ქეთევან ჯერვალიძე – წამის შეჩერების მშვენიერების შესახებ:

წამის შეჩერების მშვენიერების შესახებ:
ლიტერატურულ-სამეცნიერო ესე

ჟურნალი “ებგური” # 2, 2023

  1. „შეჩერდი, წამო, რა მშვენიერი ხარ!“   (გოეთე)
  2. „რა მშვენიერი დრო არის, რა საამური წამია!“ (ვაჟა)
  3. და დღე გრძლიობს წუთისოფელზე –И дольше века длится день (პასტერნაკი)

            ძველი აღთქმა მზის შეჩერების ორ ფაქტს იცნობს: ა). ისუ ნავესის დროს მისი ლოცვის შედეგად ღმერთმა გაბაონში მზის ჩასვლა 23 საათითა და 20 წუთით დააყოვნა (ისუ ნავ. X, 1313. დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი (განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში?). იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას.). ბ).  ბიბლიის IV მეფეთა ასეთსავე ამბავს მეფე ეზიკიას ზეობასთან აკავშირებს (XX, 9-11), როდესაც წინასწარმეტყველ ესაიას ლოცვით მზე 10 საფეხურით უკან დაბრუნებულა, მაშასადამე 40 წუთით:  „შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, რომლებზეც ჩამოდიოდა იგი, ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით“.  აპოკრიფებში ასეთივე ამბავი დაკავშირებულია ილია წინასწარმეტყველთან.

          სხვათა შორის, ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტესთვისაც უამბნიათ  ეგვიპტელ ქურუმებს   ერთი ძალიან გრძელი დღის შესახებ ეგვიპტეში (II,142), მექსიკელებსაც ჰქონიათ ევროპულ დაპყრობამდე მსგავსი  თქმულება: „იდგა მზე გაუნძრევლად მთელი დღის განმავლობაში და ეს ამბავი შვიდი ბოცვრის წელიწადს მომხდარაო.

            ქართული ჰაგიოგრაფიაში მსგავსი ამბავი წმიდა “სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში” გვხვდება, ბიზანტიურში  – ეგვიპტელ საკვირველმოქმედ მამა ბესარიონს უკავშირდება (IV-V სს.).
            ბასილი ზარზმელი თავისი მიზანდასახულობიდან გამომდინარე, ირჩევს პირველ ბიბლიურ ეპიზოდს. მაშასადამე, სწორედ ამდენივე ხნით, 23 საათითა და 40 წუთით უნდა შეჩერებულიყო მზე სერაპიონისა და მის თანმხლებთათვის ზარზმის გარსშემოწერით შემოვლისას, რითაც წმინდანი ჯერ ერთი ამართლებს თავისი სახელის შინაარსს – სერაპიონს – მზის ხარი.  მზე უჩერდება მზის ხარს, რათა მან მეტი სივრცე მოაქციოს ღმრთის მადლის ოიკუმენეში, რაც ხორციელდება კიდეც. ანუ წმიდა სერაპიონის სურვილი შესაბამისობაში მოდის უფლის ნებასთან, რაც იწვევს კაცებრივი სურვილის ღმრთის განგებულების შესაბამისად გარდასახვას. მეორე, სერაპიონისა და მის თანმხლებთათვის ზარზმა მოიაზრება ახალ გაბაონად. ბიბლიური გაბაონის დასაკავებლად ისუ ნავესს “მცირედ მახვილის წარცემაც” კი არ დასჭირვებია.  ჩვენი სერაპიონიეს ახალი ისუ ნავესია.

