პოეტონიმები პოემა „ბახტრიონში“, მათი როლი პოემის კომპოზიციასა და ავტორის მიერ იმანენტურ–სპონტანურის წვდომაში ქეთევან ჯერვალიძე, ნინო პეტრიაშვილი

      ქეთევან ჯერვალიძე, ნინო პეტრიაშვილი

პოეტონიმები პოემა „ბახტრიონში“, მათი როლი პოემის
კომპოზიციასა და ავტორის მიერ იმანენტურ–სპონტანურის წვდომაში

„რამეთუ ძალი ღმრთისაჲ სადაცა დაადგრეს,
ყოველსავე აღასრულებს უფროჲს ბუნებისა
და ცნობისა კაცობრივისა“ (გიორგი მერჩულე).

                                                                                 (თეზისები)

ვაჟა–ფშაველამ პოემა „ბახტრიონი“ 1892 წელს დაწერა. ავტორმა პოემის შექმნის ისტორიაც გვიამბო  პუბლიცისტურ წერილში „ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“. თითქოს  ესეც სიმბოლური აღმოჩნდა და ისიც, რომ პირველი სამეცნიერო წერილი 1915 წელს დაიწერა „ბახტრიონის“ შესახებ (ი. ფერაძე,  „ბახტრიონი“, პოემა ვაჟა-ფშაველასი (კრიტიკული ესკიზი), „თეატრი და ცხოვრება“, 1915, № 20, 5).

ჩვენს სამეცნიერო სტატიაში ნაჩვენები იქნება, როგორ მიჰყვება ვაჟას ახალი პოემა (მცირე მოცულობის) რუსთაველის ძველი პოემის (ვრცელი მოცულობის) კომპოზიციას: შესავალი, ამბავი,  ბოლოთქმა, მთავარი გმირის გვიან შემოყვანა, გმირის კურთხევა და გაგზავნა, ბრძოლის მომზადება, მკვიდრი მამულის განცდა, ციხის აღება, ფემინიზმი – ქალთა როლი მიზნის მიღწევაში, „დედათ ჯარზეით ამდგარი ქალები“– მათი ქმედების მითოსური, ისტორიული საფუძვლები და რეალობის მოთხოვნა, გველის მეტაფორა და სიმბოლო, ნადიმი, ფერისცვალება, ღმერთთან მიმართება, სიკვდილ–სიცოცხლესა და სახელთან დამოკიდებულება, გმირობის მოტივაცია, კურთხევის არსი, ფორმები, შეიარაღება, ეპიზოდებისა და პასაჟების მსგავსება  – რაც ჩვენი წინამორბედი კოლეგების მიერ ზოგი  ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა კუთხით იყო შესწავლილი, მაგრამ არა მთლიანობაში და არც მათი წარმომავლობა და კავშირი იყო მითითებული რუსთაველის პოემასთან. მაგალითისათის,  აშკარად „ვეფხისტყაოსნურია“ ბახტრიონის ციხის კარის გაღების იდეა, ბახტრიონის ციხის აღების სცენა, ვაჭრად თავის შეტყუება. ლუხუმისა და ზეზვას შეყრის სცენა ნაქერალაში ასევე იმეორებს ტარიელის იდეას, ელაღობონ  ფრიდონს და წაართვან ჯოგი.  დიდი დრო და ენერგია ეთმობა ბრძოლის მომზადებას და არა უშუალოდ ციხის აღებას. ბახტრიონის ციხე მაშინ, კახეთში, უმეფობის დროს მართლაც ქაჯეთის ციხეს წარმოადგენდა.

ნაჩვენები იქნება  – პოემაში ხილული ბუნების როლი  უხილავად ხილულ მტერთან ბრძოლაში კოსმიური ძალების გვერდით; ვაჟას ეროვნული ცხოვრების მოდელის 60–იანელების შემოქმდებასთან  სიმფონია; მთისა და ბარის ერთიანობა და ქართველობა; გოეთესეული  „მშვენიერი წამის“ ვაჟასეული გაგება – „რა საამური დრო არის, რა საამური წამია“,  რომელიც აღნიშნული აქვს მ. კვესელავას „ფაუსტურ პარადიგმებში“, მაგრამ დიდ მეცნიერს გამოყოფილი არ აქვს  ვაჟას მიერ ამ სიტყვების თქმის მომენტი და პათოსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

