ქეთევან ჯერვალიძე – ქალბატონი დალი კოკაია-ფანჯიკიძე და ლორელაი – ქვა მორაკრაკე

                                                                    

                            

                                                                     ქეთევან ჯერვალიძე

ქალბატონი დალი კოკაია-ფანჯიკიძე და ლორელაი – ქვა მორაკრაკე

             (გახსენება: „არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა“)

 (1937-2018)

ჟურნალი “ებგური” #1 2023

გერმანული ლიტერატურის შესანიშნავი მთარგმნელი, კარგი პედაგოგი და ძალიან კარგი პიროვნება. ერთ წელს მასწავლიდა მხოლოდ, მაგრამ დიდი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე. მან აღმოაჩინა ჩემში მთარგმნელისა და პოეზიის ნიჭი.

ცხადია, სულ მახსოვდა ქალბატონი დალი და ჩემს ფიქრებშიც ხშირად ამოიზრდებოდა ხოლმე, მაგრამ ერთი კვირის წინ უცნაური შემოგზნებით გამახსენდა. ავდექი და ესე დავწერე. მერე დავინტერესდი, ვნახო, რა დევს-მეთქი ქალბატონი დალის შესახებ ინტერნეტში. ჩემდა სამარცხვინოდ, ისიც კი არ ვიცოდი, რომ გარდაცვლილა. შემდეგ მისი დაბადების თარიღს დავაკვირდი, წელს 85 წელი შეუსრულდებოდა. მეგონა ესე მე დავწერე, მას დაუწერინებია. ესეს ვუწოდე “დალი კოკაია-ფანჯიკიძე და ლორელაი -კლდეზე მორაკრაკე ქვა”.

ეს ერთი წელია, რაც დამჩემდა,  დავწერ, რაღაცის  შესახებ ან ვინმეს შესახებ და მერე აღმოვაჩენ, რომ საიუბილეო თარიღს ემთხვევა. თითქოს მე კი არ ვწერ, რაღაც და ვიღაც მაწერინებს სწორედ იმ დროს, რადგან ამ ყველაფრის დაწერა ადრეც შემეძლო, მაგრამ რაღაც მაკავებდა ხოლმე…სამეცნიერო სტატიაც კი არ გამომდის ამ შემოგზნების გარეშე, რაც არ უნდა მასალები უხვად მეწყოს, როგორც ფილმს, ისე უნდა ვხედავდე გონებისა და გულის თვალით…

4. 8. 22.

მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის,

და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!” ( ბარათაშვილი);

           ასეთივე აზრი ჰქონდათ რუსეთისა და დასავლეთის რომანტიკოსებსაც; გერმანელ პოეტ ჰაინრიხ  ჰაინესაც (1799-1856)  აქვს ამ თემაზე რამდენიმე ძალიან ლამაზი ლექსი, რომელთაგან ერთი  სტუდენტობისას, პირველ კურსზე ყოფნისას,  ვთარგმნე გერმანული ენიდან და დავიმსახურე ქება ქალბატონი დალი კოკაია-ფანჯიკიძისგან, თომას მანის  და სხვა გერმანელი ავტორების მთარგმნელის, უმკაცრესი პედაგოგისგან:

***

ათასი წლობით ვარსკვლავები,

სავსე კაეშნით გამომზირალნი,

დგანან უძრავად ცის კამარაზე…

და საუბრობენ ისინი ენით,

ენით რომელსაც ვერვინ გაიგებს

ფილოლოგთაგან,  ვერარა კაცი.

მაგრამ ვისწავლე მე მათი ენა

ვერ დავივიწყებ მას ვერასოდეს…

მის შესწავლაში მეხმარებოდა

უსაყვარლესი ჩემს სატრფოს სახე.

     აი  ასეთი იყო დაახლოებით ჩემი თარგმანის პირველი ვარინტი, ლექციაზევე გაკეთებული, ასე მახსოვს. ჰაინეს ლექსი შედის მისი ლექსების ქვესათაურში „ლირიკული ინტერმეცო – Lyrisches Intermezzo“ და სათაურად გამოტანილია პირველი სტრიქონი „დგანან უძრავავად- Es stehen“.