             წმ. ბესარიონი (ტყეხშირი),   წარმოშობით ეგვიპტელი წმინდანია  ეგვიპტიდან  (IV-V სს.), რომლის ცხოვრება ეკუთვნის გრიგოლ აკრაკანტელს  (688 წ.) თხზულებაში ბესარიონიც   ისუ ნავესთანაა შედარებული (10: 12-13).  თუმცა დროის შეჩერების მიზანი განსხვავებულია: ბერი ბესარიონი ვიღაც ღირს მამასთან მიდის, ჩვენი სერაპიონი კი უფლის ოიკუმენეს გაზრდაზე ფიქრობს. აქედან დასკვნა, ჩვენს ბასილი ზარზმელს ბიბლია რომ სცოდნია, ეს საკვირველი არ არის, აკრაკანტელის თხზულების ცოდნა და  ბიბლიური  პასაჟის აკრაკანტელზე  უკეთ  მისადაგება, ზუსტი ანალოგიის დაჭერაა  სასიხარულო ფაქტი.         წმინდა ბესარიონის პასაჟი  ქართული ჰაგიოგრაფიის ლიტერატურული ძეგლის,  ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის  ცხოვრების“ გარდა, სხვა  ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებში არ გვხვდება.  თუმცა, ბესარიონის ცხოვრების წესი – ფეხზემდგომელი ძილი, „ზეჯდომით ძილი“ – ნახსენებია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც“. არ არის გამორიცხული, ეს „ზეჯდომით“ ძილი იოანე მოსხის „ლიმონარიდანაც“ იყოს მოხვედრილი მერჩულის ქმნილებაში…

         დროის შეჩერებას  ქართულ ხატოვან აზროვნებაში შეესაბამება „ცის ფეხად ჩამოსვლა“,   

დასავლურ, სკადინავიურ თქმულებებში კი – „რაგნაროკი“. ღმერთ ოდინის ცხოვრებაში მოთხრობილია ქვეყნიერების აღსასრულზე, რომ დამდგარა უსასტიკესი ზამთარი, რომელიც სამ წელიწადს გაგრძელებულა გამოუზაფხულებლად,  ბიბლიაში მას შეესატყვისება წარღვნის მითი. მაგრამ სულ სხვაა მხატვრული ლიტერატურა.

      ევროპულ მხატვრულ ლიტერატურაში კი, ვგულისხმობთ  დიდი გერმანელი მწერლის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს(1749-1832)   პოემა „ფაუსტს“, დროის შეჩერება ეს გახლავთ ფაუსტისა და ლუციფერის  სისხლით გაფორმებული ხელშეკრულების შემადგენელი  ნაწილი, რასაც წინ ღმერთისა და ლუციფერის შეთანხმება უძღვის და  შინაარსით ისუ ნავესის, ეზიკიას, ეგვიპტელი ბერი ბესარიონისა და  ჩვენი სერაპიონის პასაჟების მსგავსი სულაც არ გახლავთ, მაგრამ მაინც ქრისტიანული გაგება გვაქვს ამ შემთხვევაშიც. რაც დაფიქსირდა გოეთეს პოემაში გამოყენებულ გამოთქმაში „მიშვებითა უფლისაითა“. „ფაუსტში“ ხელშეკრულება  ჯერ ღმერთსა და მეფისტოფელს შორის იდება, რათა გამოიცადოს ადამიანი: „ამიტომ ხშირად ეშმაკებსაც კი ვაძლევ ნებას („მიშვებითა უფლისაითას“ გაგება აქვს (ქ.ჯ.), რომ შეუჩნდნენ მათ…თქვენ კი დასტკბით ღვთის შვილთა საკადრისი სიტურფის ჭვრეტით!“ – ბრძანებს ღმერთი.  ქრისტიანობაში მკვეთრად არის გამიჯნული ორი გამოთქმა: 1, „მიშვებითა უფლისაითა“;  2. „ნებითა უფლისაითა“.  პირველი გულისხმობს იმას, რომ ღმერთმა წაუყრუა რაღაც ცუდს რაღაც ისეთის გამო, რაც მოკვდავთათვის გაუგებარია.

