ქეთევან ჯერვალიძე, სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?!

ქეთევან ჯერვალიძე

ჟურნალი “ებგური” N1, 2022

      ჩემი დიდი სურვილია, ის ჩანაწერები, რომლებიც სამეცნიერო სტატიებად მინდოდა მექცია,  გავაერთიანო ერთი სახელწოდების ქვეშ – „ფიქრები“, რადგან როგორც იქნა, გავითავისე: „სიბერე მახლავს დავლიენ, სიყმაწვილენის დღენია“  და როგორც იქნა, ისიც მივიღე, რომ „ადამიანი მხოლოდ მოკვდავი კი არა, ანაზდეულად მოკვდავიცაა“.

       „ფიქრები“,  „საკუთარი თავისადმი“ – ბერძნულად –Τ ες αυτόν; ლათინურად –Ad se ipsum – როგორც ამას ვხედავთ ჩემთვის ძვირფას მოაზროვნეებსა და პიროვნებებთან, იმპერატორებთან მარკუს ავრელიუსსა (161-180)  (მის „ფიქრებს“  წარმართული სამყაროს სახარებასაც უწოდებენ (V. Duruy) და იულიანე განდგომილთან (361-363)… ბევრმა უწოდა შემდეგ თავის ქმნილებას „ფიქრები“, მაგრამ ის ვერ ჩამოყალიბდა ცალკე ჟანრად, როგორც ჩამოყალიბდა, მაგალითად,  „ნადიმი“,  „დღიურები“,  „ბიოგრაფია“ და სხვა.  და ეს გასაგებიცაა, მთელი საკაცობრიო კულტურა ხომ ფიქრებია და მით უფრო, სიტყვიერი კულტურა?!

                                          „სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?!“

         ბარათაშვილის (1817-1845)  წერილს მაიკო ორბელიანისადმი
     (1817-1849) წელს 180 წელი უსრულდება. მეგონა, მე დავწერე, მათ დაუწერინებიათ!

              ჩვენ, ვისაც სკოლაში გვივლია ძველ დროს,  ეს სიტყვები გვახსოვს ბარათაშვილის მაიკო ორბელიანისადმი გაგზავნილი წერილიდან, რომელსაც თარიღად უზის 1842 წელი, 31 ოქტომბერი, ტფილისი. მთელი წერილიც კი ვიცოდით ბევრმა მაშინ ზეპირად. სხვადასხვა გამოცემებში ბარათაშვილის შემოქმედებისა ზემოხსენებული სიტყვები ბრჭყალებში არ გახლავთ ჩასმული, არადა, უნდა იყოს.ეს კი „ბრჭყალებ გამო“ იმაზე მიანიშნებს, რომ  როდესაც ეს კრებულები დგებოდა, ჯერ კიდევ არ იყო შემჩნეული და დაჭერილი სტრიქონის სახარებისეული წარმომავლობა, მუხედავად იმისა, რომ რომანტიკოსთა კავშირი ქრისტიანობასთან, ბიბლიასთან უკვე  კარგად ნაცნობი  თემა  გახლდათ.  თვით ბარათაშვილის დროს კი  ეს სასვენი ნიშნები, დღევანდელი სახით, იყო მაინც ახალი ხილი,  ხოლო სახარების ცოდნა კი  – ისტორიული, ორგანული, სისხლში გამჯდარი,  ამდენად საკუთარი  და სულაც არ საჭიროებდა ბრჭყალებს.

         ზოგთ  ალბათ ეს სტრიქონი  ახლაც ბარათაშვილის  საკუთრება ან უკეთეს შემთხვევაში სახარებიდან მომდინარე სიტყვების  პერიფრაზი ჰგონია: მათ. 8, 20:  „ჰრქუა მას იესუ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“.  სახარების თანამედროვე ქართულ თარგმანში, რომლის მუხლებსაც მიწერილი აქვს, სად შეიძლება მსგავსი პასაჟების ნახვა, არანაირი მითითება არ უზის, არადა, ის მეორდება ლუკას სახარებაშიც: 9, 58.  „ჰრქუა მას იესუ:  „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“.    არც მას აქვს რაიმე მითითება.   

          მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფსალმუნშიც გვაქვს  არა მთლად იდენტური, მაგრამ მაინც მსგავსი პასაჟები: 43(84) 4. „და რამეთუ სირმანცა პოვა თავისა თჳსისა სახელი და გურიტმან ბუდე თჳსი, სადა დაისხნეს მართუენი თჳსნი“;   103, 17-18. „მუნ მფრინეელთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთა შერაცხილ მათდა. მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებლად ყურდგელთა“. ესაიასთანაც: 53, 3. „არამედ სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროს ყოველთა ძეთა კაცთასა. კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავს-დებად გუემულებასა, გარემიიქცია პირი მისი, უპატივო იქმნა და არ შეირაცხა“.  აქ კი ამ ძეგლებს შორის ქრონოლოგიურ პირველობაზე ბიბლიოლოგთა დავაში ვეღარ ჩავერთვებით  ჩვენი არაკომპეტენტურობისა გამო.

          პასაჟი – „სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?!“ – უცხო არ  არის 1945 წელს  ნაგჰამადში (ეგვიპტე) აღმოჩენილ  კოდექსში შესულ თომას გნოსტიკური სახარებისთვისაც. ეს პაპირუსზე გადაწერილი კოდექსი მეოთხე საუკუნით თარიღდება, ტექსტები კი უფრო ძველია, I-III  საუკუნეების, დაწერილია კოპტურად, თუმცა ბერძნულიდან თარგმნილად მიიჩნევენ. ვარაუდობენ, რომ კოდექსი პახუმი დიდის (292 -346 -348)  მიერ დაარსებულ  მონასტერს ეკუთვნოდა, რადგან  ეს სავანე კოდექსის აღმოჩენის ადგილიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია.   ამას გარდა, სამარხი IV ს-ის ბოლოს განეკუთვნება და ათანასე დიდის (295 -373) ბრძანებულებაც არსებობს  იმდროინდელი არაკანონიკური წიგნების განადგურების შესახებ. და  აი სწორედ ამ თომას გნოსტიკურ სახარებაში, რომელსაც „მეხუთე სახარებაც“ უწოდეს თავდაპირველად, ვკითხულობთ: 90. Иисус сказал:  „[Лисицы имеют свой норы] и птицы имеют [свои] гнезда а Сын человека не имеет места, чтобы прекланить свою голову (и) отдохнуть“… ბერძნული კანონიკური სახარება: 8. 20: „καὶ λέγει αὐτῷ ὁ ᾿Ιησοῦς· αἱ ἀλώπεκες φωλεοὺς ἔχουσι καὶ τὰ πετεινὰ τοῦ οὐρανοῦ κατασκηνώσεις, ὁ δὲ υἱὸς τοῦ ἀνθρώπου οὐκ ἔχει ποῦ τὴν κεφαλὴν κλίνῃ“; რუსული კანონიკური სახარება: Матф.  8, 20. „И говорит ему Иисус: „лисицы имеют норы и птицы небесные – гнезда, а Сын Человеческий не имеет, где приклонить голову“. „განისვენოს“  – ბერძნულ, რუსულ, ქართულ კანონიკურ სახარებებში არ არის…

               წარმოიდგინეთ, რომ არც ეს გახლავთ სათავე ჩვენთვის საინტერსო გამოთქმისა.  თუმცა კარგია, რომ მისი სახარებისეული წარმომავლობა დავადგინეთ (ჩვენ ეს სხვა სტატიაშიც გვაქვს აღნიშნული). რა თქმა უნდა, ბარათაშვილს, ფრიად საპატიო მიზეზთა გამო, არც თომას გნოსტიკური სახარება ეცოდინებოდა, და არც ის ძეგლი, რომელზეც ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ, რადგან  ეს ძეგლები მის დროს ჯერ არ იყო აღმოჩენილ-შესწავლილი და გამოცემული…