აი  ჰაინეს ლექსის ორიგინალი

VIII

Es stehen unbeweglich
Die Sterne in der Höh,
Viel tausend Jahr, und schauen
Sich an mit Liebesweh.

Sie sprechen eine Sprache,
Die ist so reich, so schön;
Doch keiner der Philologen
Kann diese Sprache verstehn.

Ich aber hab sie gelernet,
Und ich vergesse sie nicht;

Mir diente als Grammatik
Der Herzallerliebsten Gesicht

     ქალბატონმა დალიმ მითხრა, აბა ამდენი სიტყვა რომ გამოგვრჩა? პოეზიის თარგმნა ძნელია, მე მომწონს, როდესაც ავტორის ლექსიკა მთლიანად არის გამოყენებული თარგმანში, შინაარსი მაქსიმალურად კეთილხმოვანებითაა გამართული და  სტილიც დაცული, ანუ  იმ ენის პრინციპებიც არ არის დარღვეული, რომელზეც თარგმნესო. სიტყვების ნაწილი იქვე მითარგმნა ქალბატონმა დალიმ, რადგან  დარწმუნებული იყო,  გერმანულ-ქართულ ლექსიკონში არ იქნებოდა. მაშინ, 70-იანებში, ერთადერთი გერმანულ-ქართული ლექსიკონი გვქონდა, ყოველ შემთხვევაში, მამაჩემის ბიბლიოთეკაში ის იყო მხოლოდ, მ. გოგიტიძისა და ნ. ქადაგიძის მიერ შედგენილი, სულ 18 000 სიტყვა და იქიდან სიტყვას დართულ იდიომებს ვიწერდი და ზეპირად ვსწავლობდი. უღრმესი მადლობა მათ ამისთვის, იმ სიამოვნებისთვის, რასაც  სიტყვის პოვნა მანიჭებდა ხოლმე. ტექსტებსაც ზეპირად ვსწავლობდი, სხვადასხვა სცენებს ყოფითი ცხოვრებიდან. აუდიო ჩანაწერებსაც ვუსმენდი. ასე რომ, გაბაასებაც შემეძლო, მაგრამ პრაქტიკა არასოდეს მქონია; ენის კარგად დაუფლებისათვის კი პრაქტიკა აუცილებელია…შემდეგ ს. ს. ავერინცევის „ადრებიზანტიური პოეტიკის“ თარგმნისას, გერმანულ ტექსტებს მე თვითონ ვუმკლავდებოდი და არცთუ ცუდად…

      აი მეორე ვარიანტი ჰაინეს ლექსის – „დგანან უძრავად“ – თარგმანისა, რომელიც რომ არა ჩანაწერი, ზეპირად არ მახსოვდა. პირველი მახსოვდა, ეს მეორე – არა. არც ერთი არსად არ გამოქვეყნებულა. თავს ამის ღირსად როგორ ჩავთვლიდი მაშინ და აქეთ-იქით „რბენინებას“ როგორ დავუწყებდი? მაშინ თავი ყველაზე ნაკლული მეგონა,  არათუ ცოდნით, გარეგნობითაც კი…ასე მზრდიდნენ…

***

დგანან უძრავად

ვარსკვლავები ცის კამარაზე,

ათასი წლობით  სევდანარევი

სიყვარულით  იმზირებიან.

და საუბრობენ ისინი ენით,

ენით მდიდრითა და მშვენიერით,

თუმც  ვერ გაიგებს

ფილოლოგთაგან იმას ვერავინ.

მაგრამ ვისწავლე მე მათი ენა,

ვერ დავივიწყებ მას ვერასოდეს.

გრამატიკაში  მეხმარებოდა

უსაყვარლესი ჩემს სატრფოს სახე.