     ჩვენ მიერ ნახსენებ   ოთხივე ეპიზოდში მზის შეჩერება ხდება ღვთის ნებით დიადი მიზნებისთვის; გოეთესათან კი „შეჩერდი, წამო, რა მშვენიერი ხარ“  – თავისდაუნებურად დაცდენილი სიტყვებითაა  ხელშეკრულება დარღვეული, რაც, ცხადია, ლუციფერის გარეშე არ ხდება. თუმცა ფაუსტის სულს მაინც ღმერთი ეპატრონება, ვინაიდან საბედისწერო  სიტყვები ფაუსტს  საერთო, სახალხო ინტერესებიდან გამომდინარე, დასცდა, სიკეთე ედო საფუძვლად, საყოველთაო სიკეთე! ღმერთისა და ეშმაკის დავა გარდაცვლილი ცოდვილის სულის გამო იოანე მოსხის გამგრძელებელმაც აღწერა მეოთხე ნოველაში და დიდმა რუსმა  პოეტმა მიხეილ ლერმონტოვმაც (1814-1841) თავის „დემონში“… გოეთეს „ფაუსტის“ პირველ ნაწილშიც გვაქვს მსგავსი სცენა, როდესაც მარგარიტად ქცეული ცოდვილი გრეტჰენის სულს უფალი განიკითხავს და  მიიბარებს; ტრადიციულისგან განსხვავებული ვერსია გვაქვს ბაირონის (1788-1824)  სატირულ პოემაში „უკანასკნელი სამსჯავრო“ (1821), რომელიც რობერტ საუტის (1774-1843) „უკანასკნელი სამსჯავროს“  (1821) პაროდიას წარმოადგენდა, მსჯავრის დროს ატეხილი აურზაურით ისარგებლებს განსასჯელი ინგლისის მეფე ჯორჯ III  ჰანოვერი (1738-1820) და სამოთხეში შეიპარება… ცოდვილის სამოთხეში მოხვედრის მოხერხების მაგალითი გვაქვს  სულხან-საბას (1658-1724) იგავ-არაკშიც: „ჯოჯოხეთში დაუტევნელი“.

აი ფაუსტისა და მეფისტოფელის ხელშეკრულება:

ფაუსტი

რბილ სასთუმალზე მოსვენებას თუ მივეცემი,

დაე, იმავე წამს შეწყდეს მაშინ  სიცოცხლე ჩემი,

თუ იმ ზომამდე მოხიბლავ ჩემს აზრს და გრძნობას,

რომ კმაყოფილი დავრჩე შენგან მოგვრილი ლხენით,

თუ დამიჯერებ, რომ მე თითქოს განვიცდი ტკბობას,

დაე, იგი დღე იყოს ჩემთვის უკანასკნელი!

ჰა, თანახმა ხარ?

მეფისტოფელი

 თანახმა ვარ!

ფაუსტი

 მაშ დაჰკა ხელი!

თუკი ოდესმე შევძახო თავს კმაყოფილებით:

„შეჩერდი! ო, რა ლამაზი ხარ, რა მშვენიერი!“

უფლებას გაძლევ გამიყარო მყის ბორკილები,

მე მონა გავხდე, შენ – ბატონი კანონიერი,

დაე გაისმას გლოვის ზარების ხმები,

დასრულდეს ვადა ჩემს მსახურად შენი ყოფნისა,

შეჩერდეს დრო და ჩამოსცვივდეს საათს ისრები

შეწყდეს დამთავრდეს ჟამი ჩემი არსებობისა.

(თარგმანი  გიორგი ჯორჯანელისა)

                ლუციფერთან ერთად დიდი  თავგადასავლის შემდეგ ფაუსტი ბერდება და ბრმავდება, თუმცა ის ხალხს კვლავ შრომისკენ,  ჭაობების ამოშრობისკენ  მოუწოდებს. ის  თავისუფალ  მიწაზე  თავისუფალ შრომასა და თავისუფალი  ხალხის ერთიანობაში ხედავს კაცობრიობის ბედნიერი მომავლის  დიად სურათს და აღტაცებული  ამ წარმოსახვით, ამ პოტენციური არსით სიკეთისა, ნამდვილი რომ ჰგონია, (სინამდვილეში მისთვის სამარეს თხრიან),  წამოიძახებს იმ სიტყვებს, რომლებიც, ლუციფერთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, არ უნდა ეთქვა: “შეჩერდი, წამო, რა მშვენიერი ხარ!“

               ქართულ ლიტერატურაში  კი გამოთქმა  – „შეჩერდი, წამო, რა მშვენიერი ხარ!  – ვაჟას (1861-1915) უკავშირდება. ცხადია, ვაჟა გოეთეს სიტყვებს აბსოლუტური სიზუსტით  არ იმეორებს, ან იმეორებს კი საერთოდ? იქნებ სწორედ დამთხვევაა?  ვაჟასთვის ფაუსტური სიტყვების პერიფრაზის მიზეზი   მთიელ ქართველთა გაერთიანებული ლაშქრის ხილვაა  კახეთის დასახმარებლად ბახტრიონის ბრძოლის წინ (1659 წ.)   პოემიდან „ბახტრიონი“: რა საამური დრო არის, რა საამური წამია“. ეს სიტყვები კვეთს მთიელთა ლაშქრის კატალოგს პოემა „ბახტრიონში“ (1892).

