მერაბ ბერიძე-70

ქეთევან ჯერვალიძე, საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კავშირის წევრი, დამოუკიდებელი მკვლევარი:

ონომასტიკოსთა რესპუბლიკური  კონფერენცია, რომელიც ამ უნივერსიტეტში ტარდება,  ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მე მონაწილე ვარ თქვენს რეგიონში ჩატარებული ექვსი კონფერენციისა და ერთი კრებულის – დიდებული „ზარზმის“ პრეზენტაციისა.  ონომასტიკოსთა  ყველა კონფერენცია   იყო და არის არაჩვეულებრივად ორგანიზებული, ტექნიკური თვალსაზრისით, ხოლო მათი  დანიშნულება ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის შეუფასებელია. კეთდება ვებერთელა საქმე არა მარტო ამ რეგიონისთვის, არამედ  მთელი საქართველოსთვის. სხდომები  გახლავთ ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარე, კამათი ძალიან კოლეგიალური და ძალიან სასიამოვნო; გარდა მეცნიერული აზრის გაცვლისა,  საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებთან  შეხვედრის საშუალებაცაა აქ ჩამოსვლა. რეგიონთა ერთობა  – სწორედ ესაა საქართველო, ანუ „ჩონგური“ – როგორც აკაკიმ უწოდა  მას და მე მიხარია, რომ სიმი „სამცხე-ჯავახეთი“  ასე დიდებულად ჟღერს…

  როდესაც ონომასტიკაზე ვსაუბრობთ და ამ კონფერენციებს ვეხებით, შეუძლებელია,  არ გამოვყოთ ბატონი მერაბის დამსახურება ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფილიალის შექმნაში, მისი ერთგულება, თავგანწირვა საქმისადმი. მე ბატონ მერაბს დავახასიათებდი არაორიგინალური სიტყვებით – “ულმობელი საქმის კაცი” –  ასევე ახასიათებდნენ ექვთიმე თაყაიშვილს. ჩემი აზრით,  ეს სიტყვები ბატონ მერაბსაც შეესაბამება, ამდენი კარგი საქმის   ბოლომდე მიმყვანს. იშვიათია პიროვნება, რომელშიც პედაგოგიური ნიჭი,  ადმინისტრაციული უნარი და მეცნიერული კვლევის საოცარი ნიჭი  ასე თანაარსებობდეს. შეიძლება იყო კარგი პედაგოგი, ვერ იყო კარგი  მეცნიერი, მით უმეტეს  – კარგი ადმინისტრატორი. აი, ეს სამივე  ბატონ მერაბში არის ძალიან ჰარმონიულად შეთავსებული. ამავე დროს ბატონი მერაბი, თავისი ცხოვრების წესით, მუდამ ახალგაზრდა და მუდამ თანამედროვეა. ცხადია, როდესაც ბატონ მერაბსა და მის საქმეებზე საუბრობ კაცი, დანაშაული იქნება, ერთი სიტყვით მაინც არ ვახსენოთ მისი მეუღლე, ქალბატონი მარინე, მისი მუდმივი თანამგზავრი, მეგობარი  და თანაშემწე…

 ვულოცავ ბატონ მერაბს  საიუბილეო თარიღს, ვუსურვებ  ჯანმრთელობას, კვლავ ძველებურ შემართებას,  კვლავ „ულმობელ“ საქმიანობას, თქვენს გაზეთს, თქვენს მხარეს და სრულიად საქართველოს კი  ვუსურვებ  გამთლიანებას, ხვავსა ბარაქას , „ზეცით ნაბუქალს“-  ეხაროს საკუთარი შვილებით.  დაბოლოს, გრიგოლ ხანძთელის, თქვენი უნივერსიტეტის მფარველის  სიტყვების პერიფრაზით  მინდა დავასრულო ჩემი აზრი: „კეთილად აღორძინდი, მესხეთ-ჯავახეთო, შეიმკე მადლითა და განძლიერდი ძალითა ღმრთისაითა…“ საქართველოსთვის!

This entry was posted in ესე, მიძღვნა. Bookmark the permalink.

Leave a comment