           უფრო შორს უნდა წავიდეთ, უფრო ღრმა წარსულში და მივადგეთ შუამდინარულ ეპოსს გილგამეშისა. საბედნიეროდ, გვაქვს დღეს მისი ქართული თარგმანი ბატონი ზურაბ კიკნაძის მიერ შესრულებული, თორემ თავიდან, როდესაც მე პირველად ამ სტრიქონს გავეცანი  1899 წელს  რუსულად გამოცემულ „რელიგიათა ილუსტრირებულ ისტორიაში – Иллюстрированная  исторiя религiй“ М., 1899, 190,  ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ გილგამეშის ეპოსი  ქართულად 1963 წელს იყო გამოქვეყნებული და მამაჩემს თავის ბიბლიოთეკაში ედო…  იმ რუსული წიგნიდან კი ბევრი ვერაფერი გავიგე  მაშინ, ალაგ-ალაგ მესმოდა.   რამდენადაც ეგვიპტური, შუამდინარული, ზოროასტრული მხიბლავდა გაუგებრადაც, არ მესმოდა, მაგრამ მხიბლავდა, თითქოს ჩემი იყო, იმდენად ვერ ვღებულობდი ინდურს, ჩინურს, იაპონურს და ეს ახალგაზრდული დამოკიდებულება მასალისადმი ხანდაზმულობამდე გამომყვა. მერე უნივერსიტეტი დავამთავრე და თვალებშიც გამოვიხედე,  სამივე რელიგია და მითოსი უფრო უკეთ შევიწავლე ბერძნულ-ლათინურათან ერთად.  ერთი კია, მაშინ, ადრე ძალიან ახალგაზრდამ, მცირემცოდნემ, მაშინვე დავიჭირე მსგავსება, ზემორე ხსენებული სტრიქონისა  ბარათაშვილთან და მოვნიშნე ფანქრით, ან როგორ ვერ დავიჭერდი, როდესაც „წერილი მაიკო ორებლიანისადმი“ ზეპირად ვიცოდი? აი ეს სტრიქონიც: „Белъ ненавидитъ меня, поэтому я не хочу больше жить въ вашемъ городѣ, на землѣ Бела мнѣ нѣтъ мѣста, гдѣ приклонить голову“, (ბუნებრივია, რეფორმამდელი შრიფტია).

                რა თქმა უნდა, მაშინ არც ბარათაშვილის წერილის პასაჟის სახარებისეულ სათავეზე ვიცოდი რაიმე, არც „გილგამეშიანზე“. მერე მქონდა ბედნიერება ბატონი ზურაბ კიკნაძის თარგმანთან შეხვედრისა, არსებული წიგნის აღმოჩენისა, ისიც საკუთარ სახლში.  ყოფილა დიდი ქართველის, მიხაკო წერეთლის (1878-1965) პირველი თარგმანიც „გილგამეშიანისა“, 1924 წელს კონსტანტინეპოლში გამოცემული, რომელსაც, სამწუხაროდ, დღესაც არ ვიცნობ. გაოცდები კაცი, ასეთ გაუსაძლისებშიც კი წერეთლისებრი მამულიშვილები ცდილობდნენ, არ ჩამორჩენოდნენ მსოფლიოს კულტურულ პროცესებს, ახალ აღმოჩენებს და დევნილთ სამშობლოდან, სამშობლოზე ეზრუნათ. ბატონ მიხაკოს თარგმანის  გამოცემაში კათოლიკე ქართველთა გამომცემლობა დახმარებია… ბატონ მიხაკო წერეთელს  კიდევ ბევრი ნაშრომი ეკუთვნის, მაგრამ  მისი პიროვნება იმითაცაა საინტერესო, რომ ის  იროდიონ ევდოშვილთან ერთად მიეკუთვნებოდა იმ მცირერიცხოვან ქართველებს, რომელებმაც ილიას მკვლელობის (1907) შემდეგ პროტესტის ნიშნად რსდმპ დატოვეს…