წარმოდგენილი იქნება პოეტონიმების  (ანთრპონიმების): სანათა, კვირია, ლელა, ლუხუმი, სუმელჯი )  და ტოპონიმების: ბახტრიონი, აფხუშო; ჰიდრონიმ არაგვის; ორონიმების;  ხოშარის გორი, სპეროზია სტრუქტურულ–სემანტიკური ანალიზი და მათი როლი პოემის კომპოზიციასა და ვაჟას მიერ იმანენტურ–სპონტანურის წვდომაში. სხვანაირად წარმოუდგენელია, აიხსნას ვაჟას  მიერ თავისი პოემის პერსონაჟებისათვის, სახელდობრ, ამ ანთროპონიმების შერჩევა: სანათა – მანათობელი სიბნელეში თინათინივით, ადგილის დედა, დედა უფლისა;  კვირია-κυριος (უფლისა) იგზავნება უფლის კუთვნილი მამულის, დაკარგული  “მკვრივის” – (ბახტრიონის, კახეთის გამოხატულება და მტრის, ბოროტი ძალების სამყოფელი ზოროასტრული მითოსით),  დასაბრუნებლად, ღვთის კუთვნილ ოიკუმენეში მოსაქცევად, დარღვეული კოსმიური წონასწორობის აღსადგენად; გამორჩეული აზრი ბახტრიონის აღებისა აღმოცენდა კვირიას გონიერებით. კვირია იღუპება. “მკვრივის” გამოხსნა შეუძლებელია  „მოდე“ ხთისშვილის ლელას  (ლერწმის, სწორთმიანის, მზის სხივის, გველის) გარეშე – “ხარი -რქითა, ქალი -თმითა”, ქალის თმით შეიძლება იდუმალ კოშკში შეღწევა…

ვაჟა ამბობს, რომ სანათა, ლუხუმი, სუმელჯი, ხოშარეული სხვა ხალხური ლექსებიდან არიან შერჩეულნი, კვირია და ლელა კი  – მისი ფანტაზიის ნაყოფნი. ი. ფერაძემ ლელას ახალი საქართველოს სახე უწოდა. მართლაც, სწორედ ამ პერსონაჟისგან გვესმის ხორონიმი საქართველო, ცალკეული კუთხეების საერთო სახელი  და მოტირალ ლელას სახესთანვე კავშირდება „ტანჯული ქვეყნის ოცნება“: „ტანჯული ქვეყნის ოცნება ქვითინებს მთისა წვერზედა“.  საოცარია ისიც, რომ ლერწამ ლელას იარაღი არის „შუბი პირბასრი“,  რომელიც სწორედ ლერწამთან ასოცირდება. ეს დასაძგერებელი იარღი, შუბი იწვევს დროშის ტარის ასოციაციასაც. დროშა – ეს ტარი და ალამია ერთად, შუბი კი  – ტარი, ისრისპირი და ისრის წვერი. დროშა უხილავი ღვთის ხილვადი სახეა. უძველესი ღვთაებების განუყრელი საბრძოლო ატრიბუტი კი არის შუბი. პოემის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი კვირია მედროშეა. თუ სიზმარში კვირიას თავს ადგას „დიდი ჭანდარი“, თუშ ზეზვას თანამებრძოლნი თავით უსობენ „დროშას მისივე შუბის ტარითა“.  კვირიასთან დაკავშირებულია ასევე მზის მიერ წითლად გაწირული  „ობოლი სხივი ცაზედა“. ეს სხივიც კავშირშია ლერწამთან, შუბთან და დროშის ტართან. სკალდების პოეზიაში жилища камыша щита (= муж; “камыш щита” = меч, его “жилище” = щит), მიჩნეულია მითოლოგიურ კენინგებად (Гуревич Е.А., Матюшина И.Г. Поэзия скальдов, 1 М., 1999.)…  ეგვიპტურ მითოლოგიაში კი “ლერწმიანი” სასუფევლის გამომხატველია, აღარაფერს ვამბობთ ლერწმის ადგილსა და როლზე ძველსა და ახალ აღთქმაში.

მართლაც, რა დააკლდებოდა პოემა „ბახტრიონს“  მხატვრულობის თვალსაზრისით, თუკი სანათას ერქმეოდა ლელა, ლელას კი სანათა“? ანდა  კვირიას – ლუხუმი, ლუხუმს კიდევ კვირია? ან რა მნიშვნელობა ექნებოდა საიდან  დაუბერავდა ცივი ნიავი მხედართა ცხელი გონების გასაგრილებლად სპეროზიას კლდიდან თუ თუ ნაქერალას მთიდან? ნუთუ რაიმეს შეცვლიდა ტექსტისთვის ეს გადაადგილებანი?..

ნაშრომში  ასევე ნაჩვენები იქნება, რომ ვაჟას პოემა „ბახტრიონი“ მხოლოდ პატრიოტული სულისკვეთების  გამომხატველი უშესანიშნავესი პოემა კი არ არის, ისტორიულად დასაზღვრული დროსა და სივრცეში, ეროვნული ცხოვრების მხოლოდ წარსული მოდელით,   რომელშიც თავს იყრის ტოპონიმ სიმბოლოში გაერთიანებული მოვლენა-სიმბოლო და პიროვნება-სიმბოლო, არამედ ის აწმყოს მოდელიცაა, რომელშიც ვხედავთ ავტორის მიერ მაღალი საინფორმაციო ველიდან ადამიანურ სამყაროში უმაღლესი ინფორმაციის სპონტანურად შემოტანას. სპონტანურობა კი ტრანსპიროვნული  საწყისია, რომელიც თავის თავში შეიცავს რაღაცას, რაც გაუგებარი სახით აკავშირებს პიროვნულს ზემიღმურთან და იძლევა სამყაროს ერთიანობის სურათს, ავტორის შემოქმედებით პროცესში გამჟღავნებულს.

Advertisements
Gallery | This entry was posted in სამეცნიერო კვლევა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s