ფშაველ-ხევსურთა  ლაშქრის კატალოგი                უფრო სწორედ, პოემის მთელი მეოთხე თავი იწყება ბუნების სურათით: „ცა თვალს უცემდა სატრფოსა“.  და აი ამ მინიშნების შედეგია გრიალისა და ჟრიამულის ხმა გორის მარჯვენა და მარცხენა მხრიდან – ცხრა თუ ათი კუთხიდან მოდიან თათრებისადმი შურისძიების წყურვილით აღვსილი ფშაველ-ხევსურნი.  „ბახტრიონის“ მეოთხე თავის 25 -ე სტრიქონიდან იწყება უშუალოდ  მეომართა კატალოგი და მთავრდება 64-ე სტრიქონით -სულ 38 სტრიქონია.  აი ამ  კატალოგს ჰკვეთს თანაბარ ნაწილებად ჩვენთვის საინტერსო სიტყვები: 18+2+18. თავი, როგორც უკვე აღვნიშნეთ,  იწყება ბუნების სურათით – ბუნება  ხომ თავის შვილებზე მაფიქრალია, თანამონაწილე და თანამოწლე მათი დიდი საქმეებისა? თავჩაჩქნიანი მთები მწარე ფიქრებს მისცემიან, მაგრამ მომავალი გამარჯვების ნასახი უკვე ჩნდება სტრიქონში: „ცა თვალს უცემდა სატრფოსა“, ანუ დედამიწასო, ცის სატრფო  ხომ დედამიწაა განწვალების  შემდეგ?  ანუ  ცა  თვალით მიანიშნებდა დედამიწასო გამარჯვებაზე, მომავალი ძლევაჲ  ცისა და მიწის  ერთობლივი გადაწყვეტილებააო.   და ამიტომაც გვაქვს ფიცის ფორმულა: „მაღლა ცა და დაბლა მიწაო“. აკაკიც იყენებს მას, ამ ფიცის ფორმულას: „გულწრფელად გეტყვი, მოწმედ მყავს
დაბლა მიწა და მაღლა ცა“ („წმინდა ნინო, ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში“), ან კიდევ: „ცა და ქვეყანაც პასუხად

იძახის: „ჭეშმარიტადო!“  (აკაკი, „ქრისტე აღდგა“).  აკაკისთან მიწას ხან გულიც ენაცვლება: „დაბლა ეს გული მიმოწმებს და მაღლა ღმერთი ზენაო“ („თორნიკე ერისთავი“);            პოემა „ბახტრიონში“ ბუნების ჩაბმა თავისი შვილების დასახმარებლად კარგად ჩანს შემდეგ სტრიქონებშიც ბრძოლის დაწყების წინ: „სპეროზიაის (გამარჯვების) კლდიდამაცივი ნიავი მაჰქრისა“ (თ. XIII); „დილის მზის სხივით იპოხენქედებს კახეთის მთანია“ (თ. XIV ფინალი)… ვაჟა-ფშაველა   ამ კატალოგს უდიდესი ბერძენი პოეტის, ჰომეროს მსგავსად (VIII-VII სს.)აგებს.  ჰომეროსი ბერძენთა წმინდათაწმინდაა, თუმცა განმაქიქებელნი -ჰომეროპატები – არც მას დაჰკლებია.  პოემა „ილიადის“ მეორე სიმღერა  ჰომეროსს გაყოფილი აქვს ორ ნაწილად.  პირველი ნაწილი არის პრელუდიასავით და გვირგვინდება ბერძენი მეომრების მზაობით, სწორედ  სიმღერის მეორე ნაწილში იწყება „ხომალდთა კატალოგი“ –  ვრცლად  ბერძნებისა, ნაკლებ ვრცლად – ტროელებისა.         აქამდე ჩვენ მიერ შენიშნული იყო ვაჟას მიერ პოემა „ბახტრიონის“ აგება „ვეფხისტყაოსნისებურად“: 1. პოემა „ბახტრიონიც“ შედგება სამი ნაწილისგან. თვით ეს ქარგა „ვეფხისტყაოსანში“ საბანისძისეულია: შესავალი, ამბავი, ბოლოთქმა; 2.მთავარი გმირი შემოდის მოგვიანებით – ესეც რუსთველურ-საბანისძისეულია; 3. როგორც ქაჯეთის ციხის აღებაში, ბახტრიონის ბრძოლაშიც დიდი ადგილი უკავია არა ბრძოლის ბატალიების დეტალებს, არამედ  ბრძოლის  მომზადებას და ფინალს; 4. ტარიელის ფრიდონთან  გახუმრების ბადალია  ზეზვა-ლუხუმის „ლაღობით“ შეყრის ეპიზოდი ნაქერალას მთაზე (თ. XIV); 5. ბახტრიონის  ციხის კარის გაღების  კვირიასეული და ქაჯეთის ციხის კარის გაღების ავთანდილისეული გეგმა; 6. როგორც ავთანდილს თინათინი,  ფატმანი, ასევე ეხმარებიან  კვირიას  სანათა და ლელა. სწორედ შუბოსანი ლელა (ერთადერთია პოემაში ამ იარაღით) წარმოთქვამს   ქორონიმს –  საქართველო -ცალკეული კუთხეების საერთო სახელს  პოემაში:        „იკლებენ საქართველოსა,       მუმბარეზობით დადიან“ (თ. VIII). და ეს ასეც უნდა იყოს, სამშობლო ხომ დედაა? და ესეც  უძველესი ტრადიციაა…

