ჯუმბერ ჭუმბურიძე – აღსავლის კარის მეკარიბჭე, ანუ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში სულ ორად ორჯერ შემახვედრა ღმერთმა ქეთევან ჯერვალიძე

თბილისის მე-60 სკოლა დავამთავრე.  ერთი რვეული მქონდა, არასტანდარტული, რომელშიც წაკითხული წიგნებიდან ნაწყვეტებს ვიწერდი და მერე ვსწავლობდი ხოლმე. აი, იმ რვეულს რატომღაც წავაწერე  „აბიტურიენტი 1973“. მართლაც, პირველ წელს  ძალიან მაღალი ქულებით ვერ მოვხვდი, მეორე წელს კი იმავე ქულებით გავხდი სტუდენტი.

1973 წლის მარტში გამოვიდა კანონი, რომლიც სსრკ-ს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში სულ მინიმუმ ექვსთვიანი „სტაჟის“ გარეშე, საბუთების მიღებასაც კი კრძალავდა. არ მქონდა ეს „სტაჟი“, ბევრი ვირბინე აქეთ-იქეთ, მაგრამ ვერაფერი გავაწყე. ვინ არ სცადა ჩემი დახმარება, (ზვიად გამსახურდიამ, იოსებ ნონეშვილმა…),  მაგრამ ამაოდ. ხელი ჩავიქნიე და მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობდი. ერთხელაც, სულ ცოტა  რომ იყო დარჩენილი მისაღებ გამოცდებამდე, ბებოჩემი მესზმრა, მთიულიანთ სოფიო. ბებო-პაპანი სიცოცხლეშივე ჩემი ცოცხალი სალოცავი ხატები იყვნენ. სხვა ხატი მაშინ სახლსა და გულში, ვერც წარმომედგინა. ჰოდა, ვხედავ,   “სულის წყაროზე” ვარ,  პაპაჩემის კამეჩებიც იქვე არიან და რატომღაც გაღმა გარბიან,  ჭალებზე, უნდა მოვაბრუნო და ხელში არც „საფრენი ჯოხი“(საბჯენი)  მაქვს და არც სახრე, ვცდილობ არ გავუშვა, მაგრამ  მჩხვერენ, რქებით მაშინებენ. ამ დროს ჩნდება სოფიო ბებო და მეუბნება: „შვილო, ნუ გეშინის, აჰა, სახრე და ერთი კარგად შამაჰკარიო“. ჯერ თვითონ შემოჰკრა, მერე მე მომცა სახრე, მომიბრუნა  ბებოჩემმა კამეჩები. გავიღვიძე, ვიცი, რომ სდუდენტი ვხდები, ვიძახი, წელს სტუდენტი აუცილებლად გავხდები-მეთქი. ოჯახში სიტყვას არავინ მიბრუნებს. ეშინიათ, ვაითუ გონთ გადავიდაო. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო?  აი, სულ ორი თუ სამი დღე რომ იყო დარჩენილი გამოცდებამდე, მოხსნეს სავალდებულო „სტაჟი“, ბოლო დღეს ძლივს შევიტანე საბუთები. მეშინია, მაგრამ სიზმარი მიკეთებს გულს, ველოდები ცის გახსნას და არავის ვუმხელ…მესამე დღეს გავედი წერით გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, დავწერე თავისუფალი თემა გალაკტიონზე, იქვე „ექსპრომტად“, ნამდვილად თავისუფალი, ისე კი არა, დღეს რომაა, შეზღუდულს,  გარწმუნებენ, თავუსუფალი ხარო; სახლში ისეთი შავი ვარიანტი მივიტანე, რომ  ცხონებულმა მამაჩემმა და  ჩემმა დამ,  ციცინომ,  ისტორიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა, განწირულებით შეხედეს ერთმანეთს. მეორე საღამოს წავედი ჩემს ტოლ იმერელ გოგოსთან ერთად  ნიშნის გასაგებად. გამოაცხადეს ჩემი ჯგუფი და არ ვარ. ის იყო, წამოსვლას ვაპირებდით, რომ მომდევნო ჯგუფის მერე ისევ ჩემი ჯგუფის ნომერი გამოაცხადეს და ჩემი გვარ-სახელიც მოაყოლეს. ავდივარ, მე ცალკე ვარ, ეს ჩემი საწყალი კიდურები – ცალკე, მომცეს საგამოცდო ფურცელი, ძლივს გადავშალე და ოთხიანი მიწერია…   გაოგნებულები უყურებდნენ სახლში საგამოცდო ფურცელს.  იმ შავი ვარიანტიდან ოთხიანი არ გამოდიოდა, არც სამიანი,  თეთრი არ გვქონდა. მამაჩემმა კიდევ დაათვალიერა საგამოცდო   გარედან (ალბათ, სხვისა ხომ არ მისცესო!), შიგნიდან და გამსწორებელთა გვარებს შეხედა. ორი  გამსწორებელი აწერდა  ხოლმე ხელს  ნიშანს.  ერთის გარკვევით ეწერა ლ. ბარამიძე. ჩვენთვის, ყველასთვის ძვირფასი ქალბატონი ლელი, ღმერთმა აცხონოს, დიდებული მეცნიერი და პედაგოგი, სულ გასუსულნი ვიყავით მის სემინარებზე…  მამაჩემმა თქვა, ეს ისეთი ქალია, ნიშანს ხელს ტყუილად არ მოაწერდაო. ქალბატონი ლელის „შეუვალის“ სახელმა წონა შემმატა ოჯახის წევრთა თვალში.  ახლა წინ მედო ზეპირის გამოცდა, რომელისთვის გამეორებულიც კი არ მქონდა რამე, მანამდე ხელჩაქნეული, პროგრამისკენ არც კი ვიხებოდი. ჩვენმა ახლობელმა იმერელემა ზეპირშიც ოთხიანი მიიღო და რომ მოვიდა, მითხრა, მხოლოდ პროგრამა კი არ აინტერესებთ,  ზოგადი განათლებაც და შენ შეგიძლია, ხუთიანი მიიღოო…