          უღრმესი მადლობა ბატონ ზურაბ კიკნაძეს  „გილგამეშიანისთვის“ ,კიდევ „“შუამდინარული მითოლოგიის“,  „ქართული მითოლოგიის“ და კიდევ ბევრი სხვა ნაშრომისთვის. მე-20 ს-ის 70-ანი წლების ქართველ მკვლევრებსაც დიდი მადლობა: გურამ ასათიანს, ჯუმბერ ჭუმბურიძეს, რეზო სირაძეს,  კაკო ურუშაძეს,  რისმაგ გორდეზიანს,  მიშა კვესელავას, იუზა ევგენიძეს, გრივერ ფარულავას და სხვათაც …

           მაგრამ პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ, გადავშალოთ „გილგამეშიანის“  -(გილგამეში შუმერული ურუქის მეფე𒀭𒄑𒉋𒂵𒈨𒌋𒌋𒌋,  შუმ. dgilgameš მეფე გმირთა (XXVII- XXVI სს. – უბრწყინვალესი შუმერულ-აქადური  ეპოსის  ფაუსტური პერსონაჟი) – ტექსტი. თუ  ჰომეროსის პოემებით იწყება ევროპული ლიტერატურა, უცნობი ავტორის „გილგამეშიანიც“ ასეთივე დასაბამია აღმოსავლური ლიტერატურისა. გადავფურცლოთ ეს 1963 წლის  ქართული გამოცემა, 81-ე გვერდი – დაფა მეთერთმეტე, რომელშიც მოთხრობილია კაცობრიობის თავს დატეხილი წარღვნის წინა პერიპეტიები და თვით წარღვნის ამბავიც;  ბიბლიური ნოეს წინამორბედი წარღვნის გმირი, ასურული ტექსტების უთანაფიშტიმი,  მზის  ქალაქ  შურუპაქის („კეთლდღეობის ადგილი“) მცხოვრები, (შუმერული ზიუსუდრა – „ხანგრძლივმცხოვრები“), ბაბილონური ტექსტების ათრახასისი  („სიბრძნით აღმატებული“), როდესაც ღმერთები მას წარღვნისგან გადასარჩენად ხომალდის აგებას მოსთხოვენ, ის ეას, სიბრძნის ღმერთს, ასე მიმართავს:

 “მე შევისმინე და აღვასრულებ,

მაგრამ რა მივუგო მოქალაქეთ და უხუცესობას?“

ეა ეუბნება, უპასუხე:

„გავიგე, შემიძულა ენლილმა,

ვეღარ დავდგები თქვენს ქალაქში,

ვეღარ შევხედავ ენლილის მიწას“…

ვნახოთ ამ ძეგლის რუსული თარგმანიც, დიდი რუსი მეცნიერის  ი. მ. დიაკონოვის  (აღმოსავლეთმცოდნე, ასიროლოგი 1915-1999) მიერ შესრულებული და  გამოცემული 1961 წელს:

“А ты такую им речь промолви:
“Я знаю, Эллиль меня ненавидит, –
Не буду я больше жить в вашем граде,
От почвы Эллиля стопы отвращу я.
რუსულად არსებობს ცნობილი რუსი პოეტის,  ნიკოლოზ გუმილიოვის  (1886-1921; ბოლშევიკებმა დახვრიტეს) თარგმანიც, 1918 წ.:

Вот, что расскажешь ты толпе и старцам:
— Я ненавистен Белу и жить не буду в городе вашем
На землю Бела ноги не поставлю,
Я спущусь к океану, буду жить с Эа, моим господином.

ბელი და ენლილი ერთი და იმავე ღმერთის განსხვავებული სახელებია.

               როგორც ვხედავთ, კანონიკურ და გნოსტიკურ სახარებებში არსებული სტრიქონი – „სადა მიიდრიკოს თავი“ – რომელიც  გვხვდება  ასევე 1899 წლის „რელიგიათა ილუსტრირებული ისტორიის წიგნში“, აკლია „გილგამეშიანის“  როგორც ქართულ, ასევე ორ რუსულ თარგმანს. ნეტავ როგორაა ის მ. წერეთლისეულ თარგმანში, რომელიც არასრულია? შედის კი ეს ჩვენთვის საინტერესო სტრიქონი მასში?..

