ბადრი გუგუშვილი – მინდა გიამბოთ, ანუ „არ შეიძლება, მოკვდეს ლამაზი არსი ჩვენის კაცობისა“ ქეთევან ჯერვალიძე

                                               ბადრი გუგუშვილი – მინდა გიამბოთ,
ანუ  „არ შეიძლება, მოკვდეს ლამაზი არსი ჩვენის კაცობისა!“

         ლიტერატურულ-პუბლიცისტური ესეები,
გაზეთი „განმათავისუფლებელი“ 2016. № 49

ბადრი გუგუშვილი (1951-1996)

– ის დიდი ადამიანი, ბუნებაზიარი კაცი ,  შესანიშნავი პოეტი   და მხატვარი იყო!

2015 წლის 8 დეკემბერი . როდესაც ეს ესე დავწერე, აღარ მახსოვდა, რომ მისი გარდაცვალებიდან 20 წელი იყო კარს მომდგარი. ისე დავწერე, მასზე ფიქრი ამეკვიატა და დავწერე. როდესაც გამოქვეყნდა ესე, არც მაშინ დავკვირვებივარ წელს. დიდი მადლობა ქალბატონ ლეილა ცომაიას, რომელმაც გადგზავნილი მასალიდან  ეს ესეც შეარჩია. ახლა ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ბადრის ნებით მოხდა, სხვა ახსნა ვერ მომიძებნია…

ბადრი გუგუშვილი – პოეტი და მხატვარი, კანონიერი ხელისუფლების მომხრე იყო,  გივი რეხვიაშვილის (1992 წლის 3 იანვარს, კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს დაჭრეს დიდუბეში და საავადმყოფოში გარდაიცვალა) დეიდის მეუღლე, ჩემი ოჯახის მეგობარი თავის ოჯახთან ერთად.

ერთხელაც რუსთაველზე “დემოკრატიისთვის” მებრძოლმა მწერლებმა  პირველად დახლები რომ გამართეს თუ დასცეს გამომცემლობა “მერანის” წინ, გამოიარა ბადრიმ და თავისი ბუბუნა ხმითა და დანანების კილოთი მიმართა მათ: გეთქვათ, თქვე საწყლებო, წიგნით ვაჭრობა რომ გეწადათ და ჩვენი პრეზიდენტი ამის უფლებას მოგცემდათ, ამისთვის აკაკანებდით ავტომატებს, სისხლი ამისთვის დაღვარეთო? იმ მწერლებში იყო ერთი,  რომელმაც დემოკრატია  დაამყარა თუ არა, საფრანგეთში მოუსვა და დღემდე იქ არის. უნდა გენახათ იმ ბანდიტების ბოღმით გადაგლესილი სახეები, ბადრი კი იღიმებოდა ისე, როგორც სურათებშია, კეთილად, ვინაიდან მასში ნამცეციც  კი არ იყო ბოროტებისა და  თუნდაც სიტყვიერად მიზღვისა.  ამის შემსწრე მე თვითონ ვარ…

ბადრის 1992 წელს თავისი  დიდი ოჯახის საერთო აგარაკზე შეფარებული ჰყავდა ერთი ჩვენი საერთო მეგობარი, მალავდა;  რამდენიმეჯერ  ვიყავი  მაშინ  მასთან; ბევრს ვსაუბრობდით, ვაანალიზებდით მომხდარს და როგორც ყოველი წესიერი კაცი, საკუთარ თავებში ვეძებდით მიზეზს…

თუ შეიძლება ვინმეზე თქვას კაცმა დაბადებით კეთილშობილიო, სწორედ ასეთი იყო და ასეთად დამამახსოვრდა ბადრი გუგუშვილი, ნიჭიერი, მთასავით  ახალგაზრდა კაცი, მძაფრი სამოქალაქო ლირიკის შემოქმედი, მუდმივად სხვაზე მაფიქრალი, სხვის დარდზე დარდიანი, ძალიან გამეტებული, ლუკმის გამყოფი; მისი ყოველი სტრიქონი გულ-ღვიძლის ჩამწყდომი იყო; მეუბნებოდა, ამდენ ტკივილს ვეღარ ვუძლებ, უძლურების განცდა მანადგურებსო… ასევე  იყო გასაოცარი მისი ხაზების ფერწერა…

ბადრის სოფლის სახლში ძველებური, მაგრამ „არისტოკრატიული“ ავეჯი იდგა. ეზოში  – ხილი. კარგი ბაღი ჰქონდათ. ხილიც კი გამოუტანებიათ ჩემთვის. მთელი ეზოს ხეხილიდან  ბადრის გამორჩეულად უყვარდა ერთი მსხლის ხე, საბედისწეროდ ლამაზი მსხლის ხე…

პირველად სწორედ ბადრის და მის მეუღლეს, ფილოსოფოს დოდო რეხვიაშვილს, სასწაულ პიროვნებას  წავუკითხე ს. ს.  ავერინცევის „ადრებიზანტიური  ლიტერატურის პოეტიკის“  ჩემეული თარგმანი ჩემთან,  სამზარეულოში ვისხედით სამნი, ბავშვები, დასჯილი ოჯახების შვილები, დიდ  ოთახში თამაშობდნენ. სიტყვის გარდა, არაფერი გვქონდა თავშესაქცევი; ძალიან მომიწონაეს ბადრიმაც და დოდომაც.  საჭირო მეცნიერი შეგირჩევია, ჰაერივით გვჭირდება დღეს ასეთი ლიტერატურაო; ასევე წავუკითხე ორივეს  ჩემი ყოფილი მოწაფის, ანა სულხანიშვილის ლექსები. ბადრის ისინიც მოეწონა, დოდომ კი, თვითონ უნიჭიერესმა ქალმა და ჩვენი სამეგობროს გულმა,  გამოღმა დარჩენილმა,  მითხრა, ვინ არის, ძალიან განათლებული და ნიჭიერია, ეგეთი არავინ მეგულებაო…

ამის შემდეგ ჩემი ძვირფასი მეგობარი,  პოეტი და მხატვარი ბადრი გუგუშვილი  აღარ მინახავს, ცალ-ცალკე ძლივს მივათრევდით  იმ ტანჯვას, რომელიც  აგვკიდეს სამშობლოს უანგარო სიყვარულისა და მსახურებისთვის; თავს იმით ვიმშვიდებ, რომ უკანასკნელ გზაზე მაინც გავაცილე, თითქოს ეძინა, იყო ისევ ისეთი ღიმილიანი და სიყვარულიანი,  სახეზე  ნათელგადამდინარე…

2006 წლის 26 ივნისს მისი 55 წლის იუბილე აღნიშნეს. დავესწარი, მიდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ ხმა ვერ გავიღე…

 

This entry was posted in ესე. Bookmark the permalink.

Leave a comment