ასე იყო, თუ ისე, ორიოდე დღის მერე  ახლა ზეპირ  გამოცდაზე წავედი. ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ვიყავი  მე წინა წლის გამო და  გამოცდაზე შესვლამდე გადაწყვეტილი მქონდა „პროტესტისა თუ შურისძიების ნიშნად“  გამოცდიდან გამოსულს, „საპარადო“ კიბეზე კი არ ჩამომევლო, არამედ გვერდითი მხრიდან პატარა კიბით ჩმომეჭრა ვაჟა-ფშაველას გამზირისკენ და სახლში ფეხით წავსულიყავი. გავედი, ავიღე ბილეთი, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, რა საკითხები იყო, კიდევ უშველებელი წინადადება გრამატიკაში ყაზბეგიდან. დავხედე წინადადებას, გრამატიკა – სინტაქსიც და მორფოლოგიაც  – ძალიან კარგად ვიცოდი. ჩემ წინ ერთი ბიჭი იჯდა,  საწყალი გრამატიკის გაგებაში არ იყო, გავურჩიე, გავიდა საპასუხოდ, დახედა გამომცდელმა გარჩეულს და ეუბნება, ეს რა კარგად გაგირჩევიაო? შეაქო  და რომ ჰკითხა თეორია, აღმოჩნდა, რომ ქვემდებარე-შემასმენელიც კი არ იცოდა.  იმ გამომცდელმა თავისდაუნებურად მე დამიწყო ყურება და რატომღაც  ბიჭის ჩაგდებულ კითხვებზე მზერით მანიშნებდა, მეპასუხებინა. ბიჭი კი საწყლად იმეორებდა, ლექსებს ვწერ და მორის ფოცხიშვილს მოსწონს ჩემი ლექსებიო.  იმისი ლიტერატურის ცოდნა, გრამატიკისას არაფრით აღემატებოდა, მოკლედ, საწყალს სამიანი ძლივს დაუწერა იმ უაღრესად კეთილმოწლე ქალბატონმა, თან დაამატა, წავა ახლა და იტყვის,  უსამართლოდ მომექცნენო. მერე მე გადავედი წინ და ეს ქალბატონი მეუბნება, აბა, სხვას რომ დაეხმარე და ვერ უშველე, შენიც ვნახოთო. დახედა, ურთულესი და უგრძესი იყო  წინადადება, გაიკვირვა, ასეთი არ უნდა იყოსო.   ისე სხაპასხუპით ვურჩევდი საშუალ-მოქმედებითებს, საშუალ-ვნებითებსა და სტატიკურ ზმნებს, კონსტრუქციებს, ისე ვურაკრაკებდი სინტაქსურ წყვილებს, მეხვეწებოდა, დამაცადე, დავფიქრდეო.  ეს დალოცვილი ქალბატონი (როგორც მერე გავიგე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტიდან), მივიდა ერთ კაცთან და უთხრა, ალექსი, ძალიან ძლიერი  გოგოა, კომისიის თავჯდომარესთან უნდა გავიყვანო და შენი თანხმობა მინდაო. ის ალექსი (მგონი, ჭინჭარაული) ეუბნებოდა, დავუწეროთ ოთხიანი, კარგი ნიშანია, რომ გავიყვანოთ და მერე ჯუმბერმა დაგვიწუნოს, უხერხულიაო. ქალბატონი აბა  რის ქალბატონი იქნებოდა? აჯობა, უთხრა, მირჩევნია, შენიშვნა მომცეს და თუნდაც სულ გამიშვას საგამოცდო კომისიიდან, ვიდრე ამ გოგოს ცოდვა დავიდოო. ასე რომ,  ლიტერატურის საკითებზე, რაც ბილეთში იყო, არ მიპასუხებია. ამ ქალბატონმა მიმიყვანა კომისიის თავჯდომარესთან, რომლის გვერდითაც კიდევ რამდენიმე კაცი იჯდა და ეუბნება მას, სათვალიან, მაღალ, ხმელ-ხმელ კაცს: „ბატონო ჯუმბერ, ძალიან კარგი ახალგაზრდაა, შესანიშნავად იცის გრამატიკა და ლიტერატურაც, ერთი ეგ არის, ძალიან ჩქარია, კითხვა არ მაქვს დამთავრებული, მპასუხობს და ცოტა ამ სიჩქარის მეშინია,  ვითუ ამის გამო შეცდესო“. – რა ვიცი, ალბათ თავიც დაიზღვია.