       ჩვენი ფიქრები ამ საკითხის ირგვლივ არასრული იქნება, თუ არ გავიხსენებთ  მომთაბარე თუქრ-სელჩუკებსაც, აზიის სტეპებიდან  საძოვრების ნაკლებობის გამო დაძრულთ დასავლეთისკენ.  თურქების ელჩები მოწინააღმდეგეებთან  მოლაპარაკებების დროს სულ იმას უსვამდნენ ხაზს, რომ „მათ დედამიწაზე ადგილი არ აქვთ“ .  X  ს-დან იწყება მათი, თურქების, ისლამიზება. ისლამიც ძველ აღთქმაზე დამყარებული რელიგიაა,  თუმცა აღმოსავლეთში ამ დროს ძალიან ძლიერი იყო ქრისტიანობის ნესტორიანული მიმართულება და ეს გამოთქმა, შესაძლოა,   თურქ-სელჩუკებს  უფრო სახარებიდანაც ჰქონოდათ შეთვისებული. ისიც შეიძლება, რომ მუდმივმა ხეტიალმა ჩამოუყალიბათ ასეთი აზრი.

         საკუთარი ადგილის ძიება  მზისქვეშეთში  საუკუნეთა განმავლობაში იყო ებრაელი ერის ხეტიალის მიზეზიც.  სხვათა შორის, ბაირონს  (1788-1824) „ებრაულ მელოდიებში“ აქვს ეს უხსოვარი დროიდან მომდინარე ციტატა გამოყენებული, ოღონდ მასთანაც, როგორც ბარათაშვილთან, ფსალმუნურ-სახარებისეულია. უდიდეს ინგლისელ პოეტს მუხლი თავიდან ბოლომდე  აქვს  გამოყენებული,  ოღონდ მეორე ნაწილი  – „ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“- მთლიანად  პერიფრაზირებული და ალუზირებულია.   ლექსის სახელწოდებაა: “Oh! Weep for those:

The wild-dove hath her nest, the fox his cave,
Mankind their country—Israel but the grave!

Нора есть у лисы, гнездо – у птицы,
А у тебя остались лишь гробницы ( დიმიტრი  მინაევის (1835-1889)  თარგმანი 1863 წ.). ბაირონის ამ ლექსის ბევრი რუსული თარგმანი არსებობს.

        „ებრაული მედოდიებიდან“  ბაირონის ეს ლექსი 1858 წლის 23 თებერვალს უთარგმნია ილიასაც,  ბოლო სტრიქონები მაინც ზედმიწევნით ზუსტად.   ლექსის  სათაურში  ლექსემა Weep  – სტიროდეთ, მოსთქვამდეთ,  ძალიან  ჰგავს ქართულ ვაებ-ა-ს,  ვაებდეთ,  ძველბეძნულ   βαβαί-ს:  ქართ. ვაი-ვაი;  მეგრ. ვავა -ს; სვან. აბაბაჲ ; მოხევ. აბაიმე (ქართული, მოხევური აბაიმე და სვანური აბაბა, უფრო ახლოს დგას ძველბერნულთან, ქართული  ვაი-ვაი და მეგრული ვავა კი ძველბერძნული βαβαί-ს ბიზანტიურ გამოთქმასთან). ეს ისე… როგორც ჩანს, ადამიანები ყველა დროსა და სივრცეში მსგავსი ბგერებით ვგოდებთ. ჩვენს ქართულს კი კარგად გამოსდის შორისდებულების გაარსებითებაც და ზმნად ქცევაც…

…მელას აქვს ხვრელი და თვის ბუდე – ჩიტს,

კაცსა  – სამშობლო, და ისრაელსა –

არარა, გარდა თავის საფლავებისა!

