დუსია უნდილაშვილი – “დედაკაცი მხნე!”

დუსია უნდილაშვილი  – “დედაკაცი მხნე!”
(1930 -2015)

გაზეთი “განმათავისუფლებელი” 2015 წ. № 44
(სარედაქციო წერილი)

beboპედაგოგი, მარტია უნდილაშვილის (ილიასთან დაახლოებული პირის) შთამომავალი და სანდრო უნდილაშვილის შვილი (არტურ ლაისტი იხსენიებს მას „საქართველოს გულში“); 1921 წელს და შემდეგაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლის ოჯახში აღზრდილი  და შემდეგ ასეთივე მებრძოლის  ოჯახის რძალი;  განკულაკებულის შვილი და ასევე განკულაკებულის რძალი; ლამაზი და მაღალი სულის ადამიანი, კეთილი, პრინციპული და შეუვალი;  დარბაისლური ქართულით მოუბარი, მოყვარე თავისი მიწა-წყლისა,  ქართული სიტყვიერებისა, სიმღერისა და გალობისა; კარგი ოჯახის ბურჯი და დედა. მისი დევიზი იყო: „სიკეთით სძლიე ბოროტსა“; “სიკეთით ძლევა გერჩიოს ბოროტებითა ძლევასა”; სიკვდილის წინ, ღონეგამოცლილი, ცნობიერების მიხდისასაც კი  იმეორებდა ზედიზედ გალაკტიონის სიტყვებს: „ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო“…

ქალბატონი დუსია, მემკვიდრე ღირსეულ წინაპართა,  1990 წელს მთელი თავისი ოჯახით სწორედაც რომ ღირსეულად ედგა მხარში  ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო კამპანიას, უზენაეს საბჭოს; ერთგული  დარჩა თავის არჩევანისა; რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის დაწყებისას იყო დიდი შემწე დევნილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა და აქტივისტების ამერ-იმერიდან, მათი უშურველი და უანგარო მასპინძელი; მასპინძელი და მეგობარი საქართველოს პირველი პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლის, უხუცესი ემიგრანტისა ვაშინგტონში – ბატონი პეტრე ხვედელიძისა, პირველი მნახველი და მკითხველი მისი არქივისა და ამ მასალებზე გამოცემული წიგნებისა “პარიზიდან ვაშინქტონამდე საქართველოზე ფიქრით“ (2 ტ.); ქალბატონი დუსია ერთგული მკითხველი იყო გაზეთ „განმათავისუფლებლისა“, რომლის ნომრებს საგანგებოდ იძენდა თავისთვის  და ბატონი პეტრესთვის.  ეცნობოდა ზედმიწევნით და შემდეგ ბატონი პეტრე და ის ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ ტელეფონით;  ლოცავდა გაზეთის  რედაქტორს. ეს დალოცვა კი მისი მართლაც საარაკო იყო…

ქალბატონი დუსია  ასევე შეუცვლელი მასპინძელი იყო  უცხოეთიდან, განსაკუთრებით საფრანგეთიდან ჩამოსული ჟურნალისტებისა, საქართველოს ქომაგებისა,  რომლებიც რადიო-გადაცემებს ამზადებდნენ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთზე. მისი ეს ფოტო სწორედ აწ განსვენებული ფრანგი მარი-მადლენ ბარტის – “ახალი მარჯორი უორდროპის” გადაღებულია, რომლის უდროოდ წასვლაც წუთისოფლიდან გულწრფელი დედური სიყვარულით გამოიტირა  ქალბატონმა დუსიამ…

ილიას, რომელმაც  ოთარაანთ ქვრივისა და გიორგის სახეების შესაქმნელად სწორედ  უნდილაშვილთა საგვარეულო ხასიათი გამოიყენა, უყვარდა ბიბლიური სოლომონის სიტყვების თქმა: „დედაკაცი მხნე ვინ პოოს, უძვირეს არს ქვისა  მრავალსასყიდლისათა“ (იგავ.: 31,10 სწორედ ასეთი იყო ქალბატონი დუსია – „მხნე დედაკცი“, რომელიც შეუერთდა იმ უსახელო მამულიშვილთა  რიცხვს, რომელებზეც იდგა და  დგას  საქართველოს მომავალი. ნუმც გამოლეოდეს საქართველოს  მისებრნი, მაგრამ ვისურვოთ მეტიც, რაც ეამებოდა ყველა  დიდ  ქართველ მამულიშვილთა სულს: საქართველოს არსებობის საფუძველი „ჭირთა მოთმინება“ კი არა, მომავალში მაინც  მხოლოდ შრომა, ზნეკეთილობა, ცოდნა და სამართლიანობა ყოფილიყოს…

Gallery | This entry was posted in მიძღვნა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s