ბატონმა ჯუმბერმა, აბა ვნახოთო.  – ის ქალბატონიც იქვე დაბრძანდა  და  მემუდარებოდა, არ იჩქარო, კარგად დაფიქრდიო, არ აღელდეო, ნელა, დინჯადო… – ქართველი მწერლების გარდა, სხვა მწერლებიც ხომ არ იცი ვინმე, რა გაქვს  მათი წაკითხულიო? თან ჩემს წერის ნიშანს დაჰყურებდა… იმ დროს ახალი ნათარგმნი იყო იაპონური პოეზია, ალმანახ „ხომლში“ იბეჭდებოდა და სულ ზეპირად ვიცოდი უკლებლივ ყველა. ჩავაბულბულე; კიდევო? მეც არც ავიღე, არც დავიღე და სანამ მართლაც მხატვრული ლიტერატურიდან რაიმეს დავასახელებდი, ნიცშეს „ასე უბნობდა ზარატუსტრა“ დავახეთქე. ცხადია, იმ ზარატუსტრასი  და არც მისი ავტორისა მე მაშინ ბევრი არაფერი გამეგებოდა, ორიოდე ამოგლეჯილი ციტატა მქონდა ზეპირად ნასწავლი, ეპოქა ვიცოდი ინფორმაციულად და არა სიღრმეში.  რატომღაც რომ მცოდნოდა?!! ეს იყო და ეს. ბატონმა ჯუმბერმა მკითხა, ზარატუსტრა რას ნიშნავსო, ცეცხლთაყვანისმცემლობის მოციქულია-მეთქი;  დიდხანს ვეძებდი და როგორც იქნა, ჰაფეზში ვიპოვე-მეთქი; „უყურე ერთი ამასო“, –  თქვა და სხვებს გადახადა, მომიბრუნდა – „ჰაფეზი სადღა ნახეო?“ 1971 წელს გამოვიდა ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანები-მეთქი; მერე ჰაფეზზე  ვისაუბრე, ცხადია, რაც შესავალში ეწერა მთარგმნელს  და ჰაფეზისავე ლექსით „ამ ლამაზმა შირაზელმა…“  კარგი დარდიმანდივით დავასრულე ჩემი „ჰაფეზოლოგია“; მუხამბაზებიც განვიხილეთ გრიგოლ ორბელიანისა, მათი ლირიკული გმირები დიმიტრი ონიკაშვილი, ბეჟანა მკერვალი… ვყვებოდი, რაც ჩემი მასწავლებლის, უდიდესი და ულამაზესი პიროვნების თამარ ოქროპირიძისგან მომესმინა, რაც 1959 წელს გამოცემულ გრიგოლ ორბელიანის ერთტომეულს ჰქონდა წამძღვარებული, შესავალი ნაწილი ბატონი აკაკი გაწერილიასი და თვით ბატონი ჯუმბერ ჭუმბურიძისა, მაგრამ არ ვიცოდი ჯერ კიდევ, რომ ამ ორიდან ერთს  ახლა ჩემი ბედი ეჭირა ხელში და მათსავე დაწერილს ვუყვებოდი. მათი გვარ-სახელი მაშინ ჩემთვის ძალიან ცოტას მთქმელი იყო და ვიღაცის შეკითხვა  – (დღემდე ვერ „ვპატიობ“ შემოხტომას იმ ვიღაცას: მაღალს, ლაღს, მხრებგაშლილს,  ცოტაც აპოლონივით კულულებიანს, თანაც „საძაგელს“), – სხვა ხომ არაფერი წამეკითხა, ან გამეგო აკაკი გაწერიალიასა და ჯუმბერ ჭუმბურიძისა,  – ჩავაგდე. „ვინ არიან, არ ვიცი-მეთქი“.  კეთილი, კეთილიო – თავდახრილი ამბობდა ბატონი ჯუმბერი, უჩვეულო სიმშვიდითა და სიდინჯით, რაღაც ჩემი პაპებისებურად,  სანდროსა და გიორგისებურად, კეთილად, ჩემეული ვიგრძენი რაღაც მასში: „იყო ხილვითა დიდ, ჴორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გუამითა მრთელ და სულითა უბიწო“. ის „საძგელი“ კი იცინოდა…