   ამ დროს, ბატონებო, ამბობენ, სამშობლო საფლავებით იწყებაო…

         ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი დიდი მოაზროვნე – პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, რედაქტორი და გამომცემელი, ქართული და საკაცობრიო აზრის მპყრობელი -ილია ჭავჭავაძე  ახალგაზრდობიდანვე დაინტერესებულა ებრაული საკითხით, ანუ  მძიმე მდგომარეობაში მყოფი სხვა ერების საკითხითაც… ამ დროს უკვე დაწყებული იყო ებრაელთა მიერ ძველ იუდეაში მიწის ნაკვეთების  შესყიდვის პროცესი სამშობლოს დასაბრუნებლად…

       ცხადია,   კიდევ  ექნებათ სხვა კლასიკოსებსაც გამოყებენული ეს ფსალმუნურ-სახარებისული ნაწყვეტი ან მისი ნაწილები, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, მეტი არ გვახსენდება. მთავარი მაინც სათავეა და ის მიგნებულია…

           ხორციელი და სულიერი ობლობა აი  ასე ეწმასნება ერთმანეთს საუკუნეთა განმავლობაში და ჩვენს რომანტიკოს ბარათაშვილთან მას ორივე სახით ვხედავთ…

              ამრიგად,  ჩვენ რომ გვგონია,  თითქოს რაიმე უკვალოდ ქრება, ის თურმე მაინც განაგრძობს იდუმალ, უჩინარ არსებობას, თაობიდან თაობას გადაეცემა, იცვლება, იფიტება და მერე  მაინც სადღაც ამოხეთქს ხოლმე ზედაპირს, აი როგორც ულამაზესი ქართული მისამღერი „დელია“ – აპოლონისა და მისი დის, არტემიდეს, ეპიკლესი – ნათელო; „რანინა/რანუნი“  (ურანია) – აფროდიტეს ეპიკლესი – ზეციურო, (მეგრ. ორან-ი ძველბერძნულის დორიული დიალექტიდან); „ჰორუ დილა“ – ჰორუს აპოლონო – ეგვიპტურ-ბერძნული სახელების კომბინაცია,   ორივე ერის მზეებისა – დილის მზევ ან მზის ნათელო; და ჯერ კიდევ ბევრი რამ, გამოუკვლეველი: „ჰოოპუნა“, „ოროველა“ – უკვე ჩვენი მზერის არეში მოქცეულნი და კიდევ სხვანი და სხვანი…

          ახლა ჩვენ უკვე ვიცით,  შეუმცდარად ვიცით, ბარათაშვილის ულამაზესი წერილის  სტრიქონში  – „სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი“ –  როგორ ფეთქავენ თუ სუნთქავენ არა მხოლოდ  კანონიკური და გნოსტიკური თომას სახარებები,  ფსალმუნი თუ ესაია წინასწარმეტყველი, ანუ  არა ორი ათასი ან ორი ათას ექვსასი წელი, არამედ  სულ მცირე, ხუთი ათასი წელი მაინც ჩვენამდე.

      აი ასეთი სასწაულები შეუძლია არსთა გამრიგეს, როდესაც   ის ვინმეს მეტაფიზიკურის სფეროდან რაიმეს ჰკარნახობს მიწის შვილებისთვის გადმოსაცემად,  და მაშინაც, როდესაც უფალი ვინმეში გამოტანებული, მაგრამ უკვე დაკარგული ინფორმაციის ამოსახსნელად მზაობას   დალანდავს…

This entry was posted in ესე, essay. Bookmark the permalink.

6 Responses to ქეთევან ჯერვალიძე, სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?!

  1. ადა says:

    ძალიან დიდი მადლობა. არაჩვეულებრივია. ვიცი, რა ყოჩაღიც ხარ და არც გამკვირვებია.

  2. ვილიამ გოლეთიანი says:

    Ketevan Jervalidze დავაცალკევებ სათქმელს…
    სასიამოვნო საკითხავია პოეტურად გადმოცემული…
    უამრავი რამე გავიგე სულის ამაფორიაქებელი..
    კარგი მასწავლებლის ხელში შესანიშნავი ინსტრუმენტი იქნება ახალგაზრდობის ინტერესის და ეროვნულობის გასაღვივებლად…
    მეცნიერული დასაბუთება კონკრეტულ საკითხზე სრულიად საკმარისია… მაგრამ ჩემთვის სასიამოვნო უფრო ის იყო, რომ ბევრ სხვა კითხვას აჩენს საკვლევად და … ჩემი რწმენით ჩვენი ენის და კულტურის ფესვების და უნიკალურობის წარმოსაჩენად…
    სულაც არაა ჩვენი წარმოდგენა გადაჭარბებული… 🙂
    მადლობა თქვენ და მაგ ლინკით ალბათ სხვა წერილებსაც გავეცნობი.