            ახლა ჩვენ უკეთ ვიხილავთ ჰომერისისეული კატალოგის ბადალ  ფშაველ-ხევსურთა ლაშქრის კატალოგს, გაყოფილს,  ნეტარების გამომხატველი რიტორიკული შეძახილით, რომელიც ამავე დროს პოეტური წიაღსვლაცაა:

ცაზედ დამქრალან ვარსკვლავნი,
პირი ემურვის მთვარესა,
მთანი, თავ-ჩაჩქნიანები,
ფიქრს მისცემიან მწარესა.
5.ცა თვალს უცემდა სატრფოსა, (ანუ დედამიწას)
გრიალი მოდის შორითა;
მოდის ხმა ჟრიამულისა
მარჯვნივ და მარცხნივ გორითა,
9.თან გამოისმა ზარის ხმა
ლაშარის ჯვარის გორითა.
ცხრა-ათ კუთხიდამ მოდიან
ფშაველ-ხევსურნი რბოლითა…
13.თითქოს გასწყდენო, ფშაველთა
იტყოდენ აღარ ყოლითა!..
არა, ყოფილა კიდევა,
გადარჩომიან რბევასა,
17.თათრების უბრალებლობას,
იმათ ხმალ-ხანჯრის ქნევასა.
ფიქრობენ ხოშარელების
სისხლის თათრებზე ზღვევასა.
21.ივსება ლაშარის გორი
ქორ-შავარდნების ფარითა;
დროშებიც გზას უკურთხებენ
ჟღერით, აწვდილის ტარითა:


25.როშკვით მოიდენ ხევსურნი,
სუმელჯაურნი ცხრანია,
ამღითა – ბაკათის ძენი,
ჭინჭარაულნი ძმანია,
29. ჩამასძღოლია
ხოშარეული ხარია;
ხევსურთ, რო ზვავმა მთისამა,
წინ მაიმძღვარეს ქარია;
33. ჭორმეშელთ, ჭიელთ ბიჭებსა
ღულელებიცა სტანია.
ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ
შააზრიალა მთანია;
37.მგლური დააწყვეს ნაბიჯი,
მოკლედ გადმოვლეს გზანია.
თითოს ხევს არაგვისასა
თან მოსდევს ლაშქრის ღვარია.
41.ფშვლის შვილებიც მოვიდენ,
სულთქმა თან მოჰყვა ჩქარია.   18
43. რა საამური დრო არის,
44.რა საამური წამია!
45.მოვიდენ აფხუშელები,
მცოდნენი თათრის ზნისაო;
წინადაც უცდავ თათრები,
როს დრო ყოფილა ცდისაო.
49.ბერი მაუძღვა ლუხუმი,
ლურჯამ მაიღო თქერანი,
პატრონის გულის მცოდნეა
თვალმოელვარე ჯერანი.
53. წითელს ფარს აჯიელავებს
მახინცაური ვერანი.
ძმობამ, რა კარგი ჰყოლია,
არც იმას ჰმტყუვნობს მერანი!..
57.კლდეთაც ეს ესმით, სალს კლდეთა
მათურელთ გულის ძგერანი…
ცაბაურ-გაბიდოურთა
ცხენთაც მაიღეს ტყერანი.
61. მოგროვდენ ყოველის მხრიდამ
ვაჟები ლომის ფერანი.
დიაცთ-ღა დაჰრჩათ მარტოთა
64.მატყლის სართავად კერანი.  18