როგორც მიხვდით, ბატონი ჯუმბერის გვარი  ჯერ არ ვიცოდი. ქალბატონი კი ხელნაწერთა ინსტიტუტიდან, მიუხედავად კითხვის ჩაგდებისა, ნეტარი, გამარჯვებული და მოლოდინაღბეჭდილი  სახით შემომცქეროდა; რომელ ქართულ ჰაგიოგრაფულ ძეგლში გვხვდება ზოროასტრიზმი, ოღონდ სხვა სახელითო – მკითხა ბატონმა ჯუმბერმა, თან დამამშვიდა, ნუ გეშინია, ეს იცი შენ, მაგრამ სხვა სახელით  და თუ შეგეშლება, ნიშანზე არ იმოქმედებსო. არ ვიცი რანაირად, მაგრამ სრულიად დაუფიქრებლად ვუპასუხე: „აღიარა ატროშანი და შეერთო უღმრთოთა“… ამოიწურა ნიცშე, ჰაფეზი, ცეცხლთაყვანისმცემლობა, შილერის ყაჩაღები“, „პიკოლომინები“, გოეთეს ლირიკა – ხარიტონ ვარდოშვილისეული თარგმანით,  „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ კონსტანტინეს თარგმანი; ჰიუგოს ლექსი „წარწერა „ღვთაებრივი კომედიის“ ეგზემპლარზე“ – გივი გეგეჭკორის თარგმანი; როდენი,  დანტე ალიგიერი, კონცონები…მოკლედ რაც ქართულად იყო ჩემი ოჯახისა და  „პიონერთა   სასახლის“ ბიბლიოთეკებში, საცნობარო დონეს რომ არ სცილდებოდა; ვისაუბრეთ ილიას “აი ისტორიასა“ და  „ქვათა ღაღადზე“; დეტალურად გადმოვეცი ამ ბოლოს შინაარსი; მერე მკითხა რატომღაც, „სომეხ მწერლებს ხომ არ იცნობო?“ ჩამოვთვალე; რომელიმე მათგანის  რაიმე ხომ არა წაგიკითხავსო?“ როგორ არა, ავეტიკ ისააკიანის-მეთქი. „რომელი ნაწარმოებიო“ – დაინტერესდა -. სათაური არ მახსენდება, სიმწრის ოფლს ვიწურავ და ვეუბნები: „იცით, კაცს რომ მჭადის სახელი დაავიწყდება, ისე მომდის, (ჩემს სიტყვენზე ქალბატონს ფერი მისდის, არც ჩემს ბებო-პაპათ მოეწონებოდათ), მაგრამ ყურანის მიბაძვით სურებად არის დაწერილი, შვიდი სურისაგან შედგება,  არაბი სწავლულის სახელი ჰქვია, მე-10 -11 სს-ის მოღვაწეა, ტიციან ტაბიძის თარგმნილია და მის სამტომეულში არის-მეთქი შესული. ბოლოს დაფიქრებით შემომხედა სათვალიდან და მითხრა, – „აბულ-ალი მაარი“- სიმწრით  არასწორად ვიმეორებდი „აბდულ – ალი – მაარი“ – გულდაწყვეტით, ზედიზედ, „მიჩურინის ვაშლივით“; გვეყოფა ამდენი მოგზაურობაო, – თავი ასწია და მომმართა – შინ დავბრუნდეთ, საპროგრამო მასალიდან დაგისვამთ ბოლო შეკითხვას და  თუ მიპასუხებთ, ულაპარაკოდ გიწერთ ხუთიანსო, თან ყველას ღიმილით გადახედა.  დამცეცხლა, დავიძაბე, ჩემი თანამგრძნობიც –  ხელნაწერთა ინსტიტუტიდან, სხვა, იქვე დადარაჯარული გამომცდელებიც, ის „საძაგელიც“. ბატონმა ჯუმბერმა მკითხა, რომელ ქართულ ნაწარმოებში გვხვდება  პერსონაჟი ზენონიო. მე თხზულება არ დამისახელებია,  არც ავტორი, ციტატით  პათეტიკურად ვუპასუხე: „სამცხიდან მოვიდა ზენონ“.  გრამატიკა აღარავის გახსენებია,  გამომცდელებს გამოსაცდელები მიეტოვებინათ და ბატონ ჯუმბერს ზურგიდან ამალასავით შემოსწყობოდნენ.   კომისიის თავჯდომარემ, ანუ ბატონმა ჯუმბერ ჭუმბურიძემ, გამიფორმა „ფრიადი“, დანარჩენ გამოცდებში წარმატებები მისურვა. ვუთხარი, სწრაფად ვერ ვწერ, ისტორიაში, ალბათ, ფრიადს ვერ მივიღებ, მაგრამ სტუდენტი მაინც გავხდები-მეთქი;  – როგორო? და ჩემი სიზმარიც მოვყევი თავისი „კამეჩებით“ -წინა წლის ნიშნები გამომკითხა, ხელი ჩამომართვა, დამემშვიდობა და გამორჩეული ღიმილით დაამატა, „მეტაფიზიკას კაცი რას გაუგებსო?“.. ჩემი ქომაგი გამოსასვლელამდე მომყვა და მადლობა გადამიხადა, – „მასახელეო“;  „გული მისკდებოდა, ვაითუ ახლა „მეტაფიზიკაზეც“ ეკითხაო?“ მე უკვე თავი ქუდში მქონდა და არხეინად მივუგე, ეკითხა რა, მამაჩემს სახლში უდევს-მეთქი  არისტოტელეს „მეტაფიზიკა“- აი,  ამ წიგნის ყდის წარწერა იყო მთელი ჩემი განთლება ამ სფეროში…