  3. Dinara Kasradze says:

    მართლაც ძალიან ძნელია, მზისქვეშეთში ადგილის პოვნა… “სად განისვენოს სული, სად მიიდრიკოს თავი” ადამიანმა? – ეს კითხვა ალბათ მარადიულია! დიდებული მკვლევარი, მეცნიერი ქეთევან ჯერვალიძე, ჩანს, შეძრულია ტატოს ამ სიტყვებით და ეძებს, ეძებს ქვეცნობიერისა თუ ცნობიერის სათავეებს – სახარებიდან დაწყებული “გილგამეშიანით” დამთავრებული, არც ძველინ ხალხების მითილოგიათა მოხმობა ავიწყდება, ბაირონის “ებრაულ მელოდიებსაც ვერ უქცევს გვერდს! დიდი გონებრივი შრომაა ჩადებული ქეთევანის წერილში, ზედმიწევნით აკადემიურ წერილში! როგორ ჭირდება დღევანდელობას ამგვარი ღრმა ანალიზი, ამგვარი გავრცობა, ამგვარი აბსტრაგირება ძველ ცოდნათა, კაცობრიობის გონებრივ თუ სულიერ დანატოვართა! ბრავო, ქეთევან ჯერვალიძე! არ შეჩერდეთ, გააგრძელეთ თქვენი დიდებული კვლევები!

  4. eka jikia says:

    ეს იყო საოცარი სინთეზი
    კაცობრიობის ისტორიისა
    შეკრულ შეერთებული .ერთი ჯაჭვით.
    “სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი”……..
    და აქ ჩემთვის აღმოჩენად იქმნა
    რომანტიზმის ქრისტიანული ფესვების გამიღმიერება გილგამეშის ეპოსით .

    მადლობა თქვენ, რომ ეს შეძელით!
    მადლობა ჟურნალ “ებგურს” და მის რედაქტორს ასეთი საინტერესო მასალების მოძიებისა და მკითხევლ საზოგადოებაზე ზრუნვისთვის!

    ერთ ლანგარზე მიაწოდეთ
    მკითხველს ყველაზე რთული კავშირები ყველაზე დაცილებული კულტუროლიგიური ეპოქებისა.

    ვციტირებ თქვენივე ტექსტიდან
    ამ ნაშრომში მოხდა გნოსისი, რაც სულ ხდება

    “როდესაც ის ვინმეს მეტაფიზიკურის სფეროდან რაიმეს ჰკარნახობს მიწის შვილებისთვის გადმოსაცემად, და მაშინაც, როდესაც უფალი ვინმეში გამოტანებული, მაგრამ უკვე დაკარგული ინფორმაციის ამოსახსნელად მზაობას დალანდავს”.

  5. მაია გურაბანიძე says:

    ბარათაშვილი ბოლომდე არ არის შესწავლილიო, როცა ამბობენ, ქეთევანის სტატიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

    საინტერესოა!

    რამხელა ცოდნა ჩანს, წლებით დაგროვებული ცოდნა!

  6. მარიამ ნინაშვილი says:

    ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სადიპლომოდ მეტისმეტად რთული თემა ავირჩიე… და ამ შუაღამისას დამხმარე მასალას დავეძებ.
    შემთხვევით გადავაწყდი ბლოგს. აღფრთოვანებული ვარ! უზარმაზარი ცოდნა, გამოცდილება, დახვეწილი გემოვნება, განსჯა, კრიტიკა…
    რამდენი სიახლეა ჩვენთვის ამ ფიქრებში.
    მომინდა წარმომედგინა ავტორი და ვინატრე მასთან შეხვედრა.
    არ შემეძლო ყოველივე ეს არ მეთქვა.
    დიდი მადლობა!

Leave a comment