     ლექსის მეორე სტროფში „ენით მდიდრითა“ – გრიგოლ ორბელიანს დავესესხე. მას  ლექსში „თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში“   აქვს  სინტაგმა „ენით მდიდარით“. თავისთავად მოვიდა ის, დიდხანს არ მიძებნია, თითქოს თვითონ ჩახტა ჰაინეს ლექსის თარგმანში. მხიბლავდა ნაცნობი, ქართული  სატრფო-სამშობლოს შემდეგ სატრფო-მეგზურის სახე „ბუნების გრამატიკის შესწავლაში“.  მაგრამ მხოლოდ მერე დავაკავშირე  ჰაინეს სატრფო  სხვა ქალებთან, მიჯნურთა გზამკვლევებსა თუ შემწე-მხსნელებთან. მარტო არიადნე რად ღირს? ან თუნდაც თინათინი, ან ვაჟას ლამაზი, რომელიც პოეტში ჟრჟოლას იწვევს, ბიოლოგიურ ლტოლვას, მაგრამ  ამ დონეზე არ ჩერდება და გმირს ჰბადებს ლირიკულ გმირში  – “დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა, გადავერიო ზღვაშია“…ეს ყველაფერი მერე მოვიდა. მაშინ კი პოეზიაში მხოლოდ ოთხფეხზე დავდიოდი…

               სტუდენტობისას ხშირი, ზომიერად მორჩილი, წელამდე გაშლილი  ბუნებრივი თივისფერი თმით დავდიოდი.  ჰაინეს პირველი ლექსი რომ გამომივიდა, ქალბატონმა დალიმ ღიმილით მითხრა, მოდი, ახლა „ლორელაი“ თარგმნე ჰაინესი, კი ჰგავხარ მაინცო.  თან გაიცინა და მთელ ჯგუფს გვიამბო ლექსის ფაბულა. იმ ეპოქაში ფოლკლორით დაინტერესების შესახებ, მაგრამ ისიც გვითხრა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ავტორის, ჰაიდელბერგელი რომანტიკოსების წარმომადგენლის,  კლემენს ბრენტანოს (1778-1842) მიერ მოგონილი ამბავი, მთის სახელის მიხედვით შექმნილი  (ლორელაი – მორაკრაკე ქვა),  გახალხურდა და მერე ბევრმა შემოქმედმა აიტაცაო…მის რუსულ ვარიანტად გამოდგება რუსალკა, ბერძნულად სირინოზი იქნება, ქართულად კი – ალიო. მე პირი დავაღე გაოცებისგან,  ყურები ვცქვიტე, თვალები ვჭყიტე, მხრებში გავიშალე და გავიჯგიმე, რადგან ჩემი კლასელის, ულამაზესი ნანა ოგანეზოვას მეზობელი, უკრაინელი მოხუცი ქალბატონი,  სკოლა რომ დავამთავრე და ნაწნავი გავიშალე, რუსალკას მეძახდა. 

          პირველად რომ გავიგონე ეს სიტყვა იმ ქალბატონისგან – რუსალკა, ყურადღება არ მიმიქცევია,  მეგონა, თავისთვის თქვა რაღაც;  რომ გახშირდა, მერე კლასელი გამომიტყდა მობოდიშებით, (იმანაც არ იცოდა, რას ნიშნავდა რუსალკა), შენ გეძახისო. ძალიან შევწუხდი, არ ვიცოდი, გვარიანადაც ვინერვიულე, ნეტავი რა ვაწყენინე-მეთქი ამ მოხუცს?  სწორედ მაშინ   გავიგე, დიდი მაცდური ვინმე იყოო რუსალკა/ალიო, რომ გამახსენდა ბაზალეთის ტბაში როგორ ევლებიან სირინოზები საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ანუ სახელმწიფოებრიობას, ძალიანაც მომეწონა, მეამაყა კიდეც. მოკლედ, პატივმოყვარეობამ მძლია, მაგრამ მაინც კარგა დიდი დრო გავიდა, სანამ  მე ქალბატონი დალის მითითებით, ლერმონტოვის, პუშკინის, ახმატოვას, გუმილიოვის, ბრიუსოვის, ბალმონტის, ესენინის ლექსებს  წავიკითხავდი ამ თემაზე, ან გავიგებდი, რომ აფროდიტეც ოქროს სავარცხლით ივარცხნიდა თმას…