არ ვიცი, ახლა ვფიქრობ, რომ რაღაც კოსმიური ხელი ერია ამ საქმეში. თითქოს მე კი არა, ვიღაც სხვა იყო იქ და  სწორედ ის პასუხობდა ჩემ მაგიერ, როგორც წერია: „მე მივუგო სიტყუაჲ თქუენ წილ“. ისე თამამად ვიქცეოდი, ისე ვესაუბრებოდი ყველას, როგორც ტოლსა და სწორს…

გამოვედი უნივერსიტეტის შენობიდან, პაპანაქებაა,  ტრიალი და  უჩრდილო ადგილი, დაბლა ზღვა ხალხი. გავჩერდი, გადმოვხედე, საგამოცდო ფურცელშიც ჩავიხედე, ნიშანები ადგილზე იყო, იმ ვიწერო ჩასასვლელისკეც გავიხედე, მაგრამ ჩემი პროტესტის გრძნობა, წინა წლის გამო, სადღაც გამქრალიყო და ნელ-ნელა ვიწყე კიბეებზე დაშვება, სვენებ-სვენებით, შენელებული კადრივით. ვუყურებ ამ ხალხს, ისინი მე  ამომცქერიან და ფიქრობენ, რომ დაბალი ნიშანი მივიღე, ვინაიდან არ ვიცინი და ხელების ქნევით, სიხარულითა და სიცილით არ ჩავრბივარ. მე კი თითქოს მათ მოთმინებას ვცდი, ახლა თავიც დავხარე, კიბის ბოლო საფეხურსაც შეყოვნებით ჩამოვცდი და მეტი რა გზა მქონდა? ავწიე თავი, ჩემი სკოლელი ლუიზა ცაგარელი შემომეფეთა,  მიყურებს გაოცებული, მეკითხება ნიშანს, ფილოსოფიურად ვპასუხობ – „ხუთიანი“, ის მტაცებს ხელიდან საგამოცდო ფურცელს, შლის და ყველას გასაგონად იძახის, წერაში ოთხი, ზეპირში ხუთი და გახარებული უყვება იქმყოფთ, რა კარგი მოწაფე ვიყავი, ბედად ახალი არავინ ჩამოდის და ამ საწყალ ფურცელში ვინც ჩახედვა მოასწრო, ჩაუხედავთ ეუბნებიან, მართლა ხუთიანი მიუღია, წერაში ოთხი აქვსო. ახლომდგომნი მილოცავენ, მადლობას ვუხდი ყველას, ვემშვიდობები ლუიზას, ხალხს,  მივდივარ ავტობუსისკენ, ავდივარ  №73-ში და მე მარტო ვარ, მძღოლს თუ არ ჩავთვლით, არ ვჯდები, ვდგები უკან და გავუყურებ ხალხს, რომელიც გაოგნებული, სახტად დარჩენილი, გახარებული და გულდაწყვეტილი მიყურებს,  არავინ მახლავს, მაშასადამე, უპატრონო ვარ… დამსახურებულად მიმიღია…