        მერე კი ამ კატალოგს აკაკი  სრულყოფს, იმერლებსაც დაუმატებს მოთხრობაში „ბაში-აჩუკი“ (1895-1896). იმერელში კი ლიხსაქეთელი   ქართველი ყველა კუთხის  ლიხსიქითურებს მოიზრებდა.

        პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ, დიდი გერმანელი პოეტი გოეთე გამოხატავს კერძო პირის აღფრთოვანებას, კონკრეტული, მაგრამ  საზოგადო საქმის  წარმოსახვითი კეთებისას, ყოველგვარი ეროვნულობის გარეშე,  ანუ გვთავაზობს  აუხდენელ, უტოპიურ იდეალს; ვაჟასაც კონკრეტული და ამავე დროს საზოგადო საქმის, სამშობლოს გადარჩენისთვის ერთიანობა და მზაობა ათქმევინებს ამ სიტყვებს, მაგრამ ეს არ არის უტოპიური იდეალი, ეს კონკრეტული  ქვეყნის, კონკრეტული გამარჯვების წინა წამია,  დროსა და სივრცეში დასაზღვრული.

    თუმცა, იქნებ არ ვიყოთ მართალი, თუკი გრიგოლ ორბელიანის  დროის შეჩერების  სურვილის გამომხატველ სიტყვებსაც არ გავიხსენებთ მისი ლექსიდან „თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში“:

 „მიხარის გიმზერ,

ვწუხვარ და გიმზერ

დაესრეთ მზერა მსურს

სიკვდილამდე

არ გამოფხიზლდე“ –

            დააკვირდით, ჯერ გაორმაგებულ მწუხარებას  –  მწუხარების ეკლესიას, რადგან ბეთანია სწორედ მწუხარების სახლს ნიშნავს და მერე მწუხარე პოეტს. აი ამ გაორმაგებული მწუხარების დაძლევა აკისრია სწორედ მეფეთმეფე თამარის სახეს – სამი სკნელის გამჭოლს. თამარი ჯერ მეფეა, ამიტომ აქვს ეს ფუნქცია, მერე თვით მისი სახელი თამარი ნიშნავს  ფინიკს – სამი სკნელის შემაერთებელ ხეს. ასე ერთიანდება მეფისა და ხის სიმბოლო  პოეტის მიერ, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად და იდება მასში სუგესტიური აზრი. გრიგოლ  ორბელიანმა დროის შეჩერების სხვა ფორმა არ იცის…მსგავსივე გვხვდება ილიას პოემა „აჩრდილშიც“, მაგრამ აქაც განსხვავება გვაქვს. გრიგოლ ორბელიანის დროის შეჩერების სურვილის მიზეზია თამარის ფრესკის აღმოჩენა ბეთანიაში და რეალობაში არდაბრუნების სურვილი – ანუ კონკრეტული ფაქტი, ილიასი კი –  სულის განწმენდისა და ფიზიოლოგიური ზეაღსვლის შემდეგ – ხილვა. თვით სინტაგმა დროის შეჩერება კი არ გვაქვს ამ ავტორებთან.