      ჰაინეს  „ლორელაი“ ვერ ვთარგმნე, მიუხედავად იმისა, რომ  სახლში დაბრუნებული, ვეცი ჰაინეს ლექსების კრებულს, 1955 წელს გამოცემულს, თარგმნილს აკაკი ჭკადუას მიერ. ლექსი სახელწოდებით  „ლორელაი“ არ იყო, მერე ყოველი უსათაურო ლექსის წაკითხვა  ჯერ სწრაფად დავიწყე, მერე გულისყურით და  ძებნით ქანცგაწყვეტილმა პირობითი სათაურით ვიპოვე – „მე არ ვიცი, რად დამჩემდა“. ისე დავიღალე მის მოხილვაში,  თარგმანი ვეღარ შევძელი, უკეთესი არ გამომდიოდა და შევეშვი…

          ქალბატონი დალი მიქებდა ჩემს ღვლარჭნილ წინადადებებსაც,  რომელთა თარგმნა გერმანულად სხვა დავალებებთან ერთად  იყო ჩვენი მუდმივი სამუშაო. ენა რომ ისწავლოთ, მხოლოდ უცხო ენიდან კი არ უნდა თარგმნოთ, მშობლიური ენიდანაც უნდა შეეცადოთ უცხო ენაზე თარგმნასო. ეს წინადადებები  თვითონ უნდა მოგვეგონებინა ქართულად, შეგვეთხზა  და თვითონვე უნდა გვეთარგმნა გერმანულადაც.   ჩემი ჯგუფელები მარტივ გზას ირჩევდნენ,  მარტივ წინადადებებს იგონებდნენ და თარგმნიდნენ უპრობლემოდ. მე რატომღაც მარტივი გზა არ გამომდიოდა, ბუნებრივად არ გამომდიოდა, გამჩენი არ მასვენებდა.  გერმანულად რომ წავიკითხავდი სემინარზე ჩემს წინადადებებს,  ხშირად  უჭირდა მათი გაგება ქალბატონ დალის, რა თქმა უნდა ეს მისი ბრალი არ იყო. ჩემი თარგმანები ახალი კი არა, „უახლესი“  გერმანული ენის სფეროს განეკუთვნებოდა, რომელსაც ჩემი აღმატებულება თხზავდა, ან იქნებ მეტაენასაც? ქალბატონი დალი მერე წინადადებების ქართულად წაკითხვასაც მთხოვდა ხოლმე, რათა მიმხვდარიყო, რა  დავწერე ქართულად და რა უნდა გამოგვეყვანა გერმანულად. ქართულ ენაზე წაკითხვის შემდეგ ქალბატონი დალი ჩაფიქრდებოდა, გამასწორებინებდა „ღვლარჭნილს“ და მერე შემაქებდა.  ქათინაური ჟღერდა ასე: თქვენ გაქვთ პოეზიის ნიჭი- Sie haben sinn für poesie და მეც ვიკლავდი თავს, რათა  ხშირად მომესმინა ეს სიტყვები მისგან, ძალიან მკაცრი პედაგოგისგან. „ღვლარჭნილების“  მარაგიც არ მელეოდა.  

         ქალბატონი დალი  ასე მაქებდა, მე კი არანაირად, ერთი თბილი სიტყვითაც არასოდეს გამომიხატავს  ჩემი მისდამი დამოკიდებულება. ვერც კი წარმომედგინა ამის უფლება მიმეცა თავისთვის, როდესაც ამას საკუთარ დედასთანაც ვერ ვბედავდი…მართალია, ჩემდა საბედნიეროდ, ლექსის მწერალი ვერ გავხდი, მაგრამ გავხდი კარგი მკითხველი, ძალიან კარგი მკითხველი იმისა, რაც დიდ შემოქმედთ ტექსტებში არ ეტეოდათ. ვერც ერთი ტექსტი ბოლომდე ვერ იტყვის სათქმელს… დიახ, რაც ვერ ჩაატიეს დიდებმა, იმის ამოკითხვაც საპატიო საქმე ყოფილა მცირეთგან…

         კიდევ ერთმა რაიმემ მიიქცია ქალბატონი დალის პიროვნებაში  ჩემი ყურადღება. ქალბატონი დალი სისხლს უშრობდა თავის მოგვარე სტუდენტს, იქნებ ნათესავსაც  „შატალისტ“ და „ხალტურშჩიკ“ ლადო კოკაიას, მერე კარგ ჟურნალისტს. ქალბატონი დალის ეს ქმედებაც მომწონდა, პირდაპირ ჩვენებურად, ლიხსაქეთურად იქცეოდა, ისე, როგორც მე ვიყავი აღზრდილი და მე მოვიქცეოდი…