გავხდი მართლაც  სტუდენტი, მაგრამ 5 წლის განმავლობაში ბატონ ჯუმბერ ჭუმბურიძეს სულ ორიოდეჯერ თუ შევხვდი, უფრო სწორედ, თვალი მოვკარი…  დავამთავრე, მართალია ბევრს ვკითხულობდი, მაგრამ სამსახური არ მქონდა, ძილის წინ, ფიქრებში,  ძალიან ხშირად მახსენდებოდა ჩემი ძვირფასი, „უგვარსახელო“ ქალბატონი, ზნეკეთილობის ხორციელი გამოვლენა, მერე   ბატონი ჯუმბერ ჭუმბურიძე – ყველაფერი ხელახლა გამირბენდა ხოლმე თვალწინ, საოცარ ბედნიერებას ვგრძნობდი, ამ გახსენებით რწმენა მემატებოდა საკუთარი თავისადმი და ბოლოს მთელი გულით, ბებოჩემებივით  დავლოცავდი   მათ,  ბატონ ჯუმბერს – მთის ყაიდაზე და დამეძინებოდა ხოლმე. მხოლოდ სტუდენტობას კი არ ვუმადლოდი ბატონ ჯუმბერს, იმ ნეტარებასაც, რაც გამოცდაზე განვიცადე მისი წყალობით, სამომავლო რწმენასაც, რომ კიდევ შეიძლებოდა გადავყროდი მათნაირ ღვთისნიერს; („ნეტარ არიან მორწმუნენი!“);  რომ არა ის, ვინ შეყრიდა ამდენ კეთილშობილ გამომცდელს?  იქნებ, სხვა არც კი დაინტერესებულიყო ჩემი წიგნიერებით?  იქნებ სხვას ვერც მოეფიქრებინა ასეთი კარგი კითხვები?  რომ ეკითხა ეგნატე ნინოშვილი, რომელიც არ მიყვარდა, ან დავით კლდიაშვილი, არც მას ვწყალობდი (რას ვერჩოდი? რას წარმოვიდგენდი, მათ მიერ აღწერილზე უარეს სამშობლოში თუ მომიწევდა ცხოვრება?);  გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და ერთხელაც  უნივერსიტეტზე რაღაც გადაცემა იყო, გამობრძანდა ბატონი ჯუმბერ ჭუმბურიძე. შევყურებ, მიხარია, მე მას კი არ ვუსმენ, ჩემს მცირეწლოვან შვილებს ვეძახი და აღფრთოვანებული ვეუბნები მათ: „შვილო, ხედავთ, რამხელა ძალა ჰქონია, ჩემი ლოცვის მადლს?  რა კარგად, რა ახალგაზრდულად გამოიყურება ეს კაცი, თითქოს წლები არც შეჰმატებოდეს-მეთქი!“  აბა, ის საწყლები რას გაიგებდნენ მაშინ ამდენს? ერთი შემომხედეს და გაიქცნენ ისევ სათამაშოდ…

1990 წელი დადგა,  ბატონმა ზვიად გამსახურდიამ არჩევნების წინააღმდეგ გამოცხადებული ბოიკოტი მოხსნა,  საარჩევნო სიები დგებოდა. ბატონი ზვიადი ყველა ცნობილ ადამიანს სთხოვდა მათი საარჩევნო ბლოკის სიით ეყარა კენჭი.  ვიცი, რომ ბევრს, მათ შორის ბატონ კაკო ბაქრაძესაც ეახლა პირადად წყნეთში და სთხოვა,  ოღონდ ჩასდგომოდა  „მრგვალი მაგიდის“  საარჩევნო სიას სათავეში და მზად იყო, საერთოდ არ წამოეყენებინა თავი რიგით კანდიდატადაც კი. ბატონი კაკო, ჩემი აზრით, „გურული პატრიტოზმით“ შეპყრობილი,  არ დათანხმდა. შემდეგ მახსოვს „მრგვალი მაგიდის“ დეპუტატობის კანდიდატთა სიას რომ გადავხედე, ბატონი ჯუმბერ ჭუმბურიძე აღმოვაჩინე, თანაც სიის ბოლო რიგებში და  აღშფოთებულმა ვიკითხე, კი მაგრამ ბატონი ჯუმბერი სიის ბოლოში რატომ არის-მეთქი? ასე ისურვა თვითონ, მე არ შემიძლია, ეგ ტვირთი  ვზიდო, მაგრამ თუ კი ჩემი დოქტორობა და პროფესორობა წაგადგებათ, კი ბატონო, შემიყვანეთ, მხოლოდ სიის ბოლოში, რომ არ მომიწიოს დეპუტატობამო…

