ვალტერ შურღაია: „მეათერთმეტე მოქმედი ვენახისა“ ანუ „კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს?“

ვალტერ შურღაია

ვალტერ შურღაია

„მეათერთმეტე მოქმედი ვენახისა“

      ანუ „კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,  ნათქვამი  არა გვცხვენოდეს?“

გაზეთი  „განმათავისუფლებელი“ 2016, დეკემბერი, №51 2016.

ვალტერ შურღაია  – ეროვნული მოძრაობის აქტივისტი, დისიდენტი,  პოლიტპატიმარი  1961-1062წწ-ში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას  თანამებრძოლი,  1990 წლის 28 ოქტომბრიდან უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ზუგდიდის 67 ოლქიდან, 1991 წლის, 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელისმომწერი., 1992 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის დაწყების დღიდან,  დაუმორჩილებლობის კომიტეტის წევრი.  1994-2000 წლებში კი კვლავ  პოლიტპატიმარი. შემდეგ  უარყოფილი და გაძევებული  კლანის მიერ  რუსეთის ოკუპაციას გადარჩენილი საქართველოს  ცხოვრების ყველა  სფეროდან – ასეთია მოკლე ცნობარი ამ დიდი ადამიანის ბიოგრაფიიდან.

მაგრამ გავიხსენოთ მისი ცხოვრება თუნდაც სულ მცირედით მაინც ვრცლად: დაიბადა 1944 წლის 20 მაისს, ცხაკაიას  რაიონის სოფელ ზანაში,  (ეს სოფელი არქანჯელო ლამბერტს  (XVIIს.) აღუნიშნავს  პირველად თავის რუკაზე), გრიგორ შურღაიას ოჯახში. ცხაკაია, დღევანდელი სენაკი, ბევრი გამოჩენილი ქართველი მამულიშვილის აღმზრდელია, ესენი არიან:  სიმონ ჯანაშია (ისტორიკოსი), არნოლდ ჩიქობავა (ენათმეცნიერი), პეტრე ქავთარაძე, (ნევროპათოლოგი), ვარლამ თოფურია (ენათმეცნიერი), ,კონსტანტინე გამსახურდია (მწერალი), აკაკი ხორავა (მსახიობი), შალვა დადიანი (მწერალი და მსახიობი), ვალერიან გუნია,(დრამატურგი, მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი, უკვდავი „დაისის“ ლიბრეტოს ავტორი), თეოფანე დავითაია (აგრომეტეოროლოგი),  ჟიული შარტავა (საქართველოს ეროვნული გმირი). სწორედ მათ რიგებს შეემატა ბატონი ვალტერ შურღაიაც, როგორც მეათერთმეტე მოქმედი ვენახისა, – ასე იტყოდნენ ჩვენი ძველები ალბათ…

სკოლის მერხიდან დისიდენტი,  ანუ  „ძმა გამოაჩენს ძმობასა“

1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ   ყველა ეროვნული სულიკვეთების გამოვლინება საშინლად იქნა დასჯილი.  როდესაც ბატონი ვალტერ შურღაია იწყებს  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას, განადგურებულია კომპარტიის მთელი ოპოზიცია. მშობლები შვილებს, მათივე დაცვის მიზნით,  უმალავენ საკუთარ წარსულს… აღმოსავლეთ საქართველო არნახული „ტალღოვანი წმენდის“ გამო, გათანგულია, სულ ახალი გადატანილია 1956 წლის რეპრესიები;  და აი, ამ უბედურებიდან სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ საქართველოს უმშვენიერეს კუთხეში, სამეგრელოში, ჩნდებიან მამულიშვილურად მოაზროვნე ახალგაზრდები, ქართული კლასიკის სულიერი შვილები, ცოტნე დადიანივით თუ ბაში-აჩუკივით გულანთებულნი, ერთიანი საქართველოს მედროშენი, დიდებული მშობლების შვილები,  სწორედ მათ შორის არის  ვალტერ შურღაიაც, სკოლის მოწაფე.

ჩვიდმეტი წლის ვალტერ შურღაიას განაჩენი:

საქართველოს საბჭოთა სოციალიტური რესპუბლიკის სახელით საქართველოს  სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო  კოლეგიამ 1962 წლის 12-13-15 იანვარს ქალ. თბილისში დახურულ სხდომაზე შემდეგი შემადგენლობით:

თავჯდომარე დ. ბაღათურია

სახ. მსაჯულები: 1. თ. ქადაგიშვილი 2. თ. შათირიშვილი

მდივნის მ. მელიქოვას თანდასწრებით, პროკურორის ვ. გოგავას და ადვოკატების ა. ჯავახიასა და ა. კუტალიას მონაწილეობით განიხილა საქმე 1 ბრალდებისა გამო სამართალში მიცემულების... ექვს კაციან ჩამონათვალში მესამეა ვალტერ შურღაია…  შემდეგ წერია, სასამართლომ შეისწავლა სამსჯავრო გამოძიების მასალები,  სასამართლოში მიცემულთა ჩვენებები, საქმეში მოთავსებული ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთები და დადასტურებულად ცნო შემდეგი გარემოება:

1961 წლის 28 და 30 იანვარს უცნობი პირების მიერ ქ. თბილისში, ქ. სოხუმში, ქ. ქუთაისში, ქ. ცხაკაიაში და ხობში გავრცელებული იქნა ერთი და იმავე შინაარსის ანტისაბჭოთა ნაციონალური სახის ფურცლები, რის  ნიადაგზედაც ჩატარებული ღონისძიებეის შედეგად აღმოჩენილი იქნენ დამნაშავე პირები, სასამართლოში მიცემულები…

საქმის მასალებით დადასტურენულია, რომ სასამართლოში მიცემულებმა  –  ანრიდი სანაიამ და ვალტერ შურღაიამ, რომლებიც იყვნენ რა ნაციონალური გრძნობებით გამსჭვალულნი, 1960 წლის ზაფხულში ქალაქ ზუგდიდში შექმნეს არალეგალური  ანტისაბჭოთა ახალგაზრდობის ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირიდან და „დამოუკიდებელი“ [ბრჭყალები განაჩენისეულია, ე. კ.] სახელმწიფოს შექმნას… 1960 წლის ბოლოს ანრიდი სანაიამ შეადგინა ანტისაბჭოთა  ფურცლის ტექსტი, რაც შემდეგ შურღაიასთან ერთად იქმნა რედაქტირებული… აღნიშნული  ჯგუფის წევრებმა  1961 წლის იანვრის თვეში… დაბეჭდეს  დაახლოებით 2 000  ცალი ანტისაბჭოთა ფურცელი… დადგენილია, რომ 1961 წლის 28 იანვარს  ანტისაბჭოთა ფურცლები  შურღაიამ გაავრცელა ქ. ფოთში, კინო-თეატრ „კომკავშირელში“

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსრ სსკ 303-304 მუხლით – დაადგინა: … ვალტერი გრიგორის ძე შურღაია სასჯელის მოსახდელად მოთავსებულ იქნას ბავშვთა შრომა-გასწორებით კოლონიაში…

განაჩენი საბოლოოა და საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება…

სასჯელის მოხდის შემდეგ შეუძლებელი გახდა სამსახურის შოვნა, სწავლის გაგრძელებაზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ყველგან ესაჭიროებოდა დახასიათება,  საბუთებს არსად იღებდნენ, ვინაიდან მას ე. წ. „მგლის ბილეთი“ ჰქონდა.  მოქმედებდა საპასპორტო შეზღუდვებიც…მის გამო  მძიმე სიტუაციაში იყო ოჯახიც… ასე გაჩნდა ბატონი ვალტერის ბიოგრაფიაში, მე ვიტყოდი, მეტად საპატიო პროფესია – ტროლეიბუსის მძღოლი. ეს ფაქტი, უმაღლესდაუმთავრებლობა, (არადა, მან შესანიშნავი განათლება მიიღო, მხოლოდ დიპლომი არ ჰქონდა, რაც ნებისმიერ გაუნათლებელს შეიძლებოდა ჰქონოდა მაშინაც და ახლაც) რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიაში მონაწილეთ, საქილიკოდ ჰქონდათ  და მათ შთამომავლებს აქვთ დღესაც…

გასული საუკუნის 70-იანი წლები:

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ზ. ქობალიამ, ა. სანაიამ, ვ. შურღაიამ, ი. ქობალიამ  კვლავ სცადეს ახალი იატაკქვეშა ორგანიზაციის შექმნა. ვალტერ შურღაიამ რჩევისათვიდიდ ქართველ მწერალს,  ლევან გოთუას მიმართა. არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. ვალტერი და მთელი ორგანიზაცია დიდი სიყვარულით იყო გამსჭვალული ცნობილი მწერლის მიმართ.  შურღაიას პირადი ურთიერთობებიც ჰქონდა მასთან.  გამოჩენილი ქართველი მწერალი ლევან გოთუა იყო ვალტერის  მოთხრობებისა თუ ლექსების ერთ-ერთი პირველი მკითხველი, შემფასებელი და დამრიგებელი, რაც მთავარია,  დიდი მწერალი ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო გულაგის არქიპელაგგამოვლილი გახლდათ. ლევან გოთუამ ორგანიზაციის წევრებს თავშეკავება ურჩია.

ახალი ორგანიზაცია

ახალი ორგანიზაცია მაინც შეიქმნა და  ის ლეჩხუმში, ერთ-ერთ გამოქვაბულში დაბანაკდა. იქედან ორგანიზაციამ  ისა ქაძოევთან და ალი ხაგულგოვთან დაკავშირება და კავკასიის ერთა კავშირის (კეკ) სახელით ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის განახლება სცადა, მაგრამ ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა…

დაკავშირება  ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან

1976 წელს ზვიად გამსახურდიას რედაქტორობით გამოდის არალეგალური  ლიტერატურულ-პოლიტიკური ჟურნალი „ოქროს საწმისი“ და ჟურნალი  „საქართველოს მოამბე“. ჯგუფის წევრები ეცნობიან ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას. მათ ჩამოაქვთ ეს ჟურნალები ზუგდიდში გასავრცელებლად, მაგრამ შემოქმედებითი ჩართვა ვერ ხერხდება, ვინაიდან, 1977 წელს აპატიმრებებენ ზვიადსა და მერაბს…