        აი დიდ რუს პოეტ პასტერნაკთან  (1890-1960) საქმე სულ სხვა გვარადაა. ავტორი ლექსში „განუმეორებელი დღეები“: „და დღე გრძლიობს  წუთისოფელზე –И дольше века длится день“.  დროის შეჩერება ორი პიროვნების კონტაქტს ეხება, ისეთებს, მარადისობასთან ზიარებულთ, უკვდავების ნამცეცს რომ სტაცებენ მას. ძველ ეგვიპტელებს ჰქონდათ ასეთი კონტაქტების შესახებ მსგავსი აზრი.  დიდმა, წარმოშობით ყირგიზმა მწერალმა   ჩინგიზ აითმათოვმა (1928-2008) თავის რომანს „რგოლი“ რომ დაარქვა 1980 წელს, სახელი შეაცვლევინეს  და პასტერნაკის ლექსის სწორედ ეს სიტყვები შეურჩია  მერე  სათაურად…ასე მსმენია, აითმათოვს ყველაზე მეტად ქართველი მწერლების აზრი აინტერესებდაო თავისი რომანის შესახებ. ნეტავ ვინმემ თუ გამოხატა აზრი მაშინ? – არ ვიცი, არ მახსენდება მსგავსი ფაქტი…

         დრო ჩერდება ბულგაკოვის რომანშიც „ოსტატი და მარგარიტა“ ვოლანდის მეჯლისზე: „რამდენი ხანია, უნდა გათენებულიყო და სულ შუაღამეა“, „ვეფხისტყაოსანში კი დროის შეჩერების მეტაფორას, ალუზიასა და ჰიპერბოლას ერთდროულად გვთავაზობს ავტორი – უმთენარო ღამე: „მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვჭვრეტთ, ღამესა უმთენაროსა“…

         და უფლისთვის ხომ ათასი წელიც წამი ერთია? ასე ამბობს პეტრე მოციქული  თავის მეორე ეპისტოლეში (3, 8) და ფსალმუნშიც ასეა (89, 4). და ადამიანიც ხომ სულ იმის მცდელობაშია დაკარგულის ნამცეცებს მაინც გამოჰკრას ხელი? და ყოველ კონკრეტულ ადამიანს თავისი დიდებული დრო, დიდებული წამი ექნება ალბათ! და რა ბედნიერი იქნება ის, ვისაც მსგავსი წამები ბევრი აღმოაჩნდება, დაუგროვდება და  საქვეყნო-საზოგადოც  ერთი-ორი მაინც თუ გამოერევა მათში,  ამას რა აჯობებს?..

      დავუბრუნდეთ გოეთესა დ ვაჟას, ანუ აწ პირველსავე შევეხნეთ თქუმად!   

გოეთესა და ვაჟას სიტყვების მსგავსება,   კოლექტიურის, საზოგადოს ჰარმონიით გამოწვეული სიხარულისა, პირველად დიდმა ქართველმა ლიტერატორმა,  უცხო ენების ბრწყინვალე სპეციალისტმა, მეცნიერმა, პედაგოგმა  მიხეილ კვესელავამ (1913-1981) დააყენა  გვერდიგვერდ თავის  ენციკლოპედიური ხასიათის  “ფაუსტურ პარადიგმებში”, რითაც დასაბამი მისცა ახალ  ქართულ ლიტერატურულ კრიტიკას, უფრო მართალნი ვიქნებით, ვთქვათ, კულტუროლოგიურ გადააზრებებს.  რომ არა ის, შესაძლოა, კიდევ ნახევარ საუკუნეზე მეტი დასჭირვებოდა ქართულ აზრს ბარათაშვილის, ილიას, ვაჟას, გალაკტიონის ასე დასანახად და ჩასართავად მსოფლიო, კერძოდ, დასავლური  ფილოსოფიურ- ლიტერატურული  აზრის მდინარებაში. თავის უკვდავ ნაშრომში ბატონ მიხეილს   ავტორების – გოეთესა და ვაჟას მიერ მათი, ზემოხსენებული პოეტური სტრიქონების  – „შეჩერდი, წამო, რა მშვენიერი ხარ!“, „რა მშვენიერი დრო არის, რა საამური წამია!“  – წარმოთქმის მიზეზები  და სიტუაცია არ დაუკონკრეტებია.  ამას მე ვაკეთებ – „არა ღირსი ესე“ მათი…

This entry was posted in ესე. Bookmark the permalink.

1 Response to ქეთევან ჯერვალიძე – წამის შეჩერების მშვენიერების შესახებ:

  1. nana kavtaradze says:

    ქალბატონო ქეთევან, წავიკითხე თქვენი მორიგი ლიტერატურულ–სამეცნიერო ესე. აღფრთოვანებული ვარ. მადლობა ამისთვის. ველოდებით გაგრძელებებს.

Leave a comment