               კიდევ მახსოვს, ქალბატონ დალის სახეზე ეწერა, რომ არც ოჯახს ღალატობდა და არც არჩეულ პროფესიას. გარეგნობით ასე გამოიყურებოდა:  იყო  დაახლოებით ჩემს სიმაღლე, მეტრი და  სამოცდათერთმეტი, შეიძლება ოდნავ მაღალი, ან ოდნავ დაბალიც, არცთუ გამხდარი, თეთრი პირისახის, ცისფერ და თან  მრგვალთვალება,  ვარცხნილობა „კუდით“, ეცვა უბრალოდ, საკუთარ გარეგნობას დიდ დროს ვერ უთმობდა, ან როგორღა დაუთმობდა წვრილშვილის პატრონი?! ეცვა თავისი შეკერილი სამოსი, როგორც ბევრს მაშინ. მისი ზღვარდაუდებლი შრომის კვალს ატარებდნენ მისივე ხელები. ჩვენს შეკითხვაზე რომ ჩაფიქრდებოდა, აუცილებლად ჯერ თავს დახრიდა, მერე ხელს სათვალესთან მიიტანდა, გაისწორებდა,  თავს აწევდა, შემოგვხედავდა და დაიწყებდა პასუხის გაცემას. დიდად მხიარული არ გახლდათ, მაგრამ არც მუდმივად დაღონებული ეთქმოდა. ახლაც სულ ეს კადრები მიდგება ხოლმე  თვალწინ…

         ამ დროს, 70-იან წწ-ში, პაექრობა მიდიოდა  მაშინ ორ ახლგაზრდა პოეტს შორის – გურამ პეტრიაშვილსა და ტარიელ ჭანტურიას შორის – ლექსის ფორმის შესახებ. არც ერთის მასალას წაუკითხავს არ ვტოვებდით. მე მაშინ არც ჭანტურია მომწონდა, არც პეტრიაშვილი და მათი ზოგი ლექსის კითხვისას გულიანად ვიცინოდი ხოლმე  კიდეც. ეს რა დრო დადგა, რა თემებზე წერენ-მეთქი…როდესაც ჩვენმა ჯგუფელმა შეკითხვა დაუსვა ქალბატონ დალის ამ კამათის შესახებ,  მან აგვიხსნა, ორივეს თავისი სიმართლე აქვსო, ეს „კამათი“ ბუნებრივი და თანმდევი პროცესია ლიტერატურის, სკოლიდანაც ხომ გახსოვთო?..  მაშინ აზრად არ მომსვლია, დავდარაჯებოდი, ჩავსაფრებოდი მის პასუხს, ახლა ვიხსენებ, რომ ქალბატონ დალის  სამართალი არ გაუმრუდებია,   მოწონების და უპირატესობის  სასწორი არც ერთისკენ არ გადაუხრია…მერე მეც გადავაფასე ჩემი შეხედულებები, ცხოვრებამ გადამაფასებინა. ის, რაც მე უმნიშვნელო და ყურით მოთრეულად მეჩვენებოდა მაშინ, თურმე არც ერთი იყო და არც    – მეორე…

