათ?

 თქვენი საყვარელი პოეტები?

ჰესიოდე – „სამუშაონი და დღენი“(არქიკა); ვერგილიუსი – „გეორგიკები“ – რომის იმპერიის ოქროს ხანაში დაიწერა. ახლა ესენი გვჭირდება და  ცხადია,  „შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა  და გალაკტიონი“;  ყველა, ვისი კეთილი სიტყვაც და საქმეც იყო განუყოფელი…

საყვარელი ლიტერატურული გმირი ქალები?

შექსპირის კლეოპატრა, რაღა არ მოიმოქმედა ეგვიპტის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

საყვარელი გმირები რეალურ ცხოვრებაში?

უსახელო გმირები, რომლებზეც დგას ერის არსებობა;  ასევე: კ. კეკელიძე, პ. ინგოროყვა, ს. ყაუხჩიშვილი, ა. ურუშაძე, ზ. ფალიაშვილი, ლევან რაზიკაშვილი, მიხა ხელაშვილი…

საყვარელი გმირი ქალი ისტორიაში?

მაია წყნეთელი…მარო მაყაშვილი…

რას ვერ იტანთ  ყველაზე მეტად?

მზაკვარებას, მძლავრებას, ტყუილს, უმეცრებას.

ისტორიული პიროვნება რომელმაც თქვენი ზიზღი დაიმსახურა?

ორჯონიკიძე, შევარდნაძე, (მაგრამ თან მებრალებიან) „ვინ არა ვტიროდეთ მათ?..“

საომარი მოქმედება ღირსი მეტ-ნაკლები აღტაცებისა?

განა რაიმე შეიძლება აღემატოს დიდგორს?

რეფორმა, რომელსაც თქვენ განსაკუთრებით უმაღლეს შეფასებას აძლევთ?

ანჩისა და ჯავახეთის საეკლესიო კრებები

ნიჭი, რომელსაც გინდათ ფლობდეთ?

ახლა – შეგუების, თვალის დახუჭვის, რა ჩემი საქმეა; ადრე კლასიკური მუსიკის დაკვრის, კლასიკური ბალეტის ცეკვის, ხატვის, სიმღერის.

როგორ გინდათ გარდაიცვალო?

ახლა: ილიას აჩრდილივით ვიდგე მყინვარწვერზე, საქართველოს ყველა მტერი:  შინაურიც და გარეულიც იქ იყოს,  ჩემს შეპყრობას ლამობდეს, მე კი ისინი, უკლებლივ  უფსკრულში გადავიყოლო – ამაზე ნეტარი გარდაცვალება  ჩემთვის წარმოუდგენელია, წ ა რ მ ო უ დ გ ე ნ ე ლ ი! არც თევდორე ბერისებრს დავიწუნებდი…  პანოც კი  მიდგას თვალწინ:  „უფსკრულსა შიგან  გარდათხევა მტერთაჲ“; ბედნიერ ქვეყანას თუ ვეღირსებით, მაშინ პლატონისა და ღვთაებრივ მეჯოგე და მიწის მუშაკ   სანდრო უნდილაშვილისებრს ვინატრებდი, – წიგნებზე;  რ. ინანიშვილის გუთნისდედისნაირსაც, სახალხო მთქმელის, მერცხალასებრსაც, როცა ხედავ, შენი სული სამწვერად როგორ ადის ზეცაში …

თქვენი სულიერი მდგომარეობა ამჟამად?

აკაკისებრი. უძლურების განცდის, როცა  ყველაფერი იცი და ვერაფერს ცვლი. „მიმოირწევი მადლისა და წარწმედის  თვალუწვდენელ  უფსკრულთა შორის“.

ქმედებანი, რომელნიც თქვენს შემწყნარებლობას იმსახურებენ?

სიყრმესა შიგან უმეცრება. წრფელი სინანული.

თქვენი დევიზი?

„არა, არ შეიძლება, მოკვდეს ლამაზი არსი ჩვენის კაცობისა!“

თუკი როდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ მას ეთქვა?

ამოგვხდა სული!  თქმა მეცოტავება, უნდა „ზედა წიგნსა საფიცარსა შემომფიცოს“,  აღმითქვას, პირობის წიგნი უნდა მომცეს,  რომ ჩვენს ესოდენ ტანჯვას, სისხლს  დაადებს ფასს, ხუთზე მეტი ზნეკეთილი ქართველი ნამდვილად არსებობს, რომ საქართველო გადარჩება,  აყვავდება: „…ზნე ამაღლებით, ძლევის დიდებით, სამშობლო მიწის სიყვარულითა…   დადგება ერად სხვა ერთა შორის“… „ღვთივცნობილობა“ თუ გაქრება,   „ღვთისა მცნობელი“ როგორღა  დარჩება  მას ვინმე ,ქართველი, დედულეთში?..

Gallery | This entry was posted in ქეთევან ჯერვალიძე. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s