2005 წელი იდგა, უკვე გამოქვეყნებული მქონდა თარგმანები: რამდენიმე თავი ს. ს.  ავერინცევის ნაშრომიდან „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა“, ლუკიანოსის “მკვდართა ბაასი“  “ამბავი პერეგრინის აღსასრულისა“,   ეს ბოლო შესანიშნავი კომენტარებით, ახლაც მეამაყება და რაღაც  „სათუო“ საქმეზე წასულმა უნივერსიტეტში, თან წავიღე ჟურნალი „არილი“ ამ თარგმანით და ჩავთქვი, თუ ბატონი ჯუმბერი დამხვდება ვაჟას კაბინეტში, ესე იგი,  ამ საქმეში ცამდე მართალი ვყოფილვარ-მეთქი. დაბარებულივით დამხვდა, წასული მობრუნებულიყო. შევედი, მივესალმე, გავახსენე ის მისაღები გამოცდები, ვუამბე ამ ჩემი მაშინდელი ემოციების შესახებ, რასაც ახლა თქვენ გიყვებით, ვაჩუქე ჟურნალი, მან თავისი წიგნი „მეცხრამეტე საუკუნე, ლიტერატურული ნარკვევები“ მაჩუქა წარწერით; გავახსენე მისი საარჩევნო სიაში ყოფნა და აღმოჩნდა, რომ სწორი იყო ზემოხსენებული ინფორმაცია. შემდეგ  წამოსვლისას ვუთხარი, ბატონო ჯუმბერ, რამდენჯერ დავაპირე თქვენზე ესეს დაწრა, მაგრამ თავი ღირსად არ მიმაჩნდა, ხელში არაფერი მეჭირა,  თქვენ წინაშე  თავი რომ მომეწონებინა და ჩემი წარმატებებით დამეფასებინეთ-მეთქი, ხომ იცით, ჩვენი ხალხის, განსაკუთრებით „ელიტარელთა“ სნობიზმი, თქვენზე ესეს დამწერი, ცოტათი მაინც უნდა გგავდეთ, რაღაც უნდა ეჭიროს ხელში, კიდევ რაღაც უნდა მივამატო-მეთქი…ამის შემდეგ ბატონ ჯუმბერს,  შესანიშნავ მამულიშვილს, ლიტერატორსა და პედაგოგს აღარასოდეს შევხვედრივარ.

ცხადია, 2005 წლის შემდეგ კიდევ დავამატე შექნილს რაღაც. კიდევ ვფიქრობდი ბატონი ჯუმბერის შესახებ ესეს დაწერას, მაგრამ რაღაც მაკავებდა. ჯერ ერთი, ანგარიშ-ვალდებულებას ვგრძნობდი მის წინაშე გაკეთებული მეცოტავებოდა; მერე აღმოვაჩინე, რომ ათწლეულების განმავლობაში მისი პიროვნება ჩემთვის ისეთი კრძალულებითა და იდუმალებით შემოსილიყო,  თითქოს მის სიცოცხლეს ვიცავდი, თითქოს მისი სიცოცხლის ხანგრძლიობა ჩემს დაუწერელ ესეზე იყო მიბმული და თუ დავწერდი, საფრთხეს შევუქმნიდი მის კიდევ დიდხანს  ყოფნას სამზეოში, გაელამაზებინა  ჩვენი უკვე უღიმღამო ყოფა თავისი დიდბუნებოვანებით. მართლაც, „აბა, რას გაუგებ კაცი მეტაფიზიკას?..“

დროდადრო მიწევდა თქმა,  ახლა უკვე ჩემს უფროს კოლეგებთან, რომ მე ბატონი ჯუმბერის დროს გავხდი სტუდენტი, ყველა, უკლბლივ, შეთქმულივით მეტყოდა ხოლმე: აბა როგორ შეიძლებოდა ბატონ ჯუმბერთან  რაიმე დაგკარგოდაო? ასეთი სახელი ჰქონდა მას მთელ უნივერსიტეტში. ერთადერთხელ იყო კომისიის თავჯდომარე მისაღებ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თითქოს ჩემთვის იყო. რაღაც მესაკუთრული გრძნობა მაქვს მისდამი,  მისი ხსოვნისადმი, ჩემია, მორჩა და გათავდა.  სანამ სოფლად იყო, ვერაფერი დავწერე, იქნებ ძალიან გახარებოდა? არც ის ვიცი, ღირს კი რამედ, რაც ახლა  დავწერე? იქნებ, არც კი უნდა შემებედა? უკმარისობის გრძნობა მტანჯავს… პატიებას ვთხოვ და ვლოცავ წასულს, ვლოცავ მთელს მის მოსადევარს, ვინც დარჩა და  ვინც შეეძინება.. არაფერი მითარგმნია, არაფერი დამიწერია ჩემი სათაყვანო პიროვნებების სულთა თანაობის გარეშე. იქნებ ახლაც ასეა? – ვიმშვიდებ თავს…

ფილოლოგიის ფაკულტეტის 1973 წლის ნაკადისთვის  და არამარტო ჩვენი,  სხვა ფაკულტეტების აბიტურიენტებისთვისაც, ბატონი ჯუმბერ ჭუმბურიძე მართლაც აღსავლის კარის მეკარიბჭე აღმოჩნდა…

Advertisements
Gallery | This entry was posted in ესე. Bookmark the permalink.