      ვსაუბრობდით იმ დროს გამოსულ თომას მანის „ბუდენბროკებზე“, როგორ თარგმნიდა, როგორ ეძებდა ხოლმე გერმანული ენის იდიომების შესატყვის თქმებს ქართულში, თავის პირველ მცდელობებზე.  წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა, როდესაც ნახა, რომ მე ლამის ზეპირად ვიცოდი მის მიერ თარგმნილი მოთხრობა „იმედის  გაცრუება“ თომას მანისა (1875-1955), სულ სამი ფურცელი, გამოქვეყნებული გერმანელი მწერლის  მოთხრობების კრებულში (თბ., 1966), თანაც ასეთი გიგანტი მთარგმნელების გვერდით. ციტატები ზეპირად იმიტომ კი არ ვიცოდი, რომ მომწონდა, მოანდევებით  რაღაც საერთოს ვიჭერდი  რომანტიკოსებთან,  ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებთან… ამ მოთხრობის პერსონაჟივით მეც შეთვისებული მქონდა ჩვენი კლასიკოსებისგან რაღაც დიდის და კარგის მოლოდინი. ვგიჟდებოდი სტრიქონზე „რომ შეეძლოთ [პოეტებს], ვეზუვში ჩაწებული კედარით ცის კაბადონზე მიაწერდნენ თავიანთ სინრძნესო“, თუმცა გმირის პათოსს არ ვეთანხმებოდი და მეც მზად ვიყავი, ჩემი იმედები, არაპოეტს, დამკრახული მტევნების მსგავს ვარსკვლავეთში  მოცურავეს, სიტკბოებით ჩემს შერჩენას რომ ლამობდნენ (ანა სულხანიშვილი), მიმეწერა ცის კაბადონზე.  იმას კი,  პოეტს რატომ უნდა ჩაეწო  მაინცდამაინც ვეზუვში და მაინცდამაინც კედარი  ვერ ვხვდებოდი. ჩვენი რუსთაველი ხომ მელნად გიშრის ტბას იყენებდა და კალმად მე ნა რხეულს“? ან კიდევ: „მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა“’ „ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები“..  გვიან გამეხსნა გონება, ძველბერძენი ფილოსოფოსის, ემპედოკლეს (-494-430) ბიოგრაფიის გაცნობისას. თუმცა თავს ვერ დავდებ, რომ სწორად დავაკავშირე  და დავიჭირე თომას მანის ალუზია ემპედოლ;ეზე…

           მეორე კურსზე რომ გადავედი, მე ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ენებისა და ლიტერატურის განყოფილება ავირჩიე.  გერმანულ ენაში უკვე სხვა პედაგოგი მყავდა. ქალბატონ დალის გული ძალიან დასწყდა და ეს თავისი გულისტკენა შემდეგი სიტყვებითა და შესაბამისი ინტონაციით  გამოხატა: „აი ასე ხდება“, – მითხრა მან –  „შეგიყვარდება ჯგუფი, ჯგუფში ვიღაც გამორჩეულად, გეგმებს დააწყობ, მერე გამოჩნდება ბატონი კაკო ურუშაძე (კლასიკური ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგე მაშინ) და ამ „რჩეულებს“  წაგართმევსო“…

            საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დროს მე და ქალბატონი დალი,  ასე მსგავსნი შინაგანად ერთმანეთისა, სხვდასხვა ბანაკში აღმოვჩნდით. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ურთიერთობა აღარ მქონდა მასთან, მაინც ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს მიღალატეს. „ვრცელ საგოდებლად გადამექცა გული“…თუმცა ჩემს სიყვარულს მისდამი, ჩემს სტუდენტურ სიყვარულს პედაგოგისადმი, მისი თარგმანებისადმი, უამრავი პიროვნული ღირსებისადმი, ის ხომ ჩემთვის ბაძვის ობიექტი იყო? – იმას, რაც ძალიან წრფელი იყო,  როგორც აღმოჩნდა, წყენამ და დრომ მაინც ვერაფერი დააკლო. ის დარჩა, დარჩა როგორც მთის წვერზე  ლორელაი  – ქვა მორაკრაკე…

    ამდენი ხანი გავიდა, გუშინდელ დღეზე უკეთ მახსოვს ის ამბები, ის ემოციები, ის სიყვარული…ნეტავ მას თუ ვახსენდებოდი?!.

        უღრმესი მადლობა უშესანიშნავეს ქართველ მთარგმნელსა და უმკაცრეს პედაგოგს, ქალბატონ დალი კოკაია-ფანჯიკიძეს, ვეეეეეეეეეეეეეებერთელა!.. იმ სოფლად შეყრამდის, ქალბატონო დალი!

30.7. 22.

This entry was posted in მიძღვნა. Bookmark the permalink.

1 Response to ქეთევან ჯერვალიძე – ქალბატონი დალი კოკაია-ფანჯიკიძე და ლორელაი – ქვა მორაკრაკე

  1. ჯიქია ეკატერინე says:

    სასწაული სტატიაა
    ისეთი ემოცია მოდის
    პოეზიაა ფაქტობრივდ

    სხვა განზომილების ნაწერია ❤️
    ლორელაი ნათარგმნია
    ასე მგონია ამ გზით ❤️

Leave a comment