მოგვიანებით ვალტერ შურღაიას  და სხვა ეროვნული მოღვაწეების ზაურ ქობალიას, ინდიკო ქობალიას, ანრიდი სანაიას, სერგო (კუკური) სორდიას, რუსლან ქირიას მონაწილეობით იქმნება ზვიად გამსახურდიას მიერ დაფუძნებული ჰელსინკის კავშირის ზუგდიდის  ორგანიზაცია. სწორედ ეს ჯგუფი ხელმძღვანელობს 1989 წლის 9 აპრილის მრავალათასიან მიტინგებს ამ ქალაქში; მათი ძალისხმევით ზუგდიდში იღებენ პირველად  ლენინის ძეგლს. ამ ჯგუფმა დიდი როლი ითამაშა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებშიც ეროვნული ძალების გამარჯვებაში. ქ. ზუგდიდის მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ეროვნულ ძალებს და საუკეთესო ქართველებს, მათი წიაღიდან გამოსულთ – ბატონებს:  ზაურ ქობალიასა და ვალტერ შურღაიას…

შემდეგ ბატონი ვალტერ შურღაია დაწერს მოგონებაში 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციაზე ხელმოწერის პროცედურის შესახებ:“ საოცარი იყო დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის ცერემონიალი, მაგრამ მე არაფერი მახსოვს გარდა სახელმწიფო ღერბისა, დროშისა და დეპუტატების გრძელი რიგისა.

როგორც იქნა, ჩემი რიგიც მოვიდა. ჩემზე წინ ზაურ ქობალიამ მოაწერა ხელი. დაიჩოქა  და პირჯვარი გადაიწერა (როგორც მახსოვს, ეს პირველი დაჩოქება იყო იმ პროცედურის განმავლობაში), მეც იგივე გავიმეორე, გულში კი ვყვიროდი, ბუჭა სანაიავ, ძმაო, ხედავ, რა ხდება?!.  ჩვენ მიერ პროკლამაციების გავრცელებიდან ოცდაათი წელი გასულიყო“…

1991 წლის 9 აპრილი მართლაც იყო გოეთეს „მშვენიერი წამი“, თუმცა არა, უფრო მეტად ვაჟას „ბახტრიონის“ სიტყვები მოუხდებოდა  იმდროინდელ სულიერ მდგომარეობას: თითოს ხევს არაგვისასა თან მოსდევს ლაშქრის ღვარია, რა საამური დრო არის, რა საამური წამია…“

მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა! აჰა, მან იგი აწ მოიხელთა და მუხთალისა ანგართა ხელთა აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი!“

მთელი კავკასია საქართველოს შემოსცქეროდა იმედით და ამხელა სიყვარული, ნდობა და საქმე დაღუპა „ქართულმა ელიტამ“ 1992 წელს  რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მხარეზე დადგომით, რაც ხელისუფლების დამხობით დაიწყო. ვალტერ შურღაია სხვებთან ერთად ხდება  დაუმორჩილებლობის კომიტეტეის წევრი…კვლავ  პოლიტპატიმრობა და ისევ  ტანჯავა.  უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა და მათი ოჯახების ტერორი, ამომრჩეველთა ტერორი. შემდეგ იარაღს ენაცვლება სტრუქტურული რეპრესიები, გაძევება ცხოვრების ყველა სფეროდან, დარდი დაქცეულ სამშობლოზე, იმ ყველა ამომრჩეველზე (მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა), რომლებიც ეროვნული ძალების მხარდაჭერის გამო დახოცეს, გაძარცვეს, გააძევეს სამშობლოდან, „ელიტამ“, დამარცხებულის შურისძიებით აღვსილმა, ხომ მესამედი საქართველოსა და ქართველებისა საფლავში ჩააყოლა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ბატონ ზვიად გამსახურდიას, საშინელი უძლურების განცდა, ვერაფერს აკეთებ. ვერ შველი… და აღსასრული…

დიახ, მეგობრებო, ბატონი ვალტერ შურღაია ეკუთვნოდა იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელთა სიტყვა და საქმე ერთია,  რომელნიც სამზეოში ყოფნისას თავის წუთისოფელს ისე გალევენ,  თითქოს ყოველწამს  სამშობლოსთვის ცხოვრებით ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ უფლის წინაშე,  რომელთაც დაბადებამდე ეწერებათ ხოლმე გულისფიცარზე ილიას სიტყვები:“ რომ ქვეყნად ცასა ღვთად მოუცია მარტო მამული“; “რომ ქვეყნად ცასა ღვთად მოუცია მარტო მამული“!

დოკუმენტური მასალები აღებულია ედემ კვირტიას წიგნიდან „პროკლამაციებიდან დამოუკიდებლობის აქტამდე“,  თბილისი,  გამომცემლობა „ალტერნატივა“ , 2010 წ.

Advertisements
Gallery | This entry was posted in მიძღვნა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s