One Response to ჯუმბერ ჭუმბურიძე – აღსავლის კარის მეკარიბჭე, ანუ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში სულ ორად ორჯერ შემახვედრა ღმერთმა ქეთევან ჯერვალიძე

  1. მეგობრებო, ბატონი ჯუმბერ ჭუმბურიძის შესახებ ჩემს ესეს ფეისბუქ გვერდზე მოჰყვა საინტერესო კომენტარები, რომელთა აქ გადმოტანა და თქვენთვის გაზიარება მე საჭიროდ ჩავთვალე:

    Marina Zedelashvili – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის „მესხეთის უნივერისტეტის“ რედაქტორი, საქართველოს დამსახურებული ჯურნალისტი: რა დიდებულია, ქეთევან! ეს ლიტერატურაა, ძალიან სასიამოვნო საკითხავი ლიტერატურა… ,,არც ის ვიცი, ღირს კი რამედ, რაც ახლა დავწერე?” _ კითხულობთ თქვენ და მე გპასუხობთ, რომ ის, რაც დაწერეთ აღსავლს კარის მეკარიბჭეზე და კიდევ _ ზნეკეთილობის ხორციელ გამოვლენაზე, დ ი დ ე ბ უ ლ ი ა !… აღტაცებული ვარ თქვენით!
    Descurtir • Responder • 1 • 18 de abril às 21:01

    Nana Kacharava არაჩვეულებრივი წერილია!…

    ნინო ჩხიკვიშვილი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი: მეც მიკითხავდა, გამორჩეული ინტელიგენტი…მიყვარს…
    Descurtir • Responder • 1 • 17 de abril às 23:50

    ლია ბიბილეიშვილი, ფილოლოგი: დედაჩემის ლექტორი იყო. ჩვენთან არ შემოსულა, მაგრამ მისი უნივერსიტეტის დერეფანში გავლა და თვალის შევლებაც განსაკუთრებული მორიდებითა და პატივისცემით, კრძალვით განგაწყობდათ მის მიმართ! ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს უკეთეს, ზეციურ საქართველოში!

    Nona Kupreishvili • 11 amigos em comum ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:
    ბატონი ჯუმბერი ქართული ენისა და ლიტერატურის იმ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე იყო, რომელმაც უმაღლესი შეფასებით უნივერსიტეტში მიმიღო… ხომ გასაგებია, რომ იქ , სადაც ის იყო, არავითარი კორუფცია არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო…
    Descurtir • Responder • 3 • 18 de abril às 20:57

    ნინო ჩხიკვიშვილი სადღა არიან ასეთნი? სულ სანთლითაა საძებნელნი…
    Descurtir • Responder • 2 • 18 de abril às 21:04

    Leri Gigol •
    ნაცნობი ისტორიაა, თითქმის დეტალებშიც კი ემთხვევა ჩემს გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში 1969 წელს! გამომცდელები იყვნენ მაშინ სულ ახალგაზრდა გოგონები, ფიქრია აფრიდონიძე და სალომე ყუბანეიშვილი, მათ გამაგზავნეს ხუთიანზე ბატონ ჯუმბერთან, რომელიც საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე იყო. შემეკითხა გალაქტიონზე და ანა კალანდაძის პოეზიაზე, მახსოვს ის ლექსიც, რომლის გამოისობითაც ხუთიანი მივიღე – “სთქვი, არჯაკელო მხვიარა, ქსანზე ვინ ჩამოიარა?”… უაღრესად კეთილი და პატიოსანი ადამიანი იყო! ნათელი დაადგეს!
    Descurtir • Responder • 2 • 18 de abril às 22:04

    დარეჯან კიკნაველიძე • 6 amigos em comum ლიტერატორი, პედაგოგი:
    დასამატებელი არაფერი მაქვს, გარდა ერთისა, ბატინ გრიგოლ კიკნაძის გარდაცვალების შემდეგ ( ბატ, გრიგოლი იყო ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი) ბატონი ჯუმბერთან მომიწია მუშაობა , რამდენადაც მე ვიცი , ისინი გამორჩეულად მეგობრობდნენ .. უკეთილშობილესი , სპეტაკი სულის ადამიანი ,ინტელიგენტი,მოკრძალებული., გარინდებული თუ გარიდებული ამსოფლიური ვნებათა ღელვისაგან… არ ვიცი, აბა , საიდან ასეთი სიმშვიდე?! თუმცა ვერ დავმალავ და ბატონი გრიგოლის დიდმა სიყვარულმაც განაპირობა, რომ მისადმი მყისიერად გამიჩნდა პატივისცემა და რიდი. გმადლობთ , რომ მომეცით შესაძლებლობა თქვენთან ერთად გამეხსენებინა ბატონი ჯუმბერი!
    Descurtir • Responder • 3 • 18 de abril

    Ketevan Jervalidze მადლობთ, დარეჯან, მიხარია, რომ წაიკითხე, დიდი მადლობა, რომ შენი კომენტარიც დატოვე. დიახ, ბატონი გრიგოლ კიკნაძის მემკვიდრე იყო ბატონი ჯუმბერი და რა კარგია, რომ გაიხსენე და შეავსე ჩემი მოგონება.
    Curtir • Responder • 1 • 19 de abril às 09:22

    დარეჯან კიკნაველიძე • 6 amigos em comum
    მადლობა შენ, ჩემო ქეთევან!
    Descurtir • Responder •

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s